ძებნის რეზულტატი:

EBRD-მა და USAID-მა შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კავშირი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით. EBRD-ის ცნობით, პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაჭრობის გაზრდაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე, სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. მისივე თანახმად, შუა დერეფნის გაძლიერება შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს. მემორანდუმის მიზანია, გააძლიეროს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დიზაინი და მშენებლობა. ის ასევე მიზნად ისახავს: გააუმჯობესოს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობა; შუა დერეფნის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალის ინვესტიციების მოზიდვა; და მიიღოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისთვის. თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები მოიცავს ინვესტიციების გაფართოებას ნახშირბადის გარეშე ენერგიის მიმართულებით და რეფორმების წინსვლას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის კუთხით. მემორანდუმს ხელი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში, მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოაწერეს, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება  

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.  

ესტონეთის პარლამენტმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენება დაამტკიცა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა კანონი, რომელიც რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას ითვალისწინებს.  „ჩვენმა პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა კანონი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის. იმედი მაქვს, პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე გამოაცხადებს მას კანონად. ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ევროპაში პრეცედენტის შექმნას ჩვენი ინიციატივით,“ წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინს უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტს პეკინში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და მის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია მოეწყო, რის შემდეგაც პუტინი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა, რომლის დროსაც ჩინეთის პრეზიდენტმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ. ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც ცნობილია, მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები რამდენიმე ხელშეკრულებასა და დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ამის შემდეგ ლიდერები ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებას და პრესასთან საუბარს გეგმავენ. გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრის, ლი ჩიანგს შეხვედრა. პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არ არის კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. „ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის პრინციპებს და დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ასახავს მრავალპოლარულ რეალობას და საერთაშორისო კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ცვალებად საერთაშორისო გარემოს გაუძლო და მსხვილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებისთვის ეტალონად იქცა. „მიმდინარე წელს აღინიშნება ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილე. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო საერთაშორისო ვითარების გამოცდას და დღეს წარმოადგენს დიდ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ეტალონს, რომელიც ხასიათდება ურთიერთპატივისცემით, ნდობით, მეგობრობით და ორმხრივი სარგებლით,“ - განაცხადა სი ძინპინმა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მდგრადი განვითარება არამხოლოდ ორი ქვეყნისა და ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს აკმაყოფილებს, არამედ, სარგებლის მომტანია რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. „ვაპირებთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ რუსეთისთვის კარგი მეზობლები, სანდო მეგობრები და სანდო პარტნიორები, თანმიმდევრულად გავამყაროთ ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ერთობლივად დავიცვათ საერთაშორისო თანასწორობა და სამართლიანობა,“ - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა. BBC-ის ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს და ჩინეთს სურდათ "უკრაინის კრიზისის" პოლიტიკური გადაწყვეტა, ხოლო სი ძინპინი მოუწოდებდა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ირგვლივ ომის ორი სახელმწიფოს პრინციპის გადაწყვეტას. პეკინს ადანაშაულებენ მოსკოვისთვის ისეთი კომპონენტების მიწოდებაში, რასაც მოსკოვი უკრაინაში ომისთვის იყენებს. ჩინეთს დღემედე არ დაუგმია ომი უკრაინაში. უკრაინის ომის შემდეგ, ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთსა და რუსეთს შორის გაიზარდა. 2021 წლიდან, კონფლიქტის დაწყებამდე ერთი წლით, ვაჭრობა 64%-ით გაიზარდა; 2023 წელს - 240 მილიარდ დოლარამდე (189 მილიარდი ფუნტი). ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობა დაადანაშაულა პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის მნიშვნელოვანი, პირდაპირი და მატერიალური დახმარების გაწევაში. ჩინეთის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ პეკინი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის „პოლიტიკური გადაწყვეტა“ უნდა მოხდეს. გასულ წელს გამოქვეყნებული ჩინეთის სამშვიდობო წინადადებები გააკრიტიკეს როგორც კიევმა, ასევე, მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა.  

ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს

ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე დროებითი ნავსადგურის მშენებლობა ადგილობრივი დროით 7:40 საათზე დაასრულეს. ჯერჯერობით უცნობია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას გაეროს რომელი სააგენტო უზრუნველყოფს. „სავარაუდოდ, სატვირთო მანქანები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება გადააქვთ, ნაპირზე გადაადგილებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. დახმარებას გაერო მიიღებს და ღაზის სექტორში მის განაწილებას კოორდინაციას გაუწევს,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

დასავლეთის მიერ სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი აცხადებს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

მოლდოველმა ოლიგარქმა ილან შორმა განაცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. „საბუთები წარვადგინე. ასე რომ, დღეს მეც ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე,“ - განაცხადა შორმა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ არ დათმობს ისრაელის პასპორტს. „ისრაელი ჩემი სამშობლოა, მე იქ დავიბადე," - აღნიშნა პოლიტიკოსმა. მანამდე მოლდოვაში პოლიტიკური პარტია Shor-ი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ილან შორს დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 13 აპრილს, დაუსწრებლად მიუსაჯა. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა გასული წლის თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - შორს სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. გასულ თვეში მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი პირებისთვის მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიცირების შესაძლებლობას. პროექტი ითვალისწინებს, რომ ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს შეეძლება, განიხილოს მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომლებიც ექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს და გარემოებიდან გამომდინარე დაიწყოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა. აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის  

აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის ექსპორტს 18%-ით ზრდის

2024 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა 2 758 782 820 აშშ დოლარის ღირებულების 7 706 860 610 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა, იუწყება მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი აირის ექსპორტირებული მოცულობა 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება განახევრდა. ბუნებრივი აირის წილმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 33,77% შეადგინა.  

ყაზახეთი სთხოვს ვიეტნამის კომპანიებს, გამოიყენონ შუა დერეფანი ექსპორტისთვის

ყაზახეთი იწვევს ვიეტნამს, განიხილოს შუა დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში საქონლის ექსპორტისთვის, ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის შეტყობინებაში. „ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ სერიკ ჟუმანგარინმა 15 მაისს შეხვედრა გამართა ვიეტნამის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ნგუენ ჰონგ დიენთან. შეხვედრის დროს ჟუმანგარინმა განაცხადა, რომ ვიეტნამი ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია აზიაში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა [2023 წლის შედეგებზე დაყრდნობით] 85%-ით გაიზარდა და მან თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიეტნამის ვიცე-პრემიერმა ასევე მოიწვია ვიეტნამური კომპანიები, გამოიკვლიონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს ვიეტნამის ექსპორტს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ განხორციელდეს 3-4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საზღვაო მარშრუტებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. „ჩვენ მიგვაჩნია TITR ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტად აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ყაზახურ-ჩინური ტერმინალის სიმძლავრეების გამოყენებას ლიანიუნგანის საზღვაო პორტსა და სიანიშის მშრალ პორტში,“ - ხაზგასმით აღნიშნა მან. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.  

ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში

დღეს, 16 მაისს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. „მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ. ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე, როგორც მთავრობა აცხადებს, ერდოღანის და კობახიძის პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და მზადაა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა დაადასტურა,“ აცხადებს ქართული მხარე. მოგვიანებით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს. ჩვენი საუბრის დროს, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის,“ - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ამავე პრესკონფერენციის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.  „გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იგივე წარმატებით.  პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას“ და „პეკაკას“ მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

ერდოღანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს,“აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.  მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა სამ მაისს თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა სრულად შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად ღაზის სექტორში "გაუარესებული ჰუმანიტარული ტრაგედია" სახელდება. "ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები შეჩერებულია და ის ყველა პროდუქტს ეხება. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ მიიღებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის ხელისუფლება საშუალებას მისცემს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკმარისად და ხელის შეშლის გარეშე მიწოდებას," – ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წელს, თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობამ $6.8 მილიარდი შეადგინა. თურქეთის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ამბობდა, რომ თურქეთი პორტების ბლოკირებით არღვევს შეთანხმებებს ისრაელის იმპორტისა და ექსპორტისთვის. „ასე დიქტატორები იქცევიან, თურქეთის მოსახლეობისა და ბიზნესმენების ინტერესების უგულებელყოფითა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების იგნორირებით," – წერდა კაცი. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, თურქეთთან ვაჭრობის ალტერნატივებზე იმუშაოს ადგილობრივ წარმოებასა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე ფოკუსირებით.  

ერდოღანი: მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია  კონრეტულად, ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი კობახიძემ გაუზიარა თავისი მოსაზრებები. „ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება,“ განაცხადა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მისივე თანახმად, ერდოღანმა „ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერის საუბარს ძალიან ნაყოფიერი უწოდა.“

ირაკლი კობახიძე: თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა

„თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე,“ - განაცხადა პრემიერმა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით. „ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. სევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორიც არის თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღესვე საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში  

ყაზახეთმა და ლატვიამ შუა დერეფნის განვითარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

დღეს, ყაზახეთისა და ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარების შესახებ, განაცხადეს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში. „ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ლატვიელ კოლეგას კასპარს ბრისკენსს შეხვდა. შეხვედრაზე გაცვალეს აზრები ყაზახეთსა და ლატვიაში სატრანსპორტო სექტორის არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, გაფორმდა მემორანდუმი TITR-ის განვითარების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. კარაბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ლატვია აქტიურად ავითარებენ სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობას. ყაზახეთის მინისტრის თქმით, დღეს შუა დერეფანს განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც სხვა მარშრუტების ალტერნატივას. „ამას ადასტურებს ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაორმაგება 2023 წლის ბოლოს. TITR-ის პოტენციალის გასაზრდელად, ასევე მარშრუტზე დაბრკოლებების აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურისა და ტერმინალის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე, პორტის გამტარუნარიანობის გაფართოებაზე, ადმინისტრაციული დაბრკოლებების აღმოფხვრასა და გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს საშუალებას მოგვცემს 2025 წლისთვის TITR-ის წარმოების სიმძლავრე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.“ EBRD-მა და USAID-მა შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს  

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, გზა გადაკეტილია

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ. საავტომობილო გზა გადაკეტილია. მოქალაქეებმა შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

დანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

დანიამ გადაწყვიტა, უკრაინას 750 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ თანხიდან 2,4 მილიარდი DKK (321 მილიონი ევრო) განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. თანხების ნაწილი ასევე მოხმარდება F-16 თვითმფრინავების უკრაინაში უფასოდ მიწოდებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ პაკეტის ფარგლებში მთავრობამ ასევე გამოყო დამატებითი თანხები პირდაპირი ინვესტიციებისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. „ეს უკვე დახმარების მე-18 პაკეტია. თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პულსენი აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარება ძალიან მძიმეა. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელებს სჭირდებათ მუდმივი და მასობრივი მხარდაჭერა მათი მოკავშირეებისგან. ამ პაკეტით ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს როგორც უკრაინას, ასევე დანარჩენ სამყაროს,“ - დასძინა მინისტრმა.  

ბულგარული კომპანია რუსული „გაზპრომისგან“ 400 მილიონი ევროს კომპენსაციას მოითხოვს

ბულგარული კომპანია Bulgargaz რუსული „გაზპრომისგან“ 400 მილიონი ევროს კომპენსაციას მოითხოვს 2022 წლიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, განაცხადა რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ მალინოვმა, იუწყება Nova. მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა უკვე მზად არის, მაგრამ ჯერ „ბულგარგაზი“ „გაზპრომს“ მისცემს შესაძლებლობას, ნებაყოფლობით მოაგვაროს მოთხოვნა მოკლე დროში. „თუ ეს არ მოხდება, ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავთ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში,“ - განაცხადა მალინოვმა. უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, 2022 წლის 27 აპრილს, „გაზპრომმა“ შეუწყვიტა გაზის მიწოდება Bulgargaz-ს რუბლით გადახდაზე უარის გამო. ეს გაანგარიშების სქემა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოიღო, როგორც ულტიმატუმი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს სანქციების პირველი ტალღით დაარტყეს. „გაზპრომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად ბულგარეთში გაზის ფასებმა მკვეთრი მატება დაიწყო. 2022 წლის ივლისში 100 კუბური მეტრი (1 მგვტ.სთ) დაახლოებით 95 ევრო ღირდა, აგვისტოში კი, უკვე - 149 ევრო. ომამდე ბულგარეთი იმპორტის საჭიროების სამ მეოთხედს რუსული გაზით ფარავდა. 2023 წლის ბოლოს, „გაზპრომმა“ პირველად განიცადა წმინდა ზარალი 25 წლის განმავლობაში. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, მისი მოცულობა - 629 მილიარდი რუბლი რეკორდია კომპანიის მთელი ისტორიის განმავლობაში.  

ევროკავშირში რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აკრძალეს

ევროპულმა საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე შეჩერდება რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალების მაუწყებლობა და გავრცელება. ესენია „რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“, „იზვესტია“ და მედიაპროექტი „გოლოს ევროპი“ (Voice of Europe), რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული. ევროპული საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეს მედიასაშუალებები რუსეთის პროპაგანდას ავრცელებენ და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს იწონებენ. ამასთან, ეს მედიასაშუალებები რუსეთის ხელისუფლების გამუდმებული კონტროლის ქვეშაა და ისინი წარმოადგენს მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის ინსტრუმენტს. აკრძალული გამოცემების თანამშრომლებს არ აუკრძალავენ ევროპაში მუშაობას - მაგალითად, ჟურნალისტურ გამოძიებას ან ინტერვიუს აღებას. აკრძალულია მხოლოდ მაუწყებლობა და გავრცელება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში თავისი მედიის აკრძალვას პასუხს გასცემს. ევროპულმა საბჭოს განცხადებით, რუსეთი სისტემატურად ატარებს დეზინფორმაციის კამპანიას და თავის მედიას იყენებს აზრთა მანიპულაციისთვის, ფაქტების უხეში დამახინჯებისა და მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისთვის. იმ მედიის მთავარი მიზანი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, არის უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამართლება. მათი სამიზნე ასევე ხდება მრავალი ევროპული პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო საზოგადოება როგორც ასეთი, დევნილები, რუსული ეთნიკური უმცირესობები, გენდერული უმცირესობები და ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტები მთლიანობაში. ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ  

რა პოზიცია აქვს ჩინეთს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით

ჩინეთის რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია და ჩინეთი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას, არ ერევა შიდა პოლიტიკაში და ასე კონკრეტულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას პატივს. ის, რომ ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

პრემიერი: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ

„ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ, დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. „ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო. აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე. ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ. საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს. ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ. იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. მოძრაობა „ჯიუტი“ კობახიძის შეთავაზებას განცხადებით პასუხობს და "მკაცრად ემიჯნება" ყოველგვარ დისკუსიას ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს," - წერია განცხადებაში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

მეუფე შიო: „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები

„ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის] მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით გული გვტკივა და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. „ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს, ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ დაპირისპირებაზე ჩვენ გვპასუხობენ ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას. იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ ღვთის მადლიც მოქმედებს და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად და როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის, მაშინ პატარა მიზეზმაც კი შეიძლება, გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. აი, ამიტომ სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი გახლავს სწორედ ოჯახი. ადამიანი სიყვარულს ოჯახში უნდა სწავლობდეს და სიყვარულში იზრდებოდეს, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ, ეს არის დღეს ჩვენი შეკრების და ჩვენი ლოცვითი მსვლელობის მიზანი. ახლა ჩვენ წავიკითხავთ მცირე ლოცვას და შემდეგ ყველანი ერთად გავემართებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც თქვენთან ერთად აღვავლებთ პარაკლისს,“ - განაცხადა მეუფე შიომ. მან ასევე ისაუბრა „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ „არ უნდა დავუშვათ გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ.