ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდება. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი დაწესებული სანქციების შენარჩუნებას იქამდე მიიჩნევს საჭიროდ, სანამ რუსეთი ძალის გამოყენებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის 31 ივლისს დააწესა. მას შემდეგ სანქციების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება.  

უკრაინაში აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ჩავიდა

კიევში ამერიკელი ინსპექტორები ჩავიდნენ. შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკ და კიევის რკინიგზის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. კიევში ჩასული ინსპექტორები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმოადგენენ. „მოხარული ვარ, მივესალმო კიევში სამ ინსპექტორს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან და USAID-დან. მათი შეხვედრები აღმსრულებლებთან, პარტნიორებთან და უკრაინის მთავრობასთან მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის დახმარების ზედამხედველობას და ანგარიშვალდებულებას,“ – წერს აშშ-ის ელჩი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

უზბეკეთმა და ჩინეთმა ახალი მარშრუტით ტვირთების გადაზიდვა დაიწყეს

დერეფნის ორგანიზებაზე უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო, საერთაშორისო საგზაო გადამზიდავების ასოციაციასთან ერთად, ჩინეთის შესაბამის სამინისტროებთან და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით მუშაობდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ახალი სავაჭრო გზა უზბეკეთს აკავშირებს ცინდაოსთან, რომელიც  ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და სწრაფი, ეკონომიური და უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა. 6500-კილომეტრიანი მარშრუტით მგზავრობის დრო, თითქმის სამჯერ - 20-დან 7 დღემდე შემცირდა.  

პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ

პაკისტანმა და ირანმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ განაცხადეს. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯალილ აბას ჯილანმა ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან კომუნიკაციის ძლიერი არხები აქვთ. „ჩვენ ირანის მოძმე, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, პაკისტანის უსაფრთხოებას, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის, ისე მთელი რეგიონის უსაფრთხოებად მივიჩნევთ,“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, თეირანსა და ისლამაბადს შორის ერთობლივი „თანამშრომლობით არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან.“ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის ცნობით, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი პაკისტანს მალე ეწვევა. 17-18 იანვარს ირანმა და პაკისტანმა ბელუჯისტანის სასაზღვრო რეგიონში ერთმანეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა  

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

უკრაინაში ჩასულმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. პიტერ სიიარტო მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა. მათ ასევე მოინახულეს ომში დაღუპული უკრაინის შეიარაღებული ძალების უნგრელი ეროვნების სამხედროების საფლავები და დაესწრნენ 128-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, რობერტ მადიარის დაკრძალვას, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონში დაიღუპა. სიიარტომ მოლაპარაკებები კულებასთან და ერმაკთან ქალაქ უჟგოროდში გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი თემა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დაგეგმვაა. უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო  

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანულ დაზვერვასთან კავშირში მყოფ პირებს სანქციები დაუწესეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანულ დაზვერვასთან კავშირში მყოფ პირებს სანქციები დაუწესეს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ქსელს ხელმძღვანელობს ირანელი, ნარკოტიკებით მოვაჭრე ნაჯი იბრაჰიმ შარიფი-ზნდაშტი (ზინდაშტი), რომელიც ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს (MOIS) დავალებით მოქმედებს.  „ზინდაშტის ქსელი დაკავშირებულია მკვლელობებთან რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კანადასა და თურქეთში,“- ნათქვამია განცხადებაში.  

რა შედეგით დასრულდა უკრაინული და უნგრული მხარეების შეხვედრა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფა კიევსა და ბუდაპეშტს შორის ორმხრივ საკითხს არ წარმოადგენს და ის ბრიუსელში განიხილება. „ომი თითქმის ორი წელია, გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს. ბრიუსელში ბევრი დისკუსია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ევროკავშირი. საფუძვლიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებასა და ერმაკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. თავის მხრივ, ერმაკმა ხაზი გაუვსა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა. ერმაკმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარემ გამოთქვა იმის ინტერესი, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს. „მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრისკენ ძალიან ძლიერი ნაბიჯი გადავდგით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს და ჩვენს ურთიერთობებში ახალი გვერდი გაიხსნას,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა. უჟჰოროდში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის. „ჩვენ ერთ მარტივ რამეზე შევთანხმდით, უნგრულ მხარეს ვთხოვეთ, იმ კითხვების ამომწურავი სია გადმოეცა, რომელიც მას უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით აქვს, ჩვენ ეს სია მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით სპეციალური კომისია შედგება, რომელსაც ერთი ძალიან მარტივი ამოცანა აქვს: მან ათ დღეში ორივე ქვეყნის მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გაგება უნდა წარუდგინოს იმის შესახებ, თუ სიის მიხედვით რომელი საკითხებია გადასაწყვეტი ან რომელია მოგვარებული, რათა საბოლოო სიცხადე მივიღოთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. კულებამ აღნიშნა, რომ თუ ადრე ეროვნული უმცირესობების საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში განიხილებოდა, ახლა არის სურვილი, რომ მის შესახებ დისკუსია ორმხრივ დონეზე წარიმართოს, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. რუსეთის შესაძლო მიწვევა სამშვიდობო სამიტზე შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, მეორე სამშვიდობო სამიტზე, ასევე განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იფიქრონ რუსეთთან საუბრებზე. ერმაკის თქმით, ამ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთს მშვიდობის პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს. „ჩვენ მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ. მაგიდასთან გვყავს არამხოლოდ ჩვენი პარტნიორები NATO-ს ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, არამედ, გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც,"- აღნიშნა ერმაკმა. უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო  

Rheinmetall-ი გერმანიაში საბრძოლო მასალის ახალ ქარხანას ააშენებს, ჭურვები უკრაინასაც მიეწოდება

Rheinmetall-ი გერმანიაში საბრძოლო მასალის ახალ ქარხანას ააშენებს. Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის არმინ პაპერგერის თქმით, ჭურვები უკრაინასაც მიეწოდება. „ჩვენ ახლა ავაშენებთ ახალ საბრძოლო ქარხანას გერმანიაში, რეკორდულ დროში, რათა უზრუნველვყოთ მიწოდების სტრატეგიული უსაფრთხოება,“აღნიშნავს პაპერგერი. მისი თქმით, სამხედრო შესყიდვებში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. „გასულ წელს მხოლოდ Rheinmetall-მა მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები ან ჩარჩო ხელშეკრულებები ფედერალური მთავრობისგან ბუნდესვერისთვის და უკრაინისთვის. წელს ეს თანხა გაიზრდება სულ მცირე 15 მილიარდამდე," - აღნიშნავს Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორი. შეგახსენებთ, რომ გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინაში ქარხნის ამუშავებას 2024 წელს გეგმავს.  

საბერძნეთი და აშშ ფრეგატების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ

საბერძნეთი ამერიკული Constellation-ის კლასის ფრეგატების ერთობლივი წარმოების შესახებ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა. დენდიასმა ასევე ახსენა F-35-ის ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც საბერძნეთის საჰაერო ძალები შეიძენენ და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა დაჯდება ისინი. მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის ოფისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ების მიყიდვა დაამტკიცა.  

სლოვაკეთს აშშ-სგან Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვა სურს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი აშშ-სგან Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვით არის დაინტერესებული. როგორც სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, ბრატისლავას, რომელიც ამ სისტემების შესყიდვას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს, სურს, ფასდაკლებით ისარგებლოს. აშშ-ის წინადადება 12 ახალი ვერტმფრენის შეძენისას 66%-იანი ფასდაკლებას გულისხმობდა, იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთმა უკრაინაში თავისი ძველი MiG-29-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა. „ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა, შეიძლებოდა თუ არა ამ ფასდაკლების გამოყენება Patriot-ისთის,“ - განაცხადა კალინიაკმა. მან ასევე გაიხსენა, რომ სლოვაკეთი პოლონეთთან და ისრაელთან მოკლე და საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიური Patriot სისტემა ამჟამად სლოვაკეთშია განლაგებული და იქ აპრილამდე დარჩება.  

ერმაკი: მზად ვართ, მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მზადააა, მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განიხილოს. „ჩვენ მზად ვართ ყველას მოვუსმინოთ. ჩვენთან ერთად მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები არამხოლოდ NATO-ს და ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც სხედან,“ - განაცხადა ანდრეი ერმაკმა. ერმაკმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან საუბარზე ფიქრი. „მსურს, გავიმეორო „მშვიდობის ფორმულის“ ლოგიკა: პირველი შეხვედრა, პირველი სამიტი ლიდერების დონეზე - ეს არის რუსეთის მონაწილეობის გარეშე. შემდეგ ათიდან ცხრა პუნქტის მიხედვით ცალკეული შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა იქნება, გეგმის შემუშავების მიზნით სხვადასხვა დონეზე კონფერენციები, ღონისძიებები და ლიდერების დონეზე გასამართ მეორე სამიტზე, როდესაც გეგმა მზად იქნება, ჩვენც მზად ვიქნებით, რომ რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი განვიხილოთ,“ - აღნიშნა ერმაკმა. როგორც ცნობილია, 15 იანვარს, ბერნში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, შვეიცარია გლობალური სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას დათანხმდა.  

