ძებნის რეზულტატი:

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უზბეკეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები პირველად ჩავიდნენ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით

უზბეკეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს. დეპარტამენტის ცნობით, დოკუმენტს 13 სექტემბერს, ვაშინგტონში მოწერე ხელი, უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის აკმალხუჟი მავლონოვსა და აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის კომისარ ტროი მილერს შორის შეხვედრის ფარგლებში. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს უზბეკეთის მებაჟეების პირველი ოფიციალური ვიზიტია შეერთებულ შტატებში. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა საბაჟო სფეროში, ნარკოტრაფიკის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. მსგავსი ორმხრივი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა გააფორმა მსოფლიოს მხოლოდ 17 ქვეყანასთან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საბაჟო სფეროში და უზბეკეთი მე-18 ქვეყანაა ამ სიაში. ორი ქვეყნის მებაჟეებს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის სპეციალისტების უზბეკეთში მიწვევის, ასევე - აშშ-ში უზბეკი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. აშშ-ის შეფასებით, ქვეყნებს შორის შეთანხმება სამართალდამცავ და საბაჟო სფეროში მხარდაჭერას აძლიერებს. „ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-ის ურთიერთობებში უზბეკეთთან, რომელიც აფართოებს ჩვენს ისედაც მჭიდრო პარტნიორობას საზღვრის უსაფრთხოებისა და სავაჭრო ძალისხმევის კუთხით,“ განაცხადა ტროი მილერმა, აშშ-ის საზღრის დაცვის მაღალჩინოსანმა, რომელიც კომისრის მოვალეობას ასრულებს. მილერის შეფასებით: „აშშ-ის საბაჟო სამსახური და საზღვრის დაცვა აფასებს ჩვენს პარტნიორობას უზბეკეთთან ჩვენი ორმხრივი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს კანონის აღსრულების გაძლიერებას და უფრო ეფექტიანი ვაჭრობის ხელშეწყობას.“ „ჩვენს თანამშრომლობას CBP-თან, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისა და საბაჟო კონტროლის პროცესების გასაუმჯობესებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, რადგან ის გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განვიხილოთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა - საბაჟო კონტროლის პროცედურების ოპტიმიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება,“ განაცხადა თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ აკმალხუჯა მავლონოვმა. შეთანხმება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს, გაცვალონ ინფორმაცია, რითაც გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. შეთანხმება ასახავს შეერთებული შტატების ვალდებულებას უზბეკეთის საბაჟო ორგანოებთან მუდმივი ურთიერთობისა და თანამშრომლობისადმი საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის, ტერორისტებისგან ქვეყნების საზღვრების დაცვაზე, ნარკოტრეფიკერებთან ბრძოლასა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების ოპერაციების ჩაშლაზე. CMAA არის ორმხრივი შეთანხმებები შეერთებულ შტატებსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რომლებიც აღსრულებულია მათი შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაციების მიერ. ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლის საკანონმდებლო ბაზას, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საბაჟო კანონების აღსრულებაში, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების, ტრეფიკინგის, გავრცელების, ფულის გათეთრების და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობების ჩათვლით. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მილერი ბრიუსელს, 2024 წლის ივნისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასრწებად ეწვია. დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სან ანტონიოს საერთაშორისო აეროპორტსა და ლარედოს შესასვლელ პორტში. შეგახსენებთ, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობა აშშ-სთან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 48%-ით გაიზარდა. 2024 წლის პირველ რვა თვეში ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 64%-ით მეტია. ცნობისთვის, აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვა (CBP) არის ამერიკის უდიდესი სამართალდამცავი ორგანიზაცია და მსოფლიოში პირველი ერთიანი საზღვრის მართვის სააგენტო. „CBP-ის 65000+ მამაკაცი და ქალი იცავს ამერიკას მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ უსაფრთხო, კანონიერ მოგზაურობას, ვაჭრობას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის უსაფრთხოებას ინოვაციების, დაზვერვის, თანამშრომლობისა და ნდობის მეშვეობით,“ წერს ამერიკული CBP. ინფორმაციისთვის: ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებია სასაზღვრო კონტროლი. 2024 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი და აშშ სანქციებისათვის გვერდის ავლის შეჩერებაზე დიდი ხანია, მუშაობენ. საუბრობდნენ სისტემის უკეთ გამართვაზე, „ხვრელების“ ამოვსებასა და აღსრულების ნაწილის გაძლიერებაზე. გასულ წელს, დევიდ ო’სალივანი, იმჟამად, ევროკავშირის ელჩი სანქციების იმპლემენტაციის დარგში აქტიურად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში აღმოჩენილია ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი. ამასთან, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი მიუთითებდნენ, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იმგვარი საქონლის იმპორტი, რომლებსაც ორმაგი გამოყენება აქვთ - სამოქალაქოც და სამხედროც. ეს საქონელი, როგორც წესი, გერმანული ან ჰოლანდიურია და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით ხვდება. ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან - დევიდ ო’სალივანი  

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების ცნობით, „ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი.“ ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.“ სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლები აძვი და ახალუბანი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის ორი მცხოვრები ორი დღის წინ დააკავეს. ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.  

თურქული Albayrak-ი აცხადებს, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით გეგმავს

Albayrak-ი აპირებს, გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით, განაცხადა ALBAYRAK GROUP/Trabzon Port Cumhur Guzelciftci-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა სესიაზე, "საზღვაო პორტები და ტერმინალები, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონში. ინფრასტრუქტურის განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონში.“ მანვე აღნიშნა, რომ ალბაირაკი აზერბაიჯანელ ინვესტორებს შორის მთავარი მოთამაშეა. „ტრაპიზონის პორტი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე იქცა ალტერნატიული მარშრუტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძად. დღეს ტრაპიზონის პორტი რეგიონის ლოგისტიკურ კვანძად იქცა განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობის გამო. ჩვენი გეგმები ასევე მოიცავს შიდა სატრანსპორტო მოდელის მთავარი ბიზნეს პარტნიორის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია ცენტრალური აზიიდან თურქეთში ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება ევროპასა და აფრიკაში შემდგომი მიწოდებით. ამ კუთხით ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით.“ ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს  

აზერბაიჯანის გაზიფიკაცია ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს - Azerigaz

აზერბაიჯანში გაზიფიკაციის დონე 97 პროცენტს უახლოვდება, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, განაცხადა სოკარის Azerigaz-ის წარმოების გაერთიანების ხელმძღვანელმა აზერ მამედოვმა ბაქოში მიმდინარე ფორუმის დროს. „გაზიფიკაციის მხრივ, ჩვენი ქვეყანა აჭარბებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, ნიდერლანდები, საქართველო, იტალია და დიდი ბრიტანეთი. გაზიფიცირების სამუშაო გრძელდება ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ინტეგრაციის გათვალისწინებით," - განაცხადა მამედოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზის გამანაწილებელი ქსელის ამჟამინდელი სიგრძე 73 ათას კილომეტრს აჭარბებს და ის 2,6 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.  

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. „ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა. ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს,“ - აცხადებენ პროკურატურაში. 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, 26 წლის ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს. ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა ჟურნალისტებს 19 სექტემბერს დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, რომ მათი საუბარი კონფიდენციალურია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. არდოტელის თქმით, ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია. „გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება,” - განაცხადა არდოტელმა.  

ყაზახეთის პრემიერი შუა დერეფანზე: საქართველოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობა 10 მილიონ ტონამდე უნდა გავზარდოთ

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლიას ბექტენოვი 19 სექტემბერს ასტანაში, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. იუწყება ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახური. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა სატრანზიტო-სატრანსპორტო სექტორში, მათ შორის - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ირგვლივ. „ყაზახეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ TITR-ის განვითარების ფარგლებში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბექტენოვმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს ტვირთების გადაზიდვა ამ მარშრუტით 65%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 69%-ით გაიზარდა და ტვირთების მოცულობამ 2,9 მლნ ტონას მიაღწია. „ჩვენი სახელმწიფოს მეთაური დიდ ყურადღებას უთმობს შუა დერეფნის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობა 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ.“ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას კონკურენტული სატარიფო პირობების შესაქმნელად, ტრანსპორტირების დროის შემცირებისა და ტვირთის მოცულობის გაზრდის მიზნით TITR მარშრუტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის ჩათვლით. ამასთან, აღინიშნა სატრანსპორტო დერეფნის აქტიური დიგიტალიზაციის აუცილებლობა, რაც გაზრდის მის მიმზიდველობას საერთაშორისო გადამზიდავებისთვის. შეხვედრაზე ბექტენოვმა და დავითაშვილმა ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფერო, საავიაციო ინდუსტრიის თანამშრომლობა, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერება. აღინიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. 2024 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ინვესტორებმა ყაზახეთის ეკონომიკაში 88,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში მთლიანმა მოცულობამ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა და ოლჟას ბეკტენოვმა საუბრისას აქცენტი გააკეთეს საქართველო-ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვ. ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ სავაჭრო პოტენციალი გაცილებით დიდია. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - აღინიშნა, რომ 2023 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების პირველ ათეულშია და ეს დადებითი დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები და მათი რეალიზების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ კომისიის მორიგი, პლენარული სხდომა პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით 20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.  

რას ნიშნავს ამერიკული სანქციები - ანალიზი

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, სანქციების მორიგი ტალღა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ნიშანია, ის შესაძლოა, ,ერთგვარ წინსაარჩევნო გაფრთხილებადაც აღიქმებოდეს და რომ ამ ნაბიჯით ამერიკა საქართველოს მთავრობას აფრთხილებს. დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, თავად იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განმარტავს, რატომაა ეს სანქციები ასე მნიშვნელოვანი. „ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი, 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი - სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა.” ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კრიტიკა, ახლა კონკრეტულ ნაბიჯებში ითარგმნება. „მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!,” - აღნიშნავს კრამერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. დენიელ ფრიდი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია და კარგად იცნობს საქართველოს, განმარტავს, რომ ამ სანქციების დაწესებით, ამერიკის მთავრობა ერთ კონკრეტულ პარტიას, ან პიროვნებებს კი არ სჯის, არამედ, ცდლობს, რომ საკუთარი შეშფოთება აჩვენოს დემოკრატიის უკუსვლის გამო. „ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია, აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე წეზოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან,” - განმარტავს ფრიდი. დიპლომატი განმარტავს, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი დიდხნიანი განსჯისა და ფიქრის საგანია და ის კონრკეტული მიზნით იდგმება: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ, გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებულნი რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს.” ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გამწვავებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ღელავენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და შიშობენ, რომ ქვეყანა შესაძლოა, თავისი დემოკრატიული გზიდან მკვეთრად უხვევდეს. „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელორუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილნი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გააყალბონ,” - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. შეკითხვას, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ეს სანქციები, როგორც წინასაარჩევნო გაფრთხილება, ყოფილი ელჩები დადებითად პასუხობენ. „გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება,“ - აღნიშნავს კორტნი. თავის მხრივ, დენიელ ფრიდი თვლის, რომ „არჩევნები ძალიან მნიშვნელვანი იქნება.“ „ეს [სანქციები] კი იმის ნიშანია, რომ მართალია, ამერიკა უკრაინის ომზე, ღაზაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ტაივანსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული, მაგრამ საქართველო არავის დავიწყებია.” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, ხაზინა, თუ სხვა სამთავრობო უწყებები სანქციებს წინასწარ არასდროს აანონსებენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ქვეყნის მთავრობა არჩევნებს არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ დამატებით ზომებსაც არ გამორიცხავენ. “შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს, იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, ან თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას, ან ოპოზიციონერი დეპუტატების გადაყენებას გადაწყვეტს,“ - ამბობს დევიდ კრამერი. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით. სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. „სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ, სხვა ჯგუფების გადაწყვეტილება იყო და ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა." რა პასუხი გაქვთ ამაზე?“ მიმართა ჟურნალისტმა მილერს. „არ ვაპირებ, ამ საკითს შევეხო. ვიტყვი, რომ შეერთებულ შტეტებში, მსოფლისო სხვა ქვეყნებისგან განსხავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (makes our policy choices) იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა,“ უპასუხა მილერმა.  

რა მიზნით ეწვია საქართველოს NATO-ს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე

16-19 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ამბობენ, რომ ბურჯუ სანის ვიზიტი შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობას და NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს.  ბურჯუ სანი საქართველოს ადრე ხშირად სტუმრობდა, თუმცა ეს მისი პირველი ვიზიტი იყო გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში. ვიზიტის განმავლობაში ის დაესწრო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის 10 წლის იუბილეს, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პაატა პატიაშვილს, NATO-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის თანამშრომლებს. ქალბატონი ბურჯუ სანის განცხადებები შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობასა და ივლისში გამართული NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს,“ აცხადებენ NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. როგორც მან აღნიშნა: „გასული ათწლეულის განმავლობაში NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიულმა ინიციატივებმა აღსანიშნავი პროგრესი განიცადა. შეგვიძლია, ამ მიღწევებით ვიამაყოთ. წარმატებული 10 წლის შემდეგ NATO საქართველოსთან პარტნიორობის ერთგული რჩება და ამავდროულად ხაზს უსვამს NATO-ს ღირებულებების მნიშვნელობას.“ საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილესა და NATO-ს წარმომადგენლის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნის განხორციელებას. „NATO-ს მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აღინიშნა, რომ ალიანსისთვის საქართველო სანდო პარტნიორს წარმოადგენს და განსაკუთრებით აფასებენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ქართულმა მხარემ კი, დაადასტურა, რომ NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მზადაა, გააგრძელოს ქმედითი ჩართულობა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.   აღსანიშნავია, რომ NATO და ქართული მხარე შეხვედრამდე NATO-ში ინტეგრაციის პრაქტიკული მექანიზმის - NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. 2014 წლიდან დღემდე SNGP-ის ფარგლებში 20 ინიციატივა განხორციელდა. ინიციატივები თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს და ალიანსის წევრების ჩართულობით მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ქვეყნის NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებას. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის არის NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS),“ აცხადებენ საგარეო უწყებაში. გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დაასრულა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა NATO-ს სამხედრო განათლების ყოველწლიურ სერჟანტთა აკადემიებისა და სკოლების კონფერენციაზე, რომელსაც წელს საქართველომ უმასპინძლა.   NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან    

უკრაინა პირველად შეუერთდა NATO-ს წვრთნებს, რომელიც ანტი-დრონების სისტემების ფუნქციონირებას მიეძღვნა

10-დან 20 სექტემბრამდე, ნიდერლანდებში, NATO-ს 19-მა მოკავშირემ და სამმა პარტნიორმა ანტი-დრონის სისტემების შეუფერხებლად მუშაობის უნარები შეამოწმეს. წვრთნებში 450 მონაწილე იყო ჩართული. NATO-ს უპილოტო საჰაერო ხომალდების სისტემის (C-UAS) ტექნიკური თავსებადობის წვრთნების (TIE) დროს, შემოწმდა 60-ზე მეტი სისტემა და ტექნოლოგია, როგორიცაა, სენსორები, უპილოტო თვითმფრინავების სისტემები, ჩამკეტები და სხვა. უკრაინის პირველი აქტიური მონაწილეობა წვრთნებში, NATO-უკრაინის ინოვაციური თანამშრომლობის საგზაო რუkის ნაწილია, რომელიც მოკავშირეთა და უკრაინის ლიდერებმა ვაშინგტონის სამიტზე დაამტკიცეს. „ყოველწლიური წვრთნები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ერთად გადაიჭრას მწვავე გამოწვევები. ტექნოლოგიების ინტეგრირება NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში (IAMD), მნიშვნელოვანია ალიანსის გაძლიერებული შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის. 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეებმა გადადგეს ნაბიჯები NATO-ს ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის (IAMD) მზადყოფნის, პასუხისმგებლობისა და ინტეგრაციის შემდგომ გასაუმჯობესებლად და შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის დანერგვას,“ აცხადებენ ალიანსში.

მილერი: საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს შორდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული ქმედებებით შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მან შესაბამის შეკითხვასზე საპასუხოდ ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად - 84 ხმით მიიღო. მილერის თქმით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. „ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ანტი-LGBT კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ ბოლომდე არ გამხდარა კანონი, ჯერ კიდევ არის კითხვები ამ კანონპროექტთან, საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კანონი. თუმცა როგორც თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველო ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად და მარგინალიზებულ ხალხზე ზეწოლით... და ეს კანონი ამას შეესაბამება, შორდება თავისივე გამოცხადებულ სურვილსა და ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ,“ - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს  

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, 201 წინააღმდეგი იყო, ხოლო 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს ნიკოლას მადუროს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ და „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.“ ევროპარლამენტში პირველ რიგში დეპუტატების ულტრამემარჯვენე, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ჯგუფებმა დაუჭირეს მხარი გონსალესის პრეზიდენტად ცნობას. ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ ისინი პირველად გამოვიდნენ ასეთი ერთიანი ფრონტით. ევროპარლამენტის მემარცხენე დეპუტატები წინააღმდეგი იყვნენ და მსგავს ნაბიჯს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში გონსალესმა ვენესუელა დატოვა - ესპანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სამშაბათს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 8 ივლისს ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევის შემდეგ, ვენესუელის ხელისუფლებამ გააძლიერა თავისი „ცნობიერი და დაგეგმილი ქმედებები (...) ოპოზიციის გაჩუმების, მოგერიებისა და ჩახშობის მიზნით“, აამოქმედა „რეპრესიული აპარატის ყველაზე მკაცრი და სასტიკი ფორმები.“ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, ვიდრე საარჩევნო უბნის შედეგები გამოცხადდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ნიკოლას მადურომ 28 ივლისს არჩევნებში გაიმარჯვა და გონსალესს თითქმის 8 პროცენტით გაუსწრო. თუმცა ოპოზიციამ გამოაქვეყნა თავისი გათვლები, რის მიხედვითაც, აშკარად გაიმარჯვა გონსალესმა და ხმების 67% მიიღო. არჩევნებიდან შვიდ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია კენჭისყრის ოქმები, როგორც ამას ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი ითხოვდა, იტყობინება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო RFI. აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა  

გერმანიაში, მოცარტის დღემდე უცნობი პიესა აღმოაჩინეს

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ბიბლიოთეკაში, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დღემდე უცნობი პიესა აღმოაჩინეს. 12-წუთიანი ნაწარმოების სახელწოდებაა Serenate ex C, რომელიც 21 სექტემბერს შესრულდება ლაიფციგის ოპერის თეატრში. ეს ნაწარმოები ხუთშაბათს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში Koechel-ის ახალი კატალოგის გახსნაზე შესრულდა. ლაიფციგის მუნიციპალური ბიბლიოთეკების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნამუშევარი 1760-იანი წლების შუა ხანით თარიღდება. სხვა ნოტებთან ერთად შენახული პიესა ქრონოლოგიის მიხედვით მოცარტის ნაწარმოებების სრული კატალოგის ახალი გამოცემის მომზადების პროცესში იპოვეს. სპეციალისტების ვარაუდით, პიესა დაწერილია 1760-იან წლებში, როცა მოცარტი 10-13 წლის იყო. მოცარტის ავტორობა ჯერ 100%-ით დადასტურებული არ არის, თუმცა მისი სახელობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელმა, მუსიკისმცოდნე ულრიხ ლაიზინგერმა სხვა კომპოზიტორების ავტორობა უკვე გამორიცხა და განმარტა, რომ საუბარია მოზარდი მოცარტის დღემდე უცნობ და სრულიად შესანიშნავ ნაწარმოებზე. მუნიციპალური ბიბლიოთეკების თანახმად, Koechel-ის კატალოგში აღწერილია ნამუშევარი, როგორც "ერთ წყაროში შემონახული - ვარაუდობენ, რომ ნამუშევარი იტალიაში მოცარტის პირველ მოგზაურობამდე დაიწერა.  

ევროკავშირის ელჩი: ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელორუსში, იმედი მაქვს, საქართველოში აქამდე არ მივალთ

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებულნი ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბელორუსთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ ოფისს ეწვია და ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძეს და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა. ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე დამკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია. „ჩვენ კონტაქტში ვიმყოფებით ეუთო/ოდირის ძირითად ჯგუფთან. ვიცი, რომ აქვთ დიდი გეგმები, რომ ჰყავდეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა არჩევნებამდე, არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED, რომელიც ასევე დააკვირდება არჩევნებს და ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩავთვლით თუ არა ამ არჩევნებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად. თუკი, და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ელჩმა. მისი განმარტებით, ევროკავშირმა ბელორუსის არჩევნების შედეგები არ ცნო და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები გამოიყენა. „ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელორუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომის ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ელჩის განცხადებით, მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები. „იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი. ჩვენ, ევროკავშირი ვაღიარებთ მის შედეგებს და ვიმუშავებთ ყველა მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება,“ - აღნიშნა ელჩმა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, თუ საქართველოს სურს, ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ევროკავშირის ძირითადი პრინციპები სრულად უნდა დაიცვას. „მთავარი საკითხი არის ის, რომ თუკი საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი სურს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი, ამისთვის, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს პირობები ჩვენ სპეციალურად საქართველოსთვის არ შეგვიქმნია, ეს არის პირობები, რომელიც ყველა ქვეყანას ეხება, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე საჭიროა, რომ ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება, მთლიანად იყოს დაცული. ეს პრინციპები ფართოდაა ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების პატივისცემა. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ასე რომ, თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ეს პრინციპები სრულად უნდა იყოს დაცული,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით - „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება.  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: „მე არავის ვურჩევ ნეიტრალური პასპორტების აღებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი, აფხაზური პასპორტები“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი არავის ურჩევს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტების“ აღებას. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას" ცნობით, ინტერვიუში, რომელიც აფხაზური ტელევიზიის ეთერში 19 სექტემბერს, საღამოს გავიდა, ბჟანიამ განაცხახა, რომ „ძალიან გააკვირვა" ადგილობრივი „პარლამენტის" ყოფილი დეპუტატის, ლეონიდ ჩამაგუას განცხადებამ, რომ აფხაზებმა „ნეიტრალური პასპორტებით“ უნდა ისარგებლონ. გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ მოსკოვმა ზოგიერთ „ურჩ" აფხაზს შესაძლოა, რუსეთის მოქალაექობა ჩამოართვას, ჩამაგუასთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენონ „გაეროს მიერ შეთავაზებული“ ეს პასპორტები, თუ მაგალითად, ადამიანს მძიმედ დაავადებული ნათესავი ჰყავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება. ამ მოსაზრების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „ნეიტრალური პასპორტების“ მიღების ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ, „როგორც ჩანს, ვიღაც ამისთვის უკვე მზად არის.“ ე.წ. პრეზიდენტის თქმით, ეს „პირობითად ნეიტრალური პასპორტებია“, იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის და წარმოადგენს თბილისის მიერ „ოკუპირებულად წოდებული" აფხაზეთის რეინტეგრაციის პროგრამის ნაწილს. „მე არავის ვურჩევ ნეიტრალური პასპორტების აღებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი, აფხაზური პასპორტები. გვაქვს ჩვენი მოკავშირის(რუსეთის) პასპორტები და ეს სრულიად საკმარისია,“ - განაცხადა ბჟანიამ. ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლებში შეუძლიათ, აიღონ ჰუმანიტარული ხასიათის ორი საბუთი - პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. მოწმობით შესაძლებელია სოციალური მომსახურების უფასოდ მიღება, ნეიტრალური დოკუმენტით კი - საზღვარგარეთ გამგზავრება.  

ევროკავშირის ელჩი „უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას“ არ გამორიცხავს, „თუკი ვითარება გაუარესდება“

„ვიმედოვნებთ, საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, შეგვიძლია, ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, ერთ-ერთი მათგანი არის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი თვალს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ, რეფორმების შესრულების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს ევროკავშირის შიგნით განვიხილეთ, ჩვენმა წევრებმა განიხილეს და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით რამდენიმე თვის წინ, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება განვითარებული მოვლენების საფუძველზე. ჩვენ თვალს ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენთვის მოვლენების სასურველი განვითარება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება და უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ.   შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა  

ევროკავშირი: ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგულნი

„2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს,“ - შესაბამისი განცხადება ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით, გადასასვლელების დაკეტვით და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებებით. ევროკავშირი აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დარღვევები და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის. „გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის ასევე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე. ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, ევროკავშირის, როგორც თანათავმჯდომარის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. „ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.  

