ძებნის რეზულტატი:

„მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებს თუ არა მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა. ფაშინიანს ეს კითხვა ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში დაუსვეს. „სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა," განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მანამდე, ერევანმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელსაც პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოცემული მისი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პროცესში. რუსეთი სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ბოლო წლებში მათ ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხზე დაძაბულობამ იმატა. დღეიდან სომხეთს შეუძლია, პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. „მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 27.4%. გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები. 2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს. გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია. 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა. 2023 წლის IV კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა,“ - წერს ადმინისტრაცია.  

ფაშინიანი: NATO-ში გაწევრიანება ჩვენს დღის წესრიგში არ არის

რუსეთმა CSTO-ით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ისწრაფვის თუ არა სომხეთი NATO-ს მომავალი წევრობისკენ. ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერმა ბრიტანულ Telegraph-თან ინტერვიუში. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს. „ჩვენ არ გვითქვამს, რომ უარვყოფთ და ვწყვეტთ რუსეთთან თანამშრომლობას ზოგადად და კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორში. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ ვაპირებთ ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიკაციას უსაფრთხოების სექტორში. და რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტას? არა, ეს ამას  არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ ვემზადებით და მზად ვართ, განვიხილოთ და ვმუშაობთ ურთიერთობების დამყარებაზე, მაგალითად, ევროკავშირთან, რაც უკვე რეალობაა და დიდი, საფრანგეთთან, რომელიც უკვე რეალობაა დიდწილად, შეერთებულ შტატებთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ინდოეთთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა და - ბევრ სხვა ქვეყანასთან. ჩვენი უსაფრთხოების ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ინდოეთთან ან ევროკავშირთან, ბუნებრივია, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ იმ რეალობის შედეგია, რომ უსაფრთხოების ურთიერთობები, რომლებიც წარსულში გვქონდა, არ პასუხობს ჩვენს უსაფრთხოების საჭიროებებს. რაც შეეხება NATO-ს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხი. NATO-ში გაწევრიანებაზე არც გვქონია განხილვა და არც განვიხილავთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები NATO-სთან და ახალი არაფერია. ადრე გვქონდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, ახლა ეს პროგრამა რეფორმატირდება გარკვეულ პარტნიორულ ფორმატში, რომელიც არ გულისხმობს წევრობას. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ დღეს მაინც დე იურე ვართ CSTO-ს წევრი და არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა ამ თემაზე მსჯელობა ზოგადად, უფრო სწორედ სომხეთში. თუ რამდენად შეესაბამება ალიანსზე დაფუძნებული სტრატეგია სომხეთის ინტერესებს, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ აღნიშნა ფაშინიანმა. რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან  

უკრაინამ საზღვაო დრონის გაუმჯობესებული ვერსია განავითარა

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა საზღვაო დრონის გაუმჯობესებული ვერსიის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. ეს არის დრონი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კერძოდ, ანექსირებულ ყირიმში თავდასხმებისთვის იყენებენ. ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ პარალელურად, უკრაინა ავითარებს Sea Baby-ს თვითმფრინავებს, რაც კონკურენციისთვის მნიშნელოვანია. ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე დაეწია რუსეთს შორი მანძილის კამიკაძე-დრონების წარმოების რაოდენობით. პირველ თებერვალს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „ივანოვეცის“ სარაკეტო გემის განადგურების შესახებ გამოაცხადა. სავარაუდოდ, გემის ღირებულება, დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარია. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სარაკეტო ნავი განადგურდა უკრაინული Magura V5 საზღვაო დრონის ექვსი პირდაპირი დარტყმით.  

აშშ-ის თავდაცვის მდივანი კვლავ კლინიკაში მოათავსეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია. როგორც პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული, ლოიდ ოსტინს შარდის ბუშტთან დაკავშირებული მწვავე პრობლემა აღენიშნება. პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია. „თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება,“ - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში. ლოიდ ოსტინმა ფუნქციები და მოვალეობები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, კეტლინ ჰიქსს გადასცა. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ლოიდ ოსტინმა პროსტატის კიბოს ოპერაცია გაიკეთა. ახალი წლის დღეებში პროცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაცვის ოფიციალურ პირებსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანიდან მესამე დღეს მიაწოდეს. ამ ფაქტის გამო ოსტინმა ბოდიში მოიხადა.  

ირაკლი კობახიძე: შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები

„შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, აქედან 300-ზე მეტის შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები და საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. „გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა, შესაბამის მონაკვეთებზე. დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, სადაც 300-ზე მეტის შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები. მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც ყველაზე აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას გარდაცვალების საქმეზე ორი „მილიციელი“ დააკავეს

დე ფაქტო ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე გალის „მილიციის“ სამი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა თავად დაიწყო. ამ დროისთვის ორი ე.წ. მილიციელი დაკავებულია. ე.წ. პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, „ლეიტენანტი“ ვიანორ აბშილავა და „უმცროსი ლეიტენანტი“ დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილები არიან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში. კვეკვესკირი „პროკურატურაში“ არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ე.წ. პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, „მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა კარბაია და ამის დოკუმენტირება არ მოახდინა.“ „შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა კარბაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს. რის შედეგადაც კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს - მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, კარმაიამ მარცხნივ, ოთხი ნეკნის მოტეხილობა მიიღო, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები,“ - ნათქვამია განცხადებაში. როგორც დე ფაქტო „პროკურატურა“ აცხადებს, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ ადრე აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს. „კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კარბაია „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მკურნალობდა,“ - განაცხადა ე.წ. შსს-მ. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებენ. თემურ კარბაიას ნათესავების ცნობით, თემურ კარბაია სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ, ოჯახი ინფორმირებული არ არის, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ პოლიციელებმა სცემეს. 11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარიც, რომელიც უწყებამ სააგენტო „აიაშარას“ მისცა და რომელშიც, თემურ კარბაიას ცემაზე არაფერი იყო ნათქვამი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა

პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს დაეკისრება, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ასევე შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება. „დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთი ახალი კადრია მინისტრთა კაბინეტში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ დაინიშნა. მიხეილ ფეიქრიშვილი კი, რომელმაც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ჩაიბარა, ამ პოსტზე დანიშვნამდე იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.  

ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველი სხდომა გამართა

ირაკლი კობახიძემ, რომელიც 8 თებერვალს გახდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის პირველი სხდომა გამართა. მან მადლობა გადაუხადა წინა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური მუშაობისთვის და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ახალი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე.   „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.   „ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, გვჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე, ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება არის ბუნებრივია საჭირო. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე, ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   ამავე სხდომიდან გაეცანით: კობახიძემ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა ირაკლი კობახიძე: შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები

ფინეთის ახალი პრეზიდენტი: პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა. ალექსანდრე სტუბი, რომელიც საული ნიინისტოს ჩაანაცვლებს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველ მარტს შეუდგება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების უდიდესი პატივია. ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკმაოდ ცხადია, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი პუტინთან, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს.“ „ვერ ვხედავ რაიმე სახის კომუნიკაციას პუტინთან ან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უახლოეს მომავალში. ჩვენ ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ მომენტში ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის,“ - აღნიშნა სტუბმა.  

ორბანი: უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღების შანსი ხელიდან 2008 წელს გაუშვეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანს შეფასებით, მიიჩნევს, უკრაინა არ უნდა გააწევრიანონ ევროკავშირში ან ნატოში და უმჯობესია "ბუფერულ ზონად" დარჩეს რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიების უზრუნველსაყოფით. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ იტყობინება. ორბანმა ეს განცხადება ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას, მედიაპროექტის European Voices-ის ფარგლებში განაცხადა. მას მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი არასოდეს შეეგუება ევროკავშირსა და NATO-ში მის წევრობას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ 2008 წელს მართლაც იყო შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ალიანსში, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და ამასთან „უკრაინის პერსპექტივები გაწევრიანებულიყო ევროკავშირსა და NATO-ში.“ „მოგწონთ თუ არა ეს, მოსწონთ თუ არა ეს უკრაინელებს, უკრაინა რუკაზე იქაა სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის ბუფერული ზონა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორისს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ, ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს შეეგუება ევროკავშირისა და ნატოს უკრაინისნაირი წევრის გამოჩენას მის საზღვრებთან, არასდროს,“ - განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, NATO-ს შემადგენლობაში უკვე შედიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსებზე ბევრად ძლიერები არიან. ამიტომ, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ კრემლი ვერ გაბედავს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმას. თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე მუდმივ თავდასხმას და მისი ახალი ნაწილების მითვისებას, თუ კიევი ვერ შეასრულებს ბუფერის როლს. ორბანის თქმით, მოსკოვი არ მოითმენს მის ზღურბლთან ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროპა არ არის იმ მდგომარეობაში, უკრაინას საკმარისი იარაღი მიაწოდოს, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ უკრაინას, როგორც ბუფერულ სახელმწიფოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები უნდა მიეცეს.

ფაშინიანი: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინის წინააღმდეგ ომში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვირას, 11 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სამხედრო თანამშრომლობის პროექტები არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ სომხეთის მეზობელი და დიდი ხნის მეტოქე, აზერბაიჯანი, მტკიცე სამშვიდობო ხელშეკრულების ერთგული რჩება, მიუხედავად მისი პრეზიდენტის განცხადებებისა საზღვრების დემარკაციის შესახებ. ფაშინიანმა ბოლო თვეებში არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთი ვეღარ დაეყრდნო რუსეთს თავდაცვის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რადგან მისმა ქვეყანამ ვერ მიიღო მოსკოვისგან დახმარება. ბრიტანულ Daily Telegraph-თან საუბრისას ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე განაცხადა, რომ ის ვერ დადგებოდა მოსკოვის გვერდით, როგორც მოკავშირე. „მე ვთქვი, უკრაინის ვითარებაზე, ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. და ეს არის რეალობა," - განუცხადა ფაშინიანმა გაზეთს. „მაგრამ მინდა, ასევე გითხრათ, რომ აშშ-სთან ან საფრანგეთთან ან სხვა პარტნიორებთან, ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში არ არის მიმართული ჩვენი სხვა უსაფრთხოების სექტორში სხვა პარტნიორის წინააღმდეგ,“ განმარტა ფაშინიანმა. ამავე ინტერვიუდან: „მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე  

კვებითი მომსახურების სექტორს მენიუში ჯამური ფასის მითითება დაევალა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი. „სააგენტომ სტანდარტი დაადგინა - შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი - რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა,“ წერს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ჯვარი-ლახამულას მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო,“ წერს თავდაცვის უწყება. რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.  რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართელოსი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი და წარმატებული, ასევე, ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში," - განაცხადა ელჩმა დანიგანმა.  

უკრაინაში ომი გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ მისი გამარჯვება შეუძლებელია - ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. ამის შესახებ კაია კალასმა ავსტრიულ გაზეთ Der Standard-თან ინტერვიუში განაცხადა. „ომი გრძელდება. ჩვენ არ უნდა შევიდეთ სხვადასხვა ხაფანგში, რომელიც შეიქმნა. შეცდომაა იმის დაჯერება, რომ ომი შეიძლება, სწრაფად მოიგო. რუსეთი ემზადება ომის ხანგრძლივი პერიოდისთვის. ეს გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია, გაიმარჯვოს,“ - განაცხადა კალასმა, როდესა უპასუხა შეკითხვას იქნება თუ არა გადამწყვეტი 2024 წელი უკრაინისთვის. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მახე არის ის, რომ „მშვიდობაზე მოლაპარაკება შეიძლება.“ „მიწის მიტაცებას თუ დავეთანხმებით, რუსეთის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება. არ არის მართალი, რომ მაშინ მოულოდნელად, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება,“ - მიიჩნევს კალასი. კიდევ ერთი ხაფანგი უკავშირდება რუსეთის მხრიდან უფრო დიდი პროვოკაციების. „მეოთხე ხაფანგი საკუთარ თავშია, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ქმედება მხოლოდ რუსების პროვოცირებას მოახდენს. პირიქითაა. რუსეთის პროვოცირებას სისუსტე მოახდენს და არა სიძლიერე,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში გადამწყვეტი საკითხი საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობაა.  

პროკურატურამ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს: 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა); 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია); „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა. მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები. ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო. საზოგადოებას შევახსენებთ რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიცე-პრემიერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ „ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის“ გამო

ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიან პრეზიდენტს აკრიტიკებს. საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა.“ მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნავდეს, ამ ნაბიჯით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში მეტი რისკი იყოს, რითაც "პატრონების" დავალებებს ასრულებს. „გვინდა, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმაზე ზრუნავს, ეს რისკები დააზღვიოს. ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს ჩვენი მეზობელი, პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. „პატრონებისგან“ - ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც, მინიმუმ დასანანია,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ მიზეზი, თითქოს, ილჰამ ალიევის გამარჯვება საბოლოოდ ჯერ არ არის დადასტურებული, მისი დუმილის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება. მან გაიხსენა ზურაბიშვილის მიერ ემანუელ მაკრონისთვის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მილოცვა. „ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ, ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანი „უგუნურს“ უწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელსაც „ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია.“ „ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი ამ მიმართულებით იჩენს, ვინაიდან ყველასთვის ნათელი და ცხადია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაქვს, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანის ლიდერთან, აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც არაერთხელ შეუწყო ხელი ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას, მეორეს მხრივ, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, რომ თითქოს, ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაშინ როცა, ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, წარმატებები უსურვოს ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან აზიანებს და მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ, სულაც უგუნური გადაწყვეტილებაა, თუმცა, შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ძალიან დიდი ხანია, აღასრულებს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ თემაზე ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92,05% მოიპოვა.  

თავდაცვის მინისტრი: კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე

„ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული, თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მდგომარეობა ზოგადად, სექტორისა და სისტემის - კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპორტაჟებში მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. „ჩემს პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში, არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები არის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია და არ არის განპირობებული, ან ერთი, ან მეორე რეპორტაჟით. რაც შეეხება რეპორტაჟებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ რეპორტაჟებში იყო ვარაუდები, მინიშნებები, მანიპულაციები, დეზინფორმაციაც კი, ზოგჯერ. ეს ნამდვილად არის არასწორი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება თავდაცვის სფეროს და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი არათუ ინტერესის სფერო, ჩემი ვალდებულება იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო ყველა ის რესურსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. აქვე გავუსვამ ხაზს და გეტყვით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა თავდაცვის სფეროში დანახარჯებთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით, ჩვენს გენერლებთან, ოფიცრებთან, კაპრალებთან, რიგითებთან და აბსოლუტურად ყველასთან და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და მაქსიმალური ეფექტიანობით მოვახმართ ჩვენს თავდაცვის ძალებს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.  

გორის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

12 თებერვლს 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე გორის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლი 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. „დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.