ძებნის რეზულტატი:

მაკრონი: მოსკოვთან ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება ცინიკური და კონტრპროდუქტიულია თავად რუსეთისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, უკრაინის დადანაშაულების მცდელობა "ცინიკური და კონტრპროდუქტიულია." მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. „ვფიქრობ, რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ," აღნიშნა მაკრონმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, მაგრამ რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება და მისი თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმთან.“ მაკრონის თქმით კი, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

ძლიერი თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  

რუსები უფრო მეტ აფეთქებას უნდა ელოდონ, მეტი "სპეციალური ოპერაცია" იქნება წლის ბოლომდე - მალიუკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი წარმომადგენელი პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი "სპეციალური ოპერაცია" იქნება წლის ბოლომდე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილ მალიუკი ამბობს, რომ წელს ახალი სპეცოპერაციები ჩატარდება, რათა რუსეთს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ. მალიუკმა ICTV-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „რუსები უფრო მეტ აფეთქებას უნდა ელოდონ...“ ამბობს მალიუკი. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი, უსაფრთხოების უწყებებმა გაანადგურეს 809 რუსული ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა და ელექტრონული ომის სისტემები.  როგორც ცნობილია, SBU-მ უკვე შეუტია 13 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, რათა შეემცირებინა რუსეთის მოგება, რითაც ომს აწარმოებს. უკრაინის დარტყმების შემდეგ, რუსეთი აღარ იყენებს ყირიმის ხიდს იარაღის გადასატანად - ვასილი მალიუკი რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.  

ახალი ზელანდია ჩინეთს, ჰაკერული ჯგუფის გამოყენებით საგარეო ჩარევაში ადანაშაულებს

ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის მთავრობასთან, სახელმწიფოს მიერ ჰაკერული ჯგუფის დაფინანსების გამო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა და რომლის ჩართულობაც გამოიკვეთა  ახალი ზელანდიის პარლამენტში, 2021 წელს. ბრიტანეთი და აშშ ჩინეთს ასევე ადანაშაულებენ ფართო კიბერჯაშუშობის კამპანიაში. როგორც ახალმა ზელანდიამ, ასევე ავსტრალიამ დაგმეს უფრო ფართო აქტივობა. „ამგვარი საგარეო ჩარევა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, თავი შეიკაოს მომავალში მსგავსი ქმედებებისგან,“ - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პეტერსმა. მისი თქმით, ჩინეთის ელჩს გადაეცა შეშფოთება ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯგუფების გამო, რომელთა სამიზნე იყო დემოკრატიულ ინსტიტუტები როგორც ახალ ზელანდიაში, ასევე, გაერთიანებულ სამეფოში. ახალი ზელანდიის დაზვერვის მაღალჩინოსანმა სამშაბათს საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა „ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე.“ ახალ ზელანდიაში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი უარყოფენ "ცალსახად ასეთ უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს." „ჩვენ არასდროს ჩავერევით და არც მომავალში ჩავერევით სხვა ქვეყნების, მათ შორის, ახალი ზელანდიის საშინაო საქმეებში. ჩინეთის საგარეო ჩარევაში დადანაშაულება სრული აბსურდია,“ აღნიშნა სპიკერმა. აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმების გამო, სანქციებს აწესებენ  

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა. BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა ტოკიომ ათწლეულების განმავლობაში არსებული პაციფისტური საგარეო პოლიტიკის შემდეგ პირველად გადაწყვიტა, გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიასთან ერთობლივად შექმნილი მოიერიშე თვითმფრინავები გაყიდოს. თითოეული თვითმფრინავის ექსპორტზე გასატანად აუცილებელი იქნება იაპონიის მინისტრთა კაბინეტის სრული მხარდაჭერა. ქვეყნის კაბინეტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის სამხედრო ხარჯების გაორმაგებას გულისხმობს.  

აშშ-ში, ბალტიმორის ხიდი ჩაინგრა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდი მთლიანად ჩაინგრა მას შემდეგ, რაც საკოინტენერო გემის ავარია მოხდა. ბალტიმორის სახანძრო სამსახური ამ წუთებში ადგილზე იმყოფება - მათი თქმით, შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა მდინარეში ჩავარდა. სახანძრო დეპარტამენტი ამბობს, რომ დიდი ხომალდი ფრენსის სკოტ კიის ხიდის სვეტს დაახლოებით 01:30 ET (05:30 GMT) საათზე დაეჯახა. როგორც BBC იუწყება, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ახლა მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია.    

რის დამტკიცებას ცდილობს კრემლის პროპაგანდა და რას უქადის რუსეთს ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება - ISW-ს ანალიზი

ISW: კრემლის მიერ მოსკოვის ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას ISW-ის შეფასებით, როგორც ჩანს, კრემლმა 22 მარტის თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება პრიორიტეტულად მიიჩნია.  ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში უკრაინის ჩართულობას რუსეთი დაჟინებით ამტკიცებს, რასაც წინ უძღვის კრემლის მრავალწლიანი მცდელობა, გაამართლოს თავისი სრულმასშტაბიანი შეჭრა იმით, რომ თითქოს, სუვერენული „უკრაინა რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.“ რუსეთის ხელისუფლებამ Crocus City-ის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შემდეგ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. მათ ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენაში ედებათ. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდა. მასიურ სროლაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო. ISW მიიჩნევს, რომ კრემლი და მისი ულტრანაციონალისტური მოკავშირეები უგულებელყოფენ სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მოჰყვება IS-ის და IS-K-ის მოქმედებებს რუსეთში. ამის ნაცვლად, ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ უკრაინის მიმართ ცრუ ბრალდებას, რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოების აღქმაზე. ამავდროულად, რუსი ლიდერები ინარჩუნებენ ხელმისაწვდომობას უმცირესობათა თემებზე, რომლებიც პოტენციურად დაუცველნი არიან ექსტრემისტული ჯგუფების მიერ რეკრუტირებისთვის და მათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის რესურსად ხედავენ. 24 და 25 მარტს რუსმა ულტრანაციონალისტმა სამხედრო ბლოგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უსაფუძვლო პრეტენზიები, რომელიც უკრაინას ადანაშაულებს თავდასხმაში. მან გაიმეორა სხვა ულტრანაციონალისტური მტკიცებულებები და ვარაუდები, რომ IS-ს და IS-K-ს არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ ისეთი მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმა, როგორიც იყო Crocus-ში. ისინი ამტკიცებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცება უკრაინის და დასავლეთის სავარაუდო ჩართულობის დამალვას ემსახურება.  CBS: ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთში თავდასხმა ISIS-მა მოაწყო რუსული პროპაგანდა ასევე ამტკიცებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა უკრაინაში მომზადებული „ფანჯრის“ მეშვეობით გაქცევა განიზრახეს. შეთქმულების თეორია ვერ ხსნის, თუ რატომ არჩევდნენ 16 ქვეყნიდან, რომელთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს, გაქცევას საზღვრის ერთადერთი მონაკვეთით, რომელიც არის აქტიური საომარი ზონა და ძლიერ გამაგრებული და პატრულირებული რუსი სამხედროების მიერ.  25 მარტს რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი სასტიკი თავდასხმა "რადიკალურ ისლამისტებს" მიაწერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ემხრობიან იდეოლოგიას, რომელსაც ისლამური სამყაროც კი ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა. ამავე დროს, პუტინმა გაიმეორა თავისი ვარაუდი, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი უკრაინაა. ცნობისთვის, მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი 22 მარტის საღამოს გახსნა, რუსეთის ხელისუფლების უახლესი ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ 139 ადამიანი დაიღუპა. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

უკრაინელებმა რუსების მიერ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს მიტაცებულ სადესანტო ხომალდზე იერიში მიიტანეს - საზღვაო ძალები

