ძებნის რეზულტატი:
სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. მოცემულ ეტაპზე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი. ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. პროექტი ოთხ მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს - არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი
„არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს“ - აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შანსს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად იქცეს და ჰაბის სტატუსი შეიძინოს. როგორც დიანა მონდინომ აღნიშნა, განვითარების გზაზე, საქართველოს ლათინური ამერიკის იმედი უნდა ჰქონდეს. არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და არგენტინას ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის, ის რომ ორივე ქვეყანას საუკეთესო ღვინო აქვს. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ შევძლოთ თანამშრომლობის ახალი გზებისა და პერსპექტივების დასახვა,“ - დასძინა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოჯახის განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართავენ
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარეს გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ გააჩნია, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კადრებში, რომელიც პოლიციის მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ჩანს ლაზარე გრიგორიადისი. „დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის არსებითი განხილვის დროს არაერთი მტკიცებულება გამოიკვეთა, როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასვე მოწმეებმა მისცეს ჩვენება სასამართლო პროცესზე. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ,” - განაცხადა თამარ იაკობიძემ. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, დაცვის მხარეს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს. როგორც მან ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, დაცვის მხარე მეორე დღესვე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. „დაცვის მხარე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აპელირებდა, რომ პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს წარმოდგენილი საერთოდ არ აქვს, რომელიც ლაზარე გრიგორიადიდის ბრალეულობას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, მოცემული საქმე იმდენად პოლიტიკურია, ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს. მსჯავრდებულს მერე რჩება უფლება, რომ შეწყალების თხოვნით მეორე დღესვე მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. თუ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს,” - განაცხადა ადვოკატმა. ოჯახი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართავს. როგორც ბრალდებულის დედამ თამთა კალანდაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მისი შვილი მთავრობის ტყვეა. „ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7-9 მარტს აქციებზე, მაგრამ მან, ალბათ, თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგანაც ვიღაც ერთი სჭირდებოდათ, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და უკვე ერთი წელია ლაზარე საპყრობილეშია. ვფიქრობ, ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. კადრებში ლაზარე არის, მაგრამ პროკურატურა ვერ ამტკიცებს, რომ ლაზარე “მოლოტოვის” ისვრის და მანქანას წვავს,” - განაცხადა თამთა კალანდაძემ. ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან." მისივე თქმით, თუ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართავს. “სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, რომ ლაზარე შეიწყალოს. იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ აქვს გამოძიებას, რომ ეს დანაშაული ლაზარემ ჩაიდინა. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა. ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კადრებში ჩემი თვალით რაც დავინახე, იქ ლაზარე საერთოდ არ ჩანს. არ არსებობს ისეთი კადრი, სადაც ლაზარე ან “მოლოტივის კოქტეილს” ისვრის ან მანქანას ცეცხლს უკიდებს”, - განაცხადა გია კალანდაძემ. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექიმი: შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ საგანგაშო არაფერია
საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა. „ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი. რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება," - განაცხადა დავით ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში. 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც გერმანია მასპინძლობს, პირველად ითამაშებს.
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება: Georgian Airways: • თბილისი – მიუნხენი – თბილისი – სამი სიხშირე; • თბილისი – ბერლინი – თბილისი – ორი სიხშირე კვირაში. Wizz Air: • ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე; • ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე; • ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე; • ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე; • ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე. Lufthansa: • მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – ათი სიხშირე კვირაში. Eurowings: • ბერლინი – თბილისი – ბერლინი – ერთი სიხშირე კვირაში; • დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – ორი სიხშირე კვირაში. სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებით ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა მიზეზი არ აქვს, რის გამოც, შესაძლოა, ის სხდომაზე არ გამოცხადდეს და ამიტომ, ონლაინ მოხდეს მისი ჩართვა. „ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება,” - განაცხადა ზვიად შარაძემ. ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად. „ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს და თავისი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება. ამიტომ, გადაწყვიტა, და მგონი ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ. მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა და დაველოდებით ახლა 8 აპრილს. აღნიშნული ემსახურება იმას, რომ ყოველთვის გვაჩვენონ, რომ "ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ და ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნება." მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, დაველოდოთ 8 აპრილს. თუმცა, თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილ," - განაცხადა ბრალდებულის დედამ. სასამართლო 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.
მედია: სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოს დაუბრუნებს
სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის დასაბრუნებლად ემზადება. ყოველდღიურ სომხურ გაზეთ Zhoghovurd-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი მზად არის, საზღვრების დემარკაცია მოახდინოს არამხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ, საქართველოსთანაც. „ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ ჯილიზას, რომელიც მდებარეობს ალავერდის რაიონში. ეს საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განიხილა. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ. 1996 წლიდან კი, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს,“ წერს მედია. საკითხთან დაკავშირებით მედია ასევე ავრცელებს ფაშინიანის პრესმდივნის კომენტარსაც, რომელიც საქართველოსა და სომხეთის პრემიერების საუბრების დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. „პრემიერმა თავის განცხადებაში თქვა, რაც მათ განიხილეს. საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის შესახებ განიხილეს დემარკაციის თემა. ზოგადად განიხილეს, რომ დემარკაცია უნდა იყოს,“ ამბობს სპიკერი. ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევამ რუსეთს ბენზინის წარმოება 14%-ით შეუმცირა
რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეული შდეგების გამო შემცირებას განაგრძოს ბენზინის და დიზელის საწვავის წარმოება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. 18-24 მარტის კვირაში რუსეთის ქარხნებმა აწარმოეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთმა აწარმოა 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის მარტის ბოლოსთვის ბენზინის წარმოების წლიური კლება 14%-ია, ხოლო დიზელის საწვავის - 7%. გასულ კვირაში გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერდა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოიყვანეს საავტომობილო საწვავის წარმოების 16%. 2024 წლის მარტის დასაწყისიდან დრონებით შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მათ შორის კომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ ქარხნებზე რიაზანის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. ეს საწარმოები, რომლებსაც დრონებით დარტყმით გამოწვეული ხანძრის შედეგად პირველადი გადამუშავების დანადგარები დაუზიანდა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პირველ ათეულში არიან და ბენზინით მოსკოვს ამარაგებენ. გამოცემა „ინსაიდერის“ ცნობით, 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის 10 რეგიონში დრონებით შეტევა იყო 15 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 192 მილიონი ტონაა. უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გახშირებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ამასთან, ბოლო ხანს არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ ეს უკრაინის სპეცოპერაციაა. ერთ-ერთი ასეთი წყაროს თანახმად, მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა მოწინააღმდეგეს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც რუსეთი ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს. ვაშინგტონს კიევისთვის არ უთხოვია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის შეწყვეტა - პოდოლიაკი
ბაკურიანში, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთვება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა. „არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი: ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ესაა NGO-სექტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის საქართველოს ენჯეოსექტორი. პაპუაშვილის თქმით, ასევე, შესამოწმებელია ყოფილი სახალხო დამცველის კეთილსინდისიერება. „დაფინანსების წყაროები გაუმჭვირვალეა, ეს პრობლემა კიდევ ცალკე დგას. თავისივე შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. „მილიონი შეხვედრა შედგა მათ შორის ღია და დახურული, ქართველ „ენჯეოებთან“ და ოპოზიციასთან და უცხოელებთან. ვარწმუნებ ქართველ ხალხს, არცერთ ასეთ შეხვედრაზე ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემის შესახებ, პირიქით, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, ის დონორები, „ენჯეოები“, ის ოპოზიცია, რომელიც თავს ესხმოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას. მიზანში ჰყავდათ ამოღებული ლაშა ჩხიკვაძე და ცდილობდნენ მორალურად გაენადგურებინათ, ამაში იხარჯებოდა ევროპული და ამერიკული ფული. როცა ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტზე, ეს არის სტანდარტი, რომ ადამიანის მორალურ განადგურებაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული? დღეს არავინ არც კი კადრულობს, რომ ბოდიში მოხადონ. ვიდრე ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პაველ ჰერჩინსკი: ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით
წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო, სამხრეთ კორეამ თებერვალში ყაზახური CPC Blend-ის კლასის ნავთობის იმპორტი შეაჩერა
სამხრეთ კორეამ აზიის მესამე უმსხვილეს ნედლეულის იმპორტიორ, ყაზახეთის ნავთობის (CPC Blend) შესყიდვა შეაჩერა. „ლოგისტიკა ნავთობის შესყიდვისთვის ძალიან ძვირი და არაეფექტიანია წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების მუდმივი პრობლემების ფონზე,“ განაცხადეს Spglobal-ის წყაროებმა. სამხრეთ კორეა ნედლი ნავთობის მუდმივი მომხმარებელი იყო. თუმცა, თებერვალში ნულოვანი გადაზიდვები დაფიქსირდა, რაც იყიო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო ნავთობის მიღება 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. სამხრეთ კორეის ტოპ გადამამუშავებელმა SK Innovation-მა და მისმა გადაზიდვის შვილობილმა SK Shipping-მა აღნიშნეს, რომ ყაზახეთის (CPC Blend) ნედლეულის გადაზიდვებისთვის ლოგისტიკური ხარჯების მკვეთრი ზრდა დიდი შეშფოთებაა და ისინი ყურადღებით განაგრძობენ რისკების შეფასებას. სამხრეთ კორეამ შეიძლება, კვლავ მიიღოს რამდენიმე ტვირთი უახლოეს თვეებში, რადგან ჩამოსვლის შეფერხებებიც ფიქსირდება, რადგან როგორც ცნობილია, გადამზიდავები კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.) მოძრაობენ. „თუმცა, მოსალოდნელია, რომ გადამამუშავებელი მწარმოებლები მნიშვნელოვნად შეამცირებენ CPC Blend ნედლი ნავთობის შესყიდვებს მომავალში, ამბობე სეულში დაფუძნებული Korea Petroleum Association-ის ანალიტიკოსები. როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.
საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი: საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულია
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „შენი ქვეყნისთვის თამაში როგორი გრძნობაა, ამას ახსნა არ სჭირდება. საბერძნეთის გუნდი ჩვენთვის რაღაც მეტია – ეს პატივია, პასუხისმგებლობაა, სიამაყეა, სიყვარულია. ამბობენ, რომ ყველაზე მეტ ტკივილს სწორედ სიყვარული გაყენებს. ეს მართალია. ამასაც არ სჭირდება ახსნა. საქართველოსთან წაგება კი, ძალიან მტკივნეულია. თუმცა, პასუხისმგებლობა ვალდებულებებსაც გულისხმობს – პირველ რიგში ის, რომ რთულ დროს არ დანებდე. გუნდს წინ უნდა წაუძღვე და გამარჯვება შთააგონო. ეს არის ის, რასაც ჩვენ სამომავლოდ მაინც ვაპირებთ. მიზანი ძალიან კონკრეტულია. საბერძნეთი მთავარ საფეხბურთო ტურნირებზე უნდა დავაბრუნოთ. ამჯერად ეს ვერ შევძელით. ყველაზე მეტად თავად დავინახეთ, რაც დავაშავეთ და არასწორად რა გავაკეთეთ. თუმცა, მაქსიმუმისთვის ბრძოლაზე უარს არ ვამბობთ. გვჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია,“ – დაწერა საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად საჯარიმო „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველმა შეასრულა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია. გამარჯვების გოლი (4:2) კვეკვესკირმა გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა.
კულება ინდოეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ინდოეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია კულებას პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. დმიტრო კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით იმყოფება. კულება ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება „მშვიდობის ფორმულას" დაეთმობა. „ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნარენდრა მოდის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშვიდობის ფორმულას დავუთმობთ,“ - წერს დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე. ნიუ დელი რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების ფონზე, დიპლომატიური გადაწყვეტისს მოწოდებით გამოდის. ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი დასავლური სანქციების შემდეგ, თუმცა აშშ-ის სანქციების ზეწოლა სულ უფრო მეტად ემუქრება ამ ვაჭრობას და ინდოეთს უწევს, უარი თქვას რუსული ნავთობით მოვაჭრე ტანკერების მომსახურებაზე. ამავდროულად, უკრაინა ცდილობს, ჩაერთოს ინდოეთთან და მოიპოვოს მისი მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულისთვის, ისევე როგორც სხვა ეკონომიკური პარტნიორობისთვის. „უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კავშირებს გავაძლიერებთ,“ წერს კულება. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთში ეს მისი პირველი ვიზიტია. ინდოეთში ვიზიტის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევი განიხილავს ნიუ დელის, როგორც "მნიშვნელოვან გლობალურ პარტნიორს", რომელსაც აქვს "ძლიერი საერთაშორისო ხმა." უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს ინდოეთ-უკრაინის კავშირებს. „ეს იქნება ჩემი პირველი ვიზიტი ინდოეთში და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. მიზანი ინდოეთ-უკრაინის ურთიერთობების გაძლიერებაა,“ აღნიშნა კულებამ.
ოკუპირებულ სოხუმში, აეროპორტის ტერიტორიასთან მცხოვრებთა გასახლება იგეგმება
ოკუოპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივთა გასახლებას გეგმავს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. როგორც ადილობრივი ტელეგრამ არხი 9Абхазский Портал) წერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუხ ნანბა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ 26 მარტს შეხვდა. ტელეგრამ არხისვე ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჯანსუხ ნანბასთან უკმაყოფილება გამოთქვა მათი გადასახლების განცხადებასთან დაკავშირებით. „შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ კომპენსაციის შემთხვევაშიც კი, ამას ყველა არ ეთანხმება,“ — აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან, დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაციაც ამოიღო შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
რუსეთის პატრიარქის ხელმძღვანელობით მოქმედმა საბჭომ დაასკვნა, რომ „უკრაინის მთელი ტერიტორია მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში უნდა შევიდეს“
27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“ ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მონაწილეობს მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე. როგორც აღნიშნავენ, დოკუმენტში დამტკიცდა ყრილობაზე, რომელიც 27 მარტს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ კირილის თავმჯდომარეობით გაიმართა. დოკუმენტს ეწოდება "ბრძანება, რომელიც მიმართულია რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი." დოკუმენტის პირველი ნაწილი ომს ეთმობა (დოკუმენტში მას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჰქვია). ომი გამოცხადებულია "რუსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპად კრიმინალური „კიევის რეჟიმისა“ და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც იწარმოება „სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მიწებზე.“ დოკუმენტი ასევე ასახავს „რუსული სამყაროს“ კონცეფციას. მასში ნათქვამია, რომ რუსული სამყაროს საზღვრები, „როგორც სულიერი, კულტურული და ცივილიზაციური ფენომენისა,“ „მნიშვნელოვნად უფრო ფართოა, ვიდრე ამჟამინდელი რუსეთის ფედერაციის და დიდი ისტორიული რუსეთის სახელმწიფო საზღვრები.“ რუსულ სამყაროზეც ამბობენ, რომ მისი ფუნქციაა, იყოს გლობალური „შემკავებელი“. ტექსტის ავტორების აზრით, რუსეთი „ახალ მრავალპოლარულ სამყაროში უსაფრთხოებისა და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის როლს უნდა ასრულებდეს.“ დოკუმენტის ავტორებს ასევე სჯერათ, რომ ბელორუსები და უკრაინელები მხოლოდ რუსების სუბეთნიკურ ჯგუფებად უნდა აღიარონ. ასევე შემოთავაზებულია რუსეთში თავშესაფრის მიცემა „მილიონობით უცხოელისთვის, რომლებიც იცავენ ტრადიციულ ღირებულებებს.“ ცნობისთვის, პატრიარქ კირილს ომის დაწყების შემდეგ, პირდაპირი სიტყვებით მხარი არ დაუჭერია რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, თუმცა, დროთა განმავლობაში, მან სულ უფრო დაიწყო ლაპარაკი უკრაინისა და დასავლეთის დაგმობაზე და ომის გარკვეულ სულიერ მნიშვნელობაზე საუბარი. შემდგომში მან თქვა, რომ ყველა ეკლესიაში უნდა წაეკითხათ ლოცვა „წმინდა რუსეთის გამარჯვებაზე“ და ვინც უარს იტყოდა ამაზე, დაექვემდებარებოდნენ სანქციებს, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. ცივილიზებული სამყარო პუტინს და რუსეთის არმიის ჯარისკაცებს ომის დამნაშავედ თვლის.
