ძებნის რეზულტატი:
მეცნიერებმა დაადგინეს, რამ გამოიწვია წელს ძლიერი მიწისძვრები სანტორინიზე
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად მომხდარი ათიათასობით მიწისძვრის „გროვა“ სამი თვის განმავლობაში, მიწისქვეშა არხში გამდნარი ქანების ამოტუმბვით იყო გამოწვეული. მათ გამოიყენეს ფიზიკა და ხელოვნური ინტელექტი, რათა ზუსტად გაერკვიათ, თუ რამ გამოიწვია 25 000-ზე მეტი მიწისძვრა, რომლებმაც ჰორიზონტალურად დაახლოებით 20 კმ-ში (12 მილი) გაიარა დედამიწის ქერქში. წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინთან დაფიქსირებული ათიათასობით მცირე მიწისძვრის მიზეზი საბოლოოდ გაირკვა: მეცნიერების თქმით, ეს ბიძგები მიწისქვეშა არხში მოძრავმა მაგმამ გამოიწვია, რომელიც სამი თვის განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მკვლევრებმა ფიზიკის მეთოდებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით დეტალურად გაანალიზეს 25 000-ზე მეტი ბიძგი. თითოეული მიწისძვრა მათთვის ერთგვარი „ვირტუალური სენსორი“ იყო, რის მეშვეობითაც, შეძლეს გაერკვიათ, რომ მაგმა დაახლოებით 20 კილომეტრის სიგრძეზე გადაადგილდებოდა დედამიწის ქერქში. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი სტივენ ჰიქსი (UCL) ამბობს, რომ ფიზიკისა და ხელოვნური ინტელექტის ასეთი გაერთიანება მომავალში შეიძლება, ვულკანური ამოფრქვევების უფრო ზუსტად წინასწარ განჭვრეტაში დაგვეხმაროს. სეისმური აქტივობა საბერძნეთის კუნძულების, სანტორინის, ამორგოსისა და ანაფის ტერიტორიაზე 2025 წლის იანვარში დაიწყო. კუნძულებზე ათიათასობით მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან ბევრი 5.0 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის იყო.
ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო მარშრუტი გახსნას
ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო გზა გახსნას. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სომხეთის გავლით ეს ახალი სავაჭრო გზა ყაზახეთს თურქეთის პორტებთან პირდაპირ წვდომას მისცემს. „ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანის გავლით საქართველოს შავი ზღვის პორტებისკენ მივდივართ. ახალი გზა [აზერბაიჯანის] ნახიჩევანში [ანკლავში] შესვლის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ კი, პირდაპირ თურქეთში, მის საზღვაო პორტებში,“ - განაცხადა ყაზახმა ოფიციალურმა პირმა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამჟამად ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“ - რაზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა ჟენევაში
ორშაბათს, 24 ნომბერს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ სამშვიდობო გეგმაში არსებული ხარვეზების შემცირება სცადეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის წინადადების შეცვლაზე შეთანხმდნენ, რომელსაც კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები კრემლის სურვილების სიად მიიჩნევდნენ. აშშ-მ და უკრაინამ შაბათ-კვირას ჟენევაში მოლაპარაკებები გამართეს. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას საერთო წინადადებებზე, მჭიდრო კონტაქტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებთანაც, ჩარჩო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებებს კი, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და განმარტეს, რომ ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო; მოლაპარაკებები კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემის გამომხატველი იყო და ხაზი გაესვა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას. ევროკავშირი მიესალმა უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის საქმეში წინსვლას, თუმცა განაცხადეს, რომ აშშ-ის გეგმის პროექტის სწრაფად გადახედვის პროცესი გრძელდება, კვლავ რჩება გადაუჭრელი საკითხები. ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის დიპლომატიურ, სამხედრო აღჭურვილობითა და ფინანსური დახმარებით დახმარებას. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიესალმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს.“ „ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია,“- აღნიშნა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანამდე, ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და განაცხადეს, რომ ის რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო. მოგვიანებით, აშშ-სა და უკრაინის ერთობლივი განცხადების მიხედვით კი, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიული იყო. „დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო,“ - აღნიშნულია განცხადებაში და აქვე ხაზგასმულია, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე. „ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კვლავ საჭიროა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის NATO-ს როლზე, მუშაობა. სახელმწიფო მდივნის თქმით, მისმა გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში გადაუჭრელი საკითხები შეამცირა. „ეს არის სამუშაო - ეს არის ცოცხალი დოკუმენტი. ყოველდღიურად, შეტანილი წვლილით, ის იცვლება. იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა თანასწორობას ან ევროკავშირის და NATO-ს როლს და ა.შ. და ისინი ერთგვარად გამოვყავით, რადგან ახლახან შევხვდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს და ეს არის საკითხები, რომელთა განხილვაც მათთან მოგვიწევს, რადგან მათ ეხება. ამიტომ, ფოკუსირებული ვიყავით იმ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად ორმხრივი ხასიათისა იყო. შემიძლია, გითხრათ, რომ საკითხები, რომლებიც ღიად რჩება, გადაულახავი არ არის, უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ,“ - აღნიშნა რუბიომ. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჭირდება დრო გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. „დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ნამდვილად წინ წავედით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამას ძალიან გონივრულ ვადაში, ძალიან მალე მივაღწევთ. იქნება ეს ხუთშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი თუ მომდევნო კვირის ორშაბათი, გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან დღეიდან ამ საკითხთან გამკლავების დრომდე, მეტი ადამიანი დაიღუპება. მეტი ნგრევა მოხდება. ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება,“ - აღნიშნა რუბიომ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი საკითხები მოლაპარაკებების მაგიდაზე დარჩეს. კერძოდ, ეს ეხება ყველა უკრაინელი ტყვის სრულ გათავისუფლებას „ყველა ყველასთვის“ ფორმულის ფარგლებში, ასევე, რუსეთის მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნებას. „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო. გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან, მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ ზელენსკის თქმით, უკრაინა კრიტიკულ მომენტშია, მჭიდროდ თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან,ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან: „განვსაზღვრავთ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად და რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“ „პუტინს სურს იმის სამართლებრივი აღიარება, რაც მოიპარა, სურს, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არამხოლოდ უკრაინისგან, არამედ. მთელი მსოფლიოსგან სურს და ეს ძალიან საშიშია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის შეფასებით, ჟენევაში პირველი შეხვედრები აჩვენებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, გაითვალისწინოს კიევისთვის მნიშვნელოვანი შენიშვნები. გასულ კვირას უკრაინაში ომის დასრულების 28-პუნქტიანი გეგმის დეტალები გახდა ცნობილი. თეთრი სახლის განცხადებით, გეგმას, რომელიც აშშ-მ და უკრაინამ ჟენევაში შაბათ-კვირას განიხილეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალური პირების მიერ შემუშავების შემდეგ მხარი დაუჭირა. რუბიო ასევე აღნიშნავს, რომ ჩარჩო „აშშ-ს მიერ არის შექმნილი“, თუმცა აღიარებს, რომ ის „რუსული მხარის მიერ შეტანილ ინფორმაციას ეფუძნება.“ BBC წერს, რომ დოკუმენტი სრულად ჯერ არ უნახავთ, თუმცა წარმოადგინა ხუთი პუნქტის მოკლე მიმოხილვა, რომლებიც გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველ გეგმაში იყო: ბოლო ვადა: ტრამპმა თავდაპირველად უკრაინას 28-პუნქტიანი გეგმის მისაღებად 27 ნოემბრამდე (მადლიერების დღე) მისცა, თუმცა განაცხადა, რომ ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებები „კარგად წარიმართება.“ ტერიტორიის გადაცემა: უკრაინა დონეცკის რეგიონის იმ ნაწილებიდან უნდა გავიდეს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ, „ბუფერული ზონის“ შესაქმნელად. რუსეთის კონტროლი რეგიონში საერთაშორისოდ აღიარებული იქნებოდა, ისევე, როგორც მოსკოვის კონტროლი მეზობელ ლუგანსკის რეგიონსა და სამხრეთ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა შეიარაღებული ძალების შემცირება: უკრაინას სთხოვენ, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალები 600 000 ადამიანამდე - გასული წლის იანვარში უკრაინას დაახლოებით 880 000 აქტიური პერსონალი ჰყავდა. უკრაინის მომავალი: კიევმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ გაწევრიანდება NATO-ში, თუმცა ის მაინც შეძლებს ევროკავშირის წევრობას. რუსეთის იზოლაციიდან გამოყვანა: ქვეყანა „რეინტეგრირებული“ იქნება გლობალურ ეკონომიკაში. საწყისი გეგმა მოლაპარაკებების პროცესშია და შეიძლება, მნიშვნელოვნად შეიცვალოს. აშშ აცხადებს, რომ ჟენევაში „წარმოდგენილი ცვლილებებისა და განმარტებების საფუძველზე“, უკრაინელები „მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი პროექტი ასახავს მათ ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოფს სანდო და აღსრულებად მექანიზმებს უკრაინის უსაფრთხოების დასაცავად როგორც უახლოეს, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში.“ კრემლისთვის უცნობია, რა შეიცვალა უკრაინის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეგმაში მხარეებს შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგად. ამის შესახებ, როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, მისი შეკითხვის პასუხად დღეს, 24 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. პესკოვის თქმით, კრემლში გაეცნენ განცხადებას, რომელიც ჟენევაში გამართული დისკუსიის შედეგად გამოქვეყნდა, დააფიქსირეს, რომ მოსკოვისთვის ადრე გაგზავნილ ტექსტში გარკვეული კორექტივებია შეტანილი, თუმცა გეგმის ეს ვერსია ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუღიათ. დასავლეთის რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოამზადეს შემხვედრი წინადადებები, რომლებიც აშშ-ის სამშვიდობო გეგმას ეფუძნება, მაგრამ ზოგიერთი პუნქტის შეცვლას და ზოგიერთის საერთოდ ამოღებას ითვალისწინებს. მაგალითად, ევროპელების ვარიანტი არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას. ევროპელები მიიჩნევენ, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს პუნქტიც NATO-ს წევრობაზე უკრაინის უარის კონსტიტუციური ვალდებულების და ალიანსის მხრიდანაც შესაბამისი უარის შესახებ და რუსეთს, უკრაინას და NATO-ს შორის უნდა გაფორმდეს ყოვლისმომცველი შეთანხმება თავდაუსხმელობის თაობაზე. ევროპელების წინადადებაა, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს ამერიკული გეგმის ის პუნქტი, რომლის თანახმად, რუსეთი არ ჩაერევა მეზობელი ქვეყნების საქმეებში, NATO კი, აღარ გაფართოვდება. ევროპული პროექტით, NATO-ში უკრაინის შესვლა წევრების კონსენსუსს დაეფუძნება. ევროპის წინადადებაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იყოს 800 ათასი.
გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ საქმეზე, ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ჯვარედინი საჩივარი. ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა. “საიდუმლო საბჭო ერთხმად უარყოფს CS Life-ის სააპელაციო საჩივარს ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზიანის ანაზღაურების ზუსტი დაწყების თარიღისა. საბჭო ასევე უარყოფს თანმხვედრ აპელაციას. საბჭოს დასკვნების შედეგად, CS Life-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გარდა ერთი ასპექტისა. ეს ეხება ზიანის შეფასების დაწყების თარიღებს. მოსარჩელეებისთვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება ხელახლა უნდა გამოითვალოს, Meadowsweet-ის პოლისისთვის 2011 წლის 31 ოქტომბრიდან (2011 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად) და Sandcay-ის პოლისისთვის 2012 წლის 30 ნოემბრიდან (2012 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად). გამოთვლების ჩატარებისას, ამ დაწყების თარიღებზე აქტივების ფაქტობრივ ღირებულებას უნდა დაემატოს ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციით იმ პერიოდში, როდესაც პრემია CS Life-ს ეკუთვნოდა პოლისის დაწყებამდე“, - აღნიშნულია ლონდონის უზენაესი სასამართლოს პრესრელიზში, რომელსაც სასამართლო საქმეზე - შ.პ.ს. Credit Suisse Life (ბერმუდა) (მომჩივანი) ბიძინა ივანიშვილის და 6 სხვა პირის (მოპასუხეების) წინააღმდეგ - მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს. ამასთან, რაც შეეხება თანმხვედრ აპელაციას, მოსარჩელეები საბჭოსგან მოითხოვდნენ, მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილების აღდგენას, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააუქმა. სასამართლოს დოკუმენტში განმარტებულია, რომ თანმხვედრ საჩივართან დაკავშირებული საკითხებია: მართალი იყო თუ არა სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან: მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა მისთვის წარდგენილი განცხადებების შესახებ რაიმე შეგნებული ინფორმაცია. ასევე,სარჩელი ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას და წარდგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, აპელაციის შემტანი მხარე შ.პ.ს. Credit Suisse Life (Bermuda) ბერმუდის სადაზღვევო კომპანია, Credit Suisse AG-ის („ბანკი“) სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია იყო. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააპელაციო საჩივარში პირველი მოპასუხე, არის ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბანკის რჩევით, ბატონმა ივანიშვილმა 2011 და 2012 წლებში CS Life-ს გადაურიცხა ნაღდი ფული და სხვა აქტივები, რომლებიც ნდობით იყო დაცული, სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიის სახით. პოლისის აქტივები ცალკე ანგარიშზე უნდა ყოფილიყო შენახული. ბატონ ივანიშვილს ჰქონდა არჩევანი, ინვესტირება მოეხდინა დისკრეციულ, თუ არა დისკრეციულ საფუძველზე. 2015 წელს ბატონმა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ Credit Suisse-ში მისი ურთიერთობების მენეჯერი, ბატონი პატრის ლესკოდრონი, ბანკის თანამშრომელი, თაღლითურად მართავდა პოლისის აქტივებს. ბატონი ლესკოდრონი შვეიცარიაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და 2018 წლის თებერვალში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. 2017 წელს ბატონმა ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და ორმა კომპანიამ, რომლებიც დასახელებულ დაზღვეულებს წარმოადგენენ, სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს პრეტენზიები წარმატებით დასრულდა ბერმუდის მთავარი მოსამართლის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ უარყო CS Life-ის სააპელაციო საჩივარი ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ სარჩელზე. ეს გადაწყვეტილება CS Life-მა საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა თანმხვედრი აპელაცია შეიტანეს არასწორი ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით მათი საჩივრის უარყოფის წინააღმდეგ,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენით, ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაეხადა.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის დელეგაცია აშშ-სთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმდა - ABC News
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სამშაბათს, 25 ნოემბერს ABC News-ს განუცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა. წყარომ ABC News-ს დაუდასტურა, რომ უკრაინა დათანხმდა ახალ, 19-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს და არა აბუ დაბიში. ABC News-ი ასევე აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა ორშაბათს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა რუსეთის დელეგაციასთან. ამერიკული გამოცემა წერს, რომ როგორც წესი, სამხედრო სამსახურის მდივანი არ მონაწილეობდა ასეთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ დისკუსიებში, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ სამხედრო პირის ჩართვა დადებითად იყოს აღქმული როგორც რუსეთის, ასევე, უკრაინის მიერ. უკრაინაში ვიზიტამდე დრისკოლმა რუბიოსთან და სტივ ვიტკოფთან ისაუბრა, რომელიც ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მუშაობდა. უკრაინაში ვიზიტის დროს დრისკოლს თან ახლდნენ გენერალი რენდი ჯორჯი, არმიის შტაბის უფროსი, გენერალი კრის დონაჰიუ, აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდალი, არმიის მთავარი სერჟანტი მაიკლ ვაიმერი და გენერალ-ლეიტენანტი კურტის ბაზარდი, რომელიც უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამას ხელმძღვანელობს. მათ მონაწილეობა არ მიუღიათ ჟენევაში შემდგომ მოლაპარაკებებში და ისინი ასევე არ არიან ჩართულნი რუს მაღალჩინონებთან აბუ დაბიში გამართულ ბოლო მოლაპარაკებებში. თავის მხრივ, გამოცემა Politico-ს წყაროების ცნობით, დრისკოლმა აბუ-დაბიში ჩაიტანა უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული გეგმის ის ვარიანტი, რომელიც 23 ნოემბერს ჟენევაში შეათანხმეს უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისას. გამოცემა Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, დენიელ დრისკოლი აბუ-დაბიში გეგმავს შეხვედრას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვთანაც. უკრაინული მედიის ცნობით, ამ საკითხზე დაზვერვის სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს. თავისი დელეგაციის აბუ დაბიში ყოფნა არც რუსეთს დაუდასტურებია. აშშ-ის დელეგაცია დენიელ დრისკოლის ხელმძღვანელობით, 20 ნოემბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს სამშვიდობო გეგმა. მანამდე არაერთი მედიასაშუალება ამ 28-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით წერდა, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს NATO-ს წევრი. ზელენსკი: უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს „უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც დასაზუსტებელია, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას,“ – განუცხადა წყარომ უკვე 25 ნოემბერს ABC News-ს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას გადახედილ გეგმაზე მეტი მუშაობაა საჭირო. ამ შაბათ-კვირის მოლაპარაკებების შემდეგ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განიხილეს ჟენევაში და რა ცვლილებები შეიტანეს გეგმაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ. განახლება: აშშ-მ უკრაინასთან და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით, „უზარმაზარ წინსვლას“ მიაღწია, თუმცა ზოგიერთი მგრძნობიარე დეტალი დამატებით მოლაპარაკებებს მოითხოვს, განაცხადა, Reuters-ის თანახმად, თეთრმა სახლმა 25 ნოემბერს. „არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის. “ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით. არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის,” - წერს სპიკერი ქეროლაინ ლევიტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. „დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“ - რაზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა ჟენევაში
ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ახალი, $300 მილიონის ღირებულების პორტი აშენდება
ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ახალი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების საზღვაო პორტის მშენებლობა იგეგმება. იტყობინება აზერბაიჯანული მედია. განცხადება მანგისტაუს რეგიონის გუბერნატორმა ნურდაულეტ კილიბაიმ 25 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჩინური კომპანიების ჯგუფი Zhongyong International-ია. დასავლეთ ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე მდებარე აქტაუს პორტი დასავლეთით აზერბაიჯანის პორტებს, ბაქოსა და ალიატს, ხოლო სამხრეთით ირანის პორტ ბანდარ-ე ანზალის უკავშირდება. აქტაუ-ალიატის საბორნე გადასასვლელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში, რომელიც უფრო დიდი „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს. ეს მარშრუტი მნიშვნელოვნად ამცირებს ევროკავშირში მიწოდების დროს. რეგიონის გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ ინვესტორმა რეგიონში კომპანია უკვე დაარეგისტრირა და საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის დოკუმენტებს ამზადებს. „პროექტი ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებას: ჩინეთი - ყაზახეთი - აქტაუ - ბაქო - ფოთი - ევროპა. მისი განხორციელება ტვირთის მიწოდების დროს 7-15 დღით შეამცირებს, ტრანსპორტირების ხარჯებს 18-25%-ით და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის,“ - აღნიშნა კილიბაიმ. ზაფხულის განმავლობაში, მანგისტაუს ხელისუფლებამ, აქტაუში თანამედროვე საზღვაო პორტისა და ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის შესახებ რამდენიმე ჩინურ ფირმასთან მოლაპარაკებები გამართა. მას შემდეგ, Zhongyun International-მა ადგილობრივი შვილობილი კომპანია დაარეგისტრირა და ის საინვესტიციო შეთანხმებისთვის დოკუმენტაციას ამზადებს. კურიკის პორტი ამჟამად წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ტვირთს ამუშავებს, აქედან - 4.1 მილიონი ტონას რკინიგზის ტერმინალის და 1.9 მილიონი ტონას საგზაო ტერმინალის მეშვეობით.
„ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება“ - თურქი მინისტრი
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. CNN Türk-თან მანვე განაცხადა, რომ „თურქეთი შუა დერეფნის (ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. „ამჟამად, ჩვენ არ შეგვიძლია სასურველი მოცულობის ტვირთის გადაზიდვა, თუმცა ყოველდღიურად ვზრდით ამ პოტენციალს ბაქოს, თბილისისა და კასპიის ზღვის გავლით მარშრუტებით. „ზანგეზურის დერეფანი“ კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამტარუნარიანობის გაზრდაში,“ - განაცხადა მინისტრმა. ურალოღლუმ აღნიშნა, რომ „ზანგეზურის“ დერეფანი გახდება უმოკლესი მარშრუტი, რომელიც თურქულ სახელმწიფოებსა და შორეულ აღმოსავლეთს დააკავშირებს. „აზერბაიჯანი ნახჭევანიდან სომხეთის საზღვრამდე რკინიგზას აგებს. ჰორადიზიდან ბაქომდე მონაკვეთი უკვე დასრულების პირასაა. ამ მარშრუტზე იმუშავებს როგორც რკინიგზა, ასევე საავტომობილო ტრანსპორტი,“ - აღნიშნა მინისტრმა. „ზანგეზურის დერეფანი“ TRACECA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია“ - გენერალური მდივანი ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
ლატვია რუსეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზის სრულ დემონტაჟს განიხილავს
ლატვია რუსეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთების სრულ დემონტაჟს გეგმავს. ლატვიის მთავრობა წლის ბოლომდე მოამზადებს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რკინიგზის შესაძლო დემონტაჟის შედეგების ანალიზს. შესაბამის სამუშაოში ჩაერთვება ლატვიის შეიარაღებული ძალები, ასევე, კონსულტაციები გაიმართება ლიეტუვასთან და ესტონეთთან. პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსის თქმით, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და რკინიგზის დემონტაჟი შეიძლება, ერთ-ერთი ვარიანტი იყოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ევიკა სილიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების რაიმე შესაძლებლობა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები როგორც სამუშაოს ვადების, ასევე, მასშტაბის შესახებ, უნდა მიიღებოდეს მიღებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების შედეგების ანალიზისა და შეფასების შემდეგ,“ - ციტირებს LSM ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსის სიტყვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიანდაგების შესაძლო დემონტაჟის შესახებ სოციალურ მედიაში დისკუსიები ძალიან ემოციურია და მოკლებულია რაციონალურ არგუმენტებს. რინკევიჩსის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რკინიგზის ხაზის დემონტაჟთან დაკავშირებით, უფრო ნათელი სურათი მომავალი წლის დასაწყისში უნდა გაირკვეს. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის გეგმაზე მუშაობენ. რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, ქვეყნები ემზადებიან იმისთვის, რომ ევაკუაცია შეიძლება, შეეხოს დაახლოებით 1,2 მილიონ ადამიანს. ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა 6,2 მილიონია. ლატვიის პროგნოზით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი სახლები შეიძლება, დატოვოს ქვეყანაში მცხოვრები 1,9 მილიონი ადამიანის მესამედმა (დაახლოებით 630 ათასმა). ევროპის ქვეყნები სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავენ ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმას უახლოეს წლებში. სექტემბერში NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი და ჩინეთი გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან.
NATO-მ რუსეთის საზღვრებთან 800 000 სამხედროს განლაგების გეგმა მოამზადა - მედია
რუსეთთან ომის შემთხვევაში, რომელიც ზოგიერთი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის აზრით, შეიძლება „ხვალვე“ დაიწყოს, გერმანია NATO-ს დანაყოფების აღმოსავლეთში გადაყვანის მთავარი ცენტრი გახდება. ბუნდესვერის ლიდერებმა შესაბამისი გეგმის შემუშავება ორწელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს. The Wall Street Journal-ის ცნობით, ახლა, 1200-გვერდიანი საიდუმლო დოკუმენტი ცივი ომის მენტალიტეტის დაბრუნებას აღნიშნავს, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება და ინფრასტრუქტურა სამხედროებთან უწყვეტი თანამშრომლობისთვის იყო მომზადებული. გამოცემის ცნობით, „ოპერაციული გეგმა გერმანია“ ითვალისწინებს და დეტალურად აღწერს 800 000 გერმანელი, ამერიკელი და NATO-ს სხვა ჯარისკაცის აღმოსავლეთით ფრონტის ხაზზე გადაყვანას. მასში მითითებულია პორტები, მდინარეები, რკინიგზა და მაგისტრალები, რომლითაც სამხედრო დანაყოფები და აღჭურვილობა იმოძრავებენ, ასევე, მათი მიწოდებისა და დაცვის მეთოდებს გზაში. „შეხედეთ რუკას.“ „რადგან ალპები ბუნებრივ ბარიერს ქმნის, NATO-ს ჯარებს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში გერმანიის გადაკვეთა მოუწევთ, „მიუხედავად იმისა, თუ საიდან შეიძლება, დაიწყოს ის,“ - ამბობს ტიმ შუხტაი, ბრანდენბურგის საზოგადოებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი. გერმანიისა და NATO-ს სხვა ქვეყნების სამხედრო შეფასებით, რუსეთი მზად იქნება ალიანსზე თავდასხმისთვის ორიდან ხუთ წლამდე. თუმცა სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაძლო, შეწყვეტა მას საშუალებას მისცემს, ყურადღება გაამახვილოს იქ მიყენებული დანაკარგების ანაზღაურებაზე, არმიის გაძლიერებასა და სამხედრო პოტენციალის უფრო სწრაფად გაზრდაზე. ამასობაში, მოსკოვი უკვე აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ევროპაში. ბუნდესვერის გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზოლრანკმა, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის არმიის სამხედრო ოპერაციებისთვის მზადებაზე, ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთს „შეუძლია შეზღუდული მასშტაბის შეტევა NATO-ს ტერიტორიაზე უკვე ხვალიდანვე დაიწყოს.“ ევროპული ქვეყნები აგრესიის მოსაგერიებლად ემზადებიან, მათ შორის, აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარისკაცებისა და იარაღის სწრაფად მიწოდების გზების შემუშავებით. ამ მიზნით იქმნება „სამხედრო შენგენის“ სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული რეგულაციების, მათ შორის, ტექნიკური, საბაჟო და უსაფრთხოების რეგულაციების სტანდარტიზაციას. თავდასხმის სწრაფად მოგერიებისთვის მზადყოფნის დემონსტრირება შეკავების სტრატეგიის ნაწილია. ბუნდესვერის უფროსმა ოფიცერმა და „ოპერაციული გეგმის გერმანიის“ ერთ-ერთმა თავდაპირველმა ავტორმა Wall Street Journal-ს განუცხადა: „მიზანია ომის თავიდან აცილება ჩვენი მტრებისთვის იმის ნათლად გაცხადებით, რომ თუ ისინი თავს დაგვესხებიან, წარმატებას ვერ მიაღწევენ.“
ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა თანამდებობა დატოვა. BBC წერს, რომ ერმაკი უზარმაზარი პოლიტიკური გავლენის მქონე გავლენიანი ფიგურაა, ის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ზელენსკის უახლოესი მრჩეველი იყო, თუმცა ესკალაციის სკანდალის გამო, მასზე ზეწოლა სულ უფრო იზრდება - მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირ დანაშაულში არ ედება ბრალი. ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დანიშნა ერმაკი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ხელმძღვანელად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ახალ ინიციატივას ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის ოფისის გარეთ ჩაწერილი მიმართვის დროს, ზელენსკიმ ერთიანობისკენ მოუწოდა. ის გამოვიდა გაფრხილებით: „რუსეთს ძალიან სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება. ჩვენი მუშაობა გრძელდება. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. არ გვაქვს უფლება ბოლომდე არმისვლის, არ გვაქვს უფლება უკანდახევის ან უთანხმოების. დავკარგავთ ერთიანობას - მივდივართ ყველაფრის დაკარგვის რისკზე: საკუთარი თავის, უკრაინის, ჩვენი მომავლის," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. „მადლობელი ვარ ანდრეის, რომ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების გზაზე ყოველთვის ისე იყო წარმოდგენილი, როგორც საჭიროა: ეს ყოველთვის პატრიოტული პოზიცია იყო,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ვიდეომიმართვის დროს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შაბათს დაიწყებს კონსულტაციებს იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის იერმაკს მისი მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე: „როდესაც მთელი ყურადღება დიპლომატიასა და თავდაცვაზეა კონცენტრირებული ომში, შინაგანი ძალაა საჭირო.“ ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა და მას ზელენსკის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევდნენ. მედიაში მას ხშირად უწოდებდნენ გავლენის მხრივ მეორე პირს ქვეყანაში. "ენერგოატომში" სახსრების დატაცების გარშემო კორუფციული სკანდალის დაწყების შემდეგ, ოპონენტები და ზელენსკის მოკავშირეთა ნაწილი ერმაკის გადადგომას მოითხოვდნენ. ზელენსკიმ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ არ აპირებდა ოფისის ხელმძღვანელის შეცვლას. 28 ნოემბრის ერმაკთან ჩხრეკა ჩატარდა. უკრაინის მედიას წყაროებმა გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ გამჯერჯერობით არ შეუტყობინებიათ ერმაკისთვის, რომ იგი ეჭვმიტანილია რაიმე დანაშაულის ჩადენაში. ერმაკის თქმით, ის სრულად თანამშრომლობს გამომძიებლებთან. კორუფციის სკანდალი კვირების განმავლობაში აწუხებდა უკრაინას, რითაც ასუსტებდა ზელენსკის პოზიციას და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის პოზიციას აშშ-სთან მოლაპარაკების რთულ პერიოდში. ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერით, უკრაინა ცდილობდა, შეეცვალა ე.წ. სამშვიდობო გეგმის პროექტი, რომელიც თავდაპირველად რუსეთისკენ იყო მიდრეკილი. „დღეს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს ტერიტორიის დათმობის შესახებ. სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენ ტერიტორიას დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის დოკუმენტს. კონსტიტუცია ამას კრძალავს. არავის შეუძლია ამის გაკეთება, თუ არ სურს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლა,“ - აცხადებდა ერმაკი 28 ნოემბრის ინტერვიუში. 54 წლის იერმაკმა ინტერვიუს დროს აღიარა, რომ მასზე „უზარმაზარი“ ზეწოლა ხორციელდებოდა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე და რომ „საქმე საკმაოდ ხმაურიანია და საჭიროა ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიტიკური გავლენის გარეშე.“
ერმაკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მიდის
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა, კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გამოცემა New York Post-ს შეტყობინების სახით უპასუხა, რომ ფრონტის ხაზზე წასვლას გეგმავს. „მე პატიოსანი და წესიერი ადამიანი ვარ. ფრონტის ხაზზე მივდივარ და ნებისმიერი სადამსჯელო ზომისთვის მზად ვარ. ჩემი ღირსება შებღალეს და არ დაიცვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კიევში ვიყავი. არ მინდა, ზელენსკისთვის პრობლემები შევქმნა, ფრონტზე მივდივარ,“ - უპასუხა გამოცემას ერმაკმა. ერმაკმა გამოცემისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში არ დააკონკრეტა, თუ როდის გეგმავს ფრონტის ხაზზე წასვლას. „შესაძლოა, ერთმანეთს კიდევ შევხვდეთ. დიდება უკრაინას,“ - განუცხადა გამოცემას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ერმაკმა გამოცემისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში არ დააკონკრეტა, თუ როდის აპირებს ფრონტის ხაზზე წასვლას და შეუერთდება თუ არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ცნობისთვის, უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის ფაქტებს იძიებენ. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული გარიგებების მიზნით მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ტიმურ მინდიჩი ხელმძღვანელობდა. ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. მინდიჩმა უკრაინა 10 ნოემბერს დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე. „მიდასად" წოდებულ კორუფციის საქმეზე ჯერჯერობით ათამდე პირია ბრალდებული. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა სემიონ კრივონოსმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოძიება ფართოვდება და ახალი ეჭვმიტანილები იქნებიან. უკრაინული მედია ნოემბრის შუა რიცხვებიდან წერს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილებს შორის შესაძლოა, ერმაკიც აღმოჩნდეს. ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა - ზელენსკი
რომის პაპი ლეონ XIV თურქეთს, იზნიქს ნიკეის კრების წლისთავის აღსანიშნავად ეწვია
რომის პაპმა ლეონ XIV-მ ნიკეაში, თანამედროვე იზნიქში, თურქეთში, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის ლიდერებთან ერთად ილოცა. მან ეკლესიის ისტორიაში პირველი საეკლესიო კრების 1700 წლისთავი აღნიშნა. პაპმა გაიხსენა, რომ ნიკეის კრება 325 წელს ჩატარდა, დღესაც კი, ყველა ქრისტიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, თუ ვინ არის იესო ქრისტე პირადად მისთვის. „ეს კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის, რომლებიც რისკავენ და იესო ქრისტეს ქარიზმატულ ლიდერად მიიჩნევენ, რაც მცდარი წარმოდგენაა და საბოლოოდ დაბნეულობას იწვევს,“ – აღნიშნა რომის პაპმა. მან თქვა, რომ განხეთქილებების დაძლევითა და ერთმანეთთან შერიგებით, ქრისტიანებს შეუძლიათ, უფრო მყარად დაემოწმონ იესო ქრისტეს და ქრისტიანული ერთიანობა უმნიშვნელოვანესია ძალადობითა და კონფლიქტებით სავსე სამყაროში. „მორწმუნეებს შორის სრული ერთობის სურვილს ყოველთვის თან ახლავს თითოეულ ადამიანს შორის ძმობის ძიების სურვილი,“ - აღნიშნა რომის და მოუწოდა ყველა ადამიანის უფლებებისა და ღირსების აღიარებისკენ, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ეროვნებისა, რელიგიისა თუ პირადი შეხედულებებისა. „ჩვენ კატეგორიულად უნდა უარვყოთ რელიგიის გამოყენება ომის, ძალადობის ან ფანატიზმის ნებისმიერი ფორმის გასამართლებლად,“ - თქვა პაპმა. „ამის ნაცვლად, გზა, რომელიც უნდა გავიაროთ, არის ძმური შეხვედრის, დიალოგისა და თანამშრომლობის.“ ლეონ XIV-მ მადლობა გადაუხადა ქრისტიანული საკრებულოების დელეგატებს ლოცვაში მონაწილეობისთვის და მადლიერება გამოხატა პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ, რომელმაც დიდი სიბრძნითა და წინდახედულებით გადაწყვიტა ნიკეის კრების 1700 წლის იუბილეს ერთობლივად აღნიშვნა სწორედ იმ ადგილას, სადაც ის ჩატარდა. რომის პაპი ლეონ XIV სტამბოლში, სულთან აჰმედის მეჩეთსაც ეწვია. პირველი პაპი, რომელიც ოფიციალურად შევიდა მეჩეთში, იოანე პავლე II იყო - ის ისტორიაში შევიდა, როდესაც 2001 წელს დამასკოში ომაიანთა მეჩეთს ეწვია.
აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ ანკარაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
დამტკიცებული ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის შესაბამისად, ანკარაში, აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების მონაწილეობით, ერთობლივი ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნა „კავკასიური არწივი – 2025“ ჩატარდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში სამ მოძმე ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების, სწრაფი რეაგირების, კოორდინაციისა და საბრძოლო მომზადების შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით. „წვრთნის დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, სარაკეტო-არტილერიის და საავიაციო დანაყოფებთან კოორდინაციით, წარმატებით შეასრულეს თავიანთი ამოცანები სხვადასხვა ეპიზოდში, აჩვენეს მაღალი მზადყოფნა და ტაქტიკური მოქნილობა. სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფს, რომლებმაც წვრთნების დროს თავი გამოიჩინეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი სამაგალითო დისციპლინისა და პროფესიონალიზმისთვის შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ,“ წერს მედია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
„ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა“ - მარტა კოსი
ტაშკენტში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე ევროკავშირის, შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები შეიკრიბნენ. სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციისთვის რიგ დოკუმენტებს მოეწერა ხელი. ერთ-ერთი პაკეტი მხარს უჭერს მაღალი დონის დიალოგს, რაც საშუალებას აძლევს მთავრობებსა და კერძო სექტორს, ერთობლივად ჩამოაყალიბონ საინვესტიციო პრიორიტეტები. ინიციატივა წარმოადგენს ევროკავშირსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობას და მისი საერთო ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა. დისკუსიები ფოკუსირებული იყო ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის რეგიონულ კავშირებსა და სატრანსპორტო კავშირებზე. მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიმდინარე საინვესტიციო ძალისხმევა, ასევე, სამომავლო გეგმები. ეს განხილვები გაღრმავდა ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრასა და მაღალი დონის პანელზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლები - მინისტრები. ევროკავშირის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (TCTC-ის) როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მარშრუტის სტრატეგიული მნიშვნელობა. დისკუსიები ფოკუსირებული იყო რეგიონთაშორის კავშირზე, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის გავლით, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირებზე - ტრანსპორტისა და ვაჭრობის, ასევე, ენერგეტიკისა და ციფრული სექტორების მიმართულებით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებული მოქმედებისა და ძირითადი ინვესტიციების პრიორიტეტულობის აუცილებლობას, რაც ლოგისტიკური შეფერხებების აღმოსაფხვრელად, რეგულაციების ჰარმონიზაციისა და მაღალი ზემოქმედების მქონე ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა: „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა ყველასთვის. ყველამ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ზედმეტი დამოკიდებულება გვხდის დაუცველებს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ციფრულ და ენერგეტიკულ კავშირებში ინვესტიციები ქმნის მეტ ვარიანტს და ამცირებს შანტაჟის რისკს. ჩვენ გვჭირდება სანდო, გრძელვადიანი ალტერნატივა ჩრდილოეთის დერეფნისთვის. შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვა ოთხჯერ გაიზარდა 2022 წლიდან დღემდე. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება, კვლავ სამჯერ გაიზარდოს, თუ სწორი ინვესტიციები განხორციელდება გამტარუნარიანობის გაზრდისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად.“ კომისარმა კოსმა ხაზი გაუსვა რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ყოვლისმომცველი დღის წესრიგის წინსვლის ეტაპს. უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ჯამშიდ ხოჯაევმა, საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ სიკელამ, სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თავიანთ გამოსვლებში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ინიციატივაა. ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უზბეკეთის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებაში და ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ საერთაშორისო სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნაში. ფორუმის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი რეგიონში ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ საინვესტიციო სტრატეგიის მთავარ ინიციატივად ითვლება. დღეს დერეფანი ჩინეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი მთავარი მარშრუტის სახით ყალიბდება. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების წლიური მოცულობა 10-11 მილიონ ტონას მიაღწევს. ტრანსპორტის მინისტრი ილხომ მაჰკამოვის თქმით, უზბეკეთის 2030 წლის სტრატეგიაში განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი გაფართოებაა. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მხარეებს შორის თანამშრომლობას. უზბეკეთი და ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობენ ამ დერეფნის განვითარებაში. აღინიშნა, რომ 2024 წელს ტრანსკასპიური მარშრუტით ტვირთების გადაზიდვამ სტაბილური ზრდა აჩვენა, 1 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც ხუთჯერ აღემატება 2019 წელს დაფიქსირებულ მოცულობას. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარეს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლისთვის. ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს კოორდინაციის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვისა და სავაჭრო გზების დიგიტალიზაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, საქართველო, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და რუმინეთი ხელს მოაწერენ კასპიისა და შავი ზღვის დერეფნის შესახებ შეთანხმებას.
მარტა კოსი აცხადებს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის გასამმაგდება
შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვა 2022 წლიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა და 2030 წლისთვის შესაძლოა, კიდევ სამჯერ გაიზარდოს, თუ სწორი ინვესტიციები განხორციელდება გამტარუნარიანობის გაზრდისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ტაშკენტში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმზე, იტყობინება Trend-ი. კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საიმედო სატრანსპორტო მარშრუტებს დერეფნის გასწვრივ ყველა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობები მოაქვს. „ყველამ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ზედმეტი დამოკიდებულება დაუცველს გვხდის. ტრანსპორტში, ციფრულ და ენერგეტიკულ კავშირგაბმულობაში ინვესტიციები მეტ ვარიანტს ქმნის და ამცირებს ზეწოლის რისკს. ჩვენ გვჭირდება სანდო, გრძელვადიანი ალტერნატივა ჩრდილოეთ დერეფნისთვის,“ - აღნიშნა კოსმა. 26-27 ნოემბერს, კომისრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მესამე ეკონომიკურ ფორუმსა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმში, რომელსაც უზბეკეთის მთავრობა და ევროკავშირი მასპინძლობდნენ. „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა“ - მარტა კოსი
უკრაინის ტერიტორიების რა ნაწილი აქვს რუსეთს ოკუპირებული
გასული თვე წლის ყველაზე წარმატებული თვე იყო საოკუპაციო არმიისთვის, რომელიც საშინელი დანაკარგების ფასად იკავებს უკრაინის ტერიტორიას. ამასობაში, დონეცკის რეგიონში წინსვლა, რომლის სრულად ჩაბარებასაც მოითხოვს ვლადიმერ პუტინი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, პრაქტიკულად შეჩერებულია. AFP-ის ცნობით, რომელიც ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებს ეყრდნობა, ერთ თვეში რუსეთმა 701 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო - ეს წელს ყველაზე მეტი და 2024 წლის ნოემბრიდან მეორე უდიდესი წინსვლაა, თუ არ ჩავთვლით შეჭრის პირველ თვეებს, როდესაც ფრონტის ხაზი ძალიან მობილური იყო. ISW-სა და criticalthreats.org-ის პროექტის მონაცემებით, რუსეთის არმია სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 19.3%-ს. აქ შედის როგორც ის რაიონები, რომლებიც კიევისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასევე, ის რაიონები, რომლებზეც რუსული არმია ამტკიცებს, რომ აკონტროლებს. 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიან შეჭრამდე, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 7%, მათ შორის, ყირიმი და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო. გარდა ამისა, ოქტომბერში პოკროვსკში, დონეცკის რეგიონის მთავარ თავდაცვით და ლოგისტიკურ ცენტრში შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ნოემბერში ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, AFP აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში რუსული ჯარების წინსვლა კვლავ შენელდა. მათ დაახლოებით 130 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც წლის სხვა თვეების საშუალო მაჩვენებლის ნახევარია და ამჟამად რეგიონის 81%-ზე მეტს აკონტროლებენ. პუტინი სწორედ დონეცკის რეგიონს ითხოვს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ სამშვიდობო შეთანხმებების დროს ტერიტორიული დათმობები გამორიცხა. რუსულ ჯარებს ყველაზე დიდი წინსვლა ზაპოროჟიეს რეგიონში აქვთ. მათ 272 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს; იგივე რაოდენობა, რაც მათ სულ წინა ოთხი თვის განმავლობაში აიღეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონში თითქმის 200 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებულია. 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა თითქმის 5,400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. რუსეთი უკრაინაში 2020 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. მედია მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დღეს წერს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ესკალაციის საპასუხოდ, NATO რუსეთის მიმართ უფრო აგრესიულ ზომებს განიხილავს. ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა: „ჩვენ ვფიქრობთ უფრო აგრესიულ ან პროაქტიულ მოქმედებაზე რეაქციის ნაცვლად.“ ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ Financial Times-ს განუცხადა, რომ NATO მოსკოვის ჰიბრიდულ ომზე რეაგირების გაძლიერებას განიხილავს და „პრევენციული დარტყმა“ შეიძლება, „თავდაცვით ქმედებად“ ჩაითვალოს. მოსკოვმა კომენტარებს „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ უწოდა და NATO ესკალაციაში დაადანაშაულა. მოსკოვის მიმართ ალიანსის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის „გადამწყვეტი კვირის“ ფონზე იცვლება.
NATO რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ მიდგომას განიხილავს
NATO რუსეთის კიბეროპერაციებზე, დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე უფრო აგრესიული რეაგირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა Financial Times-ს (FT) განუცხადა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ ალიანსი ხელახლა აფასებს, თუ როგორ უმკლავდება ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლებიც მთელ ევროპაში გაძლიერდა. „ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ... კიბერ-ინტერვენციებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთგვარად რეაქტიულები ვართ. უფრო აგრესიულები ან პროაქტიულები ვართ რეაქციის ნაცვლად - ეს ისაა, რაზეც ვფიქრობთ,“ - განუცხადა დრაგონემ FT-ს. მან ასევე განაცხადა, რომ „პრევენციული დარტყმა“ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, „თავდაცვით ქმედებად“ ჩაითვალოს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა „უფრო შორს არის ნორმალური აზროვნებისა და ქცევისგან.“ მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს ზოგიერთმა წევრმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, უფრო მკაცრი პოზიციის დაკავება მოითხოვა, დრაგონემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს სამართლებრივი და იურისდიქციული შეზღუდვების ფრთხილად განხილვას. დრაგონემ NATO-ს ბალტიის მისია წარმატებული შეკავების მაგალითად გამოყო. ოპერაციის ფარგლებში ალიანსი 2023 და 2024 წლებში კაბელების გადაჭრის მრავალჯერადი ინციდენტების შემდეგ, ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის მოკავშირეთა გემებს, თვითმფრინავებსა და საზღვაო დრონებს ანთავსებს. „Baltic Sentry-ის დაწყებიდან არაფერი მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ეს შეკავების მექანიზმი მუშაობს,“ - განუცხადა დრაგონემ FT-ს. დრაგონეს თქმით, NATO-სთვის მთავარი გამოწვევა მომავალში ჰიბრიდული თავდასხმების თავიდან აცილების გზების განსაზღვრაა. „როგორ მიიღწევა შეკავება — შურისძიების, პრევენციული დარტყმის გზით — ეს არის ის, რაც ჩვენ ღრმად უნდა გავაანალიზოთ, რადგან მომავალში შესაძლოა, ამაზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იყოს,“ - განმარტა NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ერდოღანი: ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები სიტუაციის საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში რუსულ გემებზე ბოლო თავდასხმა სიტუაციის საგანგაშო ესკალაციად შეაფასა. თურქეთის მთავრობის სხდომის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რაც აფრთხეს უქმნის შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოებას. „ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები სიტუაციის საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს. ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია, გავამართლოთ ეს თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გადაზიდვების უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს და გარემოს, განსაკუთრებით, ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში,“ - განაცხადა ერდოღანმა. უკრაინის მედიასაშუალებებმა 29 ნოემბერს გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებზე Sea Baby-ის ტიპის საზღვაო დრონებით მიტანილ იერიშს ასახავს. ჩანაწერში ჩანს დარტყმის მომენტი და ბორტზე გაჩენილი ხანძარი. უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები წერენ, რომ საქმე ეხება უკრაინის უშიშროების სამსახურისა და საზღვაო-საბრძოლო ძალების ერთობლივ ოპერაციას. გავრცელებული ცნობით, ტანკერები ცარიელი იყო და ისინი დასატვირთად მიემართებოდა რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტში. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ უკრაინის საზღვაო დრონებმა განახორციელეს ტანკერებზე დარტყმა. წინა ღამით, თურქეთის ხელისუფლება იუწყებოდა ხანძრებზე, რომლებიც შავ ზღვაში ნავთობის ორ ტანკერზე - "გარე მოქმედების" შემდეგ გაჩნდა. ორივე ხომალდს დასავლეთის სანქციები აქვს დაწესებული. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეულია სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავი ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ მოქმედი საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით. დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულია რამდენიმე ასეული ასეთი გემი.
თურქეთი იუწყება თავდასხმის შესახებ რუსულ ტანკერზე, რომელსაც საქართველოში ზეთი გადაჰქონდა
„შავ ზღვაში შეტევა განხორციელდა ტანკერზე Midvolga-2, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მიჰქონდა მზესუმზირის ზეთი.“ ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს თურქეთის მთავარი საზღვაო სააგენტო იუწყება. Midvolga-2 რუსეთის დროშით მცურავი ტანკერია. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, გემის მფლობელია სანაოსნო კომპანია „სრედნევოლჟსკაია", რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული. რუსეთის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „ტასს“ განუცხადეს, რომ Midvolga-2-ზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო, რის შესახებაც შეტყობინება დილის რვა საათისთვის მიიღეს. სააგენტოს თანახმად, ტანკერი უმნიშვნელოდაა დაზიანებული. „საჭირო შეტყობინებები გადაეცა შესაბამის მხარეებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებას,“ - განაცხადა თურქმა ოფიციალურმა პირმა კომენტარის გაკეთების თხოვნისას, თუმცა Reuters-ის ცნობით, მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინამ რუსულ ტანკერ MIDVOLGA-2-ზე თავდასხმა ოფიციალურად უარყო. "უკრაინას არანაირი კავშირი ამ ინციდენტთან არ აქვს, ჩვენ ვუარყოფთ ნებისმიერ ბრალდებას, რომელსაც რუსული პროპაგანდა წევს წინ. ამასთან ერთად, მარშრუტი რუსეთიდან საქართველომდე თურქეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გავლით იმის ეჭვებს აჩენს, რომ რუსეთმა ამ ყველაფრის ინსცენირება მოაწყო," - ამბობს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი გეორგიი ტიხიი. სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის საზღვაო სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრში მოხდა და ტანკერმა, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი არ დაშავებულა, თავისივე ძრავების გამოყენებით გეზი აიღო თურქეთის პორტ სინოპისკენ. ერდოღანი: ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები სიტუაციის საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს
ევროკავშირი სომხეთს ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და არჩევნებზე უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ, ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ევროკავშირი სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დივერსიფიკაციისთვის, 500 მილიონ ევროს ჩადებს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. „ეს არის 500 მილიონი ევროს ინვესტიცია თქვენი ენერგეტიკული სისტემის საქართველოსთან დასაკავშირებლად და ჩვენ ასევე ვმუშაობთ სომხეთ-თურქეთის ენერგეტიკულ სისტემაზე, რათა შევამციროთ თქვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. ჩვენ გვაქვს სპეციალური ენერგეტიკული პროგრამები მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვისაც კი. მაგალითად, როდესაც 2022 წელს ომი დაიწყო [უკრაინაში - რედ.], ევროპა რუსეთიდან გაზის 60%-ის, ქვანახშირის 50%-ის და ნავთობის დაახლოებით 40%-ის იმპორტს ახდენდა. ახლა ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტი შეჩერებულია და ჩვენ თანდათან ვამცირებთ დამოკიდებულებას გაზის იმპორტზე, რაც როგორც იცით, არასდროს არის მარტივი,“ - განმარტა ევროკიმისარმა. კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ტაშკენტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთი მიიღებს მხარდაჭერას კავკასიის ენერგეტიკული სისტემის პროექტის ფარგლებში, რათა გააუმჯობესოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გააძლიეროს და დივერსიფიცირება გაუწიოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შეამციროს დამოკიდებულება გარე აქტორებზე. ევროკავშირი ამ სფეროში თანამშრომლობს გერმანიის KfW განვითარების ბანკთან. კავკასიის ენერგეტიკული სისტემის პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში საიმედო და ურთიერთსასარგებლო საზღვრისპირა ენერგოგაცვლის უზრუნველყოფა სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების სინქრონიზაციის გზით. გარდა ამისა, ევროკავშირი სომხეთს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად, 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ აგვისტოში ვაშინგტონში პარაფირებული შეთანხმებები „ნამდვილ გარღვევას“ აღნიშნავს და რომ ფაქტობრივად დასრულდა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი კონფლიქტი. „ევროკავშირი სრულად გიჭერთ მხარს. დღეს მინდა, გამოვაცხადო 15 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ მშვიდობის შენარჩუნებისა და სომხეთის მდგრადობის გასაძლიერებლად. ეს დაფინანსება მხარს დაუჭერს ინიციატივების ფართო სპექტრს, მათ შორის, განაღმვას, წვრთნებსა და აღჭურვილობის მიწოდებას, ასევე, რეგიონში ნდობის აღდგენის ღონისძიებებს,“ - აღნიშნა კალასმა. ისე ასევე გამოვიდა გააფრთხილებით, რომ სომხეთი შესაძლოა, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციული კამპანიებისა და უცხოური ჩარევის გაძლიერების წინაშე აღმოჩნდეს. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დაფინანსების ნაწილი მიმართული იქნება ასეთი საფრთხეების იდენტიფიცირების, ანალიზისა და მათზე სწრაფი რეაგირებისკენ.