ძებნის რეზულტატი:
მარტიდან, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარტიდან ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე. „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. 2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს. მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს, პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს, 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის მარტიდან, ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას, ადრეულ ეტაპზე. ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია. ბაიდენის თქმით, ტრამპის კომენტარი კიდევ უფრო ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემა, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა და ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პაკეტის ჩავარდნა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, ვლადიმერ პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს. „ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე. ეს სისულელეა. ეს სამარცხვინოა. ეს საშიშია. ეს არაამერიკული," - აღნიშნა ბაიდენმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა „დემოკრატებთან“ ერთად სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც მისცა. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მაიორკასმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და გადაცდომები სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით. მაიორკასსთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი სენატი განსაზღვრავს. CNN-ი იუწყება, რომ არსებობს მოლოდინი, ყველა „დემოკრატი“ ხმას მისცემს იპიჩმენტის უარყოფას, რადგან ისინი შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს ფარსს და სისულელეს უწოდებენ. მაიორკასი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრია ბოლო თითქმის 150 წლის განმავლობაში, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს. რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. თანამდებობიდან მინისტრის გადაყენებას სენატის თანხმობაც სჭირდება. სენატში, რომლის წევრთა უმრავლესობა დემოკრატია, მაიორკასის იმპიჩმენტს მხარდაჭერა არ ექნება. აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, უწოდა რესპუბლიკელების არაკონსტიტუციური, პარტიული ანგაჟირების აღმაშფოთებელი მაგალითი, რომელიც წვრილმანი პოლიტიკური თამაშების გამო გამოიყენეს პატიოსანი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ.
რუსეთი დრონების შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო. უწყების განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში 2, ვორონეჟის ოლქში 1 და შავი ზღვის თავზე 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.
ჯოანა: უკრაინისთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ NATO ახორციელებს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმას, რომელზედაც ლიდერები ვილნიუსში შეთანხმდნენ, რათა დააჩქაროს ერთობლივი შესყიდვები, გაზარდოს წარმოების შესაძლებლობები და თავსებადობა. მისი შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომ გაზარდონ თავდაცვის წარმოება და გამოაცოცხლონ თავდაცვის ინდუსტრია. მირჩა ჯოანამ განმარტა, რომ გასული წლის ივლისიდან NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ, დაახლოებით, 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, მათ შორის Patriot-ის რაკეტებსა და 155 მილიმეტრიან საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. „მოკავშირეებს ძალების ერთიანი ნაკრები ჰყავთ. ასე რომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი მიდგომა თავდაცვის ინდუსტრიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც პატივს სცემს NATO-ს კომპეტენციებს, მაგალითად, სტანდარტების დაწესების სფეროში და არ ქმნის ბარიერებს მოკავშირეებს შორის,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
რუსეთთან საზღვარი შესაძლოა, ესტონეთმაც დაკეტოს
ესტონეთის პოლიციის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთი ესტონეთთან საზღვრისკენ შეგნებულად უშვებს უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონიერად შესვლის უფლება. ევროკავშირის და NATO-ს წევრი ესტონეთის მთავრობამ შესაძლოა, დროებით დაკეტოს რუსეთთან საზღვარი. მიზეზი რუსეთის მხრიდან მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაა. დეპარტამენტი ესტონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, ესტონეთის სახელმწიფო, ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს დროებით დაკეტავს, შესაბამისად, ამ პუქტებით სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ და სხვა მარშრუტებით, გაცილებით გრძელი გზის გავლა მოუწევთ. რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრიდან ფინეთმაც დაკეტა.
სომხეთი და ევროკავშირი ახალ ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგზე მუშაობას იწყებენ - ბორელი
სომხეთმა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, დაიწყონ მუშაობა ამბიციური ახალი პარტნიორობის დღის წესრიგზე, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში. ბორელი მიესალმა სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდა სომხეთს, კიდევ უფრო გაუმკლავდეს გამოწვევებს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენი გადაწყვეტილება გვიგზავნის ორმხრივი ინტერესის ძლიერ სიგნალს ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ფაზაში გადაყვანაზე და უზრუნველყოფს მკაფიო საგზაო რუკას და ხედვას წინსვლისთვის,” - აღნიშნა ბორელმა დასძინა, რომ ”მომავალი დღეს იწყება.” მან ასევე მიულოცა სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება და მას "ძალიან მნიშვნელოვანი და გაბედული გადაწყვეტილება" უწოდა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ვარიანტები ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად,“ - აღნიშნა ბორელმა და მოუწოდა სომხეთს, გააძლიეროს რეფორმები ამ საკითხში პროგრესისთვის. მან გაიმეორა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სომხეთის მონაწილეობას შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში და სხვა რეგიონალური კავშირის პროექტებში. „დღეს მე უნდა გავიმეორო ევროკავშირის სრული ვალდებულება, მხარი დაუჭიროს მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ევროკავშირის მისია სომხეთში ახლახან გაძლიერდა და გააგრძელებს წვლილს ნორმალიზების მცდელობებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხების მხარდაჭერას და დასძინა, რომ კომისიამ გამოაცხადა დამატებითი 5,5 მილიონი ევროს უზრუნველყოფა, ჰუმანიტარული დახმარების სახით.
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა $4 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა
მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში თავისი აქციების მეტი წილი გაყიდა, რითაც ბოლო დღეებში გაყიდვების ჯამური ღირებულება 4 მილიარდ დოლარს აღემატება, იუწყება BBC. ბეზოსმა, რომელიც ფირმის აღმასრულებელი თავმჯდომარეა, ბოლოს Amazon-ის აქციები 2021 წელს გაყიდა. ამ თვის დასაწყისში Amazon-მა განაცხადა, რომ ის დაახლოებით 8,4 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს. ბეზოსმა ბოლოს 2022 წელს, Amazon-ში, როგორც მისი ქველმოქმედების ნაწილი, ასევე გასცა აქციები.
შავ ზღვაში დრონებით დაარტყეს რუსულ სადესანტო გემს - მედია
უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ ჩაძირეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რუსულ გემზე დრონებით დარტყმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რუსულ სადესანტო გემზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში, დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.
იტალიაში საქართველოს მოქალაქე მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით დააკავეს
ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დანაშაული გასულ კვირას, ვიჩენცის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციის დროული ჩარევის შედეგად 30 წლის ბ.ს. დააკავეს, რომელსაც სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტი იყო. მოსამართლემ 30 წლის ქართველ კაცს პატიმრობა შეუფარდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულს 31 წლის თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც ბინადრობის მოწმობა წესრიგში აქვს და დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალი. მესამე ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ეუთო ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
13 თებერვალს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 117-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტიბორ კოზმას და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. ეუთოს ცნობით, ევროკავშირის სადამკვირველო მისია და ეუთო მიესალმნენ მონაწილეებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმდინარე წლის პირველ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მოლოდინები მონაწილეთა მხრიდან ფორმატის მიმართ მუდმივი ერთგულების მხრივ, რეგულარული შეხვედრების ჩატარების და ინციდენტების პრევენციაზე ყურადღების აქტიურად გამახვილების მეშვეობით. „ელჩმა მოშანუმ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს 2024 წელს ეუთოს მალტის თავმჯდომარეობას, აღნიშნა ტექნიკური, კერძოდ კი, სარწყავ საკითხებთან დაკავშირებული თანმხლები შეხვედრების კარგი პრაქტიკა. მან გამოთქვა ჩამოყალიბებული ძალისხმევების და ინიციატივების გაგრძელების იმედი. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ბოლოს შეხვედრის ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების ინციდენტების და შესაბამისი განვითარებული მოვლენების განხილვისას, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული თემების - ქალების, კაცების, ბავშვების მოხუცების უსაფრთხოების მნიშვნელობას, როგორც კოლექტიურ პრიორიტეტს. შესაბამისად მათ მოუწოდეს მონაწილეებს, დაიცვან უსაფრთხოება და სტაბილურობა „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ) გასწვრივ, უზრუნველყონ გადაადგილების თავისუფლება და სრულად აღადგინონ გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირება მათ შორის, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გადასწვრივ რეგულარული გადაადგილებისთვის. დისკუსია ასევე შეეხო როგორც ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოების ვითარებას, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების საკითხს. ამასთან ერთად მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი და მადლიერება გამოხატეს თანათავმჯდომარეების მიმართ კრიზისის და ინციდენტების წარმოქმნის შემთხვევაში ინფორმაციის დროული გაცვლისთვის. ადრინდელის მსგავსად, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას. მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის, შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 20 მარტს გამართვაზე,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. რა საკითხები დააყენა ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუციაზე და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილ დახმარებაზე. შეხვედრისას თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი და მესამე მდივანი სულთან ალაილი დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ასევე გამართა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან. მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცე-პოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში რუმინეთის როლი და აქტიური მონაწილეობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით არსებული მჭიდრო, თანმიმდევრული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ირაკლი ჩიქოვანმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან 13 თებერვალს გამართა.
პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.
წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
პირველი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ. „განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ. ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. 1-ელი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესები კიდევ ერთხელ განმარტა. „სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანეს რეფორმას ვახორციელებთ. ერთ-ერთია ზონალურ-საათობრივ პარკირება, რომლის ამოქმედებაც ქალაქის სხვადასხვა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე ეტაპობრივად იგეგმება. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებმა აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთ საკუთრებაში არსებული ავტომობილები, რადგან ბევრია შემთხვევა, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელთან მანქანა გააჩერონ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისთვის. სხვა შემთხვევაში, ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 საათი - 1 ლარს. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. წერეთლის გამზირის გარდა, დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: ალიო მირცხულავას ქუჩა; წყალტუბოს ქუჩა; სამტრედიის ქუჩა; ბაქრაძის ქუჩა; ხოშარაულის ქუჩა; არჩილ კერესელიძის ქუჩა; რაჟდენ გვეტაძის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; ფოთის ქუჩა; ბათუმის ქუჩა; შოთა იამანიძის ქუჩა; არჩილ ქურდიანის ქუჩა; სლავა მეტრეველის ქუჩა; ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა; დავით ყიფიანის ქუჩა; თევდორე მღვდლის ქუჩა; თემურ ფიფიას ქუჩა; იროდიონ ევდოშვილის ქუჩა; სოხუმის ქუჩა; ზუგდიდის ქუჩა; ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა; გორის ქუჩა; ბათუმის შესახვევი; გორის შესახვევი; ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა; სპირიდონ კედიას ქუჩა; ვანის ქუჩა; სტანისლავსკის ქუჩა; თ. ერისთავის ქუჩა; ტრანსპორტის ქუჩა.
მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს
აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხედრო ძალებს შორის შეტაკების გამო, რამაც გამოიწვია რამდენიმე მსხვერპლი. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. მდგრადი მშვიდობის ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან არის. ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ აღმოფხვრილი. მდივანი ბლინკენი გამუდმებით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, სასაზღვრო შეტაკება ილჰამ ალიევის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან ხუთი დღის შემდეგ მოხდა. ამასთან, ბოლო თვეების განმავლობაში, დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ეს პირველი ასეთი შეტაკებაა. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.
„პრომო გოგონების“ მეშვეობით ფულის გამოძალვის სქემაზე 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი დააკავეს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1973 წელს დაბადებული შ.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1993 წელს დაბადებული მ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. კერძოდ, ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ. იმ შემთხვევაში თუ კი დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამ გზით ეუფლებოდნენ ფულს. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებაა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
უკრაინის გენშტაბმა რუსული სადესანტო გემის განადგურება დაადასტურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 თებერვალს, დილით, შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდის „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებთან ერთად ოკუპანტების დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს,“ - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსული სადესანტო ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა. შავ ზღვაში დრონებით დაარტყეს რუსულ სადესანტო გემს - მედია
აშშ-მ უკრაინას მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების განაღმვის აღჭურვილობა გადასცა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სახელმწიფო სპეციალურ სატრანსპორტო სამსახურს ერთ მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების განაღმვის აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე დაწერა. „უკრაინის მესამედზე მეტი დანაღმულია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად,” - აღნიშნა ბრინკმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2033 წლამდე განაღმვის პროექტი დაამტკიცა