უკრაინელმა სამხედროებმა ნეპტუნის სარაკეტო სისტემით შეუტიეს დიდ სადესანტო ხომალდ „კონსტანტინე ოლშანსკის“. უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერის, დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, ის ოკუპანტებმა 2014 წელს ყირიმში დაიპყრეს და უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის უნდა გამოეყენებინათ. „სამწუხაროდ, ეს ხომალდი უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ. ამიტომ გადაწყდა, რომ ამ ქვედანაყოფს ჩვენი ნეპტუნით დავსხმოდით თავს და ისიც მოხვდა. ზარალი ზუსტდება, მაგრამ გემი დაზიანდა, ახლა ის საბრძოლო მზადყოფნაში არ არის,“ - ამბობს პლეტენჩუკი. როგორც პლეტენჩუკი იხსენებს, „კონსტანტინე ოლშანსკი„ არის უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც რუსეთის ჯარებმა 10 წლის წინ, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს დაიპყრეს. ”ცხრა წლის განმავლობაში ის იდგა სევასტოპოლის ყურეში, სათადარიგო ნაწილებისთვის დემონტაჟი და ძარცვა ხდებოდა. ომის მე-10 წელს მისი აღდგენა გადაწყვიტეს. ერთი წლის განმავლობაში იგი მშრალ-ნავსადგომზე დაამონტაჟეს და აღადგინეს,“ - ამბობს პლეტენჩუკი. მაგრამ, როგორც სპიკერი დასძენს, ამ სამუშაოს მიზანი იყო მონაცემების გაყალბება, რათა მოსკოვის ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინათ, რომ მათ აღადგინეს ერთ-ერთი საკუთარი საბრძოლო ხომალდი. 25 მარტს უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული საბრძოლო ხომალდის „იამალის“ დაზიანება კრიტიკულია. თავის მხრივ, სამხრეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ რუსული ლოგისტიკა და ჯარების მენეჯმენტი მნიშვნელოვნად დაზიანდა იამალზე და აზოვზე თავდასხმის შედეგად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დარტყმის დროს შესაძლოა დაზიანებულიყო კიდევ ერთი რუსული გემი, „ივან ხურსი“.  

მაკრონი მოსკოვთან მომხდარ ტერაქტზე „პუტინის ვერსიას“ უარყოფს და რუსეთს ISIS-თან ბრძოლაში თანამშრომლობას სთავაზობს

მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო მოედანი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, "რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ." მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან. ეს თანამშრომლობა, რომელსაც რუსეთს სთავაზობს, გულისხმობს ტერორისტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას. მაკრონის თქმით, ISIS-ის ის დანაყოფი, რომელიც მოსკოვის ტერაქტის უკან დგას, ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთის მიწაზეც გეგმავდა და ბოლო თვეების განმავლობაში თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. შესაბამისი ინფორმაცია ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია მის კოლეგასთან, რაზეც მაკრონმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ეს კომუნიკაცია მინისტრების და ტექნიკურ დონეზე ხორციელდება. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს.  

„მოგვეცით წყეული Patriot-ები, უკრაინას საჰაერო თავდაცვა ახლა სჭირდება“ - კულება

რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური თავდასხმების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლეთს, მიაწოდოს უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც უკრაინას უიმედოდ სჭირდება თავის დასაცავად. „მოგვეცით წყეული Patriot-ები - ჩვენ რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები გვქონდეს, შევძლებდით დაგვეცვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ასევე ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან,“ განაცხადა დმიტრო კულებამ Politico-სთან. მისი თქმით, ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს ავიაბომბებს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. „როდესაც უკრაინული ჯარები კარგავენ პოზიციებს, მოდი ვნახოთ მიზეზი. ეს იმიტომ, რომ რუსეთმა მასიურად დაიწყო განახლებული საჰაერო მართვადი ბომბების გამოყენება“, - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, ეს ბომბები არის იარაღი, „რომელსაც ვერ გაექცევი“, თუ სამიზნე ხარ. „ეს ბომბები თავზე გეცემა და ყველაფერს ანადგურებს. ასე ვკარგავთ პოზიციებს და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ამ ბომბების მატარებელი თვითმფრინავების ჩამოგდება. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტის ხაზზე," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს „ყირიმის ხიდზე ტერაქტისთვის“ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 26 მარტს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს. რუსეთი ინასარიძეს 2022 წლის ოქტომბერში, ყირიმის ხიდზე „ტერაქტის“ მოწყობაში ადანაშაულებს. „ტასის" ცნობით, ანალოგიური ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ოთხი დღის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ორგანიზებული ტერაქტის" გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და დაადგინა თანამონაწილეები, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა. რუსეთის უშიშროების სამსახურის მაშინდელ ოფიციალურ ინფორმაციაში ალექსანდრე ინასარიძე მოხსენიებული იყო სანდრო ინოსარიძედ, მეორე პირი კი - ბროკერად, რომლის სახელი ლევანია. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს. 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი. უკრაინამ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.  

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 15-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რამდენიმე მოსწავლე, პრევენციის მიზნით, კლინიკებშია გადაყვანილი, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით წერს. მათი თქმით, 15-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველს და სკოლის წარმომადგენელს ეყრდნობა, სკოლაში ბავშვებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო, როგორც ამას არსებული მექანიზმი ითვალისწინებს, პრევენციის მიზნით, სკოლაში სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.  

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ, დაახლოებით, 20 ადამიანს ეძებენ - CNN

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად ფრენსის სკოტის ხიდის ჩანგრევის შემდეგ, რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა და მაშველები, მყვინთავები ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს ეძებენ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ქალაქის პორტის მთავარ ხიდს დიდი გემი დაეჯახა,“ განუცხადა სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-ს. ოფიციალური პირების თქმით, ნავსადგურში წყლის ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალია. CBS News-ს ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ხიდზე მისაბმელიანი ტრაილერი მოძრაობდა. აშშ-ში, ბალტიმორის ხიდი ჩაინგრა ამერიკული მედიის ცნობით, სინგაპურის დროშით მცურავი გემი Dali, რომელსაც კომპანია Maersk-ი მართავდა, შრი-ლანკისკენ მიემართებოდა. რამ გამოიწვია შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია. მერილენდის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.  

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, გუდაური-კობის გზაზე მოძრაობა აღდგა. ძლიერი თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  

ამერიკის ელჩი: წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს მასპინძლობს, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს. რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს: „წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა.“ საბერძნეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავა. ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან $880 მლნ მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მეოთხზე ტრანში - 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. პრემიერ დენის შმიგალის თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის შემდეგი გადასინჯვისთვის. „ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას,“ - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.  

NATO განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, თუ ისინი მის საზღვრებს მიუახლოვდებიან - პოლონეთი

NATO განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდების ვარიანტს, თუ ისინი მის საზღვრებთან ძალიან ახლოს იქნებიან, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდჯეი სეინამ პოლონურ მედიასაშუალება RMF24-თან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სეინამ განმარტა, რომ რუსეთმა იცოდა, რომ თუ რაკეტა პოლონეთში კიდევ უფრო ღრმად შეაღწევდა, მას ჩამოაგდებდნენ. „NATO-ს ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა კონცეფციის გაანალიზება, მათ შორის, ასეთი რაკეტების ჩამოგდება, როდესაც ისინი NATO-ს საზღვართან ძალიან ახლოს იქნებიან,“ აღნიშნა სეინამ. „ასეთი წინადადება უკრაინულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს,“ განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა უპასუხებს რუსეთის ელჩის ქმედებას, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება უგულებელყო და უწყებაში არ გამოცხადდა. პოლონეთის მოთხოვნით, ელჩ ანდრეევს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა. ანდრეევმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა მისთვის რუსული რაკეტის შესვლის შესახებ მტკიცებულებების მიწოდებას. "მე ვერ მივიღე მკაფიო პასუხი," - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პოლონელ კოლეგებს, შესაბამისი ნოტის ფოსტით ან კურიერის საშუალებით გაგზავნა შესთავაზა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს (რუსების მიერ) როგორც კანონის, ისე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევასთან,“ - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ელჩის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორია და პოლონური მხარე შემდგომ ნაბიჯებს უახლოეს დღეებში გადადგამს. „ეს არის უგულებელყოფის ნიშანი და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამ ქმედების მიმართ,” - აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. 24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან. ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით. ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.  

ლუკაშენკო: საზღვარზე ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის ძალით უნდა აღიკვეთოს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე შესაძლო პროვოკაციებზე მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს. ოშმიანის რაიონში, სადაც მან ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. „საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა შეწყდეს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. დაარღვია სახელმწიფო საზღვარი - განადგურება,” - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.   

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით 30 პროვინციაში ჩატარდა. „სპეცოპერაციების შედეგად დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა, საორგანიზაციო დოკუმენტები და ციფრული მასალებია ამოღებული,“ - წერს ალი იერლიკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

FT: რუსეთმა გაეროს სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდება პირდაპირ დაიწყო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს სანქციებისა. სანქციები 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ დაწესდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის თანახმად, ნავთობის მიწოდება 7 მარტს დაიწყო. ეს ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული პირველი დადასტურებული ექსპორტია გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნიდან ნავთობპროდუქტებით დატვირთული მინიმუმ ხუთი ჩრდილოკორეული ტანკერი გავიდა. ამის შემდეგ ორი გემი გაემართა პორტ ჩხონჯინში, სადაც, როგორც ჩანს, ნავთობი გადმოტვირთეს, წერს ბრიტანული გამოცემა. ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) სამეცნიერო თანამშრომლის, ჯოზეფ ბირნის თქმით, ამ ხომალდებიდან ზოგიერთი გაეროს სიაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უცხოურ პორტებში ყოფნაც კი აკრძალული აქვთ. „ნავთობის ეს მიწოდება სრულმასშტაბიანი თავდასხმაა სანქციების რეჟიმზე, რომელიც ახლა კრახის პირასაა,“ განაცხადა ჰიუ გრიფიტსმა, ყოფილმა კოორდინატორმა გაეროს ჯგუფისა, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვას აკონტროლებს. როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, შარშან აგვისტოში ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო რუსეთისთვის ამუნიციის მიწოდება, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. RUSI-ის მონაცემებით, პორტი ვოსტოჩნი ასევე სატრანზიტო პორტად გამოიყენება გემების მიერ, რომლებიც იარაღის მიწოდებაში მონაწილეობდნენ. „ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის მკაფიო ბარტერული შეთანხმება ‘იარაღი ნავთობის სანაცვლოდ’, რაც ღიად არღვევს სანქციებს, რომლებსაც ვლადიმირ პუტინმა პირადად მოაწერა ხელი,“ განაცხადა ჰიუ გრიფიტსმა. როგორც გამოცემა წერს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა კომენტარზე. თებერვალში გაზეთი The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ამუნიციის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას უფლება მისცა, წვდომა მიეღო მსოფლიო საფინანსო სისტემაზე, ასევე ბლოკადა მოხსნა ჩრდილოკორეული აქტივების ნაწილს, რომლებიც გაეროს სანქციების ქვეშ მოყვა. გარდა ამისა, წყაროების თანახმად, მოსკოვმა ფხენიანს უფლება მისცა, ანგარიში გაეხსნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. 2023 წლის თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ, განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს იარაღის ნაწილი მიაწოდა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, ჩანს ამუნიცია ჩრდილოეთ კორეის საცავიდან. შეიარაღება დატვირთეს გემზე, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა და გაგზავნეს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე მდებარე საცავში. გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა რუსეთს ბრალი დასდო ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე ემბარგოს დარღვევაში.