ძებნის რეზულტატი:
გამოცემა „პროექტი“: პუტინის რეპრესიების მასშტაბები ლეონიდ ბრეჟნევს აღემატება
რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთში პოლიტიკური მუხლებით, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მხოლოდ ბოლო საპრეზიდენტო ვადის დროს გაასამართლეს, საბჭოთა პერიოდის, ნიკიტა ხრუშჩოვის და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროინდელ იმავე მონაცემებს აღემატება. ამის შესახებ გამოცემა „პროექტი“ წერს. მისი მიხედვით, ბოლო ექვს წელიწადში უშუალო რეპრესია შეეხო დაახლოებით 116 ათას ადამიანს (არაა გათვალისწინებული პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობა და პანდემიის პერიოდის დარღვევები). საუბარია იმ პირებზე, რომლებიც „პროექტის“ დახასიათებით კანონის პოლიტიკური ან ადმინისტრაციული მუხლების მიხედვით გაასამართლეს. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდის ექვსწლიან ეტაპზე, 1956 წლიდან 1961 წლამდე, როცა საბჭოთა მოქალაქეებს სჯიდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციის და ინფორმაციის გავრცელებისთვის, 4883 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში. ამავე ბრალდებით, ბრეჟნევის მმართველობის ერთ მონაკვეთში, 1968–1973 წლებში გაასამართლეს 1057 პირი. ამ დროს საბჭოთა კავშირში იყო მმართველი იდეოლოგია, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა. რუსეთი კი საკონსტიტუციო -სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის უფლებებს სახელმწიფო უნდა იცავდეს. „პროექტის“ გამოკვლევის ავტორებმა თავიანთი ეს ნაშრომი მიუძღვნეს კოლონიაში ალექსეი ნავალნის სიკვდილს, რასაც ისინი "მკვლელობას" უწოდებენ. ექსტრემიზმის, რომელიც ტერორიზმს ამართლებს, ე.წ „ფეიკების“ და არმიის დისკრედიტაციის მუხლებით 2028 წლიდან 2024 წლამდე, „პროექტის“ გამოთვლით, გაასამართლეს 5613 ადამიანი. თუ ამას დავუმატებთ, მათ რიცხვს, ვინც უარი თქვა უკრაინაში ბრძოლაზე, ასევე სახელმწიფოს ღალატში და ჯაშუშობაში ბრალდებულებს, ეს რიცხვი 11442-ს უდრის. დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი ადმინისტრაციულ დევნას, კერძოდ, ნებადაურთველ აქციებში მონაწილეობის მუხლით დაექვემდებარა.
იტალია უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერს ხელს
იტალია უახლოეს დღეებში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დასრულებას ელის. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასთან მსგავს შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რათა ქვეყანას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმარონ. ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ მალე მოაწერენ ხელს მსგავს შეთანხმებებს უკრაინასთან. „აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა, რომ დავითს ჰქონდეს რესურსი, დაიცვას თავი რუსი გოლიათისგან“, - განუცხადა ტაიანიმ. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა
ლატვია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალა
ლატვიის პარლამენტმა 22 თებერვალს მხარი დაუჭირა ბელორუსიდან და რუსეთიდან მარცვლეულის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას, რითაც გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც მსგავსი ზომა მიიღო. ლატვიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ 2023 წელს ლატვიის გავლით ევროკავშირში 380 000 ტონაზე მეტი რუსული მარცვლეული იყო იმპორტირებული, რაც დაახლოებით 80 000 ტონით მეტია 2022 წელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს რუსეთიდან ლატვიის გავლით, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადატანილ მარცვლეულს. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა 24 იანვარს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას „როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური მიზეზების გამო.“ აკრძალვა ძალაში ორ კვირაში შევა და ამასობაში მთავრობა გადაწყვეტს, თუ რომელ პროდუქტს შეეხება შეზღუდვები.
