ძებნის რეზულტატი:

რომის პაპის თქმით, დიალოგს „ძალაზე დაფუძნებული დიპლომატია“ ცვლის

რომის პაპმა ლეონ XIV-ემ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული პრინციპი, რომელიც ერებს უკრძალავდა ძალის გამოყენებას სხვისი საზღვრების დარღვევისთვის, სრულიად დაირღვა.  კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ომი კვლავ მოდაშია. ვატიკანში დიპლომატებისთვის გაგზავნილ საახალწლო მიმართვაში, რომის პაპი ამბობს, რომ დიალოგს „ძალაზე დაფუძნებული დიპლომატია“ ცვლის. „მშვიდობა აღარ განიხილება, როგორც საჩუქარი და სასურველი სიკეთე თავისთავად. სამაგიეროდ, იარაღით ეძებენ მშვიდობას, როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების პირობას.ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, რომელიც ყველა მშვიდობიანი სამოქალაქო თანაარსებობის საფუძველია,“ – განაცხადა რომის პაპმა. მას კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში მზარდი დაძაბულობა „სერიოზული შეშფოთების მიზეზია.“ რომის პაპი „ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემისა და ყველას ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის“ მოწოდებით გამოვიდა. France 24 წერს, რომ პაპის მიმართვაში შეჯამდა გლობალური დაძაბულობის ზრდის წელი, რუსეთ-უკრაინის ომიდან დაწყებული, რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის დარტყმებითა და ამერიკის მიერ გრენლანდიაზე შესაძლო კონტროლის მოპოვების შიშით დამთავრებული. მისი თქმით, საავადმყოფოების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სახლებისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ადგილების განადგურება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის „სერიოზული დარღვევაა.“  მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ახსოვდეთ, რომ ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის სიწმინდის დაცვა „ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ეროვნული ინტერესი.“ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების გახსენებით, პაპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიმართ და წუხილი გამოთქვა დასავლეთ სანაპიროზე მზარდი ძალადობის გამო.  

Euronews Georgia: მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება

"ევრონიუს ჯორჯიას" განცხადებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება. Euronews Georgia-ს განცხადებით, განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე. „ქართული სარედაქციო გუნდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Euronews-ის სათაო ოფისთან, რათა ეს ევოლუცია განხორციელდეს Euronews-ის გლობალური სარედაქციო ხედვის, ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად,“ - წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, „შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.“  

ტრამპი ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, 9 იანვარს ირანის ლიდერები ხელახლა გააფრთხილა მას შემდეგ, რაც ვიდეოებში ასახული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები და ხელისუფლებამ მზარდი არეულობის შესაჩერებლად ინტერნეტი გათიშა. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ შესაძლოა, მომიტინგეებს დაეხმაროს. „ჯობს, სროლა არ დაიწყოთ, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას.“ „უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ირანში მომიტინგეები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ეს ახლა ძალიან საშიში ადგილია,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. უფლებადამცველმა ჯგუფებმა თითქმის ორი კვირის განმავლობაში ათობით მომიტინგე დაიღუპა და ირანის სახელმწიფო ტელევიზიით შეტაკებებისა და ხანძრების კადრების ჩვენებისას, ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. ტრამპის თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია. „როგორც ვხედავ, ხალხი გარკვეულ ქალაქებზე კონტროლს ამყარებს, რაც რამდენიმე კვირის წინ არავის წარმოედგინა. სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ეს განცხადება ადრეც მკაცრად გავაკეთე, თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, მაშინ ჩვენ ჩავერევით,“ - განაცხადა დონალდ ტრაპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ირანში საოცარი რამ ხდება.“ „ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ვიმედოვნებ, რომ ირანში დემონსტრანტები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ახლა ეს ძალიან საშიში ადგილია. ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ ვეუბნები, სჯობს სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 8 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებდა აშშ-ში მყოფ რეზა ფეჰლავისთან შეხვედრას, რაც Reuters-ის ცნობით, იმის ნიშანია, რომ ის ოპოზიციის ლიდერის მხარდაჭერამდე, აშშ-ის ლიდერი კრიზისის განვითარებას ელოდა. თავის მხრივ, ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, პირობა დადო, რომ უკან არ დაიხევდა, დემონსტრანტები საზღვარგარეთ ოპოზიციური ჯგუფებისა და შეერთებული შტატების სახელით მოქმედებაში დაადანაშაულა, ხოლო პროკურორი სიკვდილით დასჯით დაიმუქრა. ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება „ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა მიიღეს.“ ირანის უფლებადამცველმა ჯგუფმა HRANA-მ პარასკევს განაცხადა, რომ 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურის 14 თანამშრომელი და 48 მომიტინგე დაიღუპა. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა პარასკევს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაგმეს მომიტინგეების მკვლელობა და ირანის ხელისუფლებას ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, ემიგრაციაში მყოფი რეზა ფაჰლევი მთელ მსოფლიოში მყოფ ირანელებს მიმართავს და მოუწოდებს, აქტიურად იბრძოლონ, რათა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს.  

ზელენსკი: არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როცა აშშ ზეწოლას ახდენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის. „არ ვარ წინააღმდეგი, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს, ხოლო ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესშია. ასევე, გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთს პირდაპირ უნდა ესაუბროს. „მიმაჩნია, რომ ამის დრო დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გავლენა შეზღუდული იქნება,“ - განაცხადა მელონიმ.  

მარკო რუბიო: აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს. „ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს რუბიო X-ზე. ცნობისთვის, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება. ასევე, ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ. „მოგიწოდებთ, დღეს და ხვალ, საღამოს 6 საათიდან, გამოდით ქუჩებში ეროვნული დროშებითა და სიმბოლოებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩებში გამოსვლა აღარ არის, არამედ ჩვენი მიზანი ქალაქების ცენტრების დაკავებაა,“ - აცხადებს ფეჰლევი. ტრამპი ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს  

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად

დონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რათა მომავალში რუსეთის ან ჩინეთის მიერ მისი ოკუპაცია თავიდან აიცილოს. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ გრენლანდია უნდა შეიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ 1951 წლის შეთანხმების თანახმად, მას კუნძულზე უკვე აქვს სამხედრო წარმომადგენლობა, ასეთი შეთანხმებები გრენლანდიის თავდაცვის გარანტიისთვის საკმარისი არ არის. ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდიის ფლობა, ტრამპმა უპასუხა, რომ ქვეყნები იცავენ თავიანთ საკუთრებას და არა რაიმე ხელშეკრულებებს, აშშ-ს კი, მოუწევს გრენლანდიის დაცვა, რადგან რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის დაკავების უფლებას არ მისცემს. „ქვეყნები იცავენ საკუთრებას და არა იჯარის ხელშეკრულებებს და ჩვენ მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებს. ეს არ მოხდება. მე მომწონს ჩინეთი, რუსეთი, მიყვარს ჩინეთის ხალხი, რუსეთის ხალხი. პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით. პრეზიდენტ სი ძინპინისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. აპრილში ჩინეთში მივდივარ, მაგრამ არ მინდა, ისინი გრენლანდიაში მეზობლად იყვნენ. ეს არ მოხდება,“ – განაცხადა ტრამპმა. „გრენლანდიაში რუსეთი და ჩინეთი არ გვსურს. თუ ჩვენ გრენლანდიას არ დავიკავებთ, მაშინ თქვენ კარის მეზობლად რუსეთი და ჩინეთი გეყოლებათ. ეს არ მოხდება. ჯერჯერობით, გრენლანდიისთვის თანხებზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ეს. რადგან თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებენ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას „მარტივი გზით“ ვერ შეძლებს, მაშინ ამას „რთული გზით“ გააკეთებს. „მე დანიის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენენ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მათ 500 წლის წინ იქ ნავი გააჩერეს, არ ნიშნავს, რომ მიწას ისინი ფლობენ. დარწმუნებული ვარ, იქ ჩვენც ბევრი ნავი გვყავდა. ასე რომ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, NATO-ს უნდა ესმოდეს, რომ ის ალიანსის გულშემატკივარია, რადგან მან  NATO გადაარჩინა. „ NATO-მ უნდა გაიგოს, რომ მე NATO-ს მომხრე ვარ. მე გადავარჩინე NATO. მე რომ არა, ახლა  NATO არ გვექნებოდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა გრენლანდია დაიპყროს და ეს არის ის, რაც მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებთ,“ – განაცხადა ტრამპმა. დანია და გრენლანდია აცხადებენ, რომ ტერიტორია არ იყიდება. დანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ალიანსის დასასრულს გამოიწვევს. 57 000 მოსახლეობით, კუნძული დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.  

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეუზღუდა დაფინანსება იმ მოქალაქეებს, რომელთაც ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლა სურთ

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა შეზღუდა დაფინანსება იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლა.  FT წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული სამი პირის ცნობით, გადაწყვეტილება უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის კამპუსებში ისლამისტური რადიკალიზაციის რისკებს ხედავენ.  ეს ლონდონის მიერ „მუსლიმური საძმოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არაღიარების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო სტიპენდიებს და დიპლომების აღიარებას მხოლოდ ძალიან შერჩეულ, „საუკეთესო“ უნივერსიტეტებზე გასცემენ. მათ შეადგინეს მსოფლიო უნივერსიტეტების სია, სადაც შეიყვანეს ამერიკის, ავსტრალიის, ისრაელის და საფრანგეთის უნივერსიტეტები, მაგრამ ბრიტანეთის უნივერსიტეტები ამ სიაშე საერთოდ ვერ მოხვდა. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა აკადემიური თავისუფლების მნიშვნელობაზე მიანიშნეს.  

ტრამპი ვენესუელაზე: თუ აშშ არ ჩაერეოდა ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის მართვაში, აშშ-ს სხვა მოწინააღმდეგეები გააკეთებდნენ ამას

თეთრ სახლში აშშ-ის ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გადაწყვეტს, რომელ კომპანიებს შეუძლიათ ნავთობის მოპოვება ვენესუელაში და ვენესუელა აშშ-ს 50 მილიონ ბარელამდე ნავთობს „გადასცემს.“ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკული ნავთობკომპანიები ვენესუელაში ნავთობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად „სულ მცირე 100 მილიარდ დოლარს (74.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) დახარჯავენ და არა მთავრობის ფულს.“ დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უსაფრთხოების გარანტიებს გასცემს ვენესუელაში ბიზნესის კეთების მსურველ ამერიკულ კომპანიებზე და აშშ-ის გემები დაიცავენ ადგილზე აშშ-ის ინვესტიციებს. აშშ ასევე გადაწყვეტს, რომელ ფირმებს შეუძლიათ ვენესუელაში ოპერირება და ახალი ხელმძღვანელობის დროს ქვეყანა აშშ-ის მოკავშირე ხდება. ის შეხვედრებს გეგმავს ვენესუელის სხვადასხვა ლიდერთან, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოსთან, რომელიც მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა და რომელსაც, მისი თქმით, შეიძლება, გარკვეული როლი ჰქონდეს ქვეყნის მმართველობაში. მას ჟურნალისტებმა ჰკითეს, რომელია უფრო მნიშვნელოვანი ვენესუელაში -  „სტაბილურობა თუ დემოკრატია“. ის პასუხობს, რომ კითხვა „შესაძლოა, ერთსა და იმავეზე საუბრობდეს.“  „ჩემთვის ეს თითქმის ერთი და იგივეა,“-  ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. „ჩვენ გვინდა სტაბილურობა, მაგრამ გვინდა დემოკრატია. საბოლოო ჯამში, ეს იქნება დემოკრატია,“ - აღნიშნა ტრამპმა. ვინ აღასრულებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს ნავთობკომპანიებისთვის. ტრამპი ამბობს, რომ აშშ ითანამშრომლებს ვენესუელასთან, მაგრამ ნავთობკომპანიები თავად უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას. „მაგრამ ჩვენ მათთვის ძალიან კარგი უსაფრთხოება გვექნება. ნავთობკომპანიები მკაცრები არიან. მე ვფიქრობ, რომ ვენესუელის ხალხი მათ ძალიან კარგ უსაფრთხოებას მისცემს,“ - პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტი. ტრამპი ამბობს, რომ თუ აშშ არ ჩაერეოდა [ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის] მართვაში, აშშ-ს სხვა მოწინააღმდეგეები გააკეთებდნენ ამას. „ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, ამას ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებდნენ,“ - ამბობს ტრამპი და განმარტავს, რომ შესაძლოა, ისინი ან კოორდინირებულად მოქმედებდნენ, ან ცალ-ცალკე. „ჩვენ ღია ვართ ბიზნესის კეთებისთვის“, ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი და რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდებს, ამერიკული ნავთობკომპანიებისგან „იყიდონ იმდენი ნავთობი, რამდენიც სურთ.“ ტრამპი: ვენესუელა აშშ-ს 30-50 მილიონ ბარელ სანქცირებულ ნავთობს გადასცემს  

Passport Index-ის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზეა

Passport Index-ის 2026 წლის მონაცემების მიხედდვით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა. მათგან 79 ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას,  ოთხ ქვეყანაში კი, ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და იაპონიაში. 2023-2024 წელს რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე იყო, 135 ქვეყნაში უვიზოდ შესვლის ხელმისაწვდომობით. 2022 წელს საქართველო ამავე რეიტინგში 34-ე ადგილზე განთავსდა, ხოლო 2021 წელს – 35-ე პოზიცია ერგო. 2017 წელს რეიტინგში კი, საქართველო 45-ე ადგილზე იყო. Passport Index არის ონლაინ პორტალი/პლატფორმა, რომელიც კანადაში, მონტრალში დაფუძნებული კომპანია Arton Capital-ის მიერ შეიქმნა.  

ტრამპი: კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა ვენესუელისგან ფულს და ნავთობს ვეღარ მიიღებს. ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აშშ-ის ხაზინაში ვენესუელის ნავთობით მიღებულ მოგებას იცავს იურიდიული პროცესებისგან, საიმისოდ, რომ ეს მოგება შენახული იყოს და მოხმარდეს "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებს." ბრძანება საგანგებო ნებართვის გარეშე ამ სახსრებთან მიმართებით ნებისმიერ ოპერაციას კრძალავს. თეთრი სახლის განმარტებით, მოგება ვენესუელის საკუთრებად რჩება და მას აშშ-ის ხელისუფლება განაგებს - ხოლო მისი დაცვა აუცილებელია საიმისოდ, რომ არ მოხდეს ამ სახსრების გატანა საჩივრებით, მაგალითად კრედიტორების, ან კერძო პირების მიერ. „კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული დიდი რაოდენობით ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა. სანაცვლოდ, კუბა ვენესუელის ბოლო ორ დიქტატორს „უსაფრთხოების სამსახურებით“ უზრუნველყოფდა, მაგრამ ეს აღარ ხდება! ამ კუბელების უმეტესობა აშშ-ის გასული კვირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა და ვენესუელას აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან, რომლებსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვენესუელას ახლა ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა (ბევრად!) დასაცავად და ჩვენ დავიცავთ მათ. კუბაში აღარც ნავთობი და აღარც ფული წავა - ნული! მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის,“ - წერს ტრამპი. თავის მხრივ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა უარყო ტრამპის მუქარა და მიანიშნა, რომ აშშ-ს არ ჰქონდა მორალური უფლებამოსილება, კუბაზე შეთანხმება დაედო.  კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა ასევე განაცხადა, რომ კუბას უფლება ჰქონდა, საწვავი შეეტანა ნებისმიერი მომწოდებლისგან, რომელიც მზად იყო მისი ექსპორტისთვის. მან ასევე უარყო, რომ კუბამ მიიღო ფინანსური ან სხვა „მატერიალური“ კომპენსაცია რომელიმე ქვეყნისთვის გაწეული უსაფრთხოების მომსახურების სანაცვლოდ. Reuters-ის ცნობით, ვენესუელა კუბის უმსხვილესი ნავთობმომწოდებელია, თუმცა მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს, OPEC-ის ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი ნავთობბლოკადის ფონზე, ვენესუელის პორტებიდან კარიბის ზღვის აუზის ქვეყანაში ტვირთი არ გასულა. ამასთან, კარაკასი და ვაშინგტონი 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებაზე მუშაობენ, რის საფუძველზეც, აშშ-ს 50 მილიონ ბარელამდე ვენესუელური ნავთობი მიეწოდება, ხოლო შემოსავალი აშშ-ის ხაზინის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ანგარიშებზე განთავსდება. ვენესუელაზე აშშ-ის რეიდის დროს კუბის შეიარაღებული ძალებისა და სადაზვერვო სამსახურების ოცდათორმეტი წევრი დაიღუპა. კუბამ განაცხადა, რომ დაღუპულები პასუხისმგებელნი იყვნენ „უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე“, თუმცა არ წარმოადგინა დეტალები ორ დიდი ხნის მოკავშირეს შორის დადებული შეთანხმების შესახებ. კუბა ძირითადად ვენესუელისა და მექსიკის მიერ მიწოდებულ იმპორტირებულ ნავთობსა და საწვავს იყენებს მცირე მოცულობით, რომელსაც ღია ბაზარზე ყიდულობს, რათა შეინარჩუნოს თავისი ელექტროგენერატორები და სატრანსპორტო საშუალებები. ბოლო წლებში მისი ოპერაციული გადამუშავების სიმძლავრის შემცირების გამო, ვენესუელას კუბაში ნავთობისა და საწვავის მიწოდება შემცირდა, თუმცა სამხრეთ ამერიკული ქვეყანა - დღეში დაახლოებით 26,500 ბარელის ექსპორტით, კვლავ უმსხვილესი მიმწოდებელია.   

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, „არეულობას იწვევენ ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს“

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელს სურთ ირანში "ქაოსი და უწესრიგობა" და ამ მიზნით "არეულობას" იწვევენ. მან ირანელებს მოუწოდა, თავი შორს დაიჭირონ "არეულობის მომწყობებისგან და ტერორისტებისგან." „რა სახის პროტესტია ეს? რა სახის გზავნილია ეს, რომელიც ხალხის გულებში სიძულვილს ნერგავს? ამერიკა და ისრაელი იქ სხედან და ეუბნებიან მათ, გააგრძელონ, ეუბნებიან: „ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“. იგივე ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანაში ბავშვებსა და ჩვილებს ხოცავდნენ, ამ მეამბოხეებს ეუბნებიან, გაანადგურონ და დაწვან,“ - აღნიშნა პეზეშკიანმა. „არ მოგატყუონ ამ მეამბოხეებმა და ტერორისტებმა. ვეუბნები ოჯახებს, რომ არ მისცენ მათ ახალგაზრდებს მეამბოხეებსა და ტერორისტებთან შეერთების უფლება. ეს ხალხი გაწვრთნილია,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს ხალხი ირანს არ ეკუთვნის. ხელისუფლება მზად არის მოუსმინოს იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც ირანს ეკუთვნიან. „ეს ხალხი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის. თუ ვინმე ამ ქვეყანას ეკუთვნის, გააპროტესტოს და ჩვენ მოვისმენთ მათ პროტესტს, მოვუსმენთ და მოვაგვარებთ მას. ისინი ადგილზე ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, ცეცხლს უკიდებენ ყველაფერს. ეს მიუღებელია. „ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს. მათ რაშდსა და სხვა ქალაქებში ბაზრები დაწვეს. მეჩეთებსა და კულტურულ ადგილებს ცეცხლი წაუკიდეს,“ - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა. აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 466-მდე გაიზარდა. საპროტესტო აქციებმა, რომლებიც ირანული ვალუტის გაუფასურების გამო გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო, ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. პარალელურად, 65 საათზე მეტია, რაც ირანში ინტერნეტი გათიშულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.  

