ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდის ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის - მნიშვნელოვანია, რუსული აქტივები გაყინული დარჩეს
„მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა ლიდერის უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს. „ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც ნამდვილად აძლიერებს ჩვენს მდგრადობას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები იმობილიზებული დარჩეს და უკრაინამ მიიღოს ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მომდევნო წლებისთვის. მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის. ერთად ვიცავთ ჩვენი კონტინენტის მომავალს,“ - წერს ზელენსკი. ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე. სანაცვლოდ, უკრაინა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან 90 მილიარდ ევროს მიიღებს. კრედიტი უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ვალდებულებას არ იღებენ მხოლოდ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების საკითხზე მსჯელობდნენ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 დეკემბერს დაიწყო. მრავალსაათიანი მოლაპარაკება გასულ ღამით დასრულდა. უკვე 19 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროთი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. რა სქემით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ 90 მილიარდი ევრო უპროცენტო კრედიტია, რომელსაც უკრაინა გადაიხდის რუსეთისგან კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, რუსული აქტივები კი გაყინული იქნება, ვიდრე რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის.
რას წერს ევროკომისია საქართველოზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში
პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში წერია. მისივე თანახმად, მეორე ეტაპზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ, საბოლოო ჯამში კი, საქართველომ შესაძლოა, მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი. ევროკომისია ასკვნის, რომ „საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის.“ „მსგავსად, საქართველომ ასევე რეგრესი განიცადა სავიზო თანხვედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევის ნათელი მაგალითია და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რაზეც არის უვიზო რეჟიმი დაფუძნებული. ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ბუნების გათვალისწინებით, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამის ზომებს განიხილავს. ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა, საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის… მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია),” - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა. თუმცა ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო. უმეტეს შემთხვევებში კორექტირების შემტანი ზომები არ იყო მიღებული, ხოლო რამდენიმე სხვაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეშფოთება საქართველოში მიღებულ რამდენიმე საკანონმდებლო აქტს უკავშირდება, კერძოდ: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის კანონს, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და შესწორებებს, რომლებიც შეტანილ იქნა გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური შეკრების კანონში, ადმნისტრაციული დარღვევების კოდექსში, მაუწყებლობის კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. ევროკომისიის თქმით, აღნიშნული კანონები და შესწორებები ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ხოლო საქართველოს მთავრობამ, შესწორებების ნაცვლად, ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულვებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები. ელჩი ჰერჩინსკი: ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება
უკრაინის მთავარი სადაზვერვო დირექტორატის (GUR) უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით, რუსეთმა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ პოტენციური პირდაპირი აგრესიის ვადები შეამცირა და შესაძლოა, ასეთი ქმედებებისთვის მზად უკვე 2027 წელს იყოს. ბუდანოვის თქმით, რუსეთის თავდაპირველი სტრატეგიული გეგმები 2030 წლამდე იყო გათვლილი, თუმცა ეს ვადები ახლა გადაიხედა და დაჩქარდა. მან ბალტიის ქვეყნები პოტენციური აგრესიის ყველაზე სავარაუდო მიმართულებად დაასახელა. „თავდაპირველი გეგმის თანახმად, რუსეთი 2030 წელს უნდა ყოფილიყო მზად მოქმედებისთვის. ახლა გეგმები 2027 წლისკენ შეცვლილია და შემოკლებულია,“ - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ კრემლის მოტივაცია მხოლოდ სამხედრო არ არის, რუსეთი კვლავაც აღიქვამს საკუთარ თავს იმპერიად, რომლის არსებობაც მხოლოდ მისი გავლენის მუდმივი გაფართოებით არის შესაძლებელი და ეს ნარატივი რუსული საზოგადოების ღრმა ისტორიულ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებშიც არის ფესვგადგმული. შეგახსენებთ, ევროკავშირის თავდაცვის საკითხებში კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ გერმანიის დაზვერვას აქვს მტკიცებულებები კრემლის მიერ NATO-ს ქვეყნებზე პოტენციური თავდასხმის სცენართან დაკავშირებული დისკუსიების შესახებ. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსეთმა უკვე გააძლიერა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, ალიანსთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად, მათ შორის, „ცრუ დროშის“ პროვოკაციების გამოყენებით. უფრო ადრე, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ თუ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება, რუსეთს შეუძლია, თავისი ძალები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაისროლოს.
