ძებნის რეზულტატი:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. შესაბამისად, შსს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად აცხადებს. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა, “ განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
„რთული საკითხები“ კვლავ რჩება - მარ-ა-ლაგოს შეხვედრის დეტალები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა. ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა „რთული საკითხები“ კვლავ რჩება. „შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ,“ - აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ვუახლოვდებით, შესაძლოა ძალიანაც,“ - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა: „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში.“ ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება. მან უარი თქვა შეთანხმებული პირობების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის შეიძლება, 95%-ს მიუახლოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები „შესანიშნავად“ შეაფასეს, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მთავარი საკამათო საკითხი, ტერიტორიის საკითხი იყო. რუსეთმა ადრე მოითხოვა უკრაინისგან მეტი მიწის გადაცემა. „ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. და ეს დიდი საკითხია.“ რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია [დონბასის რეგიონი] და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ,“ - განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ნდობის გამოხატვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ძალიან რთულია და უარი თქვა მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადების დასახელებაზე. „ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში გავიგებთ - ასე თუ ისე,“ - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90%-ზე“ შეთანხმდნენ, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტია „თითქმის 95%-ით“ შესრულებულია. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ აშშ-ის და უკრაინის გუნდები მომავალ კვირას შეხვდებიან უკრაინაში რუსეთის თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისკენ მიმართულ საკითხებზე შემდგომი მოლაპარაკებებისთვის. წინადადება იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონი, რომელსაც ძირითადად რუსეთი აკონტროლებს, დემილიტარიზებულ ზონად გადაკეთდეს, „გადაუჭრელი რჩება.“ ამჟამად მოსკოვი აკონტროლებს დონეცკის რეგიონის დაახლოებით 75%-ს და მეზობელი ლუგანსკის დაახლოებით 99%-ს. რეგიონები ერთობლივად დონბასის სახელითაა ცნობილი. ზელენსკიმ ტერირორიულ საკითხზე საუბრისას დღეს განაცხადა, რომ უკრაინას დონბასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. კერძოდ, ზელენსკის აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონის შესახებ ჰკითხეს. „პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას...რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა. ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული კითხვაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ. ზელენსკის თქმით, გუნდებმა დღეს განიხილეს „სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი“ და დასძენს, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90% შეთანხმებულია.“ მისივე განცხადებით, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევის მთავარი ეტაპია და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე,“ - აღნიშნავს უკრაინის ლიდერი. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
რუსეთმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ის ძალები მიჰყვებიან - მედია
რუსეთმა საზღვაო ხომალდები განალაგა ნავთობტანკერის ესკორტისთვის, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან. BBC-ის ცნობით, გემი, რომელიც ამჟამად ისლანდიასა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის მოძრაობს, აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში დაადანაშაულეს. მას ჩვეულებრივ, ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა როგორც ახლა იტყობინებიან, ტანჯერი ამჟამად ცარიელია. Bella 1-ს აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებენ, რის შემდეგაც, მან სახელი შეიცვალა, ამჟამად Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად, რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვენესუელაში შემავალი და გამავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკადის ბრძანება გასცა, რასაც ვენესუელას მთავრობამ „ქურდობა“ უწოდა. აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CBS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ გასულ თვეში კარიბის ზღვის აუზში მასზე ასვლა სცადა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ის ვენესუელასკენ მიემართებოდა. მათ გემის დაკავების ორდერი ჰქონდათ სანქციების დარღვევის გამო. მას შემდეგ გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი და მისი ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის, ასევე ვერტმფრენების ჩამოსვლას. სამშაბათს, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას მის დაკავებას ამჯობინებს. რუსეთი აცხადებს, რომ გემის გარშემო არსებულ სიტუაციას შეშფოთებით აკვირდება. 2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. შემოდგომაზე ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. 2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა. 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ. 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ჯარებს გაგზავნიან - დეკლარაცია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება დაიდება. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის. „მსურველთა კოალიციის" მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და აშშ-თან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული, ვიდრე ოდესმე. დღევანდელმა ერთობლივმა დეკლარაციამ ეს ნათელი ტერმინებით გამოაცხადა. ამასთან ერთად, პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად დღეს უფრო შორს წავედით. "განზრახვაზე დეკლარაციას" მოვაწერეთ ხელი, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგების თაობაზე. ეს გზას კაფავს სამართლებრივი ჩარჩოსთვის, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას, უკრაინული ცისა და ზღვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერირებას სამომავლოდ. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის," - განაცხადა სტარმერმა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარიზის დეკლარაცია „ძალიან კონკრეტული“ შეთანხმებაა. ზელენსკის თქმით, უკრაინას უკვე აქვს საკმარისი დეტალები და იცის, რომელი ქვეყნები ჩაერთვებიან შეთანხმებაში, მათ შორის, რა წვლილს შეიტანს თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. "საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედროებმა დეტალურად იმუშავეს ძალების განლაგებაზე, რაოდენობაზე, იარაღის სპეციფიკურ ტიპებზე, შეიარაღებული ძალების კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა და იმუშავებს. უკვე გვაქვს საჭირო დეტალები. გვესმის რომელი ქვეყანა რისთვის არის მზად - "მსურველთა კოალიციის" ყოველი ქვეყანა. მინდა მადლობა გადავუხადო ყოველ ლიდერს, ყოველ სახელმწიფოს, რომელსაც ნამდვილად სურს იყოს სამშვიდობო მოგვარების ნაწილი. ძალიან არსებითად ვისაუბრეთ ამერიკულ მხარესთან მონიტორინგზე, რათა მშვიდობის დარღვევები არ იყოს. ამერიკა მზად არის ამაზე იმუშაოს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეკავებაა, ინსტრუმენტები, რომლებიც ახალ რუსულ აგრესიას აღკვეთენ. ამას ყველაფერს ვნახავთ," - წერს ზელენსკი.
ვენესუელაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად, შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. როდრიგესმა ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით, 6 იანვარს გამოაცხადა, რომ 7-დღიანი გლოვა იქნება იმ ახალგაზრდების პატივსაცემად, რომლებიც ვენესუელას და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს იცავდნენ და დაიღუპნენ. ვენესუელას მთავრობის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოცზე მერი ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა. მანამდე, კუბის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 32 კუბელი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა, რის გამოც ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის - მედია
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების „ვარიანტების ფართო სპექტრს“ განიხილავს, მათ შორი არის სამხედროების გამოყენება. თეთრმა სახლმა BBC-ს განუცხადა, რომ გრენლანდია ამერიკისთვის „ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს“ წარმოადგენს. ეს კომენტარი რამდენიმე საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დანიას მხარს უჭერდნენ. ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივად გამოხატეს მხარდაჭერა დანიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სამეფოს ავტონომიური არქტიკული ტერიტორია გრენლანდია მხოლოდ კუნძულის მოსახლეობას ეკუთვნის. „გრენლანდია თავის მოსახლეობას ეკუთვნის. მხოლოდ დანიას და გრენლანდიას და მხოლოდ მათ შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილებები დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ - ნათქვამია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერების მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის კომენტარში. მანამდე, შაბათ-კვირას, ტრამპმა გაიმეორა, რომ აშშ-ს გრენლანდია უსაფრთხოების მიზნით „სჭირდებოდა“, რამაც დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აიძულა, გამოსულიყო გაფრთხილებით, რომ „აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა NATO-ს დასასრულს ნიშნავდა.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიაში შეჭრას არ გეგმავს, თუმცა მან კუნძულის დანიისგან ყიდვა ახსენა. ცნობისთვის, კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 57 000-ია. ის არ არის NATO-ს დამოუკიდებელი წევრი, მაგრამ მას, როგორც თავის ტერიტორიას, იცავს დანია, რომელიც დასავლური ალიანსის წევრია. ტრამპმა პირველად, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების გამოთქვა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გაასაჯაროვა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა მას აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. კუნძული მდიდარია ასევე სხვადასხვა წიაღისეულით. აშშ-სა და დანიას შორის ათწლეულების წინ გაფორმებული შეთანხმებით, აშშ-ს კოსმოსური ძალების ბაზა აქვს კუნძულზე.
ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა - Reuters
განახლება: აშშ-მ ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანეში მისი დევნის ოპერაციას ატარებდა. ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ტანკერი, რომელსაც თავდაპირველად Bella1 ერქვა, აშშ-მა2024 წელს დაასანქცირა, ვინაიდან, ის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი იყო და უკანონო ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღინიშნება, რომ ტანკერის დაკავების ოპერაციაში აშშ-ის სამხედროები და სანაპირო დაცვა მონაწილეობდნენ. Reuters-ის ცნობით, აშშ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებდა. ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერის Marinera-ს დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა. წყაროების ინფორმაციითვე, ოპერაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა და ამერიკელი სამხედროები ახორციელებდნენ. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების დროს ტანკერის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში, ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. რუსეთმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ის ძალები მიჰყვებიან - მედია
ტრამპი: ვენესუელა აშშ-ს 30-50 მილიონ ბარელ სანქცირებულ ნავთობს გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე სანქცირებულ ნავთობის გადასცემს. ტრამპის თქმით, ამ ნავთობისგან მიღებულ შემოსავლებს თავად გააკონტროლებს. „ეს ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება და ამ თანხას მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ, რათა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. მან ენერგეტიკის მინისტრს კრის რაიტს ხსენებული გეგმის დაუყოვნებლივ შესრულება სთხოვა.
ტრამპი: მე მარტომ დავასრულე რვა ომი და NATO-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, ჩემთვის არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია
“გახსოვდეთ, NATO-ს ყველა დიდი ქომაგისთვის, ისინი მშპ-ის 2%-ზე იყვნენ და უმრავლესობა თავის გადასახადებს არ იხდიდა, ვიდრე მე არ მოვედი. აშშ სულელურად იხდიდა მათ მაგივრად! მე, პატივისცემით, ისინი მშპ-ის 5%-მდე ავიყვანე და დაუყოვნებლივ იხდიან. ყველა ამბობდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო, ვინაიდან, სხვა ყველაფერს მიღმა, ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ჩართულობის გარეშე, რუსეთს ახლა მთელი უკრაინა ექნებოდა დაპყრობილი. გახსოვდეთ, ასევე, მე მარტომ დავასრულე რვა ომი და NATO-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, ჩემთვის არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა! იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე. რუსეთსა და ჩინეთს NATO-ს ნული შიში აქვთ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება, NATO-მ მხარი დაგვიჭიროს, რეალურად რომ დაგვჭირდეს. ყველას გაუმართლა, რომ ჩვენი სამხედრო ძალა აღვადგინე ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს, და ვაგრძელებ ამას. ყოველთვის მხარში დავუდგებით NATO-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთსა და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის დონალდ ტრამპის მიერ აღორძინებული აშშ,” - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ზელენსკი კადიროვისთვის „მადუროს პრეცედენტის“ გავრცელებაზე საუბრობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს „რაიმე სახის ოპერაციით“, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, ისევე როგორც ეს ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა. ჟურნალისტებთან კომენტარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადუროს გადაყენების ოპერაციამ აჩვენა, რომ ვაშინგტონს აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს მოსკოვზე, თუ მას ნამდვილად სურს ეს და რომ კადიროვის გადაყენება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე მიმდინარე შეტევის შესახებ დააფიქრებს. „რუსეთზე უნდა მოახდინონ ზეწოლა. ინსტრუმენტები გააჩნიათ, შეუძლიათ. როდესაც ძალიან უნდათ, შეუძლიათ, იპოვონ. მთავარია, რომ უკრაინა იყოს მათთვის პრიორიტეტი… აი, მადუროს მაგალითი. ჩაატარეს ოპერაცია. შედეგი ყველამ ნახა, მთელმა მსოფლიომ. სწრაფად გააკეთეს ეს. დაე, რაღაც ოპერაცია ჩაატარონ კადიროვთან, ამ მკვლელთან. იქნებ, მაშინ პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.
თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საჭირო თუ იქნება, დღეს დაკავებული გემის ეკიპაჟს აშშ-ში ჩაიყვანენ სასამართლოსთვის. "დილით ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში დაკვირვების შემდეგ, გემი იქნა დაკავებული ორდერით, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გასცა," - განაცხადა ლევიტმა. მისი თქმით, გემი ვენესუელის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილი იყო, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა და "აშშ ამ პრეზიდენტის პირობებში ამას არ შეეგუება." "სასამართლო ორდერი გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავებისთვის გაიცა, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ახლა სუბიექტია ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევის გამო გასამართლებისთვის და საჭირო თუ იქნება, მათ აშშ-ში ჩამოვიყვანთ ამ გასამართლებისთვის," - განაცხადა ლევიტმა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ნავთობის ტანკერის დაკავებას ეხმაურება. სამინისტრო მოითხოვს, აშშ-მ უზრუნველყოს „მარინერას“ ბორტზე მყოფი რუსების მიმართ „ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა.“ სამინისტროს განცხადებით, აშშ-მ არ უნდა შეუშალოს ხელი მათ „სწრაფ დაბრუნებას“ სამშობლოში. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ ტანკერის დაკავება საზღვაო სამართლის დარღვევაა და მოუწოდებენ შტატებს, უზრუნველყოს ეკიპაჟის სწრაფი დაბრუნება სამშობლოში. BBC-ის ცნობით, თეთრი სახლიეს სპიკერი ლივიტი ამბობს, რომ გემი, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „ბელა 1“-ს უწოდებს, „ყალბი დროშის აფრიალების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსის არმქონედ იქნა მიჩნეული.“ ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარდაჭერა მოიცავდა წინასწარ დაგეგმილ ოპერატიულ მხარდაჭერას, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო აქტივების ბაზირებას. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა „საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში“ იყო. მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ გემს „საძაგელი ისტორია“ ჰქონდა და რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე. უფრო ადრე, „თაიმსი“ წერდა, რომ დიდ ბრიტანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიც ჩაფრინდნენ. გამოცემის ცნობით, ორ ბაზაზე, სულ მცირ,ე 11 ერთეული C-17 Globemaster სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ორი მძიმედ შეიარაღებული AC-130J Ghostrider საბრძოლო ხომალდისგან შემდგარი ფლოტი დაეშვა. ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა
აშშ-ის მიერ ნავთობტანკერის დაკავებაში ბრიტანეთიც მონაწილეობდა
გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე, დღეს გემ Bella 1-ის შეჩერების მიზნით, მხარდაჭერა უზრუნველყო. მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს აშშ-ის მიერ გემ Bella 1-ის დაკავებას, რომელსაც „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობასა და ირანის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ. გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყო წინასწარ დაგეგმილი ოპერატიული მხარდაჭერა. მათ შორის, ბაზირების მხარდაჭერა გაუწიეს აშშ-ის სამხედრო რესურსებს, რომლებიც Bella 1-ის შეჩერებას ცდილობდნენ. კერძოდ, გემი RFA Tideforce უზრუნველყოფდა მხარდაჭერას აშშ-ის ძალებისთვის, რომლებიც აედევნენ Bella 1-ს, ხოლო სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) ჰაერიდან სადაზვერვო მხარდაჭერა უზრუნველყო. განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ღრმაა და გაერთიანებულმა სამეფომ დახმარება უზრუნველყო საერთაშორისო სამართლის სრულ დაცვით. ჩვენი გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალებმა მაღალი პროფესიონალიზმი და ოსტატობა გამოავლინეს აშშ-ის მიერ გემ Bella 1-ის წარმატებული შეჩერების მხარდაჭერისას, მაშინ როდესაც ის რუსეთისკენ მიემართებოდა. ეს ქმედება გლობალური ძალისხმევის ნაწილი იყო სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ეს გემი, რომელსაც ბნელი წარსული აქვს, რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ქმედებების გაძლიერებას ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური სტაბილურობის დასაცავად, რათა ბრიტანეთი იყოს დაცული ქვეყნის შიგნით და ასევე, ძლიერი - საერთაშორისო ასპარეზზე. შეერთებული შტატები გაერთიანებული სამეფოს უახლოესი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორია, ხოლო ჩრდილოატლანტიკის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. აშშ-სთან ჩვენი თავდაცვის ურთიერთობის სიღრმე ჩვენი უსაფრთხოების არსებითი ნაწილია და დღევანდელი შეუფერხებლად განხორციელებული ოპერაცია ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს ურთიერთობა პრაქტიკაში,“ - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა. გემი Bella 1 შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რომელთა მიზანია ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის დაფინანსების შეჩერება არალეგალური ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების გზით. გემი თავდაპირველად, ცრუ დროშის ქვეშ ცურავდა, ზღვაში ყოფნისას გამორთო ტრანსპონდერები და დევნის პროცესში სცადა დროშის შეცვლა, რაც მიუთითებს მის ბნელ კავშირებზე გლობალური სანქციების გვერდის ავლის საქმიანობასთან. არსებობს რამდენიმე წლის წინანდელი შეფასებები, რომ Bella 1 ჩართული იყო უკანონო საქმიანობაში, დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, „ჰეზბოლასთან“, და წარმოადგენს მზარდი ჩრდილოვანი აქტივობის ქსელის ნაწილს, რომელიც მთელ მსოფლიოში კვებავს და აფინანსებს ბნელ საქმიანობას. „გემის რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრაცია აჩვენებს რუსეთის როლს ამ ურთიერთდაკავშირებულ ჩრდილოვან საქმიანობაში, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას და ასუსტებს გლობალურ უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შეკავება და საქმიანობის შეფერხება გაერთიანებული სამეფოს პრიორიტეტია. დღემდე სანქციები დაწესებულია 520 რუსულ ჩრდილოვანი ფლოტის გემზე. დიდი ბრიტანეთის მთავრიბის განცხადებით, რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობის შემოსავლები 27%-ით შემცირდა 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს
აშშ ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციების წევრობა აღარ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს. 66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს. აშშ ტოვებს გაეროს ეგიდით მოქმედ ისეთ სტრუქტურებს, როგორებიცაა დემოკრატიის ფონდი, საერთაშორისო სამართლის კომისია, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს, მშვიდობის მშენებლობის ფონდი და ა.შ. აშშ ტოვებს ვენეციის კომისიასაც - კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს. ჩამონათვალშია უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრიც - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერება. 66-ვე ორგანიზაცია ჩამოთვლილია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში, რომელიც თეთრი სახლის საიტზე 7 იანვარს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტით დონალდ ტრამპი აღმასრულებელ დეპარტამენტებსა და სააგენტოებს ავალებს ზომების მიღებას 66 ორგანიზაციის დასატოვებლად. აშშ-ის პრეზიდენტი მემორანდუმში აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 თებერვალს გასცა გაეროს სისტემაში არსებული და ზოგიერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებისა და მათი დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო მდივანს დაავალა მიმოხილვის მომზადება გაეროში აშშ-ის წარმომადგენელთან კონსულტაციით. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა დასკვნები წარმოადგინა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განხილვა გაიმართა, პრეზიდენტმა ტრამპმა მიიჩნია, რომ ამ 66 ორგანიზაციის წევრად დარჩენა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც. რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციები, რომელთა დატოვებასაც შეერთებული შტატები გეგმავს, აქტიურად ცდილობენ ამერიკის სუვერენიტეტის შეზღუდვას. რაც შეეხება გაეროს ორგანიზაციებს, აშშ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, საერთაშორისო სამართლის კომისიას, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრს, მშვიდობის მშენებლობის ფონდს, დემოკრატიის ფონდსა და მოსახლეობის ფონდს ტოვებს.
ირანში საპროტესტო აქციების ფონზე, შეტაკებები გრძელდება
ირანის რამდენიმე ადგილას ანტისამთავრობო მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული არეულობის ტალღა მე-11 დღეა, გრძელდება. BBC-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაძაბული დაპირისპირება, ფონზე კი, სროლის ხმა ისმის. მედიის ცნობით, რამდენიმე სხვა ტერიტორიიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები იარაღს და ცრემლმდენ გაზს ისვრიან მომიტინგეების მიმართულებით, რომელთაგან ზოგიერთი ქვებს ისვრის. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, საპროტესტო აქციები 31-ვე პროვინციის 111 ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, არეულობის დროს სულ მცირე 34 მომიტინგე და დაცვის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 2200 მომიტინგე დააკავეს.
ტრამპი: 2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი $1.5 ტრილიონი უნდა იყოს
2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „სენატორებთან, კონგრესმენებთან და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, დავადგინე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ამ საშიშ დროში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 2027 წლისთვის არა 1 ტრილიონი, არამედ 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის მიზანს აშშ-ის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა წარმოადგენს. „აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, რომ „ოცნების არმია“ შევქმნათ, რომელიც ნებისმიერი მტრის მიუხედავად, დაგვიცავს და ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
საზღვაო სააგენტოს განცხადებით, ამოწმებენ ცნობას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეებიც არიან
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება. სააგენტო აცხადებს, რომ ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია; ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე. „არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებულ იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას,“ – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 იანვარს დაადასტურა, რომ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები და ამერიკული მხარისგან მოითხოვენ მათ მიმართ ჰუმანურ და ღირსეულ მოპყრობას, უფლებების დაცვას და სამშობლოში სწრაფად დაბრუნებას. შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, სანქციების დარღვევისთვის ტანკერის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ. ბონდის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან. გენერალური პროკურორის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა. ცნობისთვის, ცნობისთვის, ტანკერი „მარინერა“, რომელიც გავრცელებული ცნობით, რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა, აშშ-ის სამხედროებმა 7 იანვარს დააკავეს. ამ გემის სახელწოდება წარსულში იყო „ბელა 1“ და ის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო. ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს
სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე, ვენესუელაში სამხედრო ქმედებებს აუკრძალავს
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ვენესუელაში შემდგომი სამხედრო ქმედებების განხორციელებას აუკრძალავს. ხმის მიცემა ჩატარდა მას შემდეგ, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, კონგრესს, და არა პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს ომში ჯარების გაგზავნის უფლებამოსილება, როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული. საომარი უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას მხარი 52-მა სენატორმა დაუჭირა, 47 კი წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი ტრამპის მომხრე ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა, ერთმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. Sky News-ის ცნობით, კანონპროექტის კანონად გადაქცევის არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში, ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, სადაც „რესპუბლიკელები“ ურავლესობას წარმოადგენენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირეს. „სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი აღარასდროს უნდა აირჩიონ თანამდებობაზე“, - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „„რესპუბლიკელებს“ უნდა რცხვენოდეთ იმ სენატორების, რომლებმაც „დემოკრატებთან“ ერთად მისცეს ხმა იმას, რომ წაერთმიათ ჩვენთვის უფლებამოსილება, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები,“ - დაწერა ტრამპმა. 5 იანვარს, ვენესუელის ყოფილი ლიდერი, თანამდებობიდან გადაყენებული მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, პირველად წარდგნენ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში. ადრე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც მადუროს, მის მეუღლეს და კიდევ ოთხ პირს წაუყენეს ოთხი ბრალდება, მათ შორის, „ნარკოტერორიზმსა“ და კოკაინის იმპორტის ორგანიზებაში. მესამე და მეოთხე ბრალდებები ეხება იარაღის გამოყენებას და შენახვას შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენების განზრახვით. მადურომ სასამართლოში თავი უდანაშაულოდ ცნო. კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შეუძლია ახალი დარტყმის ბრძანება გასცეს, თუ ვენესუელა არ ითანამშრომლებს შეერთებულ შტატებთან. დელსი როდრიგესი, ნიკოლას მადუროს დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დაინიშნა.
ვენესუელაში „დიდი რაოდენობით“ პატიმრების გათავისუფლების შესახებ განაცხადეს
ვენესუელის მთავრობამ დაიწყო იმ პატიმრების გათავისუფლება, რომელთაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. პატიმრების გათავისუფლების შესახებ ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხორხე როდრიგესმა, დროებითი პრეზიდენტის ძმამ განაცხადა. მისი თქმით, „მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.“ როდრიგესმა არ დააკონკრეტა, ვინ ან რამდენი პატიმარი გათავისუფლდება. ხორხე როდრიგესი მადუროს მმართველობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად არის მიღებული და სხვა რომელიმე მხარესთან არ იყო შეთანხმებული. ვენესუელის ხელისუფლებამ 8 იანვარს გამოაცხადა, რომ ციხეებიდან ათავისუფლებს „დიდი რაოდენობის“ პატიმრებს, მათ შორის უცხოელებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა სპეციალური ოპერაციის დროს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მზადაა, როდრიგესს ქვეყნის მართვის უფლება მისცეს, თუ კარაკასი ვაშინგტონთან ითანამშრომლებს და ვენესუელის ნავთობის უხვ მარაგზე წვდომის საშუალებას მისცემს. ეს პატიმრების გათავისუფლების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მადუროს ყოფილი მოადგილე, დელსი როდრიგესი, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დამტკიცდა. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გათავისუფლდა ესპანეთის ხუთი მოქალაქე, მათ შორის, რომელთაგან ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არის უფლებადამცველი როსიო სან მიგელიც. მედიის ცნობით, ვენესუელის ციხეებში ასობით პოლიტიკური პატიმარია, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმეა გათავისუფლებული. ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-ის დიდი ხნის მოთხოვნა იყო. ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Foro Penal-ის ცნობით, ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება. სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე, ვენესუელაში სამხედრო ქმედებებს აუკრძალავს
აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა
9 იანვარს, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების მეორე პარტია გაგზავნა. ტვირთი მოიცავს 1742 ტონა 95 RON ბენზინს და 956 ტონა დიზელის საწვავს. ტვირთი სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით ჩავა. გასულ თვეში, ბაქოდან სომხეთში 1220 ტონა 95 RON ბენზინით დატვირთული პირველი სატვირთო მატარებელი გაიგზავნა. გადაზიდვები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანიდან სომხეთში საქონლის ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. დღეს, 11 იანვარს,11 ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კასიკის მიმართულებით, 18 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი გავიდა, რომელიც 979 ტონა AI-92 საავტომობილო ბენზინით იყო დატვირთული. ტვირთი სომხეთში, საქართველოს გავლით გადაიგზავნება. ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით საწვავის ექსპორტზე ტარიფების საკითხი გადაიჭრა
მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ვენესუელაში პირველად ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია პარასკევს ვენესუელაში პირველად ჩავიდა ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ განიხილავს ამერიკის საელჩოს ხელახლა გახსნის შესაძლებლობას, რომელიც 2019 წლიდან დახურულია. კოლუმბიაში დაფუძნებული ოფისის, აშშ-ის დიპლომატიური და უსაფრთხოების პერსონალი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ჯონ მაკნამარასთან ერთად, კარაკასში ჩავიდნენ „საელჩოს შესაძლო ხელახლა გახსნის შესაძლებლობის შესაფასებლად. ვენესუელის დროებითმა მთავრობამ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან „დიპლომატიის ძების პროცესი“ დაიწყო და ვაშინგტონში დელეგაციას გაგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელა ათავისუფლებს დიდი რაოდენობით პოლიტიკურ პატიმრებს „მშვიდობის სურვილით“ ნიშნად. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ და სწორედ ამ თანამშრომლობის გამო გააუქმა მოსალოდნელი მეორე დარტყმა. ტრამპი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების მიზნების გამო ყველა გემი ადგილზე დარჩება. ვენესუელაში „დიდი რაოდენობით“ პატიმრების გათავისუფლების შესახებ განაცხადეს