ძებნის რეზულტატი:

გერმანია სანქციების დარღვევაში Siemens-ის თანამშრომლების მონაწილეობას იძიებს

ჰამბურგის პროკურატურამ გერმანიის ოთხ და საფრანგეთისა და შვეიცარიის ერთ მოქალაქეს სანქციების დარღვევაში ბრალი წაუყენა, რაც ანექსირებული ყირიმისთვის Siemens-ის გაზის ტურბინების მიწოდებაში მონაწილეობას გულისხმობს. გერმანული მხარის ცნობით, ჰამბურგიდან პეტერბურგში 111 მილიონი ევროს ღირებულების ტურბინების ექსპორტში დახმარებისას, ხუთმა ბრალდებულმა იცოდა, რომ ტურბინების საბოლოო დანიშნულების ადგილი ოკუპირებულ ყირიმში ორი ელექტროსადგური იქნებოდა. Reuters-ის ცნობით, Siemens-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს ხელისუფლების დახმარებას გამოძიებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კვლავ კომპანიაში მუშაობს. ხუთივე ეჭვმიტანილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ასაჩივრებს ბრალდებას. 2017 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ანექსირებულ ყირიმს, სანქციების გვერდის ავლით, Siemens-ის ოთხი ძლიერი გაზის ტურბინა მიეწოდა. ხელშეკრულების საერთო თანხა, 7 ტურბინაზე გათვლით 213 მილიონ ევროს (ერთი ტურბინის ღირებულება, დოკუმენტის თანახმად, 27,95 მილიონი ევროა) შეადგენდა. ანექსირებულ ყირიმს შვიდი ტურბინიდან მხოლოდ ოთხი მიეწოდა. 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლეთის ქვეყნებმა ყირიმის ანექსია უკანონოდ აღიარეს და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს. კერძოდ, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ ბიზნესის კეთება ენერგეტიკის, ტურიზმის, მძიმე მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ჯარიმები და სხვა სერიოზული შედეგები ემუქრება.  

ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს - ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც გუნდმა ევროპის ჩემპიონატე გასვლით მოიპოვა. „ალბათ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, რეალურად შემდეგ გავიაზრებთ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისა და საკუთარი თავისთვის. როდესაც წლები გავა და უკვე შთამომავლები გვეყოლება, მათ კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე. ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს.“ პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად საჯარიმო „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველმა შეასრულა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია. გამარჯვების გოლი (4:2) კვეკვესკირმა გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან  

რუსული გამანადგურებელი სევასტოპოლში, ზღვაში ჩავარდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლთან ზღვაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი SU-35 ჩავარდა, - ამის შესახებ რეგიონის რუსმა ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხში დაწერა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი. „სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. პილოტმა შეძლო კატაპულტირება. ის მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - წერს რაზვოჟაევი. ინციდენტი თვითმხილველის ვიდეოებზეა აღბეჭდილი. ზღვაში ჩავარდნამე თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა.    

ზელენსკი: მოსალოდნელია რუსეთის ახალი შეტევა, დახმარება ახლა გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება, დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება, რათა ვითარების სტაბილიზება შეძლოს. უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ სუმის ოლქში მისცა, რომელიც მუდმივი საარტილერიო დაბომბვების პირობებშია. მისი თქმით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ფრონტზე ვითარება დასტაბილურდა, თუმცა, ზამთრის თვეები საკმაოდ რთული იყო. „ჩვეულებრივ, როდესაც არტილერიით უტევენ და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ისინი ყოველთვის მათ ოკუპირებას ცდილობენ,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან სასაცილო უწოდა მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში უკრაინის დადანაშაულების მცდელობებს. „მას [პუტინს] არ აღელვებს ეს ტერორისტული აქტი, ეკონომიკური აქტია, ნავთობის მრეწველობაა თუ ამ სფეროებიდან რომელიმე… [ის] გამოიყენებს ამას თავისი საზოგადოების მაქსიმალურად გასაერთიანებლად - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მსხვერპლისა და დაჭრილების ასეთი რაოდენობაა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებს - გაამართლოს, რომ უკრაინა არ არსებობს,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია, ყოფილ საბჭოთა კავშირს მისი „იმპერიული დიდება“ და გეოგრაფიული საზღვრები დაუბრუნოს. „მისთვის ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატელიტი ვართ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენ ვართ, შემდეგ - ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ გერმანია. როგორც მინიმუმ, გერმანიის ნახევარი… ეს აგრესიაა და პუტინის არმია შეიძლება, ევროპაში მივიდეს, და მაშინ შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ევროპის დაცვა მოუწევთ, ვინაიდან NATO-ს წევრი არიან,” - განაცხადა ზელენსკიმ.  

პარიზის ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საფრანგეთში სამხედროებს რამდენიმე ქვეყანა გაგზავნის - AFP

რამდენიმე უცხო ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთი, სამხედროებს გაგზავნის საფრანგეთში, რათა ოლიმპიადის დროს, პარიზს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაში დაეხმაროს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ასეთ ზომას ტერორისტული საფრთხის გათვალისწინებით გეგმავენ. მან ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის შესაძლებლობებს ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში, ბევრი უცხო ქვეყანა გააძლიერებს. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იქნება წარსულის პრაქტიკის შესაბამისი. საფრანგეთის პოლიცია ჩართული იყო კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების ზომების უზრუნევლყოფაში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თქმით, ოლიმპიადისთვის 18000 ფრანგი ჯარისკაცი იქნება მობილიზებული, მათ შორი, 3000 პასუხისმგებელი იქნება საჰაერო დაზვერვაზე. მაკრონის თქმით, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა  

ზელენსკი ჯონსონს ესაუბრა: კონგრესის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების სწრაფი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო. როგორც ზელენსკი სატელეფობო საუბრის შემდეგ აღნიშნავს, მან კონკრეტულად რუსეთის „საჰაერო ტერორის მკვეთრ ზრდაზე“ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ გასულ კვირას უკრაინის ქალაქებისა და თემების მიმართულებით 190 რაკეტა, 140 დრონი „შაჰედი“ და 700 მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს. უკრაინის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური გათიშულია. „ამ ვითარებაში, კონგრესის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების სწრაფი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ წარმომადგენელთა პალატაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ მთავარია, შევინარჩუნოთ უკრაინის დახმარების საკითხი, როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროების რაც შეიძლება მალე შეწყვეტის მნიშვნელობა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ. ჩვენ ასევე ვენდობით კონგრესის ხელმძღვანელობას ამ კუთხით,“ წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გადამზიდველებთან შეთანხმებას მიაღწიეს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი, ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. „ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გავაცანით სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ნებართვის კვოტების დადგენის პროცედურები, ასევე ამავე ქვეყნებიდან შეზღუდული, მესამე ქვეყანაში, ან მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ტიპის ნებართვების გადმოცემის სირთულეები," - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, უკვე 18 მარტიდან ნებართვების გაცემა ხდება განაცხადების საფუძველზე, არა ქოლ-ცენტრის მეშვეობით, შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებმა გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა. „ამასთან, პროცესის სრულად გამჭვირვალობის მიზნით, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში ხდება იმ გადამზიდველთა სიების განთავსება, რომლებზეც ნებართვა გაიცემა,“ აცხადებენ სააგენტოში. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მძღოლმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და, რომ მათი წარმომადგენლობით, ასოციაციები მიიღებენ მონაწილეობას სააგენტოს ქმედებებში. „სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა შეგვითანხმდა, რომ უნდა მოხდეს გადამზიდავთა გაწევრიანება და ფორმირება ასოციაციებად, ეს წარმომადგენლობით ასოციაციები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას მომავალში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში. პრინციპში, ეს სწორედ ის იყო, ჩვენი მოთხოვნა. შეკრებილი ადამიანები დაიშლებიან,“ აღნიშნა მან რადიო თავისუფლების ცნობით. მძღოლები ჩიოდნენ, რომ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იანვრის შემდეგ აღარ გასცემდა. მათი თქმით, უწყება ნებართვებს "შავი ბაზრის" გავლით ყიდის. ამის გასაპროტესტებლად, ისინი საპროტესტო აქციებს მართავდნენ.  

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25 წელი მიუსაჯეს

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ, სემ ბენკმან-ფრიდს, აშშ-ში სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ის ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს, რის შედეგადაც მან კლიენტებისგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა. Washington Post-ის ცნობით, სასამართლომ კრიპტო ინვესტორს კლიენტებისთვის 11 მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა. 2019 წელს დაარსებული ბირჟა FTX 2022 წლის ნოემბრისთვის 32 მილიარდ დოლარად შეფასდა. კომპანიის ღირებულება ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ  განულდა. ნაფიცი მსაჯულების განაჩენის მიხედვით, ბიზნესმენმა FTX კლიენტების დეპოზიტები სესხების სახით გადაიტანა თავის ფონდ Alameda Research investment-ში, რომელმაც ეს თანხები კრედიტორებთან ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა და კრედიტებს გასცემდა თავად ბიზნესმენს, რომელიც იყენებდა მათ საფონდო სპეკულაციისთვის. მან თავად განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ არ იცოდა, რომ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა.  

ყაზახეთის ტერმინალიდან ჩინეთის სიანის პორტისკენ, შუა დერეფნის გასწვრივ პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა

ყაზახეთის ტერმინალიდან ჩინეთის ქალაქ სიანის პორტისკენ, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გავლით, პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა. იტყობინება ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო მოგზაურობის ფარგლებში, ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ეწვია საერთაშორისო მშრალ პორტ სიანს, რომელიც ჩინეთში პირველ ადგილზეა საკონტეინერო მატარებლების გადაზიდვისა და გადამუშავების მოცულობით. მშრალი პორტის ტერიტორიაზე გაიხსნა ყაზახური ტერმინალი, რომლის სიმძლავრე 66,5 ათასი TEU იქნება წელიწადში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდელმა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.  

ზელენსკი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მეომრები მეტი იარაღით მოვამარაგოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიიღება ზომები უკრაინელი მეომრების მეტი იარაღით უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. „თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა გააკეთა მოხსენება თავდაცვის პაკეტების შესახებ, რომლებსაც ვიღებთ და რომლებზეც ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მეომრებს მეტი შესაძლებლობები, მეტი იარაღი მივცეთ. და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ,“ აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით და მილიარდ დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოხდენაზე. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ფულს უხდიან სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს. „ეს ეხება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს – მგრძნობიარე რეგიონებს. აფრიკა, აზიის სხვადასხვა ნაწილს და ევროპას, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და გამწვავებული დესტაბილიზაციისგან. როგორც ჩრდილოეთი, ისე ლათინური ამერიკა, ასევე რუსული დაზვერვისა და დამანგრეველი საქმიანობის სამიზნეა. მრავალი თვალსაზრისით, ეს გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. ცხადია, რუსეთის რესურსებს, მათ შორის ფინანსურს, ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება თავიანთი გამბედაობით, მონდომებითა და იდეებით. მეორე მხრივ, ასეთი ორგანიზაციის მუშაობა არ შეიძლება, იყოს იაფი და ეს არის მთელი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ამოცანა: ჩვენ უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ფინანსები ჩვენი დაზვერვის მუშაობისთვის – გავაფართოოთ დაფინანსება კონკრეტული პროექტებისთვის, კონკრეტული მიზნებისა და განვითარებისთვის,“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება, დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება, რათა ვითარების სტაბილიზება შეძლოს. უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ სუმის ოლქში მისცა, რომელიც მუდმივი საარტილერიო დაბომბვების პირობებშია. მისი თქმით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ფრონტზე ვითარება დასტაბილურდა, თუმცა, ზამთრის თვეები საკმაოდ რთული იყო. „ჩვეულებრივ, როდესაც არტილერიით უტევენ და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ისინი ყოველთვის მათ ოკუპირებას ცდილობენ,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან სასაცილო უწოდა მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში უკრაინის დადანაშაულების მცდელობებს. „მას [პუტინს] არ აღელვებს ეს ტერორისტული აქტი, ეკონომიკური აქტია, ნავთობის მრეწველობაა თუ ამ სფეროებიდან რომელიმე… [ის] გამოიყენებს ამას თავისი საზოგადოების მაქსიმალურად გასაერთიანებლად - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მსხვერპლისა და დაჭრილების ასეთი რაოდენობაა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებს - გაამართლოს, რომ უკრაინა არ არსებობს,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია, ყოფილ საბჭოთა კავშირს მისი „იმპერიული დიდება“ და გეოგრაფიული საზღვრები დაუბრუნოს. „მისთვის ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატელიტი ვართ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენ ვართ, შემდეგ - ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ გერმანია. როგორც მინიმუმ, გერმანიის ნახევარი… ეს აგრესიაა და პუტინის არმია შეიძლება, ევროპაში მივიდეს, და მაშინ შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ევროპის დაცვა მოუწევთ, ვინაიდან NATO-ს წევრი არიან,” - განაცხადა ზელენსკიმ.  

