ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის ელჩი: მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რათა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს
მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „მე, როგორც უცხო ქვეყნის დიპლომატმა, ძალიან სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან, გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და მოუთმენლად ველი ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას შემდეგ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიცით, რომ დღეს გარკვეული განცხადებები გველოდება. პარლამენტში პროცესი მიმდინარეობს. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს,“ - აღნიშნა ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება
ევროკავშირის ელჩი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. „საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 9 თვეა დარჩენილი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივიდან, არსებითად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ეს ეხება არამხოლოდ თავად არჩევნებს, არამედ, არჩევნების დღეს, არამედ, ასევე მთელს საარჩევნო კამპანიას, რომელიც ნელ-ნელა იწყება. რა თქმა უნდა, საარჩევნო მონიტორინგი იქნება აბსოლუტურად აუცილებელი,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს. „ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ევროკავშირი მხარს ვუჭერთ რეპუტაციის მქონე, პატივსაცემ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგში, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვიწყებთ ღონისძიებას დღეს, რომელიც მხარს უჭერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას კამპანიას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ამომრჩევლების განათლება, მივაწოდოთ ცოდნა მათი უფლებების შესახებ და იმისთვის, რომ განვახორციელოთ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი. მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ელჩმა. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომა თვითონ მოისურვა
„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას. „რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარტიის ყრილობაზე მივიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. ყოფილი პრემიერი მმართველი პარტიის ყრილობაზე აირჩიეს ახალ პოსტზე. „ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია
მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. „მინდა, სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.
ირაკლი კობახიძე: მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მინისტრები არ შეიცვლებიან და სპეკულაციებია ის, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი შეიცვლებოდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მან მთავრობის ყველა წევრს პოსტზე დარჩენა შესთავაზა. არის ერთადერთი გამონაკლისი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა სხვა სფეროში გადანაცვლება ისურვა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯუანშერბურჭულაძის არჩევანს პატივს სცემს. ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია
ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებთ, არჩევნების პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება და დაჩქარდება
„9 ნაბიჯის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ინტენსიური გახდება მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც 9 თვეში გაიმართება და აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიპყრობს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „სიტუაცია ძალიან ნათელია, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ძალიან მოხარული ვართ. ჩვენ, ჩვენი მხრივ დავამტკიცეთ, რომ კარი ღიაა, მაგრამ ამავდროულად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, საქართველოს სჭირდება რეფორმების განხორციელება, საქართველოს სჭირდება იყოს ძლიერი, სტაბილური, მდგრადი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ ჩვენი ლიდერები 9 ნაბიჯზე. 9 ნაბიჯის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ინტენსიური გახდება მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც 9 თვეში გაიმართება, რომელიც, გვესმის, რომ აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება, დაჩქარდება კიდეც ისე, რომ საქართველომ შეძლოს შემდგომ ეტაპზე გადასვლა, რაც ნიშნავს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, რაც წელსაც შეიძლება მოხდეს,“ - აღნიშნა ელჩმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ რეკომენდაციებისა და რეფორმების მიზანია არა ევროკავშირისთვის თავის მოწონება, არამედ ქვეყნის გაძლიერება, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. „ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, ძლიერი მუშაობა, რეფორმები გაგრძელდება. ეს ნაბიჯები, ეს რეფორმები არ არის ბრიუსელისთვის, ევროკავშირისთვის თავის მოსაწონებლად, არამედ მათი მიზანია, საქართველო გახდეს ძლიერი, მდგრადი, დემოკრატიული ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების გულისთვის,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა
„ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის,“ - ასე მიესალმა „ქართული ოცნების“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებს. „ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო - დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. ბოლო 12 წელში, მთელ მსოფლიოში, უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მსურს საზოგადოებას შევახსენო ვითარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ქვეყანაში დახვდა. ეს იყო ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება, უმუშევრობის მაღალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ოკუპირებული ტერიტორიები, სრული განუკითხაობა და ქაოსი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია.“ მისივე თქმით, საქართველო არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს. „2012 წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი. გატარდა მასშტაბური რეფორმები: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების, არსებითად ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები. სწორედ ამ რეფორმებისა და პროექტების შედეგად, დღეისთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია. მინდა საზოგადოებას ასევე შევახსენო, რომ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ გასულ წელს, დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი-ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით ლიდერობს, რეგიონის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ხშირად მსოფლიო მასშტაბით. არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს. 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის, 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. დღეს ჩვენი ქვეყანა ლიდერია კანონის უზენაესობის, კორუფციისა და თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობიანი და ეფექტიანი მთავრობის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბაზარზე წვდომის ინოვაციების მიმართულებით და ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა, ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა, რომ „2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.“ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.“ „რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა, გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა, მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ჯუანშერ ბურჭულაძე: მივიღე შემოთავაზება, განვიხილო NATO-ში ელჩის თანამდებობა, ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას
„შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო NATO-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას,“ - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის შეკითხვებს. მან განმარტა, რომ ეს 4 თვე დასვენების პერიოდი იქნება. „13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. NATO-ში ელჩის პოზიციას ამჟამად ვიქტორ დოლიძე იკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას, მსურს, ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს
„ირაკლი კობახიძეს სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ პოსტზე არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, უკვე განხორციელდა ოფიციალურად ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი, ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია. მინდა, ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ მას სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, როგორც ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას. წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. 2024 წლის 26 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი,“ აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. „დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას. შემოდგომაზე არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს, ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. საქართველო დღეს კვლავ დიდი გამოწვევების დგას, კვლავ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად დავამარცხეთ. ვიდრე ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე მინდა, ვთქვა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“ იგივე ხალხთან, იმავე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. არჩევანი ძალზედ ნათელია – „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც პარტიის რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის, ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს
უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა. „შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე,“ - წერს მიშელი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას. „ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს მიშელი. უკრაინისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კიევს კრედიტების ფორმით გადაერიცხება. შეგახსენებთ, შეთანხმება მიღწეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ. ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დეკემბერში ვეტო დაადო.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: კარგი დღეა ევროპისთვის
„შეთანხმება მიღწეულია - კარგი დღეა ევროპისთვის,“ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. „შეთანხმება მიღწეულია. ევროპულმა საბჭომ ჩვენი პრიორიტეტები დააფიქსირა. უკრაინის მხარდაჭერა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის,“ - წერს ლაიენი სოციალურ ქსელში.
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი უკრაინით არ დაიღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე უნგრეთის ლიდერის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ეგოისტური თამაშის გაგებას ვერ ახერხებს. „ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ და, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინის გარშემო ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ. ვიქტორ ორბანის გადასაწყვეტია, არის თუ არა უნგრეთი ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ეს შავ-თეთრი ამბავია. ინტუიცია მეუბნება, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს, რათა ორბანი საბოლოოდ დავარწმუნოთ,“ - აღნიშნა ტუსკმა დღეს სამიტის დაწყებამდე. როგორც ცნობილია, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ზელენსკი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტზე შეთანხმების შემდეგ განაცხადა. „მადლობას ვუხდი შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას,“ - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის დაზვერვის (DIU) მებრძოლებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “ივანოვეცის“ სარაკეტო ხომალდი გაანადგურეს, იტყობინება მთავარი სადაზვერვო სამმართველო. გემი დროებით ოკუპირებულ ყირიმში იყო განთავსებული. „კორპუსზე პირდაპირი დარტყმების სერიის შედეგად, რუსულმა გემმა განიცადა დაზიანება, რომელიც შემდგომ მოძრაობას არ ექვემდებარება - “ივანოვეცი“ ჩაიძირა,“ - ნათქვამია DIU-ს განცხადებაში. დაზვერვის წყაროების თანახმად, რუსული გემის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარია. მისივე ცნობით, რუსეთის მიერ ჩატარებული სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.
ირაკლი კობახიძე: ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება„ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მან პრემიერად დასახელების შემდეგ, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის წინაშე არსებულ ორ „მთავარ მისიაზე“ კიდევ ერთხელ მიუთითა. „პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისათვის! გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს. ყველა ის მიღწევა, რომელიც ქონდა ჩვენს გუნდს და ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, იყო გუნდის უპრეცედენტო ერთიანობის შედეგი. ამ ერთიანობისთვის მადლობა ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს - მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტიის რიგით წევრებს და მხარდამჭერებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს. წინ გველის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართული ოცნება“, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორი მთავარი მისიით შეიძლება, იყოს გამოხატული: - პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო: o ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად; o ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს; - მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში. გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უდიდესი სიბრძნე, რამაც ამ ორი ამოცანის შესრულებასთან ბევრად უფრო დაგვაახლოვა. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა ამ ოცნების ახდენისკენ უნდა იყოს მიმართული. გაძლევთ პირობას, მთავრობის მეთაურის რანგში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ოცნების ახდენაში ჩემი წვლილი შევიტანო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის! გისურვებთ წარმატებებს!“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იტალიამ შესაძლოა, წითელი ზღვაში გემი და თვითმფრინავები გაგზავნოს
იტალიამ შესაძლოა, წითელ ზღვაში, თვითმფრინავები გაგზავნოს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მისიაში ერთი წლის ვადით მაინც, სულ მცირე იტალიური გემი მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენ ასევე განვიხილავთ საჰაერო შესაძლებლობების პოტენციურ გაგზავნას სადაზვერვო მონაცემთა შეგროვებისთვის,” - აღნიშნა კროზეტომ იტალიის პარლამენტის სენატისა და ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
ირანმა ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანმა ქვეყნის სამხრეთში ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ატომური ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 5 000 მეგავატი იქნება. ირანს 1000 მეგავატი სიმძლავრის ერთი აქტიური ატომური ელექტროსადგური აქვს, რომელიც თეირანმა რუსეთის დახმარებით 2011 წელს აამუშავა. 2041 წლისთვის ირანი 20 000 მეგავატი ბირთვული ენერგიის წარმოებას გეგმავს. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა, რასაც ირანი უყარყოფს.
პრეზიდენტი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი საერთო მომავლისკენ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადაიდგა
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმება ევროპული ერთობის, პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გამოხატულებაა. „ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი საერთო მომავლისა და ჩვენი განუყოფელი უსაფრთხოებისკენ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადაიდგა,“ წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჯაველინებმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაში, ომის პირველ კვირებში - სტოლტენბერგი
„უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლების უკუგდება, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ „ჯაველინები“ და მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ომის პირველ კვირებში,“ ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ში გააკეთა, როდესაც ამერიკული მწარმოებლის Lockheed Martin-ის ქარხანაში მივიდა. „აქ ვარ, რათა მადლობა გადაგიხადოთ და გამოვხატო მადლიერება NATO-ს სახელით, ყველა მოკავშირის სახელით და ასევე უკრაინაში უნიფორმაში ჩაცმული მამაცი კაცებისა და ქალების სახელით. სახელი "Lockheed Martin" არის ინოვაციის და ტექნიკური ბრწყინვალების სინონიმი. ათწლეულების განმავლობაში თქვენ ეხმარებოდით ამერიკულ და NATO-ს ძალებს თავიანთი ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ამდენად, მე მოვედი აქ მარტივი გზავნილით. ერთი მილიარდი ადამიანის სახელით NATO-ს მოკავშირე ქვეყნებში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ,“ აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ლიდერია, მაგრამ შეერთებული შტატები მარტო არ არის. სტოლტენბერგის თქმით, ერთად, ევროპისა და კანადის მიერ გაღებული მხარდაჭერა აშშ-ის ხარჯებს აღემატება.