ძებნის რეზულტატი:
ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წელს 100 000-ზე მეტი უცხოური ვიზა გააუქმა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წელს 100 000-ზე მეტი უცხოური ვიზა გააუქმა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ მეტია. ხსენებული მაჩვენებელი ყველა დროის რეკორდს ხსნის. ვიზა გაუუქმდა ათასობით უცხოელ მოქალაქეს, რომლებსაც ბრალს დებდნენ ან ასამართლებდნენ მათ შორის, თავდასხმაში, ქურდობაში და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაში. „სახელმწიფო დეპარტამენტმა 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, მათ შორის, დაახლოებით 8000 სტუდენტური ვიზა და 2500 სპეციალიზებული ვიზა იმ პირებისთვის, რომელთაც კრიმიმინალური საქმიანობის გამო, აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან შეხება ჰქონდათ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბანდიტების დეპორტაციას, რათა ამერიკის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი უწყვეტი შემოწმების ცენტრი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკის მიწაზე მყოფი ყველა უცხოელი მოქალაქე შეესაბამებოდეს ჩვენს კანონებს და რომ იმ პირთა ვიზები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის მოქალაქეებს, სწრაფად გაუქმდეს. ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას და ჩვენი ერის დაცვას იმ უცხოელი მოქალაქეებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან ეროვნულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა პრესსპიკერის მოადგილე ტომი პიგოტმა. 2025 წლის აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ განიხილავდა ყველა იმ 55 მილიონი უცხოელის საკითხს, რომლებსაც აშშ-ის მოქმედი ვიზა აქვთ. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებდა ამერიკელების პირველ ადგილზე დაყენებას და საკუთარი ერის დაცვას იმ უცხოელი მოქალაქეებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ან ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს.
სანდუ: რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მივცემდი
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ზეწოლისგან მისი მყიფე დემოკრატიის დასაცავად რეფერენდუმი ჩატარდებოდა, ის მხარს დაუჭერდა მეზობელ - ევროკავშირისა და NATO-ს წევრ რუმინეთთან გაერთიანებას. სანდუმ, რომლის პროევროპულმა მმართველმა პარტიამ გასული წლის სექტემბერში ახალი მანდატი მოიპოვა, არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მოლდოვის საქმეებში ჩარევაში. „ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში. მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული და სუვერენული ქვეყნისთვის, გადარჩენა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო რთული ხდება,“ - განაცხადა სანდუმ. Reuters-ი წერს, რომ დაახლოებით 1.5 მილიონ მოლდოველს აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, მაგრამ ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი უჭერს მხარს ბუქარესტთან გაერთიანებას. სანდუმ აღიარა, რომ მოლდოველთა უმეტესობა არ უჭერს მხარს მის პოზიციას და რომ ევროკავშირში ინტეგრაცია „უფრო რეალისტური მიზანია.“ „როგორც მოლდოვის პრეზიდენტს მესმის, რომ არ არსებობს უმრავლესობა, რომელიც რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა, მაგრამ არსებობს უმრავლესობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის ვმუშაობთ. ეს ბევრად უფრო რეალისტური მიზანია, რომელიც სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარება,“ - აღნიშნა სანდუმ.
ზელენსკი: ყველა წესიერ ადამიანს სურს, რომ ირანელმა ხალხმა რეჟიმისგან თავი გაითავისუფლოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ირანზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვას. „ის, რაც ახლა ირანში ხდება - მასშტაბური საპროტესტო აქციები, ფაქტობრივად, ამბოხება ასევე აშკარა ნიშანია იმისა, რომ რუსეთისთვის სიტუაცია არ გამარტივდება. მსოფლიოში ყველა წესიერ ადამიანს გულწრფელად სურს, რომ ირანელ ხალხს საბოლოოდ ჰქონდეს ბედნიერება, გათავისუფლდეს რეჟიმისგან, რომელმაც ამდენი ბოროტება მოიტანა, მათ შორის, უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვას, როცა ცვლილებები შესაძლებელია და ყველა ლიდერმა, ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლა უნდა ჩაერთოს, რათა დაეხმარონ ხალხს იმ პირების მოშორებაში, ვინც პასუხისმგებელია იმ ფაქტზე, რომ ირანი, სამწუხაროდ, ისეთია, როგორიც იყო. ყველაფერი შეიძლება, სხვაგვარად იყოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ამერიკა ირანის ბიზნესპარტნიორებს 25%-იან ტარიფებს უწესებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის 25% ტარიფს უწესებს ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვთ. კერძოდ, ქვეყანამ, რომელსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვს, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იან ტარიფი უნდა გადაიხადოს. ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“, თუმცა ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ირანთან ბიზნესურთიერთობაში. „ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის,“ - აღნიშნა ტრამპმა. ტრამპის თქმით, აღნიშნული ბრძანება „საბოლოო და დასკვნითია.“ Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა ოფიციალური დოკუმენტაცია აღნიშნული პოლიტიკის შესახებ და არც ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი ტარიფების დასაწესებლად, ან იქნება თუ არა ტარიფები მიმართული ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ. უცნობია, კონკრეტულად ირანის რომელ სავაჭრო პარტნიორებს შეეხებათ ტრამპის გადაწყვეტილება. ცნობისთვის, ირანთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსაც. მათ შორის 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ირანიდან საქართველოში 295.3 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ( FDI ) შემოვიდა. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 36.9 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 285.1 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება საქართველოს აშშ-სთან ვაჭრობას, საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში 141 მლნ დოალარზე მეტის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე დიდი წილი 90 მლნ-ზე მტი ფეროშენადნობებზე მოდიოდა. აპრილში ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის, საქართველოს - 10%-იანი ტარიფი, რაც მინიმალური, საბაზისო განაკვეთია. ტრამპი: ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ
სომხეთის ხელისუფლება, თურქეთის საზღვარზე მდებარე ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას გეგმავს - მედია
სომხეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს, გაიყვანოს რუსი მესაზღვრეები თურქეთის საზღვარზე მდებარე ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაცემის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დროშის ბოძიც კი აღმართულია. ამჟამად თურქეთისკენ მიმავალი რკინიგზის ხაზის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს. სხვა წყაროების ცნობით, თურქულმა მხარემ მარგარას საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად მშენებლობა უკვე დაიწყო. სომხური მედიის ცნობით, ერთი მხრივ, თურქული მხრიდან მშენებლობის დაწყება და მეორე მხრივ, ახურიკის მოსალოდნელი გამოყენება საზღვრის უახლოეს მომავალში გახსნის სერიოზულ განზრახვის სერიოზულობაზე მიუთითებს. მედია წერს, რომ პირად საუბრებში სომეხი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ საზღვარზე დარღვევების შესაძლო ზრდის გამო. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის 160 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს კი, ეს მაჩვენებელი 78 იყო. შემთხვევათა რაოდენობა 82-ით, 105.1 პროცენტით გაიზარდა. საზღვრის დამრღვევები, როგორც წესი, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებიდან არიან, როგორიცაა, ავღანეთი და ბანგლადეში, რომლებიც სომხეთს სატრანზიტო პუნქტად მიიჩნევენ.
რა საკითხებს განიხილავენ მირზოიანი და რუბიო ვაშინგტონში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში მიიღებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. შეხვედრა ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზეა დაგეგმილი. მოგვიანებით მათ შეუერთდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ალისონ ჰუკერი, შემდეგ კი, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროსი წევრი ბრენდან ჰანრაჰანი. „მხარეები გეგმავენ ერთობლივი განცხადების მიღებას [ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის] TRIPP-ის განხორციელების ჩარჩოს შესახებ,“ - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომლის თანახმად, მირზოიანის სამუშაო ვიზიტი ორდღიანია. ამასთან, აშშ-ის სავაჭრო და განვითარების სააგენტოს (USTDA) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული დირექტორის კარლ კრესის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია აზერბაიჯანის შემდეგ, სომხეთს ეწვევა. დელეგაცია ორშაბათს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა მიიღო. მათ განიხილეს პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების პერსპექტივები. აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს სააგენტოს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მოიცავს საქართველოში, აგრეთვე ბოსნია - ჰერცეგოვინაში არსებული შესაძლებლობების შესწავლას, რომლებიც მიმართული იქნება სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. რაც შეეხება თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე კარლ კრესს უკვე შეხვდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე, მისი განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, აგრეთვე, ამ პროცესში ამერიკული სააგენტოს მიერ ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობებზე. "ხაზი გაესვა ისეთი რეგიონული ინიციატივების განვითარების მნიშვნელობას, როგორიცაა CAREC (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა), TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფანი), ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი და სხვ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედება გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბის განვითარებას. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის დასრულება, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის სრულად ამოქმედება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სხვ. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდიან საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარს დააკავშირებს. აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება იმ პროექტების მიმართ, რომლებიც მიმართულია შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაზე," - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-მ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი
აშშ-მა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. შეტყობინება 13 იანვარს გამოჩნდა თეირანში აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ვებსაიტზე. აშშ-ს მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ინტერნეტის განგრძობადი წყვეტა, რის გამოც ურჩევენ უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებების მოძიება დაგეგმონ, ასევე, განიხილონ ირანის დატოვების შესაძლებლობა სომხეთის ან თურქეთის გავლით. „დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი. შეიმუშავეთ ირანის დატოვების გეგმა, აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშე. თუ ვერ ახერხებთ წასვლას, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელ სახლში ან სხვა შენობაში. მოიმარაგეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები,“ - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ს ირანთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობა არ აქვს. ირანაში აშშ-ის ინტერესებს წარმოადგენს შვეიცარიის მთავრობა თეირანში მათ საელჩოს მეშვეობით. მედიის ცნობით, მსგავსი განცხადება აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ვებგვერდზე 2025 წლის 15 ივნისსაც გამოჩნდა, 22 ივნისის ღამით კი, ვაშინგტონმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ამერიკა ირანის ბიზნესპარტნიორებს 25%-იან ტარიფებს უწესებს
NATO-მ თურქეთს ესტონეთში, F-16-ების ვადაზე ადრე განლაგება სთხოვა - Bloomberg
NATO თურქეთს ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის F-16 გამანადგურებლების ადრეულ ეტაპზე განთავსებას სთხოვს. Bloomberg-ის ცნობით, ალიანსმა თურქეთს ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის ესტონეთში F-16 გამანადგურებლების ადრეულ ეტაპზე განთავსება სთხოვა, რაც რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევისა და 2022 წლიდან თვითმფრინავების ფრენების ზრდის გამო, ალიანსის შეშფოთებას ასახავს. საკითხზე ინფორმირებული პირების ცნობით, შეთავაზებული წინადადება მოიცავდა ოთხთვიან როტაციას ესტონეთში, 2026 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე. თურქეთს თვითმფრინავების განლაგება რუმინეთში, 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე უკვე ჰქონდა დაგეგმილი. NATO აძლიერებს თავდაცვით პოზიციას რუსეთის მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების შემდეგ, განსაკუთრებით, ბალტიის ზღვაზე. Bloomberg-ის mონაცემები აჩვენებს, რომ NATO-ს თვითმფრინავების პატრულირებამ რეგიონში, 2022 წლიდან ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.
რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს - NATO-ს ხედვა
NATO-ს შეფასებით, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს „შუა დერეფანს“, ე.წ. „ტრამპის მარშრუტს“ და სხვა რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს? „რეგიონული უსაფრთხოების, მშვიდობის დღის წესრიგისა და სტრატეგიული კავშირების აქტუალური საკითხები“ განიხილა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. NATO-ს მაღალჩინოსნის თქმით, სამხრეთ კავკასიას, უდავოდ, აქვს პოტენციალი, გახდეს ადამიანების, საქონლისა და მომსახურების გადაადგილების მთავარი სატრანსპორტო ცენტრი, თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება მოითხოვს თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას და ნამდვილ ინტერმოდალობას, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან გადაზიდვებს მრავალ ეტაპზე, ქვეყანაში და მრავალფეროვან გეოგრაფიულ პირობებში. „ვაშინგტონში 8 აგვისტოს შეთანხმება და მისი შემდგომი მოვლენები, მათ შორის, რეგიონული კავშირის ქსელის შექმნა, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს აკავშირებს და უფრო ფართოდ აკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან, აშკარად ქმნის ასეთ შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ეს ინიციატივები, მათი დანიშნულების მიუხედავად, ნამდვილად ემსახურებოდეს რეგიონის ქვეყნების ინტერესებს. მათ უნდა მისცენ ყველა რეგიონულ მოთამაშეს საშუალება, სრულად გააცნობიერონ თავიანთი ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი, ამავდროულად, ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას და გრძელვადიან სტაბილურობას. ეს პრინციპები TRIPP-ის ბირთვს წარმოადგენს, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახსნას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სასარგებლოდ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ჩვენს საერთო სამეზობლოში და, უფრო ფართოდ, მთელ ტრანსატლანტიკურ რეგიონში,“ - აღნიშნავს ვინიკოვი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთიც და ირანიც სამხრეთ კავკასიას თავიანთი სტრატეგიული გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევენ, როგორ აბალანსებს NATO თანამშრომლობას აზერბაიჯანთან ამ რეგიონული დაძაბულობის ფონზე? ამ შეკითხვის საპასუხოდ, NATO-ს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ალიანსის თანამშრომლობა რეგიონის სამივე ქვეყანასთან ეფუძნება მოთხოვნაზე ორიენტირებულ პრინციპს: „ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი პარტნიორები მოითხოვენ (და როგორც ამას ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ). ჩვენ არ ვახვევთ თავს საკუთარ დღის წესრიგს და არც ვაიძულებთ თანამშრომლობას რაიმე საშუალებით. ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის თხოვნებს და ვცდილობთ, რაც შეიძლება ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ სფეროებში, რომლებიც ემსახურება ჩვენი პარტნიორების საჭიროებებს და სადაც NATO-ს შეუძლია დამატებითი ღირებულების უზრუნველყოფა.“ ამავე ინტერვიუში ვინიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ NATO მიესალმა ნორმალიზაციის პროცესში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ყველა კონსტრუქციულ ძალისხმევას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. „ეს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გასაღებია. ჩვენ არ ვართ ამ პროცესის ნაწილი, მაგრამ ყოველთვის ვაფასებდით და ვუჭერდით მხარს ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ ვაშინგტონში 8 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებას მნიშვნელოვან ეტაპად მივიჩნევთ მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და რეგიონში კავშირის განბლოკვის გზაზე. ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას რეგიონის ცალკეულ ქვეყნებსა და NATO-ს შორის,“ - განაცხადა ვინიკოვმა.
რომელ ქვეყნებს აქვთ ბიზნესურთიერთობები ირანთან და რას ნიშნავს აშშ-ის ტარიფები
წყარო - BBC ირანთან ვაჭრობის მქონე 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ჩინეთი მისი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. Trade Data Monitor-ის მონაცემებით, რომლებიც ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის სტატისტიკას ეფუძნება, 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, მან ირანიდან 14 მილიარდ დოლარზე მეტი (10.4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) პროდუქტი შეიძინა. ჩინეთს მოსდევს ერაყი, რომელმაც მეზობლისგან 10.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი მიიღო. ირანი ასევე თავის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და თურქეთს ითვლის. ირანიდან თურქეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის 4.7 მილიარდი დოლარიდან 7.3 მილიარდ დოლარამდე. ექსპორტის თითქმის ყველა პროდუქტი, საწვავთან არის დაკავშირებული - ის მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. ასევე სხვა ქვეყნებში აგზავნის საკვებს, მათ შორის, ფსტას და პომიდორს. ირანის იმპორტის დაახლოებით მესამედს საკვები პროდუქტები შეადგენს. კერძოდ, სიმინდი, ბრინჯი, მზესუმზირის თესლი და ზეთები, ასევე, სოიო. თუმცა ირანის ყველაზე დიდი იმპორტი ოქროა. ოქტომბრამდე 12 თვეში მან 6.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო შეიტანა, წინა წლის 4.8 მილიარდ დოლართან შედარებით. ამერიკა ირანის ბიზნესპარტნიორებს 25%-იან ტარიფებს უწესებს თეთრი სახლიდან ჯერ არ გავრცელებულა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ახალი ტარიფები პრაქტიკაში, ან კონკრეტულად რომელ ქვეყნებზე გავრცელდება. ასევე გაურკვეველია, დაემატება თუ არა 25%-იანი გადასახადი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკვე დაწესებულ არსებულ ტარიფებს. ცნობისთვის, ირანს ნავთობის უზარმაზარი მარაგი აქვს და ის მსოფლიოში ნავთობის 10 უმსხვილეს მწარმოებელს შორის არის. ეს დიდი სიმდიდრის წყარო უნდა იყოს. თუმცა მისი ეკონომიკა წლების განმავლობაში სახელმწიფო ფინანსების არასწორი მართვის, ნავთობის გაყიდვების შემცირებისა და მკაცრი საერთაშორისო სანქციების გამო დაზარალდა. ქვეყნის 92 მილიონი მოსახლიდან ბევრს უჭირს ისეთი ძირითადი პროდუქტებით სარგებლობა, როგორიცაა, საკვები და კომუნალური მომსახურება, ხოლო ცხოვრების ღირებულება ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე პროტესტების ცენტრშია. BBC-ის ანალიზის თანახმად, ოჯახების ხარჯები 2008 წლის პიკთან შედარებით შემცირდა, ხოლო ქალების შრომისუნარიანობაზე მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა დასაქმების მაჩვენებელი ორი ათწლეულის წინანდელი 42.4%-დან დაახლოებით 37%-მდე შეამცირა. ამავდროულად, მაღალი ინფლაციის გამო, რომელმაც ოქტომბერში 48.4%-ს მიაღწია, მთავრობის პოლიტიკის ცვლილებების ფონზე, რამაც რიალის ღირებულების აშშ დოლართან მიმართებაში ვარდნა გამოიწვია. „დეკემბერში საწვავის სუბსიდიების შემცირება და ამ უახლესი ტარიფების გამო, საგარეო ვაჭრობის კიდევ უფრო შემცირება ნიშნავს, რომ ინფლაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად კოლაფსისკენ უბიძგოს,“ - წერს BBC.
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა გრენლანდიაში NATO-ს ჯარების განლაგების საკითხის განხილვა დაიწყეს - Telegraph
გაერთიანებულმა სამეფომ, თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დაიწყო მოლაპარაკებები გრენლანდიაში NATO-ს კონტინგენტის შესაძლო განლაგებაზე. The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ გეგმები, რომლებიც საწყის ეტაპზეა, შეიძლება, მოიცავდეს კუნძულის დასაცავად ბრიტანელი ჯარისკაცების, გემებისა და თვითმფრინავების განლაგებას. გაზეთის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, რომელმაც ადრე არაერთხელ ისაუბრა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების აუცილებლობაზე საიმისოდ, რომ „ამერიკამ ჩინეთი და რუსეთი შეაკავოს.“ ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში სამხედრო ყოფნის გაძლიერება დაეხმარება ტრამპს, უარი თქვას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ანექსიის იდეაზე. ბრიტანეთის მთავრობის წყაროებმა გაზეთს განუცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მუქარას „უკიდურესად სერიოზულად“ აღიქვამს და ეთანხმება მოქმედების აუცილებლობას. „ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებას, რომ რუსეთის მზარდი აგრესია უნდა შეჩერდეს და ევროატლანტიკური უსაფრთხოება გაძლიერდეს,“ - განუცხადა გაზეთს The Telegraph-ის ერთ-ერთმა წყარომ. ეს იდეა განიხილეს NATO-ს მოკავშირეების შეხვედრაზე, ბრიუსელში, 8 იანვარს. The Telegraph-ის ცნობით, ოპერაცია შეიძლება, მოიცავდეს ჯარების სრულმასშტაბიან განლაგებას ან წვრთნების, დაზვერვის გაზიარების, სამხედრო ძალების გაზრდისა და თავდაცვის ხარჯების გადანაწილების კომბინაციას. ნებისმიერი მისია, სავარაუდოდ, NATO-ს ეგიდით და ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში არსებული ოპერაციებისგან დამოუკიდებლად განხორციელდება. ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს გამოცემას, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაფართოებული როლისთვის ემზადება. The Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირი ამუშავებს სანქციების გეგმებს ამერიკული კომპანიების (მათ შორის Meta, Google, Microsoft, X, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები) წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი უარყოფს NATO-ს ძალების განლაგების წინადადებას. უფრო რადიკალური ვარიანტი იქნებოდა ამერიკული ჯარების ევროპაში არსებული ბაზებიდან გაძევება, რაც აშშ-ს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ძირითადი განლაგებისთვის ადგილებს ჩამოართმევს.
ირანში მასკის Starlink-ის ინტერნეტ სერვისზე წვდომა უფასო გახდა
ილონ მასკის SpaceX-ი ირანში მომხმარებლებს Starlink-ის თანამგზავრული სერვისის საშუალებით უფასო ინტერნეტს სთავაზობს. ტექნოლოგიური არაკომერციული ორგანიზაცია Holistic Resilience-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმად აჰმადიანმა განაცხადა, რომ ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია. „ეს არის შეაერთე და დააკავშირე. უბრალოდ მოათავსეთ [სატელიტური ტერმინალი] ისეთ ადგილას, საიდანაც ცის მკაფიო ხედი იშლება და მზად ხართ,“ - განუცხადა მან CNN-ს. ცნობისთვის, კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სატელეფონო საუბრის დროს ირანში Starlink-ზე წვდომის საკითხი განიხილეს. ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ექვსი დღის წინ შეუზღუდა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს: „ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.“ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლოს დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მთავრობის მიერ სასტიკი ჩახშობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ი, ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 2000-ს აღწევს. ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ირანის მთავრობის მიერ ინტერნეტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვის გამო, რაც მიზნად ისახავს მომიტინგეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის ინფორმაციის ნაკადის შეზღუდვას, შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს და რამდენიმე ათასს მიაღწიოს. დაკავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა 13 იანვარს, განაცხადა რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის. The Associated Press-ის ცნობით, ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ მიანიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებისთვის სწრაფი სასამართლო პროცესები გაიმართება და სიკვდილით დასჯა მოხდება.
ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება „მკაცრ ზომებში.“ „როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ - და ახლა თქვენ ჩამოახრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ,“- განუცხადა პრეზიდენტმა CBS News-ს. გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს. „ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.“ ირანში მასკის Starlink-ის ინტერნეტ სერვისზე წვდომა უფასო გახდა
ჩინეთის საგარეო უწყება: ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით
ჩინეთი „ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ეწინააღმდეგება.“ ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ თეირანი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის, მაშინ აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს. „ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და მუქარას არ ეთანხმება,“ - აღნიშნა მაო ნინმა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს
საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის
საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა. ჟან-ნოელ ბაროს ცნობით, გრენლანდიაში საფრანგეთის საკონსულო 6 თებერვალს გაიხსნება. ასევე, ბაროს განცხადებით, „აშშ-მა გრენლანდიაზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს“. „NATO-ს სხვა წევრზე თავდასხმა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ეს თავად აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯიც კი იქნება,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა გრენლანდიაში NATO-ს ჯარების განლაგების საკითხის განხილვა დაიწყეს - Telegraph
ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს. ჩარჩო დოკუმენტის თანახმად, სომხეთი „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის გრძელვადიან ექსკლუზიურ უფლებებს აშშ-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას 49 წლის ვადით გადასცემს, რომელიც შეიძლება, დამატებით 50 წლით გაგრძელდეს. კერძოდ, კომპანიაში აშშ 74%-იან წილს მიიღებს, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს. ასევე, კომპანია სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო ხაზს, გზას, ენერგომომარაგების ქსელებს და სხვა სახის ინფრასტრუქტურას ააშენებს. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სომხეთს „TRIPP-ის გავლით ვაჭრობისა და ტრანზიტის დროს საზღვრის კონტროლსა და საბაჟო ოპერაციებზე სრული უფლებამოსილება ექნება.“ 6-გვერდიანი დოკუმენტი გაგრძელებაა 2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, რომლის თანახმადაც, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ ისწრაფვიან. დოკუმენტის თანახმად, პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ - რასაც სხვაგვარად, „შუა დერეფანს“ უწოდებენ [რედ]. რა ვალდებულებებს (თუმცა არა სამართლებრივს) იღებს ერევანი, რათა პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), განხორციელდეს. შეიქმნება „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს თავისთვის დაიტოვებს. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე; როგორც დოკუმენტში წერია, „არსებობს მოლოდინი“, რომ პროექტის ადმინისტრირების უფლება, „საწყის ეტაპზე“, 49 წლით ექნება. „არსებობს მოლოდინი, რომ შეთანხმება გახანგრძლივდება დამატებით 50 წლით, სომხეთის მთავრობის მიერ დამატებითი კაპიტალის შეტანით, რის შედეგადაც მისი წილი 49%-მდე გაიზრდება,“ - წერია დოკუმენტში. ამასთან, აშშ იტოვებს უფლებას, თქვას საბოლოო სიტყვა კომპანიის მეწილეებისა და საბოლოო ბენეფიციარების რაიმე ფორმით ცვლილების შესახებ - მათ შორის წილის გაყიდვაზე, დონაციაზე, რეორგანიზაციასა თუ სხვა სამართლებრივ პროცესზე. ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტუტიტების ეფექტურობაზე. „TRIPP-ი წარმოადგენს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. სომხეთი ამ პროექტს მიიჩნევს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული ინტეგრაციის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლად,“ - წერია დოკუმენტში. „TRIPP-ის შემუშავება იგეგმება სომხეთის ტერიტორიაზე განსაზღვრული სატრანზიტო მარშრუტების ფარგლებში, - რომლის კონკრეტული ადგილებიც მომავალში დაზუსტდება“; ხაზგასმულია, რომ ეს მოხდება „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში პროექტის ყველა არეალზე სომხეთის სრული სუვერენიტეტის შენარჩუნებით“. „ჩარჩო დოკუმენტი ასახავს კონკრეტულ გზას TRIPP-ის ამოქმედებისთვის, რომლის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებაა. აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის დამაკავშირებელი გზის შექმნის პარალელურად, TRIPP-ი ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი კავშირების თვალსაზრისით. TRIPP-ი პრეზიდენტ ტრამპის მიერ 8 აგვისტოს გამართულ ისტორიულ მშვიდობის სამიტის პრინციპებს ეფუძნება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ვფიქრობთ, TRIPP-ის შეთანხმება ნამდვილად გახდება მსოფლიოსთვის მოდელი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ, გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის.“ მანაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ხდება „სუვერენიტეტის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გარეშე.“ ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, TRIPP-ის პროექტი ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების კუთხით, სამხრეთ კავკასიის პოტენციალს გახსნის, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაზრდას მთელ რეგიონში.“ „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, შესანიშნავია შეერთებული შტატებისთვის, შესანიშნავია ყველა ჩართული მხარისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოდელი იქნება მსოფლიოსთვის.“ რა საკითხებს განიხილავენ მირზოიანი და რუბიო ვაშინგტონში შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის $300 მილიონს მიიღებს
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტომ (MIGA), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) და Standard Chartered-მა ყაზახეთის ეროვნულ რკინიგზის ოპერატორს, შუა დერეფნის განვითარებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. ამის შესახებ IFC-ის მმართველმა დირექტორმა მახტარ დიოპმა სოციალურ პლატფორმაზე დაწერა. დიოპმა აღნიშნა, რომ თანხები გამოიყოფა ალმატის გარშემო 130 კილომეტრიანი ელექტროფიცირებული რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის. შემოვლითი გზა, სავარაუდოდ, ალმატის გარშემო საცობებს 40 პროცენტზე მეტით შეამცირებს, მიწოდების დრო კი, 24 საათამდე შეამცირდება და გაუმჯობესდება ტვირთების ნაკადები ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (TCTC) გასწვრივ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი - სახმელეთო გზა, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვასთან და შემდეგ ევროპასთან აკავშირებს. დაფინანსება მოიცავს IFC-ის 50 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას, AIIB-ის 150 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს და 100 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს, რომელიც მხარდაჭერილია MIGA-ს შეთავაზებული გარანტიით. 2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის სატვირთო გადაზიდვები 62%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს ამ მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვები, სავარაუდოდ, 5.2 მილიონ ტონამდე გაიზრდება, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა გაივლის მარშრუტში მონაწილე ქვეყნებს. ამ მოცულობიდან 2.5 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი იქნება (96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა - ნავთობი. 2027 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 10 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც გააძლიერებს აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს და შექმნის პირობებს ინფრასტრუქტურაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით სატვირთო გადაზიდვების სამიზნე პროგნოზი 2030 წლისთვის 11.4 მილიონი ტონაა.
ტრამპის თქმით, NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. „ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს „ოქროს გუმბათისთვის“, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამ პროცესს NATO უნდა გაუძღვეს, რათა ჩვენ ის მივიღოთ. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ მას რუსეთი და ჩინეთი მიიღებენ და ეს არ მოხდება,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „აშშ-ის უზარმაზარი სიძლიერის გარეშე, NATO სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანი და შემაკავებელი ძალა არ იქნებოდა.“ „მათ ეს იციან და ეს მეც ვიცი. NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია,“ - წერს ტრამპი. გრენლანდიამ აშშ-ისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავად დახმარებისთვის ბრიტანეთს მიმართა. ბრიტანეთს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის ბიზნესისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ნააია ნათანიელსენმა განაცხადა, რომ პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და არა ძალადობით და ძალით. გრენლანდიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოუწოდოს გლობალურ საზოგადოებას საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ და ხაზგასმით აღნიშნოს NATO-ს, როგორც შესაბამისი და მნიშვნელოვანი ალიანსის მნიშვნელობა.
პროკურორი სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას ითხოვს
სამხრეთ კორეის სპეციალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლისთვის სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რომელსაც 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის შემოღების შემდეგ ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. სეულის ცენტრალური რაიონული სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა დაადასტურეს იუნისა და მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის კიმ იონგ-ჰიონის მიერ სავარაუდოდ მართული სქემის არსებობა, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან იწყება და რომელიც იუნის ხელისუფლებაში შენარჩუნების მიზნით იყო შექმნილი. იუნ სუკ იოლი ბრალდებებს უარყოფს. განახლება: სამხრეთ კორეის სასამართლომ უნ სუკ იოლს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ რამდენიმე საქმეზე ცნო, მათ შორის, მისი დაკავების მცდელობის ხელის შესაშლელად საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობისთვის. ის ასევე დამნაშავედ ცნეს სხვა ბრალდებებში, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და საომარი მდგომარეობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების შეუსრულებლობაში. ეს განაჩენი პირველია იმ სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც იუნს საომარი მდგომარეობის წარუმატებელი გამოცხადების გამო წაუყენეს.
აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს - Fox News
აშშ 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს შეაჩერებს. Fox News-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ქვეყნებია: სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა. მედიის ცნობით, ვიზების გაცემის პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს. განახლება: Fox-ის ცნობით, ქვეყნების სრული სია მოიცავს ავღანეთს, ალბანეთს, ალჟირს, ანტიგუა და ბარბუდას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბაჰამის კუნძულებს, ბანგლადეშს, ბარბადოსს, ბელორუსიას, ბელიზს, ბჰუტანს, ბოსნიას, ბრაზილიას, ბირმას, კამბოჯას, კამერუნს, კაბო-ვერდეს, კოლუმბიას, კოტ-დ’ივუარს, კუბას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, დომინიკას, ეგვიპტეს, ერიტრეას, ეთიოპიას, ფიჯის, გამბიას, საქართველოს, განას, გრენადას, გვატემალას, გვინეას, ჰაიტის, ირანს, ერაყს, იამაიკას, იორდანიას, ყაზახეთს, კოსოვოს, ქუვეითის, ყირგიზეთს, ლაოსს, ლიბანს, ლიბერიას, ლიბიას, მაკედონიას, მოლდოვას, მონღოლეთს, მონტენეგროს, მაროკოს, ნეპალს, ნიკარაგუას, ნიგერიის, პაკისტანის, კონგოს რესპუბლიკას, რუსეთას, რუანდას, სენტ-კიტსს და ნევისს, სენტ-ლუსიას, სენტ-ვინსენტს და გრენადინებს, სენეგალს, სიერა-ლეონეს, სომალის, სამხრეთ სუდანის, სუდანის, სირიას, ტანზანიას, ტაილანდს, ტოგოს, ტუნისს, უგანდას, ურუგვაის, უზბეკეთს და იემენს. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს, „ვიდრე აშშ არ უზრუნველყოფს, რომ შემომავალი იმიგრანტები სახელმწიფო ტვირთად არ გადაიქცევიან და ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან სიმდიდრეს არ მოიპოვებენ.“