ძებნის რეზულტატი:
სუს-ი ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებაზე საუბრობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.“ სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.“ „ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ევროპის საბჭოს კონგრესი: საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას უნდა დაუბრუნდეს
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ახლახან მიღებული ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, არღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ვინაიდან ეს პროცესები ასევე საზიანო იქნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა, ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოებს მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვიოს. დეკლარაცია 47-ე სესიაზე, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გადაუდებელი დებატების შემდეგ მიიღეს. ის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა ქსავიერ კადორემ (საფრანგეთი, L, SOC/G/PD) წარადგინა. დოკუმენტში, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნების არსებობის გამო. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც საზოგადოების პოლარიზაციის ზრდასა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებაში გამოიხატება. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ აღინიშნავენ, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებების, მათ შორის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და შეკრების თავისუფლების ეფექტიანი დაცვა. ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათ კანონით მოეთხოვებათ ადამიანის უფლებების ან ძირითადი თავისუფლებების დარღვევა, ან ისეთი ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარება, რაც საზიანო იქნება მათ თემებში ინკლუზიურობის, ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. კონგრესმა ასევე ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას, გააგრძელოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში და მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, ხელისუფლების ყველა დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს
17 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს. „რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საკითხებს, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშაა. გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის მიმართულება (Drift) გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს, და სადაც ქართველ ხალხს თავისი აზრის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს,“ განაცხადა მაკრონმა. უფრო ადრე, ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „თუ საქართველოს სურს, განაახლოს თავისი ევროპული გზა, რისი იმედიც გვაქვს, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ აღნიშნა მინისტრმა, რომლის კომენტარის თარგამანიც საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.
ევროკავშირის ელჩი: თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, რეალობაა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის "ახლანდელი მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, სავალალოა, ქართველი ლიდერების ბრალია." ევროკავშირის ელჩმა 18 ოქტომბერს მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განზრახ - მოქმედებებით, განცხადებებით, კანონებით - არ უახლოებენ საქართველოს ევროკავშირს", არამედ დააშორეს მას. ჰერჩინსკის თქმით, გაწევრიანების პროცესის შეჩერება არის "საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის მოქმედების, განცხადებების შედეგი." გასული წლის ნოემბერში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში იყო მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას "შეეწყვიტა ანტიდასავლური პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივები", რაც, ელჩის თქმით, სამწუხაროდ, არ შეწყდა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ "უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გვაქვს შეჯიბრი, კონკურსი საქართველოს მთავრობის უმაღლესი ოფიციალური პირების დონეზე და საქართველოს მმართველი პარტიაში, თუ ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ შეურაცხყოფს ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. ეს დაუშვებელია." ევროკავშირი დააკვირდება, როგორ ჩაივლის საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები. „ვიმედოვნებთ, რომ ის ჩაივლის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა," - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ევროკავშირს გამოუყენებია სანქციები, თუმცა სანქციების გამოყენება არ არის მარტივი, ვინაიდან მას სჭირდება ერთსულოვნება. კითხვას, იქნება თუ არა ქართველი ხალხის დასჯა, თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს გააუქმებს, ჰერჩინსკიმ უპასიხა, რომ "არავის სურს რიგითი ადამიანების დასჯა", მაგრამ უნდა იმოქმედონ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების საპასუხოდ. მათ შორის ელჩმა დაასახელა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის შეჩერება. „საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება გარკვეული დროის წინ იყო მიღებული. საქართველომ დაკარგა ევროკავშირის 121 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს." ევროპის საბჭოს კონგრესი: საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას უნდა დაუბრუნდეს
„მსგავსი მოქმედების კურსი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“ - ევროპული საბჭოს დასკვნა
ევროპული საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი ასეთია: 45. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. 46. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროპული საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს. 47. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავს. 48. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა.
NATO მრავალეროვნული თანამშრომლობის ხუთ ახალ ინიციატივას იწყებს
NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა პარასკევს, 18 ოქტომბერს ორდღიანი მოლაპარაკებები დაასრულეს - მათ დაადასტურეს საკუთარი ვალდებულება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის, აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისა და ალიანსის შეკავებისა და თავდაცვითი ძალების გაძლიერების შესახებ. „ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება ამ ალიანსის მთავარი პრიორიტეტია, რადგან ჩვენი ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება NATO-ს ყველაზე წმინდა მოვალეობაა,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ შეხვედრის შემდეგ. ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გენერალურმა მდივანმა დაასახელა თავდაცვის უფრო დიდი სამრეწველო შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები და ახალი ტექნოლოგიები. ხუთშაბათს (17 ოქტომბერს) NATO-ს თავდაცვის მინისტრებს პირველად შეუერთდნენ მათი კოლეგები ავსტრალიიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან და ახალი ზელანდიიდან, რათა დისკუსია გაემართათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებზე, მათ შორის, უკრაინის კონტექსტში და იმაზე, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას. NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან და ასევე, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ორდღიანი შეხვედრის პირველ სესიაზე თავდაცვის მინისტრები გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ, რომელშიც პირველად შედიოდნენ პარტნიორები - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა, ასევე, ევროკავშირი. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აშკარა ნიშანი საერთო გამოწვევების ფონზე,“ განაცხადა მარკ რუტემ. მინისტრებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა კიბერთავდაცვის, თავდაცვის წარმოებისა და ინოვაციების გასაძლიერებლად; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტის. ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ერთად უკრაინის მხარდასაჭერად. „უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ევროპაში არასტაბილურობას შეიძლება, ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები მთელ მსოფლიოში, და რომ ათასობით მილის მოშორებით მდებარე ქვეყნები - ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც კი - შეიძლება, იქცნენ უსაფრთხოების გამოწვევად ჩვენ ირგვლივ. ჩვენი სამყარო მჭიდროდ არის დაკავშირებული - და ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა რუტემ, რომელიც ამ თვის დასაწყისში თანამდებობის დაკავების შემდეგ, NATO-ს თავდაცვის მინისტრების პირველ შეხვედრას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-უკრაინის საბჭოზე შეუერთდა მინისტრებს და ომის დასრულების გეგმა წარმოადგინა. თავდაცვის მინისტრებს შორის დისკუსია ფოკუსირებული იყო უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე, მათ შორის, აღჭურვილობასა და წვრთნაზე. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ კარგად მიმდინარეობს მუშაობა NATO-ს ახალი სარდლობის შესაქმნელად, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უსაფრთხოების დახმარებას და წვრთნას უკრაინაში და შეასრულებს დაპირებას 40 მილიარდი ევროს სახით სამხედრო დახმარების სახით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ, შეუქცევადია. „უკრაინა NATO-ს წევრი იქნება, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს და ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა რუტემ. გენერალური მდივანი უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ადასტურებენ ერთგულებას, შეასრულონ თავიანთი ფინანსური დაპირება 40 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების შესახებ, რაც გამოიხატება 20,9 მილიარდი ევროს გამოყოფაში ამ წლის პირველ ნახევარში. რუსული თვითმფრინავების მიერ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ალიანსის პრიორიტეტად რჩება. მან ყურადღება გაამახვილა 17 ოქტომბერს რუმინეთში საჰაერო სივრცის დარღვევაზე და დაადასტურა NATO-ს სოლიდარობა რუმინეთისადმი, შეაქო ბუქარესტის ხელისუფლება "მათი სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის." ეს ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ NATO მის აღმოსავლეთ ფლანგზე აძლიერებს მეთვალყურეობას. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ასობით თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავსა და საჰაერო თავდაცვის სისტემას ყიდულობენ. 17 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ NATO ხუთ ახალ მრავალეროვნული თანამშრომლობის ინიციატივას იწყებს. მისი მიზანი შეკავების და თავდაცვის გაძლიერებაა. NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს მოკავშირეებმა ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. პირველი ინიციატივის მიზანია, დააჩქაროს ახალი თაობის დისტანციური პილოტირებადი თვითმფრინავების სისტემების (RPAS) მიწოდება - როგორიცაა, ალიანსის სახმელეთო ზედამხედველობა (AGS) - მრავალეროვნული თანამშრომლობის გზით. პროექტი ცამეტმა მოკავშირემ (ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი. გაერთიანებული სამეფო) დაიწყო. NATO ზახს უსვამს, რომ RPAS ფლოტები აუცილებელია მთელი რიგი როლებისა და მისიებისთვის, მათ შორის ერთობლივი დაზვერვის, სათვალთვალო და დაზვერვისა და ელექტრომაგნიტური ომის ჩათვლით. მეორე ინიციატივა მიზნად ისახავს მოკავშირეთა ძირითადი საარტილერიო საბრძოლო მასალის თავსებადობის გაზრდას. 15 მოკავშირის - ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების პირველადი წვლილით პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული ხანძარსაწინააღმდეგო ტესტირებისა და სერტიფიცირების მექანიზმების ჰარმონიზაციას. ის ასევე ხელს შეუწყობს შესაბამისი სტანდარტების განახლებას და ხელს შეუწყობს მათ მიღებას. Distributed Synthetic Training Environment პროექტი აყალიბებს ჯარისკაცებისთვის მოწინავე და მრავალეროვნული მომზადების შესაძლებლობების ქსელს. NATO-ს თვრამეტი ქვეყანა შეუერთდა პროექტს: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. მრავალეროვნული მიზნებისთვის ეროვნული სიმულირებული ტრენინგის შესაძლებლობების გამოყენებით, პროექტი მოიტანს უზარმაზარ საოპერაციო სარგებელს. NATO ორი ახალი პროექტით კიდევ უფრო აძლიერებს ძალისხმევას მოკავშირეთა მიერ კოსმოსური ტექნოლოგიების მიწოდების მხარდასაჭერად. NORTHLINK-ის მეშვეობით 13 მოკავშირე - კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და შეერთებული შტატები შეისწავლიან უსაფრთხო, გამძლე და საიმედო მრავალეროვნული არქტიკული თანამგზავრული კომუნიკაციების შესაძლებლობას. STARLIFT-ის ინიციატივით კი, 14 ქვეყანა - ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები გამოიკვლევენ NATO-ს კოსმოსში წვდომისა და გამოყენების გზებს, რათა გაუმკლავდნენ მთელ რიგ გამოწვევებს, რომლებიც მოდის კოსმოსიდან. STARLIFT შეიძლება, დაეხმაროს მოკავშირეებს აქტივების გაშვებაში მოკლე დროში, წინასწარ განლაგებული სათადარიგო ხომალდის მანევრირებაში და კრიზისის ან კონფლიქტის დროს კომერციული პარტნიორებისგან მონაცემების შეძენაში. შემდგომი ნაბიჯები ასევე გადაიდგა ორ პროექტზე მუშაობის წინსვლისთვის, რომელიც უკვე დაწყებულია: შემდეგი თაობის Rotorcraft Capability-სა (NGRC) და NATO-ს ტრანსსასაზღვრო საჰაერო სივრცეში თანამშრომლობის მიმართულებით. NGRC ინიციატივა, რომელიც 2020 წელს დაიწყო და NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს, შეცვალოს საშუალო მრავალფუნქციური შესაძლებლობები, რომელიც მათ სასიცოცხლო ციკლს 2035 წელს და მის შემდგომ ასრულებს. ამ მიმართულებით ვალდებულებას საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი იღებენ. NATO-ს ტრანსსასაზღვრო საჰაერო სივრცის ინიციატივას დანია, გერმანია, ისლანდია და პორტუგალია შეუერთდნენ. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 20 წევრ ქვეყნამდე გაიზარდა. პროექტი, რომელიც პირველად 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობას NATO-ს წვრთნების, ტრენინგებისა სხვა საჰაერო აქტივობებისთვის ევროპის რამდენიმე რეგიონში.
„ჩვენ გვსურს პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის“ - შოლცი სტამბოლში ერდოღანს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, 19 ოქტომბერს, სტამბოლში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ლიდერებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში დახურული შეხვედრა გამართა. შოლცი სტამბულში პარასკევს გვიან ჩავიდა ერდოღანთან შესახვედრად. მანამდე, შოლცი გერმანიაში შეხვდა საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებს. შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის კარი ლიბანიდან ლტოლვილებისთვის ღიაა. Euronews-ის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია და თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა, მათ შორის - პოტენციური შეთანხმება თურქეთისთვის Eurofighter Typhoon-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. ეს ორივე ქვეყანა NATO-ს წევრია. შოლცმა განაცხადა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს მიგრაციასთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარს დავუჭერთ თურქეთს სირიაში ომის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა შოლცმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პარიზი ღიაა უკრაინის NATO-ში მოწვევის იდეისთვის, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება
საფრანგეთი ღიაა უკრაინის NATO-ში მოწვევის იდეისთვის, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის დედაქალაქში შაბათს, 19 ოქტომბერს, ბაროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ორივე მინისტრმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ, 2024 წლის სექტემბერში დაიკავა. პარიზი მხარს უჭერს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ რუსეთთან ომში და საფრანგეთი მზადაა, გააგრძელოს კიევის დახმარება. ამავე დროს ბარომ განაცხადა, რომ „საფრანგეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როდესაც ის გადაწყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას.“ მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო ასპექტებში, სამხედრო და ევროპულ კონტექსტებში. „რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებისთვის მოწვევას,[საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას ისაუბრა პარიზში ზელენსკის ვიზიტის დროს. ღია ვართ ამისთვის, და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ საუბარში ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მონაწილეობენ,” - განაცხადა ბარომ. კიევი NATO-ში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე არ განიხილავს. ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განმარტა, რომ მოწვევის გაცემის შემდეგ უნდა შედგეს გაწევრიანების ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება გაწევრიანების როგორც ვადები, ასევე, რეფორმები. ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას შესთავაზეს ალიანსში გაწევრიანება მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფარგლებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისთვის ეს საკითხი არ განიხილება.
პრეზიდენტი: ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში.“ მე ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანად ვარ. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისა და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია (სხვა პარტიებმაც მოაწერეს მოაწერეს ხელი და არ უნდა დავივიწყო ისინი) რჩება ქარტიის სრულიად ერთგული - ანუ იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში. და ეს არის ის, რაც ყველაზე მთავარია. ეს, ამ შემთხვევაში, თქვენ, ყველას, იმ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა ევროპაა, აძლევს საშუალებას, რომ თვითონ თავისი გემოვნებით აირჩიოს და იმის მიხედვით, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ის ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისათვის მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი იქნება ის უმრავლესობა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვევ-მოხვევის გარეშე. ასე რომ, თქვენ აირჩიეთ რომელიმე, რომელიც გირჩევიათ, ყველა ერთად, ოთხივე პარტია და ჩემთან, ერთად როგორც ქარტიის ინიციატორთან და როგორც ქარტიის გარანტორთან წავალთ ამ გზაზე. ამ ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერებულობის მეორე მიზეზი ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც დგანან ჩვენ გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლოდროინდელი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა და ელჩთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. „დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა, არამხოლოდ ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება გამოხატა - დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, იმ გზაზე ძალიან სწრაფად დაბრუნებისათვის. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის გაყინული დახმარებები. ესეც დამიდასტურა, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში,“ განაცხადა ზურაბიშვილმა. 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ხვალ ძალიან ბევრნი იქნებით. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ძალიან დიდი დღეა და ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, დავემშვიდობებით ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების გზაა, გზა, რომელმაც ჩვენ ყველანი უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა! ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ასევე ვიცი, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, მცდელობები დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ სწორ გზაზე ხართ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, თავისი მომავლის არჩევანისთვის - ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვგარეშე უნდა იყოს, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, თქვენი ყველა ხმის იქ მიტანისათვის, სადაც საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი გადაწყდება. მე აქ ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები, იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო ჰქვია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“მოდის ახალი საქართველო“ - პრეზიდენტი ევროპულ მარშს შეუერთდა
არჩევნებამდე 6 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეებს მიმართა. „დიდი სიყვარულით და ემოციით მინდა, მოგესალმოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს:„თუ არადა სამსახურს დაკარგავ.“ არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა სტიპენდია არ გექნება.“ არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს, აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ, ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ასევე მიმართა მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს. „დღეს იმედი მაქვს, რომ იქნება შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის - ჩვენ ვიცით, რომ ის იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.“ ზურაბიშვილმა მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსაც. „მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არ დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში. არ მინდა, ამ დღეებში თქვენთან გავიგო რაიმე „თუ ან რომ.“ ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდებოდა.
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები: საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის. მინისტრები საქართველოს ხელისუფლებისაგან მოელიან, რომ ის უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. „საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და - რაც მნიშვნელოვანია - ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პრო-ევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი - ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ბევრს მიაღწია - 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი წუხილი მით უფრო სერიოზულია. ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო. როგორც საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში. გასული თვეების მანძილზე საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. ევროპის კავშირისათვის ეს არ ყოფილა მარტივი გადასაწყვეტი: ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში სერიოზული კონსულტაციების და დისკუსიების მცდელობები, თუმცა დღემდე უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი სამართლებრივი კავშირიცაა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს იზიარებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების წინაპირობად სწორედ ევროპული ღირებულებების აღიარებას და მისი სამართლებრივი ნორმების განხორციელებას აყენებს. ეგრეთ წოდებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არც შინაარსითა და არც სულისკვეთებით შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებს და ფასეულობებს. ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, მრავალ კვირიანი სახალხო პროტესტების, პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს პარტნიორების არაორაზროვანი კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სამწუხაროდ, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. იმავდროულად, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს. მოდით, ერთი რამ განვმარტოთ: ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში - ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედია-ლანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ: ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ჰაჯა ლაბიბი ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი ანა ლიურმანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში მარი ბიერი დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიმონას შატუნასი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში ქსავიე ბეტელი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ინეშ დომინგოსი პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში იოაკიმ სტრანდი ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იესიკა როსენკრანცი შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორაკი ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი
NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში NDI-ის წარმომადგენლობა ავრცელებს. დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი. „ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ,” – განაცხადა ტომ მალინოვსკიმ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან. „დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედიაგარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში. არჩევნების დღეს საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება,“ – აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არჩევნების შემდეგ მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით. „ეს არის შანსი, რომ განმტკიცდეს საქართველოს, როგორც მედეგი და მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიის ადგილი გლობალურ არენაზე. ყველა პოლიტიური პარტიის პასუხისმგებლობაა, აჩვენოს, რომ საქართველო, მიუხედავად მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, აგრძელებს პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით და არის გამჭირვალე, პლურალისტური და დემოკრატიის ერთგული,“ – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პერ ეკლუნდი. ცნობისთვის, NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა. საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. NDI საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიას საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელებს. „NDI-ს საარჩევნო მისია არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის დემონსტრირება. ეს არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და NDI-ს აქვს პატივი, იდგეს საქართველოს მოქალაქეების გვერდით, როდესაც ისინი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ,” – განაცხადა დოქტორმა ვიტესმა. სადამკვირველო მისია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას ასევე ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური
„მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა (751235ხმა) დადებითად უპასუხა. 49.54-მა (737639 ხმა) - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. (მასალა განახლდა საბოლოო მონაცემებით). რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ქვეყანას ევროპული მომავალი სურს. მან მოლდოვას და სანდუს წარმატება მიულოცა. „მოლდოველმა ხალხმა თქვა: ჩვენი ევროპული ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში აისახება. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის, საკუთარი მომავლის ასაშენებლად,“ დაწერა თავის მხრივ, მაია სანდუმ X-ზე. ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, ქვეყნის ტეროტორიაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - გაგაუზიაში დაფიქსირდა (ავტონომიური რეგიონი, რომელსაც პრორუსი ხელმძღვანელი ჰყავს) (5,16%), ტარაკლიას (13,15%), ოკნიციას (21,06%), დონდუშენის (271,6%) და ბრიჩენის რაიონში (28,63%). %). ევროინტეგრაციას ყველაზე მეტად დაუჭირეს მხარი იალოვენის რაიონში (67,70%), სტრასენის რაიონში (62,37%), კალარაშის რაიონში (60,46%), კრიულენის რაიონში (60,20%). ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. რიშკანის სექტორში (კიშინიოვის მუნიციპალიტეტი) ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 53.03%-მა (34617) "დიახ", 46.97%-მა კი "არა" (30667) დააფიქსირა. ხსენებულ მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, ცენტრუს სექტორში ერგო: 58.30% (25913). რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დათვლილია ხმების 99,73%. პროევროპელმა მაია სანდუმ 42,45% მიიღო და მე-2 ტურში მისი მეტოქე იქნება პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც ამომრჩეველთა 25,98%-მა დაუჭირა მხარი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო. „არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმას, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ მოლდოვiს რესპუბლიკა ჰიბრიდულ ომშია რუსეთის ფედერაციასთან და კენჭისყრის მეორე ტური გადამწყვეტია ქვეყნის ევროპული კურსისთვის,“ ამბობს მოლდოვის ელჩი რუმინეთში ვიქტორ ჩირილა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის დეკემბერში კი, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას. ასევე წაიკითხეთ: ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი
სტანო: ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან, ვიდრე ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თავად არ დაიწყეს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, კერძოდ, მოლდოვასთან და საქართველოსთნ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. „ჩვენი დახმარება საქართველოსადმი ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობასთან, ბოლო დრომდე, ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე. მაგრამ, შემდეგ მოხდა დიდი ცვლილება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს. საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ოფიციალური პირებისგან მოდის, მთავრობის წევრებისგან. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ, მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო, ვგულისხმობ, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და შესაბამისობაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებთან,“ - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.
მოლდოვის რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი - რამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე
მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერებმა 13 596 ხმით გაიმარჯვეს. „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა დადებითად უპასუხა. 49.54-მა - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. მედია წერს, რომ ეს დადებითი შედეგი დიასპორამ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალ კიშინიოვში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოლდოვის მასშტაბით, უბნების 85%-ის მონაცემების დათვლის შემდეგ, რომლებიც ძირითადად ქვეყნის შიგნით მდებარეობს, პასუხის - "დიახ" მხარდაჭერა მხოლოდ 45%-ს ოდნავ აღემატებოდა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, შედეგი ევროპელული ინტეგრაციის სასარგებლოდ მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც უცხო ტერიტორიებიდან დაიწყო მონაცემების მოწოდება, სადაც პროევროპულად მოაზროვნე მოსახლეობა ცხოვრობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. ყველაზე პრორუსულ რეგიონ გაგაუზიაში - რეფერენდუმის კითხვაზე უარყოფითი პასუხი 95%-მდე ამომრჩეველმა გასცა. კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ პუნქტს საზღვარგარეთ მხარი ამომრჩეველთა 76,96%-მა - 181254-მა მოქალაქემ დაუჭირა, წინააღმდეგი კი, ამომრჩეველთა 23,04%-მა - 54249 მოქალაქემ იყო. საერთო ჯამში, რეფერენდუმში ხმა 1 488 874-მა მოქალაქემ მისცა. მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ კრემლშიც, კერძოდ, პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი მტკიცებით, „ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდუს იდეოლოგიის მომხრე.“ „ეს ყურადღებას იპყრობს,“ ამბობს პესკოვი. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით.“ მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და განაცხადა, რომ ეს არის „სირცხვილი.“ შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ასევე წაიკითხეთ: მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური
ივანიშვილი არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, ეს შეხვედრა ელჩთან უკვე შეთანხმებულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. „საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვეს უკვე, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ, არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ და ამ დროს, პირიქით მე მგონი, განმარტება უკვე საკმარისი გავაკეთე, პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ გხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა.“ „ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება, ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არაერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს,“ - ამბობს ივანიშვილი. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს.“ „რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს. ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ, კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ინტერვიუში ივანიშვილმა ისაუბრა სინგაპურის სასამარლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "შანტაჟმა" და სანქცირებამ "უკუშედეგი გამოიღო." „რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ამანაც უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით, მე პირადად, აღარ ველოდები. რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაც უნდოდათ, გააკეთეს, ამოწურეს... ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ერთი მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული," - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მან ასევე ისაუბრა არჩევნების შემდეგომ დღეებზეც და განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, 27 ოქტომბერი იქნება "ძალიან მშვიდი." „დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდაც მეორე დღე არ არის გადამწყვეტი, ყველა დღე, ერთი კვირა, ორი კვირა, სანამ ომი არ დასრულდება, იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაძაბული მდგომარეობა გეოპოლიტიკურად. შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს იმართება.
მთავრობამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, არჩევნების წინა დღე უქმედ გამოაცხადა
საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. „ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა. 3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება,“ - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიაში პორტის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაო დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. მისივე თქმით, სამუშაო 16 სექტიმბრიდან დაიწყო. „დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას. ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება,“- განაცხადა პრემიერმა. კობახიძის თქმით, „ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დასახელდა, თუმცა სამუშაო უფრო მაღალი ტემპით წარიმართება.“ „უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას. ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.
ევროკავშირის ელჩი: გთხოვთ, წადით არჩევნებზე და გთხოვთ, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ევროკავშირის მხარდამჭერ მარშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, იყო "სიამაყის, სიხარულის, ეს იყო ბედნიერების დღე", ვინაიდან თბილისის ქუჩებში იყო უამრავი ადამიანი და ევროკავშირის უამრავი დროშა. ელჩმა განაცხადა, რომ ქართველი ახალგაზრდები იმსახურებენ, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი და შესაძლებლობები საქართველოში. „კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები - ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩმა ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებზე და აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. „ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს. „ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს,“ - აღნიშნა ელჩმა. ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა. „როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი,“ - აღნიშნა ელჩმა. „სხვისი არავისი არის - საქართველო არის შენი, წინ საქართველო, წინ,“ - განაცხადა ელჩმა ქართულ ენაზე მიმართვისას. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, „ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ.“
საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას
საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ „დღეს უმთავრესი მიზანი ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა, მეორე მხრივ კი ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობის შენარჩუნებაა.“ „დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა,“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.