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში, "ლუკოილის" სამ ობიექტს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის, „ლუკოილის“ კუთვნილ სამ რუსულ საბურღ პლატფორმას შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის გენერალურმა შტაბზე დაყრდნობით წერს. უწყების ინფორმაციით, „ლუკოილის კორპორაციის“ სამი საბურღი პლატფორმა - ვ. ფილანოვსკის, იური კორჩაგინის და ვალერი გრაიფერის პლატფორმები, ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის გამოიყენება. მათივე ცნობით, ეს პლატფორმები ასევე ამარაგებს რუსეთის არმიას. უკრაინის ძალებმა ასევე დაარტყა რუსეთის 49-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის საწყობსა და ტექნიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფს ნოვოტროიცკეს რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში. უკრაინის არმიის გენერალური შტაბი კასპიის ზღვაში, რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ დეკემბერშიც იუწყებოდა.  

ნეთანიაჰუს თქმით, „რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან.“ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებს, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან. „თავისუფლებისთვის დემონსტრაციები მთელს ქვეყანაში გავრცელდა. ისრაელის ხალხი და მთელი მსოფლიო გაოცებულია ირანის მოქალაქეების უდიდესი სიმამაცით. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან. ჩვენ ვუგზავნით ძალას ირანის გმირ და მამაც მოქალაქეებს – და როგორც კი რეჟიმი დაეცემა, ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეებს ორივე ხალხის საკეთილდღეოდ,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, „არეულობას იწვევენ ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს“  

სიბიგა: უკრაინის წინააღმდეგ ომი მეორე მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება - რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე ნაცისტურ მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის 1941–1945 წლების ომი გაგრძელდა - 1418 დღე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსეთმა უკრაინის მიწაზე ჩაიდინა სისასტიკე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის არის. თუმცა, მან ვერ შეძლო უკრაინის ან ჩვენი ხალხის სულისკვეთების გატეხვა,“ - აცხადებს სიბიგა. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი აგრესიის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. „ამის ნაცვლად, მან განიცადა უზარმაზარი დანაკარგები, 1.2 მილიონზე მეტი მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცისა და სამხედრო აღჭურვილობის უზარმაზარი დანაკარგების სახით,“ - აცხადებს სიბიგა. სიბიგას თქმით, რუსეთი ზამთრის შუაგულში ტერორის ესკალაციას ახდენს უკრაინის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო ერთიანობის შელახვის მიზნით. „ახლა ზუსტად შესაფერისი დროა, რომ მოსკოვზე ზეწოლა გაიზარდოს დამატებითი მკაცრი სანქციებით და უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის გაწევით. უკრაინა ძლიერი რჩება და მტკიცედ ერთგულია შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართ, რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა და უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება ევროპაში,“ - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.  

ტრამპი: ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით დაურეკეს. „გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს. „არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს ყოველ საათში აწვდიან და მიანიშნა, რომ ირანი კვეთს იმ წითელ ხაზს, რომელიც მან ირანის რეჟიმისთვის დაადგინა. გადაკვეთეს თუ არა მათ თქვენი წითელი ხაზები? „როგორც ჩანს, იწყებენ. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება, მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ,“ - აღნიშნა ტრამპმა ხსენებული შეკითხვის საპასუხოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არიან ომისთვის და დიალოგისთვისაც. არაყჩი ამით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ამერიკა იმოქმედებს იმ შემთვევაში, თუ თეირანში დემონსტრაციებს მოჰყვებოდა მსხვერპლი. აბას არაყჩის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები „ძალადობრივი და სისხლისმღვრელი გახდა, რათა საბაბი მისცემოდა“ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში სამხედრო ჩარევისთვის.  მინისტრმა ეს განცხადება თეირანში მყოფ უცხოელ დიპლომატებთან გააკეთა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ძალადობამ შაბათ-კვირას პიკს მიაღწია, თუმცა „სიტუაცია ახლა სრული კონტროლის ქვეშაა.“  11 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის სამხედროები სწავლობენ ირანში მომიტინგეების მხარდაჭერის ვარიანტებს. Human Rights Activists News Agency-მ (HRANA, ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო) - შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ირანელი აქტივისტების ორგანიზაციამ - 11 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო 15 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს 544 ადამიანი დაიღუპა. HRANA-ს ცნობით, სულ მცირე, 10 061 ადამიანი დააკავეს და დემონსტრაციები 31-ვე პროვინციის 186 ქალაქში, 585 ადგილას დაფიქსირდა. ამ მონაცემებს მედია დამოუკიდებლად ამოწმებს - ქვეყანაში ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვის გამო. შეზღუდულია სატელეფონო მომსახურებაც. ტრამპმა 11 იანვარს განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს. მასკის SpaceX უზრუნველყოფს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისს, რომელიც ადრეც გამოიყენებოდა კონფლიქტის ზონებში, მათ შორის, უკრაინაში. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, „არეულობას იწვევენ ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს“  

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ახალ, შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, პროექტ Nightfall-ის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სწრაფად შესაქმნელად, რომლებსაც 200 კგ-იანი ქობინის გადატანა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლიათ. გამოცემა The Sun-ის ცნობით, ეს საკმარისია ბრძოლის ველიდან მოსკოვზე დარტყმისთვის. ამასთან, უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა. გამოცემის ცნობით, ჯონ ჰილიმ, რომლის მატარებელსაც საგანგებო გაჩერება მოუწია, განაცხადა, რომ უკრაინელებს, წინააღმდეგობის გასაწევად, უახლეს იარაღს მიაწვდიან. „ეს იყო სერიოზული მომენტი და მკაცრი შეხსენება იმისა, თუ როგორ ესხმის უკრაინელებს დრონები და რაკეტები თავს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე. ჩვენ ამას არ შევეგუებით და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინელებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, უახლესი იარაღი მივცეთ,“ - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.  

პროკურატურა: ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა,“ – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის, შეწყალების. ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში წვრთნებს ატარებენ

ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნებს ატარებენ. საზღვაო წვრთნები BRICS-ის გაფართოებულ ფორმატში BRICS PLUS-ის ფარგლებში დაიწყო და და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.“ „წვრთნები BRICS PLUS-ის ქვეყნების საზღვაო ძალებს ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციების მიზნით აერთიანებს,“ - აცხადებს სამხრეთ აფრიკის არმია. ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.  

აშშ-ის პრეზიდენტი: ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: „დონალდ ტრამპი“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი კოზირია და რომ მის გარეშე „სრული კატასტროფა“ დატრიალდებოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „ეს მანაც იცის და ევროპელმა ლიდერებმაც იციან. ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა, აიღოს ვალდებულება შეერთებული შტატების მონაწილეობაზე უკრაინის მომავალ თავდაცვაში, მაგრამ მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებულია, რომ რუსეთი აღარ შეეცდება შეჭრას.  

რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. რობერტა მეცოლას განცხადებით, „საქმე ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე.“ „მაშინ, როდესაც მამაცი ირანელი ხალხი საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აგრძელებს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ და სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს,“ - წერს მეცოლა X-ზე. ევროპარლამენტის პრეზიდენის თქმით, ევროპარლამენტი „ხელს არ შეუწყობს რეჟიმს, რომელიც არსებობას წამების, რეპრესიებისა და მკვლელობების მეშვეობით აგრძელებს.“