ძებნის რეზულტატი:
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა
2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 151,939 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის იანვარი 85,338 მგზავრი). აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 66%-ით გაიზარდა და 486 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის იანვარი - 293 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
ამერიკის საელჩო: ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას
აშშ-საქართველოს ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ამის შესახებ ამერიკის საელჩო წერს, რითაც ელჩ რობინ დანიგანსა და თავდაცვის ახალ მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება. „ელჩ რობინ დანიგანს პატივი ჰქონდა, შეხვედროდა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს. ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ.
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 26.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირდა 10.2 პროცენტით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.
კალინინგრადის გუბერნატორის თქმით, იმანუელ კანტს "პირდაპირი კავშირი" აქვს უკრაინის ომთან
კალინინგრადის რეგიონის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა, სვეტლოგორსკში პოლიტოლოგთა კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს „პირდაპირი კავშირი აქვს“ უკრაინის ომთან. მის სიტყვებზე ყურადღება ფედერალურმა პრესამ გაამახვილა. კალინინგრადის გამოცემა „რუგრადმა“ ალიხანოვის გამოსვლის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნა. „იმანუელ კანტს, რომელიც აქ დაიბადა თითქმის 300 წლის წინ, თითქმის პირდაპირი კავშირი აქვს გლობალურ ქაოსთან, გლობალურ პერიოდულ სამყაროსთან, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. უფრო მეტიც, ეს პირდაპირ კავშირშია უკრაინის სამხედრო კონფლიქტთან,“ - განაცხადა ალიხანოვმა. რეგიონის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ გერმანულმა ფილოსოფიამ საფუძველი ჩაუყარა „სოციოკულტურულ ვითარებას“, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, პირველ მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა. გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი 1724 წელს კენიგსბერგში (დღევანდელი კალინინგრადი) დაიბადა. კალინინგრადი ლიეტვუასა და პოლონეთს შორისაა მოქცეული და დაახლოებით 500 000 მოსახლე ჰყავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში მოხვედრილი ამჟამინდელი კალინინგრადის ოლქის, უწინდელი აღმოსავლეთ პრუსიის ისტორია მეცამეტე საუკუნეში დაიწყო, როცა აქ გერმანელთა ორდენი დაფუძნდა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, კიონიგსბერგად წოდებული ქალაქი გერმანული კულტურისა და სულიერების, ასევე, პრუსიული სახელმწიფოებრიობის ერთ- ერთი ცენტრი იყო. შეგახსენებთ, რომ იქ არსებული, ომის შემდგომ გაუქმებული, უნივერსიტეტი, განსაკუთრებით არის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის ემანუილ კანტის გამო. ქალაქი კენიგსბერგი 1945 წლის 9 აპრილს დანებდა საბჭოთა არმიას ბელორუსის მესამე ფრონტის შეტევის დროს.
Nasdaq უკრაინასთან პარტნიორობას ამყარებს
ფინანსური გაცვლის წამყვანმა კომპანია Nasdaq-მა უკრაინასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) გააფორმა. შეთანხმებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) შეუწყო ხელი. „ნაზდაკსა და უკრაინის მთავრობას შორის ეს ახალი პარტნიორობა აჩვენებს, რომ უკრაინა ღიაა ბიზნესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის“, - განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „ინვესტორები უკვე აჩვენებენ თავიანთ ნდობას უკრაინის მომავლის მიმართ – რომელმაც 4 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიზიდა გასული წლის პირველ სამ კვარტალში.“ „და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო ხაზს უსვამს უკრაინის მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს,“ - აღნიშნა პაუერმა. მემორანდუმი მოიცავს გეგმებს, რაც უკრაინაში ახალი საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს, ასევე სამეწარმეო საქმიანობას წაახალისებს და „უკრაინული კომპანიების კაპიტალის ფორმირებას დაეხმარება.
რიში სუნაკი: კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. რიში სუნაკის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულთბილად მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს. კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება თქვენი მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის და თქვენი კიბერმედეგობის გაძლიერებისთვის რუსული ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ. ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნავს რიში სუნაკი. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში ასევე შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპი.
ომბუდსმენი პრემიერს ვეტერანების დახმარებაზე რეგულაციის შეცვლისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ. „საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავრობას, განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ახალგორელმა აქტივისტმა ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად დანიშვნის“ გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო
ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, შიმშილობა დაიწყო, რითაც დავით გურწიევის დროებით ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურორად დანიშვნას აპროტესტებს. „ჩემი მომართვის თემა არის დავით გურწიევის დანიშვნა ახალგორის რაიონის პროკურორად. მინდა გესაუბროთ იმ მიზეზებზე, რის გამოც, ჩემი აზრით, ეს ადამიანი არ არის ღირსი, მსგავსი საპასუხისმგებლო პოსტი ეკავოს. უკვე ერთი კვირაა, რაც წერილობით მიმართვებსაც ვწერ ამის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ამიტომ, მე გადავწყვიტე, გამოვაცხადო შიმშილობა და ვიშიმშილებ იქამდე, სანამ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურორი" პასუხს არ გამცემს, რატომ და რა დამსახურებებისთვის ნიშნავს "პროკურორად" დავით გურწიევს, რომელიც უკვე 15 წელია, რაც ჩვენი რაიონის მოსახლეობას ატერორებს," - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის დაუსწრებლად გაასამართლა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი და აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე: „აქცენტი გაკეთდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ადმინისტრატორის მოადგილემ სპიკერს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. შენონ გრინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას,“ წერს USAID. პაპუაშვილი USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს მიესალმა
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 10%-ით ზრდის
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან ევროპაში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია (+0,1 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 10%) ექსპორტირებული. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაზის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან 2,3 მილიარდი კუბური მეტრი (+4,5%) შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთს მიჰყიდა 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საქართველოს კი, 0,4 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 11,1%-ით, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 33,3%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებულია დაახლოებით 0,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (-0,1 მილიარდი კუბური მეტრი, 20%).
პატრიარქი: სოსო ჯაჭვლიანი გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანის გარდაცვალების გამო. „კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს. მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც „ნატვრის ხის“ გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, - ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, - მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა,“ წერია წერილში.
ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და მისი შეკავება შეიარაღებული ძალების გაძლიერებითაა შესაძლებელი. ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია NATO-ს წევრ ფინეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან მისი საზღვრის გასწვრივ. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში ჯარების შენარჩუნება უწევს და ნაკლებად სავარაუდო იქნება მომავალშიც, თუ ევროპა შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს. „რუსეთმა გრძელვადიანი დაპირისპირების გზა აირჩია და კრემლი, ალბათ, მოელის შესაძლო კონფლიქტს NATO-სთან უახლოეს ათწლეულში. თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა როსინმა. კაუპო როსინის თქმით, რუსეთის უნარი, მიაწოდოს საბრძოლო მასალა თავის ჯარებს, კვლავ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინის და თუ დასავლეთი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას არ შეინარჩუნებს, ან გაზრდის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა შეძლოს. სტოლტენბერგი: დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის ცნობისთვის, რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.
ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას
16-18 თებერვალს მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებს. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის ყოველწლიურად მონაწილეობენ. 2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გასული წლის 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. გასული წლის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
პრორუსმა ჰაკერებმა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების სისტემების გატეხვა სცადეს - მედია
თებერვლის დასაწყისში პრორუსი ჰაკერები ლიეტუვის არმიის ელექტრონულ სისტემებში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა, მაგრამ საბოლოო დასკვნის გაკეთება შესაძლებელია გამოძიების დასრულების შემდეგ. ILIAS სისტემა ამ დროისთვის გათიშულია გარე ქსელიდან და მიმდინარეობს განახლებები. ამის შესახებე ლიეტუვის მედია იუწყება. „ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა, ჯართან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო გამოძიება; ინციდენტი ამჟამად საშუალო კატეგორიის მოვლენად განიხილება,“- აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.
სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება
შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია. კანონპროექტით იგეგმება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: - შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის. პროექტის გათვალისწინებით, ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით. შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
ცხოველის მიტოვება დაჯარიმებას გამოიწვევს - ჯარიმები იმოქმედებს ვაქცინაციისა და სხვა მკურნალობის ვალდებულების დარღვევაზე
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის. კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით; ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება.
ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს
ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობაც გამკაცრდეს. “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პროექტი ფარგლებში პარლამენტში ინიცირებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები დგინდება. უფრო კონკრეტულად, შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ასოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე; შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს სისხლისსამართლის ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით - ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე; პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე; ამავე პროექტით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე; შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. გარდა ამისა, მკაცრდება არსებული სისხლის სამართლის სანქცია შემდეგი დანაშაულის ჩადენაზე: ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე; ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.