ძებნის რეზულტატი:
აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გრანტის სახით $10 მილიონზე მეტის საქონელს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს გადასცემს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტების მოწონების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. განკარგულების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გრანტით განსაზღვრული 10,431,459.90 აშშ დოლარის ღირებულების კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონელს მიიღებს. „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №o238 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-BWBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10,431,459.90 აშშ დოლარი) გადმოცემის შესახებ. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება,” - წერია განკარგულებაში.
ევროკავშირი აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას „მკაცრად გმობს“
ევროკავშირმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დაგმეს აშშ-ის მხრიდან ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ებრძვიან ინტერნეტში სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელებას. ბრიუსელი აცხადებს, რომ ამ "გაუმართლებელ ზომებს" შესაძლოა "სწრაფად და გადამწყვეტად" უპასუხოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვებს. ასეთი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის. ევროკავშირი მტკიცედ იცავს გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და მის მარეგულირებელ სუვერენიტეტს.“ გარდა ამისა, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას და ეს ზომები წარმოადგენს დაშინებას და იძულებას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ციფრული სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. თავის მხრივ, გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ გერმანელ აქტივისტს მთავრობის „მხარდაჭერა და სოლიდარობა“ აქვს და ვიზების აკრძალვა მიუღებელია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისრი, ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ევროკომისია გაცხადებით ეხმაურება. „ევროკომისია ხუთი ევროპელი პირისთვის, მათ შორის ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიულ სამყაროში აშშ-სთან გაზიარებულ საერთო დემოკრატიულ ღირებულებას წარმოადგენს,“ - ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისია აცხადებს, რომ „ევროკავშირი ღია წესებზე დაფუძნებულ ერთიან ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის დარეგულირების სუვერენული უფლება აქვს.“ „ჩვენი ციფრული წესები ყველა კომპანიისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ გარემოს უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 23 დეკემბერს ვიზების გაცემა აკრძალა ევროკავშირის ქვეყნების ხუთ მოქალაქეზე, მათ შორის ,ევროკავშირის ყოფილ კომისარზე ფრანგ ტიერი ბრეტონზე - რომელსაც აშშ ადანაშაულებს სიტყვის თავისუფლების ცენზურისთვის მუშაობაში, ან ზედმეტად მკაცრი წესების შემოღებით უსამართლო მოპყრობაში აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ. ტიერი ბრეტონის გარდა აშშ-ის მხრიდან სანქცირებული არიან ციფრულ სიძულვილთან მებრძოლი ორგანიზაციის, CCDH-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი იმრან აჰმედი, „გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის”(GDI) დამფუძნებელი, ბრიტანელი კლერ მელფორდი და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის, HateAid-ის წარმომადგენლები ანალენა ფონ ჰოდენბერგი და ჟოზეფინა ბალონი.
აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში “წინასწარი პატიმრობა“ შეეფარდა
ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს „ორთვიანი წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. აქტივისტს „ბრალი“ წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ჯაშუშობას გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუ დანაშაული „ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.“ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო მოსმენა 24 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტები და ბრალდებულის ოჯახის წევრები სხდომაზე არ შეუშვეს. გამოცემა „საპას“ ცნობით, აქტივისტი უარყოფს ბრალდებებს და მან შიმშილობა გამოაცხადა. „თამარ მეარაყიშვილის დაკავება მისი მიმართ განხორციელებული, 8-წლიანი დევნისა და შევიწროების პრაქტიკის გაგრძელებაა,“ – განაცხადა 23 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც აქტივისტის უფლებებსა და ინტერესებს იცავს. „უკვე 8 წელია, ცხინვალის ხელისუფლება მას სრულ იზოლაციაში ამყოფებს და გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების გარეშე ტოვებს.“ „მიუხედავად მუდმივი შევიწროებისა, ამ წლების განმავლობაში თამარს არ შეუწყვეტია ადგილობრივი უწყებების კრიტიკა – იგი საჯაროდ ამხელდა მათ კორუფციასა და უფლებების დარღვევებში, რაც მისი კიდევ ერთხელ დაკავების საფუძველი გახდა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. დაპატიმრებამდე მეარაყიშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დააანონსა ოკუირებულ ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა მოითხოვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილისთვის ჩამორთმეული ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და მას ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.
ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს არსებული წილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავსადგური, უწყებას 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაეცა. „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“მ- ვცდილობთ 18 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაში. ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ტვირთის მიღება მთავრობამ 2029 წლიდან დააანონსა. ამასთან, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ხარჯი, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით 100 მლნ ლარით შემცირდა და 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა
სუს-ი სურსათის ფასების საკითხის შესწავლას იწყებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გააკეთა. ლაშა მაღრაძის თქმით, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ. მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
აზერბაიჯანი და თურქეთი, შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ
აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდება. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. კერძოდ, ეს შეთანხმება ასახულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმში“, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა. დოკუმენტი რვა მუხლისგან შედგება. შეთანხმების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, გაუწიონ ერთმანეთს ორმხრივი დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლების განსახორციელებლად. მხარეების მიერ ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ხორციელდება ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნით და მათი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მშვიდობიან დროს, მხარეები რეგულარულად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და მანევრებს. მემორანდუმი მოიცავს მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობისა და სამხედრო უსაფრთხოების სფეროს საკითხებს და ამ ჩარჩოებში ითვალისწინებს მხოლოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთდახმარებას, წვრთნებს, მომარაგებას და მხარეთა ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. დოკუმენტის თანახმად, მხარეები, მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, აძლიერებენ ინფორმაციის გაცვლას და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლობას სამხედრო სფეროში; შესაბამისად, მათ შეუძლიათ ერთმანეთთან გაუზიარონ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში მოპოვებული ინფორმაცია (კლასიფიცირებული, უმკაცრესად საიდუმლო, განსაკუთრებული მნიშვნელობის) და გამოიყენონ ეს ინფორმაცია ერთობლივი ოპერაციების დროს. მხარეებს შორის ამ მემორანდუმის ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხოლოდ მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით. ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
„გაჭირვებულთა დახმარებაზე უარის თქმა ღმერთის უარყოფის ტოლფასია“ - რომის პაპი
24 დეკემბერს, შობის დღესასწაულის დადგომამდე, მსახურებაზე რომის პაპმა ლეონმა გაიხსენა, რომ იესო ბაგაში დაიბადა, რადგან ოჯახს გასაჩერებელი ადგილი არ ჰქონდა. მან ამ ამბით ქრისტიანებს შეახსენა, რომ ღარიბების და უცხოების დახმარებაზე უარის თქმა დღეს თავად ღმერთის უარყოფის ტოლფასია. „გაჭირვებულთა დახმარებაზე უარის თქმა თავად ღმერთის უარყოფის ტოლფასია,“ განაცხადა პაპმა შობის დღეესასწაულის წინა დღეს, წირვის დროს. რომის პაპმა, რომელმაც იმიგრანტებსა და ღარიბებზე ზრუნვა მთავარ საკითხად აქცია, თქვა, იესოს დაბადება მოწმობს ღმერთის ყოფნას ყოველ ადამიანში. „დედამიწაზე ღმერთის ადგილი არ არის, თუ ადამიანისთვის ადგილი არ არის. ერთზე უარის თქმა მეორეზე უარის თქმას ნიშნავს,“ - თქვა პაპმა საზეიმო წირვის დროს, რომელსაც ბაზილიკაში დაახლოებით 6000 ადამიანი დაესწრო. აშშ-ში დაბადებული პაპი ლეონი პირველ შობის დღესასწაულს ზეიმობს მას მერე, რაც მაისში ის ვატიკანში პაპად აირჩიეს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ. პაპმა ლეონმა, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრ პოლიტიკას იმიგრანტების მიმართ, პაპ ბენედიქტე XVI-ის ფრაზა გაიმეორა, რომ მსოფლიოს არ ანაღვლებს ბავშვები, ღარიბები და უცხოელები. „მაშინ, როცა გამრუდებული ეკონომიკა გვიბიძგებს ადამიანებს უბრალოდ საქონელივით მოვექცეთ, ღმერთი ხდება ჩვენი მსგავსი და ააშკარავებს ყოველი ადამიანის უსასრულო ღირსებას," - თქვა ლეონმა. "სადაც ადამიანის ადგილია, იქ ღმერთის ადგილიცაა," - თქვა პაპმა. - "ბაგაც კი შეიძლება უფრო საკრალური იყოს, ვიდრე ტაძარი."
სომხეთის საგარეო უწყება განმარტავს, როდის დაიწყება „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა
სომხეთის საგარეო უწყება განმარტავს, როდის დაიწყება „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა. „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის (TRIPP) პრაქტიკული ფაზა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რკინიგზა და გზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზები. „სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP კომპანია დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა რკინიგზის, გზის, ნავთობისა და [ბუნებრივი] გაზის მილსადენებისთვის, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისთვის,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელებას სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა და მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „მღვდელმთავრებმა მის უწმინდესობას მიულოცეს ეს თარიღი, გაიხსენეს არაერთი ეპიზოდი წარსულიდან და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას. საქართველოს საპატრიარქოს სახელითაც გულითადად ვულოცავთ ჩვენს მამას, ჩვენს პატრიარქს, აღსაყდრების დღეს და შევთხოვთ უფალს, მისი მამამთავრობა ჰყოს მრავალჟამიერი,“ - წერია თავის მხრივ, საპატრიარქოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის ფოტოები.
პოლონეთმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, დღეს, 25 დეკემბრის დილით, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში, პოლონურმა გამანადგურებლებმა „გზა გადაუჭრეს რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცის საზღვართან დაფრინავდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი ვიზუალურად ამოიცნეს და თავიანთი პასუხისმგებლობის ზონიდან გააცილეს. სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ ღამით შეამჩნიეს ობიექტები, რომლებიც ბელორუსის მხრიდან შედიოდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში და როგორც ვარაუდობენ, ეს იყო კონტრაბანდის საჰაერო ბუშტები. "უსაფრთხოების მიზნებისთვის საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დაიხურა სამოქალაქო გადაადგილებისთვის," - წერია განცხადებაში. 23 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის ბოლო მასშტაბური თავდასხმის დროს, პოლონეთმა კვლავ ააფრინა თავისი თვითმფრინავები და ოდესის რეგიონის მოსაზღვრე რუმინეთის რაიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ბოლო თვეებში რუსეთის გამანადგურებლებმა და დრონებმა არაერთხელ დაარღვიეს NATO-ს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცე. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერდა, სექტემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატებმა კერძო დღის წესრიგის ფარგლებში მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ნატოს თავდაცვის ძალები მზად არიან, ჩამოაგდონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გააფართოვა.
ყაზახეთი TRACECA-ს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავს
ყაზახეთი TRACECA-ს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს, რაც TRACECA-ს დერეფნის მონაწილე ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო ტვირთების გადაზიდვის გამარტივებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, იტყობინება Trend მთავრობის დადგენილების პროექტზე დაყრდნობით. კერძოდ, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი, TRACECA-ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ტვირთების გადაზიდვის ერთიანი სატრანზიტო ნებართვის გაცემის, გამოყენების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს. შეთანხმების მიზანია სატრანზიტო ნებართვების ერთიანი მექანიზმის შექმნა, საზღვრისპირა საავტომობილო ტრანსპორტის გამარტივება და დაჩქარება, გამჭვირვალობის გაზრდა და პროცედურების დიგიტალიზაცია. ცნობისთვის, TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრამდე ამბობს, რომ ახალ წლამდე „ბევრი რამის“ გადაწყვეტა შეიძლება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს, ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. „არცერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე - პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი. რა წერია ომის დასრულების 20-პუნქტიან გეგმაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მგრძნობიარე საკითხები, მათ შორის, ტერიტორიულ საკითხებზე ნებისმიერი კომპრომისი, სახელმწიფო მეთაურების დონეზე უნდა განიხილებოდეს. ზელენსკიმ ხუთშაბათს, 25 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან და პრეზიდენტის სიძესთან, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერთან. მან თქვა, რომ ზოგიერთი ოკუმენტი, რომელიც კონფლიქტის დასრულებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის უზრუნველყოფისკენ მიმართული უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია, „თითქმის მზადაა“, ზოგი კი, „სრულად მომზადებულია.“ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითქმის ერთ საათს გაგრძელებულმა სატელეფონო საუბარმა წარმოშვა „ახალი იდეები ფორმატების, შეხვედრების და... რეალური მშვიდობის დამყარების ვადების თვალსაზრისით.“ ტრამპი და მისი წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ როგორც უკრაინასთან, ასევე, რუსეთთან, რათა მიაღწიონ შეთანხმებას ომის დასრულების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო.
ტრამპი: აშშ-მ ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძლიერი დარტყმა განახორციელა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელა. მან ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტული ნაგავი უწოდა და დაჯგუფება „უდანაშაულო ქრისტიანების მიზანში ამოღებასა და სასტიკ მკვლელობაში“ დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა „მრავალი იდეალური დარტყმა განახორციელეს“. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ნიგერიის მთავრობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლიერია. აშშ-ის აფრიკის სარდლობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დარტყმები სოკოტოს შტატში ნიგერიასთან კოორდინაციით განხორციელდა. ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ მაიტამა ტუგარმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია იყო. ტრამპი ნიგერიის მთავრობას აფრთხილებს
სომხეთის მთავრობამ დახურა ტელე და რადიო კომპანია, რომელიც ეკლესიის მიერ მართული ტელეარხის - „შოღაკატის“ მაუწყებლობას უზრუნველყოფდა
სომხეთის მთავრობამ დახურა ტელევიზია და რადიოკომპანია, რომელიც ეკლესიის მიერ მართული ტელეარხის, „შოღაკატის“ მაუწყებლობას უზრუნველყოფს. ინფორმაციას სომხური News am ავრცელებს. „გაუქმდეს საზოგადოებრივი სულიერი და კულტურული ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანია,“ – ნათქვამია რეზოლუციაში, რომლის პროექტიც ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატიანმა წარადგინა. სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარეს დაევალა, 15 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია. „სულიერი და კულტურული საზოგადოებრივი ტელევიზიის კომპანია“ დაარსდა სომხეთის მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, მისი აქციების მართვის უფლებამოსილება საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს გადაეცა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სულიერი და კულტურული სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტრანსლაცია.
იაპონიის მთავრობამ თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც ჩინეთის შეკავებაა
The Associated Press-ის ცნობით, იაპონიის მთავრობამ მომავალი წლისთვის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 9 ტრილიონ იენს (58 მილიარდი დოლარი) აღემატება. რეკორდული თავდაცვის ხარჯები მიზნად ისახავდა ქვეყნის საპასუხო დარტყმის შესაძლებლობების და სანაპირო დაცვის გაძლიერებას ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით რეგიონში მზარდი დაძაბულობის საპასუხოდ. 2026 წლის ფისკალური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აპრილიდან იწყება, 2025 წელთან შედარებით 9.4%-ით მეტია და აღნიშნავს იაპონიის მიმდინარე ხუთწლიანი პროგრამის მეოთხე წელს, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებაზე წლიური ხარჯების გაორმაგებას მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე. The Associated Press-ი წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ხდება იაპონიაში ჩინეთის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედროები შეიძლება ჩაერთონ, თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. ბიუჯეტი ითვალისწინებს იაპონიის სარაკეტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 970 მილიარდ იენზე (6.2 მილიარდი აშშ დოლარი) მეტი თანხის გამოყოფას. სანაპირო ზოლის დასაცავად, იაპონია 100 მილიარდ იენს (640 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს უპილოტო საჰაერო, საზღვაო და წყალქვეშა სათვალთვალო და თავდაცვითი დრონების განლაგებაზე, რაც SHIELD-ის სახელით ცნობილი სისტემის ნაწილია და რომლის ამოქმედებაც 2028 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი. იაპონიის პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე გეგმავს.
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის პირველი ატომური წყალქვეშა ნავი წარადგინა - სახელმწიფო მედია
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ წარმოადგინეს პირველი ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი. სახელმწიფოებრივი მედიის მიერ, 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი თავის 12 წლის ქალიშვილთან და სავარაუდო მემკვიდრესთან კიმ ჯუ აესთან ერთად, სამშენებლო მოედანს ათვალიერებს. სეულის ჰანიანგის უნივერსიტეტის ყოფილმა წყალქვეშა ნავის ოფიცერმა და აკადემიკოსმა მუნ გეუნ-სიკმა განაცხადა, რომ ფოტოები იმაზე მიუთითებს, რომ გემის ძრავა და რეაქტორი უკვე ადგილზეა. ატომური წყალქვეშა ნავები 6 ფლოტის შემადგენლობაშია - აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ინდოეთის.
რომელ ქვეყნებს ირჩევენ ექსპატები
ექსპატებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების სია ცნობილია. 2025 წელს, 46 ქვეყნიდან პირველ ადგილზე პანამაა. კვლევის ხუთივე ძირითადი ინდექსის მიხედვით, პირველი ადგილი სწორედ ამ ქვეყანამ დაიკავა, მათ შორის, საზღვარგარეთ მუშაობის კრიტერიუმის მიხედვით. მეორე ადგილი კი, ქვეყანაში დამკვიდრების სიმარტივისა და ექსპატისთვის აუცილებელი ფაქტორების თვალსაზრისით, ხოლო მესამე ადგილი ცხოვრების ხარისხისა და პირადი ფინანსების მიხედვით დაიკავა. ფრილანსერებში, მომთაბარეებსა და პენსიონერებში პოპულარული პანამა ძირითადად, იზიდავს ადამიანებს, რომლებიც მის ბუნებრივ სილამაზეს და გარე აქტივობებს აფასებენ. მეორე ადგილზე მყოფმა კოლუმბიამ განსაკუთრებით კარგი ქულები დააგროვა პირადი ფინანსების (მეორე) და დამკვიდრების სიმარტივის (მესამე) რეიტინგებში. ცხოვრების დაბალმა ფასმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ხუთიდან თითქმის ოთხი ექსპატი ამბობს, რომ კმაყოფილია აქ არსებული ფინანსური მდგომარეობით. ეს კმაყოფილება ასევე ვრცელდება კუთვნილების განცდაზე, რადგან 80%-მა თქვა, რომ თავი ქვეყანაში მიღებულად და სახლში იგრძნო. მექსიკა მესამე ადგილზეა, მისი რეიტინგი კი, მეგობრული კულტურის წყალობით გაიზარდა. აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ მექსიკაში კავშირების დამყარება მარტივია. „ხალხი, კულტურა, საკვები, საოცარი სილამაზე, ცხოვრების ღირებულება, ჯანდაცვა - ეს ყველაფერი აქ ცხოვრების შესანიშნავი მიზეზებია,“ - განაცხადა ამერიკელმა დევიდ რაითმა, რომელიც პლაია დელ კარმენში ცხოვრობს და მარკეტინგული სააგენტოს მფლობელია. ტაილანდმა საერთო რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებით, კარგი ქულებით საერთო ბედნიერების (მეორე ადგილი) და პირადი ფინანსების (მესამე ადგილი) რეიტინგებში. აქ დასახლება ასევე მარტივია, რაც მას მეგობრების პოვნისა და ადგილობრივი მეგობრული დამოკიდებულების ტოპ 10-ში ქვეყანაში ანიჭებს ადგილს. ვიეტნამი პირველ ხუთეულში მოხვდა, პირადი ფინანსების ინდექსით პირველი და საერთო ბედნიერების ინდექსით მერვე ადგილზეა. ვიეტნამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. ათეულში ასევე არიან ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოდეთი, ესპანეთი, მალაიზია. მსოფლიო მიგრაციის ანგარიშის თანახმად [სულ 172 ეროვნების 10 000-ზე მეტი ექსპატი გამოიკითხა], მსოფლიო მოსახლეობის 3.6% საერთაშორისო მიგრანტად ითვლება. დღეს უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს თავისი წარმოშობის ქვეყნის გარეთ, ვიდრე ოდესმე. საზღვარგარეთ გადასვლას როგორც გამოწვევები, ასევე, სარგებელი მოაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ ექსპატის ბედნიერებას ახლა უფრო მეტად განსაზღვრავს ერთი ფაქტორი, ვიდრე ოდესმე - და ეს არის ფული.
აზერბაიჯანმა „რუსული სახლის“ ლიკვიდაციის პროცესი დაასრულა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კომენტარი გააკეთა ბაქოში „რუსული სახლის“ შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ მისი დახურვის გადაწყვეტილება საბოლოოა და ეს უკვე სრულად შესრულდა. მინისტრმა ეს განცხადება წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიხაილ კალუგინის ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ, რომელიც ბაქოსა და მოსკოვს შორის ამ საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას ეხებოდა. ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსული სახლი“ აზერბაიჯანში მოქმედებდა საჭირო რეგისტრაციის გარეშე და მან არაერთხელ დაარღვია ადგილობრივი კანონმდებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არაერთხელ ეცნობა ყველა რეგულაციის დაცვისა და დარღვევების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ. „ეს იყო „რუსული სახლის“ დახურვის გადაწყვეტილების მიზეზი. გადაწყვეტილება მიღებულია და შესრულდა. ქვეყანაში ყველა მსგავსი სტრუქტურა მკაცრად უნდა მოქმედებდეს აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად. ყველაფერი დანარჩენი მიუღებელია,“ - აღნიშნა მინისტრმა. ბაირამოვის ცნობით, „რუსულ სახლთან“ დაკავშირებით, რუსულ მხარესთან ბოლო კონტაქტები რამდენიმე კვირის წინ შედგა და იმ დროს ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექნიკური საკითხი კვლავ რჩებოდა. „რუსულმა მხარემ ლიკვიდატორები დანიშნა. ჩემი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, გადაუჭრელი საკითხები არ არსებობს და ლიკვიდაციის პროცესი სრულად დასრულებულია,“ - განაცხადა ბაირამოვმა. „რუსული სახლი“ არაფორმალური სახელწოდებაა რუსეთის ფედერალური სამთავრობო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოსი“, რომლის ოფიციალურ გვერდზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“. სააგენტოს თანახმად, ორგანიზაციას მსოფლიოს 71 ქვეყანაში 87 წარმომადგენლობა აქვს. ცნობისთვის, „როსსოტრუდნიჩესტვო“ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული არიან უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით საწვავის ექსპორტზე ტარიფების საკითხი გადაიჭრა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთში, საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის შემოთავაზებული საწყისი ტარიფი შეუსაბამო იყო, ტარიფების საკითხი გადაიჭრა და კომპანიებს შორის, ბაზარზე დაფუძნებული ტარიფები შეთანხმდება.“ „ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული ტარიფი ძალიან მაღალი იყო. ამან აზერბაიჯანულ მხარეს კითხვები გაუჩინა, რადგან შეთავაზება არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. თუმცა როგორც კი საქართველოს ხელმძღვანელობამ საკითხის შესახებ შეიტყო, ისინი ჩაერივნენ და სიტუაცია შეიცვალა. ტარიფების საკითხი მოგვარდა და კომპანიებს შორის ტარიფები ბაზრის პირობების შესაბამისად შეთანხმდება,“ - აღნიშნა ბაირამოვმა 2025 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. მანამდე საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების ტარიფებთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, ბიზნესი ტვირთის იმპორტ-ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს. ამასთან, მან რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთში რკინიგზის ის მონაკვეთები, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე გადის. კერძოდ, ფაშინიანი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იერასახიდან ნახიჩევანამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე, ასევე, დასავლეთ სომხეთში მდებარე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთების სრულ აღდგენას მოითხოვს. ასევე, ფაშინიანი რუსული მხარისგან აღმოსავლეთ სომხეთში მდებარე იჯევანიდან დასავლეთ აზერბაიჯანის ღაზახამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზეც აპირებს მოთხოვნის წაყენებას. აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების პირველი პარტია გაიგზავნა
ტრამპმა ზელენსკი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრანის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მასპინძლობს. ლიდერები აშშ-ს შუამავლობით შემუშავებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განახლებულ ვერსიას განიხილავენ, რომელსაც მოსკოვი ჯერჯერობით არ უჭერს მხარს. შეხვედრამდე ტრამპმა ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს - მისი თქმით, პუტინი სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ. პუტინის თანაშემწე იური უშაკოვიც ახსენებს სატელეფონო ზარს და ამბობს, რომ ორივე პრეზიდენტი თვლის, რომ ევროკავშირისა და უკრაინის მიერ შემოთავაზებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტს გაახანგრძლივებს - ტრამპმა ეს არ დაადასტურა. „მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი,“- აღნიშნავს ტრამპი და ამატებს, რომ უკრაინისთვის „ძლიერი“ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება და „ევროპული ერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი.“ ერთ-ერთმა რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, აჩვენებდა თუ არა კიევზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები იმას, რომ პუტინი სერიოზულად არ უყურებდა მშვიდობას. „არა, ის ძალიან სერიოზულად არის განწყობილი,“უპასუხა ტრამპმა. „ვფიქრობ, უკრაინამ ასევე განახორციელა რამდენიმე ძალიან ძლიერი თავდასხმა და ამას უარყოფით [კონტექსტში] არ ვამბობ. რუსეთის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე აფეთქება მოხდა.არ მგონია, რომ ეს კონგოდან მომხდარიყო. არ მგონია, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომხდარიყო. შესაძლოა, ეს უკრაინიდან მომხდარიყო.„ჩვენ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ. ეს ან დასრულდება, ან დიდხანს გაგრძელდება.“დამატებით, მილიონობით ადამიანი დაიღუპება და ეს არავის სურს.“ როდესაც ჰკითხეს, თუ რას ელის დღევანდელი მოლაპარაკებებიდან, ტრამპი პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია, ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ.“ აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ძლიერი“ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება და „ევროპული ერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი.“ თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, მოლაპარაკებები „რაც შეიძლება სწრაფად“ მოიტანს მშვიდობას. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მასპინძლობისთვის. მას ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ ტერიტორიული დათმობები იქნება, რაზეც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკითხი დღეს განიხილება. ზელენსკისთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ტრამპი პუტინს დაურეკავს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.