ძებნის რეზულტატი:

კახა კუჭავა: ყველაზე მეტად პულსზე ხელი გიჭირავთ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ყოველდღიურად გესმით წუხილი, გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, რომლებზეც სტუდენტებთან ერთად საუბრობთ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მიმართა. „ყველაზე მეტად პულსზე ხელი გიჭირავთ თქვენ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ყოველდღიურად გესმით ის წუხილი, გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, რომლებზეც თქვენ სტუდენტებთან ერთად საუბრობთ. ყველაზე კარგად რომ ეს ისმოდეს ჩვენთან და პარლამენტმა შეძლოს ამის ბოლომდე გაანალიზება, შესისხლხორცება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება, იქნება ეს პოლიტიკის დოკუმენტები თუ კანონმდებლობა, აუცილებელია თქვენთან კონსულტაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ თქვენი მეშვეობით ერთხელ და საბოლოოდ შევქმნათ ის მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც განმსაზღვრელი იქნება ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებისთვის და იქნება იმ ინტერესების გათვალისწინებით, პირველ რიგში ჩვენ სტუდენტებსა და არა მხოლოდ ჩვენ, საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრი სტუდენტი ჩამოდის უკვე საქართველოში, მათ ინტერესებზეც იქნება მორგებული. მადლობა მოწვევისთვის, სიამოვნებით დავესწრები ყველა სესიას, რომელიც აქ გაიმართება. მინდა, პირადად მოვისმინო ყველა საკითხი, რომელზეც თქვენ გსურთ საუბარი“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მისივე თქმით, პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააძლიერა ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. „არ მივიჩნევ, რომ ეს საკმარისია, გაცილებით მეტის მიღწევაც შეიძლება, თუმცა სტარი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მივიდეთ, კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული საკითხები გადავჭრათ. მადლობა, წარმატებას ვუსურვებ ამ უნივერსიტეტს და საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოსა და ვატიკანს შორის პირველი ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის განათლება და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებებია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის ღრმა ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები, რომელთა განვითარებაც ძალიან ფასეულია. „ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რომელიც საქართველოს ისტორიულად მოჰყვება. საქართველოში მიღებულია ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. საქართველო კულტურათშორისი დიალოგის ერთ-ერთი ცენტრია და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. დღეს ამ გზაზე და ამ მიმართულებებით თქვენთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო - ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს. კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალ ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ შეხვედრების შემდეგ მოაწერეს. ქართული მხრიდან კი, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მოაწერეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველად ხდება სახელმწიფოთა შორის შეთანხმების გაფორმება, განათლების და კულტურის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის მკვლევარებს, მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს უფრო აქტიური თანამშრომლობის საშუალებას მისცემს. „ეს მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს შემდგომი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტისა და ვატიკანის არქივების კიდევ უფრო დაახლოების კუთხით. ჩარჩო მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველი მკვლევარებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ვატიკანის არქივები და ის მასალა, რაც ამ წლების განმავლობაში დაცული და გამოუქვეყნებელი იყო, საჯარო გახდება და უკვე გარკვეული კვლევითი მტკიცებულებები იქნება“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ხელმოწერილი მემორანდუმი ძალაში უკვე უკვე დღეიდან შევიდა და ის საშუალებას მოგვცემს, ვატიკანთან კულტურის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა განვავითაროთ. „მემორანდუმი მნშვნელოვანია და ის კულტურის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა კახა სიხარულიძემ. ვატიკანის მხრიდან არის მზაობა, რომ საქართველოც ჩაერთოს გლობალურ მოწოდებაში Global Compact on Education, რომელიც მოიცავს ხალხთა შორის ურთიერთობებსა და მომავალი თაობების აღზრდისთვის უმნიშვნელოვანეს განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.

დავით ზალკალიანი: ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მუდმივად იქნება მოკავშირეების გვერდით, რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს მოკავშირეებს და იქნება მუდმივად მოკავშირეების გვერდით. რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "ქრონიკასთან" განაცხადა. ზალკალიანმა ჟენევაში გამართული ბაიდენისა და პუტინის სამიტი შეაფასა. "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც გაჟღერდა არის ის, რომ აშშ და რუსეთის ფედერაცია დაიწყებენ სრულმასშტაბიან დიალოგს სტრატეგიული მნიშვნელობის თემებზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ დიალოგში საქართველოსა და კონფლიქტებს რუსეთის ფედერაციასთან, ექნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი. ჩვენ ამაზე გვექნება პროაქტიული კომუნიკაცია და ურთიერთობა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენისგან გავიგეთ, რომ მათ აქვთ პრინციპული პოზიცია პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში. მათთვის მთავარია რუსეთს გააგებინონ, რომ დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგში გამოწვეული კრიზისი განპირობებულია მათი მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით. ეს გაჟღერდა ძალიან მკაფიოდ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს. „შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ბაიდენმა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Sinopharm-ის 18 წლამდე ბავშვებში გამოცდა დაიწყო

Reuters-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Sinopharm-ის ​ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 18-წლამდე ბავშვებში გამოყენების ტესტირება დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ივნისში დაიწყო. მასში 900 ბავშვი მონაწილეობს, მათ შორის აბუ დაბის მმართველი ოჯახის წევრები. კვლევაში მონაწილეთა ასაკი 3-დან 17 წლამდეა. მმართველი ოჯახის პატარა წარმომადგენლები აცრაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დე ფაქტო მმართველის ვაჟმა, შეიხ ტეიაბ ბინ მოჰამედმა და აბუ დაბის პრინცმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰანიმ მიიყვანეს. როგორც საამიროების ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, ტესტირების მიზანი „ახლო მომავალში ბავშვების ვაქცინაციისთვის მომზადებაა“. აღსანიშნავია, რომ საამიროები Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც თავადაც აწარმოებენ. მაისში საამიროებმა 12-15 წლის მოზარდებში გამოსაყენებლად Pfizer-BioNTech-ი დაამტკიცა. ვაქცინაციის ტემპის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.

ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსეთი მათი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა და მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. "15 ივნისს, რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო თვითმფრინავი უკანონოდ შევიდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში, ბალტიის ზღვის თავზე. ლიეტუვა მოითხოვს, რომ აიხსნას უკანასკნელი ინციდენტი და მიიღონ ყველა საჭირო ზომები რუსეთის მიერ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ანალოგიური ქმედების გამო, რუსეთს პროტესტი გამოუცხადა ესტონეთმაც. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, СУ-35С-ის ტიპის ორმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 15 ივნისს დაარღვია. "წელს მეოთხედ, რუსულმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს ესტონეთის საჰაერო სივრცე", - ნათქვამია ესტონეთის თაბდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა

თბილისი კანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების Nordic Tourism Collective-ის და ETOA-ს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ორგანიზაციის წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს, ვებინარზე თბილისის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები წარუდგინა. „ტურიზმი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებისათვის და ჩართული იყო ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში, სხვადასხვა ტიპის კამპანიების სახით, როგორებიცაა: სემინარები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სექტორებში დასაქმებული პირებისათვის; ქუჩის კვების ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“, მედიატურები საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალისტების, ბლოგერებისა და „ინფლუენსერებისათვის“ და ა.შ. გარდა ამისა, დაფინანსდა 400-მდე კვების ობიექტი, რათა მათ აქტიურად და შეუფერხებლად განაგრძონ ოპერირება პანდემიის შემდგომ პერიოდში. ვაქცინირებულ მოგზაურთათვის თბილისი ევროპის 15 საუკეთესო მიმართულებას შორის პირველ ადგილზეა და მზად არის მიიღოს ვიზიტორები და უზრუნველყოს მათთვის უსაფრთხო გარემო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულაციებისა და პროტოკოლის დაცვით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების ძირითად საქმიანობას წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, B2B და საპრომოციო ღონისძიებები, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება წარმოადგენს. "Nordic Tourism Collective- ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის - ETOA წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით. Nordic Tourism Collective და ETOA-ს წევრები არიან მსხვილი ტურისტული ორგანიზაციები ევროპის ქვეყნებიდან, რაც განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს თბილისის პოპულარიზაციას ევროპის სამიზნე ბაზრებზე. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ონლაინ B2B ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილობრივი და სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული კომპანიების ურთიერთწარდგენა და მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, 2022 წლიდან თბილისში სკანდინავიური კერძო კომპანიების ინფო ტურების და ბ2ბ ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

Ryanair-ი და Manchester Airports Group-ი სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან

BBC-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-ი და Manchester Airports Group-ი სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან. როგორც ცნობილია, Ryanair-ის და მანჩესტერის აეროპორტების ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ, როცა მაისის შუა რიცხვებში ხელისუფლებამ პორტუგალია მწვანე ქვეყნების სიაში შეიტანა, ხოლო რამდენიმე კვირაში მოულოდნელად ამოიღო. ისინი ითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, თუ როგორ გადაწყვეტს მთავრობა, რომელი ქვეყნები მიიღებენ უსაფრთხო ადგილებს ,,მწვანე ქვეყნების" ჩამონათვალში. ბრიტანეთის მთავრობა საავიაციო ინდუსტრიის სექტორის წამომადგენლების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სექტორის დასახმარებლად დიდმა ბრიტანეთმა უკვე დახარჯა 7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი. გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა პორტუგალიის მოულოდნელ გაუჩინარებას „მწვანე სიიდან“ კორონავირუსის ინფექციების ზრდით ხსნის და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტია გავრცელებული

ჩინეთმა მშენებარე კოსმოსურ სადგურზე 3 ასტრონავტი გაგზავნა

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთმა სამი ასტრონავტი მშენებარე კოსმოსურ სადგურზე გაგზავდა. ეს ამ ქვეყნის პირველი პილოტირებული მისიაა 2016 წლის შემდეგ. ასტონავტები მოდულ Tianhe-ში შევიდნენ, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩინეთის კოსმოსური სადგურის საცხოვრებელი ნაწილი იქნება. ეკიპაჟი მოდულში სამ თვეს დაჰყოფს. ასტრონავტები ნე ხაიშენი, ლიუ ბომინი და ტან ხუნბო დედამიწის ორბიტაზე ყოფნის დროს კოსმოსში ორჯერ გავლენ. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისია იქნება. როგორც Reuters-ი წერს, კოსმოსური სადგურის მშენებლობას ჩინეთი 2022 წლის ბოლოს დაასრულებს და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთადერთი ალტერნატივა გახდება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ძირითადად აშშ, რუსეთი, იაპონია, ევროპა და კანადა ამუშავებს. მისი მისიის დასრულების შემთხვევაში, ერთადერთი აქტიური ასეთი სადგური ჩინეთს ექნება.

ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა

ჯო ბაიდენმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინი კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლებას ცდილობდა. ასე აჯამებს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 17 ივნისს, ჟენევაში, ბაიდენი-პუტინის სამიტის დეტალებს მეთიუ ბრაიზა ვრცლად განიხილავს და ამერიკისა და რუსეთის ლიდერების გადმოსახედიდან მიღწეულ შედეგებზე მიუთითებს. ამასთან, დეტალურად უსვამს ხაზს მხარეების მიზნებს. „პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ სამიტის მოლოდინი გამართლდა და შედეგები უკვე მიღწეულია. მას საერთოდ არ აინტერესებს მინიმალური შეთანხმება, მინიმალური პროგრესი, რომელსაც შეხვედრისას მიაღწიეს, როგორიცაა, დიპლომატების დაბრუნება ვაშინგტონსა და მოსკოვში. ასევე, მას საერთოდ არ აინტერესებს შეთანხმება ან კოორდინაცია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა მასობრივი კიბერშეტევა განახორციელა აშშ-ზე. პუტინისთვის ძალიან მარტივია, განაცხადოს: „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიბერუსაფრთხოებაზე“, თუმცა რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს აშშ-ზე. ან პირობას დებს და „ცდილობს, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე“... ეს არის ტაქტიკა პუტინისგან, რომ თქვას, „დიახ ჩვენ გვსურს ურთიერთობების გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან“, რაც სხვათა შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, რუსეთს ისეთივე გლობალურ დონეზე ამაღლებს, როგორც აშშ-ს“. პრეზიდენტი პუტინი ამ დისკუსიას უყურებდა, როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლების გზას, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს რუსეთის შიგნით, რომ გააძლიეროს მისი პერსონალური პოლიტიკური პოზიციები და უფრო მარტივად დაასუსტოს ოპოზიცია“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ აქ, სამიტმა მოლოდინი გაამართლა შედეგის მიღწევის თვალსაზრისით. „სამიტამდე და მას შემდეგაც, პრეზიდენტ ბაიდენს სურდა, მიამიტი არ გამოჩენილიყო რუსეთთან და პუტინთან მიმართებით, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში ჩანდა. პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან გაკვეთილის საჭიროებას ვერ ვხედავდი, როდესაც გამოაცხადა, რომ პუტინი მტრულად განწყობილი არ იყო, თუმცა ეს უკეთესი პერფორმანსი იყო მისი მხრიდან, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელმაც 2019 წელს ჰელსინკში, პუტინთან ერთად ალბათ ყველაზე საშინელი პრესკონფერენცია გამართა, რაც კი ოდესმე მინახავს ამერიკის პრეზიდენტისგან. ვგულისხმობ, გულუბრყვილობას პუტინთან მიმართებით... პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტამდე დიდი მოლოდინები არ შექმნა, ის ჩავიდა სამიტზე, ზოგი სკეპტიკოსი დიდ პროგრესს არც ელოდა მისგან ამ შეხვედრისას. თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ წამოჭრიდა პუტინის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს, ოპოზიციონერ, ალექსენი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების საკითხს და ნათლად განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს, აშშ მას უპასუხებს. ჯო ბაიდენი: პუტინმა იცის, რომ კიბერშეტევას, ან არჩევნებში ჩარევას შედეგები მოჰყვება პრეზიდენტმა ბაიდენმა ასე ნათლად განაცხადა, რომ სანქციები ძალაში დარჩება და ეს მოხდება რუსეთის ქმედებების გამო, მათ შორის უკრაინაში. თუმცა მე არ ვთვლი, რომ რუსეთის ქცევები შეიცვლება. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ და არა მტრულ გარემოში ჩატარდა და პუტინმაც იგივე თქვა. ეს იყო ის, რაც ბაიდენს სურდა. მას სურდა შეხვედრიდან გამოსულიყო როგორც ბრძენი, (ისეთი როგორიც არის) ასევე, მკაცრი პუტინის მიმართ, პუტინმა კი უპასუხა, რომ მტრულად განწყობილი არ იყო. ასე რომ, ბაიდენისთვის ეს წარმატებული გადაწყვეტა იყო. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი ადრეა იმის თქმა, შეუწყობს თუ არა ეს ხელს პროგნოზირებად და სტაბილურ ურთიერთობებს, მე ვეჭვობ, ეს მოხდეს ფუნდამენტურად, ვფიქრობ, პუტინი ახლა თავის ტაქტიკას გამოიყენებს, მათ შორის განაგრძობს კიბერთავდასხმებს და სხვა ზომებს, რაც იქნება ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ნაწილი. გადავხედოთ მიმდინარე კვირებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უდიდესი სამუშაო გასწია სამიტის ჩატარებით. „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი სოლიდარობის დემონსტრირებით, სამიტი ამერიკის ლიდერების მონაწილეობით, NATO-ს სამიტი, შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ჩამოშორებას აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთი ცდილობდა. ამის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი ჩადის ჟენევაში პუტინთან შესახვედრად და ძალიან მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მთავარი გზავნილები წარმოთქვა და იმედი მაქვს, დაარწმუნა პუტინი, რომ შესაძლოა, რუსეთის სტრატეგია არა, მაგრამ ტაქტიკა მაინც შეცვალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჯო ბუდინმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინს კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლება სურდა", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.

ბენ ჰოჯესი: უკრაინაში რაც ახლა ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. ჰოჯესი ბაიდენ-პუტინის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ. „რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 3-6 თვეში ეცოდინებოდა, რა ტიპის დიალოგი ექნება პრეზიდენტ პუტინთან. დრო მიდის“, – წერს ბენ ჰოჯესი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მაიკლ მაკფოლი: 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას. „აი, რა ხდება, როდესაც დასავლეთში წარსულს ივიწყებენ და ორიენტირებულია მომავალზე. 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას. ვღელავ ყირიმის იგივე ბედის გამო. ნურასდროს დაივიწყებ!“ - წერს მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია Air Manas-ი შემოდის

საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამიისტრო ავრცელებს. „კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სასიხარულო ამბავია. თითოეული ახალი ავიაკომპანია, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენს ავიაბაზარს ემატება, ძალიან კარგი მოვლენაა და ტურიზმის სწრაფად აღდგენას მოასწავებს. ამავდროულად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის იწყება ავიამიმოსვლა. ასე რომ, ველოდებით ყირგიზ სტუმრებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი – ბათუმი -ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრამდე, კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) გეგმავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.

საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. „საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში. გამოცხადდება საჯარო კონკურსი და მიიღება ნებისმიერი სახის იდეა, შემდეგ, ჰერალდიკის საბჭოსთან ერთად, ამას დავამუშავებთ და ბოლოს უკვე გამოვიტანთ კენჭისყრაზე. მინდა, ყველა ჩაერთოს და საქართველოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი ექნება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადდებიან

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუ" ბაზაზე, რომში რამდენიმეკვირიან გადამზადებას გაივლიან. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია. „ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. დავათვალიერე „ბამბინ ჯეზუს“ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი გამოჩენილია ევროპაში და რომელიც პირველ რიგში, ბავშვთა მიმართულებით იშვიათ და ონკოლოგიურ დაავადებებზე მუშაობს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ითანამშრომლონ საქართველოსთან. პირველ რიგში, მოხდება ჩვენი ექთნებისა და ექიმების გადამზადება. საჭიროა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიის მუშაობაში და კვლევაში. ასევე, მზად არიან დიაგნოსტიკური კუთხით თანამშრომლობისთვის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაეხმარებიან ჩვენ ბავშვებს. საავადმყოფოს დირექტორი ჩამოვა საქართველოში, ჩვენ ამაზეც ვართ შეთანხმებული და ადგილზე მოვაწერთ ხელს მემორანდუმს. ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია და მე პირადად, ძალიან მიხარია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ კვლევით და დიაგნოსტიკურ-გენეტიკურ საქმიანობას ეწევა, მათ შორის იმუნოთერაპიის და უჯრედული თერაპიის კუთხით. საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუს“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, მარიელა ენოკი საქართველოს ესტუმრება.

დმიტრო კულება ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე: ამერიკა დაბრუნდა, დროა, რუსეთმა უკრაინიდან უკან დაიხიოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას ბაიდენის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს მიესალმება და აცხადებს, რომ ამერიკა დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კულებას თქმით, ,, დროა, რომ რუსეთმა უკრაინიდან უკან დაიხიოს". „ამ სამიტმა ცხადყო, რომ ამერიკა დაბრუნდა და ახლა დროა, რომ რუსეთმა უკრაინიდან უკან დაიხიოს. მოსკოვს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით. ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

ესტონეთი საქართველოს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად გადასცემს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად გადასცემენ. „ესტონეთი ასევე დაუჭერს მხარს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეზობელ მოლდოვას, რომელსაც ვაქცინის 100 ათასს დოზას გადასცემს. ვაქცინის 100 ათასს დოზას ასევე მიიღებს ჩვენი პარტნიორი საქართველო“, - ნათქვამია უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ნინო ლომჯარიას მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენენ, რომელიც 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გააცნობს დეპუტატებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა. სახალხო დამცველი ფართო საზოგადოების წინაშე ანგარიშით, მომავალ კვირაში პლენარულ სხდომაზე წარდგება.

ვიქტორია ნულანდი: აშშ-ს რუსეთთან პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, მაგრამ უკრაინას შემდგომშიც მტკიცედ დავუჭერთ მხარს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვის, აშშ-ი შემდგომშიც განაგრძობს უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ამის შესახებ მან ,,რადიო თავისუფლების" უკრაინული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუკი რუსეთი პროგნოზირებადი ურთიერთობისთვის მზად არ იქნება პრეზიდენტი ბაიდენი რეაგირებას მოახდენს. „ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები შესაძლებელია. მაგრამ იბადება კითხვა, არის თუ არა მზად რუსეთი ჩვენთან ასეთი ურთიერთობისთვის? თუ არა, მაშინ იქნება შედეგი და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეაგირებას მოახდებს. როგორც მან განაცხადა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ჩვენი დაცვის შემთხვევაში გამოვიყენებთ. ამიტომ პრეზიდენტს სურდა ასეთი გულღია საუბარი“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. მისივე თქმით, შტატებს სურს, რომ შეწყდეს რუსეთის მავნე ქმედებები. ,,გვსურს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს რუსეთის მავნე მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევები და დასრულდეს ზეწოლა უკრაინაზე და სხვა ქვეყნებზე. მაგრამ არჩევანი არის რუსეთის", - განაცხადა ნულადმა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებითვე, ვაშინგტონი მზად არის ასევე განიხილოს კიევის თხოვნა დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში აშშ-ის უფრო ღმარ ჩართულობის შესახებ. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, ვიქტორია ნულანდის თქმით, ისინი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის მიმართ.

ვიოლა ფონ კრამონი: შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების ბოლოდროინდელ პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეშფოთებულია მოსამართლეების ნაჩქარევი დანიშვნის გამო. „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო. როგორც 19 აპრილის შეთანხმება ამბობს, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია და მიბმულია ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარებასთან. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა ბრძნული გადაწყვეტილება არ არის. „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას!“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. კანონმდებლობის მიხედვით, სია წარედგინება პარლამენტს და სწორედ პარლამენტში გაიმართება ამ კანდიდატებთან გასაუბრებები.

ჯო ბაიდენის განკარგულებით, 19 ივნისს აშშ-ში მონობის გაუქმების დღეს აღნიშნავენ

Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის განკარგულებით, 19 ივნისს აშშ-ში მონობის გაუქმების დღეს აღნიშნავენ.შესაბამის ბრძანებს აშშ-ის პრეზიდენტი დღეს მოაწერს ხელს. კანონპროექტის მიხედვით, დღესასწაულის სახელწოდება იქნება „ეროვნული დამოუკიდებლობის დღე 19 ივნისი“. როგორც მანამდე კონგრესში გამართულ დებატებზე დემოკრატმა კონგრესმენმა შეილა ჯექონს ლიმ განაცხადა, მან 19 ივნისის მონობის გაუქმების პატივსაცემად ფედერალურ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი კონგრესში შეიტანა.. 19 ივნისი მეთერთმეტე სადღესასწაულო დღე იქნება, რომელიც აშშ-ში ფედერალური მასშტაბით აღინიშნება. ამ სიაში ასევე შედის შობა, ახალი წელი, მადლიერების დღე, დამოუკიდებლობის დღე და მარტინ ლიუთერ კინგის დღე.