ძებნის რეზულტატი:
Bloomberg: ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად კონგრესის ლიდერებს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს, მათ შორის პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას. Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მისი მიზანია მოკავშირეებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მილიარდობით დოლარის გადაუდებელი დახმარების გახსნა და აშშ-ის მთავრობის დახურვის თავიდან აცილება. „პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთავრობის ღიად შენარჩუნების შესახებ ორპარტიული დოკუმენტის სწრაფად მიღების აუცილებლობას“, - აღნიშნულია თეთრი სახლის პრესრელიზში. ჯონსონის ოფისმა ასევე დაადასტურა, რომ სპიკერი შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს. მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.
რომის პაპი: ვითხოვ, მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის პირობების შექმნას
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას პირობები უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის. მისი თქმით, ის ლოცულობს უამრავი უდანაშაულო მსხვერპლისთვის, რომელიც ამ ომს შეეწირა. „24 თებერვალს მწუხარებით გავიხსენეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი. რამდენი მსხვერპლი, დაჭრილი, ნგრევა, ტანჯვა, ცრემლი იყო ამ პერიოდში, რომელიც საშინლად გრძელი ხდება და დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს! ეს არის ომი, რომელიც არა მხოლოდ ევროპის ამ რეგიონს ანადგურებს, არამედ ზრდის შიშისა და სიძულვილის გლობალურ ტალღას,“ - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე. „ვითხოვ მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ქემერონი: დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ ომი მოიგოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას ომის მოგებაში. ამერიკის ხმის შეკითხვას, გააკეთა თუ არა ევროპამ ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად, დევიდ ქემერონმა უარყოფითად უპასუხა. „ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება მეტი დაფინანსება, ისევე როგორც იარაღი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ნათქვამის ერთგული, ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვჯერა უკრაინელების. მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ იარაღით, ფულით, დიპლომატიური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერით,“ - აღნიშნა დევიდ ქემერონმა. მდივნის თქმით, უკრაინას სჭირდება ყველა საჭიროებით უზრუნველყოფა, თუმცა, ომის შედეგი უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს. „მე მჯერა, რომ ჩვენი, როგორც უკრაინის მოკავშირეებისა და მეგობრების ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მივაწოდოთ მას ფული, იარაღი და დახმარება ბრძოლაში. უკრაინის ამოცანაა, როდესაც მათ სურთ განიხილონ, როგორ დაასრულონ ეს კონფლიქტი,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი კობახიძე
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაჰყონ. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის. ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 255-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ზელენსკი გამოდის გაფრთხილებით, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს
უკრაინის პრეზიდენმტა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, რას გააკეთებს უკრაინა შეერთებული შტატების ახალი დახმარების გარეშე. მისი თქმით, უკრაინა ზეწოლას განახორციელებს პარტნიორებზე, მაგრამ ამერიკულ იარაღს ალტერნატივა არ აქვს, რომელიც თავდაცვის ძალებს სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, აქვს თუ არა ხელისუფლებას შიდა რეზერვები ევროპული ფულის გარდა და რისი იმედი აქვს სახელმწიფოს. „პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ამერიკულ დახმარებაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ფინანსური რეზერვების საკითხი. ეს არის იარაღი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ უმეტესწილად ეს ფული არის იარაღი და, შესაბამისად, გესმით, რა შედეგი იქნება "ჩვენ უბრალოდ დავსუსტდებით ბრძოლის ველზე. აქ ვერ გეტყვით რა მოხდება. აქ კი რეზერვი არ მაქვს", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. „ჩვენ ვეძებთ სხვა შესაძლებლობებს, რომ ვიყიდოთ იარაღი, ავიღოთ დამატებითი ფული, დამატებითი სესხები, მოვახდინოთ ზეწოლა ჩვენს პარტნიორებზე,“- განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, საუბარია იარაღის კონკრეტული პაკეტების საკითხებზე. მან მაგალითი მოიყვანა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მილიარდნახევარი დოლარი ღირს. „შესაძლებელია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეერთებული შტატების გარეშე? არა! მსოფლიოში არ არსებობს შესაბამისი სისტემები,“ განაცხადა ზელენსკიმ. 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა რესპუბლიკელი სენატორის, ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ბრძოლის ველზე რეალობას ვერ შეცვლის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ სენატორს ესმის, რა ხდება უკრაინაში, რადგან ამის გასაგებად ფრონტის ხაზზე უნდა ჩახვიდე, ხალხს დაელაპარაკო და მიხვდები, რომ მხარდაჭერის გარეშე მილიონობით ადამიანს მოკლავენ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს. ბაიდენი კონგრესის ლიდერებთან განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტა. ამჟამად აშშ-ის აქვს კონგრესის მიერ დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის მოქმედების ვადა პირველი მარტიდან ამოიწურება. პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და სენატში დემოკრატების უმრავლესობის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიჩ მაკკონელი. თეთრი სახლის ინფორმაციით, დღის წესრიგშია უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების საკითხებიც. კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა, ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არამხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ, აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ლონდონის მერმა რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა მოითხოვა
ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული რუსების საკუთრებაში არსებული ქონების შემდგომი შეზღუდვა მოითხოვა. საბინაო მდივან მაიკლ გოუვისადმი მიწერილ წერილში ლონდონის მერი წერს, რომ მინისტრებმა „სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ“ „პუტინის ახლობლების“ ქონების გასაყიდად და შემოსავალი გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოიყენონ. მერიას ვარაუდობს, რომ დედაქალაქში კრემლთან დაკავშირებული ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლით 4000 სახლი აშენდება. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. თავის მხრივ, ბრიტანული რადიოსადგური LBC იუწყება, რომ სადიკ ხანმა მოუწოდა მთავრობას, ჩამოართვას ქონება კორუმპირებულ რუს ოლიგარქებს და მოახმაროს მათი თანხები 4000 სახლის აშენებას. აქტივების გაყიდვებით, რომლებიც მერის თქმით, 1,1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, შეიძლება, მოხმარდეს საცხოვრებლის დაფინანსებას იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ლონდონში გადავიდნენ ომის დაწყების შემდეგ.
სალივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევით შეშფოთებულია
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ შეშფოთება რა თქმა უნდა, არსებობს. მისი თქმით, „ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ეხება უცხო ქვეყანას, უცხო მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს, მანიპულირება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასა და დემოკრატიაზე." მან ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება "ფხიზლად" არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად. ჯეიკ სალივანმა განმარტა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "კონგრესთან ერთად იმუშავებს ორპარტიულ საფუძველზე, რადგან ეს პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს." შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
კულება: ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტი უნდა შეჩერდეს და საბრძოლო მასალები უკრაინაში გაიგზავნოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ევროპის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში საბრძოლო მასალის ექსპორტი უნდა აიკრძალოს. „ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ყველა ასეთი საბრძოლო მასალა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. ევროპაში წარმოებული ყოველი ვაზნა უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას ,“ - აღნიშნა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პარტნიორებთან ყოველ შეხვედრაზე ის საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე საუბრობს. „მათ ყველაფერი იციან ამის შესახებ. მათ დაუშვეს შეცდომები, რასაც აღიარებენ. გვიან გადაწყვიტეს საკუთარი წარმოების გაზრდა, გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება და ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შეცდომების გამო შედეგებს ვიმკით", - განმარტა კულებამ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლომდე 170 000-მდე ჭურვს მიაწოდებს.
2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან, ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი - კობახიძე
24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული იუნკერები, ახალგაზრდა ბიჭები, ახალგაზრდა გოგოები, რომლებმაც დაგვიტოვეს პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და სამშობლოსთვის თავგანწირვის განსაკუთრებული მაგალითი. კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მათ ხსოვნას. 24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა. დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლუკაშენკო: მიზანშეწონილია, საქართველო დსთ-ს დაუბრუნდეს
ბელორუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო კმაყოფილია რუსეთთან და ბელორუსთან საქართველოს „ნორმალური ურთიერთობებით“. ამის შესახებ მან 26 თებერვალს სომხეთის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მანამდე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) წევრობა გაყინა. „მადლობა ღმერთს [საქართველოს] ნორმალური ურთიერთობა უყალიბდება, უპირველეს ყოვლისა რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა იზრდება, გასინჯეს იოლი პური დასავლეთში. ამერიკელებმა უკვე დაავიწყდეს საქართველო. როგორც კი ქართველები გაინძრნენ იმ მხრივ, რომ ეს მათი ქვეყანა თავისუფალი და სუვერენულია, დასავლეთმა დაიწყო მათზე ზეწოლა, მათ შორის და უპირატესად აშშ-მ. ასე რომ, უნდა გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება, იქ ათასი პრობლემაა,“- ამტკიცებს ლუკაშენო. „გასვა ადვილია, მაგრამ შევლა რთული იქნება. მაგალითი ისევ და ისევ საქართველოა. გავიდა ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს რა მისთვის უკეთესია? არა, სასურველია, დაბრუნდეს. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია. სახის დაკარგვაცაა და სხვაც,“ აღნიშნა ლუკაშენკომ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა არაერთი ალტერნატიული კავშირის იდეა წამოაყენა და ყოფილი „მოძმე რესპუბლიკების“ ერთად თავმოყრა არაერთ ფორმატში სცადა. 1991 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ, СНГ). საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წელს გახდა. ქვეყანამ ორგანიზაცია 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. 2018 წელს დსთ დატოვა უკრაინამაც. მოლდოვას ამ მიმართულებით მუშაობა აქვს დაწყებული. ლუკაშენკო 1994 წლიდან ხელისუფლებაშია. მის რეჟიმს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპოზიციის ხმის ჩახშობაში. ბოლო არჩევნების დროს, 2020 წელს, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ჩართული იყო საარჩევნო გაყალბებაში, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ევროკავშირი მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.
ზელენსკი: მაკრონი უკრაინაში მალე ჩამოვა და დახმარების ახალ დეტალებს გაასაჯაროებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს მომავალში ეწვევა უკრაინას. „ჩვენ ველოდებით ემანუელ მაკრონის უკრაინაში ჩამოსვლას და ის აქ იქნება. როდის იქნება ის - უსაფრთხოების მიზეზების გამო, კონკრეტულ თარიღს არ ვამბობ, ეს მალე იქნება," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, მაკრონის ვიზიტით, "უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კიდევ რამდენიმე დეტალი გამოჩნდება: მნიშვნელოვანი, ახალი." „თუ არტილერიაზე ვსაუბრობთ, ემანუელმა იცის, რომ ჩვენ მადლობელი ვართ CAESAR-ის სისტემებისთვის, ის კარგად მუშაობს... ჩვენ ველით რამდენიმე ათეულ საარტილერიო სისტემას საფრანგეთის მხრიდან და ჩვენი პარტნიორებისგან. ჯერ კიდევ არის რაღაცეები, მაგრამ მათ შესახებ მოგვიანებით. როცა ჩამოვა," - განაცხადა ზელენსკიმ. 16 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის დროს, მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევში ჩავა. მაკრონის ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
ბულგარეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა
ბულგარეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა. ბულგარეთის მთავრობის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები - ათანას სლავოვი, იულიან პოპოვი და რუმენ რადევი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები სტანიმირ გეორგიევი და ტიჰომირ სტოიჩევი, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური ადმირალი ემილ ეფთიმოვი. ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ვიზიტი უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის გამოხატვაა. „ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - აღნიშნულია დენკოვის განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის მთავრობა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ 2023 წლის ნოემბერში მოახდინა სოფიასა და კიევს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც 100 ჩამოწერილი ჯავშანტრანსპორტიორის უკრაინაში გადაცემას არეგულირებს, თუმცა, დაპირებული ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვის საკითხის გამო გადაიდო. ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველო, უკრაინა, მოლდოვასთან ინდივიდუალურად მუშაობენ, რომ მალე გავხდეთ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი - დავითაშვილი
„ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული, თუმცა საგაზაფხულო სესიაზეც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღებაც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს შევუერთდეთ და შესაბამისად, როუმინგ მომსახურების ადგილობრივი ტარიფებით ისარგებლოს მოსახლეობამ ევროპაში მოგზაურებისას. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება გაგვიჭირდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. გადაწყვეტილება არის ევროკომისიაზე დამოკიდებული. კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი. ამაზე ინტენსიურად მიდის მუშაობა. ეს არის ძირითადად გარკვეული მარეგულირებელი აქტების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია, თქვენ ნახეთ და მოისმინოთ ევროკომისიაში განცხადებები, საქართველომ დიდი სამუშაო უკვე გაწია, ის იყო მოწინავე ასოცირების ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც რეფორმები განახორციელა. თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყოფილიყო ერთიანი განცხადება, როცა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა ჩაერთვებოდა ერთიან როუმინგულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ქვეყნებთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიღებასაც ვაპირებთ და საბოლოოდ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნებს ალბათ ვუპასუხებთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსეთში სამედიცინო პროდუქტებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა - მედია
რუსეთში სამედიცინო პროდუქტებზე მოთხოვნა არტერიული წნევის გასაზომად, 2023 წელს თითქმის 30%-ით გაიზარდა. ონლაინ 2,2 მილიონი ტონომეტრი გაიყიდა, 2022 წლის 890 ათასთან შედარებით, ხოლო აფთიაქებსა და მაღაზიებში გაიყიდა 3,9 მილიონი ერთეული, წინა წლის 3,8 მილიონთან შედარებით. საერთო ჯამში, გასულ წელს რუსებმა თითქმის 12 მილიარდი რუბლი დახარჯეს წნევის მონიტორების შესაძენად, ხოლო 2022 წელს მათმა ხარჯებმა 10,8 მილიარდი შეადგინა. ანალიტიკური კომპანია RNC Pharma-ს მონაცემს იზვესტია ავრცელებს. წნევის საზომ მოწყობილობებზე გაზრდილი მოთხოვნა დაკავშირებულია მოსახლეობის დაბერებასთან და რუსეთში ხანდაზმულთა მზარდ პროპორციასთან, განმარტავენ ექსპერტები. „როსსტატის დემოგრაფიული პროგნოზის მიხედვით, სამუშაო ასაკს გადაცილებულთა პროცენტული მაჩვენებელი მოიმატებს და 2024 წელს 23.6%-დან 2046 წელს 27%-მდე გაიზრდება. მეორე მიზეზი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევების ზრდა“, - განმარტა ექსპერტმა.
მსოფლიო ფასების შემცირების ფონზე, კატარი გაზის მოპოვების გაზრდას გეგმავს
QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ თხევადი გაზის წარმოება, წელიწადში 16 მილიონი ტონით კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც მთლიანი წარმოების სიმძლავრის წელიწადში 142 მილიონ ტონამდე ზრდას გამოიწვევს. როგორც Reuters-ი წერს, ფასების დაცემის მიუხედავად, გაზის ყველა მსხვილ მწარმოებელს, მათ შორის, აშშ-ს, ავსტრალიასა და რუსეთს სურს, გააგრძელოს წარმოების გაზრდა, რადგან ისინი ფსონს მოთხოვნის შემდგომ ზრდაზე დებენ და შიშობენ, რომ მათი გაზი შეიძლება, ზედმეტი იყოს ათწლეულების განმავლობაში, თუ ენერგოტრანზიცია "მწვანე" ენერგიას გააძვირებს. კატარი თხევადი გაზის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, რომლისთვისაც კონკურენცია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა. აზიის LNG-ის ფასები ახლახან თითქმის სამწლიან მინიმუმამდე დაეცა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივზე მაღალმა ტემპერატურამ შეამცირა მოთხოვნა. აზიური და ევროპული გაზის ფასები რეკორდულად გაიზარდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ. ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის გაზის მიმწოდებლებმა მიწოდების ვაკუუმი შეავსეს, 2023 წელს დამკვიდრდა, როგორც LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში. მან აჯობა კატარს, თუმცა კატარის მიწოდებამ ასევე ხელი შეუწყო მოცულობის შეცვლას. კატარის განცხადება ასევე მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ახალი LNG საექსპორტო ტერმინალების განაცხადების დამტკიცება გარემოსდაცვითი მიმოხილვისთვის, რამაც გამოიწვია გაზის იმპორტიორების გაფრთხილება, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის მომავალ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ. შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტით, უქმდება განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებული არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინონ, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მისივე ცნობით, წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ჰქონდეთ. ჯერ კიდევ მოქმედი „საარჩევნო კოდექსით“, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს.
ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე - კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო დოკუმენტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. „განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება- მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე, დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობის და სამართლიანობის პრინციპები და შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებას თანამედროვე სამყაროში. ასეა გაწერილი მიზნები. უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების დოკუმენტის სათანადოდ გაწერას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება,” - განაცხადა კობახიძემ.
დავითაშვილი: საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე, უსაფუძვლო და მიუღებელია
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე უსაფუძვლო და მიუღებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ცალსახად, აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი და უპასუხისმგებლოა, როცა საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე. ჩვენი პოლიტიკით არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი კურსის პრიორიტეტულობა, რაც დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და ევროპულ ინტეგრაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას საქმით აქვს დამტკიცებული და ნაჩვენები, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით კითხვა არც ექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით კვლევა ივლისში იქნება დასრულებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის კვლევის პროექტი ივლისში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ვადების გახანგრძლივება იმან გამოიწვია, რომ პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროექტის დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მსოფლიო ბანკმა გამოყოს. „ჩვენ ბრიუსელში შევეხეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის მიმდინარეობის საკითხს და შესაბამისად ვისაუბრეთ, მათ შორის, დაფინანსების ობციებზე. თავდაპირველად კვლევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ივლისში დასრულდება, შესაბამისად, ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები. ასეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გახანგრძლივება გამოიწვია იმან, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. შესაბამისად, საკვლევი არეალიც და მიზანიც დაკორექტირდა და გაიზარდა. იცით, რომ საწყის ეტაპზე ეს პროექტი იყო საქართველოს მხრიდან ინიცირებული და საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემები იყვნენ ამაში ჩართულები, ანუ ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორები. თუმცა ამას შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანი. ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაემატა ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა უკვე აზერბაიჯანში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც გახდა ამ პროექტის დაკვირვების საგანი. ასევე, ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით დაესწრო მინისტრთა საკოორდინაციო შეხვედრებს. აქედან გამომდინარე, კვლევის ვადები გახანგრძლივდა, თუმცა პირველადი ეკონომიკური შედეგები და რამდენიმე სცენარი არსებობს, რომელიც ჩვენთვის გაზიარებულია. თუმცა ეს არის პირველადი ინფორმაცია, ეკონომიური ნაწილის, რომელიც დღეს მივიღეთ, მაგრამ ხდება დაზუსტება კონსულტანტებთან, ანუ ექსპერტებთან მიდის კონკრეტული საკითხების დაზუსტება. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში, რომელიც მათ შორის, ბევრ ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს. ჩვენი მიზანია, რომ პროექტი დროში განხორციელდეს ოპერატიულად და იმ პირობებში როდესაც გლობალური მოთხოვნა ძალიან გახსნილია ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, ძალიან დიდი ხანია მოცდის პერიოდი, როგორც თვითონ კაბელის წარმოების, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. ანუ სამონტაჟო სამუშაოებზე შეზღუდულია შესაძლებლობები. შავი ზღვა იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ჩვენი კაბელი იქნება არამხოლოდ ყველაზე გრძელი, რაც ამ დროისთვის იგეგმება, ასევე ყველაზე ღრმა. შესაბამისად სპეციფიკური ტექნიკური მონაცემების პროექტია და ამ კუთხით, დავიწყეთ მწარმოებლებთან ინტენსიური შეხვედრები და მუშაობა, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა, პროექტის ეფექტიანად და დროში სწრაფად განსახორციელებლად. პროექტი მიდის გეგმაზომიერად. რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, იცით, რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი პირველი პარტნიორი იყო და კვლევაზე თანხები ზუსტად მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს იყო საქართველოს მიერ აღებული სესხი. ასევე ისინი ტექნიკური დახმარების კუთხითაც ჩართულები არიან, დიდი ნაწილი დაფინანსების მოსალოდნელია, რომ ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი, უკვე მშენებლობის ნაწილშიც. გარკვეული ზეპირი შეთანხმებები ამასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს პროექტი იქნება და არის უკვე გაცხადებული, რამდენადაც ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა მონაწილეობს ევროპის და საქართველოს საერთო ინტერესების ქვეშ. შესაბამისად, მას გარკვეული ევროპული ფონდებიდან დაფინანსება ეხება, თუმცა დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი მაინც ნაადრევია. მაგრამ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ზოგადად ევროპის სხვადასხვა ფონდი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იქნება. თუ პროექტის განმახორციელებელი მხარეები შევთანხმდით, ამ პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია, რის სურვილსაც გამოთქვამს მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები. ამაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება," - განაცხადა მინისტრმა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. „ქალაქ თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.