ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპს პატრიარქის საჩუქარი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი. სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის უკანონოდ დაკავებული ადამიანების საკითხი განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო, ასევე გაეროს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი. "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის თემას და აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს მნიშვნელოვან როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოლაპარაკებათა პროცესში მთავარ საკითებზე, რაც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს. რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ქართული მხარის ფასილიტაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგის მიღწევა მოხერხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის",- ნათქვამია ინფორმაციაში. დავით ზალკალიანი: დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში იღებს მონაწილეობას

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

კულტურის კომიტეტში საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებლმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ მათთვის გაუგებარი და მიუღებელია რა პრინციპით ხდება შეგროვებული ჰონორარის ცალკეულ ავტორებზე განაწილება. ეს პროცესი აზარალებს ავტორებს და შემსრულებლებს, ლახავს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს და უარყოფითად აისახება მათ შემოსავალზე. სხდომაზე მოუსმინეს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს. არსებული გამოწვევის შესახებ ისაუბრეს მუსიკოსებმა, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ და საქართველოს საავტორო უფლების მფლობელთა ასოციაციის (GERA) წარმომადგენელმა ლაშა მდივანმა. საჯარო მსჯელობის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კულტურის კომიტეტთან შეიქმნება საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები. „საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან კონკრეტული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობს და ღირსებას ეხება, ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მუსიკას და ემსახურებიან კულტურას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში ეს სფერო იქნება ყველა მიმართულებით დარეგულირებული და დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.

კელი დეგნანი: ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესები და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს

„აშშ ძალიან ამაყია, რომ განაგრძობს წვლილის შეტანას საქართველოს ძალისხმევაში, გახდეს სტაბილური და წარმატებული დემოკრატია სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკური ერების ოჯახში“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „საქართველო: ხედი სილიკონის ველიდან", რომელსაც სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო მასპინძლობდა. კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს კი არსებითად მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის, რომელიც მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. „ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესი და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს და ძლიერ ინოვაციებს. მათ სურთ სანდო, ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა. ამერიკის საელჩო აქ არის, რომ დაეხმაროს ამერიკული და ქართული ბიზნესების დაკავშირებას. მე ველი ეკონომიკური წინსვლის გაგრძელებას, რომელიც ვნახეთ და ჩვენს ძლიერ ჩართულობას ამ სფეროში“, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა. „დიჯიტალიზაციის პროცესი დაჩქარდა და ქმნის შესაძლებლობებს სტარტაპ სექტორში. საქართველო ავითარებს ტექნოლოგიურ ბაზარს, რომელიც აშშ-ის ბიზნესს ინვესტიციებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ელჩის განცხადებით, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება პროგრესს, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით. „სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მხარს უჭერენ სასამართლო რეფორმას და შეერთებული შტატები ამ ძალისხმევას ეხმარება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „ქართველებს სულ უფრო მეტად ესმით, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ამერიკის საელჩოს ცნობით, ღონისძიებაზე განიხილავდნენ გლობალური გაციფრულების მიმდინარე ტრენდებსა და მის გავლენას სწრაფად განვითარებად სამყაროზე. ასევე, განიხილეს ტექნოლოგიისა და ინფორმაციის ხანაში ადაპტაციის გადაუდებლობის მნიშვნელობა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა. დოკუმენტში წინასწარი შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში უნდა ემყარებოდეს მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტს: 1. მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს, ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს; 2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ; 3. ამგვარი კანონმდებლობის სრულად, კეთილსინდისიერად შესრულების პოლიტიკური ვალდებულება. "კონსულტაციისა და ამგვარი ცვლილებების მომზადების ღია და გამჭვირვალე პროცესი ზრდის ნდობას ნდობას მიღებული კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", - ნათქვამია დოკუმენტში. ვენეციის კომისია და ოდირი აცნობიერებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესწორებული ცვლილებების პროექტი მომზადებულია მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მჭიდრო თანამშრომლობით. "ეს განსაკუთრებით საგულისხმოა ყველა არჩეული ოპოზიციური პარტიის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის ფონზე, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და იმ ფაქტის გამო, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობას მონაწილეობა არ მიუღია საწყისი ცვლილებების პროექტის მომზადებაში, რომელიც შეფასდა პირველ ერთობლივ საგანგებო დასკვნაში 2021 წლის 30 აპრილს.2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში დაბრუნება და შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის გადასინჯვა ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აშკარად მისასალმებელია - თუმცა ყველა არჩეულ ოპოზიციურ პარტიას ჯერჯერობით შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია და საპარლამენტო მანდატები არ მიუღია", - აღნიშნულია დოკუმენტში. ვენეციის კომისია და ოდირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას. "ეს საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, და განსაკუთრებით მისი ფუნდამენტური ელემენტები, მომდევნო არჩევნებამდე რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე უნდა შეიცვალოს. იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგი ადგილობრივი არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, მიმდინარე რეფორმის დრო იდეალური არ არის. ამასთან, ის მისაღებია იმ რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული საკმაოდ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობას საერთაშორისო სტანდარტებსა და წინა რეკომენდაციებთან აახლოებს. ამასთან, როგორც უკვე ითქვა პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში, საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი შესწორების პრაქტიკა ქმნის საარჩევნო პროცესის მთლიანობის შელახვისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევის შელახვის რისკს. შესაბამისად, კვლავ ძალაში რჩება მოწოდება საქართველოს საარჩევნო კანონის უფრო ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმისკენ. ყურადღება უნდა მიექცეს მომავალი რეფორმის დროს დარჩენილი პრობლემებისა და შეუსრულებელი რეკომენდაციების მოგვარებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ხშირი ცვლილებები და მიღწეულ იქნას სტაბილურობა", - აღნიშნულია დასკვნაში. დასკვნის თანახმად, საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმართული მცდელობების შერყევის საფრთხეს ქმნის. ამიტომ საჭიროა საარჩევნო კანონის უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა და ყველა რეკომენდაციისა გათვალისწინება, „რათა თავიდან იქნას აცილებული ხშირი ცვლილებები და მიღწეულ იქნას სტაბილურობა“. "ამ პერსპექტივაში, სასურველია, რომ ნებისმიერი მომავალი რეფორმა არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მიკრომენეჯმენტით და უფრო გლობალური მიდგომა იქნას გამოყენებული. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიასა და ოდირს კიდევ ერთხელ სურთ ხაზგასმით აღნიშნონ, რომ პროცესის მართვა მხოლოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგის გზით შეიძლება განხორციელდეს", - აღნიშნულია დოკუმენტში. პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში შეტანილი ძირითადი რეკომენდაციები ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებს, განსაკუთრებით მათ შემადგენლობას და მათი წევრებისა და თავმჯდომარეების არჩევას / დანიშვნას. 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, ამ მხრივ შესწორებულია ცვლილებების პროექტი. შესწორებების პროექტის განახლებული ვერსია ითვალისწინებს ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვან ელემენტებს, განსაკუთრებით: 1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევისთვის შემოღებული იყო კვალიფიციური (ორი მესამედი) საპარლამენტო უმრავლესობის ხმა, საბოლოო ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით; პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები, ანუ პირობები, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის რომელიმე წევრი მაინც „ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას“, ასეთ შემთხვევაში პარტიების გამოკლება, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტს ახორციელებენ, მოხსნილია. როგორც ითქვა, მთავარი რეკომენდაციების კიდევ რამდენიმე ელემენტი რჩება შეუსრულებელი: ცესკო-ს არაპარტიული წევრებისთვის უფრო მეტი უფლებამოსილებების მოთხოვნა და მრავალფეროვანი შემადგენლობის უზრუნველყოფა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ წარდგენის პროცესს; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის შესახებ დებულებების პროექტში დამატებით ცვლილებების შეტანა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხვა საკითხებთან ერთად, არაპარტიული წევრების დანიშვნის გამჭვირვალე, ნამდვილად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. პარტიზანული წევრები; მეტიც, უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები; კანონში მკაფიოდ იყოს განსაზღვრული, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების თანამდებობიდან გადაყენებას; ამგვარი გათავისუფლება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებში და ძალიან კონკრეტული მიზეზებით; პირველი ერთობლივი სასწრაფო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, კანონპროექტში შენარჩუნებულია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის რამდენიმე პოზიტიური პროექტი. მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის, არჩევნების შედეგების დადგენის პროცესის განმტკიცებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაღრმავების ღონისძიებების ჩათვლით. ამავე დროს, პირველი ერთობლივი გადაუდებელი მოსაზრებით ფორმულირებული მრავალი რეკომენდაცია კვლავ ძალაშია და უნდა იქნას გათვალისწინებული მომავალი რეფორმების დროს, მათ შორის, იქ რომელიც მიმართულია კენჭისყრის დღეს პარტიული წარმომადგენლების ყოფნის და საარჩევნო კამპანიის აკრძალვა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე; ეს ადგილები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული (მაგალითად, 100 მეტრის პერიმეტრი იმ ოთახიდან, სადაც განთავსებულია საარჩევნო ყუთი); ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩოს მიღება, რომელიც განსაზღვრავს გადათვლის და ბათილად ცნობის მისანიჭებლად და ჩასატარებლად მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს, შედეგების დათვლისა და ცხრილში გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად და არჩევნების შემდგომი დავების განხილვაში; დაბოლოს, შესწორებული ცვლილების პროექტი შეიცავს რამდენიმე ახალ ელემენტს, რომლებიც შემდგომ გადასინჯვას საჭიროებს, მათ შორის: უნდა გადაიხედოს ცესკო-ს არაპარტიული წევრების კანდიდატებისთვის ხმის მიცემის სხვადასხვა რაუნდს შორის პერიოდის მნიშვნელოვანი შემცირება, ოთხიდან ერთ კვირამდე, შესწორებული კანონპროექტის მე–2 მუხლის მე-12 პუნქტის გარდამავალ დებულებებში; უნდა გადაიხედოს საარჩევნო კოდექსის პროექტის 196-ე მუხლის მე-20 და 22-ე პუნქტების გარდამავალი დებულებები და შესწორებების პროექტის მე-2 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტები, რომლებიც ეხება პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის უფლებას; ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და ფუნქციები უფრო მკაფიოდ უნდა იყოს დარეგულირებული კანონში; გადაიხედოს საოლქო და საუბნო უპარტიო წევრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საკითხი; საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის უფლება არ უნდა შემოიფარგლოს საარჩევნო დავებზე უფლებამოსილი პირების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული პირებით; ასეთი შესაძლო რეესტრი შეიძლება გამოყენებულ იქნას საჩივრების პროცესის ხელშესაწყობად, მაგრამ ამან არ უნდა შეზღუდოს უბრალო მოქალაქეებს საჩივრის წარდგენის უფლება. "კანონის სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის სანდოობისთვის, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. წესებმა, რომელიც ხშირად იცვლება - და განსაკუთრებით რთულმა წესებმა - შესაძლოა ამომრჩეველში დაბნეულობა გამოიწვიოს. უპირველეს ყოვლისა, ამომრჩეველმა შეიძლება დაასკვნას, სწორად ან არასწორად, რომ საარჩევნო კანონი უბრალოდ იარაღია ძლიერთა ხელში და რომ საკუთარ ხმას მცირე წონა აქვს არჩევნების შედეგების გადაწყვეტისას. საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანით საფრთხე ემუქრება საარჩევნო პროცესის მთლიანობას და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიზნით სახელმწიფოს მუდმივ მცდელობებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

NATO: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა "ღია ცის ხელშეკრულების" სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

NATO ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქვეყანა "ღია ცის შეთანხმებას" 18 დეკემბერს დატოვებს. "ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი სავალდებულო იურიდიული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ასევე ურთიერთნდობას ევრო-ატლანტიკურ რეგიონში", - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში. NATO-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ ვალდებულებების სრულად შესრულებაზე, მათ შორის, კალინინგრადის ოლქის თავზე და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით. "ჩვენ გამუდმებით მოვუწოდებდით რუსეთს დაბრუნებულიყო შეთანხმების სრულ შესაბამისობაში და გადავდგით ბევრი ნაბიჯი. ამის ნაცვლად, რუსეთმა ვერ შეძლო კონსტრუქციული მონაწილეობა და არ გადადგა ნაბიჯები სრულ შესაბამისობაში დაბრუნებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას იძლევა. მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყენოს დარჩენილი ექვსი თვე, სანამ მისი გადაწყვეტილება ძალაში შევა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და სრულ შესაბამისობაში დაუბრუნდეს ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას", - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა "ღია ცის შეთანხმებას" 18 დეკემბერს დატოვებს. სამინისტროს განმარტებით, "ღია ცის შეთანხმების" გაუქმების შესახებ შესაბამისი კანონი და დადგენილება 18 ივნისიდან ძალაში შევიდა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის მხარემ საელჩოების საშუალებით შეტყობინებები გაუგზავნა შეთანხმებაში მონაწილე მხარეებს. "რუსეთის მხარემ ყველა მონაწილე ქვეყანას აცნობა შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ. ასე რომ, ეს მოხდება შეტყობინების გაგზავნიდან 6 თვეში, ანუ 18 დეკემბერს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ "ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას" აღარ დაუბრუნდება. ცნობისთვის, "ღია ცის შეთანხმების" თანახმად, რომელიც 2002 წელს მიიღეს და რომლის ხელმომწერი 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და რუსეთია, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია. შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა.

კელი დეგნანი: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ემყარება

აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება პროგრესს, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „საქართველო: ხედი სილიკონის ველიდან", რომელსაც სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო მასპინძლობდა. ელჩის თქმით, აშშ ძალიან ამაყია, რომ განაგრძობს წვლილის შეტანას საქართველოს ძალისხმევაში, გახდეს სტაბილური და წარმატებული დემოკრატია სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკური ერების ოჯახში“. კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა. „სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მხარს უჭერენ სასამართლო რეფორმას და შეერთებული შტატები ამ ძალისხმევას ეხმარება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „ქართველებს სულ უფრო მეტად ესმით, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ამერიკის საელჩოს ცნობით, ღონისძიებაზე განიხილავდნენ გლობალური გაციფრულების მიმდინარე ტრენდებსა და მის გავლენას სწრაფად განვითარებად სამყაროზე. ასევე, განიხილეს ტექნოლოგიისა და ინფორმაციის ხანაში ადაპტაციის გადაუდებლობის მნიშვნელობა. კელი დეგნანი: ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესები და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს

სალომე ზურაბიშვილი: წმინდა საყდარი და საქართველო განათლების, კულტურის მედიცინასა და მეცნიერების საკითხებში ითანამშრომლებენ

„წმინდა საყდარი და საქართველო ერთად იმუშავებენ განათლების, კულტურის მედიცინასა და მეცნიერების საკითხებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე, ვატიკანში ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში წერს. „ამ ვიზიტმა ბევრი რამ მოუტანა საქართველოს: წმინდა საყდარი და საქართველო ერთად იმუშავებენ განათლების, კულტურის მედიცინასა და მეცნიერების საკითხებში. ამ ახალი საფუძვლების გამყარების შესაძლებლობა ჩემი ვიზიტის მთავარი მოვლენა იყო“, - აღნიშნავს პრეზიდენტი. „პანდემია, მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მძიმე მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაძაბულობა საოკუპაციო ხაზთან, გლობალური გამოწვევები და პატარა ქვეყნებისთვის საერთო ხმის ფორმირების საჭიროება. გულწრფელი საუბარი მის უწმინდესობასთან, ეხებოდა მშვიდობის გზავნილს“, - წერს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

კულტურის სამინისტრო ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს

საქართველოს კულტურის სამინისტრო პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს. პირველი ასეთი ფესტივალი წელს შემოდგომაზე ჩატარდება და კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა. საქართველოს კულტურის სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ირაკლი კაკაბაძე, მწერალი, პენ-ოქსფამის პრემიის ლაურეატი და ცნობილი პოეტი დათო ჩიხლაძე. თეა წულუკიანის განცხადებით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო სიახლეა. მისი მთავარი მიზანია, ქართული პერფორმანსის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით და უცხოელი პერფორმერების შემოქმედების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედია არტისტები და სხვა ხელოვანები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ პერფორმანსები. „2012 წლამდე, ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიენიჭა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხვინვალის სახელები მიენიჭა. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ. სიახლის შესახებ ინფორმაცია რატი ბრეგაძემ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. "ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა",- წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

შაორის ტბაში 14 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაში 14 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მოზარდს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი რაჭაში ექსკურსიაზე სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე პრემიერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, რუსეთმა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა, რის გამოც სხვადასხვა პოლონელი პოლიტიკოსი დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. „კიბერშეტევის შედეგად, პოლონეთის ოფიციალური პირები, მინისტრები და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე დეპუტატები დაზარალდნენ“, - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ. კაჩინსკის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია მას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა მიაწოდეს. "პოლონეთის დეპარტამენტებისა და მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად აშკარად დადგინდა, რომ ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან", - შემდეგ აღნიშნა პოლიტიკოსმა. ვიცე პრემიერის განცხადებით, თავდასხმის ერთ-ერთ მიზანს ადგილობრივი საზოგადოებისთვის დარტყმის მიყენება და ქვეყნის დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. იაროსლავ კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. მას არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდში განხორციელდა კიბერშეტევა.

ჯო ბაიდენი: კორონავირუსი არავაქცინირებულებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსი არავაქცინირებულებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას, არავაქცინირებულ მოსახლეობას მოუწოდა, რომ რაც შეიძლება მალე გაიკეთონ ვაქცინა. "სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად იკლებს იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში შემთხვევები და ჰოსპიტალიზაცია არ იკლებს, პიროქით, შეზოერთ ადგილას შემთხვევები მატულობს", - განაცხადა ბაიდენმა. ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 300 მილიონი დოზა გაიხარჯა.

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

რუსეთში, კემეროვოს რეგიონში L-410 -ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 8 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა, 15 პარაშუტისტი და 2 მფრინავი. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი თვითმფრინავის დაჯდომის დროს ერთ-ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. 8 დაშავებულიდან 4 დაშვებულის მდგომარეობა მძიმეა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 769 ადამიანს დაუდასტურდა, 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 728 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 343 837, გარდაიცვალა 5 148 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.46 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%. ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან 455 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 46, იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 23, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 349, საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 481, აჭარაში - 210, იმერეთში - 386. მძიმე პაციენტი: 659, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 57, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 179 , მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 584 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 861 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 052 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 651, პირი, აჭარაში - 1 189, იმერეთში - 1 097.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

19 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 229 906 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 79 222 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვაქცინა 4232-მა ადამიანმა გაიკეთა.

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე დედა და მამინაცვალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი - 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა - 1993 წელს დაბადებული მ.დ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე - ა.ს. არასრულწლოვანს - 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა და განცხადებას ავრცელებს. „მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარება შევაჩერეთ, აბსურდია. გასულ კვირას, აშშ-რუსეთის სამიტის წინ, ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 150 მილიონი დოლარის პაკეტი გამოვყავით, მათ შორის ლეტალური იარაღი. ჩვენ ახლა მივაწოდეთ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა. სამიტამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ნატოს სამიტზე მთელი მსოფლიოს წინაშე თქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რათა მან შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის ფიზიკური აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მოვამზადეთ სარეზერვო თანხები უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევისთვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ ურყევი ვიქნებით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა. წყაროების ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების გაყინვის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტამდე მიიღო. წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ აღნიშნული პაკეტი მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ჯარებს გაიყვანდა უკრაინის საზღვრიდან.

პალესტინამ ისრაელისგან კოვიდვაქცინის მიღებაზე უარი თქვა

პალესტინის მთავრობამ გააუქმა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისრაელს მისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი მილიონი დოზა უნდა მიეწოდებინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეთანხმების ფარგლებში ისრაელს პალესტინისთვის უნდა მიეცა Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა, რომელსაც ვადა ივლის-აგვისტოში გასდიოდა, სანაცვლოდ, პალესტინა ისრაელს დაუბრუნებდა ვაქცინის იმავე რაოდენობის დოზებს, რომლებსაც რამდენიმე თვეში Pfizer-ისგან მიიღებს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მათი ინფორმაციით, Pfizer-ის დაპირებულ დოზებს ვადა ივნისში გასდის. "ეს არ არის საკმარისი დრო მათ გამოსაყენებლად, ამიტომ უარი ვთქვით მათზე", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ჯერჯერობით ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.