ძებნის რეზულტატი:
ჰაკან ფიდანი: თურქეთმა და ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ
თურქეთმა და ევროკავშირმა (EU) კოორდინირება უნდა გაუწიონ თავიანთ ქმედებებს სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს და ევროკავშირს აქვთ გავლენა ბევრ რეგიონში, მათ შორის, კავკასიაში. „ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პოზიციები დავაახლოოთ,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებაა. „ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით არ ვმოქმედებთ,“ განაცხადა ფიდანმა.
2008 წლის ომი და ქართველების მასობრივი დეპორტაცია: ევროსასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა გაიზარდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღინიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუხდია 2008 წლის ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე გამოტანილი გადაწყეტილებით გათვალისწინებული კომპენსაცია, რა თანხამაც დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით, ამჟამად, 12 503 972,60 მილიონ ევროს მიაღწია. 2019 წლის 31 გადაწყვეტილებაში კი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივანი მთავრობისთვის სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა 10,000,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც საქართველოს არანაკლებ 1500 მოქალაქემ განიცადა. ეს საქმე ეხება რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას. მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე, რუსეთის ხელისუფლებას კვლავ მოუწოდეს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლისა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები, სრულად დაიცვას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; კიდევ ერთხელ გაიმეორეს მათი ღრმა შეშფოთება, რომ დარიცხული სამართლიანი ანაზღაურებისა და დავალიანების პროცენტი რუსეთს არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 30 აპრილს გადახდის ვადის ამოწურვიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მინიჭებულ თანხას კვლავ ემატება ვალდებულების შეუსრულებლობის პროცენტი და რომ 2024 წლის 17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მთლიანი დავალიანება 12 503 972,60 ევრო იყო. მეორე საქმეზე, 2023 წლის 28 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მომჩივანი სახელმწიფოსთვის (საქართველოსთვის) 3 თვის ვადაში €129 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამ შემთხვევაშიც აღინიშნა, რომ ევროსასამართლოს მიერ მინიჭებული სამართლიანი ანაზღაურება გადახდილი არ არის, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა, 17 სექტემბრის მდგომარეობით, €141 183 849,33 მილიონამდე გაიზარდა. საქმე ეხება 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებულ ზარალს. ცნობისთვის, 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკის საკითხებს ზედამხედველობს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო და სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებზე პასუხისმგებელი უფროს წარმომადგენელი კრისტინ პრინსი სომხეთში არიან. სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი და სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესში სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი მათ 20 სექტემბერს შეხვდა. „განიხილებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასთან და სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები,“ - ნათქვამია სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. უფრო ადრე კი, 19 სექტემბერს, ჯოშუა ჰაკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძალისხმევას ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის მისაღწევად, კერძოდ, ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ბოლო დროს ვითარდება ინტენსიური დინამიკით, გამდიდრებულია ახალი განზომილებებით, ეს ურთიერთობები ეფუძნება სტრატეგიულ დიალოგს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სფეროში,“ განაცხადა მირზოიანმა სომხეთის საგარეო უწყების ცნობით. მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგი და რეგიონული საკითხები განიხილეს. „ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რათა მივაღწიოთ ახალ ეტაპს, კერძოდ, სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას და დაისახა შემდეგი ნაბიჯები. პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, ორმხრივ ვაჭრობის ხელშეწყობას. რეგიონულ კონტექსტში არარატ მირზოიანმა და ჯოშუა ჰაკმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის საკითხები განიხილეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგენილი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების თავიდან აცილებას და შეთანხმებულ ტექსტთან ხელმოწერას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. მინისტრმა მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ინტერესი კარგად ცნობილ პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის მიმართულებით,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება.
ამერიკის ხმა: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა
ამერიკის შეერთებული შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმას“ ამერიკის ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა,” - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხი სენსიტიურობიდან გამომდინარე.
30 ევროპარლამენტარი საქართველოს საკითხზე ვარჰეის მიმართავს
30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. ხსენებულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი კი - გადაიხედოს. არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს ოთხ ქმედებას სთავაზობენ: ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტას; საკვანძო პირების სანქცირებას; საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის ფორმალურ გადახედვას; საჯარო დიპლომატიასა და კომუნიკაციას. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების კრიტიკულად მნიშვნელოვან ტესტს წარმოადგენს. ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა სახიფათო პრეცედენტს შექმნის, როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის. საქართველოს რუსეთთან უფრო ახლოს დაკავშირების შედეგების გადაჭარბება შეუძლებელია, მაშინ როდესაც ავტორიტარიზმი გლობალურად იზრდება. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოში დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება დაიცვას,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, აღინიშნება, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტაში იგულისხმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ფარგლებში გამოყოფილი გრანტებისა და სესხების შეჩერება, და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა, როგორიცაა „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA). ევროპარლამენტარების თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დახმარებას შეზღუდვები არ უნდა შეეხოს, რათა „უზრუნველყოფილი იქნას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის გაგრძელება.” საკვანძო პირების წინააღმდეგ სანქციებში იგულისხმება მიზნობრივი სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც „პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრისთვის.“ აღინიშნება, რომ სანქციები შეიძლება, მოიცავდეს აქტივების გაყინვას, სავიზო აკრძალვებსა და სამოზავრო შეზღუდვებს. ევროპარლამენტარების შეფასებით, თუ არჩევნები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის ფორმალური გადახედვა უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ამ გადახედვამ უნდა შეაფასოს „თანხვედრაშია თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებთან, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვება.“ ხელმომწერი ევროპარლამენტარები არიან: რიჰარდს კოლსი (ლატვია), ადრიან ვასკეს ლაზარა (ესპანეთი), ალექსანდრ ვონდრა (ჩეხეთი), ანა ზალევსკა (პოლონეთი), აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა), დაინიუს ჟალიმასი (ლიეტუვა), დიეგო სოლიერი (ესპანეთი), ჰენრიკ დალი (დანია), ივარს ლიაბსი (ლატვია), იააკ მადისონი (ესტონეთი), იაროსლავ ბჟოჰი (ჩეხეთი), იონას სიოსტედტი (შვედეთი), კშიშტოფ ბრეიზა (პოლონეთი), მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი (გერმანია), მარკვეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), მატეი ტონინი (სლოვენია), მერია კილონენი (ფინეთი), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), ნორა ჰუნკო გარსია (ესპანეთი), ონრეი კრუტილეკი (ჩეხეთი), პეტრას აუშტრევიჩუსი (ლიეტუვა), რასა იუკნევიჩიენი (ლიეტუვა), რეინის პოზნაკსი (ლატვია), რიჰო ტერასი (ესტონეთი), რობერტს ზილე (ლატვია), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი), სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა (ხორვატია), ტობიაშ ბოჰენსკი (პოლონეთი) და ვირგინიუს სინკევიჩუსი (ლიეტუვა).
EBRD-მა აზერბაიჯანში მზის ელექტროსადგურის პროექტისთვის $100 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აზერბაიჯანის ბილასუვარის რეგიონში 445 მეგავატიანი მზის ფოტოელექტრული ელექტროსადგურის პროექტისთვის დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის პოტენციალის გაზრდას და ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც შეესაბამება პარიზის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. პროექტის ჯამური ღირებულება სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დამატებითი მხარდაჭერის ჩათვლით, 380 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
7 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციები საერთაშორისო ასოციაცია - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტს“ ქმნიან
აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ავსტრიის სარკინიგზო ადმინისტრაციები, საერთაშორისო ასოციაციის - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 20 სექტემბერს, ბაქოში, საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მიიჩნევენ, რომ „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ დაარსება ევრაზიის გლობალური რეგიონის ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის. „ყველა ოფიციალური პროცედურა უახლოეს მომავალში დასრულდება,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა პრესკონფერენციაზე. შუა დერეფნის გაძლიერება „ასოციაციამ უნდა შეასრულოს სტრუქტურირებული სამუშაო, შეიმუშაოს დერეფნის კონცეფცია, ჩამოაყალიბოს სატარიფო პოლიტიკა და შეისწავლოს ციფრული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები, რათა უზრუნველყოს უფრო სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტი,“ - განმარტა რუსტამოვმა. მიზანია, რომ შუა დერეფანი გახდეს უფრო ეფექტური და მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გაუმჯობესდეს მარშრუტის საერთო ოპერაციები. რუსტამოვმა განაცხადა, რომ ჩინეთი "შუა დერეფნით" 1000 საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის გაგზავნას გეგმავს. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ჩინეთიდან "შუა დერეფნით" 212 ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა. „მარტში, სიანის პორტიდან პირველი საკონტეინერო მატარებელი ბაქოში სულ რაღაც 11 დღეში ჩავიდა. ამ მატარებლებს საშუალოდ, 8-დან 10 დღემდე სჭირდებათ აზერბაიჯანამდე, ხოლო 12 დღე საქართველოს პორტებში მისასვლელად,“ - განაცხადა რუსტამოვმა. ტვირთის სავარაუდო მოცულობა დაახლოებით 420 000 ტონაა. შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გადამწყვეტია აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის გასაადვილებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ამ დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მედია წერს, რომ ახლად შექმნილი ასოციაცია ზედამხედველობას გაუწევს ამ მარშრუტის კოორდინაციასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. თურქეთის რკინიგზის TCDD Tasimacilik Company-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი უფუკ იალჩინი მიიჩნევს, რომ ახლად შექმნილი საერთაშორისო ასოციაცია „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტი“ ტვირთების გადაზიდვის არეალს გააფართოებს, იუწყება Trend. ბაქოში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას იალჩინმა აღნიშნა, რომ მულტიმოდალური ტრანსპორტირების დონზე ჩინეთსა და ევროპას შორის იზრდება და სატრანზიტო ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ ამ ტენდენციებს. „ახალი ქვეყნების ხარჯზე, ევრაზიული მარშრუტის განვითარების ინიციატივა ეფექტიანად და კომერციულად მიმზიდველად იმუშავებს,“ - აღნიშნა თურქეთის რკინიგზის წარმომადგენელმა. „ბაქო-თბილისი-ყარსი მნიშვნელოვანი მარშრუტია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში,“ - განაცხადა იალჩინმა. მისი თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ევროპასა და აზიას შორის ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სარკინიგზო საკონტეინერო ტრანსპორტის კორპორაციის ხელმძღვანელის იან ბინის თქმით, ჩინეთი „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნის ინიციატივას უერთდება, რადგან პეკინი ევრაზიის რეგიონის გავლით საქონლის ტრანსპორტირების გაზრდით არის დაინტერესებული. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია ჯდება პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარების კონცეფციაში. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის 40 ქალაქი ევროპის 225 ქალაქს სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტით უკავშირდება, რომელთა შორისაც შუა დერეფანმა მნიშვნელობა მოიპოვა. ბინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მარშრუტზე მატარებლების რაოდენობა და ტრანსპორტირების მოცულობა გაიზრდება. უზბეკეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ზუფარ ნარზულაევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ "ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის" საერთაშორისო ასოციაციის შექმნას, რადგან ეს გააძლიერებს ურთიერთობას ქვეყნების რკინიგზების ადმინისტრაციებს შორის. „უზბეკეთში ყველა პირობა იქმნება ტრანსპორტის და სატრანზიტო პოტენციალის გასაფართოებლად. ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში რკინიგზის მშენებლობისა და მოდერნიზაციისკენ. გარდა ამისა, უზბეკეთში ვითარდება ინტეგრირებული ლოგისტიკური ცენტრები და მიღებულია ზომები ამ სფეროში მარეგულირებელი ბაზის გასაუმჯობესებლად,“ - აღნიშნა ნარზულაევმა.
ფაშინიანმა აშშ-ში სომხეთის სამხედრო ატაშე დანიშნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ჰრაირ გეღამიანი შეერთებულ შტატებში სომხეთის სამხედრო ატაშე იქნება. გეღამიანი ამ თანამდებობას 23 სექტემბრიდან, სამი წლის ვადით დაიკავებს, მისი რეზიდენცია ვაშინგტონში განთავსდება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ
ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. ირაკლი კობახიძე ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. ამერიკის ხმა: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის $12 მილიარდით გაზრდას თავდაცვის ხარჯებისთვის
უკრაინა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 სექტემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის 12 მილიარდი დოლარით გაზრდას ითვალისწინებს, ეს თანხა თავდაცვისა და სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება. „კანონი მიზნად ისახავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გადაუდებელი ზომების დაფინანსებას, რათა უკრაინამ შეძლოს, დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ,“ ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა. საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა როქსოლანა პიდლასამ განაცხადა, რომ დამატებითი 12 მილიარდი დოლარი ძირითადად დაფინანსდება შიდა სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებით და სახელმწიფო ვალის დაფარვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებით. კიდევ 30 მილიარდი Hr (722 მილიონი აშშ დოლარი) მოდის გადასახადების ზრდის შემოსავლებიდან, ხოლო 12,7 მილიარდი Hr (306 მილიონი აშშ დოლარი) - თამბაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდიდან. კანონი უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ 18 სექტემბერს დაამტკიცა.
აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთთან "სტრატეგიულ პარტნიორობას" მოელის
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, თავის გზავნილში ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორ ხალხს შორის ღრმა კავშირებს და აღნიშნა, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ უკეთესი მომავლის ასაშენებლად, მათ შორის, ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერებიდან სუფთა ენერგიისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის ინიციატივების დაჩქარებამდე. „კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები. ეს არის ღირებულებები, რომლებსაც იზიარებენ როგორც ამერიკელები, ასევე სომხები,” - განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი. აშშ-ის ლიდერის თქმით, აშშ მხარს უჭერს სომხეთის ძალისხმევას რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, მან გამოხატა ოპტიმიზმი ერთობლივი მუშაობის გაგრძელების შესახებ, სადაც ყველას შეუძლია, ღირსეულად და უსაფრთხოდ იცხოვროს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ
გიორგი გახარიამ პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა
პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ "ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა. ქართულ მედიასაშუალებებს პარტიაში განუცხადეს, რომ ქარტიას ხელი დღეს, 23 სექტემბერს მოეწერა. ამ დრომდე პარტიას “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაზე” ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს - "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია." ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ "ქართულ ქარტიას" ხელი 3 ივნისს მოაწერა. რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტია“ „ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ,“ - წერია „ქართულ ქარტიაში.“
შვეიცარიის კერძო სექტორი შუა დერეფნის განვითარებით ინტერესდება
შვეიცარიის კერძო სექტორი ინტერესით აკვირდება შუა დერეფნის განვითარებას, ამის შესახებ Trend-ს მისიის უფროსის მოადგილემ, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში შვეიცარიის საელჩოს რეგიონული თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა. გაი ბონვინმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთიდან ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით, ამჟამად სწრაფად ვითარდება. კერძოდ, მიმდინარეობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაცია და გაფართოება. „ეს დერეფანი არსებითად ხელს შეუწყობს ვაჭრობას და რეგიონს სატრანზიტო ჰაბად პოზიციონირების საშუალებას აძლევს. გაუმჯობესებული ტრანსკონტინენტური კავშირი ნიშნავს მიწოდების უფრო ეფექტიან ქსელს და უკეთეს ბაზარზე წვდომას, რაც კარგი ამბავია ასევე შვეიცარიული კომპანიებისთვის. შვეიცარიას აქვს მრავალი შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის სექტორში, რომელიც შეიძლება, საინტერესო იყოს შუა დერეფნის კონტექსტში. ამის მაგალითია, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რკინიგზა, გზები/ხიდები/გვირაბი და საინჟინრო მომსახურება. „შვეიცარიულ კომპანიებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ტვირთების თვალყურის დევნებასა და ლოგისტიკაში, ასევე შეუძლიათ, შემოგთავაზოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები,“ - აღნიშნა ბონვინმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.
აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის პორტში შევიდა
აშშ-ის საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავი ორშაბათს სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მარაგებისა და დანარჩენი ეკიპაჟის შესავსებად შევიდა. იტყობინებიან სამხრეთ კორეის სამხედროები. ინფორმაციას სააგენტო Yonhap News ავრცელებს. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა გამარტა, რომ დაგეგმილია "მეგობრული გაცვლა" ამერიკელ სამხედროებთან. ეს არის USS Vermont-ის პირველი ვიზიტი სამხრეთ კორეის პორტში. 20 სექტემბერს, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს. „ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში. Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა ამ კვირის დასაწყისში, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, მიმდინარე თვეს გამოსცადოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ცნობისთვის, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავების ვიზიტები ადრე იშვიათი იყო, მაგრამ ეს ვიზიტები სეულსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს პორტში შევიდა. USS Carl Vinson, ამერიკული ავიამზიდი, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ შეკავების გაზრდის მიზნით, ასევე შევიდა პუსანის პორტში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა
კანადა მოლდოვას 120 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს
კანადა მოლდოვას 120 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს. სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოლდოვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და კანადას შორის დღეს მოხდა. თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებების დასაფინანსებლად და მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებული პროგრამის „მოლდოვაში ზრდისა და მდგრადობის მხარდაჭერის ოპერაციების განვითარების პოლიტიკის“ განხორციელებისათვის. სესხის დაფარვის ვადა 10 წელია, სამწლიანი საშეღავათო პერიოდის ჩათვლით. ხელშეკრულებას 2024 წლის 6 სექტემბერს მოეწერა ხელი.
პაკისტანში, უცხოელი დიპლომატების კოლონაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში, უცხოელი დიპლომატების კოლონაში აფეთქების შედეგად ერთი პაკისტანელი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. დიპლომატები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ისლამაბადში. მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე უცხოელი დიპლომატების კოლონა იყო. ამერიკის ხმის ცნობით, პოლიციის წარმომადგენლებმა მსხვერპლის შესახებ ცნობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ყველა დიპლომატი უვნებლად გადარჩა, მათ შორის იყვნენ რუსეთის, პორტუგალიის, ირანის, ინდონეზიის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, რუანდის, ზიმბაბვეს, თურქმენეთის, ვიეტნამის და ბოსნია-ჰერცეგოვინის ელჩები. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკოლონის თანმხლები მანქანა პაკისტანის ქალაქ მინგორადან გზაზე ააფეთქეს, როდესაც ხელნაკეთი მოწყობილობა ამოქმედდა. მანქანა სასტუმროსკენ მიდიოდა. დიპლომატებმა ხეიბარ-პახტუნხვის პროვინციაში, სვატის ხეობაში ტურიზმის განვითარების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. „დოიეჩე ველე“ წერს, რომ ეს ტერიტორია არის ბაზა მებრძოლი ჯგუფებისთვის, მათ შორის, პაკისტანის „თალიბანისთვის.“ პრემიერ მინისტრის შეჰბაზ შარიფის ოფისმა განაცხადა, რომ გმობენ თავდასხმას, როგორც "მშიშარა ტერორისტულ აქტს.“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია - არც TTP-ის მებრძოლებს, რომლებიც სამხედრო და პოლიციის ძალებზე პროვინციაში სასიკვდილო თავდასხმებს აწყობენ. „ნობელის პრემიის პაკისტანელი ლაურეატი მალალა იუსაფზაი, რომელიც სვატის მკვიდრი იყო, 2012 წელს დახვრიტეს და მძიმედ დაჭრეს TTP-ის ბოევიკებმა. TTP-ის გაძლიერებული თავდასხმების შემდეგ, პაკისტანის პროვინცია ხეიბერ პახტუნხვაში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, წლის დასაწყისიდან, 100-ზე მეტი პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პაკისტანი ამტკიცებს, რომ ექსტრემისტული ჯგუფი ძალადობას ავღანეთის თავშესაფრებიდან აწყობს და მას ხელს უწყობენ „თალიბანის“ მმართველები. ქაბულში „თალიბანის“ მთავრობა, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ არცერთ უცხოურ დაჯგუფებას, მათ შორის, TTP-ს, არ აქვს უფლება, გამოიყენოს ავღანეთის მიწა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ,“ წერს ამერიკის ხმა. შაბათს, 21 სექტემბერს, სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების საპატრულო ჯგუფს და ორი ოფიცერი მოკლეს. მესამე ადამიანი მიყენებული დაზიანებების შედეგად კვირას, 22 სექტემბერს გარდაიცვალა. მასალა მომზადებულია AP-ის, DW-ის, და ამერიკის ხმის მიხედვით
Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი. უწყების ინფორმაციით, კომპანია დაჯარიმდა 4 000 ლარით და ამასთან, დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით. შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/IP Address) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გასულ წელს, რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ წერდა, რომ „ეფესბეს“ „იანდექსის“ ბაზაზე სრული წვდომა ექნება. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლიდა. რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში, როცა საქმე „იანდექსის“ მსგავსი კომპანიებისგან, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა (არქივი) კიბერუსაფრთხოების ექსპერტთან და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილ მრჩეველ ლადო სვანაძესთან: პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები და საფრთხეები ძალიან დიდია. ბევრს ახსოვს „კემბრიჯ ანალიტიკა“, რომელიც პეტერბურგში ჩამოყალიბდა, ტრამპის არჩევნების წინა პერიოდში. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და სწორედ ამას აკეთებდნენ, პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ. ამ პერსონალურმა მონაცემებმა თავი იჩინა ტრამპის არჩევნებზე. ამიტომაც ამბობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოხდა. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან აქტუალური და სენსიტიური თემაა. რუსული კომპანიები, როგორიცაა, „იანდექსი“, „VTB ბანკი“, „ბილაინი“ და ა.შ., საქართველოშიც ოპერირებენ. გასაგებია, რომ VTB დღეს სანქცირებულია და მისი აქტივები სხვა ბანკებმა გაინაწილეს, მაგრამ პერსონალური მონაცემები იქაც არის. თავისუფალი ბიზნესის პრინციპით სახელმწიფო არ ერევა ამაში. თუმცა საზოგადობრივ შეგნებაზეა ლაპარაკი. გასაგებია, რომ „იანდექსი“ იაფია, მაგრამ მე შემიძლია, 1 ან 2 ლარით მეტი გადავიხადო და სხვა ტაქსი გამოვიძახო, რადგან ჩემი პერსონალური მონაცემები უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ერთი ლარით ნაკლებით გადახდილი თანხა. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. რატომ უნდა გასაჯაროვდეს ჩემი პერსონალური მონაცემები?! იგივე, სადაზღვევო კომპანიებში, ბანკზე უფრო მეტი პერსონალური იფორმაცია ინახება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოიცავს. არ გინდათ, ვინმემ იცოდეს რითი ხარ დაავადებული. თუ გაიტანეს ეს ინფორმაცია, შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის თემა ძალიან აქტუალური თემაა. მთავრობა ამაში არ ერევა და რაღაც დონეზე ვერც ჩაერევა ლიბერალური პოლიტიკის გამო. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმოს. თუ ფინანსთა სამინისტრო, ხელფასების გასაცემად ან სხვა გადარიცხვებისთვის, VTB ბანკს ირჩევს, სამთავრობო სექტორი ამას არ უნდა აკეთებდეს. ეს უკვე მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შენ თუ აღიარებ საფრთხედ, მისგან აღარ უნდა შეისყიდო არც პროდუქცია და არც სერვისი. აღარაფერი არ უნდა იყიდო. კერძო სექტორზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, კერძო სექტორი გაცილებით გონივრულად იქცევა. ბევრმა მათგანმა რუსეთიდან სერვისების და პორდუქციის მიღება უკვე შეწყვიტა. მოქალაქეს რაც შეუძლია, ისაა, რომ თვითონ არ უნდა გაეკაროს „იანდექსის“ მსგავს კომპანიებს.
პრეზიდენტი: ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ მიზანი არის ერთი
საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი დამნაშავე ამ პროცესში უნდობლობა და ეჭვია. მან უარყოფითის გარდა, ასევე ისაუბრა პროცესის პოზიტიურ ნიშნებზე, რის მაგალითადაც პრეზიდენტმა მიუთითა, რომ „ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი იქნება.“ აღსანიშნავია, რომ ამ „პოზიტიურ ნიშანზე“ პროცესის მონაწილე ორივე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი მიანიშნებდა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ 16 სექტემბერს მოუწოდა, ამის შემდეგ იყო შეხვედრები, თუმცა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. “მცდელობა იყო და, მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში დიპლომატიისა და, რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც გვექნა ყველას ერთად და მოგვეხერხებინა კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი მოლაპარაკებებში ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა. მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი. უფრო იმ მოცემულობის ბრალი იყო, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში, ვინ როგორ დაიცვას თავისი იდენტობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის და იქნება იმიტომ, რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან. მაგრამ ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე. ჰგონიათ, ვინც უფრო მეტს დათმობს, ის უფრო სუსტია და ეს ნათელია, რომ ძნელი დასაძლევია წინასაარჩევნო პერიოდში. მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს - უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მათ შორის, მეც და ძალიან ძნელი არის, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც საბოლოოდ ქმნის მოლაპარაკებაზე შედეგს. მოლაპარაკება არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი - ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება. ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს უკვე, რომ მიზანი არის ერთი - ამ დილით ხელი მოეწერა მეოთხე პარტიისგან ეს ქარტია და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, მათ გამოაჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა - მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რომელიც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღეს, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება, ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო “ოცნების” გათვლა. იმ პარტიებმა, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ეს ნაწილი დათმეს და აქ უკვე ჩანს ის დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან. გადაწყვიტეს, რომ ქარტიის ხელმომწერები მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის. მთელი ამ პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად,” - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, „შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება.“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ხმებით გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ცდილობს, საზოგადოება კონფრონტაციამდე მიიყვანოს, რადგან შემდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია ჰქონდეს. „ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან გამომწვევ მომენტში. ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არა შიგადაშიგ, არამედ, ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება, ითქვას, რომ ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა აქა-იქ ფულის დარიგების გარდა, არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი, შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა. არავის არაფერს არ ჰპირდებიან, პირიქით, იქ, სადაც მათ მიუხედავად, უცებ ჩნდება რაღაც ერთობა, რაღაც სიხალისე, საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ სათავისოდ იმისთვის, რომ შექმნან მათთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში, ეს იქნება ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა და იქაც გამარჯვება, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატებები, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო გაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ამ ქვეყანაში საზოგადოებაში. რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს იმას, ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით აქამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გველაპარაკებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალება, ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენება, (რომელსაც ვერ გამოიყენებენ, ამაში ვარ დარწმუნებული), მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ. შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყველამრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა [რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენ გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა. ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ - ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ტექნიკური მთავრობა როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში.“ „მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს - ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები.“ „ეს არის სამოქმედო გეგმა, ტექნიკური მთავრობა, პროფესიონალების მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები“. დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომაა ახლა დაშვებული, რომ ცდილობენ პოლიტიკურ-კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია. ეს არის [კრიზისის] დაძლევის ერთადერთი საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც ასევე არსებობს ევროპაში. იტალიამ გვაჩვენა, საბერძნეთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები. ეს თავისთავად დეპოლარიზაციაა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით. ვემსახუროთ ქვეყანას, როგორც ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ ფიცის დადების დროს - „ვემსახურები საქართველოს“. ასე უნდა იყვნენ პოლიტიკოსებიც, პოლიტიკური პარტიები და მაშინ იქნება ეს ქვეყანა მართლაც დაცული. მე გთავაზობთ, რომ ამ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია დამოუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ქართული ქარტია პრეზიდენტის თქმით, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა. „რატომ ქარტია? - რომელზედაც ცოტას ლაპარაკობენ და ახლა მინდა, გითხრათ, რომ ამ ოთხი კვირის განმავლობაში არავის მივცემ უფლებას, რომ არ ილაპარაკოს დღე და ღამე ქარტიაზე იმიტომ, რომ, რეალურად, ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი. სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს ამ პარტიებს შორის. ქარტია არის ევროპაში დაბრუნების სამოქმედო გეგმა, იმ გზაზე, სადაც ჩვენ გაგვაჩერეს და ახლა უნდათ, რომ იქიდან საერთოდ გადაგვიყვანონ. ქარტია არის ის, რაც გვაძლევს ძალიან რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას: ახალი პარლამენტის შეკრების პირველივე დღიდან, როცა ამ ოთხი პარტიის მიერ შექმნილი უმრავლესობა შევა პარლამენტში, ეს ნიშნავს ყველა იმ კანონის გაუქმებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არამხოლოდ ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებებს, არამედ, ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირებულებებს და რომელიც არის სასწრაფოდ გასაუქმებელი. გათავისუფლება ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობდა მარტის აქციებში და არის დაკავებული ან დაჯარიმებული. ამ კუთხით სამართლიანობა სწრაფად უნდა დაბრუნდეს. სამართლიანობა არის ასევე სასამართლოს აღდგენა, კლანისგან გათავისუფლება იმისთვის, რომ სასამართლომ წინასაარჩევნოდ ერთ დღეში არ გადაწყვიტოს, რომ 64 მილიონს გაუუქმებს ბიუჯეტის მიმართ ვალს ერთ-ერთი დეპუტატის მამას ან სხვას. ეს არის სასამართლო და სამართლიანობა. და ეს არის ის ვალდებულება, რაც აქვს აღებული ოთხ პარტიას. სასამართლოს გარეშე, ანტიკორუფციული რეალური ზომების გარეშე და ახალი საარჩევნო გარემოს შექმნის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წავა. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საერთო პროგრამა, საერთო მიზანი და ერთმანეთთან, ალბათ, უკვე დაწყებული ურთიერთობების მოდელი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. თუ სადმე რამე პრობლემა იქნება, მეც იქ ვიქნები. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი, მაგრამ არჩევანის დაცვა ხდება წინსწრებით, ხდება მობილიზაციით, არჩევნებზე მისვლით, აქ იქნება თუ საზღვარგარეთ და ვიცი, რომ იქ ძალიან ძნელი იქნება და ეს არის მაჩვენებელი, ხელისუფლებას თუ რამდენად ეშინია თავისი დიასპორის, იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანას გარედან ეხმარებიან და ამ ადამიანებს არ აძლევენ იმ ელემენტარულ უფლებას, რასაც ხმის უფლება ჰქვია. როცა არ ხსნი უბნებს, როცა ეჭიდავები საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ცესკო - ორივე დამნაშავეა და ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გამოირკვეს. ეს არის ტოტალური დისკრიმინაცია და მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ის, რაც გამოსასწორებელია,” - განაცხადა პრეზიდენტმა.
კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი წარუმატებლობისთვისაა განწირული
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხზე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ შანტაჟი გრძელდება, რაც "წარუმატებელი" იქნება. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, ქართულ მედიას განუცხადა. კობახიძის შეფასებით, სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. „გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის,” - განაცხადა პრემიერმა. ამერიკის ხმა: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა
კობახიძე „მომავლის სამიტზე“: მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად
„მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. კობახიძის თქმით, სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება. „ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია და უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი და მათი ინტერესები იყოს დაცული. ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. დღეს დავიწყეთ ჩვენი ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც გვექნება გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე. დღეს გვქონდა უკვე „მომავლის სამიტის“ ფარგლებში გამოსვლა და ასევე, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ეს ფორმა იქნება მაქსიმალურად ამ ყველაფრისთვის გამოყენებული,“ - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით მედიას.