ძებნის რეზულტატი:

რუსები გაჭიანურებული ომისთვის ემზადებიან - ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი, რომლის სწრაფად, თავის სასარგებლოდ დასრულების იმედიც ჰქონდა რუსეთს, გაჭიანურდა, ამიტომ კრემლის ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს მის გამართლებას რუსი ხალხის თვალში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კრემლის განცხადებას ციტირებს. კერძოდ, 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, როგორც ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, დროთა განმავლობაში მან კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ ომის ფორმა მიიღო - როდესაც „კოლექტიური დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, უშუალოდ არის ჩართული ამ კონფლიქტში.“ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნარატივი ზოგადად შეესაბამება რუსული ოფიციალური რიტორიკის ტენდენციას, რომლითაც კრემლი ცდილობს კონფლიქტის ხანგრძლივობისა და რუსეთის დანაკარგების მასშტაბის გამართლებას, დასავლეთთან პირდაპირი კონფლიქტის წარმოჩენის გზით. ამასთან, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პესკოვმა გააგრძელა იმის აღიარება, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ „შეიძლება, ცოტა ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას.“ ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, „ეს არის რუსული ოფიციალური ნარატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს შიდა აუდიტორიის მომზადებას გრძელვადიანი კონფლიქტისთვის და ამით გამოწვეული ცხოვრების დონის დაქვეითებისთვის, ასევე, რუსეთის „საბოლოო გამარჯვებისადმი ნდობის უზრუნველყოფას.“ თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი  

ირაკლი კობახიძე: დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

„დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან,“ -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.  ირაკლი კობახიძის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სახელი „ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.“   „ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი,” -  აღნიშნულია განცხადებაში. დღესვე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით შეამკეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა  

რუსეთი შავ ზღვაში ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

გასულ თვეში რუსეთი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. სებასტიან ლეკორნუმ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრესიულ პოზიციას უბრუნდება, რაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ქცევას ჰგავს. „ერთი თვის წინ, ძალიან კონკრეტული მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რუსეთის საჰაერო მოძრაობის მართვის კონტროლის სისტემა შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, მაშინ, როცა ჩვენ საერთაშორისო თავისუფალ ზონაში ვიმყოფებოდით, სადაც პატრულირებას ვახდენდით,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. „2024 წელს რუსეთის ქცევას იმასთან საერთო არაფერი აქვს, რაც ჩვენ 2022 წელს და, ცხადია, უკრაინაში აგრესიამდე ვნახეთ,“ - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა Politico-ს ცნობით. ლეკორნიუს მომხდარის სხვა დეტალების არ დაუკონკრეტებია.  

უკრაინელებმა ხერსონში, რუსეთის სამხედრო პოლიგონს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში პოლიგონს დაარტყეს, სადაც რუსი სამხედროები წვრთნებს გადიოდნენ. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, პოლიგონზე თავდასხმის ჯგუფები გადიოდნენ წვრთნებს, რომლებსაც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკზე თავდასხმაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა. ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ სულ მცირე სამი დარტყმა განხორციელდა ნოვა კახოვკის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 20 თებერვალს დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე პოლიგონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 68 რუსი სამხედრო დაიღუპა.  

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. „მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საფრანგეთი 22 თებერვალს სომხეთს თავდაცვითი იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის: Le Figaro

საფრანგეთი სომხეთში თავდაცვითი იარაღის პარტიას 22 თებერვალს გაგზავნის. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იტყობინება. იარაღის მიწოდებაში შედის ფრანგული წარმოების Ground Maste-ის სამი რადარი (GM 200), რომელიც საშუალებას იძლევა აღმოაჩინოს მტრის თვითმფრინავი 250 კილომეტრის მანძილზე, ასევე ღამის ხედვის მოწყობილობები და ბინოკლები. ამასთან, მხარეებს შორის ხელმოწერილი თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის არმია წელს სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამთო საბრძოლო მომზადების კურსს ჩაატარებს. სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი 2023 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის საფრანგეთში ვიზიტის დროს მოაწერეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ რადიო RTL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მალე სომხეთს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს პრეზიდენტმა მაკრონმა სომხეთის პრემიერს უმასპინძლა.  

პაპუაშვილი ოპოზიციას: თუკი ხელისუფლების პრორუსულობის გჯერათ, ავტომატი უნდა გეჭიროთ და ამხობდეთ მას

„ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას როცა ეძახით პრორუსს, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის კომენტარს. პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციას ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებული ზღაპრის არ სჯერა, თუმცა ადამიანებში ყოველდღიურად აღვივებენ ზიზღს ე.წ. პრორუსულობის გამო. „რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი მოაქვთ რუსეთი რუსეთის და პრორუსულობის ძახილით, კომიკურად რომ იქციეს უკვე თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს. რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ. ე.ი. არ გჯერათ, რადგან ასეთი ცივილური ურთიერთობა გვაქვს. და თუ არ გჯერათ პრორუსულობასთან დაკავშირებით ამ ზღაპრის, რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ, მისი ე.წ. პრორუსულობის გამო,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

დანია უკრაინას $247.4 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინისთვის 247,4 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. „აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, მან დიდი რაოდენობით დახმარება უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში წვლილის შეტანას იმ იმედით ვაგრძელებთ, რომ იგივეს უფრო მეტი სახელმწიფო არა 6 ან 12 თვის შემდეგ გააკეთებს, არამედ ახლა, როცა ამის საჭიროება ძალიან დიდია,“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. „უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა," - აღნიშნა დანიელმა მინისტრმა. გარდა ამისა, დანია უკრაინას თავის პირველ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ამ ზაფხულს გადასცემს. ფრედერიკსენმა დღეს ასევე განაცხადა, რომ დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.  მან განაცხადა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შექმნილი ყველაზე სერიოზული სიტუაციაა. „თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით, უკრაინა ვერ გადარჩება და პოტენციურად შეიძლება, ევროპაც ვერ გადარჩეს“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა. ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დანია უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო სფეროში დაუჭერს მხარს. „აღნიშნული ვალდებულებებით საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო და ცალსახა სიგნალს ვუგზავნით, რომ ჩვენ უკრაინას სრულად ვუჭერთ მხარს, მათ შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს შეხვდა და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შესაძლო თარიღები განიხილა.    

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 50 ახალი სანქცია დააწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების სამიზნე ის ფიზიკური პირები და კომპანიები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს. სანქციების სიაში ასევე მოხვდა სამი ჩინური, ორი ბელორუსული, ერთი თურქული და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია. სანქციები დაუწესდა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს: 14 ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან ისეთი საბრძოლო მასალის წარმოებასთან, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სამხედრო აღჭურვილობაში გამოყენებული სხვა მნიშვნელოვანი მასალები, ასევე, რუს იმპორტიორებსა და ჩარხების მწარმოებლებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემებისა და კომპონენტების წარმოებაში, დაწყებული რაკეტებიდან და ძრავებიდან, დამთავრებული ტანკებით და მოიერიშე თვითმფრინავებით. ასევე, ალმასის მწარმოებელი ორ რუსულ კომპანიას, სპილენძის, თუთიის და ფოლადის მწარმოებლების ხუთ აღმასრულებელს ან მფლობელს და სხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. „სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის შეიარაღებას ისეთი საბრძოლო მასალებით ამარაგებს, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ახალი სანქციების სამიზნეს, ასევე, წარმოადგენს რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროები,” - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის იუნკერებმა 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენი განახორციელეს, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერებს მიუძღვნეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. „ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. იუნკერები 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სტანო მედვედევზე: მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეუძლია. „როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული მეორე ნომერი არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა,” - განაცხადა სტანომ. ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სხდომა ახსენა, რომელზეც ევროკავშირმა მკაფიო მზადყოფნა დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. „[შეხვედრაზე] ძალიან ნათალი გახადეს, რომ სრულიად მზად ვართ, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა აგრესიისგან მის კანონიერ დაცვაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს ვუახლოვდებით. უმაღლესი წარმომადგენელი [ჯოზეფ ბორელი], წევრი სახელმწიფოები ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ, რათა, როგორ უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, უზრუნველვყოთ უკრაინისთვის მეტი და უფრო სწრაფი [დახმარება], იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება - საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ა.შ., რათა უკრაინამ საბოლოო ჯამში შეძლოს აგრესორთან ეს ომი მოიგოს,” - განაცხადა სტანომ. სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.  

აშშ რუსი ჰაკერების შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა 10 მილიონი დოლარის ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მას ჰაკერთა ჯგუფის ლიდერების იდენტიფიცირებაში ან დადგენაში დაეხმარება.  CNN-ის ცნობით, ეს ჯგუფი ბრალდებულია აშშ-ის პოლიციის მთავარ სამმართველოზე კიბერთავდასხმაში. თავდასხმას პოლიციის ფაილების გაჟონვა მოჰყვა. მანამდე, აშშ-მ განაცხადა, რომ კიბერდანაშაულში ჩართულ რუსებს სანქციები დაუწესა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ცნობით, 23 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6505 ლარი ეღირება, ევრო – 2.8774 ლარი. დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.6501 ლარი ღირდა, ევრო – 2.8618 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 თებერვალს ამოქმედდება. ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა  

ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას თქმით, USAID-ის აკრძალვა რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორობის" ვალდებულებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.“ ბჟანიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების წერტილი კიდევ უფრო მაღალზე უნდა იყოს, რადგან ეს არის აფხაზეთის ხალხის ფუნდამენტური ინტერესი.“ „თუ USAID-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდანაა აკრძალული...ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, საქმიანობის უფლება მივცეთ რუსეთისადმი არამეგობრულ, მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, აქ აფხაზეთის ტერიტორიაზე?“- განაცხადა ბჟანიამ, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას მიმართა. „ასეა საჭირო ინალ, მკვეთრი საუბარი. დიპლომატიური ენა, რასაკვირველია მოსაწონია და მაგრამ ყოველთვის როდი ესმის საზოგადოებას და ჩვეულებრივ ხალხს. თუ ჩვენ მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს ჩვენ გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს,“ - განმარტა მან. გასული წლის ბოლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ USAID-ის პროექტები აკრძალა. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი, ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას  

ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის კიდევ 200 რაკეტას გადასცემს

ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინისთვის Brimstone-ის ტიპის კიდევ 200 რაკეტის მიწოდების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.  მან გაიხსენა, რომ ამ რაკეტებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ბრძოლის ველზე. „ერთ შემთხვევაში, ისინი დაეხმარნენ რუსეთის ჯარებს უკან დახევაში მდინარის გადალახვის მცდელობის შემდეგ,” - დასძინა შაპსმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი, როგორც დიდი საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, უკრაინას ათასობით უპილოტო თვითმფრინავს მიაწვდის. პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს უკრაინელი სამხედროებისთვის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავის წარმოებისთვის.  

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - მთავრობა

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, - ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე,  სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.  

ლიტევის თავდაცვის მინისტრმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების გააქტიურების მიზანი დაასახელა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული დაზვერვის სამსახურების გააქტიურებას გულისხმობს. მინისტრის განცხადებას Delfi ციტირებს. მისი თქმით, ამ ქმედებებით კრემლი მიზნად ისახავს საზოგადოების გახლეჩას და ხელისუფლების ორგანოების მიმართ უნდობლობის გაზრდას. ანუსაუსკასმა აღნიშნა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს თავის გეგმებზე, მოაწყოს ჰიბრიდული თავდასხმები ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ცოტა ხნის წინ, ესტონეთსა და ლატვიაში რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გარდა ამისა, ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი, რუსეთის მიერ უახლოეს მომავალში ქვეყანაში სხვადასხვა ობიექტზე შეტევის მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა.  

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მმართველი კოალიციის წინადადებას, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, თუმცა Taurus-ის რაკეტებზე ჩანაწერის გარეშე. ინიციატივას მხარი დაუჭირა 382-მა დეპუტატმა, 284-მა კანონმდებელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა კი, თავი შეიკავა. აღნიშნულ წინადადებაზე კენჭისყრამდე, ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების წინადადება გერმანიის პარლამენტს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ბლოკმა წარუდგინა. Taurus-ის გადაცემის სასარგებლოდ ხმა მისცა მმართველი კოალიციის წევრმა, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა. გერმანული გამოცემა t-online კი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ჯგუფები დოკუმენტში ნახსენებ “შორი მანძილის რაკეტების” სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციას ახდენენ. კერძოდ, “მწვანეებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ რომ სწორედ Taurus-ის რაკეტები იგულისხმება. ამავდროულად, “სოციალ-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის მოადგილე, გაბრიელა ჰაინრიხი ამბობს, რომ დოკუმენტი “აუცილებელი არ არის” Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებდეს. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ ჩერნევი, რომელიც ბუნდესტაგში კენჭისყრას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ მიღებული რეკომენდაცია სწორედ Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებს.  

ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი მანახეს - მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი შვილის ცხედარი ანახეს. მან აღნიშნა, რომ გამოძიება მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვს, ხოლო უარის შემთხვევაში იმუქრებიან. „გუშინ საღამოს მორგში მიმიყვანეს, სადაც ალექსეი მანახეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია… მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვითომ ვნახე, ვითომ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობას ხელი მოვაწერე. კანონით მათ მაშინვე უნდა მოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, მაგრამ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ - სად, როდის და როგორ უნდა იქნას ალექსეი დაკრძალული. ეს უკანონოა. მათ ბრძანებები მოსდით ან კრემლიდან, ან საგამოძიებო სამსახურის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს საიდუმლოდ მოხდეს, გამომშვიდობების გარეშე. უნდათ, რომ სასაფლაოს კუთხეში ახალ საფლავთან მიმიყვანონ და მითხრან: “აი აქ წევს თქვენი შვილი”. ამაზე თანახმა არ ვარ… ამ ვიდეოს ვწერ, ვინაიდან მუქარები დაიწყეს: პირდაპირ თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ საიდუმლო დაკრძალვას თუ არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს უზამენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა პირდაპირ მითხრა: “დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედარი იხრწნება”. განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი კანონით მოხდეს. ვითხოვ, დაუყოვნებლივ გადმომცენ ჩემი შვილის ცხედარი,” - განაცხადა ნავალნაიამ. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

უკრაინამ ესპანეთისგან M113-ის ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანისთვის აღჭურვილი M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო. „ათობით ეს საევაკუაციო ჯავშანმანქანა უკვე ჩამოვიდა უკრაინაში. კიდევ რამდენიმე ასეულს ელოდება უახლოეს მომავალში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ომში მხარდაჭერისთვის," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. მისი თქმით, ეს სატრანსპორტო საშუალებები უფრო ეფექტიანია უგზოობის პირობებში დაჭრილების ევაკუაციის დროს. მანქანების უკრაინაში გადაცემის შესახებ ესპანეთის მთავრობამ 15 თებერვალს განაცხადა. M113 არის მრავალმხრივი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც სერიულ წარმოებაში იყო 1960 წლიდან 2007 წლამდე. ის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა შეერთებული შტატების მთავარ ჯავშანტრანსპორტიორად და ასევე, მნიშვნელოვანი რაოდენობით მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებს. ჯავშანტრანსპორტიორი განკუთვნილია 13 ადამიანის გადასაყვანად და მისი ჯავშანი უძლებს ნაღმის ფრაგმენტებსა და 14,5 მმ კალიბრამდე ტყვიებს.  უნივერსალურ ჯავშანტრანსპორტიორებს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან აქტიურად იყენებენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მათი გადაყვანის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა. მაგალითად, 2023 წლის 20 ივნისს პორტუგალიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის, მათ შორის, ჰაუბიცების და M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ასევე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიურმა კომპანიამ უკრაინას ათი მოდერნიზებული M113 მიაწოდა. ამასთან, ლიეტუვამ უკრაინაში ათი M113-ისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ განაცხადა.