თურქეთი: სამხრეთ კავკასია თანამშრომლობაზე ორიენტირებული ახალი გეოპოლიტიკური ცენტრი ხდება
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა და რეგიონში არასტაბილურობა თანამშრომლობასა და განვითარებას უთმობს ადგილს, განაცხადა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა Report-თან ინტერვიუში. მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი დიდად აფასებს ბაქოსა და ერევნის ერთობლივ ძალისხმევას ამ მიმართულებით: „მზარდი გლობალური კონფლიქტებისა და გაურკვევლობის ეპოქაში, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი სტაბილურობისა და განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები აჩვენებს, რომ რეგიონი თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ახალ გეოპოლიტიკურ ცენტრად იქცევა.“ ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონი გამოირჩევა თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ კავშირებს, ენერგეტიკულ და სავაჭრო დერეფნებს და განვითარებად ეკონომიკურ ქსელებს უზრუნველყოფს. „დღევანდელ გარემოში, სადაც ენერგეტიკული უსაფრთხოება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მიწოდების ჯაჭვები დივერსიფიკაციას განიცდის და ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ვითარდება, სამხრეთ კავკასია აგრძელებს თავისი რეგიონული მნიშვნელობის გაზრდას გლობალური ეკონომიკისა და დიპლომატიისთვის,“ - აღნიშნა ილმაზმა.
კასპიის ზღვის პორტებში საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება
კასპიის ზღვის პორტებში საზღვაო ერთი ფანჯრის (MSW) ინიციატივა ამოქმედდება, რომლის მიზანიც საზღვაო ტრანსპორტის პროცედურების გამარტივება და გამჭვირვალობის გაზრდაა. ამის შესახებ Trend ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) კომენტარზე დაყრდნობით წერს. განცხადება საერთაშორისო გამოფენისა და კონფერენციის ფარგლებში, აქტაუში გამართული სესიის ფარგლებში [შუა დერეფანი: აქტაუს ჰაბის მიღწევები 2025 წელს და პერსპექტივები 2026 წლისთვის] გაკეთდა. სესიაზე სიტყვით გამოვიდა TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელმაც ხაზი გაუსვა TRACECA-ს გამოცდილების მნიშვნელობას სატრანსპორტო კავშირების განვითარებაში და TRACECA-ს ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, როგორც დერეფნის იურიდიულ საფუძველს. მან ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მიმდინარე პრიორიტეტებს, მათ შორის ,TRACECA-ს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, პორტისა და მულტიმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროცესებში ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების ხელშეწყობას. ცნობისთვის, MSW არის საზღვაო ტრანსპორტის ელექტრონული - „ერთი ფანჯრის“ სისტემა, რომელიც პორტის ოპერაციების გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით არის შექმნილი. საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი [შუა დერეფანი] ევროპასა და აზიას ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს. მარშრუტი გამოიყენება კონტეინერების გადაზიდვისთვის, რომელიც მოიცავს როგორც რკინიგზას, ასევე, საზღვაო ტრანსპორტს.
რუსი გენერალი მოსკოვში, ავტომობილში აფეთქების შედეგად დაიღუპა
მოსკოვშში, ავტომობილში ბომბის აფეთქების შედეგად, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გამომძიებლების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძირში იყო დამონტაჟებული. „რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა,“ - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა. გამოძიება დაწყებულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით დანაშაული ორგანიზებულია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. უკრაინულ მხარეს ამ ვერსიაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი. 2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
NATO სომხეთთან მზარდ პარტნიორობაზე საუბრობს
18 დეკემბერს, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკა, სომხეთს ეწვია, სადაც ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანს. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, გენერალური მდივნის მოადგილემ გააზიარა თავისი შეხედულებები ისეთ თემებზე, როგორიცაა, NATO-სომხეთის ურთიერთობები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესი და NATO-ს როლი შავი ზღვის რეგიონში. შეკერინსკამ შეაქო NATO-სა და სომხეთს შორის დიდი ხნის პარტნიორობა. მან ხაზი გაუსვა კარგად დამკვიდრებულ პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ, მათ შორის, სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში კარგი მმართველობის კონსოლიდაციისა და თავდაცვის განათლების საკითხებში თანამშრომლობას. გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის პარტნიორობა სომხეთთან ორმხრივად სასარგებლო და ურთიერთშეთანხმებულია და რომ მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა სომხეთთან. მან ხაზი გაუსვა NATO-სომხეთის სამეცნიერო თანამშრომლობას და შეაქო სომეხი პერსონალის პროფესიონალიზმი, რომლებიც გაეროს მანდატის ფარგლებში კოსოვოში, NATO-ს ეგიდით KFOR-ის მისიაში მსახურობენ. გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ NATO- მიესალმება აგვისტოში ვაშინგტონში ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებას. მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო დღის წესრიგის დაუყოვნებლივ განხორციელების მნიშვნელობას, როგორც რეგიონში მდგრადი მშვიდობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ცნობილი მომღერალი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
მომღერალი კრის რი, რომელიც ცნობილი იყო ჰიტებით, მათ შორის, „Driving Home For Christmas“, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა. მიდლსბროში დაბადებულმა კრის რიმ პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იან წლებში მოიპოვა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა, Fool (If You Think It's Over), Let's Dance და The Road To Hell. მისი სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით - Whatever Happened To Benny Santini? 1978 წელს გამოვიდა. ალბომში შესული სიმღერა Fool (If You Think It's Over) გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. როდესაც 1989 წელს გამოვიდა ალბომი „გზა ჯოჯოხეთისკენ“, ის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი სოლო ვარსკვლავი გახდა. მისი ცნობილი სადღესასწაულო სიმღერა „Driving Home For Christmas“, რომელიც პირველად 1986 წელს გამოვიდა, წლევანდელ M&S Food-ის საშობაო რეკლამაშია წარმოდგენილი. კრის რიმ სამსახური პირველად, ნაყინის საოჯახო ბიზნესით დაიწყო - მამამისი იტალიელი იყო, დედა კი, ირლანდიელი. გიტარაზე დაკვრის შემდეგ, მალევე დაიწყო სხვადასხვა ჯგუფში დაკვრა და 1978 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Whatever Happened To Benny Santini? ის 1980-იანების მიწურულის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო.
აშშ დიპლომატებს 29 ქვეყნიდან გაიწვევს - მედია
სახელმწიფო დეპარტამენტმა 29 ქვეყანაში აშშ-ის ელჩებს გაუგზავნა წერილები, რომლითაც მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის შესახებ აცნობა. ამ დიპლომატების უმეტესობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა. იტყობინება Associated Press ორშაბათს, 22 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით. ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მეტ დიპლომატს გაიწვევს აფრიკის ქვეყნებიდან: ბურუნდი, კამერუნი, კაბო-ვერდე, გაბონი, კოტ-დ’ივუარი, მადაგასკარი, მავრიკი, ნიგერი, ნიგერია, რუანდა, სენეგალი, სომალი და უგანდა. აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის გადაადგილებები გავლენას მოახდენს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე (ფიჯი, ლაოსი, მარშალის კუნძულები, პაპუა-ახალი გვინეა, ფილიპინები და ვიეტნამი) და ევროპაზე. ჩანაცვლებები ასევე მოხდება ალჟირში, ეგვიპტეში, ნეპალში, შრი-ლანკაში, გვატემალასა და სურინამში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ადმინისტრაციის სტანდარტული პროცედურაა. აშშ-ის ელჩების სამსახურის ვადას პრეზიდენტი განსაზღვრავს და ის სამიდან ოთხ წლამდე მერყეობს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოწვეულ დიპლომატებს ვაშინგტონში სხვა თანამდებობებს შესთავაზებენ. დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტად ტრამპს აქვს უფლებამოსილება, დანიშნოს ელჩები, რომლებიც ერთგულნი არიან თეთრი სახლის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამჟამინდელი მიმართულების - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა.“ ეს არ არის 2025 წელს ამერიკული საელჩოებიდან დიპლომატების გამოწვევის პირველი ტალღა. თანამდებობის დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რესტრუქტურიზაციის შესახებ. შედეგად, ელჩები გამოიწვიეს და დიპლომატიური მისიის მრავალი თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ კლიმატის ცვლილებაზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ხარისხსა და გენდერულ თანასწორობაზე, გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, 2025 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელ დიპლომატებს აუკრძალა, საჯაროდ შეეფასებინათ დემოკრატიის ხარისხი მათი დანიშნულების ქვეყნებში. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა სთხოვა მათ, თავი შეეკავებინათ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობაზე, ასევე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მოძრაობების მხარდაჭერაზე კომენტარის გაკეთებისგან. ახლა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლებს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს,მარკო რუბიოს აქვთ ასეთი კომენტარების გაკეთების უფლება.
საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას სერბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე მხარეებმა ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე იმსჯელეს. ამავე ინფორმაციით, ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. როგორც ერთობლივი განცხადების ტექსტშია აღნიშნული, ის მოიცავს ეკონომიკური პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხების ყოვლისმომცველ ერთობლიობას, რომელიც ფარავს საქონლით ვაჭრობას და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებს. „აღნიშნული თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული ჩარჩო ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორივე ქვეყნის ექსპორტიორებისთვის. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ვაჭრობის შემდგომი გაფართოების აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობის გააქტიურება ქართველ ექსპორტიორებსა და სერბეთის წამყვან დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს შორის. ალკოჰოლური სასმელები, ფარმაცევტული პროდუქცია და შესაფუთი მასალები იმ პერსპექტიულ საექსპორტო სექტორებს შორისაა, რომლებშიც ჩვენ ვხედავთ კომერციული კავშირების გაფართოებისა და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს," - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
აშშ-ის მიერ გრენლანდიაში საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ, დანიამ ელჩი გამოიძახა
„გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მ მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს.“ ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები, მეტე ფრედერიქსენი და იენს-ფრედერიკ ნილსენი ავრცელებენ. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს რაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა. „ჩვენ ეს ადრეც ნათლად გვითქვამს და ახლა კიდევ ერთხელ ვამბობთ: თქვენ სხვა ქვეყნების ანექსიას ვერ მოახდენთ. ჩვენი საერთო ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ველით,“ - ნათქვამია გაცხადებაში. ცნობისთვის, ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრიმ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია, ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს,“ - დაწერა ლენდრიმ X-ზე. დანიის ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის ელჩი დანიაში კენ ჰოუერი ორშაბათს კოპენჰაგენში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ოფიციალური პირების თქმით, დანიის მთავრობა წინასწარ არ იყო ინფორმირებული ლუიზიანiს გუბერნატორის ჯეფ ლენდრის გრენლანდიის ელჩად დანიშვნის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადეს, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიას და გრენლანდიის ხალხს.“ გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის, მაგრამ ძირითადად ავტონომიურია და თვითმმართველობა აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ტერიტორიული პრეტენზიები რესურსებით მდიდარი კუნძულის გამო. დაძაბულობას ასევე ხელი შეუწყო ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტმა გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, პიტუფიკში.
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. "საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი. მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ. მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა. ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით", - განაცხადა გვარაკიძემ. როგორც ცნობილია, ბრიფინგამდე, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
NATO-ს სამხედრო კონტინგენტის უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გენერალ-მაიორი ერაი უნგუდერი საქართველოს ეწვია
8-11 დეკემბერს NATO-ს საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის (International Military Staff) უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მიმართულების დირექტორი, გენერალ-მაიორი ერაი უნგუდერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. NATO-ს საკემავშირე ოფისის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გამართულ შეხვედრაზე გენერალ მაიორ უნგუდერს, რომელიც მოცემულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა, ახლოს გააცნეს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიმდინარე თუ სამომავლო საქმიანობა. განსახილველი თემები მოიცავდა თანამშრომლობის ყველა ინსტრუმენტს. „გენერალ მაიორი უნგუდერი ასევე ეწვია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ოფისს. NATO-ს ძირითად გუნდთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს SNGP-ს მიმდინარე ინიციატივები.პროგრამის ფარგლებში გენერალ მაიორმა უნგუდერმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილთან და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან. მან ასევე მოინახულა NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS). დასასრულს, გენერალ-მაიორმა უნგუდერმა ოფიციალურად გახსნა NATO-საქართველოს სამხედრო შტაბთა მოლაპარაკებები, რომელიც 2025 წელს უკვე მეოთხედ გაიმართა.
Turkish Airlines სტამბოლსა და ერევანს შორის რეისებს შეასრულებს
თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების ზუსტი თარიღი გამოაცხადა. „ჩვენი ეროვნული ავიაკომპანია THY (Turkish Airlines) დაიწყებს ყოველდღიურ რეისებს სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე,“ - დაწერა თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში, ელჩმა სერდარ კილიჩმა X-ზე. მანვე აღნიშნა, რომ ეს პირდაპირი რეისები 2026 წლის 11 მარტს დაიწყება. სტამბოლსა და ერევანს შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად Turkish Pegasus Airlines ახორციელებს. თურქეთსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლას სპორადული მოქმედების ისტორია აქვს: სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან დაიკეტა, ჩარტერული რეისები კი, 1995 წელს დაიწყო. რეგულარული რეისები 2015 წელს AtlasGlobal-ის მეშვეობით დაიწყო, მაგრამ 2020 წელს დასრულდა. 2022 წელს Pegasus Airlines-მა და FlyOne Armenia-მ კომერციული რეისები განაახლეს. თურქეთმა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი შესაძლოა, ექვს თვეში გახსნას - Bloomberg
ტრამპმა ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები"დიდი ოცეულის" სამიტზე სტუმრის სტატუსით მიიწვია. მანამდე, მან სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ 23 დეკემბერს, დილით „ორი შესანიშნავი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზოევთან. „ვიმსჯელეთ მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობამდე მიყვანისა და ჩვენს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე,“- წერს დონალდ ტრამპი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ორივე ქვეყანასთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს. 2026 წლის დეკემბერში, "დიდი ოცეულის" სამიტს აშშ, მაიამი უმასპინძლებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ წლევანდელ დიდი ოცეულის (G20) სამიტს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება, აშშ-ის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება. მიზეზად მან ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი ფერმერებისადმი ცუდი მოპყრობა დაასახელა. ტრამპის ადმინისტრაცია სამხრეთ აფრიკის მთავრობას ქვეყნის თეთრკანიანი ფერმერების დევნასა და მათთვის მიწებისა და ფერმების წართმევაში ადანაშაულებს. ქვეყნის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას თქმით, მან ტრამპს აუხსნა, რომ თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების მიმართ დისკრიმინაციისა და დევნის შესახებ ბრალდებები სრულად მცდარია.
დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს პირადი წარწერით საჩუქარი გაუგზავნა
სომხეთის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის ელჩი ნარეკ მკრტჩიანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ახლად დანიშნული ელჩებისთვის ღონისძიების ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ელჩმა ნარეკ მკრტჩიანმა „მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისადმი მისი თანმიმდევრული ძალისხმევისთვის, ასევე, 8 აგვისტოს თეთრ სახლში ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებისთვის.“ თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომეხი ხალხი იმსახურებს ხანგრძლივ მშვიდობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესის მიმართ. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას და მის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესის წინსვლაში. ასევე, პრეზიდენტმა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მადლიერების ნიშნად პირადი წარწერით საჩუქარი გაუგზავნა.
რა წერია ომის დასრულების 20-პუნქტიან გეგმაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შინაარსი გაასაჯაროვა. დოკუმენტის“ პროექტის დეტალები უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ზელენსკის განმარტებით, პროექტში წარმოდგენილი ბევრი პოზიცია უკრაინის და აშშ-ის საერთო ხედვას ასახავს. უკრაინის პრეზიდენტი გეგმას „ომის დასრულების მთავარ ჩარჩოდ“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის უკრაინას აშშ-ს, NATO-სა და ევროპელების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს კოორდინირებული სამხედრო რეაგირებისთვის, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის მთავარ საკითხთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ პოტენციური ვარიანტია. ძირითადი პუნქტები: კიდევ ერთხელ დადასტურებულია უკრაინის სუვერენიტეტი; უკრაინის არმიის რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იქნება 800 ათასი; აშშ, NATO და ევროკავშირი უკრაინას მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს; რუსეთმა საკანონმდებლი დონეზე უნდა გაამყაროს უკრაინაზე თავდაუსხმელობის პოლიტიკა; უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება კონკრეტულად განსაზღვრულ დროს; უკრაინა დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ; ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივად მართავენ უკრაინა, რუსეთი და აშშ, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობას არ ეთანხმება; რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას სკოლებსა და საზოგადოებაში დანერგონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვადასხვა კულტურის მიმართ ტოლერანტობასა და გაგებას. უკრაინა დანერგავს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ. ყველაზე რთულია ტერიტორიის საკითხი. უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი - დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას. კომპრომისის სახით, აშშ-ის წინადადებაა დონეცკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ წინადადებაზე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის მოსამზადებლად საჭიროა 60 დღე და ცეცხლის რეალურად შეწყვეტა. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის, ამერიკულ მხარესთან საერთო პოზიცია ორ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს: დონეცკის ოლქის და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. „ეს პოლიტიკური დოკუმენტია ჩვენს, ამერიკას, ევროპასა და რუსეთს შორის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ამ პროექტთან დაკავშირებით რუსული მხარისგან პასუხს ელის და როგორც კი, შეთანხმებაზე თანხმობას ყველა მხარე გამოაცხადებს, ცეცხლის სრულად შეწყვეტა მაშინვე ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, სამშვიდობო გეგმა ასეთია: პუნქტი 1 – უკრაინის სუვერენიტეტი კიდევ ერთხელ დადასტურდება. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და შეთანხმების ყველა ხელმომწერი ამას თავისი ხელმოწერით ადასტურებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. პუნქტი 2 – „ეს დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთსა და უკრაინას შორის სრულ და უპირობო თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნება მონიტორინგის მექანიზმი უპილოტო კოსმოსური ხომალდების გამოყენებით კონტაქტის ხაზის მონიტორინგისთვის, დარღვევების შესახებ ადრეული შეტყობინებისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად. ტექნიკური ჯგუფები შეთანხმდებიან ყველა დეტალზე,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. პუნქტი 3 – უკრაინა მიიღებს „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებს. პუნქტი 4 – უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში 800 000-ზე დარჩება. პუნქტი 5 – ამერიკის შეერთებული შტატები, NATO და ევროპის ხელმომწერი სახელმწიფოები უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ასახავს მე-5 მუხლს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ პუნქტს აქვს შემდეგი კომპონენტები: თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო რეაგირების გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ყველა გლობალური სანქცია აღდგება; თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში ან პროვოკაციის გარეშე გახსნის ცეცხლს რუსეთის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების გარანტიები ბათილად ჩაითვლება. თუ რუსეთი გახსნის ცეცხლს უკრაინაზე, უსაფრთხოების გარანტიები ამოქმედდება; ამ შეთანხმებით ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები გამორიცხული არ არის. პუნქტი 6 – რუსეთი ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას ყველა საჭირო კანონსა და რატიფიკაციის დოკუმენტში, მათ შორის, სახელმწიფო სათათბიროში აბსოლუტური უმრავლესობის რატიფიცირებით აფიქსირებს. პუნქტი 7 – უკრაინა ევროკავშირის წევრი კონკრეტულ დროს გახდება და ასევე მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას მიიღებს ევროპულ ბაზარზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ეს აშშ-სა და უკრაინას შორის ორმხრივი დისკუსიაა, ევროპული დადასტურების გარეშე. ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი სურს, რადგან ეს კიევის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა. პუნქტი 8 – ეს პუნქტი ასახავს უკრაინისთვის გლობალური განვითარების ძლიერ პაკეტს, რომელიც განისაზღვრება ინვესტიციებისა და მომავალი კეთილდღეობის შესახებ ცალკე შეთანხმებაში, რაც მოიცავს ეკონომიკური სექტორების ფართო სპექტრს. პუნქტი 9 – ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს პუნქტი ეხება უკრაინის აღდგენისთვის სახსრების შექმნას. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად მიზნად ისახავს 800 მილიარდი დოლარის მოზიდვას კაპიტალის, გრანტების, ვალის და კერძო სექტორის შენატანების მეშვეობით, რათა დაეხმაროს ქვეყანას სრული პოტენციალის რეალიზებაში. პუნქტი 10 – ამ შეთანხმების დადების შემდეგ, უკრაინა დააჩქარებს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პროცესს. პუნქტი 11 – უკრაინა ადასტურებს, რომ ის დარჩება არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. პუნქტი 12 – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამი ქვეყანა ერთობლივად მართავს: უკრაინა, აშშ და რუსეთი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს აშშ-ის წინადადებაა, რადგან რუსეთი თვლის, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ის მართავს. თუმცა უკრაინა სთავაზობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივი საწარმო მართავდეს, სადაც აშშ და უკრაინა ენერგიას 50/50-ზე გაიყოფენ. უკრაინის პოზიციაა, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% უკრაინას მიეწოდება, ხოლო დანარჩენის განაწილებას აშშ დამოუკიდებლად განსაზღვრავს. ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატები გამოდის ინიციატივით, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე კიევს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გადანაწილდეს, სადაც თითოეული ქვეყანა სიმძლავრის 33%-ს მიიღებს. პუნქტი 13 – ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, სკოლებსა და საზოგადოებაში განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის გაგებას, ტოლერანტობას და აღმოფხვრის რასიზმს და ცრურწმენებს. უკრაინა განახორციელებს ევროკავშირის რეგულაციებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ. პუნქტი 14 – უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება ტერიტორიულ საკითხს და ყველაზე რთულია მთელ გეგმაში. ზელენსკის თქმით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჯარების განლაგების ხაზი ამ შეთანხმების თარიღისთვის არის ფაქტობრივად აღიარებული შეხების ხაზი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხის განსახილველად უნდა შეიკრიბოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს კონფლიქტის დასასრულებლად საჭირო ძალების გადაადგილებას, ასევე პოტენციური მომავალი სპეციალური ეკონომიკური ზონების პარამეტრებს. „ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც რუსებს დონეცკის რეგიონის დატოვება სურთ, ამერიკელები კი, ცდილობენ იპოვონ გზა, რომ ეს „გასვლა“ არ იყოს – რადგან ჩვენ გასვლის წინააღმდეგი ვართ. მათ სურთ, იპოვონ დემილიტარიზებული ზონა ან თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ანუ ფორმატი, რომელიც ორივე მხარის შეხედულებებს გაითვალისწინებს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მანვე განმარტა, რომ თუ გეგმის პირველი ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ომის დასრულებას შეხების ხაზის მიღმა, ჩაიშლება, არსებობს კიდევ ორი ვარიანტი. პირველი არის საომარი მოქმედებების გაგრძელება. მეორე შეთანხმება ითვალისწინებს, რომ შეთანხმების ძალაში შესასვლელად რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმის და ხარკოვის ოლქებიდან. თუმცა, პოტენციურად შესაძლებელია „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე ენერგოდარში. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას სურს, ტერიტორიებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების საკითხი ლიდერების დონეზე გადასაწყვეტად დატოვოს. პუნქტი 15 – მომავალ ტერიტორიულ შეთანხმებებზე შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. პუნქტი 16 – რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას. დაიდება ცალკე საზღვაო შეთანხმება და წვდომის შეთანხმება, რომელიც მოიცავს ნავიგაციისა და ტრანსპორტის თავისუფლებას. ამ შეთანხმების ფარგლებში, კინბურნის კონცხი დემილიტარიზებული იქნება. პუნქტი 17 – შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად. კერძოდ, ის იმუშავებს ყველა დარჩენილი სამხედრო ტყვეების დაბრუნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის 2014 წლიდან რუსული სისტემის მიერ გასამართლებული პირების, „ყველა ყველაზე“ პრინციპით. ის ასევე შეეცდება მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებისა და პოლიტიკური პატიმრების დაბრუნებას. გარდა ამისა, მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა პრობლემებისა და ტანჯვის მოსაგვარებლად. პუნქტი 18 – უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატაროს არჩევნები. ზელენსკის თქმით, ეს კონკრეტულად უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებს ეხება. პუნქტი 19 – ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უხელმძღვანელებს. ამ მექანიზმის ნაწილი იქნებიან უკრაინა, ევროპა, NATO, რუსეთი და შეერთებული შტატები. დარღვევებისთვის სანქციები დაწესდება. პუნქტი 20 – მას შემდეგ, რაც ყველა მხარე დაეთანხმება ამ შეთანხმებას, სრული ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ ამოქმედდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ეს შეთანხმება რატიფიკაციისთვის უნდა წარადგინოს. ეს პროცედურა შეიძლება, განხორციელდეს პარლამენტის და/ან საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით. შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებისთანავე, თუ ამ შეთანხმების თანახმად, ასეთი ვალდებულებები წინასწარ უნდა შესრულდეს. შეთანხმების დაცვას მეთვალყურეობას გაუწევს მშვიდობის საბჭო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. საბჭოში იქნებიან აშშ, NATO, ევროპა, უკრაინა და რუსეთი. შეთანხმების დარღვევა სანქციებს გამოიწვევს. პროექტში საუბარია ორივე მხარის მიერ სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების გათავისუფლებაზეც, უკრაინის აღდგენის, ინვესტირების, ქალაქების მოდერნიზაციის, სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხებზე და აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ შესაბამისი ფონდების შექმნაზე. 21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო. 23 დეკემბერს უმეროვმა და გნატოვმა პრეზიდენტ ზელენსკის გააცნეს შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგები. ცნობისთვის, ზელენსკის თქმით, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პროექტი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას არ ითვალისწინებს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ აშშ ამის გაკეთებას გეგმავს. „გვესმის, რომ ომის დასრულების შემდეგ ამერიკა სანქციების თანდათანობით მოხსნას დაიწყებს. აქ კითხვა იმაშია, თუ რამდენად ძლიერები იქნებიან ევროპელები, რადგან ევროპული სანქციებიც არსებობს,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს. უკრაინა შეთანხმებას რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს ან შესაძლოა, დასამტკიცებლად საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატაროს. ასევე, შესაძლოა, უკრაინამ რეფერენდუმთან ერთად არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი, დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საგზაო-საპატრულო სამსახურის ორმა თანამშრომელმა მოსკოვის სამხრეთ ნაწილში მდებარე ელეცის ქუჩაზე, პოლიციის მანქანასთან „საეჭვო პირი“ შენიშნა და როდესაც ისინი ეჭვმიტანილს დასაკავებლად მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. პოლიციის ორივე თანამშრომელი და მათ გვერდით მყოფი პირი დაიღუპნენ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მესამე დაღუპული ეჭვმიტანილი პირია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით. BBC-ის ცნობით, აფეთქება იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც ორშაბათს, დედაქალაქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი გენერალი დაიღუპა. უცნობია, ერთმანეთთან კავშირშია თუ არა ეს ორი აფეთქება. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მაღალჩინოსანი, ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი იყო მესამე სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის დედაქალაქში ბომბების აფეთქებების შედეგად დაიღუპა. რუსი გენერალი მოსკოვში, ავტომობილში აფეთქების შედეგად დაიღუპა
რომელია ხუთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
კონფლიქტებით სავსე წელს, ხუთი ქვეყანა კვლავაც მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს შორისაა. BBC-ის ცნობით, 2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის (GPI) მიხედვით, სახელმწიფოებრივი კონფლიქტების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, მხოლოდ წელს, კიდევ სამი კონფლიქტი დაიწყო, რაზეც ბევრი ქვეყანა გაზრდილი მილიტარიზაციით რეაგირებს. 2008 წლიდან პირველ ადგილზე მყოფი ისლანდია კვლავაც ყველაზე მშვიდობიანად რჩება, ლიდერობს სამივე სფეროში: უსაფრთხოება, მიმდინარე კონფლიქტი და მილიტარიზაცია. მან წელს 2%-იანი გაუმჯობესებაც კი დააფიქსირა, რამაც სიაში მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანასთან შედარებით სხვაობა გაზარდა. მეორეა ირლანდია, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი ქულები მიიღო მილიტარიზაციის შემცირებისთვის წლიდან წლამდე და დასახელდა ერთ-ერთ ქვეყნად, რომელსაც ყველაზე ნაკლები მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტი აქვს. ის ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ, დანაშაულისა და ძალადობის დაბალი აღქმით, ტოპ 10 ქვეყანას შორის მოხვდა. ახალი ზელანდია მესამე ადგილზეა - უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროში გაუმჯობესების, ასევე, დემონსტრაციებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული ზემოქმედების შემცირების შედეგად, წელს ორი პოზიციით წინ წავიდა. ავსტრია წელს მეოთხე ადგილზეა, ის ერთი პოზიციით დაქვეითდა, თუმცა ამ ქვეყანამ ყველა სფეროში მაღალი რეიტინგი მაინც შეინარჩუნა. ირლანდიის მსგავსად, ავსტრიაც კონსტიტუციით დაკისრებულ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ირჩევს, რაც მას NATO-ს მსგავს სამხედრო ალიანსებში გაწევრიანების საშუალებას არ აძლევს. სინგაპურის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც მეექვსე ადგილზეა, ერთადერთი აზიური ქვეყანაა ტოპ ათეულში (იაპონია და მალაიზია, შესაბამისად, მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან). ის განსაკუთრებით მაღალ ადგილზეა უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო ხარჯების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეს ინარჩუნებს - რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა და კატარი უსწრებენ. 2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, ტოპ 10 ქვეყანა: 1. ისლანდია 2. ირლანდია 3. ახალი ზელანდია 4. ავსტრია 5. შვეიცარია 6. სინგაპური 7. პორტუგალია 8. დანია 9. სლოვენია 10. ფინეთი
თურქეთში ავიაკატასტროფის შედეგად, ლიბიის გენშტაბის უფროსი დაიღუპა
ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბეჰის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის მეთაური დაიღუპა. გამოცემის ცნობით, გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი და კიდევ ოთხი ადამიანი სამშაბათს საღამოს თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან Falcon 50-ის ტიპის თვითმფრინავით მიფრინავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ბიზნეს-თვითმფრინავთან სიგნალი აეროპორტიდან აფრენიდან დაახლოებით 42 წუთის შემდეგ დაიკარგა. ტრიპოლისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კავშირის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავის ნამსხვრევები მოგვიანებით ანკარის სამხრეთ-დასავლეთით იპოვეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. გენერალი ჰადადი და მისი გუნდი თურქეთში ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.