ზელენსკიმ 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დაასახელა

უკრაინა გეგმავს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ოპერაციების სფეროში რუსეთს გაუსწროს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მან ვიდეოკონფერენციისას განიხილა მთავრობის საქმიანობა და აღნიშნა, რომ  ცალკე საუბარი დაეთმო დრონების წარმოებას და მის მიწოდებას არმიისთვის.  „აშკარაა, რომ ეს არის წლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - მტერზე წინსვლა. რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინული დრონები, FPV-დან სტრატეგიულ თვითმფრინავებამდე, მით მეტი ჯარისკაცის სიცოცხლეს გადავარჩენთ,“- აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. გასული წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა 2024 წელს ჯარისთვის ერთი მილიონი თვითმფრინავის წარმოებას და მიწოდებას გეგმავს.  

შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველი: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია

შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია. ამავე ინტერვიუში მან უკრაინაში მიმდინარე ომსა და შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე ისაუბრა. „რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა შვედეთს და ფინეთს, როგორც ნახევრად მოკავშირეებს და ღიად მტრული განწყობა არ ჰქონდა. ჩვენ არანაირად არ ვართ მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. გრძელვადიან პერსპექტივაში - შესაძლოა არა ჩემს სიცოცხლეში - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმედი მაქვს, რომ რუსეთი განვითარდება დემოკრატიული მიმართულებით. ამაზე 1990-იან წლებში დიდ იმედებს ვამყარებდით. რუსეთმა აჩვენა და შვედეთმა იწვნია მათი აგრესიის შედეგები. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთის კეთილგანწყობას და ჩვენი უსაფრთხოება სხვებთან ერთად უფრო ფართო კონტექსტში უნდა ვეძებოთ. თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ იღბალი სხვაგანაც სცადონ. თავდაპირველად, ალბათ, არა სამხედრო მეთოდებით, არამედ სხვა ყველაფრის იარაღად გამოყენებით, რაც რუსული პოლიტიკის მახასიათებელია. ისინი ასევე შეეცდებიან NATO-ს ერთიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ამას ვერ გამოვრიცხავთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა მოვემზადოთ. ჩვენ უნდა შევიარაღდეთ და მზად ვიყოთ ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ სრულიად შესაძლო მოვლენებისთვის. ეს აქტუალური დისკუსია არის შვედეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ოპონენტი ამბობს, რომ ჩვენ განგაში ავტეხეთ. მე ასე არ ვიტყოდი. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვემზადოთ მეტ-ნაკლებად ისე, როგორც ცივი ომის დროს ვიყავით მომზადებული, როცა არაფერს გამოვრიცხავდით. ჩვენ უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ჩვენი მოსახლეობა უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიდწილად სამხედრო მხარდაჭერისთვის, უკრაინას 3 მილიარდი ევროს დახმარება აღმოვუჩინეთ/გავუწიეთ. თუ უკრაინა წააგებს ამ ომს, ეს დამღუპველი იქნება არა მხოლოდ ზოგადად ევროპისთვის, არამედ ასევე კონკრეტულად შვედეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ეს რუსეთს ჩვენს საქმეებში ჩარევისა და ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების დაყოფის მცდელობის სურვილს გაუმძაფრებს. ასე რომ, სისუსტე რუსეთისთვის მოსაწვევია,“ - განაცხადა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა. რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას, ლანდერჰოლმმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია. „ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნა აბსოლუტურად აუცილებელი იყო. საბოლოო მიზნის მისაღწევად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართველების იმედისთვის ახალი ძალის მისაცემად, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველოა, ქვეყნისთვის არის სხვა შესაძლებლობებიც გარდა იმ მცდარი აზრისა, რომ საქართველოს მომავალი რუსეთთან ახლო თანამშრომლობაა. ევროკავშირის მხრიდან ეს იყო როგორც პოლიტიკურად, ისე რეალურად აუცილებელი ნაბიჯი. ორივე გაერთიანებაში წევრობასთან დაკავშირებით, თბილისის გადასაწყვეტია საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან ბევრ პირობაზეა დაფუძნებული და საქართველოს მხრიდან ამ ძალისხმევაში წარმატების მიღწევა, უდიდესი წილით, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ქვეყანამ ეს პროცესი წარმატებით უნდა გაიაროს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება, ძალიან არასასიამოვნო იყოს. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხის დაწინაურებას კი ვერ ვხედავ, სანამ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება,“ - განაცხადა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა.

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვა გაუქმდა

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს. კაისა ოლონგრენის განმარტებით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, თანხების უმეტესი ნაწილი - 87 მილიონი ევრო - უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. 25 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის საერთაშორისო ფონდს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო და რომელიც აფინანსებს სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შეძენას უშუალოდ მწარმოებლებისგან - კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების შეძენას. 10 მილიონი ევრო უკრაინაში კიბერთავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება IT-კოალიციის ფარგლებში, რომელსაც ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეუერთდა. „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას," - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.  

სეულში, რუსეთის საელჩოსთან ავტომობილი დაცვის პუნქტს შეეჯახა

სეულში, რუსეთის საელჩოს წინ, ჯიპის მარკის ავტომობილი დაცვის პუნქტს შეეჯახა, რის შედეგადაც მორიგე პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, ოფიცერი კისრისა და მხრების სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პოლიცია ავარიის ზუსტ მიზეზს იძიებს. როგორც ცნობილია, 24 იანვარს კორეაში, სეულში რუსეთის დიპლომატიური მისიის მახლობლად, უკრაინული თემის აქტივისტებმა უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.  

Politico: აშშ-ის იარაღის ექსპორტი 50%-ზე მეტით გაიზარდა

Politico-ს ცნობით, 2023 წელს აშშ-ის იარაღის ექსპორტი 2022 წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც თავდაცვის კომპანიებს 81 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. გამოცემა Politico სახელმწიფო დეპარტამენტის არასაჯარო მონაცემებს ეყრდნობა. მოხსენების თანახმად, პოლონეთსა და გერმანიაში, თავდასხმის და სატრანსპორტო ვერტმფრენების და შორი დისტანციის რაკეტების გამშვებების გაყიდვებმა, დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. გერმანიამ, ჩეხეთმა, ბულგარეთმა და ნორვეგიამ ასევე დადეს მილიარდიანი გარიგებები აშშ-ის იარაღის მწარმოებლებთან, რადგან შიშობენ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის საზღვრებს მიღმა გავრცელდება. შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას 1,8 მილიარდი დოლარის გარიგებაზე, რადგან ინდოეთი მოსკოვისგან, მისი უმსხვილესი იარაღის მიმწოდებლისგან დისტანცირებას ცდილობს. რუსეთი ისტორიულად, მსოფლიოში იარაღის სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო. მაგრამ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) 2023 წლის სექტემბრის მოხსენებამ აჩვენა, რომ გლობალურ თავდაცვის ინდუსტრიაში რუსეთის როლი, უკრაინაში მის მიერ წარმოებულმა ომმა სერიოზულად შეარყია.  

საერთაშორისო გამჭვირვალობა: "კორუფციის აღქმის ინდექსით", საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. „საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ საკითხზე - ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე,“ წერს ორგანიზაცია. ორგანიზაციის რეკომენდაციებია: ანტიკორუფციული ბიურო იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედბების ჩატარების შესაძლებლობა. ხელმძღვანელი კი პრემიერის ნაცვლად დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით; "გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა"; შეიცვალოს პროკურორის არჩევის წესი და დაიწყოს გამოძიება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული რისკების შესახებ; გატარდეს ზომები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. რეიტინგში საუკეთესო შეფასება აქვს დანიას (90 ქულა), ფინეთს (87), ახალ ზელანდიას (85), ნორვეგიას (84). ყველაზე უარესი შედეგი კი სომალის (11), ვენესუელას (13), სირიას (13). რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს: რუსეთს 26 ქულა აქვს, აზერბაიჯანს - 23, სომხეთს კი 47. მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა. თუმცა ქვეყანას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია. ორგანიზაციის ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ტრადიციულად, 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 2023 წელთან შედარებით საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა 2016-2022 წლებში. მათ შორის, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2016 წელს.  

ელჩი დანიგანი: ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებისადმი მიმართვისას ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას. „ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა. პროგრამა დაეხმარება მასწავლებლებს, სტუდენტებს გააძლიერონ სწავლების მეთოდები. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება არის ფუნდამენტი ზოგადად განვითარების და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიისთვის,“ განაცხადა რობინ დანიგანმა. უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა ოთხმა უნივერსიტეტმა აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული უნივერსიტეტებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას,  რაც გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ყაზახეთი და ევროკომისია შუა დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერას განიხილავენ

ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ბრიუსელში ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში ადინა-იოანა ვალეანს შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყაზახეთისა და ევროპის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების ძირითადი საკითხები განიხილეს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს თანამშრომლობას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაში. ამავდროულად, მხარეებმა ევროკომისიასთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც განიხილეს. 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ  ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმს, რომელიც ბრიუსელში იმართება, ესწრებიან ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნები და თურქეთი. სხვა მონაწილეები არიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი