ძებნის რეზულტატი:
ზალკალიანი: ამერიკელ მეგობრებთან ძალიან გულწრფელი საუბარი მექნება
აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, „აშშ-სა და საქართველოს შორის გაუგებრობა აღმოიფხვრება.“ შესაბამის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, საუბრები, შეფასება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ამგვარი ფაქტები ურთიერთობებში. ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის საწინდარი, რაც გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან ღრმა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სწორედ ეს არის თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ასეთი გაუგებრობები როდესაც ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია, ჩართულობა. ღიად ვამბობ, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. მე ამაზე დღესაც მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. ხვალ ვაშინგტონში დავბრუნდები და ეს საუბრები აუცილებლად გაგრძელდება, რათა ყველა გაუგებრობას და კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. ეს არავის ახარებს. მე ვიცი ჩვენი პარტნიორების გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენც ძალიან გვტკივა გული ამაზე. ვიმეორებ, რომ აუცილებელია მუდმივი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავძლევთ ამ გაუგებრობას და დავუბრუნდებით არა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით, არამედ იმ მდგომარეობას, რასაც იმსახურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა,“ – განაცხადა ზალკალიანმა. ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა
უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის დეკლარაციას 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი
„დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ქვეყნებმა და 30-ზე მეტმა სხვა ქვეყანამ უკრაინის რეკონსტრუქციაში დახმარების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ეს ქვეყნებია ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. დეკლარაციის ხელმომწერთა მიერ დაპირებული დახმარება მიმართული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მშენებლობაზე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, სოციალური მდგრადობის მხარდაჭერასა და პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაზე. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივები ასეთად დარჩება, ვიდრე რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ გადაიხდის. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მომავალში უკრაინაზე გაცემული სესხები რუსეთის გაყინული თანხების ხარჯზე დაიფარება. გარდა ამისა, დაგეგმილია კერძო სახსრების მოზიდვა ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინასა და მის ხალხს სამხედრო, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ დღესაც და მომავალშიც," - ნათქვამია დეკლარაციაში. 13 ივნისს, "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტამდე, ჯგუფის წევრები დათანხმდნენ აშშ-ის წინადადებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს კიევისთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან. „დიდი შვიდეული" (G7) აერთიანებს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, იაპონიასა და კანადას.
კობახიძე ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე: არასერიოზულია, ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია.“ პრემიერის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. „განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა
ზელენსკი ბაიდენს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯოზეფ ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენს და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება. ზელენსკის ოფისისი ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში, განსაკუთრებით ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზე. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამაზე 26 სექტემბერს, ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს იმსჯელონ. პრეზიდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს G7+-ის სპეციალურ შეხვედრაში უკრაინის აღდგენის შესახებ. 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომელიც ორიენტირებულია უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე. „დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოკავშირეებმა წამოიწყეს მარშალის გეგმა, რომელიც მშვიდობას აძლევდა ბიძგს, რომ ის ჭეშმარიტად მდგრადი გამხდარიყო. დღეს ჩვენ ვქმნით საფუძველს აღდგენის მსგავს არქიტექტურას, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას უკრაინასა და მთელ ევროპაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს გამარჯვების გეგმა გააცნო. ამ გეგმას ორი ლიდერი თეთრ სახლში მომავალ ორმხრივ შეხვედრზე განიხილავს.
როგორია პარტიების საარჩევნო სიების ათეულები
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიები წარმოადგინეს. მმართველი პარტიის სია 170-კაციანია. „ქართული ოცნების“ ოცელი 10 სექტემბერს გახდა ცნობილი. უმრავლესობის დღევანდელი დეპუტატებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიას სათავეში თინა ბოკუჩავა უდგას. ათეულში არიან: გიორგი ვაშაძე; სოფო ჯაფარიძე; კობა ნაყოფია; გია ჯაფარიძე; პეტრე ცისკარიშვილი; გიგი წერეთელი; ირაკლი ხვადაგიანი; თამარ კორძაია; ირაკლი ფავლენიშვილი. „ძლიერი საქართველოს“, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს, სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა - დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სიაში არ იქნებიან. ათეული ასეთია: მამუკა ხაზარაძე; ანა დოლიძე; ბადრი ჯაფარიძე; ანა ნაცვლიშვილი; ლევან ცუცქირიძე; ირაკლი კუპრაძე; ქეთევან თურაზაშვილი; საბა ბუაძე; სალომე სამადაშვილი; დავით რაქვიაშვილი. „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც ასევე რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს, საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა - მეორე და მესამე ნომრებს ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე ინაწილებენ. შემდეგ მოდიან: გიგა ლემონჯავა; თენგიზ თევზაძე; ცოტნე კობერიძე; გიორგი კირთაძე; ივანე ჭყონია; ხათუნა სამნიძე; ოქტაი ქაზუმოვი. პარტიის „საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. სიაში შემდეგ არიან: ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი ცქიტიშვილი; კახაბერ ქემოკლიძე; ზვიად ძიძიგური; ზაზა თავაძე; ანა ბუჩუკური; ბერდია სიჭინავა; როინ ქოჩორაშვილი; ბექა ლილუაშვილი. „ლეიბორისტული პარტიის“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ნომრად შალვა ნათელაშვილია დასახელებული. სიის დანარჩენი შემადგენლობა ასეთია: გიორგი გუგავა; ლაშა ჩხარტიშვილი; მიხეილ ქუმსიშვილი; ტარიელ კალანდარიშვილი; ნიკოლოზ ვარდოშვილი; ბექა ნათელაშვილი; თემურ წიკლაური; ირაკლი კიკვაძე; დავით მამალაძე. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სათავეში ირმა ინაშვილია. ათეულშია პრორუსული, ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ალტ-ინფოს ლიდერი ზურაბ მახარაძე, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. სიაში არიან: გიორგი ლომია; გოჩა თევდორაძე; გრიგოლ ხურციძე; გიორგი ქარდავა; ირაკლი მორგოშია; ირაკლი მარტინენკო; ლევან ჩაჩუა; გიორგი კორკოტაშვილი. პარტია გირჩმა საარჩევნო სია ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. პარტიის ინფორმაციით, სია პრაიმერიზის შედეგად დაკომპლექტდა. 26 ოქტომბრის არჩევნებში გირჩის პირველი ნომერი იაგო ხვიჩია იქნება. ათეულში ასევე არიან: სანდრო რაქვიაშვილი; ვახო მეგრელიშვილი; ჰერმან საბო; გიორგი ჭაუჭიძე; ლევან ჯგერენაია; მალხაზ ჭანია; ეკა ონიანი; უჩა ბარბაქაძე; რუსკა აბუაშვილი. საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში სია 19-მა პარტიამ წარადგინა. დანარჩენი კი, რეგისტრაციის პროცესშია. ცესკო ჯერჯერობით არ აზუსტებს პარტიების ჩამონათვალს. როგორც კომისიაში განმარტეს, სიები დამუშავებას საჭიროებს. არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პარტიული სია გატარდა რეგისტრაციაში. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად - PACE
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად. საქართველოში ორდღიანი ვიზიტი (23-24 სექტემბერი, 2024) დაასრულა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით. იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში გაიმართება. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველა მხარის მიერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად, საკვანძო როლს შეასრულებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში სამართლიანი ადგილის დაცვაში. „ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება,“ - განაცხადა იულიან ბულაიმ. „ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება - ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი.“ „ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად) და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა, შეასუსტოს ამ 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ, კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს,“ - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ბულაიმ აგრეთვე აღნიშნა: „ვგმობ საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილ ცვლილებას, რომელმაც შესაძლოა, საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა.“ „ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია და მიესალმება, რომ ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვის წყალობით მოხდება არჩევნების წინასწარი შედეგების სწრაფად გამოქვეყნება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას. ასევე აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია. მიმაჩნია, რომ ცესკო არამარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ, მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება, შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დასვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ,“ - განაცხადა ბულაიმ. „ჩვენ ასევე გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება. ეს უკანასკნელი სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“ - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ექვსკაციანმა მრავალპარტიულმა დელეგაციამ, ბულაის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი 32 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბერს კენჭისყრის დასაკვირვებლად ეწვევა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
"Eternity-2024" - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ტარდება
საქართველოში, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2024“ მიმდინარეობს. იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სწავლებაში, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების შესახებ ამოცანას შეასრულებენ. მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და შერიგების გასაძლიერებლად ჩატარებული საერთაშორისო წვრთნები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე, მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 24 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება. „ETERNITY 2024“ მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე, რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.
კიევი „გმობს პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენებას“
დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, მეორე მხარეს - საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით. ამ ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს - ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია. უკრაინის საგარეო უწყება გმობს პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენებას და ეს ფაქტი დაუშვებლად მიაჩნია. კიევი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. „ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართული ოცნების” პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს,” - ვკითხულობთ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
მოლდოვაში რუსული RIA Novosti-სა და Nezavisimaya Gazeta-ს ვებგვერდები დაბლოკეს
მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა (ISS) ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-სა და Nezavisimaya Gazeta-ს ვებგვერდების დაბლოკვის ბრძანება გასცა. შავ სიაში ასევე მოხვდა მოსკოვის მიერ შექმნილი ყირიმის „სახელმწიფო საბჭოს“ პორტალები, „Krymskaya Gazeta“, ტელეარხი „Krym24“ და მოლდოვის რესურსი Nuacum.eu, რომლებიც შექმნილია რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეების მიერ, იუწყება Deschide. გადაწყვეტილება ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ არასასურველად აღიარებული რუსული მედიის სიის გაფართოებას უკავშირდება. მანამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა აშშ-ის სანქციებს RT-ისა და Rossiya Segodnya მედია ჯგუფის წინააღმდეგ, რომელშიც ასევე შედის RIA Novosti.
„გაზპრომი“ 100 უმსხვილეს რუსულ კომპანიას შორის აღარ არის
Forbes-ის თანახმად, წმინდა მოგების მიხედვით, უმსხვილესი რუსული კომპანიების ყოველწლიურ რეიტინგში, 2023 წლის ლიდერმა - „გაზპრომმა“ არამხოლოდ დაკარგა პოზიცია 2024 წელს, არამედ, ტოპ ასეულშიც ვერ მოხვდა. პირველად 25 წლის განმავლობაში, „გაზპრომმა“ 2023 წელი 629 მილიარდი რუბლის ზარალით დახურა, ხოლო ერთი წლით ადრე მისმა მოგებამ 1,23 ტრილიონი რუბლი შეადგინა. კომპანიის შიდა ანგარიშის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაზის ექსპორტის წინა დონემდე აღდგენა შეუძლებელი იქნება. „გაზპრომის“ ზარალის მთავარი მიზეზი გაზის მოპოვებისა და ევროპისთვის მიწოდების მკვეთრი ვარდნა იყო, რაც უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. ყველაზე მომგებიანი რუსული კომპანიების რეიტინგში ახალი ლიდერი „როსნეფტია“, რომელმაც 2023 წლის ბოლოს წმინდა მოგება 1,529 ტრილიონი რუბლი მიიღო. რეიტინგის 100 საუკეთესო მონაწილის მთლიანმა მოგებამ 13,2 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა.
27 სექტემბერს თბილისში მოკლული ახალგაზრდა, კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი საყურაშვილია
საბურთალოზე დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გიორგი საყურაშვილი დაპირისპირებულებს აშველებდა. „გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი," - წერია თბილისის კონსერვატორიის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში. მკვლელობა 27 სექტემბერს საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ისრაელი აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური
ისრაელის სამხედროთა განცხადებით, დარტყმების შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური, აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის მოადგილე ნაბილ კაუკი. ორგანიზაციის ვეტერანი ლიდერი, ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად მოკლეს. „ჰეზბოლას“ შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. „ჰეზბოლა“ გასამხედროებული ჯგუფია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპი უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა რუსეთთან ომში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დონალდ ტრამპისგან მიიღო "ძალიან პირდაპირი ინფორმაცია“, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი უკრაინას დაუჭერს მხარს რუსეთთან ომში, თუკი მას ნოემბერში კვლავ პრეზიდენტად აირჩევენ. ზელენსკიმ, რომელიც შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა, ტრამპს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ პარასკევს, დახურულ შეხვედრის დროს წარუდგინა, მას შემდეგ რაც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ იმუშავებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა მათი კონფლიქტი დასრულდეს. "არ ვიცი რა იქნება არჩევნების შემდეგ და ვინ იქნება პრეზიდენტი. ... მაგრამ დონალდ ტრამპისგან მაქვს ძალიან პირდაპირი ინფორმაცია, რომ ის ჩვენს მხარეს იქნება, რომ ის უკრაინას დაუჭერს მხარს," - განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ. ზელენსკიმ, რომელიც ასევე შეხვდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს არცერთ მხარეს აშშ-ის არჩევნებში. „არ მინდა არჩევნებში ჩართვა. წერტილი. არ მინდა, დავკარგო ამერიკელების ესა თუ ის ნაწილი,“ განუცხადა ზელენსკიმ Fox News-ს. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის" სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა. თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ როგორ შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად. „ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ეს დასრულდეს და ორივეს გვინდა სამართლიანი შეთანხმება. ის სამართლიანი უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა. პარასკევს დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ტრამპ ტაუერში“ შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საჭიროა ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი შევაჩეროთ. ის (ომი) ჩვენს ტერიტორიაზეა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გვესმოდეს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
28 სექტემბერს, ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან ნოზაძეს დელეგატებმა ერთხმად, 45 ხმით დაუჭირეს მხარი. აქამდე ის ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი იყო. ლევან ნოზაძემ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გიორგი ათაბეგაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას ფედერაციაში 2018-2024 წლებში იკავებდა. დელეგატებმა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად სლავა შერაზადიშვილი აირჩიეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილი იქნება, ხოლო მეორე - ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას ირინე გულიაშვილი დაიკავებს. ლევან ნოზაძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადადგომის შესახებ განცხადება 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო". „ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის,“ - განაცხადა ამილახვარმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის მისი თქმით, მინისტრის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა: „მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა. მაშინ მან თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.
პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღებას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად აფასებს. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს,“ - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო.
ელჩი გარეთ უორდი: ლონდონი და დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ინვესტიციების ერთ-ერთი საკვანძო წყაროა
„პირველად საქართველოს 25 წლის წინ ვესტუმრე, ასე რომ, მაქვს პერსპექტივა, როგორ ვითარდებოდა საქართველო. ამ კვირას გვქონდა ძალიან კარგი განცხადება, რომ განახლდება პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისში და პირიქით, რაც მიმოსვლას გაუადვილებს ტურისტებს, ბიზნესმენებს... რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, პირველ რიგში, ალბათ, უნდა ვახსენოთ ეკონომიკური ურთიერთობები. აქ დიდ როლს თამაშობს ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველაზე დიდი ბანკებიც. ამიტომაც, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლონდონი და დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ინვესტიციების ერთ-ერთი საკვანძო წყაროა,“ ეს ამონარიდია ინტერვიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის ახალმა ელჩმა გარეთ უორდმა რადიო თავისუფლებას მისცა. რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, ელჩის შეფასებით, ეს ასევე უმნიშვნელოვანესი სექტორია. „უკვე წლებია, დიდი ბრიტანეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც - ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამხედრო ძალებთან, ვეხმარებით საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში და ა.შ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ცხოვრება რუსეთთან ახლოს.“ ამავე ინტერვიუში ისაუბრა მან მოახლოებულ არჩევნებზე. „მალე არჩევნები გექნებათ, ეს კი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, შესაძლებლობა დასავლეთისთვის საკუთარი დემოკრატიული მახასიათებლების ხელახალი დემონსტრირებისა. ეს წელი გლობალურად არჩევნების წელია, მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს არჩევნები, ჩვენც გვქონდა, ბრიტანეთში მთავრობა შეიცვალა. დემოკრატიის დინებაზე მიშვება არ გამოდის, დემოკრატია ძალისხმევას მოითხოვს. და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ამას ვიხილავთ საქართველოშიც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. რუსეთზე „10 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთში ვმუშაობდი, კარგად შევისწავლე რუსეთის ქცევა, ხასიათი, უკეთ გავიაზრე რუსეთის მიდგომები. და ვფიქრობ, ნარატივებს კი არა, ფაქტებს უნდა შევხედოთ - ფაქტები კი მეტყველებენ იმაზე, რომ რუსეთია აგრესორი, და ჩვენ კი, დანარჩენი ევროპა, ერთად ვდგავართ მათი აგრესიის წინააღმდეგ. ბრიტანეთის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპელ და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად ვიდგეთ საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე, ეს კი დღეს უკრაინის გვერდში დგომას ნიშნავს. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ: საზღვრებს პატივი უნდა ვცეთ, უკრაინის საზღვარი იქნება ეს თუ საქართველოსი,“ ამბობს ახალი ელჩი. შეკითხვას, თავად რუსეთში საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მმართველი პარტიისა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან? გარეთ უორდი პასუხობს: „მე ვცდილობ, მარია ზახაროვას და სხვა დეზინფორმატორების ნათქვამიდან არ ვაკეთო დასკვნები. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის ქვეყნებზე ზეწოლას თავისი ნარატივებით, რუსული ნარატივების ასალაგმად კი, სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი მთავრობაა საჭირო.“ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ ნარატივებსა და ნაბიჯებზე. რამდენად ეფექტურია დასავლეთის პასუხი? გარეთ უორდი ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ამბობს: „ბრიტანეთი ევროკავშირში არაა, ამიტომ ევროკავშირის მიდგომებზე ჩემი მხრიდან საუბარი უადგილო იქნებოდა, ამერიკასაც თავისი მიდგომა აქვს, მე კი, შემიძლია, ვისაუბრო როგორი იქნება ჩვენი, ბრიტანეთის მიდგომა. ჩვენს შეშფოთებას არსებული ტენდენციის გამო კარგა ხანია, ვუზიარებთ ქართველ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს. ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მჭიდრო პარტნიორული კავშირები საქართველოსთან, ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებული იქნება როგორც საერთო ინტერესებზე, ასევე საერთო ღირებულებებზე. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, შევძლებთ კონსტრუქციული პარტნიორობის ფარგლებში დარჩენას. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ეს ოპტიმისტური სცენარია, იმის ფონზე, რაც ხდება. განვიხილოთ პესიმისტური სცენარიც: სადაც სიტუაცია უარესობისკენ იცვლება, განსაკუთრებით კი, ღირებულებების ხარჯზე. მაშინ რა მოხდება? რა მიდგომა ექნება ბრიტანეთს? გარეთ უორდი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „წინასწარ დეტალურად ვერ გაგიწერთ, როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ეს სცენარი რეალობად იქცევა, იმიტომ, რომ ბევრი და კომპლექსური სცენარები არსებობს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა, წარიმართოს პროცესები. მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთო ღირებულებების ქონა, ერთმანეთის ნდობა, რათა ამჟამინდელი ღრმა და ფართო ურთიერთკავშირები შევინარჩუნოთ. თუ ნაკლები ნდობა გვექნება, მაშინ ურთიერთობაც ცოტა უფრო სხვანაირი იქნება. დიდი ბრიტანეთი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას, მაგრამ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთნდობის ხარისხზე დავაფუძნებთ.“
ახალი, ევროპული ”H145” ტიპის სამივე შვეულფრენი საქართველოშია - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. უწყების ცნობით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. სამინისტროს განცხადებით, თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. "H145" ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, "airbus helicopters"-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. ამავე თემაზე: შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ახალი ვერტმფრენი გადაეცა
ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ბერძნულზე, გამოცდის ჩაბარების გარეშე გახდა შესაძლებელი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ ამოქმედდება. ცნობისთვის, მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.
აშშ საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის კალიბრირებაზე“ საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ტომ სალივანი საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის შეზღუდვაზე საუბრობს. სალივანი შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიული ნაბიჯების“ საპასუხოდ, ამერიკამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა. „გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს; ქვეყანას აშორებს იმას, რაც მოქალაქეების უმეტესობას სურს. ეს არის დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან ინტეგრაცია. ასე რომ, ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით, ჩვენ გადავდგით მთელი რიგი ნაბიჯები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის მხრივ, როდესაც ისინი აგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს. ამის საფუძველზე, ჩვენ მათთან ჩართულობის კალიბრირებას (to calibrate our engagement) გავაგრძელებთ. ვფიქრობ, თქვენ ნახეთ, რომ ეს აისახა ჩართულობაში ან ჩართულობის ნაკლებობაში ამ კვირაში,“ განაცხადა სალივანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.