„უცნაურად მომეჩვენა, რომ დაზვერვის სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს“ - იტალიელი მინისტრი რუსეთის ტერაქტზე

ვლადიმერ პუტინმი ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის ISIS-ის თავდასხმის გამო და "პროპაგანდას" აწარმოებს იმით, რომ მოსკოვი „ჩამოაგდებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ F-16-ებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში, თუნდაც NATO-ს საჰაერო ბაზებზე.“ ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ტელეკომპანია Rai1-ის ეთერში განაცხადა. „როგორც ჩანს, ბევრი პროპაგანდაა: რუსეთმა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ თავდასხმით, უცნაურად მომეჩვენა, რომ (დაზვერვის) სამსახურებმა ეს არ შეაჩერეს,“ - აღნიშნა ტაიანიმ. მისი თქმით, ახლა პუტინი ცდილობს „გაფანტოს ყურადღება.“„ახლა ის ცდილობს ყურადღების გადატანას. არ მგონია, რომ პუტინს მსოფლიო ომი სურდეს იმიტომ, რომ ის ვერ მოიგებს მას," - აღნიშნა იტალიელმა დიპლომატმა.  პუტინმა 27 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „გაანადგურებს“ F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებსაც NATO-ს ქვეყნები უკრაინაში გააგზავნიან. ამავე დროს, პუტინი ამბობს, რომ თვითმფრინავები იქნებოდნენ "ლეგიტიმური სამიზნე", თუ მას "მესამე ქვეყნების აეროდრომებიდან გამოიყენებდნენ."  

უკრაინაზე მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, NATO-ს წევრმა პოლონეთმა ავიაცია კვლავ გაააქტიურა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ პოლონეთის თვითმფრინავები და მოკავშირეთა ავიაცია კვლავ გააქტიურდნენ უკრაინაზე მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობების საპასუხოდ. აღნიშნავენ, რომ ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაქტიურდა. „დღეს, ღამით შეიმჩნევა რუსეთის ფედერაციის ინტენსიური, შორ მანძილზე მყოფი საავიაციო აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებთან,“ - განაცხადა პოლონეთის ოპერატიული სარდლობამ სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით. უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები 21 მარტსაც გაააქტიურა. მანამდე, 24 მარტს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის დროს, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. პოლონელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ თვითმფრინავი არ ჩამოაგდეს, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინაზე მასობრივი თავდასხმის დროს, 2023 წლის 29 დეკემბერსაც დაარღვია. ამავე დროს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ. NATO განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, თუ ისინი მის საზღვრებს მიუახლოვდებიან - პოლონეთი  

რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად, უკრაინაში ელექტროსადგურები დაზიანდა

რუსულმა ძალებმა 28-29 მარტის ღამეს სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის დროს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია Ukrenergo-მ განაცხადა.  ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანებულია ჰესები და თბოელექტროსადგურები. დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხარკოვის ოლქში გრაფიკი ამოქმედდა. უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, დაზიანებულია მის მიერ მართული სამი თბოელექტროსადგური. დაშავდა ერთი ენერგეტიკოსი. 29 მარტს, რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვადასხვა რაიონში დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული, ან დაზიანებულია 10-მდე სახლი და სხვა შენობები. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში 12 რუსული რაკეტა და ამდენივე დრონი გაანადგურეს.  

სამხრეთ აფრიკაში მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.  

სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველომ ახალი ვერტმფრენი მიიღო. შსს-ს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters" -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება,“ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს – გუნდის ექიმებმა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელს თამაშის უფლება არ მისცეს. „სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, „ნაპოლის“ ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას „ატალანტასთან“ თამაშის უფლება არ მისცეს,“ – წერია „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „შაბათს, 30 მარტს, 15:30 საათზე „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთთან მატჩისას კვარაცხელიას კუნთი დაეჭიმა და ის მოედნიდან მაშინ გაიყვანეს, როდესაც გამარჯვებულის გამოსავლენად უკვე დამატებითი დრო მიმდინარეობდა.  

უკრაინელებმა 26 რუსული რაკეტა და 58 დრონი გაანადგურეს - საჰაერო ძალები

29 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 84 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისას 60 დრონი და სხვადასხვა ტიპის 39 რაკეტა გამოიყენეს. ძირითადად გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები. ასევე, 3 აერობალისტიკური „კინჟალი“ და 2 ბალისტიკური „ისკანდერ მ.“ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 26 რუსული რაკეტა და 58 უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის კურსკის, რიაზანის, ბელგოროდის და სარატოვის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ძლიერი სარაკეტო-საავიაციო დარტყმა უკრაინის სათბობ-ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელდა.  

საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.  

სომხეთმა რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები აკრძალა

მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ავეტ პოგოსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები აკრძალა. მისი თქმით, გადაცემების დაბლოკვის მიზეზი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მასობრივი ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების „მუდმივი დარღვევა“ გახდა. სომხეთის მიერ აკრძალული ორი საავტორო პროგრამა „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირის საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რტრ პლანეტაზე“ გადის. კერძოდ, დაირღვა ხსენებული შეთანხმების მე-5 მუხლი, რომელიც „ხალხების და ეროვნული ღირებულებების შეურაცხმყოფელი შინაარსის პროგრამების გამორიცხვას“, ასევე, „საარჩევნო კამპანიასა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის გამორიცხვას გულისხმბობს. 29 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ახალი დარღვევა დააფიქსირა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს განაცხადა. სოლოვიოვმა სომხეთსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წელს მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენას, სომხეთის მხრიდან რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. ერევანმა რუსეთი სამოკავშირეო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.  

პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ჯაშუშური ქსელის საქმიანობას იძიებენ

რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მისი უწყებების წინააღმდეგ იყო მიმართული, პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. „პრორუსული ინიციატივებისა და მედიაკამპანიების ორგანიზებისკენ მიმართული ქმედებები ევროკავშირის ქვეყნებში დოკუმენტირებულია,“ - ნათქვამია ABW-ის (პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტო) განცხადებაში, რომელსაც Reuters-ი ციტირებს. კერძოდ, ნახსენებია ინტერნეტპორტალი voice-of-europe.eu, რომელიც, სავარაუდოდ, პრორუსულ მასალებს აქვეყნებდა. ქსელის მიზანი იყო „პოლონეთის პოზიციების შესუსტება“ „ქსელის მიზანი ასევე იყო უკრაინის დისკრედიტაცია და ევროკავშირის ინსტიტუტების რეპუტაციის შელახვა, განუმარტა ABW-ს სპიკერმა AFP-ს. სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკა ამ კვირის დასაწყისში, ვარშავასა და სამხრეთ პოლონეთის ქალაქ ტიჩიში ჩატარდა. დამატებითი დეტალები ჩხრეკის შესახებ არ გასაჯაროებულა. ოპერაცია კოორდინირებული იყო სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, ჩეხ პარტნიორებთან. ABW-ის ქმედებები მიმდინარე წლის იანვარში დასრულებული გამოძიების შედეგი იყო, რომლის დროსაც, ბრალი წაუყენეს პოლონეთის მოქალაქეს, რომელიც რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. „რუსული გავლენის ოპერაცია“ ჩეხეთში 28 მარტს ჩეხეთის მთავრობამ პრორუსული უკრაინული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ყოფილ ლიდერს ვიქტორ მედვედჩუკს სანქციები დაუწესა. ჩეხეთის მთავრობის ცნობით, მედვედჩუკი „მართავს ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული გავლენის ოპერაციას რუსეთის ფედერაციიდან“, რომლის მიზანია, „დაარღვიოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება“. ამ „ოპერაციის“ განსახორციელებლად მედვედჩუკი იყენებს კომპანია „ევროპის ხმას“, სადაც მუშაობს მისი ახლო თანამოაზრე არტემ მარჩევსკი. ჩეხეთის სანქციების სიაშია მარჩევსკი, ასევე - „ევროპის ხმა“, რომელიც ამავე სახელწოდების პორტალს ფლობს. ჩეხეთმა კრემლის მომხრე ოლიგარქს სანქციები დაუწესა