ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დანიის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიკსენმა, პეტრ ფიალამ, კაია კალასმა და მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, Financial Times-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის შეიარაღებისთვის კოლექტიური ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება, როგორც საერთო ევროპული პასუხისმგებლობა, დაადასტურონ. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვისას წარმატების მიღწევას. „გასული წლის დასაწყისში, ევროკავშირმა ამბიციური მიზნის მიღწევის ვალდებულება აიღო. 2024 წლის მარტის ბოლომდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიგვეწოდებინა. მკაცრი სიმართლე: ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ,“ - წერენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები. ევროკავშირის ლიდერების თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც ევროპის, ისე უკრაინის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს. „თუ უკრაინა დამარცხდება, გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები ყველა ჩვენგანისთვის გაცილებით მაღალი იქნება. ჩვენ ევროპელებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ევროპის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული," - აღნიშნულია წერილში.  

„პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს“ - სტოლტენბერგის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ერთობლივი განცხადება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „დღეს ჩვენ შევხვდით, რათა განგვეხილა NATO-ს როლი ამერიკის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში და შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის, NATO-ს მომავალ სამიტზე, რომელსაც ვაშინგტონი მასპინძლობს. ჩვენ ხაზი გავუსვით პრეზიდენტ პუტინისადმი მკაფიო, გადამწყვეტი გზავნილის გაგზავნის მნიშვნელობას, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. განვიხილეთ ჩინეთის მზარდი საფრთხე და გამოწვევა, შევთანხმდით, რომ NATO-ში ერთად დგომა გლობალური კონკურენციისთვის უკეთ მომზადების საშუალებას გვაძლევს,“ - წერენ განცხადების ავტორები. „ჩვენ დავგმეთ ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, მისი მხარდაჭერა მებრძოლებისა და ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ მოკავშირეთა ძალებს, კომერციულ გადაზიდვებსა და ისრაელის მსგავს მნიშვნელოვან პარტნიორებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმა კონგრეში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ვიქტორია ნულანდი კიევშია

ოთხშაბათს, 31 იანვარს, კიევში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „დღეს ჩვენ შევხვდებით მთავრობის ლიდერებს, ვეტერანებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს საერთო ვალდებულებას უკრაინაში რუსული აგრესიის დამარცხებისადმი,“ - წერს ბრინკი. ნულანდი მანამდე თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა.  

„უკრაინული დრონი სამიზნე ტერიტორიაზე დაეცა“ - სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საწარმოზე თავდასხმა იყო - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის, „ნევსკი მაზუთის“ ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ РБК-Україна უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით წერს. რუსებმა საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400 კომპლექსის გამოყენებით სცადეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, თუმცა დრონი ნევსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა.  „მათ, ჩვენი დრონების გასანადგურებლად S-400 სისტემები გამოიყენეს. საინტერესოა, თუ როგორ მუშაობს ეს რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალება, რადგან მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, დრონი ჩამოაგდეს, ის მაინც ჩვენს სამიზნე ტერიტორიაზე დაეცა,“ - ამბობს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.  რუსული Telegram არხების ცნობით, ქარხანაში პირველი აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 04:00 საათისთვის გაისმა. რუსული წყაროების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დრონის ჩამოგდება მოხერხდა, მისმა დაცემამ მაინც დააზიანა რამდენიმე ცისტერნა და მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარიც გაჩნდა.  სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაცია იუწყება, რომ „სამრეწველო ზონაში ინციდენტი მოხდა, რომლის გარემოებებსაც სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ადგენენ.“  

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა, რომელიც ჯავშანმანქანებს, რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და სხვა დახმარებას მოიცავს. საბრძოლო მასალისა და იარაღის სისტემების შესაბამისი სია მთავრობის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. განახლებული სიის მიხედვით, უკრაინამ მიიღო: 24 ჯავშანტრანსპორტიორი; ოთხი Bandvagn 206; რაკეტები IRIS-T SLS საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; 1000-ზე მეტი 155 მმ საბრძოლო საბრძოლო მასალა; სამი WISENT ტანკი; BEAVER-ის ტიპის ხიდის დამდები სათადარიგო ნაწილებით; საზღვაო ნაღმების გაწმენდის სისტემა; სატელიტური სამეთვალყურეო სისტემა; სასაზღვრო სამსახურის ოთხი მანქანა და სხვა. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, გერმანია თითქმის ყოველდღიურად უგზავნის დახმარების პაკეტებს უკრაინაში, თუნდაც მცირე რაოდენობით, რათა ბერლინმა კიევის მუდმივი მხარდაჭერა უზრუნველყოს.  

უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, შოიგუ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების გაზრდას ითხოვს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს. შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის. რუსული მედიის ცნობით, მან ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ. „მისმინეთ, შეწყვიტეთ არასერიოზულად მოქცევა. ჩვენ ამით 2022 წელს დავკავდით. ეს მანქანები, სრული სიმძლავრით ჩვენ 2023 წელს უნდა აგვემუშავებინა. მინდა, ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული წინადადება მივიღო იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწევთ პრეზიდენტის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან ყველა ეს ბრძანება ბრძოლის ველზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებასთან არის დაკავშირებული,“ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. „უკრაინული დრონი სამიზნე ტერიტორიაზე დაეცა“ - სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საწარმოზე თავდასხმა იყო - უკრაინული მედია  

აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა

აღსრულების ეროვნული ბიურომ პარტია "კონსერვატიულ მოძრაობას", სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის (217 482 ლარის) გადახდა მოსთხოვა. დოკუმენტი ბიურომ 25 იანვარს გამოსცა და პარტიას 7-დღიანი ვადა მისცა. ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიის ანგარიშების დაყადაღება შეეძლება. "სრულიად უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება, ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განეიტრალება," - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე. პარტიის წინააღმდეგ სამართალწარმოება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წელს დაიწყო. იმ დროს სწორედ ამ უწყების ვალდებულება იყო, შეემოწმებინა პარტიების ფინანსური ანგარიშები. სადავო იყო 2021 წლის დეკლარაცია. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არასწორად იყო შევსებული - პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია - სწორედ ამ დროის გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები; გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე. სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და პარტიას სავარაუდოდ დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა. იმის გამო, რომ "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.  

სი ძინპინმა თალიბანის მთავრობის ელჩი მიიღო - პეკინი „დიპლომატიურ შეთანხმებაზე“ საუბრობს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რამდენიმე ქვეყნიდან ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო. მათ შორის „თალიბანის“ მთავრობის ელჩი, რაც “დიდი ქვეყნის მიერ თალიბანის მთავრობის პირველ ოფიციალურ აღიარებას ნიშნავს.“ ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს. სი ძინპინი ბილალ კარიმს, თალიბების მიერ დანიშნულ ელჩს, კუბის, პაკისტანის, ირანის და 38 სხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად, ოფიციალურ ცერემონიაზე მიესალმა. „ჩინეთისთვის გასაგებია ის, რაც დანარჩენმა მსოფლიომ ვერ გაიგო,“ - აღნიშნა თალიბანის მთავარმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. „ჩვენ არ ვართ ერთპოლარულ სამყაროში,“ განაცხად მუჯაჰიდმა და მსგავსი ნაბიჯების გადადგმისა და ქაბულთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ რუსეთს, ირანს და სხვა ქვეყნებსაც მოუწეოდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობოთ, სი ძნპინმა ახალ ელჩებს განუცხადა, რომ ჩინეთი ამ ქვეყნებთან ღრმა მეგობრულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ეძებს. ავღანეთის ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯავიდ აჰმედმა, ჩინეთის ნაბიჯს აღიარების აქტი უწოდა. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა თალიბანის ლიდერებს ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესეს და ისინი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, თალიბების ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ჩინეთის ნაბიჯს, მილერის თქმით, ამაზე განმარტება თავად პეკინის საქმეა, თუმცა „მან საპირისპირო კომენტარები მოისმინა ჩინური მხარისგან.“ აღიარებს თუ არა ჩინეთი თალიბანს და ნიშნავს თუ არა ეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, ამ შეკითხვას ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა შემდეგნაირად უპასუხა: „თქვენ იკითხეთ, აღიარებს თუ არა ჩინეთი ოფიციალურად ავღანეთის დროებით მთავრობას, მე მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი თვლის, რომ ავღანეთი არ უნდა გამოირიცხოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან. ვიმედოვნებთ, რომ ავღანეთი შემდგომში უპასუხებს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს, ააშენებს ღია და ინკლუზიურ პოლიტიკურ სტრუქტურას, მიიღებს ზომიერ და წინდახედულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მტკიცედ შეებრძოლება ყველა სახის ტერორისტულ ძალებს, განავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით მეზობლებთან, ინტეგრირდება მსოფლიო საზოგადოებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის მთავრობის დიპლომატიური აღიარება ბუნებრივად მოხდება, როცა სხვადასხვა მხარის შეშფოთება ეფექტიანად გადაიჭრება. ჩინეთის პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით, თანმიმდევრული და მკაფიოა. როგორც ავღანეთის ტრადიციულად მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი ერთგულია მეგობრული საგარეო პოლიტიკისა ყველა ავღანელი ხალხის მიმართ და ინარჩუნებს დიპლომატიურ კავშირებს და თანამშრომლობს ავღანეთთან სხვადასხვა სფეროში.ნორმალური დიპლომატიური შეთანხმებაა, რომ ჩინეთმა მიიღოს ახალი ელჩი, რომელიც გამოგზავნილია ავღანეთის დროებითი მთავრობის მიერ და მან თავისი რწმუნებათა სიგელები გადასცეს ჩინეთის ლიდერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააძლიერებს ჩართულობას ავღანეთის დროებით მთავრობასთან, წაახალისებს მას, აქტიურად უპასუხოს საერთაშორისო შეშფოთებას, ერთობლივად დაეხმაროს ავღანეთის აღდგენას, განვითარებას და მხარი დაუჭიროს ავღანეთის ძალისხმევას ძალადობრივი ტერორისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას,“ - აღნიშნა სპიკერმა. როგორ ჩამოყალიბდა თალიბანი? 1990-იან წლებში, ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ, თალიბანი ერთ-ერთი იყო იმ ძალებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომში იბრძოდნენ. დაჯგუფება 1994 წელს ავღანეთის ქალაქ ყანდაარში შეიქმნა. დამფუძნებელი ადგილობრივი იმამი, მულა მუჰამედ ომარი იყო. ის მებრძოლებს 2013 წლამდე, გარდაცვალებამდე მეთაურობდა. რა აკავშირებდათ აშშ-სთან? თავდაპირველად, თალიბანმა საკუთარ რიგებში ავღანური წინააღმდეგობის წევრები, მოჯაჰედები მიიღო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში უჭერდა მხარს. როგორ მოიპოვა თალიბანმა ძალაუფლება? 1989 წელს, საბჭოთა კავშირის ავღანეთიდან გასვლისა და ავღანეთის მთავრობის დაშლის შემდეგ, ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლო. წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, თალიბანმა მხარდაჭერა მიიღო. 1994 წელს, დაჯგუფებამ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე, ქალაქი ყანდაარი აიღო. 1996 წელს, მათ ქვეყნის დედაქალაქი, ქაბული დაიკავეს. თალიბების მმართველობის პრინციპები, ისლამური შარიათის კანონების მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. მათი მმარტველობისას საჯაროდ სიკვდილით დასჯა ხშირად ხდებოდა. ქალებს განათლების მიღება და მუშაობა ეკრძალებოდათ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ეტარებინათ ბურქა, რომელიც სრულად ფარავს მათ სხეულს. მმართველობის დროს, თალიბანმა აკრძალა დასავლური ფილმები და წიგნები, გაანადგურა განსხვაბებული ტარდიციისა და კულტურის ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები და სხვადასხვა ნიმუშები. მათ შორის ბუდას 1 500 წლის, გიგანტური ქანდაკება, ბამიანის პროვინციაში. რა კავშირია თალიბანსა და ალ-ქაიდას შორის? თალიბანმა უზრუნველყო დაჯგუფება ალ-ქაიდას მებრძოლთა ჯგუფის უსაფრთხო თავშესაფარი, რომელსაც მაშინ ოსამა ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. ალ-ქაიდამ ტერაქტებისთვის მოსამზადებლად, ავღანეთში სასწავლო ბანაკები შექმნა. სწორედ ამ ბანაკებში ამზადებდნენ ტერორისტებს, რომლებიც შემდეგ ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში აწყობდნენ, მათ შორის აშშ-ში - 2001 წელს 11 სექტემბერს. ამერიკული მხარე თალიბანს ამ თავდასმის ორგანიზების უმთავრესი ეჭვმიტანილების, ოსამა ბინ ლადენისა და მისი გარემოცვისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებდა. როგორ დაკარგეს ძალაუფლება? 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთ თვეზე ნაკლებ დროში, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ავღანეთში შევიდნენ. დეკემბრის დასაწყისში, თალიბანის მთავრობა დაეცა და ამერიკამ ავღანელებთან ერთად, დემოკრატიული მთავრობის შესაქმნელად დაიწყო მუშაობა. რა მოხდა შემდეგ? დამარცხების შემდეგ, თალიბანის ლიდერები ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონებში გაიქცნენ და გამაგრდნენ. შეიარაღებული დაჯგუფება აშშ-ის მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ არაერთ თავდასხმას აწყობდა. მათ შორის, ხელნაკეთი ბომბებითა და თვითმკვლელი თავდამსხმელების გამოყენებით. 2020 წელს, აშშ-ის მთავრობამ, თალიბანთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, დადგინდა ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის ვადები - თალიბანის მიერ ამერიკელებზე თავდასხმების დასრულებისა და ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების სანაცვლოდ. თუმცა თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, წარუმატებლად დასრულდა. რომელი ქვეყნები აღიარებენ თალიბანს? 1996-2001 წლებში, თალიბანის მთავრობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის - პაკისტანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა. წყარო  - ამერიკის ხმა  

აშშ და უკრაინა საერთაშორისო დახმარების მინოტორინგს აძლიერებენ

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ კიევისთვის მიწოდებული საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგის მიზნით, მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისის წარმომადგენლების სტუმრობისას გახდა ცნობილი. ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანი, საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგშითანამშრომლობის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვის მინსიტრმა რუსტემ უმეროვმა გამოთქვა რწმენა, რომ აპრილის ბოლომდე ყველა საზედამხედველო მექანიზმი სათანადოდ ამოქმედდება. სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება კორუფციისა და თაღლითობის გამოსავლენად, დასადასტურებლად და თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. ასევე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პერიოდული შეხვედრები გაიმართება. უკრაინის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა ინსპექტორმა ადმირალმა იგორ ვორონჩენკომ, ამერიკული მხრიდან კი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა რობერტ სტორჩმა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს სამი ინსპექტორი ამერიკიდან კიევში ჩავიდა. ოთხშაბათს უკრაინას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდიც ეწვია.  

გერმანია წელს კიდევ 10000 უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

წელს გერმანიას უკრაინიდან კიდევ 10000 ჯარისკაცის მომზადება სურს. წვრთნები ევროპული სასწავლო მისიის EUMAM-ის ფარგლებში ჩატარდება. მისიის ფარგლებში ევროკავშირში დღემდე 40 000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადიოდა წვრთნას. გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრებს გადაწყვეტილების გამო, მიეწოდებინათ კიევისთვის დასავლური ტიპის F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები და მოუწოდა მათ, რომ წვრთნების ინტეგრირება ევროკავშირის EUMAM სასწავლო მისიაში მოახდინონ.  ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა აღიარა, რომ ბრიუსელი გადაწყვეტს, ნაწილობრივ აანაზღაუროს წევრი ქვეყნების ხარჯები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები გადასცენ.  

რუსეთმა და უკრაინამ IL-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ტყვეები პირველად გაცვალეს

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენები სახლში არიან - 207 ბიჭი. ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ეს უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” - წერს ზელენსკი. როგორც RBC-Ukraine იუწყება, გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 61 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა - 20 წლის. მოსკოვმა და კიევმა Il-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ტყვეები პირველად გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა პირველად 24 იანვარს გაარცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. ისინი ასევე ციტირებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. კიევმა ეს არ დაადასტურა, თავის მხრივ, რუსეთს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „ჩვენ ვაგროვებთ და საფუძვლიანად ვაანალიზებთ ამ საკითხზე არსებულ ყველა ინფორმაციას მრავალი წყაროდან. ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ თვითმფრინავს შეეძლო ამდენი ადამიანის გადაყვანა," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, მოსკოვის ვერსია იმის შესახებ, რომ 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე შეიძლებოდა, ბორტზე ყოფილიყო, „ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.“ მანამდე უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოდგენილ სიაში შედიოდნენ სამხედრო ტყვეები, რომლებიც მანამდე უკვე გაცვალეს. სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს, ტყვეების ახლობლებს დაჰპირდა, რომ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე, მათი ბედის შესახებ შეატყობინებდნენ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს ჯერ არ გადაუგზავნია ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა რუსული ხაზი განაგრძო და დამატებით გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა, თვითმფრინავზე დარტყმისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემის რაკეტა გამოიყენა. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ არ აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. საღამოს, პრეზიდენტ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვიდა კი, გაირკვა, რომ უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. 25 იანვარს, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ უკრაინას არ მიუღია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სამხედრო სატრანსპორტო-თვითმფრინავში დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, მე არ შემიძლია, დავასკვნა, რომ ბორტზე მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ინტერნეტში... კარგი, მე არ ვარ ექსპერტი [ამ სფეროში], მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე ფოტო ან ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ჩვენი სამხედრო ტყვეების [ცხედრები], ისინი აქამდე გამოიყენებდნენ მათ [თავის მტკიცების გასამყარებლად]. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავში უამრავი ადამიანი იყო - უკრაინის მოქალაქეები თუ სხვა,“ - ამბობს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი. 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში დალია გრიბაუსკაიტე და ბორის ჯონსონიც შევლენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა უკრაინის უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელი შეხვედრა; მასში შედიოდა ათზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი და ექსპერტი, მათ შორის, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკეშია ნათქვამი. ჯგუფის ოფიციალური სახელწოდებაა უკრაინის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, მას ერთობლივად უხელმძღვანელებენ ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ჯგუფის მთავარი მიზანია უკრაინის ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის სისტემატური ხედვის შემუშავება, როგორც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ერმაკისა და რასმუსენის გარდა, ჯგუფში შედიან: ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე; პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი; ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი; ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანნა მარინი; აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი; პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარეკ ბელკა; სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკულას ძურინდა; შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი; დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უილიამ ჰეიგი; საფრანგეთის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი ხელმძღვანელი მიშელ ალიო-მარი; გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თანათავმჯდომარე ომიდ ნურიპური; აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და სხვა. „ამ ახალი ჯგუფის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, NATO-ს წევრ ქვეყნებთან, საექსპერტო გარემოსთან, პოლიტიკურ გარემოსთან მუშაობა, რათა შეიქმნას ატმოსფერო, რომელიც დაგვეხმარება ამ გზაზე წინსვლაში. უკრაინას ამბიციური მოლოდინები აქვს. მიმდინარე წლის NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან და იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიგვიყვანს სრულ წევრობამდე,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა. ჯგუფის პირველი შეხვედრა ონლაინ შედგა. ანდერს ფოგ რასმუსენი პირადად ჩავიდა კიევში.  

"ალტ-ინფო" აცხადებს, რომ ბანკებმა ანგარიშები დაუხურეს

პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობის" დაფუძნებულ ტელევიზიას - "ალტ-ინფოს" ანგარიშები დაუხურეს. ინფორმაციას უდასტურებს რადიო თავისუფლებასთან უდასტურებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია. არხის სოციალურ ქსელში წერია, რომ "საქართველოს ბანკმა" "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, შოთა მარტინენკოს ანგარიში დაუხურა. სწორედ მისი სახელით გროვდებოდა შემოწირულობები. "ალტ-ინფოს" ტელეეთერში გამოტანილია "თიბისი ბანკის" ანგარიში, რომელზე თანხის გადარიცხვაც შეუძლებელია. საბანკო ანგარიშის გახსნის დროს პრობლემები შეექმნათ "ქართუშიც." აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა  

გუდაური-კობის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული  ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.  

კახა კალაძე მესამე ვადით თბილისის მერობაზე: გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული  მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი. „როგორც იცით,  2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.  ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია, მესამე ვადით გახდეს მერი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა.“  

განადგურებულია რუსეთის ორი სარაკეტო სისტემა, რომელსაც მტერი ხერსონის დასაბომბად იყენებდა - უკრაინა

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის ორი სარაკეტო სისტემა Grad, რომელსაც რუსი ოკუპანტები ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე იერიშებისთვის იყენებდნენ. „საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული „გრადის“ სისტემა. ეს არ არის მხოლოდ კარგი პროგნოზი, ეს არის ზუსტად შესრულებული სამუშაო!" წერს თავდაცვის ძალები.  

პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა - Reuters

Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანკარაში 12 თებერვალს ჩავა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება NATO-ს წევრ ქვეყანაში. თურქეთი ასევე არ არის ICC-ის რომის სტატუტის მხარე, ამიტომ, პუტინს თურქეთში გამგზავრება ორდერის საფუძველზე დაპატიმრების შიშის გარეშე შეუძლია. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ასევე პრინციპულად ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ანკარა ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის ივლისში, ინიციატივა ცალმხრივად დატოვა. ცნობისთვის, ერდოღანი 14 თებერვალს ეგვიპტეში გაემგზავრება მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები ათწლიანი დაძაბულობის შემდეგ განაახლეს.  

ბორელი: შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 უკრაინელი ჯარისკაცი მოვამზადოთ

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის არმიისთვის დამატებით 20 ათასი ჯარისკაცს მოამზადებენ. „ჩვენ თითქმის დავასრულეთ უკრაინის არმიისთვის თითქმის 40 ათასი ჯარისკაცის მომზადების მისია. დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ. ზაფხულის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 60 000 მიაღწევს და თქვენ იცით, რომ კარგი წვრთნა, ბრძოლის ველზე, სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს," - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. გერმანია წელს კიდევ 10000 უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს  

ფინეთი თავშესაფარს არ აძლევს რუსეთიდან შესულ მიგრანტებს

ფინეთის მიგრაციის სამსახურს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მიუნიჭებია არცერთი მიგრანტისთვის, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქვეყანაში შევიდნენ რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ უწყების მონაცემებზე დაყრდნობით პორტალი Yle.fi წერს. განცხადებებიდან, რომლებიც უკვე განიხილეს, დაახლოებით ორმა მესამედმა უარი მიიღო, დანარჩენები გაუქმებულია მოქმედების ვადის გასვლის გამო. ამ მომენტისთვის მიგრაციის სამსახურმა თავშესაფრის მთხოვნელთა 70-მდე განაცხადის განხილვა მოასწრო. მთლიანობაში გასული წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ფინეთში თავშესაფრის 1300 მაძიებელი შევიდა. დაახლოებით 190 მათგანის ადგილსამყოფელი უცნობია, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ვარაუდობენ, რომ მათ ფინეთი ტრანზიტულ სახელმწიფოდ გამოიყენეს და ქვეყანა დატოვეს.