ბრაზილიაში ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი განაცხადეს - მედია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი აერო ტელეგრაფი და რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტიდან, ბრაზილიის პრეზიდენტთან შესახვედრად უნდა გაფრენილიყო. მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ლავროვის თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე, ბრაზილიურმა მხარემ რუს მინისტრს ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავით, მაურო ვიეირასთან ერთად გამგზავრება შესთავაზა. მედია ლავროვის ფრენის საბოლოოდ შესრულების შესახებ სხვადასხვა ვერსიაზე წერს. ერთი ვერსიით, ის ლულასთან შეხვედრაზე, ბრაზილიელ კოლეგას „დაემგზავრა.“ მეორე ვერსიით - მისი თვითმფრინავი საწვავით, სხვა ლოკაციაზე შეავსეს. თავად რუსმა მინისტრმ განაცხადა, რომ ბრაზილიაში "პრაქტიკულად არ არსებობენ კომპანიები, რომლებიც საწვავით ავსებენ თვითმფრინავებს, რომლებიც არ არიან დასავლური კორპორაციების საკუთრებაში." როგორც haqqin.az წერს, ლავროვს ბრაზილიაში მოხვედრაც გაუჭირდა. მოსკოვიდან RA-96019 ჯერ სამხრეთით გაფრინდა თურქეთის გავლით, შემდეგ კი - კასაბლანკაში. იქ საწვავით შევსებამ თვითმფრინავს საშუალება მისცა, ევროპის შეზღუდულ საჰაერო სივრცეზე გადაფრენილიყო. მაროკოდან ილ-96 ჰავანაში გაემართა.
ბაიდენი ნავალნის მეუღლესა და ქალიშვილს შეხვდა
აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერის ცოლს, იულია ნავალნაიასა და შვილს, დაშა ნავალნაიას კალიფორნიაში შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა X-ზე დაწერა. „დღეს იულია და დაშა ნავალნაიას შევხვდი - ალექსეი ნავალნის საყვარელ ადამიანებს - მათი დამანგრეველი დანაკარგის გამო ჩემი სამძიმრის გამოსახატად. ალექსეის გამბედაობის მემკვიდრეობა იცოცხლებს იულიასა და დაშაში, ისევე, როგორც მთელ რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ უამრავ ადამიანში," - წერს ბაიდენი. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია." 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.
ნულანდი რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ ასობით სანქციას“ აანონსებს
შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ასობით ახალ სანქციას დააწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ნულანდის განმარტებით, სანქციების ნაწილის სამიზნეა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები, უმეტესობა კი, „პუტინის ომი მანქანას“ დაარტყამს. სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. „ჩვენ გვექნება სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია მომდევნო რამდენიმე დღეში. ზოგიერთი მათგანი მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ნავალნის სიკვდილში. აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შესუსტდეს პუტინის ომის მანქანა და დახუროს სანქციების რეჟიმის ხარვეზები, რომელთა საშუალებითაც ის სანქციების თავიდან აცილებას ახერხებს,“ - აღნიშნა ნულანდმა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკვე დაწესებულმა სანქციებმა ვერ შეაჩერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია, რადგან ”პუტინმა და მისმა თაღლითებმა ბევრი ხარვეზი იპოვეს.“ ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განმარტებით, ახალი სანქციები ამ საკითხს მოაგვარებს. „პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღეში ნახავთ, ფოკუსირებულია სანქციების თავის არიდების პრობლემაზე, კვანძებზე, ქსელებსა და ქვეყნებზე, რომლებიც ხელს უწყობენ თავის არიდებას - ნებით თუ სხვაგვარად - და ბანკებზე, რომლებიც მხარს უჭერენ და უშვებენ ამ სახის თავის არიდებას,“ - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა იქმნება
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებისმიერ პირს კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ნებაყოფლობით შეეძლება. „საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები. ასევე, განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება, კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას (დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე).
აშშ ირანს უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის ახალ სანქციებს ჰპირდება
თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ააანონსებს. აშშ თეირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შემდეგ, რამაც გააძლიერა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, "სწრაფი" და "მკაცრი" პასუხით ექმუქრება, თუ თეირანი მოსკოვისთვის ბალისტიკური რაკეტების მიყიდვას გააგრძელებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ "დამატებით სანქციებს უახლოეს დღეებში" დააწესებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე დადასტურება იმისა, რომ რაკეტები რეალურად გადატანილია ირანიდან რუსეთში, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ამას არ გააკეთევბენ,“ აღნიშნა კირბიმ. „მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი იქნება სწრაფი და მკაცრი,“ განმარტა კირბიმ. შეერთებული შტატები აპირებს, რომ სანქციების ახალი ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ, 23 თებერვალს გამოაცხადოს. ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. Reuters: ირანმა რუსეთს ასობით ბალისტიკური რაკეტა გადასცა
აშშ-მ რუსი ოლიგარქების სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი გარემოსცვის წევრების დაკავება დაიწყო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სანქცირებული რუსი ოლიგარქებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც ბრალდებულნი არიან კრემლისა და მისი ჯარისკაცების მხარდაჭერაში, რიგი სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო ზომები წამოიწყო, სანქციების დარღვევის გამო. აშშ თაღლითობაში დადანაშაულებული რუსი ოლიგარქებისა და მათი თანამზრახველების წინააღმდეგ ბრძოლის „ახალი თავის“ შესახებ აცხადებს. VTB ბანკის პრეზიდენტის, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი ბრალდებულია ფულის გათეთრებაში და სანქციების დარღვევაში. მისი ორი თანამოაზრე, ვადიმ ვოლფსონი და განონ ბონდი შეერთებულ შტატებში დააკავეს იმ ბრალდებით, რომ ისინი რუს ოლიგარქს კოლორადოს 12 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების გადამალვაში დაეხმარნენ. კოსტინი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება, კვლავ თავისუფალია. ამასთან, შვეიცარიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქის, ვლადისლავ ოსიპოვის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გამოქვეყნდა. მას ბრალი ედება საბანკო თაღლითობაში, ის დაკავშირებულია ძვირადღირებული იახტის „ტანგოს“ შენარჩუნებასთან, რომელიც რუს ოლიგარქ ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის. ოსიპოვი, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე რიჩარდ მასტერსთან ერთად, უკვე დაადანაშაულეს ამ იახტის მესაკუთრეობის დამალვაში. ვაშინგტონში, რუს ბიზნესმენს ბრალი საბანკო თაღლითობაში წაუყენეს. გარდა ამისა, სერჰი კურჩენკო, პრორუსი, მეტალურგიის უკრაინელი მაგნატი, ფლორიდის შტატში სანქციების თავიდან აცილების მცდელობაში დაადანაშაულეს. აშშ ასევე ცდილობს სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვიქტორ პერევალოვისთვის ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების ჩამორთმევას.
მაკრონი უკრაინის სამიტს უმასპინძლებს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ევროპელ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს უმასპინძლებს. Reuters-ი მაკრონის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს სამუშაო შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, შეისწავლონ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინის მხარდასაჭერად.“ ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაკრონს სურს, გაუგზავნოს მესიჯი მოსკოვს, რომ ევროპაში „უკრაინით დაღლილობას“ არ არსებობს.
რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო - მედია
ბელგოროდის რეგიონში, რუსული ბომბდამშენის მიერ ჩამოგდებული კიდევ ერთი FAB-250 მაღალი ფეთქებადი საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს. იტყობინება Astra ტელეგრამ არხის წყაროები. მათივე ინფორმაციით, ჭურვი სოფელ სოლოტში 18 თებერვალს აღმოაჩინეს. ხელისუფლებამ დაახლოებით 150 ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია მოახდინა და ბომბი ადგილზე გაანადგურა. მედია წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ინფორმაცია ირიბად დაადასტურა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. „სოფელ სოლოტში, ვალუისკის ურბანულ რაიონში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯგუფმა იპოვა და გაანადგურა ასაფეთქებელი ობიექტი. არანაირი შედეგი არ მოჰყოლია,“ - წერს ის დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ერთობლიივ საჰაერო წვრთნები ჩაატარეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. მანევრებში F-35A მოიერიშეები მონაწილეობდნენ. სწავლება სამხრეთ კორეის თავზე ჩატარდა და მასში რომელშიც უახლესი თაობისმოიერიშეები ჩართეს, მათ შორის, სამხრეთ კორეის KF-16, F-15K და სხვა თვითმფრინავები ფოკუსირებულნი იყვნენ ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ერთობლივი წვრთნები, წელს ფხენიანის მიერ მეხუთე სარაკეტო გამოცდის ფონზე ჩატარდა.
დავითაშვილი: მზად ვართ, აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ
„აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბიზნეს-სექტორთან რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, სადაც დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში ხდება ეკონომიკის სფეროში არსებული სიახლეების და ტრენდების, გეგმებისა თუ პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ლევან დავითაშვილმა სავაჭრო პალატის წევრებს გააცნო ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, მათი განვითარების სურათი და დინამიკა, ასევე სტრატეგიული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. „სექტორების კუთხით, ეკონომიკური ზრდა განაპირობა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორებში. ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებისა და ფისკალური დისციპლინის წყალობით, საქართველომ მოახერხა ფისკალური დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირება 2022 და 2023 წლებში, გადააჭარბა ადრინდელ პროგნოზებს და შესაბამისად, დაახლოებით 2,5% და 39,3%, მიაღწია. საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოეფიციენტი მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებს შორის და მშპ-ს მიმართ 6-8%-ის ფარგლებში მერყეობს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა არახელსაყრელი გარემოს წინაშე მდგრადობა და უზრუნველყო ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე ფართო რეგიონისა და ევროპულ ქვეყნებს შორის. მიუხედავად რთული გარე ფაქტორებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პანდემიამდელ დონეზე შეინარჩუნა. „მთლიანობაში, საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა მდგრადობა წარსული ეკონომიკური კრიზისების მიმართ, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მოკლევადიანი ღონისძიებების პარალელურად შექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად. ამასთან, მძიმე დროსაც კი საქართველომ უზრუნველყო სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პირველადი ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია ევროკავშირთან და აშშ-სთან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მისი თქმით, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-საქართველოს ურყევი პარტნიორობა დღესდღეობით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. „შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. კერძოდ, მას მე-4 ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვაში 10%-იანი წილით. ასევე, აშშ-ის წილი FDI-ში 9%-ს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკიდან შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა. ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ კომპანიებს შეერთებულ შტატებში, გავაცნოთ მათ საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმაოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ-ს ბიზნეს-საზოგადოებასთან,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2024 წლის დასაწყისიდან 270 პირია დაკავებული - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. მინდა განვმარტო, რომ დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი.“ ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე მინდა, მცირე განმარტება გავაკეთო ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას. ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან და კოორდინირებულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარისკო გადაზიდვების მონიტორინგი, რის შედეგადაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტების გამოვლენა საქართველოს საზღვრებზე. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, რომლებთანაც მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტრანზიტის ფაქტები. დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში იწვევს ფატალურ შედეგებს. უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს. მინდა, აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული საქმიანობა მძიმე დანაშაულია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა ლოკაციებზე ნარკოტიკების განთავსებას, არამედ წარმოადგენს ნარკოტიკების რეალიზაციას, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრია და მსგავს საქმეებზე ასობით პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამავდროულად, კომპლექსური გამოძიების ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და უძრავ მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება, რომლებიც ნარკორეალიზაციის შედეგად უკანონო გზით იქნა მოპოვებული. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე არსებული ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საკონტროლო შესყიდვების განხორციელებას და სხვადასხვა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას. ასევე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ხსენებული ტელეგრამ არხებისა და სხვა ონლაინ მაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება. აღსანიშნავია, რომ მსგავს სქემებში ჩართული ნარკორეალიზატორების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს სჭირდება გარკვეული დრო, რათა მოძიებულ იქნეს მყარი მტკიცებულებები, ტექნოლოგიურად დამუშავდეს დიდი რაოდენობის მონაცემები, დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა დამნაშავე პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში,“ - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ფინეთი შუა დერეფნის განვითარებას მხარს დაუჭერს
ფინეთი მხარს უჭერს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებას. ამის შესახებ ყაზახეთში ფინეთის საელჩოში განაცხადეს. აქვე აღნიშნავენ, რომ შუა დერეფანში ინვესტიციები სარგებელს მოუტანს როგორც ფინეთს, ასევე, ფინურ კომპანიებს. „შუა დერეფნის საშუალებით, სატრანსპორტო მარშრუტები დივერსიფიცირებულია და ტრანსპორტირების დრო აზიიდან ევროპაში უფრო მოკლე ხდება,“ - განაცხადეს საელჩოში. კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი ინტერკონექტორის პროექტი უნდა გაფართოვდეს - ევროკომისარი
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის პროექტთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. „ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოსა და რუმინეთს შორის, შავი ზღვის ქვეშ, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის გაყვანის ინიციატივას. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პროცესი,“ - აღნიშნა მან აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. სიმსონმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში უკვე შედის. „ეს ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის, „გლობალური კარიბჭის ფარგლებში, ფლაგმანი პროექტია,“ აღნიშნავს სიმსონი. „ეს არის მნიშვნელოვანი პირველი პროექტი და გათვალისწინებულია უფრო ფართო მწვანე ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც მოიცავს წყალბადით შესაძლო ვაჭრობას განახლებადი წყაროებიდან,“ გამარტავს ევროკომისარი. ის მიესალმა რომ უფრო მეტმა ქვეყანამ გამოავლინა ინტერესი, შეუერთდეს ამ ინიციატივას. ამასთან, ევროკომისარი მეტი ჩართულობის ინიაციატივით გამოვიდა. ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.
პარლამენტმა პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივსაცემ ცერემონიაზე არ მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის.“ „დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდგეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის,“ წერს ადმინისტრაცია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიწვევა გათვალისწინებული არ ყოფილა“. მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, იყო თუ არა ეს დაკავშირებული მანამდე სალომე ზურაბიშვილისთვის მთავრობის უნებართვო ვიზიტების გამო იმპიჩმენტის გამოცხადებასთან, პარლამენტის სპიკერმა უპასუხა: „რაც შეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ვამბობ შარშან ის მოწვეული იყო, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე და წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა.“ სალომე ზურაბიშვილი, შარშან არ დასწრებია პარლამენტში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 2022 წელს კი, მონაწილეობდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. პრეზიდენტი ასევე ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.
ამერიკულმა კომპანიამ მთვარეზე ისტორიული მისია შეასრულა
ამერიკულმა კომპანიამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი კომერციული სუბიექტი, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა. ჰიუსტონში დაფუძნებულმა Intuitive Machines-მა თავისი რობოტი - Odysseus მთვარის სამხრეთ პოლუსთან დასვა. როგორც BBC წერს, ეს მნიშვნელოვანი მომენტია არამხოლოდ კოსმოსის კომერციული ექსპლუატაციისთვის, არამედ, ზოგადად აშშ-ის კოსმოსური პროგრამისთვის. Intuitive Machines-მა, მთვარის ზედაპირზე შეერთებული შტატების ნახევარსაუკუნოვანი პაუზა დაარღვია. პროგრამა „აპოლო“ (ინგლ. Apollo program), ასევე ცნობილი როგორც პროექტი „აპოლო“ (ინგლ. Project Apollo) — კოსმოსური ფრენების სერია NASA-ს მიერ (აშშ) „აპოლოს“ ტიპის კოსმოსური ხომალდის და „სატურნ V“ ტიპის რაკეტა-მატარებლებით 1961-1972 წლებში განხორციელდა.
მოლდოვის სუვერენიტეტისადმი დამუქრების გამო, ევროკავშირმა ექვსი პირი დაასანქცირა
ევროკავშირის საბჭომ დააწესა სანქციები ექვსი პირისა და ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოლდოვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევ და ძირგამომთხრელ ქმედებებზე, ან ემუქრებიან მას. „მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის უკანონო შეჭრით უკრაინაში. ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები სერიოზულია, მძაფრდება და გრძელდება.“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, მოლდოვასადმი ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. ყველას, ვინც აღნიშნულ სანქციებს ექვემდებარება, ეკრძალება ევროკავშირში შესვლა და ევროკავშირის ქვეყნებში მისი აქტივები გაიყინება. სანქციების სიაში არიან: Telesistem TV SRL-ის გენერალური დირექტორი არინა კორშიკოვა, რომელიც ფლობს ტელეარხებს Primul-ს მოლდოვაში და Accent TV-ს; Media Resurse-ის ხელმძღვანელი დუმიტრუ ჩიტოროაგა, რომელიც ფლობს ტელეარხებს TV6 და Orhei TV; ყოფილი დეპუტატი მარია ალბოტი, რომელიც დაკავშირებულია გაქცეულ ოლიგარქთან ილან შორთან; გაგაუზიის ბაშკანის მოადგილე ვიქტორ პეტროვი; რუსეთის FSB-ის ოპერატიული დაზვერვის დირექტორატის უფროსის მოადგილე დიმიტრი მილუტინი. მოლდოვის პრემიერმა საბჭოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს.