ძებნის რეზულტატი:
მაია ბითაძე: ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება
ძაღლების გამრავლება ძალიან მკაცრად გაკონტროლდება - როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება! - ამის შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განმარტა. მისი ინფორმაციით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება, ხოლო ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამასთან, იგეგმება ცხოველის მიკედლებისა და მისი თავშესაფრიდან აყვანის წახალისება. მას შემდეგ რაც ცხოველთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება შეზღუდვა, რომლის მიხედვით, მრავალბინიანი კორპუსის ბინაში სამზე მეტი ძაღლის ყოლა აიკრძალება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს მას, მისთვის აღნიშნული შეზღუდვა აღარ იარსებებს. ბითაძის ინფორმაციით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. „კანონპროექტზე საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, მათ შორის, დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად. ეს არის ძალიან კომპლექსური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის - ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან (FAO), რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე როგორც მიუსაფარი ძაღლების მასშტაბური აღრიცხვა დაიწყება. კანონპროექტის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა არსებობს, რომელიც ამ კანონპროექტის თანახმად უნდა გაძლიერდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად 80 მლნ ლარზე მეტი უნდა გამოიყოს. ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას მნიშვნელოვნად ასწრებს. კანონპროექტის მიხედვით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება და ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამ ვადის შემდგომ, ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი ცხოვრების ციკლის განმავლობაში მოხვდება (ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და სხვა), ვალდებული იქნება ძაღლის რეგისტრაცია გადაამოწმოს, რაც შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას გააადვილებს, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ვაპირებთ ძაღლის ლეგალურად გამრავლებას, რათა ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია მოხდეს, ჩვენს ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაცია უნდა გავუკეთოთ. გვაქვს გარკვეული დახმარების მექანიზმები, მათ შორის, მიმკედლებლებისთვის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, გარკვეული პერიოდი სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა გააგრძელოს. ჩვენი მთავარი მიზანია, შეიქმნას ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან მიმართებით წლებია არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს. ასევე არის გარკვეული დებულებები, რომელიც არახალია - მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველის ალიკაპით ან საბმელის გარეშე ტრანსპორტირება იკრძალება. ამ კუთხით სიახლე გვაქვს კანონპროექტში - შეზღუდვა მხოლოდ მოკლე საბელამდე რჩება, ხოლო მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩანთით ან მოკლე, ძაღლის ტრანსპორტირების საშუალებით. კანონპროექტით, ასევე განსაზღვრულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი. კანონპროექტის თანახმად, გვექნება საშუალება, მთავრობამ სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად გარკვეული შეზღუდვა შემოიღოს მათ გამრავლებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქართული ენდემური ჯიშის ძაღლებს არ შეეხება,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.
ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ცნობის გამო, ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან დაბრუნდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია ავრცელებს ოფიციალურ მიზეზს, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა. „აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ," - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისიდან ბარსელონაში მიმავალი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს.
კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე: არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში, შთამბეჭდავი პროექტია
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ზაარბრიუკენის მოედანზე გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას, რომელიც დროებით არის დადგმული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი აქტუალური აღმოაჩნდა საზოგადოებისთვის.“ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. „მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებას. თავს ვაძლევ უფლებას, მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხზე. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა, ნამდვილად არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში, ეს სასიხარულოა და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მე დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იციან აღნიშნულთან დაკავშირებით. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავის მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსება მოახდინოს და გახადოს მიზანშეწონილი. ამ გადაწყვეტილებების შედეგად უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. ჩვენ გვინდა, რომ არტისტებს ხელი შევუწყოთ, ჰქონდეთ მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისგან. მინდა, გითხრათ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბანში, რაიონებში კონკრეტულ ადგილებზე იქნება გამოყოფილი სივრცეები, სადაც განთავსებული იქნება დროებით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ჩვენ მომავალშიც ვგევმავთ კონკურსების გამოცხადებას და ხელოვნების ხელშეწყობას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებითვის. ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და გიორგის წარმატება, მინდა, ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა, თუმცა მთავარი არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია დიდი დისკუსია საზოგადოებაში, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა დედაქალაქში,“ განაცხადა კახა კალაძემ.
ამერიკის საელჩო: სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში
საქართველოში ვიზიტისას, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი არჩევნებზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებს შეხვდა. USAID-ის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს USAID-ის მხარდაჭერაზე, რომელიც არჩევნებზე მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საკითხს ეხება. „USAID გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერებას, 2024 წლის საარჩევნო ციკლის განმავლობაში და მას შემდეგაც,“ - წერს USAID Georgia. მისივე განცხადებით, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში, მათ შორის, ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგის პროცესში.“ თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რაც ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ელჩი დანიგანი: 2024 წლის არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად
18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო
პროკურატურის განცხადებით, კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის ძებნილთა სიაში საქართველოს სულ მცირე 100 მოქალაქეა
რუსულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ „მედიაზონამ“ 13 თებერვალს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ბრალდებით ძებნილი უცხოეთის მოქალაქეების შესახებ. საქართველო სიის სათავეშია 100 მოქალაქით, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის მხარეს იბრძვიან, კატეგორიაში ‘უცხოელები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში’. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი 93 პირით და სხვა ქვეყნები, როგორიცაა, ბელარუსი, ისრაელი და შეერთებული შტატები. „მედიაზონას“ ინფორმაციით, ეს კონკრეტული კატეგორია მოიცავს მინიმუმ 396 ადამიანს 36 ქვეყნიდან. მედიაზონას ცნობით, მან ძებნილთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა და გაანალიზა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 96000-მდე ძებნილი პირის შესახებ შეტყობინებას შეიცავს, და შეიმუშავა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი საძიებო ინსტრუმენტი. ჩამოთვლილ პირებს შორის არიან დასავლელი პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები, უკრაინელი პოლიტიკოსები და სამხედროები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, უცხოელები, რომლებიც უკრაინის ჯარში მსახურობდნენ, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საბჭოთა ძეგლების დემონტაჟისთვის იძებნებიან და ა.შ. სიაში, გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაცით, მონაცემთა ბაზაში შესულ საქართველოს მოქალაქეებს შორის არიან პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ანტი-საოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა. ეს პირები ერთ დროს უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.
SJC: ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული კანონის“ მიღება დაასუსტებს საზოგადოებას და გააღრმავებს იზოლაციას
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის „პარლამენტისათვის“ წარდგენის შესახებ აცხადებს, რომ ეს ინიციატივა „დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, მკვეთრად დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას აფხაზეთში და გააღრმავებს აფხაზეთის რეგიონის იზოლაციას.” როგორც ორგანიზაცია წერს, კანონპროექტი აფხაზეთში მცხოვრებთა პოლიტიკურ უფლებებს და სოციალურ ყოფასაც გააუარესებს. ოკუპირებულ აფხაზეთში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა აღიარებულ იქნენ უცხოურ აგენტებად, თუკი ისინი ფულად სახსრებს ან/და სხვა სახის ქონებას უცხო ქვეყნიდან იღებენ. ფულადი სახსრების მიღება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), ამ სახელმწიფოებში რეგისტრირებული მოქალაქეები და იურიდიული პირები არ ჩაითვლებიან „უცხოურ აგენტებად.“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის შექმნილია აფხაზეთის ინტერესების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ასევე, აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში საგარეო ჩარევაზე დაუყოვნებლივი რეაგირების უზრუნველყოფად. კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს და კრძალავს ადგილობრივ სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შექმნილ კომისიებში, კომიტეტებში, საკონსულტაციო, სათათბირო და სხვა ორგანოებში მათ მონაწილეობას. ამასთან, იკრძალება უცხოური აგენტების მიერ საჯარო ღონისძიებების, მსვლელობების, დემონსტრაციების, საჯარო დებატების, გამოსვლების დისკუსიების გამართვა. დამატებით, კანონპროექტით, გამორიცხულია, მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობის შესაძლებლობა. არაკომერციულ ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც ასრულებენ “უცხოური აგენტის” ფუნქციებს, არ აქვთ უფლება, გაავრცელონ არასრულწლოვანთა საინფორმაციო პროდუქტები მედიის საშუალებით ან/და ინტერნეტის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით. არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ უცხოური აგენტის ფუნქციებს, არ აქვთ უფლება განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა არასრულწლოვანთა მიმართ ან/და პედაგოგიური საქმიანობა რესპუბლიკურ და მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში. გარდა აკრძალვებისა, „უცხოური აგენტებად“ დარეგისტრირებული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან წარადგინონ საფინანსო დეკლარაციები, მათ შორის სრული მონაცემები წყაროს, თანხის ოდენობის, ნებისმიერი თანხის მიზნისა თუ მიღებული და დახარჯული სხვა მატერიალურ სიკეთის შესახებ. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გამოიძიოს, მოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის – პერსონალური მონაცემები. უცხოური აგენტების საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიძლება ჩატარდეს არაგეგმური შემოწმება. შემოწმების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციიდან განაცხადის მიღებაც. არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა კანონპროექტის მიხედვით გამოიწვევს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და სხვა სახის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შემდეგ, რუსეთის ანექსიური მცდელობები კიდევ უფრო დაჩქარდა და რუსული ინტერესებით გადაწყვეტილებების მიღება იმ საკითხებზეც ხდება, რომლებსაც აფხაზური საზოგადოება წლების განმავლობაში აკავებდა (ბიჭვინთის სანატორიუმის გადაცემის საკითხი რუსეთისთვის, აპარტამენტების მასობრივი მშენებლობა აფხაზეთის 6 რაიონში, ენერგოსექტორში გარე/რუსული ინვესტორების დაშვება და ა.შ.). საოკუპაციო მთავრობის ამ პოლიტიკას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად აკრიტიკებს და მის წინააღმდეგ თვითორგანიზებასაც ახერხებს. ორგანიზაციის შეფასებით, „როგორც ჩანს, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების მიზანი სწორედ ამ საზოგადოების დასუსტება და გაჩუმებაა. ამასთან აშკარაა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომელსაც დაკარგული აქვს ნდობა საზოგადოებაში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია ძალაუფლების შენარჩუნების იარაღია”. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღების მცდელობა 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდა, თუმცა, ეს საქართველოს მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გამო ვერ შეძლო. „ამ პირობებში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას დაკარგული აქვს მორალური და პოლიტიკური რესურსი აფხაზეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები საჯაროდ დაგმოს და ამ კონტექსტში საქართველო წარმოადგინოს, როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც გაყოფილ საზოგადოებას ახალი ტიპის პოლიტიკას და პროგრესული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. აფხაზეთის რეგიონში ანექსიური პროცესების გააქტიურების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს სტრატეგიული პოლიტიკური ხედვა, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის სრული ასიმილაციის პროცესს შეაკავებდა. ძირეულად შეცვლილი რეგიონული და გლობალური კონტექსტების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას 2010 წლის შემდეგ არ განუახლებია სამშვიდობო პოლიტიკის დოკუმენტი და კვლავ მოძველებული და ვიწრო პერსპექტივებიდან უყურებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკას. ამასთან, საქართველოს მთავრობა ნაკლებად მუშაობს იმ მიმართულებით, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესს ხელი შეუწყოს კონფლიქტების ტრანსფორმაციას და აფხაზეთში (და სამხრეთ ოსეთის რეგიონში) მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი ალტერნატივებისა და შესაძლებლობების გაჩენას. ამ პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შექმნას სამშვიდობო პოლიტიკის ახალი ხედვა, რომელიც სამოქალაქო, საერთაშორისო და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების გზით და კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომებით შემუშავება და რომელიც სტრატეგიულად უპასუხებს რეგიონში შექმნილ მყისიერ და გრძელვადიან გამოწვევებს, და ასევე, ახალ შესაძლებლობებს,”– ნათქვამია განცხადებაში.
სირსკი და უმეროვი ავდიივკა-კუპიანსკის სექტორში უკრაინულ დანაყოფებს ეწვივნენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ავდიივკასა და კუპიანსკის სექტორებში უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება გადაწყვიტეს. სირსკი და უმეროვი ავდიივკა-კუპიანსკის სექტორში უკრაინულ დანაყოფებს ეწვივნენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის არმიის უფროსის განცხადებით, ოპერატიული ვითარება უკიდურესად მძიმე და დაძაბულია. „რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ძალისხმევის გაზრდას და აქვთ რიცხობრივი უპირატესობა საკადრო მხრივ. ისინი არ ითვლიან ზარალს და აგრძელებენ ძველ ტაქტიკას. მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს რუსი ოკუპანტების 29 თავდასხმა მხოლოდ ავდიივკის რაიონში,“ - განაცხადა სირსკიმ. მისივე თქმით, „მტერი აქტიურად იყენებს თვითმფრინავებს, მოაქვს ზარალი მართვადი საჰაერო ბომბებით.“ „უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად, უშუალოდ, ადგილზე მოვუსმინეთ ბრიგადების, ტაქტიკური ჯგუფებისა და ფორმირებების მეთაურებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე პირობებში ატარებენ თავდაცვით ოპერაციებს. ჩვენ ერთობლივად გავაანალიზეთ ჩვენი ჯარების არსებული რესურსები და საჭიროებები,“ - განაცხადა სირსკიმ. მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სამხედრო ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი ჩვენს ტერიტორიაზე ღრმად არ შევიდეს და ჩვენი პოზიციები დავიჭიროთ. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, უკრაინის თავდაცვის ძალები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს," - განაცხადა სირსკიმ. უკრაინის სარდლობამ ქალაქ ავდეევკაში ახალი ძალები გადაისროლა სირსკიმ 13 თებერვალს, რუსეთთან ომის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა.
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის სხვადასხვა ნაწილში მუნიციპალიტეტი გამოყოფს მიწის ნაკვეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ბენზინგასამართი სადგურების გადატანა. კალაძის თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. „საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა. ჩვენ პროექტზე რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით, თუმცა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები მის ადგილმონაცვლეობაზე ვერ მოხერხდა. შემდეგ ამას დაემატა პანდემიის პერიოდი და აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერებული იყო. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეულის სახით მოდერნიზება, კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძებნა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თავისუფლად იყოს გადაადგილება ამ კონკრეტულ არეალში შესაძლებელი. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს მთავრობაზე გამოვიტანთ საკითხს ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებთ და საკრებულოს გადავუგზავნით. გვინდა ადგილმონაცვლეობა. ჩვენ დედაქალაქში სხვადასხვა ადგილში გამოყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. მონაცვლეობის შემდეგ დავიწყებთ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს და პროექტის განხორციელებას. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც ცოტა მოგვიანებით, როდესაც პროექტი მზად იქნება, თბილისის მოსახლეობას გავაცნობთ,“ - განაცხადა კალაძემ. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცათამბჯენების აშენება იგეგმება. პროექტი საკრებულომ მოიწონა და ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა.
ალიევმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
ილჰამ ალიევმა, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტი მეხუთედ დაიკავა, ფიცი დადო. ინაუგურაცია აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის საგანგებო სესიაზე დღეს გაიმართა. აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს, რის შემდეგაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება. 7 თებერვალს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმების 92%-ზე მეტი მიიღო. 13 თებერვალს, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაადასტურა.
მედია: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას „ეხო კავკაზა“, ჟურნალისტ იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი,“ - წერს იზიდა ჭანია სოციალურ ქსელში. გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური ძალებიც ადასტურებენ. „ჩვენ ხელთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გვაქვს, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, რომ თავისი პოზიცია გადაწყვიტოს, დაადასტუროს შეთანხმების დებულებების ან მის რატიფიკაციამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების ერთგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეულ კულუარულ მუშაობას შეეშვას და მითითებული ნოტა გამოაქვეყნოს. ასევე, საზოგადოების მხრიდან სრული ნდობის არარსებობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმება, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით, მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაეკისრება,“ - ნათქვამია ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. შეთანხმება სხვადასხვა ობიექტის, მიწის ნაკვეთისა და შენობის მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს. საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის “გადაცემის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას
უკრაინაში ომის გაყინვის თაობაზე, მოსკოვი ვაშინგტონთან მოლაპარაკებას შეეცადა - Reuters
Reuters-ი მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობითი იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, რომელიც კონფლიქტის გაყინვის მიზნით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. წყაროების თქმით, კრემლი ვაშინგტონს სთავაზობდა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების გაყინვას ფრონტის ხაზზე ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და არ სურდა მის მიერ ოკუპირებული, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა. სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური კონტაქტები არ არსებობს და ხაზი გაუსვა, რომ კიევის მონაწილეობის გარეშე შეერთებული შტატები არ აწარმოებს რუსეთთან ისეთ მოლაპარაკებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა უკრაინის ინტერესებზე. რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ეს არ არის პირველი ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარკვეულ სიგნალებს უგზავნის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. პუტინის მხრიდან ასეთი მზადყოფნის შესახებ იანვრის ბოლოს Bloomberg-მა კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. უფრო ადრე კი ამის შესახებ New York Times-ი წერდა.
„დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს“ - რა წერია აუდიტის დასკვნაში
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველსაყოფად, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს. ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს - საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი. ამასთან, 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ახალი კურსდამთავრებულების - 2.6%. სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში. „2021 წლის მდგომარეობით, 2018-2021 წლებში 17,632 ექიმიდან უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 43%-მა; პერინატალური და ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის ქულების შეფასება არ ხდება ყოველწლიურად. შესაბამისად, დაბალია უსგ-ის პროგრამაში მათი ჩართულობა, კერძოდ: 2018-2021 წლებში, დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 37% არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამაში, ხოლო ნეონატოლოგებიდან, საშუალოდ, 23%. 2020-2021 წლებში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და რადიოლოგების საშუალოდ, 69%-ს არ ჰქონდა მოპოვებული უსგ-ის წლიური კრედიტქულა; დაბალია 2021 წელს სტაციონარულ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის პროგრამებში ჩართულობა და ყოველწლიურად განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვების მაჩვენებელი. აღნიშნულ სპეციალისტთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 1,601-ს, მათგან, უსგ-ის წლიური კრედიტქულა კი დააგროვა მხოლოდ 415-მა (26%). 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამებში. ამასთანავე, რეგულირების სააგენტოს მიერ 2020-2021 წლებში 269 დაწესებულებიდან შესწავლილია მხოლოდ 20 დაწესებულება. შედეგად, დანერგილი მექანიზმები არ არის საკმარისი სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე ექიმების მიერ მოპოვებული უსგ-ის კრედიტქულების შესაფასებლად; უსგ-ის პროგრამების ჩატარების ადგილი ექიმებისათვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. უსგ-ის პროგრამების დამსწრე 4,606 პირთაგან, 1,590-ის (35%) ფაქტობრივი სამუშაო ადგილი არ იყო თბილისი; 2018-2021 წლებში უსგ-ის პროგრამებში მსმენელის სტატუსის მქონე 11,192 ექიმიდან 512-მა სპეციალისტმა ერთი და იგივე სავალდებულო უსგ-ის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაიარა 2-ჯერ და აღიარებულ იქნა შესაბამისი კრედიტქულა; 2018-2021 წლების მიხედვით, ჯამში განხორციელებული 757 უსგ-ის პროგრამიდან, 2020-2021 წლებში მონიტორინგი ჩატარდა 108 (15%) პროგრამაზე, ხოლო სავალდებულო 628 უსგ-ის პროგრამიდან − 90 (14%)-ზე“, - აღნიშნულია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაცია სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრულია, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტროს ჩართულობა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების სტრატეგიების შექმნის პროცესში დაბალია. დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ფარგლებში გამოიკვეთა სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და სანდოობასთან დაკავშირებული რიგი ხარვეზები. „სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი საინფორმაციო სისტემა სრულად და ზუსტად არ ასახავს პროფესიულად აქტიური ექიმის შესახებ ინფორმაციას. უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის შესახებ მონაცემები არასრულადაა ასახული, ხოლო, რიგ შემთხვევებში, შეიცავს უზუსტობებს; სამინისტროს სისტემაში არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა იმ ექიმების შესახებ, რომელთაც გაიარეს ან/და ესაჭიროებათ პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის გავლა; რეგულირების სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დიპლომისშემდგომი სამედიცინო პროგრამების ფარგლებში ათვისებული კვოტების შესახებ. კვოტების მინიჭება ხდება სამი წლის ვადით და არ მიმდინარეობს მიღებული სპეციალობის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ მონაცემების შეგროვება,“ - წერია ანგარიშში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, სადაც სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს განიხილავენ, განაცხადა, რომ აუდიტის ანგარიშში მოცემული საკითხები მსგავსი გამოწვევებით ასახულია ასევე ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ 2022 წლის მაისში დაამტკიცა, ახლა კი, მიმდინარეობს მუშაობა დეტალური გეგმის შემუშავებაზე. „ასევე ვიზიარებ ხარისხობრივ ნაწილთან დაკავშირებულ შენიშვნას. აქ განმარტების სახით მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს შიდა რესურსი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზა უზრუნველყოს ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მასალის, არ აქვს, ამიტომ დამოკიდებული ვართ იმ პროფესიულ პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს ამ მასალას. დამოუკიდებელი ექსპერტიზის საკითხს როგორ გადავჭრით, გარკვეული ფიქრი და კონსულტაცია დაგვჭირდება. რეგულირების სააგენტოს მხრიდანაც მონიტორინგის მექანიზმი მეტ რესურსს მოითხოვს და ამ კუთხითაც მუშაობა მიმდინარეობს, რომ რესურსი გაიზარდოს, რადგან მონიტორინგი ჯეროვანი იყოს და არა შერჩევითი როგორც აქამდე ხდება,“ - განაცხადა გაბუნიამ. აუდიტის ანგარიში 2018-2021 წლების პერიოდს მოიცავს.
ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, გერმანია თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯავს
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია, NATO-ს მიზანს მიაღწია და საკუთარი მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის გამოყოფს. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს. ხუთშაბათს ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ცალკე შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები უმასპინძლებს, ოთხშაბათს გაიმართება. ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია
ფენილკეტონურიის არასწორი დიაგნოსტირებისთვის ლაბორატორიებს 33 ათასის გადახდა დააკისრეს - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორ სამედიცინო დაწესებულებას — შპს “მედიკალ სოფტსა“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ — 32 869 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფო სკრინინგის პროგრამის ფარგლებში შემოწმებისას, არასწორი დიაგნოზი დაუსვეს ჩვილს, რამაც ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. „ბავშვს დაბადებისთანავე ჩაუტარდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი სამ თანდაყოლილ დაავადებაზე, მათ შორის, ფენილკეტონურიაზე. სკრინინგის შედეგების მიხედვით, ბავშვს არ ჰქონდა არც ერთი დაავადება, შესაბამისად, სკრინინგის განხორციელების პროცესში მონაწილე დაწესებულებები ბავშვის მშობლებს არ დაკავშირებიან […] მოსარჩელეს, ადრეულ ასაკში შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, ვინაიდან, არასწორი დიაგნოსტირების გამო, ოჯახისთვის უცნობი იყო, ბავშვს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამდენად, მკურნალობის პროცესში გამოყენებული მეთოდები აღმოჩნდა ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობისთვის შეუსაბამო, რამაც გამოიწვია ბავშვის ასაკობრივი განვითარების შეფერხება. სკრინინგის ჩატარებიდან 4 წლის შემდეგ, დადგინდა, რომ შედეგები იყო მცდარი და ბავშვს დაბადებიდან ჰქონდა ფენილკეტონურია” — აცხადებენ ორგანიზაციაში. საია-ში განმარტავენ, რომ თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, სკრინინგის განმახორციელებელმა დაწესებულებამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მშობლეს და დაგეგმოს დამატებითი კვლევები. თუ დაწესებულება მშობელს არ დაუკავშირდა, იგულისხმება, რომ რომ პასუხი უარყოფითია. აღნიშნულ საქმეზე ვიდეო მოამზადა სტუდია „მონიტორმა“, სადაც ბავშვის დედა თეონა გუბელაძე ჰყვება შექმნილი პრობლემის შესახებ. ფენილკეტონურია არის მემკვიდრული ტიპის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რა დროსაც აღინიშნება ფერმენტ ფენილანალინ-ჰიდროქსილაზის ნაკლებობა ან არარსებობა, მისი სინთეზის დარღვევის გამო. დროული დიაგნოსტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადება ექვემდებარება მართვას. თანდაყოლილ დაავადებებთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურას ატარებს სახელმწიფოს მიერ შერჩეული ლაბორატორიული დაწესებულება.
ჯეიმს ო'ბრაიენი: ვაშინგტონი გააგრძელებს ერევნისა და ბაქოს პოზიციების დაახლოების ძალისხმევას
აშშ გააგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების დაახლოების მცდელობას, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა მიუთითებს დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე. „არ მსურს რაიმე კონკრეტული ქმედების შესახებ სპეკულირება, ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ მხარეების გაეთიანების მცდელობის გზას,“ - დასძინა ო'ბრაიენმა. მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს
ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა, თეირანი დივერსიაზე მიუთითებს
ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა, თეირანი საბოტაჟზე საუბრობს. ხელისუფლება არ საუბრობს, ვისზე აქვს ეჭვი. თეირანმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ინციდენტმა გამოიწვია გაზის შეწყვეტა მრეწველობისა და ოფისების ზოგიერთ პროვინციაში, იტყობინება სახელმწიფო მედია. „დივერსიის ეს სტერორისტული აქტი პირველ საათზე, ოთხშაბათის გამთენიისას მოხდა ნაციონალურ გაზსადენ მილთა ქსელში, ქვეყნის ორ რეგიონში," - განაცხადა ნავთობის საკითხებში მინისტრმა ჯავად ოვჯიმ.
NATO-ში მოელიან, რომ წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს 18 მოკავშირე დახარჯავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს. თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს (2024 წლის 15 თებერვალს) ბრიუსელში შეხვდებიან, რათა ვაშინგტონის სამიტისთვის მოემზადონ. შეხვედრის წინ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თავდაცვის ხარჯების ისტორიულ პროგრესს. „გასულ წელს ჩვენ დავინახეთ უპრეცედენტო ზრდა 11%-ით ევროპელ მოკავშირეებსა და კანადაში. წელს ველით 18 მოკავშირეს - რეკორდულ რაოდენობას, რომელიც თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს დახარჯავს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.
ერდოღანი ეგვიპტეში 12 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში ჩავიდა, იუწყება თურქული მედია. ერდოღანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატაჰ ელ-სისი და თურქეთის ელჩი სალიჰ მუტლუ სენი დახვდნენ. ერდოღანს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იასარ გიულერი და სხვა პირები. ორშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავენ „ყველა ძალისხმევას“ ღაზას სექტორში „სისხლისღვრის“ შესაჩერებლად, ხოლო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ დაწერა, რომ შეხვედრები ასევე ეხება ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის, ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხებს. ეს არის თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში, 2012 წლის შემდეგ. როგორც ცნობილია, ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და ღაზის სექტორში ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. მისი ეს პოზიცია ისრაელის მოწინააღმდეგე ირანის პრეზიდენტმა მოიწონა, როდესაც ებრაჰიმ რაისი ანკარაში ვიზიტით იმყოფებოდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით გაიზარდა
იანვარში BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური ნავთობსადენებით 3,269,100 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც 0,43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრანსპორტირებული ნავთობის 76% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა და 2023 წელს ამ მილსადენით 2 486,1 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1,87%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში BTC მილსადენით გადაზიდული ნავთობის 82,7% - 2 055,3 ტონა წარმოებულია აზერბაიჯანში, აქედან 17,3% - 430,8 ათასი ტონა (16,2% ზრდა) თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობია.