ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა

ევროკომისიამ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს საერთო ინტერესის პროექტების (PCI) და ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსი მიანიჭა - ეს 2023 წლის შემდეგ მეორე ასეთი სიაა. შერჩეულ პროექტებს ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანა შეეძლებათ. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს შავი ზღვის ქვეშ 1000 მეგავატიანი წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მშენებლობის გეგმებს, რომლის სიგრძე 1195 კილომეტრია. ეს კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში გამომუშავებულ მწვანე ელექტროენერგიას რუმინეთში გადასცემს, ხოლო შემდგომ ტრანსპორტირებას უნგრეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილში მოახდენს, რაც გააძლიერებს ევროპის წვდომას კავკასიის რეგიონიდან განახლებად ენერგიაზე. ბულგარეთმაც გამოთქვა ინტერესი პროექტში მონაწილეობის მიმართ. 2024 წლის სექტემბერში, რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორმა „ტრანსელექტრიკამ“, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, აზერბაიჯანის ენერგოკომპანია „აზერენერჯიმ“ და უნგრეთის ენერგოკომპანია „MVM“-მა შავი ზღვის ქვეშ წყალქვეშა კაბელის გაყვანისთვის ერთობლივი ფირმა შექმნეს.  

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი დააკავეს - AFP

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი ფედერიკა მოგერინი კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის პოლიციამ იტალიელი პოლიტიკოსის გარდა კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Euractiv-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ, თუ არა ინფორმაცია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დაფინანსების მიზნით საჯარო ტენდერის გამოცხადების შესახებ. გამოძიება ევროპის კოლეჯის მიერ ბრიუგეში 3.2 მილიონი ევროს ღირებულების შენობის შეძენის გარემოებებს იკვლევს, რომელშიც ის დიპლომატები ცხოვრობენ, რომლებიც კოლეჯში სწავლობენ. გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ კოლეჯმა შენობა 2022 წელს შეიძინა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ტენდერს გამოაცხადებდა და შემდეგ კოლეჯს დაფინანსების სახით 654 000 ევროს გადასცემდა. მოგრეინი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს 2014-2019 წლებში იკავებდა, 2022 წლის შემდეგ ის იყო ბრიუგეს დიპლომატიური აკადემიის დირექტორი. განახლება: ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი სტეფანო სანინო პატიმრობიდან გაათავისუფლა. Politico წერს, რომ ბრალდებები არ არის დადასტურებული და მოგერინი, სანინო და დაკავებული სხვა პირი უდანაშაულოდ ითვლებიან მანამ, სანამ სასამართლო მათ დამნაშავედ არ ცნობს. განახლება: ფედერიკა მოგერინიმ ევროპის კოლეჯის რექტორის თანამდებობა დატოვა.  

ევროკავშირი TRIPP-ში ჩართვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან TRIPP-ში ევროკავშირის მონაწილეობის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. „ეს არის 42-კილომეტრიანი რკინიგზა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეხებოდეს არამხოლოდ ამ 42-კილომეტრიან მონაკვეთს, არამედ, ყველაფერს, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით მდებარეობს და ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა კოსმა. კოსმა აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს სომხეთისთვის პრიორიტეტების სია ამ ყოვლისმომცველი კავშირის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეები. ამ საკითხებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენთვის აზრი არ აქვს ამის ნაწილ-ნაწილ გაკეთებას. თუმცა ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ან მონაწილეობა ასევე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ 42-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა,“ - განაცხადა მარტა კოსმა. აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს  

პუტინმა აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება უარყო

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის მომლაპარაკებლებმა ვერ მიაღწიეს გარღვევას უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში. რუსი ოფიციალური პირების თქმით, მოლაპარაკებები „კონსტრუქციული“ იყო, მაგრამ უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების საკითხზე „კომპრომისი“ არ არის. ამასთან,  რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს, მაგრამ ისინი განხილვას საჭიროებს. ეს მოხდა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვისას. მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ევროპის სამშვიდობო შეთანხმების მოთხოვნები „მიუღებელია“: „ჩვენ არ ვაპირებთ ევროპასთან ბრძოლას, მაგრამ თუ ევროპას ჩვენთან ბრძოლა სურს, ჩვენ ახლავე მზად ვართ.“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება. „თუ პროცესი გაჭიანურდება ან შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ რუსეთზე ზეწოლის ორი საუკეთესო გზა არსებობს: პირველ რიგში, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინის სწრაფი დახმარება გაგრძელდება. დღეს ეს ევროპელებისა და აშშ-ის დამსახურებით ხდება. მეორე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს. აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ, რათა სანქციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალურ ზეწოლას მიაღწიონ,” - განაცხადა მარკ რუტემ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის პროექტში ზოგიერთი რამ „ჯერ კიდევ უნდა შემუშავდეს“, მაგრამ „ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არსებობს შანსი, რომ ეს ომი დასრულდეს.“ “უკრაინა ამერიკული დელეგაციისგან სიგნალებს დაელოდება მათი რუსეთში შეხვედრების შემდეგ. შეერთებული შტატების დელეგაცია ჩვენთვის პირდაპირ აპირებს ინფორმაციის მოწოდებას ამ შეხვედრების შემდეგ. შემდგომი ნაბიჯები ამ სიგნალებზე იქნება დამოკიდებული. ამა თუ ის სახეობის სიგნალებს მივიღებთ. თუ სიგნალები გარკვეულად იმუშავებენ - თუ ეს სამართლიანი იქნება ჩვენს პარტნიორებთან - მაშინ შეიძლება ძალიან მალე შევხვდეთ ამერიკულ დელეგაციას. რა დონეზე - ვნახავთ, დამოკიდებულია სიგნალებზე. თუ სიგნალები გლობალური, მაგრამ სწრაფი გადაწყვეტილებების შესაძლებლობასა და შანსს ხსნიან, მაშინ შეხვედრები უფრო მაღალ დონეზე გაიმართება. მზად ვარ ყველანაირი სიგნალების მისაღებად და მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის. ყველაფერი დღევანდელ საუბრებზეა დამოკიდებული,” - წერს ზელენსკი. „ვცდილობთ ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ დაცული იყოს უკრაინის მომავალი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ“, - აღნიშნა რუბიომ. კითხვას, რამდენად დარწმუნებულია მშვიდობის პერსპექტივაში, რუბიომ უპასუხა,: „რთულია ამ საკითხზე დარწმუნების დონის განსაზღვრა, რადგან საბოლოო ჯამში, რუსეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მხოლოდ პუტინმა უნდა მიიღოს. პუტინმა და არა მისმა მრჩევლებმა. მხოლოდ პუტინს შეუძლია ამ ომის დასრულება რუსეთის მხრიდან,“ - აღნიშნა რუბიომ. 2 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პრეზიდენტის სიძეს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.  2 დეკემბრის შეხვედრას წინ უძღოდა არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება როგორც ვაშინგტონსა და კიევს, ისე კიევსა და ევროპის ქვეყნებს შორის. პირველ დეკემბერს ფლორიდაში უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად. უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უძღვებოდა. უმეროვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ეს შეხვედრა იყო პროდუქტიული და წარმატებული". პარალელურად ევროპის ქვეყნებში შეხვედრებს მართავდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 2 დეკემბერს, ირლანდიაში ყოფნისას, აშშ-დან დაბრუნებული უკრაინის დელეგაციის წევრებთან პირისპირ შეხვედრისას მოისმინა მან მაიამიში გამართული შეხვედრის დეტალები. მოგვიანებით, ირლანდიელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დღეს ყველაზე ახლოს არის მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რომ ამისი რეალური შანსი არსებობს, მაგრამ ეს შანსი გამოსაყენებელია. "მოგიწოდებთ შეეწინააღმდეგოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ასუსტებს რუსეთზე ზეწოლას, სანამ ომი და ოკუპაცია, სიძულვილის პროპაგანდა გრძელდება. რუსეთზე ზეწოლა სრულად უნდა შენარჩუნდეს, რომ რუსეთს არ ეგონოს, ის დაჯილდოვდება ამ ომის, უკრაინის მიწის მიტაცების ან ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო," - განაცხადა ზელენსკიმ 2 დეკემბერს ირლანდიის პარლამენტში გამოსვლისას.  

მარკო რუბიო: თეორიულად, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება, რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეორიულად, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება, რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს. „როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ყველაზე მარტივი კონფლიქტია, ვფიქრობ, პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაზე არალოგიკური ომია. თუ ამას ლოგიკურად შეხედავთ, დაასკვნით, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან ტრადიციული გაგებით მასში არავინ იმარჯვებს. კვირაში 7000 რუსი ჯარისკაცი იღუპება, უკრაინის მხარეს ნგრევაზე რომ არაფერი ვთქვათ. ახლა რისთვისაც იბრძვიან 30-50 კილომეტრი და დონეცკის რეგიონის 20%-ია. ჩვენ ვცადეთ და გარკვეულ პროგრესსაც მივაღწიეთ, იმის გასარკვევად, თუ რა არის ის, რასაც უკრაინელები დაეთანხმებიან და მათ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, რომ თავს არასდროს დაესხმებიან. ვცადეთ, დაგვედგინა, რა არის ის, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკა აღადგინონ და ქვეყანა წარმატებული გახდეს. თეორიულად, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს,“ - განაცხადა რუბიომ. რუბიოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს და ნამდვილად სუვერენული იყოს. „მსგავს საკითხებს განვიხილავთ: ომის დასრულება, იმის უზრუნველყოფა, რომ მათ თავს არასდროს დაესხმებიან, უკრაინის ხანგრძლივი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა, რომ ის მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს, ეკონომიკის არა მხოლოდ აღდგენა, არამედ აყვავება. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.  

თურქეთმა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი შესაძლოა, ექვს თვეში გახსნას - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი სომხეთთან სახმელეთო საზღვრის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გახსნას განიხილავს. სააგენტო საკითხზე ინფორმცირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცივი ომის ეპოქის ევროპაში უკანასკნელი დახურული საზღვარი გაიხსნება, რითაც კავკასიაში ვაჭრობის განახლება შესაძლებელი გახდება. თურქეთმა სომხეთთან საზღვარი 1993 წელს დახურა აზერბაიჯანის სოლიდარობის ნიშნად. სამხრეთ კავკასიის ეს ზღვაზე გასასვლელი არმქონე მთიანი რეგიონი აზერბაიჯანს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გამოეყო, რამაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი გამოიწვია. წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას სომხეთისა და მეზობელი აზერბაიჯანის ლიდერებთან, კონფლიქტის დასრულების მიზნით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გარეშე ურთიერთობებს არ აღადგენს. „თუ ახლავე მოვაწესრიგებთ ურთიერთობებს, სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის უმთავრეს მიზეზს წავართმევთ,“ - განმარტა ფიდანმა. სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა Bloomberg-ის ინფორმაციაზე ამჯერად კომენტარის თხოვნას არ უპასუხეს.  

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატებაზე, სპიკერ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა - The Hill

The Hill-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თხოვნა დაბლოკა. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა („რესპუბლიკური პარტია“) აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნის („რესპუბლიკური პარტია“) პირადი თხოვნით გასულ თვეში მიმართა. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტუნიმ „MEGOBARI აქტის“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) დამატების თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა. The Hill-ი წერს, რომ „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად ჯონსონის ჩარევა მოულოდნელი იყო. „სპიკერი ჯონსონის ლობირება მისასალმებელი იყო, თუმცა არსაიდან გაჩნდა. ვფიქრობდით, რომ კანონპროექტი მკვდარი იყო, მას შემდეგ რაც ტუნიმ იგი სექტემბერში დაბლოკა. ვცადეთ, რომ კანონპროექტი სპიკერის თხოვნით ბოლო წამს NDAA-ში შეგვეტანა, თუმცა ტუნის წინააღმდეგობა ვერ გადავლახეთ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთი კონგრესმენის თანაშემწემ. წყაროების თქმით, ჯონსონი 21 ნოემბრის შემდეგ ცდილობდა, რომ თანაშემწეები მხარდაჭერისთვის „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ დაკავშირებოდნენ, რათა „MEGOBARI აქტის“ NDAA-ში დამატება მომხდარიყო. „ტუნიმ კატეგორიული უარი განაცხადა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა თანაშემწემ. ცნობისთვის, The Hill-მა ჯერ კიდევ სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ „MEGOBARI აქტის“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დამატება სენატორი მარკუეინ მალინის („რესპუბლიკური პარტია“) თხოვნით დაბლოკა. ჯონსონისა და ტუნის ოფისებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.  

ევროკომისარი მარტა კოსი სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირის ფორმატის შექმნის წინადადებით გამოვიდა

ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარი მარტა კოსი გამოვიდა წინადადებით, რომ შეიქმნას ოთხმხრივი ფორმატი – სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირი, რომელიც სატრანსპორტო კავშირების საკითხებზე იმუშავებს. ამის შესახებ კოსმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა აზერბაიჯანული მედიის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ევროკავშირი შუა დერეფნის განვითარებისთვის. მან განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP დერეფანი) სატრანსპორტო კავშირის ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ის უნდა იყოს დაკავშირებული როგორც დასავლეთთან, ასევე, აღმოსავლეთთან. „ოქტომბერში დავიწყეთ ამ თემის განხილვა. დღეს მინისტრს ვთხოვე, წარმოგვედგინა სომხეთის პრიორიტეტები ტრანსპორტის დაკავშირებადობის დღის წესრიგში და შემდეგ, ერთად განვიხილავთ მათ,“ – აღნიშნა კოსმა. მისი თქმით, შესაძლებელია, გადაიდგას მრავალი ნაბიჯი დაკავშირებადობის მიმართულებით, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. ბრიუსელში გაიმართა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მეექვსე შეხვედრა. შეხვედრის შედეგებით სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. დოკუმენტი ცვლის 2017 წლის პარტნიორობის პრიორიტეტებს და ადგენს უფრო ამბიციურ გზამკვლევს, რომელიც ეფუძნება ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA). ევროკავშირი სომხეთს ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და არჩევნებზე უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ, ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს  

რა წერია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის თანახმად, რომელიც ვაშინგტონის ტრანსატლანტიკური მოკავშირეების მიმართ უჩვეულოდ კრიტიკული ტონით გამოირჩევა, აშშ-ის პოლიტიკამ ევროპაში ევროპული ქვეყნების „მიმდინარე ტრაექტორია“ უნდა „გამოასწოროს.“ დოქტრინის შინაარსი ხაზს უსვამს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს, რომელიც ტრადიციული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებიდან უფრო იდეოლოგიურად დასაბუთებული პრიორიტეტებისკენ გადადის. დოკუმენტში აშშ ევროკავშირს და „სხვა ტრანსნაციონალურ ორგანოებს“ ადანაშაულებს „ცივილიზაციის წაშლაში“ - მიგრაციული პოლიტიკისა და ცენზურის მეშვეობით, რაც იწვევს „ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვას.“  დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროპამ უნდა ისწავლოს „საკუთარ ფეხზე დგომა“ და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე, რაც მას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი „ნებისმიერი მოწინააღმდეგე ძალისგან“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობა აუცილებელია ევროპულ ქვეყნებსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად. სტრატეგია ასევე კრიტიკულად უყურებს NATO-ს გაფართოებას და ამბობს, რომ დროა, დასრულდეს აღქმა, რომ „NATO მუდმივად გაფართოებადი ალიანსია.“  სტრატეგიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ  შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ასევე, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის საომარი მოქმედებების შემდგომი რეკონსტრუქცია, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს სურს, ევროპა დარჩეს ევროპული და დაიბრუნოს ცივილიზაციური თავდაჯერებულობა. „თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ღრმად არის შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ მაღალჩინოსნებთან, რომლებსაც „ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ, რომელთაგან ბევრი დემოკრატიის ძირითად პრინციპებს თელავს ოპოზიციის ჩასახშობად.“ დოკუმენტის თანახმად, “ევროპის დიდი უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკად არ იქცევა, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ჩახშობის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, სწორედ იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან.“ „შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის საომარი მოქმედებების შემდგომი რეკონსტრუქცია, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო. უკრაინის ომმა უარყოფითი შედეგი გამოიღო და გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით გერმანიის, საგარეო დამოკიდებულება. დღეს გერმანული ქიმიური კომპანიები ჩინეთში აშენებენ მსოფლიოში უდიდეს გადამამუშავებელ ქარხნებს რუსული გაზის გამოყენებით, რომლის მიღებაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ.“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპა სტრატეგიულად და კულტურულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება შეერთებული შტატებისთვის. „ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ერების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის უპირობო აღნიშვნის მხარდაჭერა. ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას. პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დავეხმაროთ ევროპას მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიერ ევროპაში გაბატონება,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.  

გერმანია პოლონეთში დამატებით ავიაგამანადგურებლებს განალაგებს

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, გერმანია პოლონეთში დამატებით ავიაგამანადგურებლებს აგზავნის. 4 დეკემბერს გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ნორვენიხის ავიაბაზიდან  Eurofighter-ის ხუთი თვითმფრინავი გაფრინდა და პოლონეთის სამხედრო ავიაბაზისკენ მიემართება.  თვითმფრინავებთან ერთად, გერმანიის შეიარაღებული ძალები ადგილზე აგზავნის დაახლოებით 150 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის, პილოტების გარდა, არიან ტექნიკური სპეციალისტები, ლოჯისტები, ობიექტების დარაჯები და სამხედრო პოლიციელები. დასავლური მედიის ცნობით, თვითმფრინავების განლაგება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 2026 წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდება, რუსული ავიაგამანადგურებლებითა და დრონებით NATO-ს საჰაერო სივრცის ბოლო დროის დარღვევებზე რეაქციაა. „ამ მისიით ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენი სწრაფი რეაგირების ესკადრილიასთან ერთად, რომელიც აგვისტოდან რუმინეთში დისლოცირდება, კიდევ ერთი ღირებული წვლილი შეაქვთ ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილის დაცვაში,” - განაცხადა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ჰოლგერ ნოიმანმა. პოლონური F-16 გამანადგურებლები, ჰოლანდიური F-35-ები, იტალიური AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები და NATO-ს სხვა, საჰაერო საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავები სექტემბრის შუა რიცხვებში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების ჩამოგდების ოპერაციაში ჩაერთნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური სამხედრო ალიანსის წევრმა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს ცეცხლი გახსნა. Luftwaffe-ს ცნობით, გერმანული Eurofighter-ები NATO-ს „აღმოსავლეთის გუშაგის“ მისიის ფარგლებში მოქმედებენ და 2026 წლის მარტამდე, მალბორკში, გდანსკიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და მძიმედ შეიარაღებული რუსული ანკლავიდან, კალინინგრადიდან 80 კილომეტრში განლაგდებიან. გერმანიამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მცდელობის ფარგლებში, NATO-ს მიერ რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ასევე გაგზავნა Eurofighter-ის თვითმფრინავები რუმინეთში.  

ირლანდია უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავის მარშრუტთან დრონების დაფიქსირებას იძიებს

ირლანდიური მედიის ცნობით, 4 დეკემბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიასთან ახლოს, როდესაც ის ამ კვირის დასაწყისში ირლანდიაში ჩავიდა, უცნობი დრონები შენიშნეს. ინფორმაცია დრონების შესახებ ჟურნალისტებს დაუდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა. მისი თქმით, ინციდენტს ზელენსკის ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია. „უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მასპინძელი მხარე. მათი მონაცემებით, ასეთი დრონები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია,“ - აღნიშნა ლიტვინმა. ცნობისთვის, 4 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაშვებამდე უცნობი დრონები აედევნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა და თვითმფრინავი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა. ამასთან, მოგვიანებით იგივე დრონებმა წრე დაარტყეს ირლანდიის საზღვაო ძალების გემს, რომელიც ზელენსკის ვიზიტამდე ფარულად გაგზავნეს ირლანდიის ზღვაში. მომხდართან დაკავშირებით, ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ. ზელენსკი ირლანდიაში ვიზიტით პირველ დეკემბერს, ღამით ჩავიდა, ოფიციალური შეხვედრები და პრესკონფერენცია კი მას 2 დეკემბერს ჰქონდა. 4 დეკემბერს ინფორმაცია პირველმა გაავრცელა ირლანდიურმა გამოცემა The Journal-მა. მისი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა განრიგით დადგენილ დროზე ცოტა ხნით ადრე, სულ მალე კი, დრონები აღმოჩნდნენ საჰაერო სივრცის იმ ნაწილში, სადაც ზელენსკის თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო. ინციდენტი BBC-ს დაუდასტურეს წყაროებმა ირლანდიის მთავრობაში. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.  

BP აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და თურქეთისთვის მილსადენის ოპერატორის როლის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - მედია

BP მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენების ოპერატორის ფუნქციების გადაცემაზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მოლაპარეკებების შესახებ ინფორმაცია Report-ს BP Azerbaijan-მა დაადასტურა. კომპანიამ აღნიშნა, რომ არსებული მილსადენების მართვის შეთანხმებების თანახმად, ნავთობისა და გაზის მილსადენების ოპერატორის როლი წინასწარ განსაზღვრულია და მისი გადაცემა დაგეგმილია შესაბამის სამთავრობო ან სახელმწიფო ორგანოსთვის, შეთანხმებულ ვადებში. „ამ შეთანხმებების საფუძველზე, 2021 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერაციები გადაეცა SOCAR-ს როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში. ანალოგიურად, ეს შეთანხმებები ითვალისწინებს დასავლეთის ექსპორტის მილსადენის (ბაქო-სუფსა) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორის ფუნქციების გადაცემას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი ორგანოებისთვის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში,“ - განაცხადა BP-მ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა, 1768 კმ-ზეა გადაჭიმული, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანშია, 249 კმ საქართველოში და 1076 კმ თურქეთში. BTC Co.-ს აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (32.97%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), Itochu (3.4%), Inpex (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGC (BTC) Limited (3.1%). ბაქო-სუფსას მილსადენი, რომელიც განკუთვნილია აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ბლოკიდან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის აპრილში. მილსადენი მოიცავს 837 კმ-ს, მათ შორის 775 კმ ახალ 21 დიუმიან (530 მმ) მილს და 55 კმ რეაბილიტირებულ მონაკვეთებს, რომელთა გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტია (145,000 ბარელი დღეში). ამ მარშრუტზე ოპერაციები შეჩერდა 2022 წლის გაზაფხულზე და ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის მთელი ექსპორტი BTC მილსადენის მეშვეობით ხორციელდება.  

აშშ-მ გარკვეული კატეგორიისთვის ვიზების გაცემას პრიორიტეტი მიანიჭა

ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაავალა, პრიორიტეტულად განიხილონ იმ უცხოელებისთვის ვიზის განაცხადები, რომელთაც შეერთებულ შტატებში ჩასვლა სურთ საიმისოდ, რომ ინვესტიცია ჩადონ ამერიკაში, ან დაესწრონ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს. ამავდროულად, ადმინისტრაციამ დაამატა ახალი კრიტერიუმები მაღალკვალიფიციური უცხოელი სამუშაო ძალისთვის, რომელიც კონკრეტული ვიზის მიღებას ცდილობს. ამ კვირაში ყველა აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში გაგზავნილ ტელეგრამებში, რომლებიც Associated Press-მა მოიპოვა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბიზნესმენებისთვის ვიზის განაცხადები, რომლებიც განიხილავენ „მნიშვნელოვან ინვესტიციებს“ შეერთებულ შტატებში, განსახილველი სიის სათავეში უნდა იყოს იმ პირების განაცხადებთან ერთად, რომელთაც სურთ მოგზაურობა „მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებზე.  გარდა ამისა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების სიტყვით თავისუფლების შეზღუდვაზე არიან პასუხისმგებელი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ე.წ. „ფაქტჩექერებს“ და იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც „აშშ-ში დაცული გამოხატვის უფლების ცენზურაზე არიან პასუხისმგებელი ან ცენზურის დაწესების მცდელობაში მონაწილეობენ.“ Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად გადაწყვეტილება H-1B სამუშაო ვიზებზე, კერძოდ ტექნოლოგიურ სფეროებში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, თუმცა სხვა სავიზო განაცხადებზეც გავრცელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულოების თანამშრომლებს ავალებს, რომ H-1B ვიზებზე განმცხადებლების დასაქმების ისტორია საფუძვლიანად შეისწავლონ. „სრულყოფილად უნდა შეისწავლოთ და დაადგინოთ მუშაობდნენ თუ არა ისინი ისეთ სფეროებში როგორიც დეზინფორმაცია, კონტენტის მოდერაცია, ფაქტების შემოწმება და ონლაინ უსაფრთხოებაა,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმში.  

დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია რუსეთის საფრთხეებთან საბრძოლველად, ერთობლივ ფლოტს ქმნიან

გაერთიანებულმა სამეფომ და ნორვეგიამ ხელი მოაწერეს თავდაცვის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ჩრდილოეთ ატლანტიკაში რუსული წყალქვეშა საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად ფრეგატების ერთობლივი ფლოტი მართონ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი. შეთანხმების ცენტრშია Type-26 წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საბრძოლო ფრეგატების ახალი ერთობლივი ფლოტი - რვა ბრიტანული და სულ მცირე ხუთი ნორვეგიული. „ამ გლობალური არასტაბილურობის დროს, როდესაც ჩვენს წყლებში სულ უფრო მეტი რუსული გემი ფიქსირდება, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. ნორვეგიასთან ეს ისტორიული შეთანხმება აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, დავიცვათ ჩვენი საზღვრები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენი ერები არიან დამოკიდებულნი,“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. BBC-ს ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს წყალქვეშა კაბელების დაცვას, რომლებიც ბრიტანელი ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვის მხრიდან სულ უფრო მეტად საფრთხის ქვეშაა, რადგან თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის წყლებში რუსული გემების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.  შეთანხმების თანახმად, NATO-ს ორი წევრის საზღვაო ძალები ბრიტანეთში წარმოებული Type-26 ფრეგატების ფლოტს გამოიყენებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ ის აძლიერებს დიდი ბრიტანეთის უნარს, დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა.  

თურქეთი მზადაა, F-35-ის თვითმფრინავების სანაცვლოდ, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უარი თქვას - Bloomberg

ანკარა რუსული S-400 სისტემისგან თავის დაღწევის სურვილს გამოხატავს, რამაც შესაძლოა, სანქციების მოხსნას და F-35-ის პროექტში დაბრუნებას შეუწყოს ხელი. Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ელჩმა თურქეთში ტომ ბარაკმა აბუ დაბიში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ S-400-ის საკითხი შესაძლოა, „მომდევნო ოთხიდან ექვს თვეში“ მოგვარდეს. კითხვაზე, აპირებდა თუ არა ანკარა რუსულ სისტემებზე უარის თქმას, მან ეს შესაძლებლობა დაადასტურა. თურქეთმა S-400 თითქმის ათი წლის წინ შეიძინა, რაც ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის მის ურთიერთობებს აშშ-სთან და NATO-სთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა არ გამოიყენება, ანკარას კვლავ აქვს რაკეტები, რადარები და სხვა აღჭურვილობა.  

აშშ-მ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული კომპანია $7 მილიონით დააჯარიმა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ნიუ-იორკში დაფუძნებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია Gracetown Inc. 7 მილიონ დოლარზე მეტით დააჯარიმა სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას საკუთრებაში არსებულ კომპანიასთან დაკავშირებული გადახდების მიღებისთვის. 4 დეკემბრის პრესრელიზში, ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა, რომ გრეისთაუნმა დაარღვია რუსეთთან დაკავშირებული სანქციები და არ წარადგინა დაბლოკილი აქტივების შესახებ ინფორმაცია. სააგენტოს ცნობით, 7,139,305 აშშ დოლარის ჯარიმა კანონით დადგენილ მაქსიმუმთან ახლოსაა. დერიპასკამ, რომელიც ოდესღაც რუსეთის უმდიდრესი ადამიანი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის თანამოაზრე იყო, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ჯგუფი Basic Element დააარსა და მსოფლიოში ალუმინის სიდიდით მეორე მწარმოებელი Rusal-ი დააფუძნა. სხვა რუსი ოლიგარქების მსგავსად, მან თავისი ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლების სწრაფი პრივატიზაციის დროს დააგროვა. შეერთებულმა შტატებმა დერიპასკას სანქციები 2018 წელს დაუწესა კრემლთან მისი კავშირების მოტივით. გაერთიანებულმა სამეფომ დამატებითი სანქციები 2022 წელს დააწესა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. OFAC-ის თანახმად, Gracetown 2006 წელს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში შეიქმნა.  დერიპასკა კომპანიის საბოლოო მფლობელი 2006 წლიდან 2018 წლამდე იყო. სანქციების დაწესებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანიის კონტროლი ნათესავსა და დიდი ხნის პარტნიორზე გადავიდა. OFAC-ის თქმით, Gracetown-ის საბანკო ანგარიშებს ნიუ-იორკში მოღვაწე უძრავი ქონების მენეჯერი ზედამხედველობდა და ის რუსეთში მცხოვრები დაინტერესებული მხარეების მითითებებს ასრულებდა.  

აზერბაიჯანმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დანიაში ნავთობის ექსპორტი განაახლა

აზერბაიჯანმა გასული წლის შემდეგ პირველად განაახლა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი დანიაში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანმა დანიაში ექსპორტზე გაიტანა 88,200 ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება ბიტუმოვანი ქანებისგან 49.7 მილიონ დოლარს შეადგენს. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან დანიაში ნავთობი ექსპორტზე არ გაუტანიათ.  

თურქეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჰიბრიდული ენერგოსისტემა ორბიტაზე განათავსა

მედიის ცნობით, თურქეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჰიბრიდული ენერგოსისტემა ორბიტაზე განათავსა. „ფერგანი უზაის“ მიერ შემუშავებულმა სრულად თურქული წარმოების ორბიტულმა ბუქსირმა FGN-TUG-S01-მა 6 დეკემბერს, 08:46 საათზე (GMT+4) წარმატებით დაასრულა კრიტიკული მანევრი, რითაც 35 წამიან ოპერაციაში გაააქტიურა თავისი მთავარი ჰიბრიდული ძრავის სისტემა, იტყობინება თურქული კომპანია Baykar-ი. „ეს ოპერაცია ინოვაციაა არამხოლოდ თურქეთის კოსმოსური ინდუსტრიისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა კომპანიამ.  

ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობის წერილი გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის. „მე ღრმად ვაფასებ თქვენს კეთილგანწყობას, რომელიც გვაძლევს შთაგონებას, გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მისია,“ - წერს ტრამპი. „როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე კვლავ ერთგული ვარ მთელ მსოფლიოში კონფლიქტების დასრულებისა და ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის. თქვენი მიმდინარე პარტნიორობით ჩვენ შეუძლებელს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნავს აშშ-ის ლიდერი.  

სიკორსკი მასკს: წადი მარსზე - იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის მოწოდებას ევროკავშირის გაუქმებასთან დაკავშირებით. „წადი მარსზე - იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს,“ წერს სიკორსკი X-ზე. ილონ მასკმა ევროკავშირის მიმართ არაერთი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პარასკევს ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა X-ი დააჯარიმა. „ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულ ქვეყნებს სუვერენიტეტი დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი,“ - დაწერა მასკმა. „რამდენი დრო რჩება ევროკავშირის გაქრობამდე? გააუქმეთ ევროკავშირი,“ - დაწერა მასკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში. ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა. ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ, რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.