ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.  ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.  ევროკომიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას. როგორც მან აღნიშნა, გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილების წყალობით, ვითარება შეიცვალა. მან დღესვე, ერევანში მიმდინარე სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინიდან ირანამდე დაძაბულობა მძვინვარებს, სამხრეთ კავკასიაში ვითარება განსხვავებულია, ძველი ჭრილობები ხორცდება და ევროპას მშვიდობის ხელშეწყობა სურს. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სომხეთს შეუძლია, რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი გახდეს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თავის მხრივ, ევროპა მზად არის, ხელი შეუწყოს, მათ შორის, ფიზიკურად, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებს. „ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს. დღეს კი, ჩვენი პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს. ხელი მოეწერა ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია, სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს,“ - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს. „ეს მომენტი შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების წყალობით. მათ შექმნეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ხელშესახები სარგებელი მოეტანათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და საზოგადოებებისთვის,“ - წერს კოშტა სოციალურ ქსელში. შეთანხმებას ხელი ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტის ფარგლებში მოეწერა.  ევროპული საბჭოს ცნობით, ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში დაკავშირებადობის საკითხებზე. სომხეთი-ევროკავშირის სამიტის წინ, 4 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა. ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.  

ADB-ის ენერგეტიკის დირექტორი: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა. თუ სისტემა მხოლოდ ერთ წყაროზეა დამოკიდებული, რისკებისა და შოკების მიმართ ის ბევრად უფრო მოწყვლადია, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ ენერგეტიკის დირექტორმა კეიჯუ მიცუჰაშიმ განაცხადა. ADB-ის ენერგეტიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის გარდა, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გადამცემი და ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემების განვითარება. აღსანიშნავია, რომ „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური შეიქმნება. 2025 წლის აპრილში ADB-მა პროექტისთვის 104 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი დაამტკიცა. „სხვადასხვა ტიპის ენერგიის ინტეგრირებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ძლიერი და მდგრადი „მწვანე“ ენერგოსისტემა. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა. თუ სისტემა მხოლოდ ერთ წყაროზე ან ერთ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული, რისკებისა და შოკების მიმართ ის ბევრად უფრო მოწყვლადი ხდება. რისკებიდან გამომდინარე, აუცილებელია ენერგიის წყაროების მრავალფეროვნება. ამისთვის ერთ-ერთი გზა სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება და სხვადასხვა რეგიონიდან ელექტროენერგიის მიღებაა. გარდა ამისა, ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია დაკავშირებადობის უზრუნველყოფა. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს გადამცემი სისტემა, მაგრამ საკითხი არ ეხება მხოლოდ იმას, რომ არსებობდეს საკმარისი სიმძლავრე ენერგიის ერთი ადგილიდან მეორეში გადასატანად - აუცილებელია ენერგიის დაგროვების შესაძლებლობების განვითარება. ეს საშუალებას იძლევა, რომ განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაცია და ენერგოსისტემაში სტაბილურობა შენარჩუნდეს,“ - განაცხადა კეიჯუ მიცუჰაშიმ ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე. „აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიურ შეხვედრებს 3-6 მაისს უზბეკეთი, სამარყანდი მასპინძლობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის.“  

ერდოღანის თქმით, ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს — ევროპა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „მოუწოდა ევროკავშირს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რამაც შეიძლება, შეარყიოს ანკარის „კონსტრუქციული პოზიცია.“ მისი თქმით, „ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ან მიზიდულობის ცენტრი ვერ იქნება.“ „არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა შემოსაზღვრული მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროთი,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, თურქეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიოპია კვლავ ნარჩუნდება და ეს ბლოკის საკმაოდ ბევრ ინსტიტუტში ნათლად შეიმჩნევა.“ „...ხვალ ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება,“ - აღნშინა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ „ევროპაში გადაწყვეტილების მიმღები პირები უარს იტყვიან თავიანთ პოლიტიკურ და ისტორიულ ცრურწმენებზე და ყურადღებას გაამახვილებენ თურქეთთან გულწრფელი, ნამდვილი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების განვითარებაზე.“  

სუს-ი: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საჯარო მოხელე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაღრაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას. „დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან. გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა,“ - განაცხადა ლაშა მაღრაძემ. სუს-ის მიერ დადასტურებული ცნობით, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, დაკავებულია გიორგი უძილაური, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. „რუსთავი 2-ის" ცნობით, მას ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის“ ბრალდებით დააკავეს უწყების ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გააფორმეს

საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გააფორმეს. დეკლარაცია ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერამდე ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა.  

მაკრონი ჩავიდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა.  მაკრონმა და სომხეთის პრემიერმა 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შემდეგ, ლიდერებმა ქალაქში გაისეირნეს და მცხოვრებლებს ესაუბრნენ. მოგვიანებით, ფაშინიანი და მაკრონი გიუმრიში კონცერტს - “მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი”, დაესწრნენ. ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2010 წელს ხელმოწერილი ოქმით რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა სომხეთში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. კერძოდ, თავდაპირველი 25-წლიანი ვადა, რომელიც 2020 წელს იწურებოდა, შეიცვალა 49 წლით. შესაბამისად, ბაზა გიუმრიში 2044 წლამდე დარჩება. სწორედ ვადის გახანგრძლივების დროს მისცა რუსეთმა სომხეთს საგანგებო სამხედრო დახმარების პირობა, რომელიც არ შეასრულა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2022-23 წლებში, სასაზღვრო კონფლიქტებისას,  რის გამოც ერევანმა მოსკოვი არასანდო პარტნიორად მიიჩნია და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება დაიწყო. გიუმრიში ვიზიტამდე, 5 მაისს, ერევანში მაკრონმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ორ ქვეყანას აქამდეც აკავშირებდა მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის, სფეროში.  

ალიევი: აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში შევიდა

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ კაია კალსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და, ამავდროულად, ბაქო ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა საუბრისას განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი და ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო დღის წესრიგის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე დამყარებულია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ამ მხრივ ითქვა, რომ ბაქომ ცალმხრივად მოხსნა შეზღუდვები სომხეთში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობა „ევროპის პოლიტიკური კავშირის“ მე-8 სამიტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერევანში ვიდეოკავშირის ფორმატში გაიმართა, ისტორიულ მოვლენად შეფასდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად აზერბაიჯანისა და ევროკავშირის დღის წესრიგში დგას ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, განახლებადი ენერგიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბრის დროს დადებითად შეფასდა ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ განაღმვის სფეროში და აღინიშნა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყება კარგ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში კავშირების თვალსაზრისით. თავის მხრივ, კაია კალასმა ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ერთობლივი განცხადების მიღების მნიშვნელობაზე და ამ დოკუმენტში აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე.  

სომხეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს

სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობის შესახებ. სომხური მედია წერს, რომ გზა ირანიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს შეამცირებს, რაც სომხეთში გადაადგილებას უფრო სწრაფს გახდის და ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის, მანძილს 550 კმ-დან 490 კმ-მდე შეამცირებს, რაც დააჩქარებს სომხეთში გადაადგილებას და ქვეყნისთვის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის (მათ შორის, ირანიდან შავ ზღვამდე საქონლის გადატანისთვის). “როდესაც პრეზიდენტ მაკრონთან პირველად განვიხილავდით ამ თემას, ჩვენს მოტივაციაზე ვეუბნებოდი. ყოველთვის ვსაუბრობთ ევროპული სტანდარტების დანერგვის საჭიროებაზე სხვადასხვა სფეროში, მაგრამ გვჭირდება კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნიათ ამ სტანდარტების დასანერგად და ამ შემთხვევაში, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული კომპანიების ჩართვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ კონტრაქტორებს მიიზიდავენ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს სომხეთის ეკონომიკაში,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ-სომხეთის გზატკეცილი ერთ-ერთი სუპერპროექტია, რომლის რეალიზებაც სომხეთში ხდება, ხოლო ბარგუშატის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მის მშენებლობას განსაკუთრებული უნარები სჭირდება. “და საფრანგეთი და პრეზიდენტი მაკრონი გვერდში დაუდგნენ სომხეთს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოთ-სამხრეთი სუპერპროექტი უკვე იღებს ფორმას და წარმოვიდგენთ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ ამ გზის სრულად ექსპლუატაციაში შესაყვანად,” - განაცხადა ფაშინიანმა. საფრანგეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დინამიკის ცვლილების ფონზე ხორციელდება, სადაც ერევანი ცდილობს საგარეო პოლიტიკური კავშირების დივერსიფიკაციას და ევროპასთან პარტნიორობის გაძლიერებას. 3-4 მაისს, ერევანმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტს და ევროკავშირი-სომხეთის პირველ სამიტს უმასპინძლა.  

მოსკოვმა სომხეთის ელჩი გამოიძახა ზელენსკის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ

რუსეთში სომხეთის ელჩი გურგენ არსენიანი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების მტკიცებით, მოსკოვი აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ერევანმა ზელენსკის სიტყვები ნეგატიურად არ შეაფასა, რაც ურთიერთობის პარტნიორულ ხასიათს არ შეესაბამება. „დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს აცნობეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რომ კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სომხეთში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ღონისძიების დროს, რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული მუქარის გამოსათქმელად ტრიბუნა დაეთმო,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში. დიპლომატიური წყაროს ცნობით, საუბარი უკიდურესად მკაცრი იყო. არსენიანმა პირობა დადო, რომ შეტყობინებას, რაც მას რუსეთის საგარეო უწყებაში გადასცეს, თავის ხელმძღვანელობას გადასცემდა. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა სომხეთ-რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებსა და სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი აგრძელებს „ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკის გატარებას.“ „არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება შესაძლებელი ამ პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომლებიც ასე სასარგებლოა, როგორც რუსეთისთვის, ასევე  — სომხეთისთვის. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ისინი უფრო სასარგებლოა ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის, ვიდრე ჩვენთვის,“ - განაცხადა უშაკოვმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 მაისს უპასუხა შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში ვიზიტსა და ამასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე. „რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს, მე ადრეც გამიკეთებია განცხადებები ამ თემაზე. ჩვენ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ და მე ვთქვი, რომ უკრაინის საკითხში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ალმა-ათის დეკლარაციას, რომლის საფუძველზეც ერევანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესს აწარმოებს. „თქვენ იცით, რაოდენ მნიშვნელოვანი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ალმა-ათის დეკლარაციას; ჩვენ ვეყრდნობით ამ დეკლარაციას და სწორედ ამ საყრდენზე ვაშენებთ მშვიდობას აზერბაიჯანთან. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანს 4 მაისს ეწვია ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კრემლში ეშინიათ, რომ დრონები შესაძლოა, წითელ მოედანზეც გამოჩნდნენ. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის არ დაესწრება. „ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.  

სლოვაკეთი: ფიცოს სურს, პუტინს ზელენსკის გზავნილი გადასცეს

უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჩოვანეცმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აპირებს, მოსკოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან გზავნილი გადასცეს ვლადიმერ პუტინს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ფიცომ, შესაძლოა, პუტინისგან „ღირებული ინფორმაცია“ მიიღოს ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით მისი შეხედულებების შესახებ. „მჯერა, რომ ამ დროს აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია და ევროკავშირმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ იმყოფებოდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც მშვიდობიანი შეთანხმება იქნება მიღწეული,“ - აღნიშნა რასტისლავ ჩოვანეცმა. მისივე თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპელმა, უკვე დაიწყო იმ იდეის პოპულარიზაცია, რომ ეს საკითხი რუსეთის ლიდერთან უნდა განიხილონ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს უკრაინის ნებართვა სურს აღლუმის ჩატარებაზე, შემდეგ კი ხალხის ხოცვა და ომი. “უკრაინა სთავაზობდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას, ეს პირველი შეთავაზება არ არის. ამჯერად - ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან. უკრაინა მზად იყო სრული სიჩუმე უზრუნველეყო, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო წინადადებაზე საპასუხოდ მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები იყო, რუსეთის მხრიდან ახალი მუქარები. მათ უკრაინისგან თავისი აღლუმის ჩატარებაზე ნებართვა უნდათ, რათა მოედანზე უსაფრთხოდ გამოვიდნენ წელიწადში ერთი საათით, შემდეგ კვლავ გააგრძელონ ჩვენი ხალხის ხოცვა და ომი… რუსეთის ხელმძღვანელობის უცნაური და ნამდვილად არაადეკვატური ლოგიკა. არის რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოს მიმართვებიც იმის თაობაზე, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ამ დღეებში. არ გირჩევთ,” - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.  ზელენსკი რობერტ ფიცოს 4 მაისს, ერევანში შეხვდა. „უკრაინა ღიაა სლოვაკეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და დაინტერესებულია მტკიცე ურთიერთობების განვითარებით,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში სამთავრობათაშორისო კომისიის ფორმატში მთავრობის სხდომის ჩატარება განიხილეს. „განვიხილეთ კიევსა და ბრატისლავაში ვიზიტების გაცვლა და შევთანხმდით, რომ გუნდები გრაფიკის მოხედვით იმუშავებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. „მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა, ქვეყანას ამ გზაზე დაეხმაროს. მადლობა ამისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.  

ყაზახეთი 2027 წლისთვის, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს

ყაზახეთი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას მომავალი წლიდან გეგმავს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სუნგატ იესიმხანოვმა განაცხადა. სამინისტროს ცნობით, მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულება სტაბილურად მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვების მოცულობამ 2.1 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 მილიარდამდე შემცირდა და წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 1.2 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ის ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. გასულ წელს ადგილობრივი ელექტროსადგურების მიერ 117 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი გამოიმუშავეს და ეს მაჩვენებელი 2026 წელსაც გააგრძელებს ზრდას. ენერგეტიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ახალი სიმძლავრეების გაშვება არამხოლოდ სრულად დაფარავს შიდა მოთხოვნას, არამედ, მთლიანად აღმოფხვრის იმპორტირებულ მარაგებს.   

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა

 აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10 და 11 მაისს) რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. გამარჯვების დღის ზეიმია რუსეთში, მაგრამ ასევე უკრაინაში, ვინაიდან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და ფაქტორი იყვნენ. ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას. იმედია, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი, სიკვდილით სავსე და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისია,“ - წერს ტრამპი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინის [„ზავში“] მონაწილეობა, ხოლო რუსეთის სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა წინადადებას. „უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ. სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით, მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას,“ - წერს ზელენსკი. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც ის კრემლს 9 მაისს, „მოსკოვში აღლუმის გამართვის ნებას რთავს.“ "აღლუმის განმავლობაში (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით 10:00 საათიდან), წითელი მოედნის ტერიტორია გამოირიცხება უკრაინული იარაღის გამოყენების გეგმიდან," – წერს ზელენსკი განკარგულებაში. დოკუმენტს ასევე თან ახლავს წითელი მოედნის კოორდინატებიც.  

რა საკითხები განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში ვიზიტისას

7 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თვის ბოლოს აშშ-დან კვლავ ელიან დელეგაციას, რომლის დროსაც, უფრო დეტალურად იქნება განხილული თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.“  მთავრობის ადმინისტრაციაში, სონატა კოლტერთან გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ონფორმაციაში. მისივე ცნობით, შეხვედრისას „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი „ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა.“ „შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.  „ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან,“ – აღნიშნა მინისტრმა. მოგვიანებით, 8 მაისს, ბოჭორიშვილმა კოლტერთან შეხვედრა საგარეო უწყებაში გამართა. „შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა ოპოზიციასთან 8 მაისს, კოლტერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ “ოპოზიციის ალიანსის” ლიდერები, ასევე, კოალიცია „ლელო/ძლიერი საქართველოს“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ძალიან გულწრფელი საუბარი იყო, თუ რა არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი როგორც გლობალურად, ასევე, ჩვენს რეგიონსა და საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობები.” „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ კოლტერს გადასცა „ძალიან მკაფიო გზავნილი“, რომ „ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით.” თავის მხივ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლიასტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა.” კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ მედიას განუცხადა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-ის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. “ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, რომელთაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში.“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა კი განაცხადა: „კანონის უზენაესობის გარეშე არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც შეუძლებელია სტაბილურობაზე ვისაუბროთ. ის რომ სტაბილურობა აუცილებელია, ეს არის საქართველოს და აშშ-ის თანმხვედრი ინტერესები.” 6 მაისს, სონატა კოლტერი სომხეთში იმყოფებოდა. ერევანში ის შეხვდა პრემიერ-მინისტრის უფროს მრჩეველს ლილიტ მაკუნცს; სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს. „ორივე მხარემ კმაყოფილებით გავუსვით ხაზი ვაშინგტონის შეთანხმებებს და აღვნიშნეთ მათ ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის ხელშესახები შედეგები,“ - დაწერა გრიგორიანმა X-ზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტზე. „გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე,“ - აღნიშნა  გრიგორიანმა. კოულტერთან შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა ლილიტ მაკუნცმა და განაცხადა, რომ მასთან განიხილა „აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერების და სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობების გაფართოების საკითხები.“ 6 მაისს სონატა კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში ვასილის მარაგოსს. ისაუბრეს კვირის დასაწყისში ერევანში გამართულ მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ სომხეთის „მდგრადობის, რეფორმებისა და დაკავშირებადობის მხარდაჭერაზე.“ „როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს“ - სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ვიზიტი  

კევინ ჰამილტონი თბილისში: ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი 7-8 მაისს, თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმყოფებოდა საოკუპაცი ხაზთან. სტუმრობდა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს (JTEC).  ჰამილტონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, თავსებადობისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ეს ხორციელდება ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა, ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) და NATO-ს სამხედრო კომიტეტის სამუშაო გეგმა საქართველოსთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები კვლავაც წაახალისებენ საქართველოს, შეინარჩუნოს და გააღრმაოს რეფორმები, მათ შორის, დემოკრატიული მმართველობა, რაც არსებითი დარჩება ქვეყნის გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის. მან ასევე განიხილა ორმხრივი ინტერესის მქონე რეგიონული უსაფრთხოების განვითარების საკითხი. როგორც ჰამილტონმა განაცხადა, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან შეხვედრაზე განიხილა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი, ასევე  — უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების სამომავლო დღის წესრიგი.“ ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას „NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, თბილისში კონსტრუქციული და დეტალური განხილვა ჰქონდა.“  „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, NATO-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ - წერია თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ვიზიტს, ჰამილტონის თქმით, NATO ყოველთვის მხარს დაუჭერს ერთიან, თავისუფალ საქართველოს — საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის დონე და კომპლექსურობა ძალიან, ძალიან მაღალია. თუმცა აქ ერთი საკითხიცაა: ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის გარკვეული ნაწილი კონკრეტული მოკავშირე ქვეყნების მიერ ფინანსდება და არა მთლიანად NATO-ს ალიანსის მიერ. ამ ინდივიდუალური მოკავშირეებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა, ნაწილობრივ შეეჩერებინა ან შეემცირებინა ეს თანამშრომლობა. ასე რომ, ეს უკვე ის სივრცეა, სადაც პოლიტიკური პრობლემები სამხედრო სფეროშიც “გადაიღვრება.” ცხადია, როგორც NATO-სთვის, ისე საქართველოსთვის, როგორც NATO-ს პარტნიორისთვის, საუკეთესო რამ იქნებოდა, თუ ამ კონკრეტული სამხედრო აქტივობების სრულად აღდგენას შევძლებთ. თუმცა ამას ქართული მხრიდან შესაბამისი ქმედებები დასჭირდება. „პრაქტიკული გადმოსახედიდან, ვიტყოდი, რომ საქართველო დღეს უფრო ახლოსაა NATO-სთან ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენი ინსტიტუციური და სამხედრო თანამშრომლობის სიღრმისა და კომპლექსურობის კუთხით საქართველო ნატოსთან უფრო ახლოს არის. ეს კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. ამასთან, დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში, გულწრფელად რომ ვთქვათ, NATO-ს გაფართოების მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს - არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმასაც ვურჩევდი, რომ მხოლოდ წევრობაზე ან გაწევრიანების პროცესზე ზედმეტად არ კონცენტრირდნენ. ჩვენ გვაქვს უამრავი ინსტრუმენტი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობისთვის უკვე არსებული ფორმატების ფარგლებში. სრული წევრობის მიღმაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ - განაცხადა ჰამილტონმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბუქარესტის სამიტის დაპირება [რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი] ისევ ისეთი შეუქცევადია? ჰამილტონის თქმით, ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს „ღია კარის“ პოლიტიკას:  „ეს NATO-ს დნმ-ის ნაწილია. მაგრამ ამის გარდა, დიახ - ბუქარესტის სამიტის გზავნილიც კვლავ ძალაში რჩება. კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა NATO-ს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნება და განზრახვა არსებობს. საქართველო, მიუხედავად ნებისმიერი პრობლემისა ამა თუ იმ მთავრობის პირობებში, NATO-სთვის მაინც უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. და ეს არის პარტნიორობა, რომლის შენარჩუნებაც და წინ წაწევაც გვინდა.“  [რედ] ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი: „მხარეებს შეუძლიათ, ერთსულოვანი შეთანხმებით მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ ხელშეკრულების პრინციპებს და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში, რათა შეუერთდეს ამ ხელშეკრულებას. ნებისმიერი ასეთი მოწვეული ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება მაშინ, როცა თავისი გაწევრიანების ოფიციალურ დოკუმენტს შეერთებული შტატების მთავრობას გადასცემს. შეერთებული შტატების მთავრობა თითოეულ მხარეს აცნობებს ასეთი გაწევრიანების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.“ ვიზიტის დროს, ელჩი ჰამილტონი ასევე შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.  

პუტინის განცხადებით, „უკრაინის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან მოსკოვში სამხედრო აღლუმის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადა. „ვფიქრობ, რომ საქმე დასასრულს უახლოვდება,“ - თქვა მან, როდესაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ გულისხმობდა, ამავდროულად, დაგმო დასავლეთის მხარდაჭერა კიევის მთავრობის მიმართ. მან გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლა ომის გასამართლებლად გამოიყენა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სამართლიან“ ომს აწარმოებდა, უკრაინას „აგრესიული ძალა“ უწოდა, რომელსაც „NATO-ს მთელი ბლოკი აიარაღებს და უჭერს მხარს.“ მოგვიანებით, როდესაც პრესკონფერენციაზე ჰკითხეს დასავლეთის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ისინი (დასავლეთი) დახმარებას დაჰპირდნენ და შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციის გაღვივება დაიწყეს, რომელიც დღემდე გრძელდება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს სერიოზული საკითხია.“ ზელენსკისთან შეხვედრაზე ,,კი, ბატონო ზელენსკი მზად არის, პირადი შეხვედრა გამართოს. კი, ეს გამიგია. მაგრამ, ეს პირველად არ გვესმის. რა შეიძლება, ამაზე ვთქვათ, არასდროს გვითქვამს უარი და მე არასდროს მითქვამს უარი. ეს შეხვედრა არ შემითავაზებია, მაგრამ თუ ვინმე გვთავაზობს, კი. დაე, ის ჩამოვიდეს, ვისაც შეხვედრა უნდა, დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, შევხვდებით. მესამე ქვეყანაშიც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე, რათა მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში ან რამეს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს," - განაცხადა პუტინმა. პრესკონფერენციაზე გაცილებით ნაკლები ჟურნალისტი იმყოფებოდა, რადგან საერთაშორისო მედიის ბევრ წარმომადგებელს არ მიეცა მასზე დასწრების უფლება. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ პირველად, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე, რომელსაც კრემლი, როგორც წესი, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის სამხედრო ძალის წარმოსაჩენად იყენებს, სამხედრო ტექნიკა არ იყო წარმოდგენილი. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილები 2014 წელს დაიკავეს, შემდეგ კი, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყეს.  

შუა დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოა, პირველად გამოიყენეს ტვირთების უკუმიმართულებით გადაზიდვისთვის

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR შუა დერეფანი) პირველად გამოიყენეს ტვირთების უკუმიმართულებით გადაზიდვის ოპერაციებისთვის. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საკონტეინერო მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში, ყაზახეთის გავლით გაიგზავნა, რაც მარშრუტის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს. პროექტი KTZ-ის შვილობილმა კომპანია KTZ Express-მა, თურქულ კომპანია Pasifik Eurasia Lojistik Dış Ticaret A.Ş.-თან თანამშრომლობით განახორციელა. მატარებელი იზმირის (თურქეთი) - აქტაუს პორტის - ალტინკოლის სადგურის - ჩენგსიანის (ფუჯიანის პროვინცია, ჩინეთი) მარშრუტით მოძრაობდა. ყაზახეთის ტერიტორიაზე, აქტაუს პორტი – ალთინკოლის მონაკვეთზე, ტრანზიტის დრო 83 საათს შეადგენდა. 50 ორმოცი ფუტის სიგრძის კონტეინერი საყოფაცხოვრებო მაცივრებს შეიცავდა. შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის.  

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი შიო აირჩიეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. გადაწყვეტილება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გამოაცხადა, ის ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე იყო. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) — ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) —  შვიდი ხმა. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 38-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ერთი ხმა გაუქმდა. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.  

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება შედგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებულ კრებაზე, რომელსაც საერთო ჯამში 1200 დელეგატი ესწრებოდა ჩვენი ეკლესიის ყველა ეპარქიიდან, წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 22 ხმით აირჩია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა. სრულიად საქართველოს ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ.  

ალიევი: ზანგილანს აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის სატრანსპორტო ცენტრად ვაქცევთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ზანგილანი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის სატრანსპორტო ცენტრად იქცევა. ბაქოს შეფასებით, ზანგილანი, რომელიც აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს და სომხეთსა და ირანს ესაზღვრება, ორ მეზობელ ქვეყანასთან დამაკავშირებელ სასაზღვრო კარიბჭის ფუნქციას შეასრულებს.  „ზანგილანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანში მდებარეობს. ჩვენ ზანგილანს სატრანსპორტო ცენტრად ვაქცევთ არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში - შესაძლოა, ერთ ან წელიწად-ნახევარში, ბაქოდან ზანგილანში მგზავრობა რკინიგზით იქნება შესაძლებელი. რკინიგზა გაგრძელდება და შეუერთდება „ზანგეზურის დერეფანს“, რათა დაუკავშირდეს ნახიჩევანს. მომავალ წელს რკინიგზით მიმოსვლა ხანქენდიშიც [მთიანი ყარაბაღის ცენტრი] დაიწყება. ამავდროულად, ირანის საზღვარზე ხიდის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ხოლო სასაზღვრო-საბაჟო ინფრასტრუქტურა აღბენდში ამჟამად მშენებლობის პროცესშია. „ის სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გახსნისთვის მზად იქნება და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად იქცევა. აქ გამავალი რკინიგზა და მაგისტრალები უზარმაზარ სარგებელს მოიტანს, რადგან ამ მარშრუტებზე მოსახლეობა სამუშაო ადგილებით იქნება უზრუნველყოფილი. ეს უდიდეს წვლილს შეიტანს ზანგილანისა და მთლიანად აზერბაიჯანის ეკონომიკაში.  სომხეთთან საზღვრისა და „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის შემდეგ, ზანგილანი ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი რაიონი გახდება, რომელსაც ორ მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პუნქტები აქვს. გაითვალისწინეთ ამის უდიდესი მნიშვნელობა: ის ემსახურება როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს - რომელიც ნახიჩევანიდან თურქეთამდე და შემდეგ ევროპამდეა გადაჭიმული - ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს, რომელიც ზანგილანს აღბანდის გავლით ირანთან და სპარსეთის ყურესთან, ხოლო ნახიჩევანის გავლით კვლავ ჯულფასა და სპარსეთის ყურესთან აკავშირებს. ეს გახდება საერთაშორისო ცენტრი,“ - განაცხადა ალიევმა.  

დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა.  BBC-ის ცნობით, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა.  გადადგომის შესახებ პირველად, მინისტრმა მიატა ფანბულემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის: „მაგრამ „საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა - და არც მე.“ როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ სტარმერის გადადგომის ან მისი გადადგომის ვადის დადგენის მოწოდებით პარლამენტის წევრების რიცხვიც იზრდება, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერასაც უცხადებენ. პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ 110-მა წევრმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს. „ერთად ვიმუშაოთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება... ახლა ლიდერობის კონკურსის დრო არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ კირ სტარმერს მისი „სრული მხარდაჭერა“ აქვს და ლეიბორისტ კოლეგებს მოუწოდა, უკან დაიხიონ და „ჩაისუნთქონ“. „ჩვენ ქვეყანა პარტიაზე წინ უნდა დავაყენოთ,“ - განაცხადა ლემიმ. ის აღნიშნავს, რომ ვინც სტარმერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს, „უნდა თქვან, რომელი კანდიდატი იქნება უკეთესი.“ ცნობისთვის, 7 მაისს, დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. 136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ — „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1068 ადგილი მოიპოვა და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით, მისი მანდატების რაოდენობა 1496-ით შემცირდა. „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 844 ადგილი მოიპოვეს, რაც წინა მაჩვენებელზე 155-ით მეტია. „კონსერვატორებმა“ 801 მანდატი მიიღეს და მათი მაჩვენებლები 563-ით შემცირდა. „მწვანეთა პარტიამ“ 587 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებთან შედარებით მათი მაჩვენებელი 411-ით გაიზარდა.