ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირმა €210 მილიარდის რუსული აქტივები უვადოდ გაყინა

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე შეთანხმდა. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს. ხსენებული გადაწყვეტილება უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს. „რუსეთის სუვერენული აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთს ძლიერ სიგნალს ვუგზავნით. ვიდრე ეს სასტიკი აგრესიული ომი გრძელდება, რუსეთის ხარჯები ზრდას განაგრძობს. ეს ძლიერი გზავნილია უკრაინისთვის: გვსურს, რომ ჩვენი მამაცი მეზობელი კიდევ უფრო გაძლიერდეს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. „რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ,“ - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. „ეს უზრუნველყოფს იმას, რომ 210 მილიარდ ევრომდე ოდენობის რუსეთის თანხები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, ვიდრე რუსეთი მის მიერ მიყენებული ზარალისთვის უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის. უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით მომავალ კვირას დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი გადამწვეტი მნიშვნელობის იქნება,“ - წერს კალასი X-ზე. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც. „ოქტომბერში, ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩებოდა, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებდა და მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებდა. დღეს ეს ვალდებულება შევასრულეთ. შემდეგი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა“, - აღნიშნავს კოშტა. ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისა და რეპერაციული სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18-19 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან.  

აშშ მზადაა, უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Axios

Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კენჭისყრაზე გამოიტანენ კონგრესში და იურიდიულად სავალდებულო ძალა ექნება. წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება. „გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც ერთი მხრივ, თავისუფალი მოქმედების აღმნიშვნელი არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. მზად ვართ, ეს კენჭისყრისთვის კონგრესს გადავუგზავნოთ,“  - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. „ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი იმით დასრულდება, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ყველაზე ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან აღდგენის პაკეტს მიიღებს,“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. Axios-ის ინფორმაციით, ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება. ცნობისთვის, მეხუთე მუხლი 1949 წლიდან არსებობს. ვაშინგტონში, 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების დაცულობის მთავარი გარანტია და სწორედ ეს მუხლი განაპირობებს ალიანსის გაფართოებას:  „მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ მათგანზე [ქვეყანაზე] ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, უნდა იქნეს განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე. შესაბამისად, ისინი თანხმდებიან, რომ ასეთი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, თითოეული მათგანი, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან თავდასხმის სამიზნე მხარეს ან მხარეებს, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით, ისეთი ქმედებებით, რაც მიჩნეულ იქნება საჭიროდ, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგენილ და შენარჩუნებულ იქნეს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.“  

Reuters: რუსეთის მიერ ნავთობისგან და გაზისგან მიღებული მოგება მინიმუმამდე ეცემა

Reuters-ის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სექტორის მიერ ნავთობისგან და გაზისგან დეკემბერში მიღებული მოგება, სავარაუდოდ, თითქმის განახევრდება გასულ წელთან შედარებით, რაც ნედლი ნავთობის ფასის კლებით და რუბლის გამყარებითაა გამოწვეული. სააგენტო წერს, რომ დეკემბრის მოგება 410 მილიარდი რუბლის, ანუ ხუთ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტის ოდენობის იქნება; ეს არის მინიმალური მონაცემი 2020 წლის აგვისტოდან - როცა ენერგომატარებლების გაყიდვები პანდემიის გამო შემცირდა და 405 მილიარდი რუბლი შეადგინა. სააგენტოს გათვლებით, მთელი წლის მოგება თითქმის მეოთხედით შემცირდება და 8,44 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება, რაც ნაკლებია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებთან შედარებით. „სამინისტრო 8,65 ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობდა,“ - წერს Reuters-ი. ნავთობითა და გაზით მოპოვებული მოგება კრემლისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ფედერალური ბიუჯეტი მასშტაბურად იხარჯება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში  შეიჭრა.  

ბელორუსმა 123 პატიმარი გაათავისუფლა

ბელორუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. გათავისუფლებულთა შორის არიან ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკა. საპატიმრო დატოვა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ალეს ბიალიაცკიმ.  „ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა,“ - აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. „ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან. აშშ-მ "ბელარუსკალიი" სანქციების ნუსხაში 2021 წლის აგვისტოში შეიყვანა. ეს კომპანია არის კალიუმის სასუქის უმსხვილესი მაწარმოებელი ევროპაში. სანქციები დაწესდა ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე - ეს კენჭისყრა დასავლეთის სახელმწიფოებმა არ სცნეს, გაყალბების შესახებ ცნობების გამო. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის ჯონ კოულის მიერ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-მ ბელორუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა. "პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ კალიუმს სანქციებს უხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-სგან ძალიან კარგი ნაბიჯია ბელარუსისთვის. ჩვენ მათ ახლავე ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის კავშირების ნორმალიზაციის გათვალისწინებით მოხსნილი იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია," - კოულის ამ სიტყვებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტა“ ავრცელებს.  

მერცი: Pax Americana დიდწილად დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე უნდა ვზრუნავდეთ

გერმანიის კანცლერმა „Pax Americana“ დასრულებულად გამოაცხადა. ფრიდრიხ მერცი ევროპიდან აშშ-ის სამუდამოდ გასვლის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა.  ამის შესახებ მან მიუნხენში, პარტია ქრისტიანულ-სოციალური კავშირის კონფერენციაზე განაცხადა. „Pax Americana-ს ათწლეულები ჩვენთვის, ევროპაში, და ასევე ჩვენთვის, გერმანიაში, დიდწილად დასრულებულია. ის აღარ არსებობს იმ ფორმით, რომელიც ვიცოდით და ნოსტალგია ვერ დაგვეხმარება. უკანასკნელი ვარ, ვინც ამ ნოსტალგიით სიამოვნებაზე უარს იტყოდა, მაგრამ ის უსარგებლოა. ეს ასეა. ამერიკელები საკუთარ ინტერესებზე ახლა ძალიან, ძალიან მტკიცედ ზრუნავენ და ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ ჩვენც ახლა ჩვენს ინტერესებზე უნდა ვზრუნავდეთ და ძვირფასო მეგობრებო, ამ მხრივ ჩვენ არც ისე სუსტები ვართ, არც ისე პატარები ვართ," - განაცხადა მერცმა. Pax Americana („ამერიკული მშვიდობა“) – ტერმინი, რომელიც აღებულია ლათინური „Pax Romana“ (რომაული მშვიდობა) და „Pax Britannica“ (ბრიტანული მშვიდობა) მოდელებიდან. ის აღნიშნავს პერიოდს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (1945 წლიდან), როდესაც აშშ გახდა წამყვანი ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული ძალა, რომელიც მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფაში ცენტრალურ როლს ითამაშებდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად თანხმობასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული, Pax Americana-ს განმსაზღვრელი მახასიათებელია უნიპოლარობა – მსოფლიო ძალაუფლება ერთ ცენტრზე.  

კალასი: თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის მთელი უკრაინის დაპყრობას გააგრძელებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას. „დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის. თუ ის დონბასს მიიღებს, ციხესიმაგრე დაინგრევა და შემდეგ აუცილებლად გააგრძელებენ მთელი უკრაინის დაკავებას. თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. ჩვენ ეს ისტორიიდან ვიცით და ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ,“ - აღნიშნა კალასმა. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე კომენტირებისას მანვე აღნიშნა, რომ ეს არ შეიძლება, მხოლოდ დოკუმენტები ან დაპირებები იყოს. „ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. როგორც ადრე ვთქვი, ბოლო ასი წლის განმავლობაში რუსეთი თავს დაესხა მინიმუმ 19 ქვეყანას, ზოგიერთ მათგანს სამჯერ თუ ოთხჯერ. არცერთი ეს ქვეყანა არასდროს დასხმია თავს რუსეთს, ამიტომ მათ არ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიები დანარჩენებს სჭირდებათ,“ - აღნიშნა კალასმა. მედიაში გავრცელებილი ცნობებით, უკრაინა მზადაა, დროებით „გაყინოს“ ფრონტი და დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის შესახებ მოთხოვნას. ამასთანავე, წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარი განაცხადა. 14 დეკემბერს ბერლინში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის, ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელ X-ში უიტკოფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ღრმა დისკუსია ჰქონდათ 20-პუნქტიან გეგმაზე, ეკონომიკურ საკითხებსა და ბევრ სხვა თემაზე და მიღწეულია „დიდი პროგრესი.“ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს გაგრძელდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც ომის დასასრულებლად უკრაინას და რუსეთს სთავაზობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. მოლაპარაკებებზე ზელენსკიმ დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის წინადადება უარყო. ინფორმაციას გამოცემა AFP ავრცელებს და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული მხარე მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა წინასწარი ტერიტორიული დათმობების გარეშე უნდა მოხდეს და მაქსიმუმი, რაზეც კიევი თანახმაა, ეს ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე საომარი მოქმედებების შეჩერებაა. ამ დროისთვის მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

ევროკავშირმა ჰიბრიდული საფრთხეების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა ჰიბრიდული საფრთხეების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ ჰიბრიდული ქმედებების, უცხოური ინფორმაციის მანიპულირებისა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ კიბერშეტევების გამო, სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 2 ორგანიზაციას დაუწესდა. სანქციების სიაში კრემლის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში მომუშავე საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები მოხვდნენ, რომლებიც პრორუსულ პროპაგანდას და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ. ევროკავშირმა სანქციების სიაში ასევე შეიყვანა ის პირები, რომლებიც ანტი-უკრაინულ და NATO-ს საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებენ. სანქცირებულ პირთა შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყოფილი სამხედროები და პოლიციელები არიან. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და სტრატეგიული ანალიტიკოსი, ჟაკ ბოდი, რომელიც „პრორუსულ პროპაგანდასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს.“ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა ფრანგ ბიზნესმენსა და ყოფილ სამხედრო ოფიცერს, ქსავიე მოროს. ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ამერიკელ ჯონ დუგანს, რომელიც ფლორიდის შერიფის ყოფილი მოადგილეა. დუგანი 2016 წლის შემდეგ რუსეთში ცხოვრობს და მას „ბრალად ედება კრემლის სასარგებლოდ ციფრული ოპერაციების წარმოება, ყალბი ამბების გამავრცელებელი ვებგვერდების მუშაობაში მონაწილეობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ცრუ ისტორიების გავრცელება.“ დღეს, ევროკავშირმა სანქციების სია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგაც გააფართოვა. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდაჭერის გამო სანქციები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას დაუწესდა.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: იუნესკომ ქართული ხორბალიც აღიარა, ესაა ჩვენი ხალხის და სამშობლოს თავგადასავალი, ღვინის, მრავალხმიანი სიმღერის და ქართული ანბანის აღიარებასთან ერთად

ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  „ესე იგი ქართული ჭიდაობა, ქართული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა, და დღეიდან უკვე ქართული ხორბალი UNESCO-ს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად აქვს აღიარებული. აი, ამაზე კარგად არაფერი აღწერს, როგორი ხალხის ქვეყანა ვართ. სიმღერა, ბრძოლა, ვაზი, ღვინო, ხორბალი, ანბანი. ესაა ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ისტორია...ეგეთები ვართ, გულიანები, შრომისმოყვარეები, ზარმაცები კი არა, ბედნიერებისკენ მიდრეკილი ხალხი... ცოტა შერეკილებიც, რადგან ამდენ მტერს, ამდენ თავსდატეხილ უბედობას რანაირად გავუძლებდით ისე. კიდევ ეს ყველაფერი რწმენით შევქმენით, ჩვენი ფესვები და იდენტობა ჩვენს სარწმუნეობაშიცაა. ქართველი, ფანატიკოსი არასდროს ყოფილა, მისი რწმენა სამშობლოსთან იყო ყოველთვის იდენტიფიცირებული. როგორი ფესვებიდან მოვდივართ, როგორი წინაპრებიდან... ამხელა მსოფლიოში, შენსას რომ აღიარებენ უნიკალურად... ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს, ხორბალს, ვაზს, ჭიდაობას, ანბანს, სიმღერას - ერთნაირი რუდუნებით რომ უვლიდნენ და ჩვენს სამშობლოს ქმნიდნენ შრომით, ბრძოლით, სწავლით და სიმღერით.“ UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა  

უკრაინამ კასპიის ზღვაში, რუსეთის ნავთობმომპოვებელ პლატფორმას დრონებით ერთ კვირაში მესამედ დაარტყა - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) სპეციალური ოპერაციების ცენტრის შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა ბოლო კვირის განმავლობაში მესამედ დაარტყა კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილ-ნიჟნევოლჟსკნეფტის“ ობიექტს. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. „უკრაინსკაია პრავდას“ უწყებაში წყარომ განუცხადა, რომ სპეციალური ოპერაციების ცენტრის დრონებით თავდასხმა განხორციელდა კომპანია „ლუკოილ-ნიჟნევოლჟსკნეფტის“ კუთვნილ პლატფორმაზე.  იერიშის შედეგად დაზიანდა ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, შეჩერდა საწარმოო პროცესები. გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, უკრაინის ძალებმა რუსეთის ძალებმა ნოვოროსიისკის პორტში რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყეს, რამაც გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ცნობისთვის, ზღვაში რუსეთის ფილანოვსკის და კორჩაგინის ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე დრონებით თავდასხმა 11 და 12 დეკემბერსაც განხორციელდა. ფილანოვსკის საბადო ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში და კასპიის ზღვის რუსეთის სექტორში. მისი მარაგი 129 მილიონ ტონა ნავთობს და 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.  

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ზღვის თავზე „უმართავი“ დრონი ჩამოაგდეს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე თურქეთის საჰაერო სივრცესთან მიახლოებისას, უმართავი დრონი ჩამოაგდეს.  უწყების ცნობით, შავი ზღვის თავზე თურქეთის საჰაერო სივრცესთან მიახლოებული საჰაერო ობიექტი დადგენილი პროცედურების შესაბამისად აღმოაჩინეს. „ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დრონი დასახლებულ პუნქტებს მიღმა, უსაფრთხო ადგილას ჩამოაგდეს,“ - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. „საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი და NATO-ს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები აფრინდნენ,“ - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს ცნობით, დრონი თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა და ის რუტინული პროცედურების ფარგლებში აღმოაჩინეს.  

ზელენსკი: არ ვაპირებთ, დონბასი რუსეთის ტერიტორიად დე იურედ ან დე ფაქტოდ ვაღიაროთ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად ხუთი დოკუმენტის მიღებას ელის, რომელთაგან ზოგიერთი იურიდიულად სავალდებულო იქნება, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან განაცხადა. „ხუთ დოკუმენტს ველით. მათი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, იურიდიულად სავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხმა მისცა და დაამტკიცა შეერთებული შტატების კონგრესმა. სადაც მეხუთე შესწორება არსებობს, „როგორც NATO-ში.“ Article 5 mirror - ანუ, მეხუთე შესწორების სარკისებური ანარეკლი ალიანსის ყველა წევრისთვის. ამას კენჭს უყრის კონგრესი, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების დეტალები სამხედროებთან განიხილეს. „მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მეორე ბლოკია უკრაინის აღდგენა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი დოკუმენტი მოიცავს ამ საკითხს. „ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ფულზე და სპეციალური ფონდის შექმნაზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს პირველად წამოჭრა ომის შედეგად სახლების დაკარგვის გამო იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დახმარების საკითხი. „ეს დიდი თანხაა, ათობით მილიარდი დოლარი. ვფიქრობ, საბოლოოდ დაახლოებით 70-80 მილიარდი დოლარი იქნება. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა ეს გაიგონ. საჭიროა შესაბამისი კომპენსაცია, რათა უკრაინელებს სურდეთ უკრაინაში ცხოვრება და ჰქონდეთ ეს შესაძლებლობები,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ასევე ისაუბრა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის მიზნით თანხების მოზიდვის საკითხზე, რადგან ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტებზე მუშაობაში ჩართულია როგორც აშშ, ასევე ევროპა. „ევროპელებთან ერთად დღეს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრეთ. ყველა ეს ნაბიჯი პირადად განვიხილეთ. ვფიქრობ, როდესაც დოკუმენტებზე მუშაობას დავასრულებთ ან საბოლოო ვერსიას მივუახლოვდებით, მას შევხვდებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეთანხმებებისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, რადგან ომი რთულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ხანგრძლივი იქნება. „ამერიკელებს სწრაფი დასრულება სურთ; ჩვენთვის ამ სისწრაფეში მნიშვნელოვანია ხარისხი. თუ სიჩქარე და ხარისხი ერთმანეთს დაემთხვევა, ორივე ხელის აწევით თანახმა ვართ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინას არ სურს დონბასის რუსეთისთვის გადაცემა, რის გამოც შეერთებული შტატები კომპრომისის პოვნას ცდილობს. „არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ; ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს მის არსებობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება ამჟამად არ განიხილება, თუმცა, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, უკრაინის მთავრობა არჩევნებისთვის მზადაა.  15 დეკემბერს, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკების მეორე დღის ბოლოს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ათამდე სახელმწიფოს ლიდერები და ევროკომისიისა და ნატოს ხელმძღვანელებიც. შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება. ისინი მიესალმნენ აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას და დაადასტურეს ერთობლივად მუშაობის ვალდებულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და ეკონომიკური აღდგენა. განცხადება მოიცავს წინადადებას, ევროპის ხელმძღვანელობით და აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნას მრავალეროვანი ძალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღორძინებას და უკრაინის ცის და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის, უშუალოდ უკრაინაში ოპერაციების ჩატარების გზით.  

კალასი: სომხეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა გარე ჩარევის თავიდან ასაცილებლად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში. კაია კალასმა განმარტა, რომ ეს საკითხი 15 დეკემბერს განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. კალასის თქმით, სომხეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა გარე ჩარევის თავიდან ასაცილებლად. უფრო ადრე, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა გააძლიერა დეზინფორმაციის კამპანია სომხეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. “სომხეთს მომავალ წელს არჩევნები აქვს. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. სომხეთმა მოგვმართა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში იგივე მხარდაჭერა ითხოვეს, რაც ჩვენ მოლდოვას გავუწიეთ,“ - განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლედ აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილეს „ჰიბრიდული საფრთხეები“. მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან იგულისხმება ეს საფრთხეები. „განვიხილეთ ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის სფეროში მიღწეული ყველა ძირითადი მიღწევა... ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეები და ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკონომიკის მინისტრმა სომხეთის პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ სომხეთის მთავრობას 2026 წლის არჩევნებამდე გარე საფრთხეების გასანეიტრალებლად დახმარება სჭირდება. „შესაძლოა იყოს ჰიბრიდული თავდასხმები, კერძოდ, ჩვენი დემოკრატიის საფრთხის შექმნის მცდელობები და სხვადასხვა სახის ყალბი ამბების ან საარჩევნო მოსყიდვის მექანიზმების გამოყენება გარკვეული წრეების მიერ, რომლებიც მილიარდობით დოლარს ფლობენ,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. გევორქ პაპოიანმა ასევე არ დაასახელა კონკრეტული ქვეყანა, თუმცა თქვა, რომ სომხეთს სჭირდება ფულადი რესურსები, ძალა და ცოდნა, როგორ ებრძოლოს გარე ჩარევის საფრთხეს. ევროკავშირი სომხეთს ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და არჩევნებზე უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ, ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს სომხეთმა და გერმანიამ პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე  

უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა, კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერა

34 ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დააფუძნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს ავრცელებს. მას საქართველოც შეუერთდა, კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. „საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად... საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს. „მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ. დიპლომატიურ კონფერენციას 50 ქვეყნის ლიდერი და მაღალი დონის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სჰოფი. “მოველით, რომ ზიანისა და სარჩლების რეესტრიდან კომპენსაციისთვის ყოველი მექანიზმიდან რეალურ გადასახადებამდე - დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის საერთაშორისო მხარდაჭერას მიიღებს, რათა ხალხმა ნამდვილად შეძლოს შეგრძნება, რომ ომით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი შეიძლება ანაზღაურებულ იქნას. ეს ომი, და მისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა, ცხადი მაგალითი უნდა გახდეს - რათა სხვებმა ისწავლონ აგრესიის არარჩევა,” - განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.  

ბრიტანეთის მთავრობა აბრამოვიჩს უკრაინისთვის £2.5 მილიარდის „გადახდის უკანასკნელ შანსს აძლევს“

დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უკრაინულ ფონდს გადასცეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ლიცენზიას გასცემენ „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გადაცემაზე, რომელიც გაყინულია 2022 წლიდან. აბრამოვიჩისადმი ჩემი მესიჯი ასეთია: დრო მიდის, პატივი ეცით ვალდებულებებს, რომლებიც აიღეთ და ახლა გადაიხადეთ. თუ არ გადაიხდით, მზად ვართ სასამართლოს მივმართოთ, რათა ყოველი პენი ერგოს მათ, ვისი ცხოვრებაც პუტინის უკანონო ომით იქნა განადგურებული,“ - განაცხადა სტარმერმა.  

აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების პირველი პარტია გაიგზავნა

აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების პირველი პარტია სომხეთში ხუთშაბათს, 18 დეკემბერს ბილაჯარის სადგურიდან გაიგზავნა. Report-ის ცნობით, 1220 ტონა AI-95 საავტომობილო ბენზინი, რომელიც 22 ვაგონში ჩაიტვირთა, ხუთშაბათ საღამომდე „აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) სატვირთო მატარებლით აღსტაფის რაიონში მდებარე ბოიუკ-კესიკის სადგურზე გადაიგზავნება. შემდეგ ტვირთი საქართველოს ტერიტორიის გავლით, ტრანზიტით სომხეთში გადაიზიდება. აზერბაიჯანული სააგენტო APA წერს, რომ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევსა და სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს შორის 28 ნოემბერს გაბალაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს SOCAR-ის მიერ წარმოებული AI-95 ბენზინის 22 ვაგონი გადაიზიდება. „აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტს მხოლოდ კომერციული ხასიათი აქვს და ბენზინი საერთაშორისო ბაზრის ფასების შესაბამისად გაიყიდება.  მინდინარე წლის 5 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ  პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს,“ - წერს აზერბაიჯანული მედია და მიუთითებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს „სამშვიდობო დღის წესრიგი მხოლოდ დეკლარაცია არ არის, არამედ, ის პრაქტიკაშიც ხორციელდება.“ „აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში ასახავს სამშვიდობო პროცესში ეკონომიკური დივიდენდების კონცეფციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების დამყარებისკენ. ეს ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და მომავალში ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას,“ - წერს APA.  

ამერიკამ ტაივანისთვის უდიდესი, $11 მილიარდის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მ ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტი დაამტკიცა, რაც ისტორიაში ყველაზე დიდი პაკეტია. ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა უკვე ხელმეორედ დაამტკიცა. გასულ თვეში პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მ ტაივანისთვის $330 მილიონის ღირებულების ავიაგამანადგურებლების ნაწილების მიყიდვა დაამტკიცა. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღის შესყიდვის წინადადება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, ჰაუბიცებს, ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებსა და სხვა სახის აღჭურვილობის ნაწილებს. თავის მხრივ, პენტაგონის ცნობით, ხსენებული გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. ახალი პაკეტი ტაიბეის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და "სანდო თავდაცვითი შესაძლებლობების" შენარჩუნებას მოხმარდება. ჩინეთი "მტკიცედ ეწინააღმდეგება და გმობს" აშშ-ს მხრიდან ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პეკინი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.  

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და დამატებით 41 გემს პორტებში შესვლა აუკრძალა. „აღნიშნული ნაბიჯის მიზანს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომლებიც ნავთობის ფასებზე ლიმიტს გვერდს უვლიან და რუსეთის ენერგოსექტორს მხარს უჭერენ; ან იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე ან მონაწილეობენ უკრაინიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულისა და ტვირთის ტრანსპორტირებაში,“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. დასანქცირებული რუსული გემების რაოდენობა ჯამში, 600-მდე გაიზარდა. ევროკავშირის საბჭო აცხადებს, რომ ბლოკი კვლავ მზადაა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთსა და მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ჯაჭვზე, მათ შორის, დამატებითი სანქციების მიღებით. 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა მასობრივად გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელთა მიზანია რუსეთის ეკონომიკური ბაზის მნიშვნელოვნად შესუსტება, მისთვის კრიტიკული ტექნოლოგიებისა და ბაზრების ჩამორთმევა და ომის წარმოების უნარის მნიშვნელოვნად შემცირება.  

დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობკომპანიები დაასანქცირა

ენერგოსექტორში ოპერირებით "რუსეთის მთავრობის მხარდაჭერის ან მისგან სარგებლის მიღების გამო", დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის მომპოვებელი კომპანიები, Татнефть, Русснефть, Руснефтегаз და NNK-Oil დაასანქცირა. სულ შეზღუდვები შეეხება 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან.  რუსული ნავთობკომპანიების გარდა გაერთიანებული სამეფოს ახალი სანქციები შეეხო ნავთობის ბიზნესში ჩართულ მილიარდერ მაგნატს ალი ლახანისაც, რომლის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ შეზღუდვები ევროკავშირმაც გამოაცხადა. ცნობისთვის, Татнефть-ის ნაწილობრივი მფლობელი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის მთავრობაა. NNK-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კი, Rosneft-ის ყოფილი ხელმძღვანელი ედუარდ ხუდაინატოვია. კომპანია Русснефть-ს კავშირები აქვს რუს მილიარდერ მიხეილ გუცერიევთან. დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა  

აშშ-მ ჰააგის სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე, მათ შორის, გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორდქიფანიძეს სანქციები დაუწესა. ლორთქიფანიძის გარდა, ასევე, დასანქცირდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონღოლი მოსამართლე, ერდენებალსურენ დამდინი. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს. „ეს პირები პირდაპირ არიან ჩართულნი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მცდელობებში გამოიძიონ, დააპატიმრონ, დააკავონ ან გაასამართლონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის თანხმობის გარეშე... საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის... სასამართლოსადმი ჩვენი მესიჯი ცხადია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, უარყოფენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას," - განაცხადა რუბიომ. 2024 წლის ნოემბერში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცეს, რის მიზეზადაც ღაზის კონფლიქტის დროს ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სახელდება. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დაუწესა სანქციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცხრა მოსამართლეს და პროკურორს.  

ტრამპმა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრ კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის შეჩერების ბრძანება გასცა. მისივე განმარტებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის პოლიციის უფროსის ოსკარ პერესის თქმით, ეჭვმიტანილი, პორტუგალიის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტე თავდაპირველად აშშ-ში სტუდენტური ვიზით 2000 წელს შევიდა, ხოლო 2017 წელს მუდმივი რეზიდენტი გახდა. ვალენტე ხუთშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, „დაუყოვნებლივ“ მიემართა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისთვის, შეეჩერებინათ „კატასტროფული“ პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალდეს. „ეს საზიზღარი ადამიანი არასდროს უნდა შემოეშვათ ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ნოემმა ეჭვმიტანილის შესახებ. "მწვანე ბარათი" - ოფიციალურად მუდმივი რეზიდენტის ბარათია, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. "მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამა 1990 წლიდან მოქმედებს და მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს. ყოველწლიური გათამაშების საფუძველზე 50 000-მდე საიმიგრაციო ვიზა გაიცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელია. "მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამის (DIVP) გათამაშების გამარჯვებულები ვიზების მიღებამდე სტანდარტულ შემოწმებას და საკონსულო გასაუბრებას გადიან. "ტრამპის ოქროს ბარათის" პროგრამა ამოქმედდა