ძებნის რეზულტატი:

დასავლეთ აფრიკაში, ბენინში ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს

BBC დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკა ბენინში ჯარისკაცებმა ეროვნულ ტელევიზიით მიმართვისას განაცხადეს, რომ მათ პრეზიდენტი პატრის ტალონი თანამდებობიდან გადააყენეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ჯარისკაცებმა კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების, ყველა სახმელეთო საზღვრის, ასევე, ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გამოაცხადეს. თუმცა პრეზიდენტთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ პატრის ტალონი კარგადაა და რომ ტელევიზიაში მყოფ ჯარისკაცთა მცირე ჯგუფს რეგულარული არმიის მხარდაჭერა არ ჰქონდა. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,“ - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეგუნ აჯადი ბაკარიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს.“  ბენინში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს, ქალაქ კოტონუში, რომელიც მთავრობის ადგილსამყოფელია, სროლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია. ქალაქ კოტონუს თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ და რამდენიმე ქუჩაზე, სადაც სამხედროები იმყოფებიან, გზები გადაკეტილია.  ბენინი, რომელიც საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა, აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ დემოკრატიად ითვლება. ის კონტინენტზე ბამბის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, თუმცა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორისაა.  

ბუდანოვის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას შეუძლია კრემლის მაღალი თანამდებობის პირების საუბრების მოსმენა

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს კრემლის მაღალი თანამდებობის პირებს შორის საუბრების მოსმენის შესაძლებლობა. „RBC-უკრაინის“ კორესპონდენტთან საუბრისას ბუდანოვმა მოკლედ დაადასტურა დაზვერვის შესაძლებლობები. „დიახ, შეგვიძლია. ამისთვის ანაზღაურებას ვიღებთ,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. კომენტარი გაკეთდა დასავლური მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ფონზე, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინამ შესაძლოა, ჟურნალისტებს მიაწოდა პუტინის მრჩეველ იური უშაკოვსა და ელჩ სტივ ვიტკოფს შორის საუბრების ჩანაწერები. უფრო ადრე, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურების საფრთხე აიძულებს უკრაინას, რუსეთის პირობებით მოლაპარაკებები აწარმოოს. თუმცა ეს გავლენის შეზღუდული ფაქტორია, ამიტომ, რუსეთი ჩქარობს თავისი „წინადადებებით.“  

სომხეთმა და გერმანიამ პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და გერმანიას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ. ამის შესახებ სომხური მედია წერს. ხელმოწერილი დოკუმენტით მხარეები ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების ორმხრივ სურვილს და აღიარებენ ურთიერთნდობასა და ინტერესთა თანხვედრას სხვადასხვა სფეროში. მხარეები იხსენებენ ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი შეთანხმებით (CEPA) დადგენილ ჩარჩოს, ასევე, ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. აღნიშნავენ სომხეთის რესპუბლიკის მისწრაფებას, კიდევ უფრო გააძლიეროს კავშირები ევროკავშირთან და დემოკრატიული სახელმწიფოების ფართო საზოგადოებებთან. მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის კუთხით; ასევე - საერთო ინტერესთა სფეროებია ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგია და ტრანსპორტი, ასევე, ტურიზმის განვითარება, სამართლიანობა და კონსტიტუციური რეფორმა, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა.  

28 წლის განმავლობაში პირველად, მაიამს „დემოკრატი“ მერი ჰყავს

28 წლის განმავლობაში პირველად, მაიამის მერი „დემოკრატი“ გახდა. 61 წლის ეილინ ჰიგინსი მაიამის ისტორიაში პირველი ქალი მერია. მაიამის მერის არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ეილინ ჰიგინსმა ხმების 60% დააგროვა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, ემილიო გონსალესი დაამარცხა. შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰიგინსმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ „მაიამიმ ახალი კურსი აირჩია“.  

ტრამპი: ხალხს ყოველთვის კატასტროფული, დანაშაულით სავსე ადგილებიდან ვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმიგრაციისგან გამოწვეულ პრობლემებზე. მან ამით გამოწვეულ უსაფრთხოების რისკებზე გაამახვილა ყურადღება. „რატომ არ ვიღებთ ხალხს ნორვეგიიდან და შვედეთიდან. ცოტა დანიიდან გამოგზავნეთ. წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ რამდენიმე წესიერი ადამიანი გამოგზავნოთ? ჩვენ ხალხს ყოველთვის სომალიდან და კატასტროფული ადგილებიდან ვიღებთ, არა? ბინძური, საზიზღარი და დანაშაულით სავსე ადგილებიდან, ერთადერთი რაც კარგად შეუძლიათ, გემებზე თავდასხმაა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

ავსტრალიაში 16 წლამდელებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა აიკრძალა

ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა და მასზე წვდომა დაბლოკა. 10 უმსხვილეს პლატფორმას, მათ შორის, TikTok-ს, Alphabet-ს, YouTube-ს, Meta-ს, დაევალათ ბავშვების დაბლოკვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი კანონის თანახმად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან, 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (33 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრებათ. ავსტრალიის მთავრობის ამ ნაბიჯს ბევრი მშობელი და ბავშვთა დამცველი მიესალმა, თუმცა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სიტყვის თავისუფლების დამცველებმა გააკრიტიკეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ დღევანდელ დღეს ოჯახებისთვის „საამაყო დღე“ უწოდა. „ეს უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური და კულტურული ცვლილება, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ყოფილა. ეს არის ღრმა რეფორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გააგრძელებს გამოძახილს,“ - განაცხადა ალბანეზემ.    

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში ორი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი დაამატა. სანქციები მოიცავს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე დუგინისა და ზვინჩუკის შესვლის აკრძალვას, ასევე მათი და სანქცირებული ორგანიზაციების საქმიანობის გაყინვას ქვეყანაში. შეზღუდვები დაუწესდა რუს იდეოლოგს, ალექსანდრე დუგინის და ბლოგერს, მიხაილ ზვინჩუკს. სანქციები ასევე დაეკისრა დუგინის მიერ დაარსებულ გეოპოლიტიკური კვლევებისა და საინფორმაციო რესურსების ცენტრს, საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდს, ბრიუსელში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს „გოლოსსა“ და „ევრომორს“ და პროექტ „რიბარს.“  

ყაზახეთი ნავთობს CPC‑დან BTC‑ზე გადაამისამართებს

„Report“-ის ცნობით, დეკემბერში „ყაზტრანსოილი“ დაახლოებით 60 000 ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) სისტემიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე გადაამისამართებს. შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, ასტანის დროით 06:06 საათზე, ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს CPC-ის საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტებს უპილოტო წყალქვეშა ნავები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად, საზღვაო ნავმისადგომის ობიექტი VPU-2 მნიშვნელოვნად დაზიანდა და სრული რემონტისა და აღდგენითი სამუშაო დასრულებამდე არ მუშაობს. კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახეთის ნავთობის 80%-ის ექსპორტს ახორციელებს.  გასულ კვირას, თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის შავი ზღვის სანაპიროსთან რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, თურქეთის სურვილია, რომ, ომის მიუხედავად, ენერგორესურსების მიწოდება დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს. მან კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და დაასახელა კასპიის მილსადენის კონსორციუმის კუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მისი თქმით, დაცული უნდა იყოს.  

საქართველო ბიტკოინის ყველაზე დიდი რეზერვების მქონე სახელმწიფოების ათეულშია

2025 წლის 18 ნოემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში, ტოპ 10 ქვეყანა ფლობს 518,500 BTC-ს - 47.7 მილიარდ დოლარს, რაც კრიპტოვალუტის მთლიანი ღირებულების დაახლოებით 2.5%-ს შეადგენს. ბიტკოინის წამყვანი მფლობელია შეერთებული შტატები, რომლის ღირებულება 18.2 მილიარდი დოლარია, 198,012 BTC-ს. მას მოსდევს ჩინეთი (194,000 BTC) და გაერთიანებული სამეფო (61,245 BTC). ბიტკოინის მფლობელთა ტოპ ქვეყნები: აშშ — 198,012 BTC და 18.2 მილიარდი დოლარი ჩინეთი — 194,000 BTC და 17.83 მილიარდი დოლარი დიდი ბრიტანეთი — 61,245 BTC და 5.63 მილიარდი დოლარი უკრაინა — 46,351 BTC და 4.26 მილიარდი დოლარი ბჰუტანი — 11,286 BTC და 1.04 მილიარდი დოლარი სალვადორი — 7,475 BTC და 687.16 მილიონი დოლარი ფინეთი — 90 BTC და 8.27 მილიონი დოლარი საქართველო — 66 BTC და 6.07 მილიონი დოლარი  

"ტრამპის ოქროს ბარათის" პროგრამა ამოქმედდა

იმიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლის ფონზე, აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად ერთი მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი დარეგისტრირდა. „ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ. განაცხადის შევსება ვებგვერდზე, Trumpcard.gov-ზე 15 000 დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი. შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის „შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ. „ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია,“ - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს. „მალე გამოვა“ „ტრამპის პლატინის ბარათიც“. ეს ბარათი მფლობელებს საშუალებას მისცემს, აშშ-ში 270 დღემდე გაატარონ, არაამერიკული შემოსავლის დაბეგვრის გარეშე. მისი ღირებულება 5 მილიონი დოლარი იქნება.  

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. „იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება,“ – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.  

UNESCO-მ იტალიურ კულინარიას განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

იტალიურ კულინარიას გაეროს კულტურულმა სააგენტო განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. პიცა უკვე შეტანილია იუნესკოს, „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის“ სიაში, თუმცა ახლა იტალიური კულინარიული ტრადიციები და მათი გამოყენებისა და მიწოდების წესი დაჯილდოვდა. „ჩვენთვის, იტალიელებისთვის, სამზარეულო არ არის მხოლოდ საკვები ან რეცეპტების კრებული. ის ბევრად მეტია: ეს არის კულტურა, ტრადიცია, შრომა, სიმდიდრე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ. კულტურულმა სააგენტომ იტალიური სამზარეულო აღწერა, როგორც „ოჯახთან და საზოგადოებასთან დაკავშირების საშუალება, იქნება ეს სახლში, სკოლაში თუ ფესტივალების, ცერემონიებისა და სოციალური შეკრებების მეშვეობით.“ იტალიის ინდუსტრიის ლიდერები და მთავრობის მინისტრები იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმს ქვეყანაში, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 80 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს.  

უნგრეთი აზერბაიჯანისგან 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს

უნგრეთი ორწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში აზერბაიჯანისგან 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს. უნგრეთმა აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ ორწლიან ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ მედიაში დაწერა.  10 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და უნგრეთის MVM ONEnergy-მ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს. MVM ჯგუფს ასევე ეკუთვნის 5%-იანი წილი შაჰ-დენიზის გაზის პროექტში და 4%-იანი წილი სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიაში (SCPC), რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორია.  

ამერიკული ბომბდამშენები სამხედრო წვრთნების დროს იაპონურ თვითმფრინავებს შეუერთდნენ

ტოკიოს განცხადებით, ოთხშაბათს, აშშ-ის ბირთვული ქობინით აღჭურვილი ბომბდამშენები იაპონიის ზღვაზე იაპონურ გამანადგურებლებთან ერთად გადაფრინდნენ, რაც ჩინეთისა და რუსეთის მიერ იაპონიისა და სამხრეთ კორეის გარშემო ჩატარებული წვრთნების შემდეგ, ძალის დემონსტრირებას ნიშნავდა. იაპონიამ და აშშ-მ „კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, თავიდან აიცილონ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით შეცვლის ნებისმიერი ცალმხრივი მცდელობა და დაადასტურეს როგორც თავდაცვის ძალების (SDF), ასევე, აშშ-ის ძალების მზადყოფნა,“ - ნათქვამია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.  

ტრამპის თქმით, აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან დააკავა სანქცირებული ნავთობტანკერი. ნავთობტანკერის დაკავებამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია და ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაამწვავა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მანამდე დაკავებულ ტანკერებს შორის ყველაზე დიდია. ვენესუელას მთავრობა შეერთებული შტატების მიერ ნავთობტანკერის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აშკარა ქურდობა და საერთაშორისო მეკობრეობის აქტია. ტრამპმა არაერთხელ წამოჭრა აშშ-ის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა ვენესუელაში. ეს ვენესუელური ნავთობის ტვირთის დაკავების პირველი შემთხვევაა აშშ-ის სანქციების ფონზე, რომლებიც 2019 წლიდან მოქმედებს. პენტაგონში უფრო ადრე განცხადეს, რომ აშშ-მაწყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით დატვირთული გემები დაბობმა.  

ევროკავშირი საქართველოში Alumni ქსელს აფუძნებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 30-წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელზეც წარმომადგენლობამ ევროკავშირის Alumni (კურსდამთავრებული) ქსელის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრას სხვადასხვა ევროპული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მზარდი საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამასთანავე, აღინიშნა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს განვითარების, სტაბილურობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერის შედეგია. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, დამსწრეებს მიმართა და 30-წლიანი გზის შესახებ ისაუბრა - 1990-იანი წლების ჰუმანიტარული დახმარებიდან დღევანდელ მრავალმხრივ თანამშრომლობამდე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ რეფორმებს, მშვიდობის მშენებლობასა და ხალხთა შორის ურთიერთობებს. ევროკავშირის ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საგანმანათლებლო მობილობის გავლენასა და ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნის მნიშვნელობას: “ოცდაათი წლის განმავლობაში, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას – როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ: საქართველო ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. მოვუწოდებ თითოეულ ქართველს, შეინარჩუნოს იმედი, რადგან თქვენი მომავალი ევროპაშია – და ჩვენ ამ გზას ერთად გავაგრძელებთ.” „ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო–ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერებისკენ. ქსელი გააერთიანებს გაცვლითი პროგრამების ყოფილ მონაწილეებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს და მიზნად ისახავს დინამიკური პლატფორმის შექმნას ცოდნის გაზიარებისთვის, თანამშრომლობის ხელშეწყობისა და იმ საერთო ღირებულებების განმტკიცებისთვის, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს,“ - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საპროტესტო აქციების ფონზე, ბულგარეთის მთავრობა გადადგა

ბულგარეთში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ჟელიაზკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება იქამდე გაავრცელა, ვიდრე პარლამენტი მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრას ჩაატარებდა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნის მიზეზად ეკონომიკურ პოლიტიკასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობას ასახელებდნენ. გასულ კვირას მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა, რის შემდეგაც მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია.  

NATO-ს გენმდივანი: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, მოქმედების დროა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, „ზოგიერთი სასწრაფო რეაგირების აუცილებლობას არ გრძნობს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული საფრთხეების გათვალისწინებით, ახლა მოქმედების დროა. „დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია NATO და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“, - განაცხადა რუტემ. „ძალიან ბევრი თვითკმაყოფილებას იჩენს. ახლა კი, მოქმედების დროა. მოკავშირეთა შორის თავდაცვის ხარჯები და წარმოება სწრაფად უნდა გაიზარდოს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ის საშუალებები უნდა ჰქონდეთ, რაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია,“ - აღნიშნა რუტემ. რუტეს თქმით, რუსეთი NATO-სა და უკრაინის მიმართ „კიდევ უფრო დაუდევარი და სასტიკი გახდა.“ „ცივი ომის დროს პრეზიდენტი რეიგანი ბოროტების იმპერიის მისწრაფებების შესახებ გვაფრთხილებდა. დღეს, პრეზიდენტი პუტინი კვლავ იმპერიის მშენებლობის პროცესშია. მსოფლიო ისტორიის შესახებ თავისი დამახინჯებული შეხედულებით, პუტინს სჯერა, რომ მის ძალაუფლებას ჩვენი თავისუფლება საფრთხეს უქმნის და ჩვენ რუსეთის განადგურება გვსურს,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. რუტეს თქმით, 2029 წლისთვის თავდაცვისთვის დაახლოებით 152 მილიარდი დოლარია დაგეგმილი, რაც მშპ-ს 3.5 პროცენტს შეადგენს. გერმანია ევროპაში წამყვანი და ალიანსში მამოძრავებელი ძალაა, მისი ლიდერობა კი, აუცილებელია კოლექტიური თავდაცვისთვის. „კონფლიქტი ჩვენს კარს მოგვადგა. რუსეთმა ომი ევროპაში დააბრუნა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა ან დიდმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს,“ - აღნიშნა რუტემ.  

ზელენსკი: ტერიტორიების საკითხი უკრაინელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით ან რეფერენდუმით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ტერიტორიების საკითხი უკრაინელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით ან რეფერენდუმით. „ვთვლი, რომ ამ კითხვაზე უკრაინელმა ერმა უნდა გასცეს პასუხი. არჩევნების ფორმატში ან რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ უკრაინელი ერის პოზიცია უნდა იყოს. ვნახოთ, შემდგომ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ახლა, ვთვლი, რომ რეალურად ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს ჯარზე. რისი შეკავება შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, როგორ შეუძლიათ დგომა, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ამას მთელ დიპლომატიურ კონსტრუქციაზე აქვს გავლენა,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს მთელ დონბასზე სურს კონტროლის მოპოვება, რასაც კიევი არ დაეთანხმება. ზელენსკის თქმით, ამერიკელები რაღაც ფორმატს ეძებენ. ისინი განიხილავდნენ საკითხს „თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან“ დაკავშირებით. ამერიკელები ასე ეძახიან ამას, ხოლო რუსები - „დემილიტარიზებულ ზონას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციაა, რომ სამხედროები იქ დარჩნენ, სადაც ახლა იმყოფებიან შეხების ხაზზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელები უკრაინისა და რუსეთის პოზიციებში უთანხმოებას ხედავენ და „კომპრომისს“ სთავაზობენ. „ისინი ხედავენ ისე, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ტერიტორიიდან გადიან და კომპრომისი თითქოსდა იმაშია, რომ რუსი სამხედროები არ შედიან დონეცკის ოლქის ამ ტერიტორიაზე. ვინ იქნება ამ ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ისინი უკვე ეძახიან „თავისუფალ ეკონომიკურ ზონას“ ან „დემილიტარიზებულ ზონას“ - მათ არ იციან. დაახლოებით ასე გამოიყურება ახლა ამერიკის შეერთებული შტატების კომპრომისული ხედვა… უნდა გავაგრძელოთ საუბარი და ვცადოთ ყველა კითხვაზე პასუხები ვიპოვოთ ისე, რომ ყველაფერი უფრო ადეკვატურად იყოს. მაგალითად, ესენი გავიდნენ 5 კილომეტრით, ისინიც - 5 კილომეტრით. თუ ერთი გავიდა 10 კილომეტრით, მაშინ მეორეც - 10 კილომეტრით. ისევე, როგორც ეს ყველა ომში ხდება, უნდა იყოს რაღაც მონიტორინგი,” - განაცხადა ზელენსკიმ.    

ჟურნალმა Time-მა ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები 2025 წლის ადამიანებად დაასახელა

ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემქმნელები ჟურნალ Time-ის 2025 წლის ადამიანებად დასახელდნენ. „2025 წელი იყო წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალი რეალიზდა და ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. აწმყოს ტრანსფორმაციისა და შესაძლო საზღვრების გაფართოებისთვის, ჟურნალ Time-მა ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები 2025 წლის ადამიანებად დაასახელა,“ - წერს ჟურნალი. გარეკანზე გამოსახულია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სუ, xAI, SpaceX და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი დემის ჰასაბისი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და ImageNet-ის დამფუძნებელი ფეი-ფეი ლი. ყველა მათგანი მრავალსართულიანი შენობების ზემოთ, ფოლადის ძელზე მჯდომარეა გამოსახული, რაც ვიზუალური მინიშნებაა 1932 წლის ლეგენდარულ ფოტოზე „სადილი ცათამბჯენზე.“ Time 1927 წლიდან მოყოლებული ირჩევს ადამიანს, ჯგუფს ან იდეას, რომელმაც კონკრეტულ წელს უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე. გასული წლის ადამიანად ტრამპი აღიარეს.