ამერიკამ ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორკესტრირებულ სქემით, MRB ბანკი, ხელს უწყობდა სანქცირებულ რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობის დამყარებას. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს,“ - წერია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების განცხადებით, ხსენებული ქსელისთვის სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ადასტურებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას გამოავლინოს და მოშალოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს. ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა - მედია  

ევროკავშირის ელჩი: ქაოსის და ნგრევის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა, რუსეთი დგას

„ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. „ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ, საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩის თქმით, რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით. „რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - აღნიშნა დიპლომატმა. ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“  

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი სამხედრო მომზადების რეგიონულ ჰაბად ვითარდება - NATO

საქართველომ და NATO-მ 17 სექტემბერს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 10 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) გაიმართა. მას ესწრებოდნენ NATO-სა და საქართველოს ოფიციალური პირები. ცერემონიაზე იმყოფებოდა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანიც. მან ხაზი გაუსვა, რომ SNGP არის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფლაგმანი, ისაუბრა მის ევოლუციასა და მიღწევებზე. მან ასევე ახსენა NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ალიანსში საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ NATO-ს ძირითადი ღირებულებების ერთგულების მნიშვნელობას. ბურჯუ სანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე - მოსკოვის სხვა მავნე და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. ალიანსის შეფასებით, 2014 წელს NATO-ს უელსის სამიტზე მიღების შემდეგ, NATO-საქართველოს არსებითმა პაკეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და მისი მედეგობისა გაძლიერებაში, ამ პაკეტის საშუალებით, ხელი შეეწყო ქართველი ძალების შესაძლებლობებს, რომ მათ ეფექტიანად იმოქმედონ მოკავშირეთა ჯარებთან ერთად. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ SNGP არის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ქვაკუთხედი და აახლოებს საქართველოს ალიანსთან. მან ხაზი გაუსვა ხელშესახებ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. მინისტრმა მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერისა და წვლილისთვის, NATO-ს მიმართ მადლიერება გამოხატა. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ნორბერტ ვაგნერმა ხაზი გაუსვა SNGP-ის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის. NATO ხაზს უსვამს SNGP-ის სამ მთავარ მიღწევას. პირველი: შესყიდვის ინიციატივის წარმატებით დასრულება 2023 წლის დეკემბერში. 2015 წელს დაწყებული ეს ინიციატივა დასრულდა საქართველოს პარლამენტის მიერ შესყიდვების შესახებ ახალი კანონების მიღებით, რომლებიც 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ინიციატივამ უზრუნველყო თანამედროვე, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული თავდაცვისა და უსაფრთხოების შესყიდვების სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მეორე: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) შეიქმნა და განვითარებას განაგრძობს. NATO-ს აკრედიტაციის მიღების შემდეგ, DIBS ახორციელებს NATO-ს სტანდარტების სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად. მიმდინარეობს მუშობა, რომ DIBS პოზიციონირებდეს, როგორც შესაძლებლობების განვითარების წამყვანი ცენტრი შავი ზღვის ფართო რეგიონში. და ბოლოს, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ფოკუსირებულია თავსებადობის გაღრმავებაზე, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ეროვნული, რეგიონული, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და შემდგომში ვითარდება სამხედრო მომზადებისა და საუკეთესო პრაქტიკის შეფასების რეგიონულ ჰაბად.ცნობისთვის, ცერემონიის დროს, SNGP-ის ახალი ძირითადი გუნდის ლიდერად აემალ ბაჰადური წარადგინეს. მან გერმანელი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესსი შეცვალა. რა მიზნით ეწვია საქართველოს NATO-ს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე  

პრეზიდენტმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, თუმცა ვინ არის პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის. განახლება: საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან ვიყავი დაკავშირებული და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, სავარაუდოდ პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ. იმის გამო, რომ პოლიტიკური ელფერი იყო და მე, როგორც ოპოზიციის მხარეს ვიჭერ, ამის გამო დავისაჯე და მომისაჯეს 4 წელი,“ - განაცხადა შანიძემ „ტვ პირველთან“, საპატიმროს დატოვების შემდეგ. პოლიციამ გიორგი შანიძე ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი, მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).