ძებნის რეზულტატი:
„საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროპა გთავაზობთ" - გერმანიის საგარეო უწყება
"ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე. და თბილისში ხალხი ამისთვის გამოდის ქუჩაში. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც გთავაზობთ ევროპა, ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს," - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა.
თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს
თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი 14 მაისს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური „აგენტების კანონის“ მიღებას. „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში კრემლის ყაიდის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ და მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. იმ ფონზე, როცა არ არის ნათელი პარლამენტი დაძლევს თუ არა პოტენციურ ვეტოს, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებაზე იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ - NATO-სასაც. ქართველი ხალხი ამ კანონმდებლობის მიმართ საკუთარ თვალსაზრისს გამოხატავს ქუჩებში პროტესტით და გასულ შაბათ-კვირას გავრცელებული ცნობებით, ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი, ათობით ათასი მშვიდობიანი მონაწილით, რომლებიც არ შეეპუენ დაშინების ტაქტიკას და თავიანთ მთავრობას უთხრეს, შეწინააღმდეგებოდა ამ კანონს, ვინაიდან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. მაგრამ, თუ ეს კანონმდებლობა [საბოლოოდ] დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება
გაერო: გენმდივანი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს
გაეროს გენერალური მდივანი, შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, - განცხადება ამის შესახებ, ფარჰან ჰაკიმ, გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, ანტონიო გუტერეში განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება "ძალადობრივ შეტაკებებს და ცნობებს, სამართალდამცავი პერსონალის მიერ, ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ." სპიკერის თქმით, გენერალური მდივანი იზიარებს საქართველოში გაეროს გუნდის და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეშფოთებას, "გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიაზე, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური გავლენის შესახებ." ჰაკის თქმით, გუტერეში მოუწოდებს, "თავშეკავებას და დიალოგს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და საპროტესტო აქციების დროს, ან მის შემდეგ, ან პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ."
პრეზიდენტი: წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად, რეფერენდუმი იქნება
„მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ, ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი. “ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ. ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ, ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები. ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ - თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ომბუდსმენი: შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფორმები, რომლის შედეგიც საზოგადოებამ დავით ქაცარავას ფოტომასალის გავრცელებისას იხილა
დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა. „შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის გარკვევისა და მონახულების მიზნით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანებების ხარისხის/ხასიათის გამო (სახის ძვლების მოტეხილობა), მას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია. სახალხო დამცველი აქციების პარალელურად გამუდმებით მიუთითებს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი და პროპორციული ძალა, და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავი უწყება არაერთ შემთხვევაში კვლავ იყენებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ განახორციელონ მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობა. აქვე შევახსენებთ პოლიციელებს, რომ არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ მძიმე დანაშაულს და მასზე სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უმოკლეს ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით. იმ ფონზე, როდესაც უკვე დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით - ჯამში 150-ზე მეტი მოქალაქე, დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მათ შორის მათი, ვისი სახეებიც დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას არ იყო დაფარული და მათი იდენტიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ სირთულეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას. გარდა ამისა, საგულისხმოა რომ აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ჟურნალისტების მიმართ, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და მასზე ძალადობა უკიდურესად მიუღებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას - ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებიან და მოინახულებენ ყველა სხვა დაკავებულ პირსაც, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით. ვიზიტების შედეგები კი მოგვიანებით დამატებით ეცნობება საზოგადოებას. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ წერია განცხადებაში. 14 მაისის აქციაზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა - ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულთა შორის არის 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი - ის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელის რტყმით გამოხატავდა პროტესტს.
ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი
აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. ადვოკატის ცნობით, ის სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „რაც შეეხება დაზიანებებს, არის თვალსაჩინო და ძირითადად არის სახისა და თავის არეში. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები,“ აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა. მისივე თქმით, გამოძიების დაწყების მიზნით, აპირებენ, მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო 24 აპრილს დატოვა.
სენატორი შაჰინი: შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს: „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის "უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის" მიღების გამო, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის სურვილებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს საქართველოში დემოკრატიის წინსვლას.“
„თუ ის დგას ყველაფრის სათავეში და კანონი წინ წაიწევს, ამას ძალიან სერიოზულად შევხედავთ“- ო'ბრაიენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს აცხადებს, რომ მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ. განიხილავს თუ არა აშშ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ჟურნალისტების ამ კითხვის საპასუხოდ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა: „მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ.“ ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას, ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის, ამერიკელმა დიპლომატმა ასე უპასუხა: „ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება.“ რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხედავთ თუ არა კოორდინაციის ნიშნებს საქართველოში, ყირგიზეთსა და რესპუბლიკა სრპსკაში ახლახან მიღებულ „აგენტების კანონებს“ შორის, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა: „უფრო მეტად ის მაინტერესებს, რომ ვნახო, საქართველო ევროპულ, ტრანსატლანტიკურ ნორმებს მისდევს. არსებობს განსხვავებული კანონმდებლობა უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში, და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომაც იყო ამხელა შეშფოთება კანონის თავდაპირველ სახელდებასთან დაკავშირებით.“ აშშ-სი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თანაშემწე რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ კანონში „არსებითი ცვლილებები“ უნდა შევიდეს, ვიდრე ის ამოქმედდება: „ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და, ასევე, რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან,“ - აღნშნა ბლინკენის თანაშემწემ. ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, როდესაც ცვლილებებზე საუბრობს, როგორი უნდა იყოს ეს ცვლილებები, მაგალითად, უნდა გამოირიცხოს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება და მედია მთლიანად ამ კანონიდან, - ის ამბობს: „ვფიქრობ, ეს მიმდინარე საუბარი იქნება. გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები. ასე რომ, არ მინდა, ვუკარნახო, ზუსტად რა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია.“ მანამდე ო'ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა, შეხვედრაზე იმის გამო, რომ ის უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში მას არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო'ბრაიენმა განაცხადა: „ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.“ „ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება
სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის და ამისთვის ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს. განცხადება ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე, სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რაც გვაქვს საქართველოსთან, რაც არსებობს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის. მაგრამ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ ის კურსი, რომელზეც არის უნდა შეცვალოს. კიდევ ერთხელ, მე წარმომიდგენია, რომ მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენს, შეხვედრების დასრულების შემდეგ, მეტი ექნება სათქმელი," - განაცხადა პატელმა. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეტის თქმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებლი. „ჩვენთვის ცნობილია კანონის სტატუსის შესახებ და ვაგრძელებთ შემდგომ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისშია, ის მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ქართველ ოფიციალურ პირებს და ამ ჩართულობის შემდეგ, მეტი სათქმელი ექნება," - აღნიშნა სპიკერმა. ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმის კურსშია სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც. უწყების წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მაგრამ, მსგავსი რამ, როგორიცაა ეს კანონმდებლობა, არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზანს," - აღნიშნა პატელმა. შესაძლო სანქციების შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ განაცხადა, რომ როგორც ყოველთვის, ის ახლაც არ ისაუბრებს წინასწარ იმ ზომების შესახებ, რომელსაც შესაძლოა დეპარტამენტმა მიმართოს. თუმცა, შესაძლო შეზღუდვების შესახებ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა. მისი თქმით, თუკი მიღებული კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. „თუკი ეს კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება," - განაცხადა ო'ბრაიენმა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის „სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის.“ „ჩვენი საერთო მომავალი ევროპაშია!“ წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
NATO „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
NATO „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ალიანსის პრესსპიკერ ფარა დახლალას განცხადებით, „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.“ „მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას," წერს დახლალა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ბორელი და ევროკომისია: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. Europetime განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს დოკუმენტირებული ქმედებები გამოიძიოს. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით მიანიჭა, რომ ქვეყანა განახორციელებდა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს რეკომენდებულ 9 ნაბიჯს. ეს ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მედიისთვის თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ისინი ასევე დეპოლარიზაციას და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას შეეხება. თუმცა მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. ეს კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და სწორედ მათ ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. არჩევანი, თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება და 9 ნაბიჯში ასახული აუცილებელი რეფორმები განახორციელოს. ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს ევროპული მომავლისკენ მისწრაფების მქონე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა.“ პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
რა თქვა ო'ბრაიენმა თბილისში - სრულად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი მედიას გუშინ, 14 მაისს შეხვდა და ისაუბრა ყველა აქტუალურ საკითხზე. განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მისი ვიზიტის დღეს მიიღო საბოლოო მოსმენით. ეს არის კანონი, რომლის მიღებაც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის მკაცრ კრიტიკას იწვევს. ჯეიმს ო'ბრაიენმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. Europetime სრულ ჩანაწერსა და თარგმანს გთავაზობთ ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით. მედიის კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონი; არსებობს თუ არა სივრცე ვეტოს ფორმატში - კანონის შეცვლასთან ან განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ო’ბრაიენი: ბოლო კითხვაზე პრემიერმა თქვა, რომ დიახ. პირველ ორ კითხვაზე ორი ტიპის პასუხი მაქვს. პრობლემატური არის ის ფორმა, რომლითაც ეს კანონი შემოიტანეს, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, რომ საქართველო მუშაობს ინტეგრაციისთვის, ისე, როგორც ჩვეულებრივ, ევროპული სახელმწიფოები ან პარტნიორები შეიმუშავებენ მსგავს წესებს და არა ძალისმიერად, წინააღმდეგობებისა პარტნიორების მიერ გამოთქმული შეშფოთებების ფონზე. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ კანონთან დაკავშირებული მთელი რიგი სირთულეები. მე წამოვჭერი ზოგიერთი, ყველა არ დაეთანხმა, თუმცა ეს საკითხები ეხება იმას, რომ ეს კანონი არ არის ინკლუზიური და ეხება მხოლოდ უცხოურ და ისიც დაფინანსების მხოლოდ ზოგიერთ უცხოურ წყაროს. ეს ნიშნავს, რომ ის არ წყვეტს ყველა იმ პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც არის შემუშავებული. და შედეგი კი არის იმ სუბიექტების სტიგმატიზაცია, რომლებიც ექცევა ამ კანონში. ეს ორგანიზაციები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღიაა, რადგან ისინი საუბრობენ დაფინანსების წყაროებზე ან ასევე სხვა საკითხებზე. მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ დაფარულად და ალბათ, ფინანსდებიან სხვა ქვეყნებიდან, და არა დასავლური ქვეყნებიდან, არ მოექცევიან ამ კანონის ფარგლებში. ეს სტიგმა შეიძლება იყოს ძალიან საზიანო, როგორც ვნახეთ გასულ კვირაში ვანდალიზმი და თავდასხმები იმ პირებზე, რომლებიც ამ ჯგუფებიდან არიან. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას იმ კანონების მიმართ, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ უცხოური დაფინანსებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა. გამჭვირვალობის სფეროში არსებული მრავალი კანონი ქცევაზეა დაფუძნებული. ასე რომ, ისინი შეეხება ყველას, ვინც შეეცდება, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე და ეს კანონები არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებს. ასევე ამ კანონების თანახმად, დაჯარიმებამდე ისინი ექვემდებარებიან სასამართლო განხილვას. ეს კანონი კი უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციის ყველა ჩანაწერზე – არამხოლოდ ფინანსურზე, არამედ, ყველა ჩანაწერზე და შეუძლია ასევე ჯარიმის დაწესება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლოში გასაჩივრება. ასე რომ, ეს წარმოადგენს საპირისპირო მიდგომას იმისა, რაც ამერიკის კანონშია მოცემული. მაგრამ ისევ და ისევ, მთავარი საკითხია ის, რომ როდესაც ჩვენ ჩავერთეთ დისკუსიაში, ევროკავშირმაც და ჩვენც ვითხოვეთ შემდგომი კონსულტაციები ამ კანონზე და გვითხრეს, რომ არა, ეს განხორციელდება სამი სწრაფი მოსმენით. და ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარი მედიასთან თბილისში ყველაზე მეტად გვაღელვებს ის, რომ საქართველო ამ საკითხებში იცავდეს ტრანსატლანტიკურ ნორმებს. ბევრ ქვეყანაში იყო შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის უცხოური აგენტის კანონი და ეს ძალიან შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ იყო ამდენი შეშფოთება კანონის თავდაპირველი ფორმის შესახებ და ჩვენ ძალიან არ გვსურს, რომ ეს კანონი ამოქმედდეს და აღსრულდეს იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი. ასე რომ, ვიდრე ის საბოლოოდ ამოქმედდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავინახოთ არსებითი ცვლილებები, თუ არა, ამას კიდევ დამატებული ის რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ, მიგვიყვანს შეკითხვამდე, თუ რამდენად გრძელდება ჩვენი პარტნიორობა. კანონის შესაძლო ცვლილებების შესახებ არა, ვფიქრობ, ეს იქნება განგრძობადი საუბარი. ის, რისი თავიდან აცილებაც გვინდა, არის ნებისმიერი სტიგმა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ გარკვეულ მცირე რაოდენობის ორგანიზაციებთან. მიმდინარეობს ევროკავშირის რეგულაციების ჩარჩოს შემუშავება, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხები, მაგალითად, საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით. აგრეთვე აშშ-ში გვაქვს სხვადასხვა რეგულაცია. ასე რომ, მე არ მსურს, ზუსტად ვთქვა, რა გამოვა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ავიცილოთ თავიდან ის, რაც ვნახეთ გასულ კვირაში, ეს არის საჯარო განხილვა გარკვეული ორგანიზაციების შესახებ, რაც გამოიყენა ზოგიერთმა ჯგუფმა ძალადობისთვის ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ან მათი საკუთრების წინააღმდეგ. შეკითხვა მომიტინგეების შესახებ, იქნება თუ არა მათთვის საკმარისი კანონში ცვლილებები? მე მგონია, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციების შესახებ მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ. ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება. ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ გქონდათ სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ეს სიმართლეა? არა, დღეს სატელეფონო ზარი არ მქონია. ამ ბმულზე შეგიძლიათ, გაეცნოთ მთავარი პრესკონფერენციის დროს, შეკითხვებამდე გაკეთებულ განცხადებებს
ლარი დოლართან და ევროსთან მკვეთრად გაუფასურდა
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0572 ლარი შეადგინა. დღეს დადგენილი სავალუტო კურსები ხვალ, 16 მაისს შევა ძალაში. ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.
სლოვაკეთის პრემიერს ესროლეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, მთავრობის სხდომიდა გამოსული ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და ის მიწაზე დავარდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტყვია მუცელში, მკლავსა და ფეხში მოხვდა. BBC წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერი მკვლელობის მცდელობის შემდეგ "სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაშია." სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი წერს, რომ არსებული ცნობით, ფიცოს მას რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.
ზელენსკი ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ: მხოლოდ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა უზრუნველყოფს საერთო რეგიონის უსაფრთხოებას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა. „ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე. მხოლოდ უკრაინაში სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას შეუძლია ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა
რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ აირჩია საკუთარი გზა ევროპისკენ, რასაც პარტნიორები მხარს უჭერენ, თუმცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს ქვეყნის ვალდებულებებსაც. „ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს მესიჯი ჩამოვიტანეთ როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა, გთხოვთ მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს,“ ამბობს მინისტრი. „სპეკულირება არ მინდა. კიდევ ერთხელ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მან საკუთარი გზა აირჩია ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჩვენი ინტერესი ამაში საქართველოს ინტერესს ემთხვევა, ვინაიდან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას, ალბანეთს, სხვა ქვეყნებს ევროკავშირისკენ გზაზე. გვჯერა, რომ ეს ყველა ქვეყნის უფლებაა. თუმცა, ასევე, ვალდებულებებია. ვალდებულებები სამართლებრივი - სასამართლო სისტემის მხრივ, ძალიან ბევრი პრაქტიკული და რთული რამ არის გასაკეთებელი. ამ კანონის, ამ კანონპროექტის შემთხვევაში, თუ როგორ იყო ის მიღებული. ასევე, იმ მხრივ, თუ როგორ ეპყრობოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს - დაშინება, დაკავებები და ასე შემდეგ - ეს ნორმალური არ არის. ეს იყო ჩვენი მესიჯი. ასე რომ, უკან დაბრუნდით, გაარკვიეთ როგორ უნდა მიაღწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს ამ პრაქტიკული ნაბიჯების მეშვეობით. ვითარება სერიოზულია და ძალიან ღია ვიყავით, მაგრამ ძალიან თავშეკავებულები. ასე რომ, რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ - დახურულს კარს მიღმა რჩება. კიდევ ერთხელ, ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ, როგორც მეგობრებმა, როგორც პარტნიორებმა, როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა. გთხოვთ მოგვისმინეთ და ამის გამოსწორების გზები არსებობს,” - განაცხადა ბრაჟემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თბილისში, ევროპელ კოლეგებთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა.“ „ჩვენ აქ იმის შესახებ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა ან რა არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არჩევნები ტარდება და მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი. ჩვენ აქ როგორც ნამდვილი მეგობრები ისე ჩამოვედით და არა ადვოკატირებისთვის, არამედ მხოლოდ ფაქტების გასაჟღერებლად. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია და, სამწუხაროდ, შუაში ყოფნის არჩევანი არ არის. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში ჩააგდო, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვიყოთ თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარეს და ეს არის არჩევანი. მე დღეს აქ ვარ, რადგან ესტონეთს საქართველო როგორც ისტორიულად, ისე, დღესაც ადარდებს. ჩვენ ქართველი ხალხი გვადარდებს, ჩვენ ისტორიულად საუკეთესო მეგობრები ვართ და თქვენ ეს იცით. ჩვენ საქართველოს და მის რეფორმებს ათწლეულების განმავლობაში მხარს ვუჭერთ და გიზიარებთ იმ შეხედულებას, რომ დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანებაა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს და ყველაფერს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. ეს კანონი სიმბოლოა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ეს უკან შემობრუნებაა, რომელზეც ევროკავშირს რეაქცია აუცილებლად ექნება. ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ახორციელებ, სარგებელს იღებ, როგორც უვიზო მიმოსვლა ან ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობაა. როდესაც საქართველო ამ გზაზე უკან დაიხევს, თქვენ ამ ყველაფერს დაკარგავთ და ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევებთან და რეპრესიებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ, ევროკავშირი სანქციებს დააწესებს. მაგრამ ჩვენ ქართველ ხალხს ვარწმუნებთ, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანია და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორი მომავალი სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და „წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება განადგურდეს. ის ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. „ჩვენი აქ ჩამოსვლის პირველი მზიანი არის გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართულებით, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას მიტაცებული ვინმეს მიერ. ჩვენი მეორე მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც - რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს. საქართველომ უკვე ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე და არასდროს ყოფილა ამდენად ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნასთან, როგორც ამას გასული წლის დეკემბერში მიუახლოვდა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ ის გაითვალისწინებდა დარჩენილ რეკომენდაციებს,“ ამბობს ლანდსბერგისი. 15 მაისს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ისლანდიელ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ლანდსბერგისმა განაცხადა: „ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები, როგორც ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და ადარდებთ თქვენი ევროპული მომავალი.“ მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი ამბების გარეკანებზე მოხვდა, ვინაიდან ხელისუფლებამ უკან დააბრუნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ და გამოიყენეს ძალადობრივი აქტები დემონსტრანტების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. „მაგრამ ასევე ვნახეთ გამძლეობა, რაც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს თავიანთი ერთგულება ევროპული მისწრაფებებისადმი. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები იყენებენ ამ შეზღუდვას ძალის კონსოლიდირებისთვის,“ - აღნიშნა მან. მისი განცხადებით, საგარეო მინისტრების ვიზიტს ორი მთავარი ამოცანა აქვს: „გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ვინაიდან საქართველო იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნეს არავის მიერ ხელყოფილი. გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას, - თუ საქართველო ამ გზაზე გააგრძელებს სვლას, ამას ექნება შედეგები.“ გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევა აქვს საქართველოს, რაც 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებით დაგვირგვინდა, - და არსებობს რეკომენდაციები, რისი შესრულებაც ევალება ქვეყანას. „თუმცა წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნას განადგურებული. ცალსახად მინდა გითხრათ: კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს პროგრესს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ლიეტიველმა დიპლომატმა. ლანდსბერგისის თქმით, თუ ეს მოხდა, პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. „მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან განცხადება, რომ ვეტოს დადება იგეგმება. ამ კანონის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რაიმე კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა გამოასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლების ცნობით. „თქვენ ვერ გაალამაზებთ რაღაცას, რაც არის ჩვენი ღირებულებების საწინააღმდეგო. საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში თავის განცხადებაში, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი,“ - ასე დაასრულა ლანდსბერგისმა სიტყვა ორბელიანების სასახლეში. „მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად,“ განაცხადა თავის მხრივ, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირიმ. მისი თქმით, დღეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოვიდა სოლიდარობის გამოსახატად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. „მე წარმოვადგენ პატარა სახელმწიფოს, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ღირებულებების დაცულობის ბენეფიტებით, რომლებსაც ემუქრება აღნიშნული კანონმდებლობა და რასაც ის სინამდვილეში გულისხმობს. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ და გვხვდა იმის ბედნიერება, გვემუშავა ბალტიის ქვეყნებთან და უშუალოდ გვენახა მათმა მოგზაურობამ როგორ მოიტანა კეთილდღეობა მათ საზოგადოებაში. ჩვენ ეს მოგზაურობა დავიწყეთ საქართველოს, მისი ლიდერებისა და მისი ხალხისადმი პატივისცემით. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ საქართველო მივიჩნიოთ იმ სამყაროს ნაწილად, რომელიც გამოდის თავისუფლებებისა და უფლებებისთვის, რასაც თავს ესხმის რუსეთი და რაც არის ასახული საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის მხარდაჭერაში, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანსატლანტიკურ გზას,“ - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად.“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“ დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კანონი არის წარსულსა და ევროკავშირისკენ გზას შორის არჩევანის სიმბოლოა. ლიეტუველმა მინისტრმა კი, აღნიშნა, რომ ეს კანონი გააჩუმებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხმას იმაღლებს ხელისუფლების წინაშე. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს მათ გზავნილს, რომ უკან წაიღოს შემოთავაზებული კანონი. „ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია - ჩვენ შეიძლება, ევროკავშირში შევსულიყავით ისეთი კანონები რომ გვქონოდა, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება. ასე რომ, ჩვენი მესიჯი ძალიან ნათელია: ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ, გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას. იმედი მაქვს, რომ მთავრობამ მესიჯი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი უბრალოდ გაუშვან ეს კანონი იმავენაირად, როგორც ეს 2023 წელს გააკეთეს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ. მერე დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, და ჩვენ მზად ვართ. ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის,” - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და აღნიშნა, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. მიინსტრებმა ხაზი გაუსვეს ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას. „თუ ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს განსხვავებული რამ, ასეთ პირობებში კომპრომისი არ მოხდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ საქართველოს სურს, დარჩეს ევროპულ გზაზე, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები,“ უპასუხა ლანდსბერგისმა მედიის შეკითხვას. „მათ ასევე უპასუხეს შეკითხვას „გლობალური პარტიის“ შესახებ. „ხუმრობა არ არის, ვინაიდან, სერიოზული რამეა და კრემლის ნარატივია. კრემლის ნარატივია და აქ ამაზე დებატებიც კი ისეთი რამეა, რისი გაკეთებაც არ გვსურს, ვინაიდან, ეს ყალბი ნარატივია." ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტრმა კი განაცხადა: „არ მგონია, რაიმე სარგებელი ჰქონდეს ამაზე [გლობალური ომის პარტიაზე], რომ რამე ვრცლად ვთქვა. მართლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. და, ვფიქრობ, ეს თავისთავად პასუხია.“ კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც. „ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ,” განაცხადა თბილისში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა.
პრეზიდენტი: არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო
„ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება, გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. „ვისაუბრეთ, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები. ძალიან გარკვეულად ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს, ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი,“აღნიშნა პრეზიდენტმა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია - რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ორ კვირაში ნახავთ, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება. მსხილაძე აღნიშნავს, რომ ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული იქნება. „ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ [განხილვაში] და კანონის რაიმე ფორმით [განხილვაში] შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ,“ - განაცხადა მსხილაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებული პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. „ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ აქვს,“ - განაცხადა მსხილაძემ.
საპატრიარქო: მიხაელ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია
საქართველოს საპატრიარქო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთის განცხადებას გაუგებარს, უადგილოს და მიუღებელს უწოდებს. საპატრიარქოს განცხადებით, „მიხაილ როთმა თავისი განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან, რაც „არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში.“ „გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით - მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!“ ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი, ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში. გვსურს, ვუპასუხოთ ბატონ მიხაელს, რომ ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან, მის წიაღში იყვნენ და არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც. ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ამდენად, ბატონი მიხაელის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია,” - წერია განცხადებაში.
"სად მივდივართ? - ევროპაში" - რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს ესტონელმა, ლიეტუველმა და ისლანდიელმა მინისტრებმა სცენიდან მიმართეს
ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენენ და დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე. მათ ადგილზე შეკრებილ მომიტინგეებს პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან სიტყვით მიმართეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი ქართველებისთვის. გამომსვლელმა აქციის მონაწილეებს მიმართეს: „თქვენ მარტო არ ხართ.“ "მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, სადაც გარანტირებულია ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი..." - განაცხადა ლანდსბერგისმა და ქართულ ენაზე კითხვით მიმართა შეკრებილებს: "სად მივდივართ?" - კითხვით მიმართა მან შეკრებილებს, რაზეც უპასუხეს: "ევროპაში". მინისტრების გამოსვლის ბოლოს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აჟღერდა. რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები