ძებნის რეზულტატი:
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლავროვს უმასპინძლა
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ლულა ოკუპანტი რუსეთის მთავარ დიპლომატს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შეხვდა. ლულას და ლავროვს შეხვედრის შემდეგ პრესისთვის არ მიუმართავთ. ბრაზილიის ლიდერი ეწინააღმდეგება აშშ-ის მოწოდებებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის იზოლაციასა და დასჯას გულისხობს და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დასავლეთის ქვეყნები იზიარებენ ომში გარკვეულ ბრალეულობას. ლავროვი, რომელიც ლათინურ ამერიკაში იმყოფება, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ ჩავიდა. იქ მან რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს განუცხადა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ამ შეკრებაზე ცდილობდა, დღის წესრიგის ერთადერთ საკითხად უკრაინა გაეხადა. ბრაზილიის მთავრობის ცნობით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებზე, „დიდი ოცეულის“ შეხვედრასა და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრეს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიის პრეზიდენტი მიიწვია რუსეთში, BRICS-ის სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბრაზილიის მუდმივი ადგილისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში,“ – აღნიშნულია ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლულამ მადლობა გადაუხადა ლავროვს მხარდაჭერისთვის და დაადასტურა, რომ ის რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება. „ლავროვმა ისაუბრა რუსეთის პოზიციების შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ლულამ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბრაზილია მზად არის, ითანამშრომლოს მშვიდობის დამყარების მცდელობების საკითხზე,“ – წერია განცხადებაში. რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს. 22 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა.
ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.“ ცნობისათვის, 9 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
უკრაინამ საქართველოსგან საინჟინრო ტექნიკის მიწოდება ითხოვა
უკრაინამ საქართველოს მთავრობას მიმართა და საინჟინრო ტექნიკის მიწოდება ითხოვა. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ოლექსანდრ შულგამ ჟურნალისტებს განუცხადა. მას იმედი აქვს, რომ ქართული მხარისგან მალე მიიღებს პასუხს. ოლექსანდრ შულგამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ,თუ რა დახმარებაც გაუწია საქართველომ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ. „დახმარება არასდროს შეიძლება იყოს საკმარისი. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ბევრი წერილი გავაგზავნეთ. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი – ფინანსურს, ზოგი სამხედრო დახმარებას გვიწევს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ახორციელებს. 2022-2023 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, ასევე სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები. ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ, საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში, როცა მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ნანგრევებისგან გასუფთავება. ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ პასუხს ამის შესახებ. 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არავინ ელოდა, რომ უკრაინა შეძლებდა ორ დღეზე მეტხანს გაძლებას. უკვე ვხედავთ, რომ ორი წელი გავიდა, რაც უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, რუსეთის ყველა თავდასხმას იგერიებს, იგერიებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს, ანადგურებს საზღვაო ფლოტს. გარდა იმისა, რომ შევძელით და ვდგავართ ფეხზე, წინააღმდეგობას ვუწევთ, უკრაინის ირგვლივ ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოვახდინეთ. ყველა ცივილიზებული ქვეყანა დღეს მხარს უჭერს უკრაინას და დახმარებას აწვდიან. ამიტომ, პირველ რიგში, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა პარტნიორს, საქართველოს, დახმარებისთვის, მოხალისეებისთვის. ვიცით, რომ მოხალისეები უკრაინელ დებსა და ძმებთან ერთად იბრძვიან, ათავისუფლებენ უკრაინულ ქალაქებს. სამწუხაროდ, ისინი სისხლს ღვრიან და სიცოცხლეს კარგავენ,“ – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ. ამასთან, ოლექსანდრ შულგას მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ამერიკული ონლაინგამოცემა სტატიაში საქართველოში რუსული გავლენების შესახებ წერს, რაზეც მან აღნიშნა: „ჩვენ მართლა ვხედავთ რუსულ ეკონომიკურ გავლენას საქართველოში. ვხედავთ ტურისტების რაოდენობას, ვაჭრობის გაფართოებას, ამიტომ წყნარად ვერ შევხედავთ ამას. იმ დროს, როცა ყველა ქვეყანა უარს ამბობს იმაზეც კი, ჩაფრინდეს რუსეთში, საქართველო ავიამიმოსვლას აახლებს. ამ პოზიციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ წამოვჭერით საკითხი, ჩვენი პოზიცია საკმარისად ნათელი, გარკვეულია. ვფიქრობ, ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. უკრაინა არასდროს ერეოდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში, არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების,“ – აღნიშნა ოლექსანდრ შულგამ. ოლექსანდრ შულგას კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, როდის ეყოლება საქართველოს ელჩი უკრაინაში, რაზეც უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა განაცხადა: „დიპლომატიურ კონტექსტში ამჟამად ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ დაბალ დონეზეა, რადგან არ არის უკრაინაში საქართველოს ელჩი, ისევე როგორც საქართველოში – უკრაინის ელჩი. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის ყველა განცხადება, რომლითაც მან მიმართა საქართველოში უკრაინის ელჩს. ჯერ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს,“ – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8708 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8774 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ეროვნული ბანკი: სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა
ეროვნული ბანკი ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს და განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. „გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია, დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკლევას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკი სომხეთს ეწვევა - მედია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას სომხური ტელეარხი Factor TV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო დროდ მარტი სახელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დადასტურებული არ არის.
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
კანადა სანქციებს კიდევ 10 ადამიანს და 153 დამატებით რუსულ კომპანიას. CBC-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, სანქციები შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით გამოაცხადა. შეგახსენებთ, აშშ-მ რუსეთის მიერ, 2022 წლის 24 თებერვალს ომის წამოწყების შემდეგ, დღეს სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა.
უკრაინელებმა რუსული A-50 ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები
უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს. „A-50-მა, ზედმეტი სახელით „ბაიანი“ საკმარისი იფრინა! ვულოცავ ოკუპანტებს „სამშობლოს დამცველის დღეს"! სახლში უნდა იზეიმოთ! მადლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და ყველას, ვინც შედეგი უზრუნველყო! მუშაობას ვაგრძელებთ! ერთად გამარჯვებისკენ!” - წერს ოლეშჩუკი. უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ეისკსა და კრასნოდარს შორის ჩამოვარდა. ცნობისთვის, ეს უკვე მეორე რუსული A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავია, რომელიც უკრაინამ ჩამოგდო. პირველი თვითმფრინავი 15 იანვარს იყო განადგურებული და აზოვის ზღვაში ჩავარდა. უკრაინამ ერთ კვირაში 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
უკრაინა ახალი კონტრშეტევისთვის ემზადება - ზელენსკი
უკრაინა ახალი კონტრშეტევისა და ოპერაციებისთვის ემზადება და ხაზს უსვამს, რომ თავდაცვა ამჟამად მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას. 2023 წლის კონტრშეტევისა და მის ეფექტიანობაზე მოლოდინების კომენტირებისას, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენის უდიდეს მნიშვნელობას, რადგან ნებისმიერი დანაკარგი უკრაინის მთლიან ზარალს უტოლდება. „დაცვა არის ნომერ პირველი ამოცანა. შემდეგ - გაგრძელება ჩვენი წარმატებული ისტორიისა შავ ზღვაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ახლა არ ჩავუღრმავდები დეტალებს, მაგრამ ისინი მიიღებენ სიურპრიზებს. ვგულისხმობ, რუსებს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, სამხრეთი ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთის დაცვა, სადაც მათ 200000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვამზადებთ ახალ კონტრშეტევას, ახალ ოპერაციას,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ. იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მოგვიანებით კიევიდან „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. უკრაინში 23 თებერვალს ჩავიდა დანიის პრემიერი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
რუსეთში, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი იყო
უსეთში, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი ამბობს, რომ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა. „სპეცსამსახურების მიერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი დრონის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ახლა ამ ინფორმაციის და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო კადრების გადამოწმება მიმდინარეობს,“ - განაცხადა იგორ არტამონოვმა. იგორ არტამონოვის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები არ არიან. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.
ზურაბიშვილი: ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა
ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა. „ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ლაიენი კიევშია
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ირაკლი კობახიძე: საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით
საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. „ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - აღნიშნავს პრემიერი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
საგარეო უწყება: ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
„ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ “X” - ზე გამოქვეყნდა. „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით,“ - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
დიდი ბრიტანეთი უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად, 286 მილიონ ევროს გამოყოფს
უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად დიდი ბრიტანეთი 286 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად მთელი წლის განმავლობაში 286 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „მათ ამ ბრძოლაში გამარჯვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლიათ და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რაც საჭიროა, რომ უკრაინამ გამარჯვებისთვის ბრძოლა გააგრძელოს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩასა და მარიუპოლს - ზელენსკი
დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ეროვნული ფესტივალის- "კინო გამარჯვებისთვის" მონაწილეებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ კინო ლეგენდად აქცევს უკრაინელების გმირობის ისტორიებს. "ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ. კინო ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი - ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ, არის უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან ნებისმიერ დეზინფორმაციულ ქარიშხალში. ხელოვნება ჩვენს მხარეზე იქნება," ამბობს ზელენსკი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
უკრაინის გენშტაბი: ორ წელიწადში რუსეთმა 409 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მეტი დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 24 თებერვლის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 770 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. უკრაინის სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან შეადგინა 409 010 სამხედრო მოსამსახურე. ასევე, გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის არმიამ დაკარგა: 6,534 ტანკი (+8) 12,425 ჯავშანტექნიკა (+15) 9952 საარტილერიო სისტემა (+36) 999 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა 684 საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა (+2) 340 თვითმფრინავი (+1) 325 შვეულმფრენი 7659 ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების დრონი (+31) 1905 ფრთოსანი რაკეტა (+2) 25 გემი და კატარღა 1 წყალქვეშა ნავი 12,988 მანქანა და ბენზინმზიდი (+28) 1576 ერთეული სპეცტექნიკა (+1) 23 თებერვალს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს რუსული A-50 თვითმფრინავი. რუსეთი და უკრაინა ომში ზარალის შესახებ ინფორმაციას თითქმის არ აქვეყნებენ. მოსკოვმა დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურად მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა, კიევმა კი განაცხადა, რომ მონაცემები ომის შემდეგ გახდება ცნობილი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველ დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე, რუსეთი ხუთ ჯარისკაცს ჰკარგავს. 2024 წლის იანვრის ბოლოს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დროს სულ მცირე 315 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა. მისი თქმით, ომის დროს განადგურდა რუსეთის ომამდელი სატანკო რეზერვების ორი მესამედი, ხოლო სამხედრო მოდერნიზაციის ათწლიანი პროგრამა თითქმის სრულად განულდა. 2023 წლის დეკემბერში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ ყურადღება გაამახვილა 2023 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ძალების დანაკარგების მზარდ მაჩვენებელზე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ტემპით 2025 წლისთვის რუსეთს 500 ათასზე მეტი მოკლული და დაჭრილი ეყოლება. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთს, სავარაუდოდ, ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდება თავისი ყველაზე მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სამხედრო ფორმირებების კოჰორტის აღსადგენად. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
პოლონეთი გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის - დუდა
„ორი წლის 23 თებერვლის საღამოს, კიევს ვტოვებდი. მე იქ ვიყავი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. პოლონეთი მხარს უჭერდა, უჭერს და გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის,“ ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავს ეხმაურება. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
უკრაინის საელჩო: მოგიწოდებთ აქტიური მხარდაჭერისკენ, საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს
უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საელჩო მოუწოდებს ყველას უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ. „ამ დღეს, 2022 წელს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ომი გრძელდება. ინგრევა სახლები. იშლება ოჯახები. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მუდმივ საფრთხეში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ. ჩვენ ბოროტების დამარცხებამდე ვიბრძვით. საკმარისი რაოდენობის იარაღით, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რადგან ვიცით ის, თუ რისთვის ვიბრძვით. იმის გამო, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სამყარო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ადგილი იყოს. ჩვენ იარაღით, დახმარებითა და მოქმედებების ადვოკატირებით უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და იგი უსაფრთხო მომავალთან გვაახლოებს. მხარი დაუჭირეთ უკრაინას“, - ნათქვამია განცხადებაში. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან