ძებნის რეზულტატი:
ტრამპმა ფაშინიანს მომავალი არჩევნებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას სომხეთში მომავალ ეროვნული ასამბლეის არჩევნებში. „სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, აძლიერებს, ამდიდრებს და ავითარებს თავის ქვეყანას! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახა ეწვია სომხეთს, სადაც მან ხელი შეუწყო რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. მალე, შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, ჰქონდეთ წვდომა ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე. ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული და სრული მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე. გახადეთ (სომხეთი) ისევ დიდებული — MAGA!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ კონსტანცაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ბუქარესტი საკონსულოსაც ხურავს. რუმინეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის შეჭრის გამო მიიღეს, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. მისი განმარტებით, დრონი უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული 43 დრონიდან ერთ-ერთი იყო. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ რუმინეთი რუსეთის საკონსულოს დახურავს. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტი NATO-ელი მოკავშირეების ერთიანი რეაქცია სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირებაა. ნიკუშორ დანმა აღნიშნა,რომ ალიანსი თავისი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ნაწილს რუმინეთში გადაიტანს, ვიდრე რუმინეთი თავის შიდა სისტემებს არ განაახლებს. NATO-მ და ევროკავშირმა რუსეთი გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, ორი ადამიანი დაშავდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს ახორციელებდა. ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ „რუსეთის უგუნური საქციელი საფრთხეს უქმნის ყველას“, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი „გააგრძელებს ზეწოლის გაზრდას“ მოსკოვზე. რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრია - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს, დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა რუმინეთში.
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა ჩინეთის საკუთრებაში არსებულ ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Temu-ს 200 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა ისეთი უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო, როგორიცაა, საშიში საბავშვო სათამაშოები და გაუმართავი დამტენები. ევროკომისიამ განაცხადა, რომ კომპანიამ „ვერ შეძლო პროდუქტების სისტემური რისკების გულმოდგინედ იდენტიფიცირება და იმ ზიანის ანალიზი და შეფასება, რაც მათ შეიძლება, მომხმარებლებს მიაყენონ. Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმის გამო, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს. ჯარიმის გადახდასთან ერთად, Temu-მ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა დარღვევების აღმოსაფხვრელად. შემდეგ კომისიას ორი თვე აქვს იმის გადასაწყვეტად, გასწია თუ არა კომპანიამ საკმარისი სამუშაო, მოთხოვნების შესასრულებლად. ევროკავშირის ტექნოლოგიების კომისარმა ჰენა ვირკუნენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზანი Temu-სთვის „ძალიან ძლიერი გზავნილის“ გაგზავნა იყო. Temu-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საცალო ვაჭრობის კომპანია პატივს სცემს მკაფიო და თანმიმდევრული წესების საჭიროებას, თუმცა გადაწყვეტილება 2024 წელს მოიცავდა და არ ასახავდა მისი სისტემების ამჟამინდელ მდგომარეობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი — რა საკითხები განიხილა დელეგაციამ
ამერიკი საელჩო 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებებს ავრცელებს. შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. შეხვედრა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“-სა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით. მანამდე, აშშ-ის საელჩომ ასევე გაავრცელა დელეგაციის განცხადება, რომელიც პატრიარქთან შეხვედრას ეძღვნებოდა. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა „იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა.“ „შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა. დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს. აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრველა საპატრიარქომაც. დელეგაცია საქართველოს 24 მაისიდან 29 მაისამდე სტუმრობდა. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად.“ დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ: პიტერ ანდრეოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი; ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში.
აშშ-მ ირანს კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი ჩამოართვა — ბესენტი
ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკური ზეწოლის კამპანია, რომელსაც „Operation Economic Fury“ ეწოდება, „ირანის რეჟიმს“ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აქცევს. აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში მიიღეს. მისი განცხადებით, ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ბესენტის თქმით, ირანელი სამხედროების 40-50% ხელფასს ვერ იღებს, პოლიციის ნაწილი სამსახურში აღარ ცხადდება, ინფლაცია 200%-ზე მეტია, ხელისუფლება მოსახლეობას საკვების ვაუჩერებს ურიგებს. აღსანიშნავია, რომ თეირანი მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის დაწყებამდე, გაყინული ირანული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას ითხოვს. New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპს სურს უცხოეთში გაყინული ირანის აქტივების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების გადახედვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტით მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. Axios-ის ცნობით, ტრამპი მაღალგამდიდრებული ურანის საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო ფორმულირებას მოითხოვს. ამერიკულ მხარეს სურს დააკონკრეტოს, თუ როგორ და როდის მიიღებს აშშ ირანის ბირთვულ მასალას. 31 მაისს აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი არ მიიღებს აშშ-სთან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანელი ხალხის უფლებები დაცულია. გადაუჭრელ საკითხებს შორისაა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნის ვადები და ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება.
ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე დრონების საწინააღმდეგო სისტემები დაამონტაჟა
ესტონეთმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახმელეთო საზღვრის სამ მონაკვეთზე - ლუჰამაას სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ესტონეთის, ლატვიისა და რუსეთის საზღვრების გადაკვეთის წერტილს შორის - დრონების აღმოჩენისა და მონიტორინგის ფიქსირებული მოწყობილობები დაამონტაჟა. „ეს მხოლოდ დასაწყისია: ჩვენ მივდივართ დრონების ქსელის შექმნისკენ, რომელიც მთელ ესტონეთს მოიცავს. დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობების დაგეგმვისას რისკები ძალიან რეალისტურად შევაფასეთ და ფრთხილი გადაწყვეტილებები მივიღეთ,“ - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ტარომ. მისი ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის დარჩენილ მონაკვეთებზე დრონების მონიტორინგის მოწყობილობების დამონტაჟება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის საბჭომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოქნილი მეთვალყურეობა უზრუნველყოფს ესტონეთის აღმოსავლეთი საზღვრის კარგად დაცვას როგორც დღეს, ასევე — მომავალში.
რუსეთმა სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევნიდან ელჩი გაიწვია
რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთში ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია. მოსკოვი ამ გადაწყვეტილების მიზეზად სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ „ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებს“ ასახელებს. „რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი მოსკოვში დაიბარეს კონსულტაციებისთვის სომხეთის ხელმძღვანელობის ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ზიანს აყენებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ერთი დღით ადრე, ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების - რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მოუწოდებეს ამ კავშირის კიდევ ერთ წევრს, სომხეთს, ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვით - რა სურს სომხეთს, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ხოლო თებერვალში ადგილობრივმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი კავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკას უფლება აქვს, აირჩიოს საკუთარი პარტნიორები, მაგრამ ერთდროულად ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. მან მოუწოდა ერევანს, რაც შეიძლება მალე მიეღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ტრანსფორმაციას განიცდის. „ტრანსფორმაციის ამ ეტაპს დადებითად მივიჩნევ, რადგან დიახ, ამ ახალი სიტუაციის პირობებში ჩვენ რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვამყარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ღია და გულწრფელია; ამ ურთიერთობებში არანაირი ბნელი კუთხე არ დაგვიტოვებია,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. პირველ ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „დაბალანსებული პოზიციისთვის, მეგობრული ტონისა და რიგ საკამათო საკითხებზე მხარდაჭერისთვის.“ თავის მხრივ, კრემლის ცნობით, პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყაზახეთში გამართულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები განიხილა. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში, შესაფერის დროს პირადად გააგრძელებენ დისკუსიებს. როგორც ცნობილია, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებმა სამიტზე განიხილეს ერევნის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები. სამიტის შემდეგ, რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, რეფერენდუმი ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე ჩაატაროს. მოსკოვზე ეკონომიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ბოლო წლებში, სომხეთი დასავლეთთან კავშირებს აღრმავებს. 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ტრამპმა ფაშინიანს მომავალი არჩევნებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა მოსკოვმა სომხეთის ელჩი გამოიძახა ზელენსკის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ რუსეთმა სომხური „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა
ჩინეთი და ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით, ევროპასთან ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავენ — უკრაინის დაზვერვა
ჩინეთი და ყაზახეთი აჩქარებენ რუსეთის გვერდის ავლით ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, თუ გეგმები განხორციელდება, მოსკოვმა შესაძლოა, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობიდან მიღებული ტრანზიტული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგოს. პეკინი მომდევნო წლებში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით [შუა დერეფანი], ევროპაში ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე, ეს მარშრუტი რუსეთს უვლის გვერდს. ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც კი მარშრუტი სრულ დატვირთვას მიაღწევს, რუსეთმა შეიძლება, მრავალმილიარდიანი ზარალი ნახოს. „ამ დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკა უფრო რთულად ითვლება, ვიდრე რუსეთის გავლით ტრანზიტი, რადგან ის სარკინიგზო ტრანსპორტს, პორტის ინფრასტრუქტურას, ბორნების გადასასვლელებს და რამდენიმე ქვეყანას შორის რთულ საბაჟო პროცედურებს აერთიანებს, მაგრამ პეკინი და ასტანა აქტიურად ავითარებენ ამ პროექტს,“ – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ გეგმების განსახორციელებლად ყაზახეთის რკინიგზა 2030 წლისთვის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს რკინიგზის, პორტისა და ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. „2026 წელს დაგეგმილია 900 კმ ახალი ლიანდაგის აშენება. კერძოდ, დაახლოებით 300 კმ აიაგოზ-ბახტის მონაკვეთზე, რომელიც შექმნის მესამე რკინიგზის გადასასვლელს ჩინეთთან საზღვარზე. ეს გაზრდის მარშრუტის გამტარუნარიანობას 55 მილიონიდან 100 მილიონ ტონამდე წელიწადში 2030 წლისთვის. წყლით გადაადგილების შეფერხებების აღმოსაფხვრელად ყაზახეთის რკინიგზა 100 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს ექვს ახალ სატვირთო გემში აქტაუს, კურიკისა და ბაქოს პორტებს შორის მომსახურებისთვის,“ – აცხადებს უკრაინის დაზვერვა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების ასოციაციის მონაცემებით, დერეფანში ტრანსპორტირების მოცულობამ 2023 წელს – 2.76 მილიონი ტონა, 2024 წელს – 4.48 მილიონი ტონა და 2025 წელს 4.12 მილიონი ტონა შეადგინა.
რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი შეზღუდა
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ცოცხალი თევზის იმპორტი შეზღუდა. „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ ერევანმა 2 ივნისიდან რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების სერტიფიცირება უნდა შეაჩეროს, გარდა იმ ორი კომპანიის პროდუქციისა, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. უწყების ცნობით, შემოწმების შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო. ეს ნიშნავს, რომ თევზისა და თევზის პროდუქტების სომხეთიდან რუსეთში გაგზავნა დროებით შეიზღუდა და მხოლოდ ორი ქარხნის პროდუქცია გავა - ეს ორი ქარხანა არ დასახელებულა. მათ პროდუქციას „რუსეთში შემოიტანენ უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით,“ - განმარტებულია განცხადებაში, რომელიც "ინტერფაქსს“ მოჰყავს. ცნობისთვის, 2026 წლის 30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის შეტანა სომხეთიდან რუსეთში. მანამდე უწყებამ სომხეთიდან რუსეთში ყვავილების შეტანა აკრძალა. კიდევ ერთმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“ შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან რუსეთში „ჯერმუკის“ მინერალური წყლის შეტანა და გაყიდვა.
ბუდანოვი: უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა, ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, სასურველია — ზამთრამდე
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების დავალება გასცა. „ეს არის პრეზიდენტის ბრძანება, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. სასურველია — ზამთრამდე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. ეს აბსოლუტურად სწორი, დროული და კარგად გააზრებულია.“ ბუდანოვი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შეიძლება, შეთანხმებები დატოვოს. ამავდროულად, მან განმარტა, რომ უკვე არსებობს „საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები.“
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „შეუდარებელმა ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში. ტურნირის განმავლობაში მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალე თამაშით გამოირჩეოდა. გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალის“ წინააღმდეგ მოგებულ ფინალშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. შეიძლება, ითქვას, რომ კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ დაუვიწყარ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ვიხილეთ, როცა ჯერ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (1:1), მეორე ტაიმში კი უძლიერესი გასროლით შესანიშნავ სტილში დუბლი გაიფორმა,“ – წერს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში, 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველ ფეხბურთელთან ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ხაზის ოფიციალური გახსნის ცერემონია საქართველოში, ახალქალაქის რკინიგზისა და ლოგისტიკის კომპლექსში გაიმართა. ღონისძიებას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ოფიციალური პირები, ასევე, რკინიგზისა და პორტის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული სატრანსპორტო პროექტია, რომელსაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ. საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაციის შემდეგ, ხაზის წლიური ტვირთამწეობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ექსპერტების შეფასებით, რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება გააძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას, გაზრდის ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების ნაკადებს და გააძლიერებს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ცენტრის როლს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარშრუტის სრულად ამოქმედებით, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მისი შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში. „მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კმ-ს შეადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ ლიანდაგს და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე შეფასებით, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ, რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ საერთო ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას — მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. „ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელებაა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. მისივე შეფასებით, დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა.
„აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს ყალბ ისტორიას და სავიზო დოკუმენტებს უქმნიდნენ“ - პროკურატურამ 9 ადამიანს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე, აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას. 2 ივნისს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოს 366 მოქალაქეს შეუქმნეს ყალბი ისტორია, თითქოს ისინი საქართველოში სხვადასხვა ნიშნით იდევნებოდნენ და მათ დაუმზადეს ყალბი დოკუმენტები. პროკურატურის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. „ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს," - აცხადებს პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ "წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა", გამოვლინდა "სიყალბე", რის გამოც ყველა მოქალაქეს, რომელთაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. „2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო." პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის ვიზების მისაღებად საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ფაშინიანი: სომხური ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გადის ექსპორტზე ახალ ბაზრებზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დაწესებულ შეზღუდვებს მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ ეს ხალხს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს. აღიარებს თუ არა სომხეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას, განსაკუთრებით ფიტოსანიტარიული კონტროლის სფეროში, ფაშინიანმა ამ შეკითხვის საპაასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა, ცალკეული კომპანიებისთვის არსებობდეს. მთავრობა დაიწყებს დახმარების პროგრამებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებული აკრძალვით დაზარალდნენ. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერების არსებობის შემთხვევაში, მთავრობა განახორციელებს სუბსიდირებისა და მხარდაჭერის პროგრამებს და დაეხმარება მწარმოებლებს, რომლებმაც ზარალი განიცადეს, ახალი ბაზრების პოვნაში. „მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტის უსამართლო ბარიერები არსებობს, ჩვენ განვახორციელებთ დახმარებისა და სუბსიდიების პროგრამებს ამ საქონლისთვის, რათა ჩვენს ეკონომიკაში წაგებული არავინ დარჩეს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მისი განმარტებით, ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც დაბრკოლებები არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან და რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ექსპორტირებული საქონელი არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს. ფაშინინიანის თქმით, სომხეთი უკვე მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე. „დღეს უკვე გვყავს რამდენიმე ბიზნეს დელეგაცია, რომლებიც გაემგზავრნენ. მადლიერნი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაგირებისთვის და უკვე გვაქვს კონკრეტული წინადადებები ვარდების, ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მიმართულებაზე. მისივე თქმით, სომხური ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გადის ექსპორტზე ახალ ბაზრებზე. კითხვას, ევროკავშირზე საუბრობდა თუ სხვა ბაზრებზე, ფაშინიანმა უპასუხა: „ევროკავშირზეც და სხვებზეც.“ „ჩვენი რამდენიმე ბიზნესდელეგაცია დღეს უკვე მუშაობს და ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები გაიგზავნა იმ ქვეყნებში, რომელთა შესახებაც მოგვიანებით მოგიყვებით. არ დარჩება არანაირი პროდუქტი. ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. რუსეთმა სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, ერევნის ევროკავშირთან დაახლოების შესახებ განცხადებების შემდეგ, რუსეთმა აკრძალვა დააწესა რუსეთში ყვავილების, პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილის, მარწყვის, ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამასა და ყურძნის ექსპორტზე. შეზღუდვები ასევე დაწესდა სომხეთიდან თევზისა და თევზის პროდუქტების, ასევე, ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე. 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რუსეთმა სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევნიდან ელჩი გაიწვია
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინეს — BP
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკის ორ ზონაში - აზერიში და გიუნაშლიში - თავისუფალი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს, თუმცა ამ მარაგების მასშტაბი ჯერ უცნობია. ამის შესახებ BP-ის წარმოებისა და ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა გორდონ ბირელმა ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გუნაშლის ზონაში თავისუფალი ბუნებრივი აირის აღსადგენი მარაგი 4 ტრილიონ კუბურ ფუტად არის შეფასებული, რამაც დამატებითი ტექნოლოგიების გამოყენებით, 6 ტრილიონ კუბურ ფუტამდე შეიძლება, მიაღწიოს, ხოლო აზერბაიჯანის ზონაში მარაგი ჯერ არ არის შეფასებული,“ - აღნიშნა ბირელმა. ACG აზერბაიჯანის უდიდესი ნავთობის საბადოა. ბლოკის განვითარების შესახებ პირველი წარმოების გაზიარების შეთანხმება 1994 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ახალი შეთანხმება საბადოების ერთობლივი განვითარებისა და წარმოების გაზიარების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს საბადოების განვითარებას 2049 წლის ბოლომდე. ACG-ის აქციონერები არიან BP 30.37%-ით, SOCAR 31.65%-ით, MOL Group 9.57%-ით, INPEX 9.31%-ით, ExxonMobil 6.79%-ით, TPAO 5.73%-ით, ITOCHU 3.65%-ით და ONGC Videsh Limited (OVL) 2.925%-ით.
მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა წელს დაიწყება
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლა წელს დაიწყება. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კირილ ტემელკოვმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც 2024 წელს აზერბაიჯანისა და ბულგარეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და რუმენ რადევის მიერ დაინიცირდა, ორ რეგიონს შორის განახლებადი ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს გააფართოებს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მის განხორციელებაზე და ვგეგმავთ, რომ წელს დავიწყოთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან,“ - განაცხადა ტელკოვმა. ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტი დაიწყო. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი საგზაო რუკას ქმნიან
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში ნავთობტერმინალს დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა დაადასტურეს, რომ 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის პორტში მდებარე ნავთობის ტერმინალზე შეტევა განხორციელდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან რუსეთის ნავთობის მრეწველობის ამ ობიექტამდე, რომელიც ომს ემსახურება, მანძილი დაახლოებით 1100 კილომეტრია.“ „დარტყმები განხორციელდა კრონშტადტის ბაზაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზეც. კიდევ ერთი სამიზნე ტამბოვის ოლქში მდებარე საწარმო იყო, რომლის მანძილიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრია,“ - წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით უკრაინელ მეომრებს „კარგი შედეგები“ ჰქონდათ რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების შედეგად. მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა „სამხედრო სამიზნეები კრონშტადტის ბაზაზე“ და რუსული იარაღის წარმოებაში ჩართული საწარმო ტამბოვის რეგიონში. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, ბალტიის ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ტერმინალს უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებთან ერთად დრონებით დაარტყეს, რამაც მრავალრიცხოვანი, მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. სანქციების ქვეშ მყოფ პეტერბურგის ნავთობტერმინალს აქვს 31 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობა 324 000 კუბური მეტრია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 12,5 მილიონი ტონაა. რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 10-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით შეტევის დღეს ამ ქალაქში გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც. მისი გამოსვლა 5 ივნისსაა დაგეგმილი. დარტყმები უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა, რასაც სულ მცირე 22 ადამიანის, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
შუა დერეფანი: WB-მა $372 მლნ-ის დაფინანსება დაამტკიცა საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა 372 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის (TC-GATE), რომლის მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული და სავაჭრო გზის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობის და მედეგობის ამაღლება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. WB-ის შეფასებით, ინვესტიციები საქართველოს სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურაში გააუმჯობესებს დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის, და დერეფნის გასწვრივ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის. მსოფლიოს ბანკის ინფორმაციით, ეს პროექტი დააფინანსებს ქვეყანაში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრის ზრდას, ძირითადი საგზაო მონაკვეთების მოდერნიზაციას და ასევე, სარკინიგზო და საგზაო უწყებების მიზნობრივ რეფორმებს, რითაც დერეფანში არსებულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებს შეამსუბუქებს. TC-GATE პროექტი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებით, კომპანიების, ფერმერებისა და საზოგადოებისთვის ბაზრებთან წვდომის გამარტივებით და ლოგისტიკური ხარჯების შემცირებით დაახლოებით 900 000 მომხმარებელს პირდაპირ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს დერეფნის გასწვრივ სამუშაო ადგილების შექმნას ლოგისტიკის, ტრანსპორტის, აგრობიზნესისა და დაკავშირებული სერვისების სფეროებში. „აღნიშნული ინვესტიციები საქართველოს დაეხმარება თავისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კრიტიკული სატრანზიტო ჰაბის სრული პოტენციალის რეალიზებაში, და ამავდროულად უპასუხებს მზარდ მოთხოვნას ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანზე, რაც განპირობებულია გლობალური სავაჭრო ნაკადების განვითარებითა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების საჭიროებით“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საგზაო კავშირების მოდერნიზების და მათი მმართველი უწყებების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერით მსოფლიო ბანკის ჯგუფი, განვითარების პარტნიორებთან ერთად, ეხმარება საქართველოს და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებს, შექმნან ხელშესახები სარგებელი მოქალაქეებისთვის, უკეთესი სატრანსპორტო კავშირების, უფრო უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის, მეტი სამუშაო ადგილებისა და უფრო ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობების გზით. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მასშტაბური TC-GATE პროექტის საერთო ღირებულება 750 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო დანარჩენი ნაწილის თანადაფინანსებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) განახორციელებენ. აღნიშნული მიუთითებს ძლიერ მრავალმხრივ მხარდაჭერაზე როგორც საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერების ამბიციის, ისე, ზოგადად, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართ. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, TC-GATE პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო სერვისების მოდერნიზაციას ახალი, ენერგოეფექტური ელექტროლოკომოტივების დაფინანსებით, რომლებიც ჩაანაცვლებს მოძველებულ პარკს და გააძლიერებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციულ ეფექტიანობას, ფინანსურ მდგრადობას და მართვას. ეს განახლებები გააუმჯობესებს ლოკომოტივების ხელმისაწვდომობას 95%-მდე, გადამზიდავებისთვის აამაღლებს მომსახურების საიმედოობას და გაზრდის შემოსავლებს 20%-ით; ასევე ხელს შეუწყობს სარკინიგზო აქტივების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის წმინდა შემცირებას 2.3 მილიონი ტონით. „საგზაო დაკავშირებადობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პროექტი დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანსა და სასოფლო-სამეურნეო რეგიონში – კახეთში, კერძოდ, ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებს, ისევე როგორც გურჯაანისა და თელავის დამაკავშირებელ გზას. აღნიშნული დაახლოებით 43 წუთით შეამცირებს მგზავრობის დროს თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების სტანდარტების გათვალისწინებით, საგზაო სამუშაოებში გამოყენებული იქნება ღონისძიებები, რაც შეამცირებს წყალდიდობითა და მეწყრული პროცესებით გამოწვეულ შეფერხებებს, რითაც გაზრდის წლის განმავლობაში ადამიანებისა და ტვირთებისთვის ბაზრებზე წვდომის საიმედოობას. პროექტი, საქართველოს საგზაო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ხელს შეუწყობს საგზაო აქტივების მართვის გაციფროვნებას და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების გამოყენებას, ავტომაგისტრალების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NHCC) შექმნით, კლიმატისადმი მედეგი სისტემების დანერგვით და გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის მხარდაჭერით. TC-GATE პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას კახეთის რეგიონში და, ასევე, დააფინანსებს ანალიტიკურ კვლევებს გზების მართვაში კერძო სექტორის ჩართულობის მეტი შესაძლებლობების შესახებ,“ – წერია ინფორმაციაში.
მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას, საქართველოზეც ისაუბრა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიუთითებს, რომ მათ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ვაშინგტონს დიდი ხანია, აქვს შეშფოთებები საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს განუმარტა, რა იქნება საჭირო უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის. „მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ. ასე რომ, იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, რაც ახლა აღნიშნეთ, ეს ჩვენთვის არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ, მათი ქცევის შეცვლას შევძლებთ,” - განაცხადა რუბიომ. ეს განცხადება მარკო რობუომ, კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ტრამპი თურქეთში NATO-ს სამიტს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში დაგეგმილ NATO-ს 36-ე სამიტს დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება.