ძებნის რეზულტატი:
ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლი შეწყდება, თუ „ჰეზბოლა“ თავდასხმებს შეწყვეტს
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის ვაშინგტონში, 2-3 ივნისს გამართული მოლაპარაკების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის, ლიბანისა და ისრაელის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. შეთანხმების დაცვის პირობაა „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის სრულად შეწყვეტა და მისი შეიარაღებული ჯგუფების გასვლა მდინარე ლიტანიდან სამხრეთში მდებარე სექტორიდან. განცხადების თანახმად, ლიბანი და ისრაელი აშშ-ის შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში დაიწყება შექმნა საცდელი ზონების, რომლებსაც მხოლოდ ლიბანის არმია გააკონტროლებს არასახელმწიფო ძალების მონაწილეობის გარეშე. აშშ ლიბანის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერას ჰპირდება. ამ ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 22 ივნისის კვირიდან. ისრაელსა და ლიბანს შორის მომავალი ურთიერთობების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმა სუვერენულმა მთავრობამ და კატეგორიულად უარყოფილია სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო სუბიექტების მცდელობები, მძევლად აიყვანოს ლიბანის მომავალი. ლიბანის, ისრაელის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ჰეზბოლა 3 ივნისს არ გამოხმაურებია. ცნობისთვის, „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთა ისრაელს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ვაშინგტონის შეფასებით, „ჰეზბოლა“ არამხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის, არამედ, ლიბანის მტერიც არის. ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ კატეგორიულად უარყო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. მკაცრი ფორმულირებით გაკეთებულ განცხადებაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ლიდერმა ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ლიბანისთვის „უშედეგო“ და „დამამცირებელი“ იყო.
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 17-თვიან ვეტო მოხსნა — FT
ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ 4 ივნისს, მას შემდეგ განაცხადა, რაც კიევსა და ბუდაპეშტს შორის მთავარი დაბრკოლება მოიხსნა. კერძოდ, უკრაინამ და უნგრეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის უნგრულენოვანი უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგი ეტაპი ივნისის შუა რიცხვებში გაგრძელდება. როგორც FT წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე 17-თვიანი ვეტო მოუხსნა. „ჩვენ მივაღწიეთ გარღვევას უკრაინასთან ეთნიკური უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში,“ - განაცხადა მადიარმა პარიზში, ოფიციალური ვიზიტის დროს. პიტერ მადიარის წინამორბედის ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს, უნგრეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბლოკავდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ პროგრესს. „100 000 უნგრელი დაიბრუნებს თავის ფუნდამენტურ უფლებებს,“ - განაცხადა მადიარმა და განმარტა, რომ უკრაინა დათანხმდა ამ შეთანხმების პირობების კანონმდებლობაში და ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სამოქმედო გეგმაში ასახვას და თუ ეს მოხდება, მაშინ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავის გახსნას. თუმცა როგორც Reuters-ი წერს, მადიარის მთავრობა არ უჭერს მხარს უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ დაჩქარებულ მოლაპარაკებებს. „პრემიერ-მინისტრ მადიარის მიერ უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების გამოცხადება გზას უხსნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს,“ - დაწერა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა X-ზე.
სომხეთმა და აშშ-მ TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის პროექტის შესახებ, რომლის პარაფირებაც 26 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დოკუმენტს ხელს აწერს.„ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ, თქვენს თვალწინ ხელი მოვაწერე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის შესახებ. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ჩემსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ, მისი სომხეთში ვიზიტის დროს, მოხდა დოკუმენტის პარაფირება. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, დოკუმენტი სომხეთში გამოიგზავნა და ახლა სომხურმა მხარემაც მიიღო დოკუმენტი. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულებულია და შეთანხმება რატიფიცირებისთვის მზად არის,“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა.
აზერბაიჯანი შუა დერეფნის ციფრულ ინტეგრაციაზე ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
აზერბაიჯანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან ტვირთების გადაზიდვის სფეროში მონაცემთა პირდაპირი გაცვლის სისტემის შექმნაზე, განაცხადა ციფრული ლოგისტიკური პლატფორმის (DLP) პროექტის ხელმძღვანელმა, ეთირამ გულიევმა, ბაქოში გამართული კასპიის ზღვის მე-2 საერთაშორისო ტრანსპორტის, ტრანზიტისა და ლოგისტიკის ფორუმზე. აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ერთობლივად მოამზადეს და ჩინურ მხარეს წარუდგინეს შესაბამისი გზამკვლევი. პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველო რჩება შუა დერეფნის ერთადერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ჯერ არ შეერთებია ამ ციფრული ინტეგრაციის პროცესს. თუმცა მისი მონაწილეობა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ეთირამ გულიევის თქმით, სისტემასთან საქართველოს მიერთება ერთიანი ციფრული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის დასრულებას და მთელი მარშრუტის გასწვრივ მონაცემთა შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველყოფას შესაძლებელს გახდის.
DFC $2.5 მილიარდის ინვესტიციას ამტკიცებს, რაც TRIPP კომპანიის შექმნასაც მოიცავს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგიული ინვესტიციების სერია, რომლის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია, მათ შორისაა „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) განვითარების კომპანიის შექმნის მხარდაჭერა. TRIPP-ის განვითარების კომპანიის, აშშ-სა და სომხეთს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ამავდროულად, საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ეს საწარმო ეფუძნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ სამშვიდობო დეკლარაციას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას, რათა მხარი დაუჭიროს ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, სარკინიგზო ხაზებს, მილსადენებს, ბოჭკოვან ოპტიკას და სხვა. TRIPP-ის განვითარების კომპანიაში ამერიკულ მხარეს 74%-იანი წილი ექნება, ხოლო სომხურ მხარეს 26%-იანი წილი ერგება.
ამერიკულმა კომპანიებმა აზერბაიჯანთან $8 მილიარდ დოლარზე მეტის კომერციულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
აშშ-ის დელეგაციამ და აზერბაიჯანმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომერციულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი და ვაშინგტონი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კალებ ორმა. ბაქოში ვიზიტით მყოფმა ორმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებში უფრო ფართო როლის შესრულებას ცდილობს. „ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში,“ - განაცხადა ორმა Reuters-ის კითხვის საპასუხოდ. „ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ დავეხმაროთ აზერბაიჯანს, გააძლიეროს თავისი როლი, როგორც შუა დერეფნის ცენტრალურმა ჰაბმა ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართულებით ენერგეტიკული ტრანზიტისთვის,“ — განაცხადა ორმა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა იზრდება და ფართოვდება. „ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ვაორმაგებთ. თუმცა ამ საფუძველს ბევრად უფრო მასშტაბურ თანამშრომლობად ვაქცევთ. მხოლოდ ამ კვირაში ვიხილეთ, რომ აშშ-ის კომპანიებმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს,“ — განაცხადა ორმა.
რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ევროკავშირმა სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს ზომებს სომხეთის მხარდასაჭერად რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის პირობებში. ეს მოიცავს 50 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის საგანგებო ფინანსურ დახმარებას. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის საქონელზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით, მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს იყენებს იარაღად პოლიტიკური ზეწოლისთვის. „ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. და ევროპა ამიტომაც დგას მტკიცედ სომხეთის მხარეს," - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ხუთშაბათს, 4 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ლაიენმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. „პაკეტი ითვალისწინებს გამარტივებულ სავაჭრო პირობებს რიგი სომხური საქონლისთვის, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის, ასევე, პრაქტიკულ მხარდაჭერას დაზარალებული სექტორებისთვის, როგორიცაა, ყვავილების მოყვანა,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. მანვე განაცხადა, რომ 5 ივნისს, ლატვიაში 10 000 სომხური ყვავილის პარტია ჩავა და მას კიდევმეტი მიჰყვება. ლაიენმა ასევე გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთს „ინფრასტრუქტურისა და სასაზღვრო გადასასვლელების განვითარებაში, რეგიონული სატრანსპორტო კავშირების აღდგენის პარალელურად“, განსაკუთრებით — თურქეთთან. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრიორიტეტებზე ერთად მუშაობას ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პლატფორმის მინისტერიალზე, რომელიც 23 ივნისს გაიმართება,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რუსეთმა სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევნიდან ელჩი გაიწვია
ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მოუწოდა, შეწყვიტოს ომი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ზელენსკი გამოდის წინადადებით შეხვედრა გაიმართოს პიდაპირი ფორმით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ. "არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის გზის არჩევის - ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა." ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ, თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც — რუსეთის ლიდერს კიევში. არიან ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა. ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს — ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას," - წერს ზელენსკი. ომის დასრულების მოლაპარაკებები "გავიგეთ, ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება. ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია მათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა — მათი, ვისაც გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. . ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ მივა იდეამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს არსებობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევს, არა რუსეთის, არამედ, პერსონალური არსებობისთვის. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს მუქარა არ არის, არამედ, ფაქტია რუსეთის ისტორიიდან. „გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი ექნებათ უკრაინელებსა და რუსების მომავალ თაობებს. თუ თქვენ პერსონალურად თქვენს აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის — არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად პუტინს და აცხადებს, რომ კონფლიქტი იყო მისი შეგნებული არჩევანი. "რასაც უნდა ამბობდეთ NATO-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი არის თქვენი პირადი არჩევანი — ომი — რეალური მიზეზის გარეშე," — წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ომის შედეგებით. მისი თქმით, რუსეთის ხალხს "არ მოსწონს ჩვენი დრონები და რაკეტები", "არ მოსწონს ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა", ასევე, "არ მოსწონს, რომ პუტინის ომს ბოლო არ უჩანს." უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე. "გუშინ ჩავიბარე ანგარიში ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ, უკრაინაში, მაისის თვეში. ის კვლავ აჭარბებს 30 ათას მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუსს," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამავე წერილში წერს, რომ რუსეთის მიერ ომის 2027-28 წლებამდე გაჭიანურების გეგმების შესახებ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია აქვს. „ჩვენ ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკური იარაღი შეძლებს იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ომში და ახლა ჩვენც იძულებული ვართ, ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა? არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზება აქვს. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.“
უნგრეთმა სამი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა
უნგრეთის მთავრობამ სომხეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა ვანდა შონდიმ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უცხოელი მუშახელის დასაქმების რეგულაციების გამკაცრების მცდელობის ნაწილია, იმ შეშფოთების ფონზე, რომ უცხოელი მუშახელის შემოდინებამ შესაძლოა, უნგრელი თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდოს. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ მიმართული უფრო ფართო პოლიტიკის პირველ ნაბიჯად შეაფასა. ამავდროულად, უნგრეთში უკვე მომუშავე უცხოელი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ნებართვების გახანგრძლივებას, ხოლო ახალი წესების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების დამუშავება არსებული პროცედურებით გაგრძელდება.
აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმისას, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა — ბაქო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვის ზღვაში ორ უცხოურ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის აიხან ჰაჯიზადას თქმით, ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ორი უცხოური სატვირთო გემი გახდა, რომლებზეც სულ 25 აზერბაიჯანელი მოქალაქე იმყოფებოდა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ ეკუთვნის. რუსული მხარისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად, სულ ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულები იესკის საქალაქო საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამჟამად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაციას უწევს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს, ასევე შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი ადგილზე გაემგზავრა. მოქალაქეების მდგომარეობასთან, მათ ქვეყანაში დაბრუნებასთან და საჭირო საკონსულო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებით კონტროლდება,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გემებ თურქეთიდან დონის როსტოვში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდნენ.
ახალი ვაქცინა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს
მკვლევრები აცხადებენ, ვაქცინის „ფუნდამენტურად ახალი“ ტიპის შესაქმნელად, რომელსაც ვირუსების დიდი რაოდენობითგან დაცვა და პანდემიების პრევენცია შეუძლია, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინის ძირითადი კომპონენტი მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რომელიც შემდეგ ადამიანებზე გამოსცადეს. ვაქცინა ყველა კორონავირუსის წინააღმდეგ არის შექმნილი, მათ შორის, Covid-ის ყველა ვარიანტზე, ასევე ვირუსებზე, რომლებიც ამჟამად აინფიცირებს ცხოველებს, მაგრამ აქვთ შემდეგი პანდემიის დაწყების პოტენციალი. მუშაობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ გუნდი უკვე ავითარებს ცალკეულ ვაქცინებს, რომლებსაც გრიპის და ებოლას წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ.
გაეროს გენასამბლეამ კვლავ დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლება
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეზოლუციას, რომელიც ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო, 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 8 ქვეყანა წავიდა. „რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე. რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. რეზოლუციის თანაავტორთა რაოდენობა წელს 4-ით, 68-მდე გაიზარდა. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, დომინიკის თანამეგობრობა, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, გერმანია, გვატემალა, საქართველო, თურქეთი, ტონგა, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ახალი ზელანდია, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კაბო-ვერდე, კირიბატი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პაპუა-ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ფიჯი, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შვედეთი, ჯიბუტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. „გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას“, – დაწერა მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, აშშ-სა და საქართველოს შორის შერიგებით
„როგორ შეიძლება, არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.“ ჟურნალისტების ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა. „დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
უკრაინამ და მისმა სამმა ევროპელმა მოკავშირემ სამართლიანი მშვიდობის ხუთი პირობა შეათანხმეს
უკრაინისა და მისი ახლო ევროპელი მოკავშირეების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსეთთან ომის დასრულების „სამართლიანი და მდგრადი“ შეთანხმების მისაღწევად ხუთი პირობა წამოაყენეს. ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადეს, რომ ისინი „მტკიცედ დარჩებიან უკრაინის გვერდით.“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივნისს ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ხუთი პირობა მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ამჟამინდელი პოზიციიდან, ასევე უკრაინისთვის „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებს. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის პროცესის ნაწილის ყოფნის აუცილებლობა იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყურადღება ირანთან ომზეა გადატანილი. შეხვედრის შემდეგ ლიდერების მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, პუტინს მოუწოდეს, დასთანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტას. მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ფრონტზე ამჟამად არსებული ე.წ. შეხების ხაზი. საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენული უფლების, თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და შექმნას ალიანსები. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საიმედო, იურიდიული გარანტიები, რაც მოიცავს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსებასაც. რუსეთის აქტივები გაყინული იქნება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და უკრაინას მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას არ გადაუხდის. შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების ინტერესები. ნებისმიერ მოლაპარაკებას, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხება, სჭირდება მხოლოდ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების და ნატოელი მოკავშირეების თანხმობა. შაბათს, 6 ივნისს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქი, სანქტ-პეტერბურგი, დაბომბეს, როდესაც ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღეს მასპინძლობდა - თავდასხმას რუსეთის ხელისუფლება „უპრეცედენტოდ“ მიიჩნევს. ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა