ძებნის რეზულტატი:
ზელენსკიმ ისაუბრა, რა დაასრულებს ომს სწრაფად
რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, სწრაფად დასრულდება, როდესაც მსოფლიო საბოლოოდ გააცნობიერებს პუტინის რეჟიმის გლობალური საფრთხის ნამდვილ დონეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „პუტინმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. ის არაადეკვატური ადამიანია, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება და NATO-ს განადგურების სურვილის შესახებ აცხადებს. ის შეეცდება ამის გაკეთებას. როდესაც მსოფლიო ამას მიხვდება, ომი დასრულდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჯერ არ არის მზად რუსეთში რეჟიმის შეცვლისთვის. „მსოფლიო ნამდვილად არ არის მზად იმისთვის, რომ პუტინმა დაკარგოს თავისი ძალაუფლება. მსოფლიოს ეშინია ცვლილებების რუსეთის ფედერაციაში. შეერთებულ შტატებს, ევროპის ქვეყნებს და გლობალურ სამხრეთს შეუძლიათ ცვლილებების მოტანა," - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, პუტინი არ დაასრულებს ომს, ვიდრე არ წააგებს მას და არ გაიგებს, რომ ოკუპაციის უფლება არ მისცემენ, ამიტომ, კიევი კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება. „ვიცით რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ისტორია. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი, მათ თავიდანვე დაიკავეს ყირიმი და დონბასი - და ჩვენ გვქონდა დოკუმენტები: მინსკის შეთანხმება, ნორმანდიის ფორმატი გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან. გვქონდა გაცვლის, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებები - ყველაფერი, რაც ახლა ბევრ ქვეყანას სურს ჩვენგან ომის დასასრულებლად. ის (პუტინი) არასოდეს გაჩერდება, სანამ ამ ომს არ წააგებს. ჩემი სიგნალია: ნუ მოითხოვთ მინსკის შეთანხმებების განმეორებას ჩვენი ტერიტორიის სხვა ნაწილში. არა - არანაირი ახალი გაყინული კონფლიქტები, არ მჯერა მათი და არ ვენდობი,“ - აღნიშნა ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში. მისი თქმით, პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა და მთელი მსოფლიო არ მისცემს მას უკრაინის ოკუპაციისა და განადგურების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუ Fox News-მა ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ჩაწერა. ტელეკომპანიის ჟურნალისტი პრეზიდენტთან გამართულ სამხედრო ბრიფინგს და სამხედროებისთვის მედლების გადაცემას დაესწრო, ასევე მოინახულა ბრძოლებში დაჭრილი ჯარისკაცები.
ავსტრიამ „რაიფაიზენბანკის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ავსტრიის ფინანსური მარეგულირებელი FMA Raiffeisen Bank International-ის საქმეს იძიებს. გამოძიებას ფულის გათეთრებაზე აქვს ეჭვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, გამოძიება რუსეთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს და მონაცემთა გაჟონვას ეხება. ბანკში განმარტეს, რომ მარეგულირებელი სამი კლიენტის მიერ, 2017-დან 2020 წლამდე შესრულებულ გადახდებს სწავლობს. კომპანია დაჯარიმების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსული Raiffeisenbank-ის მფლობელმა Raiffeisen Bank International-მა განაცხადა, რუსეთი თავისი ბიზნესის შეზღუდვას აპირებდა. ამ დრომდე RBI-ს რუსეთიდან გასვლა გადაიდო. ამავდროულად, Raiffeisenbank დარჩა ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ბანკთა შორის, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარებოდა. ეს საშუალებას აძლევს მას, რომ სავალუტო ოპერაციები შეზღუდვების გარეშე აწარმოოს. უკრაინამ Raiffeisen Bank „ომის სპონსორთა“ სიაში შეიყვანა, მაგრამ მას შემდეგ რაც ავსტრიამ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი დაბლოკა, კიევმა ბანკი სიიდან ამოიღო. ამას ვენამ უპასუხა და სანქციებზე ვეტო მოხსნა. ჩეხეთი და აშშ რუსეთში „რაიფაიზენ ბანკის“ საქმიანობას იძიებენ
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას,“ ნათქვამია თავის მხრივ საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერის თქმით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ილია დარჩიაშვილის ელჩად წარგზავნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნის შესაძლებლობას შეეხებოდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია არსად ვრცელდება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მთავრობაში პერსონალური ცვლილებები“ არ იგეგმება. „პირველ რიგში, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ ვიზიტის ფარგლებში და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავითარი პერსონალური ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის - დანარჩენი, ახლა, 1-2 და სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული. არსად არ ვრცელდება ასეთი საუბარი, თქვენ ავრცელებთ ახლა ამ საუბარს. სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს," - განაცხადა კობახიძემ.
თურქეთმა ჩინეთისა და საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა
თურქეთმა საფრანგეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, 3 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ჯაშუშობდა საფრანგეთის დაზვერვისთვის და 7 ეჭვმიტანილი, ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვისთვის აგროვებდა. როგორც Ukrinform იტყობინება, მიმდინარე წლის იანვარში, ოპერაციის ფარგლებში თურქეთის რვა პროვინციაში, მათ შორის, სტამბოლში, ისრაელის საგარეო დაზვერვისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 34 ადამიანი დააკავეს. 20 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს.
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტთან „გაუგებრობის“ ამოწურვასა და აშშ-სთან პარტნიორობაში გარკვეულ „სისუსტეებზე“ საუბრობს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კარგია, რომ ევროპარლამენტში პრაქტიკა შეიცვალა და უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება.“ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. „ქალბატონ რობერტა მეცოლასთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისთვის, თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის, ქალბატონ მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციებმა გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რაც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, ლოგიკურად ასე უნდა ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტურად იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით. უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპარლამენტი თავიდან დაკომპლექტდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა,“ - განაცხადა კობახიძემ. მან აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისს სურს, გააღრმაოს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ჩინეთთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა ჯერ ჩინეთის ელჩთან და შემდეგ ამერიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას და აქედან გამომდინარე იმას, „ხომ არ გადაალაგა პრიორიტეტები“ საქართველომ. „პრიორიტეტები არამხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა და შესაბამისად, პრიორიტეტები ორმხრივად განისაზღვრება. ჩინეთისგან ვხედავთ პარტნიორობის გარღმავების ინტერესს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატა. გააქტიურებულია ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები. ჩინური კომპანიები აქტიურად ჩართულნი არიან ჩართულნი ეკონომიკურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო პარტნიორობის განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები, კოვიდის შემდეგ აღსდგა ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ. „რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებში, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან, არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოითქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყო სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის. გავიმეორებ ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებთან. გავიმეორებ, ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, ჩვენ გვინდა როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
კობახიძე უკრაინის ომზე: როგორ დასრულება ეს ომი, ამაზე საუბარი უჭირს ყველას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ.“ ირაკლი კობახიძის თქმით, ის უკრაინას სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს. „ არსებული უმძიმესი მდგომაროების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია პოლიტიკური თვალსაზრით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის, გამომდინარე იმ ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის.“ ირაკლი კობახიძემ კიდეც ერთხელ გაიმეორა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციებსა და პოლიტიკურ აქტების მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული პოზიცია. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომის მალე დასრულდება და უკრაინას ვუსურვეთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ.“ კითხვას გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის პროგნოზირება რთულია და ეს უჭირთ დასავლელ პარტნიორებსაც. „სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საკითხზე უჭირს საუბარი ჩვენს პარტნიორებსაც, ჩვენ გვქონდა. მათ შორის, ამ თემაზე საუბარი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბრიუსელში, ზოგადად, და ზუსტად თუ როგორ დასრულდება ომი, ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლატვიაში დისკუსია მიმდინარეობს Gruzija-ს საქართველოთი შეცვლაზე
ლატვიის ენის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, მარის ბალტინსმა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომაზე დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკაონ საქართველოს მეორე დასახელების გამოყენებისგან. „დელფის“ ცნობით, მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს სპარსული ენიდან, ხოლო სახელწოდება „Georgia“, რომელიც გამოიყენება დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ენებში, სპარსული სახელის ბერძნული ვერსიაა. ბალტინსმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს ოფიციალური სახელი არ შეუცვლია. მისი თქმით, „საქართველო“ შეიძლება, გამოიყენებოდეს პოეტური მნიშვნელობით, ამასთან, საქართველოს ეროვნული დღესასწაულიც მიულოცონ, მაგრამ ბალტინსის რეკომენდაციაა, რომ დეპუტატებმა ოფიციალურად, თავი შეიკაონ მეორე სახელის გამოყენებისგან. დეტალბი არ არის ცნობილი, გაითვალისწინებს თუ არა საბოლოოდ მის რეკომენდაციას სეიმი, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა ულდის მიკუცმა აღნიშნა, საკითხი არ არის პოლიტიკური და ლინგვისტთა შეხედულებისამებრ უნდა გადაწყდეს, ამიტომ, სახელმწიფო ენის ცენტრის ხელმძღვანელის აზრი გასათვალისწინებელია.
ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა
ჯო ბაიდენმა ომისა და ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა ბაიდენის თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებულ პირები, ასევე, რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვების ქსელები. „ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხადოს აგრესიისთვის რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიებისთვის რუსეთში,“ - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ახალი სანქციების სამიზნე 100-მდე ორგანიზაციაცაა, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უწევენ მხარდაჭერას. „ჩვენ ასევე ვუწესებთ ახალ საექსპორტო შეზღუდვებს 100-მდე ორგანიზაციას, რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერისთვის. ვიღებთ ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად,“ - აღნიშნა ბაიდენმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
დანიის პრემიერი უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე ვიზიტით ჩავიდა
დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეოთხე ვიზიტით ჩავიდა. „ლვოვში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად, პატივი მივაგეთ უკრაინის დაღუპული დამცველების ხსოვნას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ გმირებს, რომლებიც იცავდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მომავალს. მარადიული დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის!“ - წერს ზელენსკი დანიის პრემიერის ბოლო ვიზიტი უკრაინაში, გასული წლის სექტემბერში შედგა, როდესაც ის ზელენსკის შეხვდა. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა დებს ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
ფაშინიანი: აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება. მისი თქმით, ბაქოს ოფიციალური განცხადებები „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ ნიშნავს, რომ სომხეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი პრაქტიკულად არ ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ დონეზე აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ მას არ აქვს თავდასხმის განზრახვა. „ჩვენი ამოცანაა, სამშვიდობო შეთანხმებაში გამოვხატოთ სამი პრინციპი, რომელიც გამოცხადდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ პრობლემებისა და ოფიციალური ბაქოს განცხადებების გაანალიზებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ, დიახ, სომხეთზე თავდასხმა ძალიან სავარაუდოა,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა.
ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ყურადღებით აკვირდებიან. ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ პოლიტიკაში პირადი ინტერესი ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება. „დეოლიგარქიზაცია ნიშნავს გადაჭარბებული პირადი ინტერესის გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც შემოთავაზებულია ხელისუფლების მიერ. ეს არის ძალიან ინკლუზიური სისტემური მიდგომა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით და ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში. სამუშაო გრძელდება. მოხარული ვარ, რომ საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა. რამდენად სწრაფად გადავალთ შემდეგ ეტაპებზე, მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია. შემიძლია, ისევ და ისევ ვიმეორო, რისი ნახვა გვინდა. ეს არის ეროვნული ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში, რაც ნიშნავს მმართველი უმრავლესობის ნაწილის ინკლუზიურობას და ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომას. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ზურგი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, როგორც გასულ დეკემბერს აღვნიშნეთ კანდიდატის სტატუსი, ამ დეკემბერს აღვნიშნავთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ, ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ, მოგცეთ რჩევები, მაგრამ საქმე თავად ქართველებმა უნდა შეასრულონ“, – განაცხადა ჰერჩისნკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ელჩი ფიშერი: ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს
„მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს. „ცხრა ნაბიჯი ჯერ კიდევ მომავლის საკითხია, მაგრამ მომავალი წელი ხანმოკლეა. ამ წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა გაიმართება და ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამისთვის რეალური პროგრესი უნდა იყოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს განრიგი მოკლეა, რადგან ზაფხულში იქნება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროკომისიაში, იქნება არჩევნები საქართველოშიც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიშერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ევროკავშირის ელჩი: გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას
ევროკავშირის ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას. „რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, ეს არის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსზღვრული 9 ნაბიჯიდან პირველი. ჩვენ გვსურს, საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი და ამიტომ გვსურს, საქართველომ იმოქმედოს, როგორც ერთ-ერთმა ჩვენგანმა. სწორედ ამიტომ გვინდა, საქართველომ გაზარდოს თანხვედრა ჩვენს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან. ჩვენ ასევე გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელთა უმრავლესობა გარედან მოდის, ჩვენ, ყველამ ვიცით, საიდანაც. ვიმედოვნებთ, ყველა ერთად მოვყვებით ნამდვილ ამბავს, რომ ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელსაც საქართველოში დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს, რაც, იმედი მაქვს, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, მოუტანს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მომავალ თაობებს,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს მოუწოდა, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, დანიგანმა და კობახიძემ შუა დერეფნის განვითარების საკითხიც განიხილეს
ამერიკის საელჩოს ცნობით, ელჩ დანიგანსა და პრემიერ კობახიძეს შორის შეხვედრის დროს ასევე განიხილებოდა შუა დერეფნის განვითარარების საკითხი. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას,“ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. „აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაიდენის ხუთი გზავნილი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლის შემდეგ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მეორე წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია გამოაცხადა. Europetime ბაიდენის განცხადებიდან ხუთ მთავარ გზავნილს გთავაზობთ: ამერიკელ და მთელი მსოფლიოს ხალხებს ესმით, რომ ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება; თუ პუტინი არ გადაიხდის ფასს იმ მსხვერპლისა და განადგურებისთვის, რაც მოიტანა, ის გააგრძელებს და ხარჯები შეერთებული შტატებისთვის - NATO-ელ მოკავშირეებთან, ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად, გაიზრდება; წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული კანონპროექტი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის; ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპაში, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შინ და წინ აღვუდგეთ პუტინს; დროა, დავამტკიცოთ, რომ შეერთებული შტატები იცავს თავისუფლებას და ქედს არავის უხრის; ამავე გამოსვლაში აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა: „24 თებერვალს სრულდება ორი წელი მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქ კიევთან რუსული რაკეტების აფეთქება დაიწყო, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სასტიკი შეტევა დაიწყო. მას სჯეროდა, რომ ადვილად შეეძლო თავისუფალი ხალხის სიმტკიცის დარღვევა, სუვერენულ ერში შეღწევა და სამყაროს გადატრიალება, რომ მას შეეძლო ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების საფუძვლების შერყევა. ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველი დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა. უკრაინის მამაცი ხალხი იბრძვის, ქედუხრელია თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად ბრძოლაში. NATO უფრო ძლიერი, უფრო დიდი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე და უპრეცედენტო, უკრაინის მხარდასაჭერად 50 ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ერთგული რჩება უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის აგრესიის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ.“ „ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას უზარმაზარი სიმამაცით, მაგრამ მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ. უკრაინას მეტი მარაგი ესაჭიროება შეერთებული შტატებისგან, რათა თავი დაიცვას რუსეთის დაუნდობელი თავდასხმებისგან, რაც ირანული და ჩრდილოეთ კორეული იარაღითა და საბრძოლო მასალის საშუალებით ხდება. კანონპროექტი სენატში უმრავლესობით მიიღეს და ეჭვგარეშეა, რომ თუ სპიკერმა კენჭისყრა დანიშნა, მას სწრაფად დაამტკიცებენ წარმომადგენელთა პალატაშიც. კონგრესმა იცის, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპაში, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შინ და წინ აღვუდგეთ პუტინს. ამ კანონპროექტის წინააღმდეგობა მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. ისტორია აკვირდება. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერის წარუმატებლობის დავიწყება არ მოხდება. ახლა არის დრო, რომ მტკიცედ დავდგეთ უკრაინის გვერდით და გავერთიანდეთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.“ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად ან ელექტრონულად (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@president.gov.ge) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად. აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge/document/view/101044?publication=61).
ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმის თანახმად, ისრაელი ომის შემდგომ ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს დაამყარებს. ასევე, ისრაელი ითანამშრომლებს ღაზის სექტორის იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც „ჰამასთან“ კავშირი არ აქვთ. გეგმა ისრაელს ასევე აძლევს იმის შესაძლებლობას რომ მომავალში ჩაერთოს ღაზის სექტორის სამოქალაქო საკითხებში. პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს გეგმა უკვე გააკრიტიკა. ნეთანიაჰუს წარდგენილი გეგმა ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა განიხილოს. ნეთანიაჰუ პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად აცხადებს, რომ პალესტინური სახელმწიფოს არსებობა მიუღებელია, თუ ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები იარსებებს. აღსანიშნავია, რომ ამავე გეგმის მიხედვით, არავითარი რეკონსტრუქცია ღაზის სექტორში დემილიტარიზაციის გარეშე არ ჩატარდება. დოკუმენტი მინისტრებს გადაეგზავნათ და კონსულტაციები პოლიტიკის დამტკიცებამდე სავარაუდოდ, ცვლილებებს გამოიწვევს.
ე.წ. მეორე ფრონტი არის საინფორმაციო ომის ნაწილი - საფრანგეთის ელჩი
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, პროპაგანდა საფრთხეა დემოკრატიისთვის. შერაზ გასრი მომავლ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის ტესტს უწოდებს. „ცხადია, საქართველოს არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც ტესტს - ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო იმ 9 ნაბიჯს, რომელიც მას ევროკავშირთან მოლაპარაკების ფარგლებში აქვს. მე ვფიქრობ, რომ ე.წ. მეორე ფრონტი არის ჩვენს გონებაში და რუსეთი ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ, მოიგონ ომი და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის დახმარება. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი. არავინ ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩართოს, ჩვენ ვცდილობთ, შევაჩეროთ ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ერთადერთია, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომზე. უკრაინას არ მოუხდენია რუსეთის პროვოცირება. რუსეთს აქვს იმპერიალისტური ფანტაზიები, რისი ადგილიც ევროპაში არ არის.," განუცხადა ელჩმა "მთავარ არხს".
გერმანია კანაფის ლეგალიზებას ახდენს, თუმცა შეძენას ართულებს
გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კანონს, რომლითაც კანაფის რეკრეაციული მიზნებით გამოყენება დაუშვა. კანონის თანახმად, გერმანიაში 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იქნება ნებადართული კანაფის ფლობა, მაგრამ მის შეძენას მკაცრი წესები გაართულებს. ნებადართულია 25 გ-მდე დოზის ფლობა. სახლებში 50 გრამის ქონა იქნება დასაშვები. კანაფის დეკრიმინალიზაციის შესახებ გერმანიაში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები. ექიმების ჯგუფი შეშფოთებას გამოხატავდა, რომ დეკრიმინალიზაცია მოხმარების ზრდას შეუწყობდა ხელს.