ძებნის რეზულტატი:
ნათია თურნავა: "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე
"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, ევროპელი მედიატორის ჩართულობით ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი, ახლა საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან ველოდებით დადებით კონტრნაბიჯებს", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით შეხვედრა დღეს ონლაინფორმატში გაიმართება. "ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი. შსს-მ დემონტაჟი გაუკეთა რკინის ჯებირებს. ახლა ველოდებით, რომ დადებითი კონტრნაბიჯები წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან. ასევე დაცული იქნება სხვადასხვა უფლება და კანონმდებლობა, მათ შორის დაცული იქნება კერძო საკუთრების უფლება. არ იქნება გზების ბლოკირება. მე მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე. პროცესი მიდის პოზიტიურად", – განაცხადა ნათია თურნავამ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეებს ამატებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს ზრდიან. მისი თქმით, ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე. „ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი „ბაქო-თბილისი-ბაქოს“ მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 20 ივლისამდე ეს იქნება კვირაში ხუთი ფრენა, 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება - საქართველოში ავიარეისების სიხშირის გაზრდის თაობაზე. „ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ჩვენ ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს სტუმრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის
4 ივლისიდან, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანია დამატებით რეისს "ტაშკენტი - თბილისი - ტაშკენტის" მიმართულებით კვირა დღესაც შეასრულებს. საერთო ჯამში, კვირაში სამი რეგულარული ფრენა შესრულდება: სამშაბათს, პარასკევს და კვირას.
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს გრეიდერი გადაეცა
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით სენაკის მუნიციპალიტეტს გრეიდერი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ,,98 000 დოლარის ღირებულების დახმარება საგანგებო სიტუაციებისას მუნიციპალიტეტის მზადყოფნასა და რეაგირებას გაზრდის. ასევე, ადგილობრივ მთავრობას სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაეხმარება",- ნათქვამია განცხადებაში.
დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე
"ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. ზალკალიანის თქმით, პანელში, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას, ძირითადი აქცენტები გაკეთდება რეგიონზე. „ფორუმი უაღრესად წარმომადგენლობითია, 50 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ესწრება, მათ შორის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოც არის ერთ-ერთი სტუმარი ამ ფორუმის. მე წარმოვადგენ ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, რომელშიც მივიღებ მონაწილეობას, ძირითადი აქცენტები გაკეთდება რეგიონზე. სამხრეთ კავკასია დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იქნება ძირითადი ფოკუსის საგანი და ბუნებრივია, ყურადღებას გავამახვილებ იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში, ასევე ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე. მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააღრმავოს საკუთარი როლი, მნიშვნელობა და ბუნებრივია, ამ თემებზე მექნება ყურადღება გამახვილებული. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვისაუბრებ უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც აქტუალური არის ჩვენთვის და როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად ჩართულობა ჩვენი კონფლიქტის მოწესრიგებასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ასევე რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მექნება, მათ შორის უკრაინელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე , რომელიც დავგეგმეთ 17 მაისს კიევში ვიზიტის დროს, კერძოდ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში, უახლოეს სამოქმედო პერსპექტივებზე, ასევე კონფლიქტებთან მიმართებაში ერთობლივ კოორდინაციაზე. ასევე შეხვედრა მექნება გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი აქტორია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით და ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია იქნება ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 18-19 ივნისს დავით ზალკალიანი ანტალიას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში.
სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა
საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ინფორმაციას თავად ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ვატიკანში 16 ივნისს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში პირველად საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. ასევე, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა. პრეზიდენტის სახელით, ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში მიღებაც გაიმართა.
Google-ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ
აჭარის ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, 10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს იღებენ. შედეგად, Google-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად შეეძლებათ იმოგზაურონ. გარდა გადაღებებისა, Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რეგიონში მოქმედი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგი გამართა, სადაც Google-ის ონლაინ ხელსაწყოების, ფოტო გადაღებებისა და Google-ის რუკის მოხმარების შესახებ ისაუბრეს. რეგიონის გაციფრულებას ფოტოგრაფები დღეს დაასრულებენ. აჭარის განახლებული მასალები Google-ის რუკაზე კი ორი კვირის განმავალობაში აიტვირთება. „ძალიან აქტიური და მასშტაბური გადაღებები აწარმოა Google-ის წარმომადგენლებმა აჭარაში. მათ შეძლეს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება. ორი კვირაში რეგიონით დაინტერესებულ პოტენციურ ვიზიტორებს უკვე საშუალება ექნებათ Google-ის რუკის მეშვეობით ვირტუალურად იმოგზაურონ ძველი ბათუმის ქუჩებში, ჩვენს ეროვნულ პარკებში, სანაპირო ზოლში სარფიდან ქობულეთამდე. ეს ყველაფერი გაზრდის რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ციფრული მასალების ხელმისაწვდომობას გუგლის პლატფორმაზე, შესაბამისად კი ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს
არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფრენები აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე განხორციელდება, რაც ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 1 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით შესრულდება: • აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი - კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 ივნისს მიენიჭა. Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო. „ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-ს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოხარულები ვართ, რომ 1 ივლისიდან ახალი მიმართულება გვემატება. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ დაინტერესება მაღალია. Air Arabia Abu Dhabi რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა FlyArystan-მა და Bees Airline-მა, ავიაბაზარზე უკვე შემოვიდა ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი Eurowings-ი დაიწყებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს.“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.
ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება
26 ივნისიდან, ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა Twitter-ში განაცხადა. "26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება შემდეგ ხუთშაბათს, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება. ესპანელების სიხარული მთავრობის სიხარულია. ჩვენ კიდევ ერთხელ დატკბებით ცხოვრებით, ქუჩაში ნიღბის გარეშე", - წერს პედრო სანჩესი. მისი თქმით, სოციალური თვალსაზრისით, ეს ძალიან მინიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ცნობისთვის, ესპანეთში ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება 2020 წლის მაისიდანაა სავალდებულო. ამ მხრივ გამონაკლისი დაიშვება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების მქონე პირებისთვის, ვისთვისაც პირბადის გამოყენება რთული, ან სახიფათოა.
ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცეს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანტონიო გუტერეში ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით დანიშნა. ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას მეორე ვადით 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ ანტონიო გუტერეში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინეს. მანამდე მას მხარდაჭერა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ გამოუცხადა. ის გაეროს რიგით მეცხრე გენერალური მდივანია. გაერო-ს გენერალურ მდივანს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე პან გი მუნი 2017 წელს შეცვალა. 1995-2002 წლებში ის პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005-2015 წლებში გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელად იყო დანიშნული.
იტალიამ დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიანი კარანტინი დააწესა
იტალიამ დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიანი კარანტინი დააწესა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა. ამასთანავე, ბრიტანდეთიდან ჩასულ ვიზიტორებს სავალდებულო ტესტირების გავლაც მოუწევთ. როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ინდური ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება. ახალი რეგულაციები, ორშაბათიდან (21 ივნისიდან) შევა ძალაში. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეზღუდვები მოიხსნება აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული ვაქცინირებული ან კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის მქონე მოგზაურებისთვის. მინისტრის განცხადებით, ძალაში რჩება ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან ვიზიტორების მიღებაზე მოქმედი აკრძალვა.
ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელების მიხედვით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა
ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელების მიხედვით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალს დაემატა აშშ და ბალკანეთის ქვეყნები. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, სიაში არსებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმება. ამჟამად ჩამონათვალი შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, აშშ. ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. საბჭო ასევე დასაშვებად მიიჩნევს შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონებისთვის – ჰონგ-კონგისა და მაკაოსთვის; ასევე ტაივანისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით
ქალბატონ ანა ბიერდესს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკისთვის. „მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ანა ბიერდესს, რომელიც გვეწვია საქართველოში. ქალბატონ ანასთან მქონდა პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბანკთან აკავშირებს. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პროექტები, ის ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მე მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე პროფესიული განათლების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ. ასევე ქალბატონ ანას გავაცანით ჩვენი ხედვა, რომელიც შეეხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მომზადებას. მთავრობა აქტიურად მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე პირველი დრაფტი, დოკუმენტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი უკვე მათ შორის ჩვენი ძალიან წარმატებული დონორისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და მე მას ვთხოვე აქტიურად ჩართვა ამ პროცესში, რათა მეტი რჩევა და კონსულტაცია მივიღოთ ამ მიმართულებით, იმისათვის რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი
საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და საქართველო მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც დაეხმარება საქართველოს, ვაქცინაციის კუთხით. "ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა საქართველოში ხორციელდება, ვაქცინაციის კუთხით და ეს არ არის ერთი არხი, ერთი საშუალება. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდგომშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ჯანდაცვის სფეროს გარდა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერებაში. ეს ის სფეროა, სადაც მთელ რეგიონში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს და ჩვენ საქართველოს ამ კუთხით დიდი სიამოვნებით ვეხმარებით. ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამ კუთხით ჩვენთვის აქტუალური გახდა ეს სეგმენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დახმარება იქნება აქტუალური. მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და ის მალე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგს და პროგრამას ჩვენ დიდი სიამოვნებით მხარს დავუჭერთ“, -განაცხადა ანა ბიერდემ. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი დაეხმარება საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და ბევრი სხვა მიმართულებით. "მიგვაჩნია, რომ გაციფროვნება და ციფრული ეკონომიკა არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას. ჩვენ უკვე ვეხმარებით საქართველოს Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. ეს პროგრამა გულისხმობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად მრავალი ათასი ადამიანის ჩართულობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტში და ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების კუთხით მიმაჩნია, რომ ამბიციური პროგრამა და გეგმა არსებობს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სიღრმისეული მიმართულება არსებობს კონკურენციის და დინამიური ეკონომიკის განვითარების კუთხით. და ბოლოს, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვას, მდგრად განვითარებას, არის კიდევ რამდენიმე სექტორი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კლიმატის ცვლილებები და ამ მიმართულებით მედეგობის განვითარება, სოფლის მეურნეობა და ა.შ. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არასოდეს მოვაშორებთ თვალს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ აქაც ძალიან გვახარებს, რომ რეაგირების ის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ძალიან კარგი იყო, ეხმარებოდა ქვეყანას და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ანა ბიერდემ.
"იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა
"იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც Figc.it-ი წერს, ის იყო "იუვენტუსის" ემბლემა. ჯანპიერო ბონიპერტი "იუვენტუსში" 1946-1961 წლებში თამაშობდა, მან 459 მატჩში 179 გოლი გაიტანა და დღემდე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-2 ადგილზე იმყოფება. 2005 წლამდე რეკორდსმენი იყო, შემდეგ კი ალესანდრო დელ პიერომ გადაასწრო. მისი დებიუტი იტალიაში 1947 წლის 9 ნოემბერს შედგა. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო თასის ორ თამაშში: 1950 და 1954 წლებში. როგორც "იუვენტუსის" საპატიო პრეზიდენტი, ის 2012 წელს შევიდა "იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში" "დირექტორთა" კატეგორიაში. "ძვირფასო პრეზიდენტო, არავინ ყოფილა "იუვენტუსისთვის" თქვენნაირი და არც არავინ იქნება. თქვენგან დავალებული ვარ ყველაფრის გამო, როგორც ფეხბურთელი და ასევე, როგორც კაცი. იმიტომ, რომ იუვენტუსის გარეშე, თქვენი იუვენტუსის გარეშე, არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ", – წერს დელ პიერო სოციალიურ ქსელში.
თენგიზ ცერცვაძე: გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მოიხსნება, ყველა გზა აქეთ მიდის
"გადაადგილებაზე შეზღუდვაც სავარაუდოდ მოიხსნება", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნამ ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის. "ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ გადაადგილებაზე შეზღუდვაც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს",- განაცხადა ცერცვაძემ.
ნათია თურნავამ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროექტი განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, დავით თვალაბეიშვილი, გურამ გურამიშვილი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში, მათი სარგებლიანობა და შესაძლებლობები. აღინიშნა ის დიდი როლი, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროექტზე (GENIE), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. პროექტის ბიუჯეტია 23,5 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიმართულია ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისკენ, მათთვის განვითარების სხვადასხვა პროგრამების ინიცირების და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ Covid-19 - ის პანდემიამ გაზარდა საზოგადოების მოთხოვნა ციფრულ სერვისებზე, ამდენად, პროექტმა GENIE განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, შეხვედრაზე დაისვა აღნიშნული პროექტის გაგრძელების საკითხი. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებს და მიმართულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ, Log-in Georgia - ია. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება 2020 – 2025 წლებისთვის. აღინიშნა, რომ პროექტი Log-in Georgia - ს მიზანია, სტრატეგიით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ციფრული სერვისების გამოყენებას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელთაც მსოფლიო ბანკი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აგრეთვე ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიზნით ახორციელებს. აგრეთვე აქცენტი გაკეთდა სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ანა ბიერდე ეწვია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ვიზიტით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ვატიკანთან. "შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვატიკანთან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთობები გაღრმავდეს და განმტკიცდეს. პრეზიდენტმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მედიაციის მნიშვნელობას. საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიალოგის გარეშე კონფლიქტების დაძლევა და სიტუაციის დეესკალაცია შეუძლებელია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რომელზეც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლის განვითარების შესაძლებლობებიც გაიხსნა კულტურასა და განათლებაში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შედეგად. საუბარი შეეხო ბავშთა ონკოლოგიის საკითხებს, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფომ მზაობა გამოხატა, რაც საქართველოსათვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პატარა ქვეყნების როლზე და მათი გაძლიერების მნიშვნელობაზე, რადგან პატარა ქვეყნებს ცალ-ცალკე არ შესწევთ ძალა, რომ მსგავს გლობალურ თემებთან დაკავშირებით გაიტანოთ საკუთარი ხმა და პოზიცია. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკითხი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი.
დავით ზალკალიანი: დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ
დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება. "პატივია ვესწრებოდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, ჩემი კოლეგის და მეგობრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით. ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ”- წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე. ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და კონფერენცია გახსნა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაზე “სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის”. დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. „ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე და აქტიურ ჩართულობას პანდემიის პერიოდში. განვიხილეთ ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე საქართველოში რეფორმების პროცესი და ჩვენი მიზნები პანდემიის შემდგომ პერიოდში“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით