ძებნის რეზულტატი:

იტალიამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 12%-ით გაზარდა

იტალიამ ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან, საგრძნობლად გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მონაცემები წლიურთან შედარებით, თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ Trend-ს ევროსტატში განუცხადეს. 2023 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი, 2021 წელთან შედარებით, 45%-ზე მეტით გაზარდა. აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის. საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო  

უკრაინამ ომის გამო, ონლაინ ქორწინების სერვისი დანერგა

ოლჰა შევჩენკოსა და მიკიტა პუხკანის ქორწილი უკრაინაში, სექტემბერში უნიკალური იყო. ეს არის პირველი წყვილი, რომელიც უკრაინის მიერ შემუშავებული Diia მობილური აპლიკაციის საშუალებით დაქორწინდა. „ცოტა უჩვეულო ჩანდა ეს სერვისი, მაგრამ ჩვენ გავრისკეთ,“ - განუცხადა შევჩენკომ Kyiv Independent-ს. „დაქორწინებას ვგეგმავდით. შეიძლება, წელს არა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ.“ ამბობს შევჩენკო. შევჩენკო და პუხკანი კაფეში, ქალაქ იზმაილში, სამხრეთ ოდესის ოლქში ისხდნენ. მათ მოუსმინეს რეგისტრატორს, რომელიც ცერემონიას ატარებდა ვიდეოს საშუალებით, შემდეგ კი, ქორწინების დასადასტურებლად, ხელი ციფრულ ფორმატში მოაწერეს. „ცერემონია იყო სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება და ელექტროენერგიაც ითიშებოდა მთელი დღის განმავლობაში,“ - ამბობს შევჩენკო. ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მონაცემებით, 20 სექტემბრის მდგომარეობით, ონლაინ 251 წყვილი დაქორწინდა, 3200-მა კი, ქორწინების თხოვნით ონლაინ განაცხადი გააკეთა. დაფიქსირდა თითქმის 830,000 წინადადება, 106,000 ადამიანმა თქვა - "დიახ." Diia მობილური აპლიკაცია ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ 2020 წელს შეიმუშავა. ოფიციალური პირების თქმით, აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობით, 130 სერვისს 20 მილიონზე მეტი უკრაინელი იყენებს. ადამიანებს შეუძლიათ, მიიღონ სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის, პასპორტი, მართვის მოწმობა ან მანქანის რეგისტრაცია. კიდევ ერთი სერვისი - ოფიციალურად დაქორწინდა, სერვისს მიმდინარე წლის სექტემბერში დაემატა, რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ და უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ასეთი პრაქტიკა აქვს. უკრაინაში ონლაინ ქორწინება აუცილებლობის გამო დაკანონდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თითქმის მილიონი ადამიანი იცავდა ქვეყანას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში ქორწინებების რაოდენობამ 222 890-ს მიაღწია 2022 წელს, რაც წინა ორ წელზე მეტია. მაგრამ 2023 წელს ქორწინებების რაოდენობა 186051-მდე შემცირდა და განქორწინებები გაიზარდა. Opendatabot-ის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში უკრაინაში ახალი ოჯახების რაოდენობა 1,6-ჯერ შემცირდა.  

პრეზიდენტი: ტექნიკური მთავრობა პარტიებთან კონსულტაციებით უნდა შეიქმნას, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტიით" გათვალისწინებულ ერთ-ერთ პუნქტზე, ტექნიკურ მთავრობასა და მის დაკომპლექტებაზე ისაუბრა. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ის უნდა შედგებოდეს პროფესიონალებისგან და არა პარტიების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში.“ „მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს - ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები.“ „ეს არის სამოქმედო გეგმა, ტექნიკური მთავრობა, პროფესიონალების მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები“. დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომაა ახლა დაშვებული, რომ ცდილობენ პოლიტიკურ-კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია. ეს არის [კრიზისის] დაძლევის ერთადერთი საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც ასევე არსებობს ევროპაში. იტალიამ გვაჩვენა, საბერძნეთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები. ეს თავისთავად დეპოლარიზაციაა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით. ვემსახუროთ ქვეყანას, როგორც ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ ფიცის დადების დროს - „ვემსახურები საქართველოს“. ასე უნდა იყვნენ პოლიტიკოსებიც, პოლიტიკური პარტიები და მაშინ იქნება ეს ქვეყანა მართლაც დაცული. მე გთავაზობთ, რომ ამ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია დამოუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-ს ამჟამად რეგიონში 40 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული. პენტაგონის პრესმდივანს, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ რა რაოდენობის იქნება დამატებითი ძალები, ან რა ამოცანები დაეკისრება მათ. „ლიბანში მკვეთრად მოიმატა ძალადობის დონემ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული ომის თაობაზე,“ აცხადებს პენტაგონი. რაიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 22 სექტემბერს ტელეფონით ისაუბრეს. რაიდერის თქმით, ოსტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ "მიზანმიმართული რჩება აშშ-ის ძალების და თანამშრომლების დაცვაში და ნებისმიერი რეგიონული ძალის შეკავებაში სიტუაციის სათავისოდ გამოყენებისგან ან კონფლიქტის გაფართოებისგან." ისრაელის არმიამ, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე, ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.  

ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირმა და კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა კონგრესიდან. მოგვიანებით, აღნიშნული ასევე დაადასტურა პრემიერის ოფისმაც, "ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად. ინფორმაცია მედიას დაუდასტურა პარლამენტის თავმჯდომარემაც. „კი, როგორც ვიცით, მართლაც ასე მომხდარა. უკვე არასერიოზულია, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა, საერთო ჯამში, არასერიოზულია. ადმინისტრაციის მხრიდან რაც ვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა. მეორე მხრივ, ხანდახან რაც უფრო მკვახე თუ აუხსნელია ასეთი ქმედებები ან რაც უფრო მძიმეა გარკვეული ქმედებები, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ოპოზიციას უბიძგოს და სალაპარაკო თემა მისცეს. სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. რაც შეხება ზოგადად ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებთ. ერთი რამის თქმა შეიძლება, ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამერიკის ხმის ცნობით, გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. ამ ინფორმაციაზე, პრემიერის ოფისი აცხადებს, რომ "სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა." აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს.“ თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე. “ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. “ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა. “ამერიკის ხმა” აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, მასალის გამოქვეყნებასთან ერთად. პრემიერ-მინისტრის ოფისი, როგორც ავღნიშნეთ, პასუხად ადასტურებს მიღებაზე მოსაწვევის გაუქმებას და დასძენს, რომ "სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა." შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის, ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიიღო, სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-საქართველოს ყველა ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს ათობით მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირს და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. შეჩერდა ფინანსური დახმარება, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა. გასულ კვირაში კი, ხაზინის დეპარტამენტმა, სანქციები დაუწესა ოთხ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურს. ასევე, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძეს. გასულ კვირაში, „ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმას“ აღნიშნული ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ. ნიუ-იორკში, ქართული მედიის ნაწილთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა  

ბაიდენი გენასამბლეაზე: "არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს"

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღება უმთავრესად ახლო აღმოსავლეთში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომებზე გაამახვილა. ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში მიმდინარე 79-ე ასამბლეას დღეს, 24 სექტემბერს მიმართა. „სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა ბაიდენმა ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელ ესკალაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების დასასრულებლად, დიპლომატიური გზის გამონახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი ღაზის სექტორში უკვე ერთწლიან ნიშნულს უახლოვდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მხარეებს, „დაასრულონ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შეთანხმების პირობებზე“ მოლაპარაკება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მოიწონა. რაც შეეხება რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის პირისპირ მყოფ უკრაინას, ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერებს დაღლის უფლება არ აქვთ. „ჩვენთვის გადაღლა შეუძლებელია, ჩვენთვის შეუძლებელია თვალის არიდება, და არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობით," - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დამსწრეთა შორის განსაკუთრებული აღფრთოვანება და აპლოდისმენტები გამოიწვია არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ხსენებამ. თუმცა, აპლოდისმენტებისგან თავი შეიკავა ჩინეთმა და რუსეთმა, რომელთაც ბაიდენის მიმართვის არც სხვა რომელიმე მონაკვეთზე ჰქონიათ გამოკვეთილი რეაქცია. ასამბლეაზე ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლას 193 წევრი ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციები ესწრებოდა. „ჩემო მეგობარო ლიდერებო, არასდროს დავივიწყოთ, რომ ზოგი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა... და ეს შენი ხალხია," - განაცხადა ბაიდენმა.  

ზელენსკი: რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ იძულებით შეიძლება„ მშვიდობაზე დაითანხმო რუსეთი. „ერთ დღეს ამ დარბაზში აუცილებლად იტყვიან, რომ რუსეთის მიერ წარმოენული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდა - არ გაყინულა, არ შეჩერებულა, არავის დავიწყებია. ნამდვილად დასრულდა. და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაცა დაიღალა ომით. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ რაღაც გაცვალა პუტინთან. ეს ომი დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. უნდა იმუშაოს. უკრაინელების თავდაცვის უფლებამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ვიცავთ იმას, რისი დაცვაც ყველა ერს სურს და რასაც გაეროს წესდება ყველას ანიჭებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "თავისი ნებით არ გაჩერდება", ამიტომ, მხოლოდ იძულებით შეიძლება, რუსეთი მშვიდობაზე დაითანხმო. ბაიდენი გენასამბლეაზე: "არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს"  

საია და "სამართლიანი არჩევნები" ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ

არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "აირჩიე ევროპას" დირექტორები "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად" ცხადდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება, იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. "სამართლიანი არჩევნების" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო გაუმართლებლად ფართოდ განმარტავს კანონს და აჩენს სახელმწიფო უწყების მხრიდან მანდატის თვითნებურად გამოყენების საფრთხეს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ "ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. ისინი მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი მანდატის ფარგლებში. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. განცხადებული საარჩევნო მიზანი კი, ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ." გამომდინარე იქიდან, რომ არც ეკა გიგაურს და არც ხათუნა ლაგაზიძეს არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ, საია და "სამართლიანი არჩევნები" თვლიან, რომ ისინი არ შეესაბამებიან "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" კანონით განსაზღვრულ დეფინიციას. ორგანიზაციები საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ გარემოებსაც, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მისიის ორგანიზებას გეგმავს. "ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად. სახელმწიფო უწყების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მისი მანდატის თვითნებურ გამოყენებას და აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირების დიდ რისკს," - წერენ ორგანიზაციები. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება კოალიცია "ჩემი ხმა ევროკავშირს" და ის ბიუროს გადაწყვეტილებას ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს. „ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქტორად აცხადებს ყველას, ვინც საზოგადოებრივ პრობლემებსა და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს. ამ გადაწყვეტილებით, ბიურომ საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილება, დაუწესოს ცენზურა და დაიწყოს ფინანსური მონიტორინგი ნებისმიერ პირზე, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ მიდის. მეტიც, ამ განმარტებით პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება ყველა ის მიზანი, რასაც არასამთავრობოები ემსახურებიან - იქნება ეს ქალთა, ბავშვთა, შშმ პირების ინტერესების დაცვა თუ ეკოლოგიაზე ზრუნვა. ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც კონსტიტუციური მიზანი აქვს, ბიურო პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევს და მათზე თავდასხმას გეგმავს," - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ეს ორანიზაციები ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპას" დირექტორებმა ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის." იმ შემთხვევაში, თუკი ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ბიუროს კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, მათ შესახებ სასურველი ინფორმაცია სასამართლო განჩინების საფუძველზე მიიღოს ბანკებიდან. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებაშია ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას. მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს.  

უკრაინა ამერიკული სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკრაინა 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს. ეს მაისის შემდეგ, უკრაინისთვის გაცემული ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარებაა. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ, კარლა ბაბთან ანონომურობის პირობის დაცვით საუბრისას, რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევი დახმარებას, სავარაუდოდ ოთხშაბათს, 25 სექტემბერს მიიღებს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს F-16-ის ტიპის ავიამოიერიშის ჰაერი-მიწის საბრძოლო მასალებს, რაც უკრაინელ პილოტებს საშუალებას მისცემს ფრონტის ხაზებიდან და რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალებებისგან მოშორებით იმოქმედონ. „პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა "ჰაიმარსებისთვის", საპატრულო ნავები და ჯავშანმანქანები, 155 მმ-იანი და 105 მმ საარტილერიო ჭურვები და "TOW"-ს ტიპის რაკეტები, განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში. პაკეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება უკრაინის პრეზიდენტის ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას ემთხვევა. მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ზელენსკი ხუთშაბათს, 26 სექტემბერს თეთრ სახლში უნდა შეხვდეს. ზელენსკი მათთან უკრაინის "გამარჯვების გეგმის" შესახებ საუბარსაც აპირებს. სავარაუდოდ, ის ასევე მოითხოვს ამერიკულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნას და მათი თავისუფლად გამოყენების უფლებას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იერიშებისთვის.  

კიევი: NATO-ში უკრაინის მიწვევა უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ნაწილია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინის „გამარჯვების გეგმა", რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარუდგენს, სამხედრო და დიპლომატიური ნაწილებისგან შედგება და მოიცავს მკაფიო ხედვას იმ ნაბიჯების, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ნიუ-იოკრში, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში გამოსვლისას, ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე უპირატესობა უნდა ჰქონდეს, რათა პუტინი აიძულონ, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამიტომ, კიევი მოკავშირეებს მოუწოდებს, სამხედრო დახმარება გაზარდონ და დააჩქარონ და მეტი ინვესტიცია ჩადონ უშუალოდ უკრაინული იარაღის წარმოებაში. ერმაკმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ უკრაინას ჰქონდეს დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა. მანვე აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმის“ ნაწილია NATO-ში უკრაინის მიწვევა. ერმაკმა პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, ნუ მიაქცევენ ყურადღებას რუსეთის მუქარას, რომ ეს მეტ ესკალაციას გამოიწვევს. ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული  

ირანის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში „რუსეთის აგრესია“ დაგმო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის, დაასრულოს თავისი ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთთან შექმნილი დაპირისპირება. ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება, რომელიც მეორე მხრივ დაიდო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიას შორის, ჩიხში მოექცა მას მერე, რაც აშშ ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან. შეთანხმებით მიღწეული პირობები, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საპასუხოდ მისთვის დაწესებული სანქციების შერბილება, ირღვევა, მაგრამ დოკუმენტი იურიდიულად კვლავ ძალაშია. დასავლეთის განცხადებით, ირანი რუსეთს აწვდის დრონებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში იყენებს. Reuters-ის ცნობით, ფეზეშქიანმა გააკრიტიკა ისრაელი „ღაზის სექტორში გენოციდისთვის" და განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ირანის პრეზიდენტი ასევე  ამბობს, რომ არ სურს ომი ისრაელთან. ”ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ მშვიდობიანად,” - განუცხადა მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყებისას. „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ რეგიონში არასტაბილურობის მიზეზი,“ განმარტა ირანის პრეზიდენტმა. ირანის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ დიალოგის მეშვეობით დასრულდეს ომი უკრაინასა და რუსეთს შორის. „ჩვენ მშვიდობას ვესწრაფვით და არ ვაპირებთ არცერთ მხარესთან კონფლიქტს...ირანი ომის წინააღმდეგია და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულება,“ - განაცხადა ფეზეშქიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მანამდე, ირანის ახალმა პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ, დასავლეთთან  მოლაპარაკებისკენ ისწრაფვის. ამასთან, ირანის პრეზიდენტმა მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობები უარყო და „რუსეთის აგრესია“ დაგმო. „ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად, რომ გავმართოთ დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ არასდროს მოგვიწონებია რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ," - განუცხადა პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრებოდა. დასავლეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი გამოაცხადა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რაკეტების მიწოდება წინააღმდეგობაში მოდის პეზეშკიანის მოწოდებებთან უკეთესი ურთიერთობების შესახებ.  

ბულგარეთი შუა დერეფნის მარშრუტის გაფართოებაში ჩართვას ითხოვს

ბულგარეთს შუა დერეფნის მარშრუტის გაფართოებაში მონაწილეობა სურს. ამის შესახებ Trend-ს ULlogistics-ის კომერციულმა წარმომადგენელმა ვიტალი სტოევმა განუცხადა. სტოევმა აღნიშნა, რომ ბულგარეთს გეოგრაფიული მდებარეობა მას აშკარა უპირატესობას ანიჭებს. „ბულგარეთს აქვს სტრატეგიული წვდომა ორ საზღვაო პორტთან და ქვეყანა ესაზღვრება ხუთ სახელმწიფოს: რუმინეთს, სერბეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და საბერძნეთს. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ძირითადი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა რეგიონს. გარდა ამისა, ბულგარეთის განვითარებული ინფრასტრუქტურა მას მიმზიდველ მონაწილედ აქცევს. რას მიიღებს ბულგარეთი პროექტში მონაწილეობით? გარდა აშკარა ეკონომიკური სარგებელისა, ქვეყანას შეუძლია, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურაში. რაც შეეხება თავად შუა დერეფნის პერსპექტივებს, მისი მნიშვნელობა უდავოა. ეს მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის არსებული სავაჭრო გზების ალტერნატივა ხდება. სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ასეთი ალტერნატივა უზრუნველყოფს დამატებით მოქნილობას და საიმედოობას. სამომავლოდ, მარშრუტმა შეიძლება, გაიაროს სხვადასხვა ქვეყანა მიზნებიდან და ლოგისტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის აქტუალობას,“ - აღნიშნა სტოევმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.  

ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტავს, რატომ გაუუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ პასუხშია ნათქვამი, მოწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება გახდა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც გახდა მზარდი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ,“ - აცხადებენ საელჩოში. ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია  

ჩინური კომპანია აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოს შეუერთდება

აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC (AZD) თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა China Railway Container Transport Corp-ის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა აზერბაიჯანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სარკინიგზო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, მათ შორის, შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო მიმოსვლის გაზრდაზე. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტების მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმოში "Middle Corridor Multimodal Ltd“ CRTC-ის გაერთიანებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში შუა დერეფნის განვითარებაზე ჩატარებული ფუნდამენტური სამუშაოს შედეგად აღდგა ჩინეთიდან საკონტეინერო ბლოკ- მატარებლების მოძრაობა და რომ 2024 წლის დასაწყისიდან 212 კონტეინერი ჩინეთის პორტებიდან აზერბაიჯანში ბლოკ-მატარებლები გაიგზავნა. გატარებული ღონისძიებების წარმატებით შედეგად ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაქოს პორტში კონტეინერების მიწოდების დრო 8-10 დღეა, ხოლო შავი ზღვის პორტებში - 10-12 დღე. ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ CRTC-ის გაერთიანება ერთობლივ საწარმოში "Middle Corridor Multimodal Ltd", ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდული ტვირთის მოცულობის ზრდას. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.  

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე განთავსდა. ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“ იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც, ამერიკული მხარის შეფასებით, ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან. ეს აქტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს. ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა  

აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს

ამერიკამ კატარი უვიზო რეჟიმის პროგრამაში დაუშვა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კატარის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით  90 დღემდე პერიოდით, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან ისარგებლებენ. აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა განაცხადეს, რომ კატარი არის სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანა, რომელიც დაშვებულია უვიზო რეჟიმის პროგრამაში. აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დოჰა, ადამიანის უფლებების საკითხების მიმართულებით „თალიბანზე“ წეზოლის მხარდაჭერისა და სხვა საკითხებთან ერთად, სუდანში დახმარების უზრუნველყოფის ლიდერობისთვის შეაქო.  „კატარის მიერ უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების შესრულება, რათა ის ვიზაზე უვიზო რეჟიმის პროგრამას შეუერთდეს, გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და გააძლიერებს ხალხის ნაკადს და ვაჭრობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. პროგრამაში დასაშვებად, რომელიც ტურისტებს ან საქმიანი მიზნებისთვის მოგზაურებს, საშუალებას აძლევს, რომ აშშ-ში, 90 დღემდე დარჩნენ უვიზოდ, ვაშინგტონი ქვეყნებს სთხოვს, დააკმაყოფილონ ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა, ტერორიზმთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოები, იმიგრაცია, დოკუმენტთა უსაფრთხოება, საზღვრის მართვა და სხვა. აშშ-ის შეფასებით, კატარმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კატარი აშშ-ის პროგრამის 42-ე წევრია. ხორვატია აშშ-ის უვიზო პროგრამას 2021 წელს, ხოლო ისრაელი შარშან დაემატა.  

ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს. კონვერტზე, ფოსტის შემოწმებისას სლოვაკეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტყვია რენტგენის დახმარებით გამოავლინეს. ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. მაისში, სლოვაკეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა. რობერტ ფიცო მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. ამ დროს მას შეიარაღებულმა პირმა ესროლა . თავდასხმაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა 71 წლის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. მას წაყენებული აქვს ტერორიზმის მუხლი, რაც 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს. ფიცოს პარტიამ, “სმერმა”, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ფიცოს კრიტიკოსებს დააკისრა. მემარცხენე-პოპულისტი ფიცოს მთავრობამ, რომლიც 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters  

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის დასაწყისში მან „სიამაყის და ღირსების დაბრუნებაზე“ ისაუბრა. „ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით. მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა - ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს - სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა. ჩვენ შევიკრიბეთ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების ეპოქაში, როცა გამძაფრებული კონფლიქტების, კლიმატური ცვლილებების და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებების ურთიერთდაკავშირებული კრიზისები დღესაც კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენენ. ეს გამოწვევები ითხოვს გაბედულ მოქმედებას. საქართველო არასოდეს შეუშინებია გაბედულ მოქმედებას. ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის. მაშინ, როცა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა, განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ხაზგასმით: საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია. ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კერძოდ კი, იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არამხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება. თუკი შევხედავთ პოლიტიკურ რუკას, დავრწმუნდებით, რომ საქართველო გვთავაზობს ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. როგორც ცნობილია, ბოლო 2 წელიწადში წარმოიშვა მნიშვნელოვანი გამოწვევები. არაერთი ტესტის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული გამძლეობა ამ ტიპის გარე შოკების მიმართ. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.7%-ს. მტკიცე მაკროეკონომიკური საფუძვლების და ფისკალური დისციპლინის წყალობით, სახელმწიფო ვალი შემცირდა 39.3%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი - მხოლოდ 2.5%-მდე. გარდა ამისა, საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებისა და სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც, როცა უმუშევრობის დონემ იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა. საქართველოს ეფექტიანი წინსვლა და მიღწევები სათანადოდ არის ასახული მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოების საერთაშორისო რეიტინგებში: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში და მე-11 ადგილზე ევროპაში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, ხოლო კანონის უზენაესობის კატეგორიაში საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და მე-14 ადგილზე ევროპაში; საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში. ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) 2023 წლის ანგარიშის - „გამჭვირვალობა ომის დროს" თანახმად, საქართველო მე-17 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანას და დიდი შვიდეულის 4 სახელმწიფოს; გარდა ამისა, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და აქაც უსწრებს ბევრ წამყვან ეკონომიკას; The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-19 ადგილზეა ევროპაში და 32-ე მსოფლიოში და ისევ და ისევ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა 80-მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%. პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დღემდე საქართველომ მოიზიდა 6.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რითაც კიდევ უფრო შეეწყო ხელი საქართველოს ჩამოყალიბებას მულტიფუნქციურ რეგიონულ ცენტრად, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი უკავშირდება ბიზნესს. მაშინაც კი, როდესაც გასულ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ 7 მილიონზე მეტ ტურისტს, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვან აღდგენაზე მეტყველებს, საქართველო ინარჩუნებს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა Numbeo-ს თანახმად, საქართველო ამ მხრივ მე-8 ადგილზეა ევროპაში და 21-ზე მსოფლიოში, რაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების და პროფესიონალების დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში. ჩვენ თანმიმდევრულად და დაუღალავად ვშრომობთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით. მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება. ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ,“ განაცხადა კობახიძემ.  

ჯონსონი ზელენსკისგან აშშ-ში უკრაინის ელჩის გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში" დაადანაშაულა. მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს გაუგზავნა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ზელენსკისგან მოითხოვს ელჩის თანამდებობიდან „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას." რესპუბლიკელების აღშფოთება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ 22 სექტემბერს პენსილვანიის შტატში მდებარე საბრძოლო ჭურვების მწარმოებელ ქარხანაში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობისას იქ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არცერთი რესპუბლიკელი არ მიუწვევიათ. სპიკერი ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს აშკარად იყო დემოკრატების სასარგებლოდ ჩატარებული პარტიული ღონისძიება და შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჩარევა. ჯონსონი ზელენსკის წერს, რომ ელჩის მიერ ამ „პარტიზანული კამპანიის“ ორგანიზების გამო, რესპუბლიკელები აღარ ენდობიან მარკაროვას უნარს, პატიოსნად და ეფექტიანად შეასრულოს დიპლომატის ფუნქციები. ვოლოდიმირ ზელენსკისადმი წერილში მაიკ ჯონსონი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო სიის ლიდერები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების და მედიის თავდასხმის სამიზნე არიან. ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი - სენატორი ჯეი დი ვანსი. 22 სექტემბერს პენსილვანიის ქალაქ სკრენტონის ქარხანაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდნენ შტატის დემოკრატი გუბერნატორი ჯოშ შაპირო, დემოკრატი სენატორი ბობ კეისი და დემოკრატი კონგრესმენი მეტ კარტრაიტი. ამ ფაქტმა რესპუბლიკელების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სკრენტონი აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქია, პენსილვანია კი შტატი, რომელიც ხშირად წყვეტს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს. დღეს, 26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატია. ზელენსკი კონგრესში შეხვდება დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ შორის არ იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი. „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ცნობით, 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მაიკ ჯონსონმა მიზეზად დაასახელა გადატვირთული სამუშაო გრაფიკი.  

აშშ სომხეთს „პროგრესის გასაძლიერებისთთვის“ $20.6 მილიონს გამოუყოფს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა სომხეთისთვის 20,600,000 აშშ დოლარის დახმარენის შესახებ გამოაცხადეს, რაც მათი თქმით, პროგრესის გაძლიერებისკენ არის მიმართული. „20,600,000 აშშ დოლარის ახალი მხარდაჭერა ეფუძნება დაახლოებით 11,9 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას, რომელიც ადმინისტრატორ პაუერის ერევანში ვიზიტის დროს გამოცხადდა. ეს დაფინანსება გააძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას, ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას და კატასტროფებისთვის მზადყოფნას,“ წერს სომხური მედია. ახალი დახმარება გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამოცხადდა.