ძებნის რეზულტატი:
ეკატერინე ტიკარაძე: უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება
"უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალსტებს განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა. "ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს, ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადების კონტროლის ცენტრიდან. აუცილებელია, სოციალური დისტანცია და პირბადე, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. აღსანიშნავია, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადების დამატება მოხდა და ეს გაგრძელდება. უკვე ჩვენ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც Moderna-ზე, ასევე Jhonson&Jhonson-სა და Novavax-ზე. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი 50 მილიონი ევრო საქართველოს ვაქცინებისა და COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოდგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID -19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა გამოყო 210 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და გარანტიები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მხარდასაჭერად და COVID -19 პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად. ევროკავშირის ბანკის დახმარების პაკეტი მოიცავს 100 მილიონ ევროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე 110 მილიონ ევროს, რომელიც საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გადაეცემა ქვეყანაში არსებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების უზრუნველსაყოფად. საქართველოს ეკონომიკის სწრაფად აღდგენის ხელშესაწყობად ასევე გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფში შემავალი ევროპის საინვესტიციო ფონდიდან დამატებით 250 მილიონი ევრო გარანტიების სახით გამოყოფა. გარანტიები უზრუნველყოფილია InnovFin–ის - ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში. „ვაქცინები და COVID - 19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და პანდემიის მაქსიმალურად მოკლე დროში დასასრულებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმით, რომ მას აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში, რაც ქვეყანას გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ძლიერი და განვითარებული საქართველო არის როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროპის გუნდის მიზანი. იმედი მაქვს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი თანხით, 50 მილიონი ევროს ოდენობით, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავხადოთ ჯანმრთელობის დაცვის სექტორი პრიორიტეტულ მიმართულებად, გავაძლიეროთ ქვეყნის მედეგობა COVID -19-ის მიმართ და ჩვენი შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან გასამკლავებლად. აღნიშნული თანხა მოგვცემს შესაძლებლობას, ვაქცინების შესყიდვის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და COVID -19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების დასახმარებლად თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გზით, აქტიურად შევებრძოლოთ პანდემიას. გარდა ამისა, სამინისტროს სახელით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ინვესტიციის ბანკს, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ადამიანების ჯანმრთელობისათვის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისათვის დამანგრეველი ზემოქმედების მქონე COVID -19-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისის დასაძლევად“- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში COVID -19-ის საწინააღმდეგო ზომების გატარებაზე. „ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას პანდემიის პერიოდში, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის ბანკის, მიერ გამოყოფილი თანხა კიდევ უფრო დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სექტორს. ეს არის COVID -19-თან ბრძოლასა და კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ უზრუნველყოფილი 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის უზრუნველყოფილი დახმარებით, რომელიც 2020 წელს გაგრძელდა, შესაძლებელი გახდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხუთი წამყვანი საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულების მოდერნიზება, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა. აღნიშნული დახმარების ფარგლებში ფინანსურმა ინსტიტუტებმა ადგილობრივი კომპანიებისათვის შექმნეს ახალი საკრედიტო ხაზები, რომლებიც მათ ლიკვიდურობის პრობლემების გადაჭრის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების და საკუთარი ინვესტიციებისა ან გაფართოების გეგმების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 741 ადამიანს დაუდასტურდა, 945 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი. ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 991 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%. ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან 414 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 060, საიდანაც: 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 618, აჭარაში - 234, იმერეთში - 388. მძიმე პაციენტი: 647, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 58, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 181, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 9, იმერეთში - 14. 602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 - თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 42, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 858 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 122, პირი, აჭარაში - 1 469, იმერეთში - 1 097.
დავით ზალკალიანი: ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, ვინც დოკუმენტს მხარი დაუჭირა. „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა და მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია თანასპონსორთა რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას. მეტიც, ამ ნაბიჯით საერთაშორისო თანამეგობრობა ხაზს უსვამს, რომ თავად არის ჩართული ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში“ - განაცხადა ზალკალიანმა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, დევნილთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „დევნილების უფლებების დაცვა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციის მიღებით განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში
ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა
ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. ცენტრი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. კვირის დღეებში , ცენტრი მოქალაქეებს 09:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 14:00 საათამდე მოემსახურება. „ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის გადამზადების პროცედურები, რომელიც ყველა თანამშრომელმა გაიარა, რაც გულისხმობს როგორც მათი საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებას, ასევე სხვადასხვა მომსახურების უნარის შეძენას. ეს გადამზადების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან ვთვლით, რომ კომუნიკაცია ჩვენი სამინისტროს სახეა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს. „ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, აღვნიშნეთ, რომ აშშ-მა და რუსეთმა აჩვენეს რომ დაძაბულობის დროსაც კი შეუძლიათ პროგრესს მიაღწიონ სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებადობის უზრუნველყოფასა და შეიარაღებული კონფლიქტებისა და ბირთვული ომის საფრთხის რისკის შემცირებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“, - ნათქვამია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების განცხადებაში. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი აღნიშნავენ, რომ ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად შეუდგებიან დიალოგს ინტეგრირებული ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელიც გააზრებული და ძლიერი იქნება. „ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.
ეკატერინე ტიკარაძე: ნინოწმინდის პანსიონში შესვლა სახალხო დამცველის ვალდებულებაა
სახალხო დამცველის შესვლა (ნინოწმინდის პანსიონში) არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანსიონში სოცმუშაკები მუშაობენ და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. „დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და (პანსიონის) ახალ ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა. დღეს, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი სახალხო დამცველი ერთმანეთს ხვდებიან.
სახალხო დამცველი მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ: ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ ნინოწმინდის პანსიონში
"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა. ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ბევრ საკითხზე ჩვენ არის სრული თანხმობა, მათ შორის შეთანხმდნენ, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის კარგი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება. "ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ. მე მინდა ჩვენ მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და ჩვენ მიმართ მტრულად არ იყვნენ განწყობილები. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ მუშაობას... ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის, ასევე შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველს, შესაბამის სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ მონიტორინგის განხორციელება", - განაცხადა სახალხო დამცველმა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, შეხვედრა "იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბარი, არანაირ დაძაბულობა არ ყოფილა" "ბევრს საკითხთან დაკავშირებით, ბავშვების ინტერესთან მიმართებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა. ძირითადად ეს შეხვედრა იყო ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
მეუგე იაკობი: ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა
ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა, - ამის შესახებ, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. "ჩვენ გვქონდა გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. შევთანხმდით, რომ მე და სახალხო დამცველი შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში, იქ ვნახავთ სიტუაციას. მტყუან-მართალზე არ იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ეს დაძაბულობა. უკვე აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა. მისი თქმით, ბავშვებს ნინოწმინდაში სხვა ტერიტორიაზე გადაიყვენენ. პანსიონის ადგილზე კი დღის ცენტრი იქნება. "გავაკეთებთ ყველაფერს. აქამდე ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, ეკლესია, ევროკავშირი, USAID და ასევე "ვორლდ ვიჟენი", ახლა მონაწილეობს სახალხო დამცველიც. მე თავიდანვე ვთქვი, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და რეკომენდაციას. ეს საქმე ჩემთვის ახალია, მაგრამ უცხო არ არის, მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ ყველაფერს", - განაცხადა მეუფე იაკობმა. მისივე ინფორმაციით, თუ ვინმეს წასვლის სურვილი ექნება, სოციალური მუშაკები გადაწყვეტენ სად წავიდნენ. "რაც შეეხება თანამშრომლებს, თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ზოგთან გვქონდა პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, მოძველებულია, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით", - განაცხადა მეუფე იაკობმა. მეუფე იაკობის თქმით, ახალი ტიპის დაწესებულებაში მისივე გეგმით, 10-მდე ბავშვი უნდა იყოს. "მქონდა საუბარი UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან და მისი თქმით, მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი ერთ დაწესებულებაში. ამიტომ ამ გეგმით წავალთ. გავაკეთებთ მსოფლიო სტანდარტებით", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ
"ჩვენ უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს. "მართალია, მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინთან უკრაინაზე ისაუბრა, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო NATO-ში და ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს", – წერს ამერიკელი სენატორი.
ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ: ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის კარგი ბავშვებისთვის
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბავშვების ინტერესებთან მიმართებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრული თანხმობა აქვთ. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა შეხვედრა იყო კონსტრუქციული. "ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის, ასევე შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველს, შესაბამის სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ მონიტორინგის განხორციელება. შევთანხმდით იმაზე, რომ ალბათ, მომავალი კვირის ბოლოს ერთად წავალთ პანსიონში, რათა ვნახოთ სიტუაცია, მეც გავესაუბრო ბავშვეს, მოვხსნათ არსებული დაძაბულობა და მივიღე პირობა, რომ ამის შემდეგ ჩვენ უპრობლემოდ განვახორციელოთ მონიტორინგი. მსოფლიოშიც, ევროპაშიც რელიგიურ დაწესებულებებს აქვთ თავშესაფრები, იქნება ბავშვთა, მოხუცთა, თუ შშმ პირთა. ეს აპრობირებული პრაქტიკაა, მთავარია, რომ სახლები შეესაბამებოდეს სტანდარტებს და იქ იყოს გადამზადებული პერსონალი, რომელსაც შეუძლია ბავშვებთან მუშაობა, მათი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ღია" - განაცხადა ლომჯარიამ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს 9 კანდიდატი წარედგინება: 1. გიორგი გოგიაშვილი; 2.გოჩა აბუსერიძე; 3.ლევან თევზაძე; 4.ქეთევან მესხიშვილი; 5.გიორგი შავლიაშვილი; 6.რევაზ ნადარაია; 7.ბიძინა სტურუა; 8.ეკა ზარნაძე; 9.ლაშა ქოჩიაშვილი. როგორც ცნობილია, კენჭისყრაში საბჭოს 14-დან 12 წევრი მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯამში 100-ზე მეტ მოსამართლის ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. უფრო კონკრეტულად, საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენასთან, 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
Reuters-ი: ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა
ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ დიპლომატიურ წტაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს. როგორც ცნობილია, სანქციები, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს უკავშირდება, ევროკავშირის ელჩებმა ოთხშაბათს დაამტკიცეს, საგარეო მინისტრები კი მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებენ. დიპლომატების თქმით, ახალი სანქციების სამიზნე შვიდი ადამიანია, რომლებსაც ბელორუსის საავიაციო სექტორთან კავშირი აქვთ. დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის ელჩები ასევე შეთანხმდნენ სანქციების მეოთხე პაკეტზე, რომელიც, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ, 70-ზე მეტი პირისთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ეს პაკეტი 23 მაისამდე მზადდებოდა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს
„მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმების განხილვა პარლამენტში არ დაიწყება“, - ამის შესახებ ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ღიად წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს. „შეთანხმების შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ აძლევს სივრცეს კლანს რომ მოასწროს ეს დანიშვნები“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის კონკურსი გამოცხადდეს. „საქართველოში დადგება დრო, როდესაც მოსამართლე იქნება მართლმსაჯულების მსახური, თითოეული მოქალაქის ინტერესის მსახური და ამას ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩამოვიყვანთ უცხოელ მოსამართლეებს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია
პირველად საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარში (ვატიკანი) იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ემათივე ცნობით, ეს საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. დღემდე ვატიკანსა და საქართველოს შორის არცერთ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი არ გაფორმებულა. "ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ 6-თვიანი პრაქტიკა 7 სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში. თანამშრომლობის მეორე მიმართულება გამოფენების ჩატარებას უკავშირდება, მესამე კი, ვატიკანის მუზეუმის წარმომადგენლების ჩართვას საქართველოში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებში, რაშიც დღეს გადაუდებელი საჭიროება არსებობს. აღნიშნული საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანის მუზეუმის დირექტორთან ბარბარა იატასთან შეხვედრისას განიხილა, რის შემდეგაც მუზეუმის დირექტორმა პრეზიდენტს მუზეუმში რესტავრაციის კონკრეტული ნიმუშები აჩვენა. საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული არქივის დირექტორთან კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლესთან შეხვედრისას არქივის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის დიდი ინტერესის მატარებელია და მნიშვნელოვანია ამ არქივზე სამუშაოდ დაშვებული იყვნენ ქართველი სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროების კვლევას, სისტემატიზაციას და კატალოგიზაციას. პრეზიდენტი არქივში გაეცნო წმინდა ქეთევანის წამებისა და მისი წმინდა ნაწილების გადაბრძანების ისტორიას, ასევე, მისი შვილის, თეიმურაზის რწმენით აღსავსე წერილსა და სხვა ავტორების დოკუმენტებს, რომლებიც წმინდა საყდრიდან წარგზვანილი მისიოენერების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოკუპანტების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივი კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). "ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ლაშა ხეთერელი 2020 წლის 30 ივლისს დააკავეს.
შსს სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. "შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლუკ კოფი: საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი აცხადებს, რომ დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე. მისივე თქმით, საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნონ. „საქართველოს მეგობრებმა დასავლეთში მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია დააბრუნონ საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც პუტინისა და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე“, – წერს ლუკ კოფი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ“ საგრანტო შეთანხმება USAID-ის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, გრანტის მოცულობა შესაძლებელია გაიზარდოს 330,5 მლნ აშშ დოლარამდე. საკითხი პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 7,7 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე, გაიზრდება გრანტის თანხის ზრდასთან ერთად. მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ხარჯვა რამდენიმე მიმართულებით მოხდება. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, გათვალისწინებულია 14,5 მლნ აშშ დოლარი, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელია გაიზარდოს 79,4 მლნ დოლარამდე. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 25, 9 მლნ დოლარი და მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ კონკურენციას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებს. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას. ამ მიმართულებაზე გამოყოფილია 26.6 მლნ აშშ დოლარი.
პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე დავით ზალკალიანს მოუსმენენ
21 ივნისს საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იგეგმება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მინისტრის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება. მისი ინფორმაციით, კომიტეტი სხდომაზე დავით ზალკალიანისგან მოისმენს მოხსენებას როგორც ნატოს სამიტთან დაკავშირებით ასევე, მეზობელ ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ვიზიტების შესახებ. „როგორც იცით, „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქცია მინისტრის მოსვლა ითხოვა. რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მინისტრი კომიტეტის სხდომაზე გვესტუმრება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.