კერძო ფრენების საქმის გამოძიების ფონზე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა
პრემიერ-მინისტრობის პერიოდში პირადი თვითმფრინავების გამოყენების ფაქტზე მზარდი კრიტიკისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას 10 აპრილიდან დატოვებს, იტყობინება ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი LSM. Reuters-ის ცნობით, გადადგომა მოჰყვა ლატვიის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებას, დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება კარინშის საჰაერო მოგზაურობის ხარჯებზე, მათ შორის, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს კერძო თვითმფრინავების გამოყენებაზე. 2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, კრიშიანის კარინში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, კერძო თვითმფრინავებით 32-ჯერ გაფრინდა, რაც ბიუჯეტს 613 ათასი ევრო დაუჯდა. კრიშიანის კარინში ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2019-2023 წლებში იყო. ლატვიის ყოფილი პრემიერის მიერ კერძო თვითმფრინავების დაქირავებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
უკრაინის სამხედრო დაზვერვა: მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ ტერორისტულმა თავდასხმამ, შეიძლება, ქვეყანაში მოქალაქეთა უფლებების ბოლო ნარჩენების მოშლა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალების გადანაწილება გამოიწვიოს. მისივე შეფასებით, რუსეთის ლიდერმა საკუთარ გარემოცვას აჩვენა, რომ ვერ აკონტროლებს სიტუაციას რუსეთის ფედერაციაში. „სახელმწიფომ, რომელიც ხარჯავს უზარმაზარ რესურსებს უსაფრთხოების ძალებზე და სადაზვერვო სამსახურების დაფინანსებაზე, საბოლოოდ სათანადოდაც ვერ უპასუხა საჯარო შეტყობინებებზე. პუტინის კლასიკური ამომრჩეველის და თუნდაც მისი მხარდამჭერის თვალსაზრისით, რომელიც შესაძლოა მხარს უჭერდა მას „ძლიერი ხელის“ გამო, იმის გამო, რომ მას ქვეყანაში წესრიგის აღდგენა შეუძლია, ეს სრული კრახია,“ - აღნიშნა ანდრი იუსოვმა.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების მსხვილ პაკეტს უგზავნის
დღეს, 28 მარტს, გერმანიამ განაახლა სამხედრო დახმარების ის სია, რომელიც უკვე გადასცა უკრაინას. სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ახალ თვითმფრინავებს, ტანკებისთვის განკუთვნილ ჭურვებსა და არტილერიას. პაკეტში ასევე შედის SATCOM-ის სათვალთვალო სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2056 RGW90 Matador ყუმბარმტყორცნი და 70 GMG ყუმბარმტყორცნი და სხვა აღჭურვილობა. გერმანიის მთავრობამ ასევე განაახლა იმ დახმარების სია, რომელიც უკრაინას მომავალში მიეწოდება. მათ შორის არის რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 20 Marder-ის ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია უახლოეს დღეებში ბუნდესვერის არსენალებიდან 10-ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის უკრაინაში გადატანას გეგმავს. მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომლის ღირებულება 500 მილიონ ევროს შეადგენს.
აზერბაიჯანი და თურქეთი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ერთობლივ ფილმს გადაიღებენ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოს სააგენტოს (ARKA) და ცნობილ თურქულ კინოკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება ARKA. მემორანდუმი სააგენტოსა და თურქეთის ცნობილ კინოკომპანიებს Skala Film Production-სა და Tulpar Film-ს შორის გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, დაგეგმილია ერთობლივი ფილმის, სახელწოდებით - Altin Qatar (ოქროს მატარებელი) წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე გამოვა. ფილმი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მე-20 საუკუნის დასაწყისის ურთიერთობს შეეხება. თურქული კომპანიები აზერბაიჯანის კინოინდუსტრიაში ინვესტიციებს პირველად ახორციელებენ. ფილმს ფინანსურ მხარდაჭერას თურქები გაუწევენ. მემორანდუმში ასევე ასახულია TURKSOY-ის წევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერის მიღების საკითხიც.
რა საკითხები განიხილეს NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომაზე
დღეს, 28 მარტს, NATO-უკრაინის საბჭო ელჩების დონეზე შეიკრიბა. უკრაინის მისიის ცნობით, განხილვის თემა იყო რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა. შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოკავშირეებს გააცნო რუსეთის თავდასხმის შედეგები და უკრაინის მიერ გატარებული საპასუხო ზომები. მინისტრმა ასევე მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომ უკრაინას მიაწოდონ: დამატებითი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები; რაკეტები ამ სისტემებისთვის. რუსული სარაკეტო თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ჯარები უკრაინას ყოველდღიურად უტევენ. რუსი ოკუპანტები აქტიურად იყენებენ „შაჰედის“ ტიპის თვითმფრინავებს და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიმართავენ მასიურ სარაკეტო თავდასხმებს. 22 მარტის ღამეს, რუსებმა ერთობლივი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მიაყენეს უკრაინას 151 საჰაერო თავდასხმის თვითმფრინავის გამოყენებით. თავდასხმის დროს რუსებმა დაბომბეს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები. რუსეთმა დააზიანა ზაპოროჟიეში, დნეპროს ჰიდროელექტროსადგური. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ხარკოვშია. NPC Ukrenergo-ს გამგეობის თავმჯდომარის ვოლოდიმირ კუდრიცკის თქმით, მოსალოდნელია, რომ ელექტრომომარაგების აღდგენას ორ კვირამდე დასჭირდება.