ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს საბოლოოდ დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატმა მიიღო დახმარების პაკეტი უკრაინისა და ისრაელისთვის, მაგრამ მისი მომავალი წარმომადგენელთა პალატაში გაურკვეველია. სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება. აშშ-ის კონგრესი ხუთშაბათს, 8 თებერბვალს იმ კანონპროექტის შემოკლებულ ვერსიას განიხილავდა, რომელიც მანამდე კენჭისყრაზე ჩავარდა. საქმე ეხება მხოლოდ სახსრების გამოყოფას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი, ის საერთოდ აღარ მოიცავს. უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. „ეს კარგი პირველი ნაბიჯია. ეს კანონპროექტი აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის უკრაინაში, ისრაელში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის ღაზის სექტორში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ტაივანისთვის,“ - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრის შემდეგ. სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის ყოფილ თანამშრომელს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის 1/3 მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. 3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, - განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი, დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სხდომებს დაესწრება მსჯავრდებული გიორგი ვახტანგაშვილიც.  

უკრაინაში რუსეთმა პირველად ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა - უკრაინა

პირველად თითქმის 2 წლიანი ომის განმავლობაში, უკრაინა აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთმა გამოიყენა მოწინავე ჰიპერბგერითი რაკეტა, რომლის ჩამოგდებაც, ექსპერტების აზრით, თითქმის შეუძლებელია. მთავრობას დაქვემდებარებული კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა Telegram-ზე განაცხადა, რომ 7 თებერვალს უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შემდეგ ამოღებული ნამსხვრევები მიუთითებს რუსი სამხედროების მიერ ცირკონის ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტის გამოყენებაზე. Telegram პოსტს თან ახლდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ათობით ნამსხვრევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალი რაკეტიდანაა. რუსეთის არსენალში არსებულ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტაზე მოსკოვი ამბობს, რომ რაკეტას შეუძლია, სამიზნეზე იერიში 1000 კილომეტრის რადიუსში მიიტანოს.  

უკრაინის სარდლობამ ქალაქ ავდეევკაში ახალი ძალები გადაისროლა

უკრაინის სარდლობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვა ქვედანაყოფებით ჩაანაცვლა 110-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც ქალაქ ავდეევკას იცავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური დილის ეთერში განაცხადა ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ივან სეკაჩმა. მისი თქმით, თავად 110-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას არ აქვს რესურსი ქალაქის შესანარჩუნებლად. „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები ქალაქის შესანარჩუნებლად, მაგრამ დახმარება მოდის და ჩვენ ჩვენი მეგობარი ქვედანაყოფების იმედი გვაქვს... 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის თითქმის ორი წლის საქმიანობის განმავლობაში, ჩვენი ზოგიერთი დანაყოფი, დასვენებისა და როტაციის მიზნით, სრულად გამოვიდა ბრძოლიდან. დამხმარებ ძალები მართლაც ჩამოვიდა. მაგრამ არ ვიტყვი, თუ რომელია ეს ქვედანაყოფები. მაგრამ ეს არის ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენ ცოტა მშვიდად ვიგრძენით თავი, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ," - აღნიშნა სეკაჩმა. Forbes-ი წერს, რომ ავდეევკის დაცვის გასაძლიერებლად კიევმა ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ქვედანაყოფი, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა გადაისროლა. ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, 10 ოქტომბრიდან რუსეთმა მოიერიშე ჯგუფების, არტილერიის და ავიაციის გამოყენებით ერთდროულად დაიწყო შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის დასავლეთზე, სამხრეთსა და ჩრდილო-დასავლეთზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ცნობით თქმით, ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად, დეკემბრიდან მოყოლებული ქალაქიდან დღეში დაახლოებით 7 ადამიანის ევაკუაცია ხდება.  

NATO-ზე ტრამპის კომენტარებმა, „რესპუბლიკელებში“ უთანხმოება გამოიწვია - მედია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებმა NATO-ს მოკავშირეების დაცვაზე უარის თქმის შესახებ, რესპუბლიკელებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია The Hill-ზე დაყრდნობით წერს. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლანკფორდმა განაცხადა, რომ ის არანაირად არ ეთანხმება, რომ შეერთებულმა შტატებმა ზურგი აქციოს მოკავშირეებს. რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა წაახალისოს ოპონენტები მსგავსი განცხადებებით. ტრამპის კომენტარებმა, დემოკრატებში შეშფოთება გამოიწვია, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გარანტიები, გარდა იმისა, რომ აეკრძალოს აშშ-ის პრეზიდენტს NATO-დან კონგრესის თანხმობის გარეშე გასვლა, თუმცა რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო, რომელიც კანონმდებლობის ავტორი იყო, აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ გარანტიები ვაშინგტონის ვალდებულებების გარშემო.  

ზელენსკი: ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრას მიესალმა. მისი თქმით, აშშ-ის დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. „ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ჩვენ, უკრაინაში, აშშ-ის მუდმივი დახმარება გვეხმარება რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში სიცოცხლე გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  

NATO-ში აშშ-ის ელჩმა ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა

NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ალიანსთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. მან უპასუხა Financial Times-ის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ალიანსის გენერალურ მდივანს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებმა, რომლებიც ძირს უთხრის მეხუთე მუხლს, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები. „კრემლის წახალისება საიმისოდ, რომ თავს დაესხას NATO-ს რომელიმე წევრს ან ალიანსის ტერიტორიას, მართლაც დიდ საფრთხეში აყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ამერიკელ ჯარისკაცებს და ჩვენი ალიანსის ჯარისკაცებს. ასეთი განცხადებები სახიფათო და გულწრფელად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოა,“ - განაცხადა სმიტმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე  

ბალტიის ზღვის ქვეშ გამყინვარების ხანის ქვის კედელი აღმოაჩინეს

მკვლევრების აზრით, მათ აღმოაჩინეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი სტრუქტურა. კედელი 10 000 წელზე მეტი ხნისაა. თითქმის 1 კილომეტრის სიგრძის ქვის კედელი გერმანიის სანაპიროზეა აღმოჩენილი. კედელი, რომლის შესახებაც მკვლევრებმა პირველად 2021 წელს შეიტყვეს, შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ბალტიის ზღვის რეგიონში. ეს ტერიტორია დაახლოებით 8500 წლის წინ დაიფარა წყლით. სტრუქტურა მდებარეობს აღმოსავლეთ გერმანიის შტატის მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის სანაპიროდან დაახლოებით 10 კილომეტრში, 21 მეტრის სიღრმეზე. იგი შედგება თითქმის 1700 ჩოგბურთის და ფეხბურთის ზომის ქვისგან, ძირითადად მეტრზე ნაკლები სიმაღლის. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კედელი აშენდა ირმის დასაჭერად, რომლებზეც ნადირობდნენ.

სინოდალური კომისია პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს

საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა დღეს, 13 თებერვალს ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი). კომისიამ განიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის; სოფელ დიღმის, წმ. მარინეს სახელობოს ტაძრის სამრევლოს წევრის, ლევან (ანასტასი) ზუმბაძისა და მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას საკითხი. „ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების წინაშე ითხოვა შენდობა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. მისი სინანულის საფუძველზე, კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება. კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, ასევე, სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის სამრევლოს წევრმა, ლევან (ანასტასი) ზუმბაძემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მისამართით სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო. კომისიამ მისცა გაფრთხილება, რომ, მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, მას შეუჩერდება ზიარების უფლება. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული. კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ,” - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში. სინოდალური კომისიის წევრები არიან: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).  

რა საკითხები დააყენა ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ „მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.“ „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 20 მარტს ჩაინიშნა,” - ნათქვამია ინფორმაციაში. „დავაყენეთ ხუთივე უკანონო პატიმრის გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ მეცოდინება ე.წ. სასამართლოს შედეგი, ორი მათგანი [გიორგი მელაძის და დიმიტრი კორინთელის] პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ინფორმაციას მივიღებ, მას ოჯახის წევრებს გავუზიარებთ. სხვა მიმართულებით, სამწუხაროდ, არ დაფიქსირდა მათი მხრიდან მზაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ," - განუცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს. რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წელს ორი შემთხვევა [ზარდიანთკართან და დვანთან] იყო. როგორც ანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ტრადიციული პოზიცია გააცნო: „ადგილობრივმა მკვიდრმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ უნდა შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება, მიწის ნაკვეთებზე მუშაობა და საქონლის მწყემსვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზიარებული იქნება. ამას უახლოესი თვეები აჩვენებენ. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ნებისმიერი მძიმე ინციდენტი." შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თამაზ გინტურის მკვლელობას ეხებოდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა გინტურის მკვლელების დასჯა. თუმცა, როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რუსეთის პოზიცია იყო ცინიკური, როცა კვლავ განაცხადეს, რომ ე.წ. მესაზღვრე უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. „ეს საკითხი ჩვენ მიერ დაისვა და მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოვთხოვეთ წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და ხომ არ იყვნენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დაკავებულები. სამწუხაროდ, მათგან ტრადიციული პასუხი მივიღეთ, რაც თავიდანვე იყო გაჟღერებული რუსეთის მხარის მიერ, კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა, ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. იგივე პოზიცია აქვთ მკვლელობის პირველი დღიდან და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ამგვარი მოსაზრება არის აღმაშფოთებელი," - განაცხადა ანთაძემ. კიდევ ერთი თემა ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსჯავრდებულის, დავით გურწიევის ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საოლქო პროკურორად დანიშვნის განზრახვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. გურწიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მას ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს კიდევ ერთ თანამშრომელთან (ალიკ ტაბოევთან) ერთად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. „დავით გურწიევის საკითხი დაისვა, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული, ასევე, ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაში. აღინიშნა, რომ ეს პირი არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის. ვიმედოვნებ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე. თავისთავად ასეთი პირის დანიშვნის ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული რეაქცია. ჩვენ მოგვაქვს ფორმატის მონაწილეებთან ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დაცული და მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნებათ. მათ დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავეს. რეაქცია იყო მხოლოდ ფორმალური. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი კონკრეტული დეტალები ჩვენს ინტერვენციაზე მათ არ წარმოუდგენიათ," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი სამუშაო შეხვედრა 20 მარტს დაინიშნა. ახალგორელმა აქტივისტმა ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად დანიშვნის“ გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო

მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან მყარდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6517 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6524 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8569 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8582 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

იტალია ოდესის ისტორიული ცენტრის აღსადგენად, 45 მილიონი ევროს ღირებულების, სამწლიან გეგმას შეიმუშავებს

იტალიამ შეიმუშავა ოდესის ისტორიული ცენტრის აღდგენის სამწლიანი გეგმა, რომლის საერთო ღირებულება 45 მილიონი ევროა, განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება: ფერისცვალების ტაძრის აღდგენა, იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 52 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და ციფრული რეგისტრაცია. ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს ოდესის განვითარებისა და აღდგენის პროცესში სხვა ფონდებისა და პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, გეგმა სამწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 45 მილიონი ევრო იქნება. „ფერისცვალების ტაძრისთვის პირველი ნაბიჯი არის სახურავის აღდგენა, ასევე სარაკეტო დარტყმის შემდეგ დარჩენილი კრატერის დახურვა. ამ სამუშაოს შესრულებას 2024 წლის ზამთრის დასაწყისში ვგეგმავთ. ნახევარი მილიონი ევრო უკვე გამოყოფილია. მთლიანობაში ვგეგმავთ 2 მილიონი ევროს გამოყოფას ეკლესიის რესტავრაციისთვის,“ - განაცხადეს უწყებაში.   

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2033 წლამდე განაღმვის პროექტი დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს წარმოშობილი ნაღმების გაწმენდის მიზნით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ეროვნული სტრატეგიის პროექტი, რომელიც 2033 წლამდე უნდა განხორციელდეს. „ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედების ეროვნული ორგანოს მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და ყველა ღონისძიების კოორდინაცია, მათ შორის, ჰუმანიტარული განაღმვის,“ - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა შავი ზღვის განაღმვისთვის საჭირო სავარაუდო დრო გამოავლინა. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის ოპერირება სრული დატვირთვით მუშაობას დაუბრუნდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. საზღვაო ძალები აზოვისა და შავი ზღვების წყლებში განაღმვის მასშტაბურ ოპერაციას გეგმავენ. გეგმის მიხედვით, სავაჭრო გზების განაღმვა შეიძლება, ექვს თვემდე გაგრძელდეს.  

გენერალ-მაიორი კარდენი: საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, ჩვენ გვაკავშირებს ურყევი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

ამერიკელი გენერალ-მაიორი ტომ კარდენი აცხადებს, რომ საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. „ჩვენ გვაკავშირებს ურყევი მეგობრობა, რომელიც ერთმანეთისადმი პატივისცემას და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ქართველი სამხედროების ერთგულების მომსწრე გავხდი. ჩვენ ერთად აღგვინიშნავს წარმატება, ერთად დაგვიღვრია სისხლი ბრძოლის ველზე. ამან ძალიან მჭიდროდ დაგვაკავშირა,“ ამბობს ტომ კარდენი ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.  

სირსკიმ რუსეთთან ომის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა

უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. მისი მიზანია მოწინააღმდეგის ძალების ამოწურვა, - აცხადებს ZDF-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი. სირსკის თქმით, უკრაინისთვის მთავარი ღირებულება სამხედროების სიცოცხლეა, განსაკუთრებით მათი, ვინც საბრძოლო მისიებს ასრულებენ. სირსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ შეუძლია, რუსეთის მსგავსად უგულებელყოს უკრაინელების სიცოცხლე. „შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით. ჩვენი ოპერაციის მიზანია მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მაქსიმალური დანაკარგების მიყენება მათთვის,“ ამბობს სირსკი. 2023 წლის ზაფხულში უკრაინის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში კონტრშეტევა დაიწყეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების ათზე მეტი დასახლების გათავისუფლება მოახერხეს. თუმცა აზოვის ზღვამდე წინსვლის მთავარი მიზანი არ მიღწეულა. ამჟამად უკრაინის სამხედრო ძალები ძირითადად აქტიურ თავდაცვაში არიან და, როდესაც ეს შესაძლებელია, ახორციელებენ შეტევებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად სირსკი რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც აშშ უკრაინის მხარდასაჭერად ამზადებს  

რუსეთი სამხედრო ტექნიკის რეზერვებით სამი წელი იომებს - ბრიტანული კვლევითი ინსტიტუტი

ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის Military Balance-ის წლიურ ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან 2900-ზე მეტი ტანკი დაკარგა, მას ჯერ კიდევ აქვს საწყობებში იმდენი ჯავშანტექნიკა, რითაც რამდენიმე წლის განმავლობაში იომებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთს შეიარაღებაში აქვს 1750 ერთეული ძირითადი საბრძოლო ტანკი. მათ შორის როგორც მოძველებული T-55, ასევე თანამედროვე T-80 და T-90-ი ტანკები. ხოლო კიდევ 4000 ერთეული საცავებში ინახება. ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინამაც დიდი ზარალი განიცადა ტექნიკის მხრივ. მაგრამ დასავლეთის დახმარებამ უკრაინას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა თავისი რეზერვების დონე. ანგარიშის შემდგენელი ანალიტიკოსები ახსენებენ ასევე „ბრძოლების ჩიხში შესვლის მზარდ განცდაზე." „რუსეთში ასეთი აღჭურვილობის მარაგების არსებობა ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია კიდევ სამი წლის განმავლობაში გაუძლოს მძიმე დანაკარგებს და, მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღჭურვილობის წარმოების პოტენციალიც აქვს, შეუძლია საკუთარი საჭიროება არსებული რეზერვებიდან დაიკმაყოფილოს,“ - ნათქვამია ანგარიშში. Military Balance არის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (ლონდონი) ყოველწლიური გამოცემა, რომელიც მსოფლიოს 171 ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებისა და თავდაცვის კომპლექსის შეფასებას შეიცავს.  

უკრაინამ დრონების წარმოება 100-ჯერ გაზარდა - შმიგალი

უკრაინამ ასჯერ გაზარდა დრონების წარმოება ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულირების წყალობით, რადგან უკვე მიღებულია 20 კანონი და კანონქვემდებარე აქტი. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ზრდა. მისი აზრით, თანამედროვე იარაღი, რომელიც მტერს ურტყამს, არის ქვეყნის მომავალი გამარჯვების გასაღები. „პირველ რიგში, საუბარია Defense Tech კლასტერის განვითარებაზე, სხვადასხვა კატეგორიის დრონის წარმოების მასშტაბირებაზე, ელექტრონული ომის და ფრონტისთვის საჭირო სხვა აქტივების წარმოებაზე. ქვეყანამ მოახდინა რეალური რევოლუცია რეგულირების საკითხებში. დრონების შექმნა. მიღებულია ოცი კანონი და კანონქვემდებარე აქტი და ამის წყალობით წარმოება ასჯერ გაიზარდა. ბიუროკრატია მოიხსნა და 200-მდე კერძო კომპანიას შორის რეალური კონკურენციაა უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში," - ამბობს შმიგალი. მანვე აღნიშნა, რომ წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტში დრონების შესაძენად 40 მილიარდია (UAV) გათვალისწინებული.  

აშშ-ს რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული იახტის აუქციონზე გატანა სურს

აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ ის ყოველწლიურად 7 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს სანქცირებული რუსი ოლიგარქისგან ჩამორთმეული სუპერიახტის შესანარჩუნებლად. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონმა სასამართლოს გემის გაყიდვის ნებართვისთვის მიმართა, მისი კონფისკაციის კანონიერების საკითხის გარკვევამდე. 106-მეტრიანი Amadea ფიჯის პორტში 2023 წლის 14 აპრილს ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. აშშ-ის მთავრობის ცნობით, იახტა, რომლის სავარაუდო ღირებულება 325 მილიონი დოლარია, რუს მილიარდერ სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. იახტის მფლობელი კომპანია სასამართლოში ჩივის. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ „ამადეუსი“ „Роснефт“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნის და არა კერიმოვს. მას კი აშშ-ის სანქციები არ ეხება, ამიტომ ბიზნესმენის ადვოკატები გემის დაბრუნებას მოთხოვენ. დოკუმენტების მიხედვით, ხუდაინატოვი კიდევ ერთ იახტის „შეჰერეზადეს“ მფლობელია. გამომძიებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გემი შესაძლოა, რეალურად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კერიმოვისა და მისი ოჯახის ქონება $10,7 მილიარდს შეადგენს.  

ისრაელის გენშტაბის უფროსი: რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ - ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო

რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ აფასებს სხვა ქვეყნების რჩევებს გამოწვევის შესახებ, მაგრამ IDF-მ აჩვენა, რომ შეუძლია მტრის ძალების სამიზნეში ამოღება ასეთ რთულ გარემოში. „ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო რთულია ბრძოლა გარემოში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი და „ჰამასის“ კიდევ 10 000 მებრძოლია. ომის წინა პერიოდში ჩვენ მოსახლეობის იზოლაციას ვცდილობდით. ამის შესაძლებლობები გვაქვს. ეს გავაკეთეთ ქალაქ ღაზაში. ეს გავაკეთეთ ჰან იუნისში. ეს გავაკეთეთ (ღაზის სექტორის) ცენტრალურ ბანაკებში. რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ. ბრძოლის არეალში მოქალაქეების, მცხოვრებლების, ოჯახების ყოფნა სწორი არ არის. როდის მოხდება ეს? როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო,” - განაცხადა ჰალევიმ. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი „ზედმეტად მკაცრი“ იყო.  

კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებას პასუხობს: გავაგრძელებ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია, არამედ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სწორად იქცევა, როცა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ. „რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი - ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, წარმატებაა და ეს ავნებს რუსეთს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტების „კრებული“ არ შეცვლილა,“ აღნიშნავს კალასი. ესტონეთის პრემიერის თქმით, კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მისი და სხვების გაჩუმებას - მაგრამ ეს ასე არ იქნება. „პირიქით, მე გავაგრძელებ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მე გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაზრდის მხარდაჭერას," - წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა