ძებნის რეზულტატი:

ქობულეთის 5 საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

ქობულეთის პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ წერილი სოციალური ქსელით მიიღეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეებმა დღეს, 26 მარტს მაშინ მიაწოდეს, როცა შენობაში მეორე ცვლის ბავშვები იმყოფებოდნენ. სკოლამ შეტყობინების შესახებ რესურს ცენტრს აცნობა, რის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი იდენტურია ხუთივე სკოლაში - მუქარის შინაარსის წერილის მიღება.  

ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთიდან ჯართის იმპორტის აკრძალვას სთავაზობს

ლიეტუვამ, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის მხარდაჭერით, ევროკავშირს შესთავაზა, აკრძალოს შავი ლითონების, სპილენძის, ალუმინის ნარჩენებისა და ჯართის იმპორტი რუსეთიდან. ლიეტუვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ამ შემოსავალს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ინფორმაციას LRT ავრცელებს. „წინადადება ორშაბათს ბრიუსელში, გარემოს დაცვის საბჭოს სხდომაზე წარადგინეს,“ ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს პრესრელიზში. „ლიეტუვა სთავაზობს ევროკომისიას, შეაფასოს ყველა ვარიანტი ევროკავშირის დონეზე და გამოვიდეს წინადადებით რუსეთიდან ნარჩენების იმპორტის შეჩერების შესახებ ევროკავშირში ან წევრ ქვეყნებს მიეცეს ცალმხრივი შემზღუდავი ზომების მიღების უფლება,“ - ამბბს ელჩი იურგა კასპუტიენე, ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ევროკავშირში. „ევროკავშირმა 2022-2023 წლებში 118 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შავი ლითონები, სპილენძი და ალუმინის ნარჩენები და ჯართი შეიტანა რუსეთიდან,“ განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ იმპორტის უმეტესი ნაწილი ლიეტუვაზე გადიოდა.  

ზელენსკიმ დანილოვი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელით ჩაანაცვლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ბრძანებულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს

სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში წვლილის შეტანა სომხეთის რესპუბლიკის პრიორიტეტია, რომლის კონტექსტში მე მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ გამოცემა Kathimerini-თან ინტერვიუში განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს. „პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.    

ფრანგი მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალურ ნაბიჯებს არ გამორიცხავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალური ნაბიჯების მომხრეა. ლეკორნუმ განაცხადა, რომ ის „არ გამორიცხავს“ შესაძლებლობების რეკვიზიციას თავდაცვის წარმოების გაზრდის მიზნით. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წელს მიღებული კანონი 2024-2030 წლების სამხედრო დაგეგმვის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რადიკალური ნაბიჯების საფუძველს იძლევა ქვეყნისთვის აშკარა ან სავარაუდო საფრთხის ფონზე. პოტენციური რეკვიზიცია შეიძლება, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ახლახან გამოაცხადა 500 მილიონი ევროს გამოყოფა ევროპული კომპანიებისთვის საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების გაზრდის სქემით, რომელიც გაზრდის ჭურვების მიწოდებას უკრაინაში და შეავსებს ევროკავშირის ქვეყნების მარაგს. იანვარში, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე სულ მცირე 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.   

ფინეთის პოლიცია რუსეთს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს უწოდებს

ფინეთის უსაფრთხოების პოლიციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელიც მიმართავს ჯაშუშობას და ჰიბრიდულ გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული შესაძლებლობები შესუსტდა, რუსული ჯაშუშობისა და გავლენის მცდელობის საფრთხე კვლავ მაღალია. ფინეთის უსაფრთხოების პოლიცია დარწმუნებულია, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებამ დადებითი გავლენა იქონია სიტუაციაზე. ჰელსინკი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა გამოთქვა უკმაყოფილება ფინეთის შეცვლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით. უსაფრთხოების პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტეემუ ტურუნენმა აღნიშნა, რომ მართული მიგრაცია რუსეთისთვის რჩება მარტივი გზა ფინეთზე ზეწოლისთვის. უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობა ქვეყნის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს. სპეციალურმა მკვლევარმა პეტერი ლალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეები ზოგადად უკიდურესად ჰეტეროგენულები არიან.  

გვარამია: სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი

პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. სარჩელი ეხებოდა ნიკა გვარამია საქმეს, რაშიც იგი ადგილობრივმა სასამართლოებმა დამნაშავედ სცნეს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. "ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლბაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც," - წერს ნიკა გვარამია. ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, მათი სარჩელის არმიღების რაიმე ოფიციალური მიზეზი არ იცის: „სამწუხაროდ არაფერი ეწერა. ერთი წინადადება იყო, განმარტების გარეშე." თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. 2023 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.  

ირაკლი კობახიძე გერმანიაში ვიზიტს გეგმავს

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა! საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. საქართველომ პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვა.  

უკრაინამ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში შესაძლოა, 1,5 მილიონი ჭურვი მიიღოს

უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა ,ორჯერ მეტი ჭურვი მიიღონ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში. აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი. „ჩვენ შეგვიძლია, ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე თავდაპირველად გამოცხადებული რაოდენობაა (მხედველობაშია 800 000 საბრძოლო ტყვია უკრაინისთვის - რედ.),“ - ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია, გადაიტანოს მილიონნახევარი ჭურვი. მან განმარტა, რომ საბრძოლო მასალის პირველადი მიწოდების დაფინანსება საჭიროა უკრაინაში გაგზავნამდე. ამიტომ, თავად ჩეხეთის ინიციატივა არ იქნება საკმარისი უკრაინის მხარდასაჭერად. ლიპავსკის თქმით, ჩეხეთის ინიციატივა უკვე იძლევა შედეგს და გავლენას ახდენს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებზე, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. „როგორც ვხედავთ, ეს უკვე ეხმარება უკრაინას უკეთ ბრძოლაში, რადგან მათ იციან, რომ ექნებათ ახალი საბრძოლო მასალის მარაგი, რამაც შეცვალა მათი პერსპექტივა არსებული მარაგების გამოყენების შესახებ,“ დასძენს მინისტრი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების ვადის დაკონკრეტებაზე უარი თქვა.  

Bloomberg-ი: ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი

ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ კრემლის მაღალჩინოსნები შოკირებულნი იყვნენ სპეცსამსახურების უუნარობით, აღეკვეთათ თავდასხმა. გამოცემის ცნობით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ზოგი ადამიანი არ ეთანხმება თეზისს, რომ 22 მარტს "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. წყაროები აღნიშნავენ, რომ სროლასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი მომხდარი ტერაქტის უკრაინის წინააღმდეგ ომის გარშემო ხალხის გაერთიანებისთვის გამოყენებას ცდილობენ. რის დამტკიცებას ცდილობს კრემლის პროპაგანდა და რას უქადის რუსეთს ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება - ISW-ს ანალიზი  

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუღანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება; მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაეროში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციასა და მშვიდობის შენარჩუნებაში, მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში. ბეტინა ბუღანი ბერძენ დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.  

"ლგბტ ადამიანებს უფლება აქვთ, დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან“ - Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ უარი თქვას ინიციატივაზე“

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დისკრიმინაციული" საკონსტიტუციო პროექტი, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს ისეთ საჯარო გამოხატვას, ან საჯარო შეკრებას, რაც შეიძლება, ჩაითვალოს "ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის ხელშეწყობად." ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ" უარი თქვას ინიციატივაზე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები საქართველოში. "ლგბტ ადამიანებს, ისევე როგორც ყველა ინდივიდს, უფლება აქვთ, დაცული იყვნენ დისკრიმინაციისგან და სრულად ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით. შემოთავაზებული ინიციატივა არის აშკარა თავდასხმა ადამიანის უფლებებზე საქართველოში და განსაკუთრებით, ლგბტი ადამიანების უფლებებზე. შემაშფოთებელია მმართველი პარტიის მიერ ასეთი მავნე ინიციატივის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ადამიანის ღირსების, პატივისცემის, თავისუფლებისა და ყველასათვის თანასწორ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არამხოლოდ ღალატობს ადამიანის უფლებათა პრინციპებს, არამედ, იზიარებს ყველაზე სამწუხარო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც ლგბტი პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა," ეს შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველასთვის, როგორიცაა გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად,“ - აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი. 25 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები. ლგბტ+ დროშა ცნობილია „ცისარტყელას დროშის“ სახელით, თუმცა ის ზუსტად არ იმეორებს ცისარტყელას ფერებს. ცისარტყელაში შვიდი ფერია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი; ლგბტ+ დროშის ორი ვერსია არსებობს: ექვსფერიანი და რვაფერიანი. ექვსფერიანში ამოღებულია ცისფერი, რვაფერიანში კი, დამატებულია ვარდისფერი. არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს; აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.“  

საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობდნენ. „დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა, რომ გამოვხატო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.  

სერბეთის პრეზიდენტმა მოსახლეობა რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა

ბოლო 48 საათის განმავლობაში მიღებული ცნობები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სერბეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისი პოსტი სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში აცნობებს მოქალაქეებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან. სერბეთის პრეზიდენტი წერს, რომ სირთულეები ელოდებათ, მაგრამ იბრძოლებენ და სერბეთი გაიმარჯვებს. ვუჩიჩმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. სარაევოს რადიო იუწყება, რომ ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ევროსაბჭოში კოსოვოს სავარაუდო მიღებას. სერბეთი თავის ტერიტორიად თვლის კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს წევრ 100-მდე ქვეყანას.  

საფრანგეთი უკრაინას 78 ჰაუბიცას გადასცემს და ქვეყნისთვის ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის

საფრანგეთი მალე შეძლებს უკრაინას 78 Caesar-ის ტიპის ჰაუბიცას გაიგზავნის და კიევისთვის ამ ეტაპზე საჭირო გადაუდებელ დახმარებას უზრუნველყოფს. პარიზი უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის. ბოლო თვეებში უკრაინა განიცდის საბრძოლო მასალის მზარდ დეფიციტს, რამაც ხელი შეუწყო თებერვალში ფრონტის ხაზის მთავარი ქალაქის ავდიივკის დაკარგვას.  ჩეხეთმა წამოიწყო ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის 800 000 ჭურვის მიწოდებას გულისხმობს, რომ მაგრამ პრაღამ 26 მარტს განაცხადა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, მილიონ ნახევრამდე გაიზარდოს.  

ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა

ევროკომისიამ სამშაბათს გაუგზავნა ბრძანება მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა მათ დახმარება გაუწიონ ევროპარლამენტს არჩევნების ჩატარებაში, იუწყება Politico. არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე გაიმართება. მთავარ ონლაინ პლატფორმებს Facebook, X, YouTube და TikTok მოუწევთ ხმის მიცემის დაცვა დეზინფორმაციისა და ჰაკერული თავდასხმებისგან. თავის ბრძანებაში ევროკომისია მიუთითებს ციფრული სერვისების აქტზე (DSA), რომელიც ასახავს მსხვილი კომპანიების ვალდებულებებს. ეს ეხება სოციალური მედიის პლატფორმებზე შინაარსის მოდერაციის გაუმჯობესებას და უკანონო კონტენტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ბრიუსელი ემზადება დეზინფორმაციის შესაძლო მცდელობებთან და ონლაინ ჰაკერების საფრთხეებთან გასამკლავებლად. გამოცემა Politico ასევე აღნიშნავს რუსული ბოტების მიერ ვირუსული სიცრუის გავრცელებას და კოორდინირებულ კამპანიებს ან ყალბი მედიის წარმოებას. თუ კომისიის ბრძანების შემდეგ, კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ხმის მიცემის უსაფრთხოებას, ისინი შეიძლება, დაჯარიმდნენ მათი წლიური გლობალური შემოსავლის 6 პროცენტამდე. 6-დან 9 ივნისამდე ასობით მილიონი ევროპელი მიიღებს მონაწილეობას ევროპარლამენტის ახალი წევრების არჩევაში. ზოგიერთ პლატფორმას, როგორიცაა Facebook, YouTube და TikTok, სთხოვეს, უზრუნველყონ პოლიტიკური რეკლამებისა და „ფეიქების“ მკაფიო მარკირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მათ ასევე უნდა შექმნან სპეციალიზებული ჯგუფები, რათა დააკვირდნენ პოტენციურ საფრთხეებსა და ნარატივებს, რომლებიც იზრდება ევროკავშირის ზოგიერთ 27 ქვეყანაში, წერს Politico. პლატფორმებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მრავალფეროვან კონტენტს და არა შეუსაბამო კონტენტს. „მაგალითად, YouTube-მა ზედმეტად გაავრცელა ულტრამემარჯვენე ანტიმიგრაციული ვიდეოები ამ წლის დასაწყისში ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს,“ აღნიშნავს გამოცემა. ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

2024 წლის პირველ ორ თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთის ტერიტორიაზე სულ 35,960 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა, რაც 911 000 ბარელით, 2,6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას კომპანია BOTAS-ი ავრცელებს. მხოლოდ თებერვალში BTC მილსადენით თურქეთის ტერიტორიაზე 17,042 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა, რაც 2023 წლის თებერვალთან შედარებით 1,160 მილიონი ბარელით - 7,3 პროცენტით მეტია. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

განახლებული დეკლარაციის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს; ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს. შარშან თვეში მისი ხელფასი, საშუალოდ, 3750 ლარი გამოდიოდა; 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან მოახერხა დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა. დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი ირაკლი ღარიბაშვილის შვილის - ნიკოლოზ ღარიბაშვილის 2023 წლის აგვისტოში აშშ-ში სასწავლებლად გაშვების დროს დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი. ნიკოლოზ ღარიბაშვილის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში პრემიერის მშობლებმა 109 500 ლარი გადაიხადეს. დამატებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა. განახლებული დეკლარაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს, სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი, 6255 ლარი.  

აშშ და ბრიტანეთი ტყუილს უწოდებენ რუსეთის განცხადებას ტერაქტთან მათი და უკრაინის კავშირის შესახებ

აშშ და დიდი ბრიტანეთი ტყუილს და სისულელეს უწოდებენ რუსეთის განცხადებას, რომ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის უკან დგანან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერის თქმით, რუსეთის განცხადება ტყუილია. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თავდასხმასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან უკრაინას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს. მეთიუ მილერის თქმით, რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინის კომენტარები წარმოადგენს პროპაგანდას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებისკენ. რუსეთის განცხადებებს „სრული სისულელე უწოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა. მისი განცხადებით, სრულად იზიარებენ აშშ-ის შეფასებას, რომ თავდასხმაზე ერთადერთი პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა." რის დამტკიცებას ცდილობს კრემლის პროპაგანდა და რას უქადის რუსეთს ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება - ISW-ს ანალიზი