ძებნის რეზულტატი:

NG0-ები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად. „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისთვის ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად, ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება იმ შემთხვევაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ დავის ალტერნატიულ სამართლებრივ გზას, პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეს კანონი ეხება, შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. "არა რუსულ კანონს, კი ევეოპას!," - აცხადებენ მესამე სექტორში. ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, მათი საკონსტიტუციო სარჩელის დეტალები მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. "ახლა, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს სრულ უფლებას, შეაჩეროს ის პრობლემური მუხლები, სანამ კანონი საბოლოოდ გაუქმდება, რათა არ დაზიანდეს სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი და ქვეყანა. “საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სრული უფლება და დრო იმისთვის, რომ ეს გააკეთოს. თუ ის არ შეაჩერებს შესაბამისი ნორმების მოქმედებას, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული დავის გზას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც აქვს შესაბამისი მექანიზმები, რომელსაც გამოვიყენებთ იმ დროს, როცა იქნება ეს საჭირო," - განმარტეს პრესკონფერენციაზე.  

ვაშინგტონი და ბერლინი ცვლილებაზე მიანიშნებენ, რაც გზას გაუხსნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას - მედია

ვაშინგტონი და ბერლინი ცვლილებაზე მიანიშნებენ, რაც გზას გაუხსნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას. შესაბამის ცნობას უკრაინული მედია დასავლურ წყაროებზე დაყრფნობით ავრცელებს. კერძოდ, ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს. ინფორმაციას Politico გერმანიის მთავრობის პოზიციასთან გაცნობილ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს წყარომ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის, თუმცა ზუსტი დეტალები არ დაუსახელებია. ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებეშტრეიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „უკრაინის თავდაცვითი მოქმედებები მხოლოდ მისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება და შესაძლოა აგრესორის ტერიტორიაზე გაფართოვდეს“ და ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბერლინსა და კიევს შორის არსებული შეთანხმებები კონფიდენციალურია. გარდა ამისა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცეს. ბლინკენმა მოლდოვაში ვიზიტისას გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ არ ახალისებენ და ქმნიან შესაძლებლობას ასეთი დარტყმებისთვის, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი და რომ აშშ-ის მთავრობა „ომის განვითარებასთან ერთად, საჭიროებისამებრ მოახდენს თავისი პოზიციის ადაპტირებას და კორექტირებას.“ ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები „ადაპტირება და კორექტირება“ იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, მხარი დაუჭიროს უკრაინის რუსეთზე თავდასხმებს ამერიკული იარაღით, ბლინკენმა უპასუხა: „ადაპტირება და კორექტირება ნიშნავს ზუსტად ამას.“ სამშაბათს, 28 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება აქვს.  

პრემიერის თქმით, გერმანია „ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს“ საქართველოსნაირ ქვეყანაში

„გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული,“ - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებას. „ახალ ვსაუბრობდით პარტია „ლელოზე“ და შეგახსენებთ, რომ „ლელოსთან“ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებ ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია,“ - განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს პასუხი რეაქციაა გერმანიის ელჩის ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებაზე. გერმანიის ელჩის განცხადებით, ვიდრე „აგენტების კანონი“ იქნება ძალაში, ევროკავშირი არ გახსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს საქართველოსთან. გარდა ამისა, ელჩმა სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დიპლომატის ეს განცხადება ანტიქართულია.  

ესტონეთის პრეზიდენტმა რუსული აქტივების კონფისკაციის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების გაყინული აქტივების კონფისკაციის საშუალებას მისცემს. მედიის ინფორმაციით, ამ ნორმების შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა შესაძლებელია მიყენებული ზიანისათვის, თუ დადგინდება, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კავშირი აქვს უკანონო ქმედებების ჩადენასთან ან ამგვარი ქმედებების ჩადენაში თანამოწილეობასთან. კარისმა განმარტა, რომ მხოლოდ ევროკავშირის სანქციების სიაში ყოფნა არ არის საკმარისი და კონფისკაცია მხოლოდ იმ პირებს შეეხება, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამხედრო აგრესიის ჩადენაში ან საომარი მოქმედებების წარმართვის წესებს არღვევენ.  

საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ღრმა წუხილს გამოთქვამს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებისა და შეზღუდვისკენ.“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ 2023 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ცხრა რეკომენდაციის შესრულების პირობით. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა იგი არაორაზროვნად გააფრთხილა, რომ რუსული ყაიდის კანონი არა შეესაბამებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ღირებულებებს და წარმოადგენდა აუცილებელ რეფორმებზე უარს. „ბოლო დროს ქვეყანაში ინიციირებული იყო ევროკავშირში ინტეგრაციასთან შეუსაბამო რიგი სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, ვრცელდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივ პროტესტს კი, ხელისუფლება სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებით და ძალადობით პასუხობდა," - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ მოვლენების გამო და პარტნიორებთან ერთად განიხილავს საპასუხო ზომებს. ლიეტუვა განაგრძობს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას.  

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია. ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. „მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „კონსტრაქშენ სერვისს“, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს არის ქართული კომპანია და ყველა დეტალი, რომელიც გამოყენებულია ხიდისთვის, წარმოებულია საქართველოში. მინდა თითოეულ თქვენგანს, დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ამ ქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ, მნიშვნელოვან და სასიხარულო პროექტს განვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულად იცხოვრებს ჩვენს დედაქალაქში,“ განაცხადა კახა კალაძემ. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაო, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი. გარდა ამისა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან.  ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდა. პროექტის ღირებულება ჯამში 36 400 000 ლარს შეადგენს. მდინარე ვერეზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაპირება კახა კალაძემ გასცა ჯერ კიდევ 2017 წელს, თბილისის მერად პირველი ვადით არჩევამდე. მოგვიანებით, მან დაპირების შეუსრულებლობა ახსნა პანდემიით გამოწვეული შეფერხებით, რომელიც 2020 წელს დაიწყო. ხიდის მშენებლობა კალაძის მერობის მეორე ვადაში დასრულდა.  

ოკუპირებულ ყირიმში განადგურებულია ორი რუსული სადესანტო კატერი - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით, Magura V5-ით ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის უბე ვუზკასთან რუსეთის სამხედრო კატერებს შეუტიეს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, უკრაინული საზღვაო დრონების გაუვნებლების მიზნით, 32-ჯერ აფრინდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები და მოწინააღმდეგემ არტილერიაც გამოიყენა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა სპეცრაზმელებმა საბრძოლო ამოცანა შეასრულეს და საზღვაო დრონებით გაანადგურეს რუსეთის ორი, წინასწარი მონაცემებით, სატრანსპორტო-სადესანტო კატერი „ტუნეცი“. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმს“ ყირიმში გაუნადგურა ორი უეკიპაჟო კატერი.  

კობახიძის თქმით, ჩინური კომპანიის მონაწილეობით ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ინვესტორის გამოვლენის კონკურსში წინადადების მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მიერ წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება უმაღლეს დონეზე. „რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, რომ მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს წლების განმავლობაში ინვესტორის მოზიდვა. შესაბამისად, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ცდილობენ ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება. ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო ეს სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ. დაასახელონ ინვესტორი, რომლის მოზიდვაც მოახერხეს ამ წლების განმავლობაში, ვერ მოიზიდეს ვერც ერთი ინვესტორი. ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ არის სრული სპეკულაცია. არა თუ ხელი არ შეგვიშლია ჩვენ ამ პროექტის განხორციელებისთვის, კონსტიტუციაშიც კი ჩავუწერეთ ანაკლიის პროექტი იმისათვის, რომ გაადვილებოდათ ინვესტორის მოზიდვა, თუმცა კონსტიტუციური დათქმის პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ვერც ერთი ინვესტორის დაინტერესება იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესები და არა რეალურად პორტის განვითარების ინტერესი,“ - განაცხადა პრემიერმა.  

დანია უკრაინას ნებართვას მისცემს, გამოიყენოს F-16 რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. ლარს ლუკე რასმუსენმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას: მისცემს თუ არა ოფიციალური კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, რომ მის მიერ გადაცემული F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. "მოკლე პასუხი არის დიახ! ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ თავდაცვის ნაწილია, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა," - განაცხადა რასმუსენმა.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ თანამდებობა მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სულხან ღლონტმა აჭარის მაუწყებელს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება და თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე თვის წინაც ითხოვა, რაც საცხოვრებელი ადგილის ცვლილებით იყო განპირობებული. სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.  

POLITICO: უნგრეთი შესაძლოა, ევროკავშირში მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს

გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის მუდმივი ობსტრუქციონიზმის გამო, ბლოკში შემავალი სახელმწიფოები მის დასჯას გეგმავენ ქვეყნისთვის ევროკომისიაში სუსტი პორტფელის მინიჭებით. როგორც POLITICO წერს, უნგრეთს სურს, შეინარჩუნოს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიცია, რომელსაც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ახლა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უნგრელი ოლივერ ვარჰეია, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეროვნულ მთავრობებს აღარ სურთ ამ პოზიციაზე უნგრელი პოლიტიკოსის ხილვა. „ორბანი მუდმივად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა ევროკავშირში და ევროპის ლიდერები სულ უფრო აღშფოთებულნი არიან სანქციების გაჭიანურებითა და კიევისთვის თანხების მიწოდებაზე წინააღმდეგობით,“ წერს გამოცემა. წყაროს ცნობით, ბრიუსელში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას, უნდა მიეცეს თუ არა უნგრეთს ევროკავშირში მნიშვნელოვანი ბერკეტების გაკონტროლების უფლება. ევროპულმა კომისიამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემდეგ კომისრებს მთავრობები და კომისიის არჩეული პრეზიდენტი შეარჩევენ და მათ გადაწყვეტილებებზე წინასწარ არ ისაუბრებენ. POLITICO წერს, რომ უნგრეთს მაინც აქვს იმედი, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოზიციას კვლავ ვარჰეი დაიკავებს. „თუმცა ოლივერ ვარჰეის ბოლო პერიოდში ბრალი დასდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ ძირგამომთხრელი პოლიტიკის წარმოებაში. მან შექმნა დაბნეულობა საქართველოსთან დაკავშირებით, ე.წ. უცხოური აგენტის“ კანონის გამო, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც თბილისის მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური მედიის, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის საშუალება,“ წერს POlITICO.  

პენტაგონმა უკრაინაში იარაღის მიწოდების მიზნით, აშშ-ში საბრძოლო მასალის ქარხანა გახსნა

აშშ-ის არმიამ ტეხასში 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის ახალი ქარხანა გახსნა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდას. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა მიზნად დაისახა, 2025 წლის ბოლომდე, თვეში 100 000-მდე საარტილერიო ჭურვი აწარმოოს უკრაინის იარაღით მომარაგებისთვის. ქარხანა, რომლის მშენებლობაც 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა, სამი საწარმოო ხაზისგან შედგება და 350 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. არკანზასში, კამდენში ამჟამად საბრძოლო მასალის კიდევ ერთი ქარხანა შენდება. გარდა ამისა, პენტაგონი გეგმავს მეორე ხაზი აიოვას სამხედრო ქარხანაში გახსნას და ნაწილობრივ, ასევე გახსნას ქარხანა პარსონსში, კანზასში. აშშ-ს არმიის მდივანმა ქრისტინ ვორმუტმა ხაზი გაუსვა ამ ობიექტის მნიშვნელობას და აღნიშნა ქარხნის როლი ეროვნული თავდაცვის გაძლიერებაში წარმოების გაზრდით. ”ამ საწარმოო ობიექტებში შესრულებული სამუშაო უშუალოდ უწყობს ხელს ჩვენი ერის დაცვას და გვაძლიერებს,” - განაცხადა ვორმუტმა გახსნის ცერემონიაზე. ქარხნები სკრანტონსა და უილკს-ბარეში, ერთად აწარმოებენ დაახლოებით 36000 ჭურვს თვეში. ტეხასის ახალ საწარმოს კი, შეუძლია თვეში 30000 ერთეული პროდუქციის მიწოდება.  

OSCE/ODIHR ე.წ უცხოეთის აგენტების კანონზე: შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების კანონთან

ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი" [ODIHR - ოდირი], საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. დასკვანაში ვკითხულობთ, რომ “საქართველოში ახლადშემოღებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის ვალდებულებებთან. [კანონი] უნდა გაუქმდეს.” დასკვნის მიხედვით, კანონი ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონს ეწინააღმდეგება, ვინაიდან, ის სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას “უცხოური ძალების ინტერესების გამტარად” მხოლოდ იმიტომ მოიხსენებს, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ოდირის განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველოში მიღებული ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონი არ ჰგავს მაგალითად ამერიკულ “ფარას”, როგორც ამას ხშირად მიუთითებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. “მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” (ე.წ. "ფარა"), ან ავსტრალიური “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი” ფუნდამენტურად განსხვავებულია თავისი მიზნებითა და შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები, ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ხელისუფლების სახელით უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში, ან ლობირებაში, საჯაროდ იყვნენ დარეგისტრირებულნი - ის არ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, ან მედია უცხოური [ძალის] წარმომადგენლები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ,” - წერია ეუთო-ოდირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონი და "გადადგას ნაბიჯები, რათა ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში იყოს." ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დაეკისროთ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ისინი ადამიანი უფლებებთან უნდა იყვნენ შესაბამისობაში და არ უნდა ისახავდნენ ხელისუფების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას. ასევე, "არ უნდა იყოს მიჩნეული, რომ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, უცხო ქვეყნების ინტერესებს ატარებს. განცხადებაში წერია, რომ “ოდირი მზადაა სამომავლოდაც გაუწიოს დახმარება [ხელისუფლების] ოფიციალურ პირებს, საკანონმდებლო, ან სხვა ტიპის ალტერნატივების მოძიებაში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კონკრეტულ შეშფოთებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად.” ოდირის იურიდიული დასკვნის შინაარსს იზიარებს ვენეციის კომისიაც. ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ დასკვნა 21 მაისს გამოაქვეყნა 24-გვერდიან დასკვნაში დეტალურადაა განხილული ე.წ „უცხოეთის აგენტების კანონი“, მისი მიღების წინაპირობები, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მისი მიზანშეწონილობა. ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევის რეკომენდაცია მისცა, ვინაიდან მათი აზრით, ეს კანონი ბევრ, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებს არღვევს. საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონს სამი მოსმენით უყარა კენჭი. 28 მაისს კი, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოც დაძლია. წყარო  

გარემოს სააგენტო: ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 30 მაისის საღამოს ამინდთან დაკავშირებით აფრთხილებს. „უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ცნობისთვის, თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სოციალურ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა უბნებში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო.  

უკრაინა საქართველოს პრემიერის განცხადებას გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის არამეგობრულ განცხადებებს და მის დამახინჯებულ შეფასებებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებული განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია. არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ, მხოლოდ რუსეთია, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. სამაგალითოა, რომ სიტყვა “რუსეთი” საქართველოს ოფიციალური პირის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები. სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა. რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ. უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებისთვის მისწრაფებების მხარდაჭერას,” - წერია განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „უკრაინა დღეს ჩამოქცეულია.“ „რაც შეეხება პარალელს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის - მინდა, ყველას ვუთხრა, რომ საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება. შეგახსენებთ, უკრაინისთვის მაიდნის შედეგები რა იყო. მაშინ, რეალურად, უკრაინის ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ. საბოლოო ჯამში კი, ვინც გარედან მთავრობა დანიშნა, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ ამ ქვეყანაში განვითარდა. 2013 წლამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, მისი ეკონომიკა კი, 200 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ეს ქვეყანა ჩამოქცეულია. მისი ეკონომიკა კი ამდენი წლის შემდეგ, თვისობრივად შემცირებულია. ასევე, უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ათიათასობით ადამიანი კი დაიღუპა. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? - არავინ. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, საქართველოს დამოუკიდებლობაა, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობას სხვა ვერავინ აიღებს. ეს ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა,“ განაცხადა კობახიძემ.

უხვმა ნალექმა, სეტყვამ და გრიგალმა თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისის მერია უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხეები. განცხადების თანახმად, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს, რაზეც მერია განმარტავს, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს. მერიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებიან მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. „თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული მეტეოროლოგიური მოვლენა განეკუთვნებოდა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას. უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. აღდგენითი სამუშაო დაიწყო მყისიერად და თითქმის დასრულებულია. სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა მუშაობს გამართულად. წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით. მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა. უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ ყველა პრობლემურ ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და მონიტორინგი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სტოლტენბერგი მოკავშირეებს ყოველწლიურად €40 მილიარდს სთხოვს უკრაინის დასახმარებლად - Reuters

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აპირებს, სთხოვოს მოკავშირეებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევრო გამოყონ, იტყობინება Reuters. სააგენტო წყაროს თქმით, ასეთი დაფინანსება მოკავშირეების მიერ მიწოდებული სამხედრო მხარდაჭერის სულ მცირე ამჟამინდელ დონეს შეინარჩუნებს. მან ასევე დაამატა, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ ევროს აწვდიან. მსგავსი შეთანხმება ჯერ საჯაროდ არ გამოცხადებულა, თუმცა NATO-ს  წევრი ქვეყნების მინისტრები ამჟამად პრაღაში იმყოფებიან მოლაპარაკებებისთვის. სამხედრო დახმარება უკრაინისთვის დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამოაცხადა. მისი ღირებულება 500 მილიონი ევროა. 24 მაისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 275 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინა ასევე მიიღებს თითქმის მილიონ ჭურვს წლის ბოლომდე, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში.  

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტსა და ტერმინალს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა რუსეთის კრასნოდარის მხარეზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიში განხორციელდა უკრაინული წარმოების რაკეტებით „ნეპტუნი" და უპილოტო საფრენი აპარატებით. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კრასნოდარის მხარის თავზე „გაანადგურეს" და „გზად დაიჭირეს" 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი გემსაწინააღმდეგო რაკეტა. 31 მაისს გამთენიისას, კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ „მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევა“. ამასთან, კონდრატიევი ადასტურებდა დარტყმას ტემრიუკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც მისი ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა სამ ცისტერნას და დაშავდნენ ბაზის თანამშრომლები. რაკეტების შესახებ გუბერნატორს არაფერი უთქვამს. კიევის დროით 11:00 საათისთვის, უკრაინის გენშტაბმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დღეს, 31 მაისს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში რამდენიმე რაკეტით დაარტყეს პორტ „კავკაზის“ ნავთობის ტერმინალს და საბორნე გადასასვლელს და უპილოტო საფრენი აპარატებით - რუსეთის ამ რეგიონში მდებარე კიდევ ერთ ნავთობტერმინალს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე დაადასტურა, რომ ერთი დღით ადრე, 30 მაისს, თავდაცვის ძალებმა ზუსტი დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანეს ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ ქერჩის საბორნე გადასასვლელის ბორნები, რომლებიც ქერჩსა და რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტ „კავკაზს“ შორის მოძრაობდნენ და საოკუპაციო ძალების სამხედრო ლოგისტიკას ემსახურებოდნენ. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული რაკეტების და დრონების წინაშე „უძლური აღმოჩნდა" და ვერ დაიცვა რუსული არმიის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები.

უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მინისტრები

„უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და, თუ ამის საჭიროება იქნება... აქვს უფლება, განახორციელეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხვდება ამას. უკრაინას უნდა მივცეთ თავის დაცვის თავისუფლება," - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, რომელიც 31 მაისს პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობს. პრაღაში ეს შეხვედრა ტარდება ჩერნინის ისტორიულ სასახლეში, რომლის თავზეც ჩეხეთის, უკრაინისა და NATO-ს დროშები ფრიალებს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე დაუჭირა მხარი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კი, აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის ემხრობოდა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებაზე არასოდეს შემოუღია რაიმე შეზღუდვა. "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უკრაინას აქვს თავდაცვის ყველანაირი უფლება," - განაცხადა სიკორსკიმ. ანალოგიური გზავნილით ჩავიდა პრაღის მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მანამდე, 30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად. ინფორმაცია აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ Kyiv Independent-ს პრეზიდენტ ზელენსკის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა დაუდასტურა. ამის საპირისპიროდ, პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა 30 მაისს განაცხადა, რომ არ შესულა ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში აკრძალვასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად მას არ უხსენებია ხარკოვის ოლქი. „ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა შეიძლება, ეფექტიანი იყოს ტაქტიკურ და ოპერატიულ მიზნებზე ფოკუსირებით, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ კონფლიქტზე მის საზღვრებში, რუსეთის შიგნით უფრო დიდი გეოპოლიტიკურ მიზნებზე წასვლის გარეშე,“ - აღნიშნა სინგმა. უფრო ადრე უკრაინამ თხოვნით მიმართა აშშ-ს, მიეცა უფლება უკრაინის სამხედრო ძალებისთვის, დაიცვან უკრაინის ქალაქები რუსეთის ტერიტორიიდან წარმოებული თავდასხმებისგან. NATO-ს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, არ ემხრობოდა უკრაინისთვის გადაცემული გერმანული მოდელის შორი მოქმედების სარაკეტო დანადგარებიდან რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებას. უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, იტყობინება Deutsche Welle 31 მაისს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით. ვაშინგტონი და ბერლინი ცვლილებაზე მიანიშნებენ, რაც გზას გაუხსნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას - მედია

ლიეტუვის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა „დაიბარეს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით.“ შესაბამის ინფორმაციას ქართული მხარე ავრცელებს. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა,“ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უფრო ადრე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)