ძებნის რეზულტატი:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 08:31 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ სამი მაგნიტუდა შეადგინა.

25 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის

Guardian-ის ინფორმაციით, 25 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის. როგორც გამოცემა წერს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსი აცხადებენ, რომ 25 ივნისიდან ქვეყანაში ჩასვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ნებისმიერი მიზეზით შეეძლებათ. გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებმა გერმანიაში ჩასვლამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე უნდა გაიარონ სრული ვაქცინაცია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით.

რომის ქართულ სამრევლოს „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა

ვატიკანის სახელმწიფოში, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან კარდინალ ანჯელო დე დონატისთან განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ეკლესიაში ლოცვას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, მამა იოანეს ქართული სამრევლოსათვის ეკლესიის გადაცემა მიულოცა და უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან კარგად მესმის ამ ეკლესიის მნიშვნელობა, რამეთუ მე ეს გზა გავლილი მაქვს, პარიზში ქართული ეკლესია მამაჩემის დაარსებული იყო. მინდა ამ ეკლესიის მრევლს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და გთხოვოთ თქვენც, როცა ყველას გადასცემთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს, ჩემგანაც გადასცეთ ეს ძალიან დიდი სიხარული და მილოცვა. კოვიდპანდემიის გამო ძალიან მძიმე წელი გვქონდა და მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი იყოს ბევრად უფრო იოლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ქართული სამრევლოსათვის ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესიის გადაცაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციებში $20 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში. მიღებული თანხა მოხმარდება ტირაჟირებული ევრობონდების რეფინანსირებას, რომელიც რკინიგზის ხაზების გაუმჯობესებისთვის იქნა გამოშვებული და მიმდინარე მოდერნიზაციის შემადგენელი ნაწილია. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი მწვანე ობლიგაციების ნაწილს. ეს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ორგანიზაციის და ამავდროულად სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მწვანე ობლიგაციაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. “საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფანს ქმნის,“ — განაცხადა შანტანუ ჩაკრაბორტიმ, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების დირექტორმა. — “მწვანე ობლიგაციების გამოშვება საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს განაგრძოს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია, რადგან ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი და უსაფრთხო სარკინიგზო ტრანსპორტი.“ “ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერას წინ უძღოდა ADB-ის ტექნიკური დახმარება, რომელიც საქართველოს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დაგეგმვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,“ — განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში. საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფერაძემ აღნიშნა, რომ ტრანზაქციამ ინვესტორების დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც პანდემიით გამოწვეულ ამ უჩვეულო ვითარებაში საქართველოს რკინიგზას კაპიტალურ ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება. :„მოხარული ვარ, რომ პირველად საქართველოს ტრანსპორტის ორგანიზაციების ისტორიაში, საქართველოს რკინიგზამ მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციამ ინვესტორების დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც პანდემიით გამოწვეულ ამ უჩვეულო ვითარებაში საქართველოს რკინიგზას კაპიტალურ ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება. მადლობას ვუხდით ADB-ის, რომელმაც როგორც წამყვანმა ინვესტორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, - განაცხადა ფერაძემ. საქართველოს რკინიგზა ერთადერთი სარკინიგზო კომპანიაა საქართველოში და მისი 100%-იანი წილის მფლობელია საპარტნიორო ფონდი — საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდი. საქართველოს რკინიგზა ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას, სხვადასხვა სახის ტრანსგადაზიდვას უმეტესად კასპიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან შავ ზღვამდე. ის ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო მგზავრთა მომსახურებას. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BBC-ის ინფორმაციით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვების მაღალი შანსი იბრაჰიმ რაისს აქვს. ის შიიტი სასულიერო პირია, რომელიც ირანის მართლმსაჯულების სისტემას ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მოწინააღმდეგეა აბდოლნასერ ჰამეთი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი მეთაური. დისიდენტებმა და რეფორმატორებმა მოსახლეობას მოუწოდეს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მათი თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესი არასამართლიანი იყო და ბევრი კანდიდატი უსამართლოდ მოხსნეს არჩევნებიდან. საკუთარი არჩევენი უკვე დააფიქსირა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ხამანეიმ მოუწოდა მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.

ვატიკანში  ქართული კულტურისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით, პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა

ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, პრეზიდენტის სახელით, მიღება გაიმართა. მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლ „ბასიანის" მონაწილეობით ჩატარდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებსა და ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებს სიტყვით მიმართა და ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა. „საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, ტოლერანტობის ქვეყანა იყო, რაც ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ტოლერანტობა მრავალმხრივ საფრთხის ქვეშაა. საქართველოშიც ვხედავთ პოლარიზაციას, რასაც საერთო ღირებულებების გაზიარება უნდა დავუპირისპიროთ. ამ ღირებულებებს განმტკიცება, ჩვენ კი, მრავალ სფეროში სოლიდარობა და მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა. 300 წლის წინ სულხან - საბა ორბელიანი ვატიკანში ჩამოვიდა და პაპთან აუდიენცია გამართა. უკვე მაშინ, ის საქართველო-ვატიკანს შორის კავშირების დამყარებას ცდილობდა. დღეს სულხან-საბა ქართული დიპლომატიის მამად არის მიჩნეული და ქრისტიანულ ევროპასთან კავშირის სიმბოლოა. დღეს აქ წარმოგიდგინეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელიც ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერებით მცირედით მაინც გასაგები გახდება რა იყო, რა არის და რა იქნება საქართველო! ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი საღამო საქართველოში სტუმრობის სურვილს გაგიჩენთ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, 657 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 671 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 657 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 734-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 41, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 057 საიდანაც 2 825 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 528, აჭარაში - 224, იმერეთში - 381. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 54, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 10, იმერეთში - 14. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 346 - თბილისში, 221- აჭარაში. 5 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 42, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 860 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 312 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 879, აჭარაში - 1 320, იმერეთში - 1 097.

ლევან კოღუაშვილის ფილმმა „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა

ქართველის რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისი კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია „ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც თავად რეჟისორი ,,პირველ არხთან" საუბრისას აცხადებს, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვის. „მთავარი პრიზები წამოვიღეთ, მოგვაქვს საქართველოში. მიხარია და ვულოცავ ქართულ კინოსაზოგადოებას, რადგან მე ნაწილი ვარ ამ საზოგადოების და მგონია, რომ ჩვენი წარმატებები ყველას წარმატებაა“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა. მისივე თქმით, „მეოთხე ბრაიტონი“ ბოლო კინოროლი იყო კახი კავსაძისთვის. „ცხადია, კახი განსაკუთრებული ფენომენია, განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის და ის ფაქტი, რომ ბატონმა კახიმ ბოლო როლი ჩვენთან ითამაშა, კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა ალბათ. მგონია, რომ ძალიან საინტერესო და თავის სტილში შექმნილი როლია, რომელიც თან ექსცენტრიულია, თან რეალისტური, თან ძალიან მსახიობური, თან ძალიან ადამიანური, როგორც მხოლოდ მას შეეძლო და ალბათ ამით იყო გამორჩეული, უნიკალური მსახიობი ქართულ კინოსივრცეში და არამარტო. ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზეა, თან კახიმ და მისმა შვილმა, ირაკლიმ ერთად ითამაშეს. ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია ეს ფილმი, მამა-შვილის ურთიერთობა ჩემი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე, რადგან მამა დავკარგე „კოვიდის“ პერიოდში და ბევრი ფაქტორია, რაც გაერთიანდა ამაში. კახი რომ არის, სხვა ელფერი აქვს ამას და სხვა სიხარული“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა. კინორეჟისორის თქმით, ფილმს კარგი გამოხმაურებები ჰქონდა ფესტივალზე წარმოდგენილი გამოცემების მხრიდან, რაც მის დისტრიბუციას დაეხმარება. „ტრაიბეკა ამით არის კარგი, რომ კარგად იფარება პრესით, პრესა აშუქებს კარგად. ფაქტობრივად, ყველა წამყვანი გამოცემა იყო წარმოდგენილი და ძირითადად ჰქონდა პოზიტიური ან ძალიან პოზიტიური გამოხმაურება, რაც ცხადია, მნიშვნელოვან წინაპირობას აჩენს. იმედია, ეს დაეხმარება ფილმის დისტრიბუციას, რადგან ეს საკითხიც მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში. დღეს დამატებითი პრიზიც მივიღეთ „ნეტფლიქსისგან, რაც ნიშანს აჩენს, დისტრიბუციაც უფრო დაჩქარდეს იგივე „ნეტფლიქსთან“, – აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა. მისივე თქმით, ფილმს საკმაოდ აქტიური საფესტივალო ცხოვრება ექნება, ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია, რომ ფილმი 10-მდე ფესტივალზე იქნება წარდგენილი. „საქართველოში გვინდა, იყოს გვიან შემოდგომაზე, კოვიდსიტუაცია ჩაწყნარდეს ცოტა, რათა მაყურებელს საშუალება ჰქონდეს, დარბაზში ნახოს ფილმი“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა. „მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „ტრაიბეკა“ დამოუკიდებელი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ტარდება ნიუ იორკში. დაარსდა 2002 წელს ჯეინ როზენთალის, რობერტ დე ნიროსა და კრეიგ ჰატკოფის მიერ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ.

NATO-ს სახმელეთო სარდლობის მეთაური საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,დღეს, NATO-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ. მინისტრის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში NATO-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, მათ შორის NATO-საქართველოს სწავლების NATO-GEO 2022 საქართველოში ჩატარებას. განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს NATO-ს ოპერაციებში NATO-ელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლება. სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ წელს პირველად, NATO-ს სახმელეთო სარდლობაში პარტნიორი ქვეყნებისათვის გამოყოფილ საშტაბო პოზიციაზე ქართველი ოფიცერი იმსახურებს. დღესვე, NATO-ს სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი სწავლებები დეტალურად განიხილეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ კრიპველი NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქსტატი: ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ, წინა წელთან შედარებით, 4.5% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 6.8 პროცენტით. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54.0 პროცენტი), მშენებლობა (-19.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9.0 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34.0 პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24.0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8 პროცენტი). ამასთან, უწყების მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.8 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.8 პროცენტი).

მიხეილ სარჯველაძე: სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ. ნინო ლომჯარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს დეპუტატებს. „პარლამენტის მიერ შემუშავებული დადგენილების მიხედვით გვექნება უკვე შესაძლებლობა ვისაუბროთ სამომავლოდ სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, რომელიც იქნება სწორედ ის სამუაო, რომელიც საქართველოში გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. დღესვე კომიტეტი იმ უწყებების პოზიციებს გაეცნობა, რომელთა მიმართ სახალხო დამცველმა რეკომენდაციები და წინადადებები შეიმუშავა და გასცა. სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 31 თავისგან შედგება, მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ნინო ლომჯარია:უწყებათაშორის საბჭოს არ დაუსაბუთებია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მთავრობას არ წარმოუდგენია მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, რატომ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გარდაუვალი საჭიროება. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საბჭომ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე. „რაც შეეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ქვეყანაში, ამ მხრივ ჩვენ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ დრომდე მოქმედ „კომენდანტის საათის“ პრობლემურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტის მდგომარეობით, პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება და მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი: 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების საქმე შევისწავლეთ, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ უმკურნალეს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხდებით, 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე შეისწავლეს და საქმის მასალების გაცნობის შედეგად დაადგინეს, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. ამის შესახებ მან პარლამენტში 2020 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. სახალხო დამცველის თქმით, გამოძიება დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით. „წლის განმავლობაში შემოვიდა მოქალაქეთა 5 698 განცხადება და ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 8 270 ზარი. ჩვენ წლის განმავლობაში გავეცით 107 რეკომენდაცია და წინადადება, 11 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, გავაგზავნეთ 6 კონსტიტუციური სარჩელი, 6 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის წინაშე საქართველოს გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე, ასევე მივმართეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორჯერ და ჩავერთედ მხარედ მიმდინარე საკითხებში. ასევე, წლის განმავლობაში განვახორციელეთ 537 ვიზიტი დახურული ტიპის დაწესებულებებში და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში და შესაბამისად, ამ და პროაქტიულად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე წარმოგიდგენთ დასკვნებს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. სამწუხაროდ, გამოძიება კონცენტრირებული და დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, რატომ არ უტარდებოდათ მათ სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნული მიუთითებს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში გარდაცვალებას და შესაბამისად, მათი სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს“, - განაცხადა ლომჯარიამ. რაც შეეხება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხს, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე განცხადება დარეგისტრირდა, რომელთა ნაწილი ეხებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, ნაწილი კი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. „სპეციალური მონიტორინგის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვავლინეთ, რომ 2020 წელს, წინა წლების მსგავსად, შენარჩუნებულია ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, გაზრდილია პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ. მაგალითად, ჩვენ მიერ შესწავლილი საქმების 483 საეჭვო შემთხვევიდან 34%-ში დაფიქსირდა დაკავების ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების ფაქტები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონზე: 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს, ასევე სოციალურ იზოლაციას და მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლობას. ამის შესახებ მან პარლამენტში 2020 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. “ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიღარიბე არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვის გადაყვანის საფუძველი, არამედ ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს ოჯახების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. სამწუხაროდ, 2020 წელს სახელმწიფო ზრუნავში განთავსდა 315 არასრულწლოვანი, მათი 15%-ის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძვლად არის მითითებული სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. აღნიშნული ზრდის ბავშვების ინსტიტუციებში განთავსების რისკს და ამის ნათელი მაგალითი არის ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივვ განვითარებული მოვლენები. ჩვენ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე, 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს, ასევე სოციალურ იზოლაციას და მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლობას. ბოლო ვიზიტის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ სოციალური მუშაკიც კი 10 თვის განმავლობაში ვერ შედიოდა დაწესებულებაში იქ, სადაც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ბავშვები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ლომჯარიამ. მან ასევე ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირებაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2020 წელს 887 არასრულწლოვანი სცნეს დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე და გამოიწერა 623 შეკავებელი ორდერი. „განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი. 2020 წელს 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი მუშაობს. ძალდობის მსხვერპლ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი შესაბამის სერვისებზე და მათთვის გაწეული მხარდაჭერა არ არის ეფექტიანი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

2021 წლის 18-19 ივნისს საქართველოს ვიცე - პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ანტალიას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც ცნობილია, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე - სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. "ანტალიის დიპლომატიის ფორუმი" მაღალი დონის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ანტალიის ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ კონტექსტში ხდება იდეების გაცვლა, განიხილება საერთაშორისო გამოწვევები და ისახება შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

გერმანიის საელჩო სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელეულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება. ,,გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: „ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის.“ გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხზე აშშ-სა და თურქეთს შორის დიალოგი გაგრძელდება

Reuters-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტები ავღანეთის თემაზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსული სარაკეტო კომპლექსის, „ეს-400“-ის საკითხი კვლავ არ გადაჭრილა. როგორც სალივანი ამბობს, ბაიდენი და ერდოღანი ავღანეთის თემაზე კონკრეტულად შეთანხმდნენ, რომ ამ ტერიტორიიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის პერიოდში ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების დაცვაში თურქი სამხედროები წამყვან როლს შეასრულებენ. ამასთან, სალივანის განცხადებით, თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხზე შეთანხმება არ შედგა და დიალოგი გაგრძელდება.

საია: ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე - ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ასევე ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. როგორც ცნობილია, საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 03 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. გარდა უფლებების დარღვევის შესახებ შეკითხვებისა, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მიერ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირისგან მხოლოდ 3 პირს აქვს მინიჭებული. იმ პირობებში, როდესაც ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების საჩივრების არსებითი განხილვა, საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით. ამნისტიის შესახებ კანონი საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულებას.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა მედიაში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ,,მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ.აღნიშნული აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, დაინტერსებულ პირთა მხრიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერში მოსაუბრეთა ქმედებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაზეც კომპეტენტური უწყებები შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ. ასევე, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ აუდიო ფაილები შექმნილი იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში.გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. კერძოდ, მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე.ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით, ბერა ივანიშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე - გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით, ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე - უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ.აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ასევე ფორმალურად შექმნილი საფუძვლებით და გამოგონილი სახელებითა და მეტსახელებით, გარდა დასახელებული პირებისა, ფარული სატელეფონო მიყურადება მასობრივად მიმდინარეობდა ასეულობით პირის მიმართ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, „ქართული ოცნების“ წევრების, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების, მედია საშუალებების ხელმძღვანელების და ჟურნალისტების კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე. გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ან/და სხვაგვარად იყვნენ დაკავშირებული ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო მოსმენებთან. მოწმეებმა დაადასტურეს 2011-2012 წლებში დასახელებულ პირთა მიმართ სატელეფონო მოსმენის ფაქტი და ამავე დროს თემატურად და ფრაგმენტულად გაიხსენეს საჯაროდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე პირთა შორის წარმოებული დიალოგები.ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. დაცვის სამსახური ამოწმებდა კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი.გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით. დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების საწყის ეტაპზევე, ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება ტელეკომპანია „პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. ამავდროულად, ტელეკომპანიას და მის წარმომადგენლებს, როგორც საჯაროდ, ასევე უშუალოდ გამოკითხვის პროცესშიც, შეეთავაზათ, მათთვის მისაღებ დროსა და ვითარებაში, მათთვის მისაღები ფორმით, გამოძიებისთვის გადაეცათ ფარული აუდიო ჩანაწერების პირველადი, დაუმუშავებელი ვერსია.მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი პროცესის არაერთგზის საჯარო განმარტებისა, საგამოძიებო უწყების მცდელობა, მოეპოვებინა ე.წ. ფარული ჩანაწერების დაუმუშავებელი ვერსია მისი ავთენტურობის დადგენის მიზნით, უსაფუძვლოდ გახდა მედიასაშუალებების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და შეფასდა, როგორც ტელეკომპანია „პირველში“ შეჭრის მცდელობა. საბოლოოდ, ტელეკომპანია „პირველს“ გამოძიებისთვის სიუჟეტში გასული ჩანაწერები ამ დრომდე არ გადაუცია.ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების ტექსტობრივი გაშიფვრის, ჩანაწერებში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ასაკის და მათ შორის არსებული კომუნიკაციის ფორმის იდენტიფიცირების და არსებობის შემთხვევაში ჩანაწერებზე მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.ფონოსკოპიური ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო.კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყუდარებების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას. ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.მონტაჟის პროცესში ამავდროულად გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები. გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით - ,,დაგირეკავენ მინისტრები“, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა - მინისტრები.ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა ,,მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები ,,მილი“ და ,,სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები.ამდენად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით.აქვე გვსურს, ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით.გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტის წამკითხველები გადასცა

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტის წამკითხველები გადასცა. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 ცალი უახლესი მოწყობილობა გადასცა. ეს პასპორტის წამკითხველები განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და გამოყენებულ იქნება მესაზღვრე-კონტროლიორების მომზადებისთვის. როგორც ცნობილია, 22 000 ევროს (90 000 ლარის) ღირებულების მოწყობილობები კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში და გააძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას. “ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა. აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო – ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე მოყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.