ძებნის რეზულტატი:
შოტლანდიური მწარმოებელი იშვიათი ვისკის შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს
Diageo-მ ახალი და ძველი პროდუქცია გააერთიანა და შექმნა ვისკის ორი იშვიათი ბოთლი, რომლის ღირებულებაც 50 000 დოლარია. ახალი პროდუქტი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაა სახელწოდებით SmokeDNAi, რომელიც კასრებში ვისკის დაძველების პროცესის შესწავლის საშუალებას იძლევა. „საკითხში გარკვეულებს შეუძლიათ, დააკვირდნენ გემოს კომბინაციებს, არომატებს და ადამიანის თვალისთვის უხილავ მახასიათებლებს. ვიზუალურ გამოსახულებაში თქვენ დაინახავთ ერთი ნაწილაკის მცირე რაოდენობას, რომელიც მოძრაობს,“ - აღნიშნავს ჩრდილოეთ ამერიკის Diageo-ს ვისკის ოპერაციების ხელმძღვანელი ევან მორგანი. როგორც Fox News- წერს, ვიზუალური მახასიათებლები ასევე შეიძლება, შეიცავდეს ქოქოსის, კვამლის, მიწის, სამკურნალო, ყვავილოვანი და ტკბილი არომატების კომბინაციას.
სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს
სომხეთი არ შეუერთდა CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას, რომელმაც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტი დაგმო. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პრესმდივანმა ნელი ღულიანმა NEWS.am-ს განუცხადა. „სომხეთმა გაყინა CSTO-ს წევრობა,“ განმარტა სპიკერმა. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. CSTO-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დაგმეს 22 მარტს Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული აქტი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: წინასაარჩევნოდ, LGBTI-ფობიით პოლიტიკური მანიპულაციის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. „ის ასევე ასახავს ლგბტი-ფობიის პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ, რაც მე ადრე ვგმოდი და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. „შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე, შეიტანონ ცვლილება კონსტიტუციაში და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” შესახებ. ის ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსში და შეუძლია, ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, LGBTI ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და მათი უფლებების დამცველებზე. ის ასევე LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს წინასაარჩევნოდ, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველას ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა,” - განაცხადა მიატოვიჩმა. ადამიანი უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ მან საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ყველა ფორმის დისკრიმინაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგულნი იყვნენ. „შესაბამისად, ქართველ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, სრულად პატივი სცენ ადამიანის უფლებების მხრივ მათ ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მათ შორის, LGBTI ხალხის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობისთვის გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში LGBTI-ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება”, - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა. "ლგბტ ადამიანებს უფლება აქვთ, დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან“ - Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ უარი თქვას ინიციატივაზე“
ლატვია რუს დიპლომატს აძევებს
ლატვიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. რუსმა დიპლომატმა ლატვია 10 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვოს. მას ვენის კონვენციის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. 27 მარტს რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლეგ ზიკოვი დაიბარეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მასთან მწვავე პროტესტი გამოხატეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთგზის საყვედურის მიუხედავად, რუსეთის საელჩო აგრძელებს არასწორ საჯარო კომუნიკაციას, რომლის მიზანია ლატვიის სახელმწიფოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაცია და ლატვიურ საზოგადოებაში მტრობის გაღვივება. გასულ კვირას სლოვენიის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო. მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რათა ეცნობებინა, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. უფრო ადრე კი, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოეცხადებინა პერსონა ნონ გრატად იმის გამო, რომ მათი საქმიანობა „შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან.“
გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვს საკუთარი სამხედრო მარაგებიდან მიაწვდის
გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინას გადასცემს 10 000 საარტილერიო ტყვიას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან, განაცხადა გერმანელმა გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Deutsche Welle-სთან (DW) ინტერვიუში. ფროიდინგმა, რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის დახმარებას გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, განმარტა, რომ ეს პარტია კიევში მოსალოდნელი მიწოდების სამი ეტაპიდან მხოლოდ პირველია. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში, მონტენეგროსთან „გრადსკი არენაზე“ ითამაშებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, მანამდე კიდევ ერთი მატჩი შედგება. იაშვილის თქმით, ჯერ უცნობია, ვის დაუპირისპირდება ჩვენი გუნდი. ამ მომენტისთვის რამდენიმე ნაკრებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს ისევ დორტმუნდში – პორტუგალიას.
ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა სულ მცირე 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან - ბუდანოვი
ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა სულ მცირე 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა,” - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსეთმა იცოდა საიდან მოვიდოდნენ შეიარაღებული ჯგუფები და რომელი ორი ქვეყნის გავლით აღმოჩნდებოდნენ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე. „რისთვის დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო? - რამდენიმე ვარიანტია. პირველი - ეს, როგორც მათთან მიღებულია, [კრემლის] კოშკების “ბრძოლაა”, რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი მოხსნან. სხვა ვარიანტია - მათ ბოლომდე ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, თუ რა მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალურად იქნებოდა, და ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება უნდოდათ”, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, კრემლში მოსკოვის ოლქში სროლაზე უკვე სამჯერ შეცვალეს მომხდარის ვერსიები, ვინაიდან ტერაქტთან ე.წ. “უკრაინული კვალის” რამენაირად მიბმა სურდათ. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა თავად დათესა ქაოსი და თავდაჯერებულად თვლიდა, რომ მის კონტროლირებას შეძლებდა. „გაჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის განმარტებები, რომელმაც პირადად მე დამადანაშაულა და თქვა, რომ საერთოდ, ეს ყველაფერი უკრაინამ ქნა. ეს სისულელეა! მართლაც, თუ ამ მტკივნეულ საკითხს შევეხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტერია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს არ ვუჭერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს,” - განაცხადა ბუდანოვმა.
ევროპის ჩემპიონატზე უკრაინა და პოლონეთიც გავიდნენ
საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზური უკრაინამ და პოლონეთმაც მოიპოვეს. უკრაინელებმა ისლანდიას 2:1 მოუგეს, ხოლო პოლონეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 0:0) 5:4 უელსი დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ოცდაოთხივე მონაწილე ცნობილია. A ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, შოტლანდია, შვეიცარია. B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ალბანეთი, იტალია. C ჯგუფი: სლოვენია, ინგლისი, დანია, სერბეთი. D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, პოლონეთი. F ჯგუფი: ბელგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა. F ჯგუფი: პორტუგალია, თურქეთი, ჩეხეთი, საქართველო.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან. 26 მარტს, საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. ისტორიული გამარჯვების მონაწილეები ემოციური კომენტარებით გამოირჩეოდნენ: ხვიჩა კვარაცხელია: „ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ არაუშავს, ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს. თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყავით.“ „მინდა, გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში!“ - ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები - ქომაგებმა და ფეხბურთელებმა გამარჯვება ერთად იზეიმეს. რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული სცენიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ნაკრების წევრს ოთარ კიტეიშვილს დაბადების დღე მიულოცეს. ფეხბურთელებმა სადღესასწაულო სიმღერა შეასრულეს და ფეხბურთელი ხელში აიტაცეს. მატჩის ერთ-ერთი გმირი, ნახევარმცველი ნიკოლოზ კვეკვესკირია, რომელმაც საბერძნეთთან მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში უკანასკნელი, გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვება მოუპოვა: "ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო, რომელიც ლოგიკურად დასრულდა. ორი თანაბარი გუნდი იყო და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ასეთი ფინალი უფრო საინტერესო და ტკბილია. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, ჩემი თანაგუნდელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა. ჩემს თავში ხმაურიანი სიჩუმე იყო და ვერ გავიგე, რა ხდებოდა..." - თქვა კვეკვესკირმა ფინალის დასრულების შემდეგ. გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართან ერთად, ნაკრებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რომლის ფონზეც ისმოდა კვეკვესკირის და სხვების შეძახილები "აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“ „ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო- მეთქი". ( წყარო: ჟურნალი "ზუგდიდელები“ N 3. 2007 წ.) საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ განაცხადა: „ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია. რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან – არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო. მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს. პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანი არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა.“ სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ კვეკვესკირმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა: „აუცილებლად მინდა აღვნიშნო კვეკვესკირი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტს ტიროდა. მას არ უწევს ბევრი თამაში, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითია ეს ყველაფერი, ძლიერი ხასიათი აჩვენა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს!"
ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის უზრუნველსაყოფად დამატებითი თანხა გამოყო
ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს. გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა. პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ან თვეში ჩავა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად საარტილერიო საბრძოლო მასალის რაოდენობა შეზღუდული არ არის. თავდაპირველად გეგმა მოიცავდა 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენას. საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, მიწოდებული საბრძოლო მასალის რაოდენობა, შეიძლება, თითქმის გაორმაგდეს. ინიციატივას 27 მარტს ოფიციალურად შეუერთდა პორტუგალია, რომელმაც მანამდე გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 100 მილიონ ევროს გამოყოფდა. ჩეხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ და მისმა პორტუგალიელმა კოლეგამ დისტანციურად მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს ლისაბონის მონაწილეობას. მანამდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი დოკუმენტები გააფორმა დანიასთან, კანადასთან და ლატვიასთან. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს ნორვეგიასა და ნიდერლანდებთანაც.
ევროკავშირის ელჩები უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით "ახალ კომპრომისზე" შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან საკვები პროდუქტების უტარიფო იმპორტის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ. კერძოდ, ევროკავშირის ელჩები "შეთანხმდნენ ახალ კომპრომისზე" უკრაინასთან სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს "დაბალანსებულ მიდგომას უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ბაზრების დაცვას შორის." ბელგიის ინფორმაციით, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის ელჩებმა მოახერხეს „დაბალანსებული მიდგომის პოვნა უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის აგრარული ბაზრის დაცვას შორის.“ შეთანხმება, რომელიც დასამტკიცებლად ევროპარლამენტს გადაეცემა, ითვალისწინებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე იმპორტის გადასახადებისა და კვოტების შეჩერების კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 5 ივნისამდე გაგრძელებას. ევროკომისიას შეუძლია მიიღოს გადაუდებელი ზომები და გამოიყენოს ნებისმიერი ბერკეტი, რასაც საჭიროდ ჩათვლის, თუ უკრაინული იმპორტი მნიშვნელოვან შეფერხებებს გამოიწვევს ცალკეული ქვეყნების ან მთელი ევროკავშირის ბაზარზე. რეგულაცია ითვალისწინებს „გადაუდებელ დამუხრუჭებას“ განსაკუთრებით „მოწყვლადი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, კერძოდ ფრინველის, კვერცხის, შაქრის, შვრიის, სიმინდის, მარცვლეულისა და თაფლის იმპორტზე. ევროკომისიამ ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს უკრაინული ხორბლის იმპორტის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. კერძოდ, თუ ამ პროდუქციის იმპორტი 2021 წლის საშუალო მოცულობას გადააჭარბებს, გადასახადები ხელახლა შემოვა. ევროკომისიის გადაუდებელი ზომების ამოქმედების ვადა 14 დღეა.
საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება
საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ის, და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: OneRepublic – 10 მაისი; Scorpions – 31 მაისი, Jungle – 18 აგვისტო. ღონისძიების ორგანიზატორის, „ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე ეტაპობრივად დაიწყება. „Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია. 2024 წლის თანავარსკვლავედის 3 ბენდი უკვე ცნობილია. 10 მაისს Starring Georgia – ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ როკ ბენდი OneRepublic-ი გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კომპოზიციას Apologize უკავშირდება, რომელმაც ბენდს პირველი გრემის ნომინაცია და სადებიუტო ალბომის გამოცემის მოტივაცია მისცა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი Ryan Tedder, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიცაა: Beyoncé, Adele, Taylor Swift, Maroon 5, James Blunt და სხვა. Scorpions – გერმანული, ლეგენდარული ჰარდ-როკ ბენდი, რომელმაც Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო, შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. 18 აგვისტოს Brit Award-ის გამარჯვებული Jungle Black Sea Arena Front Stage-ზე წარდგება“, – ნათქვამია „ბლექ სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ში, ბალტიმორში, სადაც გემი ხიდს შეეჯახა, ორი ადამიანია დაღუპული, ოთხ დაკარგულს ეძებენ
აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა. BBC-ს ინფორმაციით, მაშველებმა ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.გემის შეჯახების მომენტში ხიდზე რვა მუშა იმყოფებოდა.მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ოთხს ამ დრომდე ეძებენ.აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა.
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს. გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესტონეთის პოლიციამ საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის მოქალაქე დააკავა
ესტონეთის პოლიციამ საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დააკავა ესტონეთის მოქალაქე სვეტლანა ბურცევა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Balt News-ის რეპორტიორი იყო - კრემლის მიერ მართული Russia Today-ს (RT) განშტოება, იტყობინება ესტონური გამოცემა Eesti Ekspress-ი. ევროკავშირმა RT-ის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ბურცევა, რომელიც, სავარაუდოდ, სტატიებს წერდა და იღებდა ფოტოებს რუსული სახელმწიფო მედიისთვის, პირველ მარტს დააკავეს მას შემდეგ, რაც ესტონეთის სახელმწიფო პროკურატურამ ბურცევას დაკავების შუამდგომლობა 29 თებერვალს შეიტანა. საქმე მხოლოდ 27 მარტს გახდა საჯარო მას შემდეგ, რაც ბურცევას ადვოკატმა სასამართლო პროცესის მოლოდინში, პატიმრობიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოითხოვა. 57 წლის ბურცევას დაკავების შემდეგ პატიმრობა შეეფარდა, რათა ბრალდებული ქვეყნიდან არ გაქცეულიყო. საოლქო სასამართლო ტალინში, გირაოს თაობაზე სხდომას მომავალი თვის დასაწყისში გამართავს. რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პრორუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში. ევროკავშირის გარდა, RT-ს მაუწყებლობა შეუჩერდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის, კანადასა და ავსტრალიაში. ვიდეო-სერვისმა Youtube-მა 2022 წლის მარტში ასევე დაუბლოკა RT-ს და სხვა რუსულ არხებს სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება. 16 იანვარს ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პროფესორი დააკავა.
შოლცმა პუტინთან ბოლო სატელეფონო კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა. ამის შესახებ თავად შოლცმა ისაუბრა გაზეთ Markische Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ შოლცმა განაცხადა: „ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი იყო 2022 წლის დეკემბერში - მანამდე უფრო ხშირად ვესაუბრებოდით ერთმანეთს.“ კანცლერმა დაამატა, რომ ომამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი "პირისპირ საუბრობდნენ მოსკოვში" ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ, შოლცმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, უკრაინა, ამჟამად უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანს.“ „მაგრამ ნება მომეცით, ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი,” - აღნიშნა შოლცმა. შეგახსენებთ, რუსეთში უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები აამოქმედა. გერმანია უკრაინისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გერმანელი გენერალ-მაიორი: უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ტაქტიკა უფრო მოქნილი გახდა
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა უკრაინის ფრონტზე არსებულ მდგომარეობას საკმაოდ დაძაბული უწოდა. მისი თქმით, ახლა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აიღეს ინიციატივა ხმელეთზე და ჰაერში, მაგრამ უკრაინული ძალები „სტაბილურ თავდაცვას“ ინარჩუნებენ. ფროიდინგმა განმარტა, რომ ბოლო კვირებსა და თვეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ტაქტიკა უფრო მოქნილი გახდა, თავდაცვა უფრო მობილურია. „ეს ნიშნავს, რომ უკრაინის არმია მზადაა, დათმოს გარკვეული სივრცე შეზღუდული მასშტაბით, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ძალები და ხელახლა მოემზადოს თავდაცვისთვის,“ - განმარტა მან DW-სთან ინტერვიუში. „ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას გასვლის დროსაც კი, რაც ძალიან მოწესრიგებულად ხდება.“ თებერვლის დასაწყისში ფროიდინგმა განაცხადა, რომ უკრაინას მობილიზება სჭირდებოდა ბრძოლის ველზე დანაკარგების შესავსებად და საბრძოლო ნაწილების აღსადგენად. მას ასევე მიაჩნია, რომ უკრაინელ სამხედროებს ძალუძთ ომის დასრულება ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებით. იმ საჭიროებებს შორის, რაც უკრაინას ყველაზე მეტად გამოადგება რუსული აგრესიის წარმატებით დასამარცხებლად, მან დაასახელა „საარტილერიო ჭურვები, საბრძოლო მასალები და რაკეტები არსებული საზენიტო თავდაცვის სისტემებისთვის (APD), ასევე ჯავშანტექნიკა და მანქანები. გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინას გადასცემს 10 000 საარტილერიო ტყვიას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან, განაცხადა გერმანელმა გენერალმა ამავე ინტერვიუში. ფროიდინგმა, რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის დახმარებას გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, განმარტა, რომ ეს პარტია კიევში მოსალოდნელი მიწოდების სამი ეტაპიდან მხოლოდ პირველია.
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსი დაინიშნა
ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტამდე, პირველად დაინიშნა ავტობუსი, რომელიც მგზავრებს მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 3 ერთეული ავტობუსი აეროპორტის მგზავრებს ქუთაისის ცენტრიდან დღეიდან, 28 მარტიდან მოემსახურება. მგზავრობის ღირებულება ხუთი ლარი იქნება. Isuzi Novociti life-ის მოდელის სამი, რვამეტრიანი ავტობუსი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2024 წლის თებერვალში „ჯი-თი გრუპისგან“ შეიძინა და ჯამში, 1 398 000 ლარი გადაიხადა. ავტობუსი თურქეთშია წარმოებული. ზუსტად ამ მოდელის ავტობუსები ემსახურება თბილისის მოსახლეობას მცირე მანძილებზე. ავტობუსი მგზავრებს ქუთაისიდან, DMO იმერეთის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის 9 ა-დან წაიყვანს და იმავე მისამართზე წამოიყვანს აეროპორტიდანაც. ცნობისთვის, აეროპორტი 12 წლის წინ გაიხსნა, ქუთაისიდან აეროპორტამდე მოხვედრა ამ დრომდე მხოლოდ ტაქსით, კერძო ავტომობილით, ან დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იყო შესაძლებელი, მაგალითად, ქუთაისი-სამტრედიის მიკროავტობუსით.
აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოებაზე
აშშ სთხოვს მოკავშირეებს ჩინეთში Chip Gear-ის სერვისის გამკაცრებას Huawei-ის ტექნიკურმა მიღწევამ ამერიკელი ოფიციალური პირები გააკვირვა ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ იაპონიამ და ჰოლანდიამ კიდევ შეასუსტონ ჩინეთის შესაძლებლობები აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოებაზე. ვაშინგტონი ითხოვს, აიკრძალოს ძირითად კომპონენტებზე მომსახურება. შეერთებულმა შტატებმა სთხოვა თავის მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოების აღჭურვილობის მომსახურებაზე. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს აღჭურვილობის მიმწოდებლების შეზღუდვას ნაკლებად კრიტიკული ნაწილების მომსახურებაში, რომელთა შეკეთება ჩინურ კომპანიებს თავად შეუძლიათ. Bloomberg News იტყობინება, რომ Huawei და მისი ჩიპების მწარმოებელი პარტნიორი Semiconductor Manufacturing International Corp-ი, წარმოებისთვის ეყრდნობოდნენ უცხოურ აღჭურვილობას, ამერიკელი მომწოდებლებისგან, როგორიცაა, Applied Materials Inc. და ჰოლანდიური მწარმოებელი ASML Holding NV. 2023 წელს Huawei-ს წარმატების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ზეწოლა მოკავშირეებზე, რათა შეეზღუდათ ჩინეთის წვდომა მოწინავე ტექნოლოგიებზე. ვაშინგტონმა აკრძალა Applied Materials-სა და სხვა ამერიკულ კომპანიებს თავიანთი აღჭურვილობის მომსახურეობა იმ საწარმოებში, რომლებიც შეერთებულის შტატების შავ სიაშია. ამავდროულად, ნიდერლანდებსა და იაპონიას არ აქვთ მსგავსი შეზღუდვები თავიანთ კომპანიებზე. აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს რამდენიმე ჩინური ნახევარგამტარული ფირმის შავ სიაში შეყვანას, რომლებიც დაკავშირებულია Huawei Technologies Co.-სთან, მას შემდეგ, რაც ტელეკომის გიგანტმა შარშან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა, აცხადებენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული ადამიანები.
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში შობადობა 5%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის, 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხუთი პროცენტით. საქსტატის ცნობით, 2023 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 13 697 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 226 ბავშვი. უწყების ანგარიშის მიხედვით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე. 2023 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან ექვს პროცენტამდე გაიზარდა. 2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229 კაცი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი). ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა — 9.5 პრომილე. 2023 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა. 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14,5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29,7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის —32,1 წელს. რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3,1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.