ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

დღეს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი დიალოგი პრეზიდენტის სასახლეში შედგება. შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, ოპოზიციასთან გამართულ იმ შეხვედრას დაესწროს, რომელიც შარლ მიშელის ინიციატივით დაიგეგმა. „მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმოადგენლებთანაც გამართა შეხვედრა.

პოლონეთის პრეზიდენტი: ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე, სექტორული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება NATO-საკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ისაუბრა რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი, ისე, როგორც არასდროს ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ევროკავშირმა მეტად უნდა ადევნოს თვალი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ამ მიმართულებით რეგიონში საქართველო ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია. პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

პრეზიდენტი თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს თანაგრნობას უცხადებს. ,,უაღრესად სამწუხარო ფაქტია, დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვდგავართ", - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა, დაშავდა 4.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა და მისი 5 თანამებრძოლი დააკავეს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ. ინფორმაციას რუსული მედისაშუალებები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, სპეცსამსახურები ავიძბას იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. დე ფაქტო კანონმდებლობით მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნოისთვის, ავიძბა დონბასის ომის მონაწილეა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.

სერბეთის შს მინისტრის თქმით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა

7 მარტს სერბეთის შს მინისტრმა, ალექსანდარ ვულინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა. მისი თქმით, შსს-მ უკანონო სატელეფონო მოსმენის 1 572 ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. პრეზიდენტთან ერთად, ბოროტმოქმედები მის ძმას, მამასა და შვილსაც უსმენდნენ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი. პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. როგორც ბრნაჩბიჩმა აღნიშნა, პრეზიდენტის უკანონო მოსმენაში მმართველი პარტიის ლიდერები და შსს-ს მაღალჩინოსნები არიან გარეული. ბრნაბიჩის თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი და ამ საქმეში ყველას როლი შეისწავლოს.

შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე: სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ აღიკვეთება

"სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - რაგბის კავშირის პრეზიდენტის დღეს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 13:00 საათზე, თბილისში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა იმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შვეიცარიის პრეზიდენტი: შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. გი პარმელენი ხაზს უსვამს, რომ შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას თქვენი საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმის, კანონის უზენაესობის, ასევე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. შვეიცარიას და საქართველოს აქვთ ახლო ისტორიული კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს მეგობრობასა და სამაგალითო ორმხრივ ურთიერთობებს. საერთო ღირებულებების საფუძველზე ჩვენ შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებით პროდუქტიული თანამშროლობა საკითხების ფართო სპექტრზე. ჩემი ქვეყანა ამაყობს, რომ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში. შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს თქვენს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ჩვენი მეგობრობა და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

პრეზიდენტი: ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას

„ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს, თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი - კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დღის ბოლოს, როცა პირველი რიგის შეხვედრები უკვე დასრულებულია, მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა დაწყებული პროცესის მნიშვნელობას და მადლობა მოვახსენო მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისა და მედიაციისათვის“, - სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ პირადი წარმომადგენლის მოვლინება, ანუ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ბატონმა კრისტიან დანიელსონმა სწორედ ამ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული და გამოყენებული. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი. კერძოდ, არსებულ ვითარებაში, აუცილებელია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები. ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული, როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე. არ დავივიწყოთ, რომ ბრიუსელში არამხოლოდ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს“ სხდომა იმართება, რომელზეც ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი შემდგომი ნაბიჯებია დამოკიდებული, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერა მთავარ გამოწვევებთან - კოვიდთან თუ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. ამით ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო. „არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო“, – წერს ვალდის დომბროვსკისი Tweeter-ზე.

ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი გახდა. როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 19 მარტს, ქალაქ დარ-ეს-სალამში გაიმართა. ”მე, სამია სულუჰუ ჰასანი, ვფიცავ და საზეიმოდ ვამტკიცებ, რომ ტანზანიის რესპუბლიკის ერთგული ვიქნები და მთელი გულით ვემსახურები მას.”- თქვა სულჰუმ საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს. ფიცის დადების ცერემონიალ მთავრობისა და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ერდოღანი: ვლადიმერ პუტინზე ჯო ბაიდენის განცხადებები მიუღებელი და პრეზიდენტისთვის შეუფერებელია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "მკვლელი" უწოდა. მისი შეფასებით, ბაიდენის ეს განცხადება "მიუღებელი" და პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ბატონი ბაიდენის განცხადებები, ბატონ პუტინთან დაკავშირებით, პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. პრეზიდენტის გამოსვლა და ასეთი შენიშვნების თქმა ისეთი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია, ნამდვილად მიუღებელია. ჩემი აზრით, ბატონმა პუტინმა გააკეთა ის, რაც აუცილებელია, ძალიან, ძალიან ჭკვიანი და ელეგანტური პასუხის გაცემით“, – განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა. ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს .

პრეზიდენტი - ნოვრუზობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების მაგალითია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ნოვრუზობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების მაგალითია. "დღეს აღინიშნება გაზაფხულის დადგომის, ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც ბუნების გამოღვიძებას, ახალი ენერგიით აღვსებას ნიშნავს და არის ახალი საწყისის, უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო. საქართველოში ნოვრუზობის დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს. ვულოცავ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს. ყველას, ვინც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნავს ნოვრუზს, ვულოცავ გაზაფხულის, ახალი დღის დადგომის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!",- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არ არის, Covid19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არ არის, რომ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ლაიენის თქმით, ბლოკის გარეთ ვაქცინების გატანა იმ დრომდე არ მოხდება, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიაზე უკეთესი წარმოება არ იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Covax პლატფორმის ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების ხელმისაწვდომობას. ევროკავშირის მწარმოებლებმა მსოფლიოს 33 ქვეყანაში 41 მილიონი დოზა ვაქცინა გაიტანეს, რის გამოც ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.

პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სოფელ ხურვალეთში გარდაცვლილი დათა ვანიშვილი “სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე განიხილეს. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დათა ვანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჯო ბაიდენი: ჩინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მსგავსად მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს შეადარა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ის ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, პუტინის მსგავსად, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა“, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა დარჩება მსოფლიო ეკონომიკის ლიდერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მის ჩანაცვლებას ცდილობს. „ეს არ მოხდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ზრდას და გაფართოვებას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სენატორი შაჰინი: აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით

"აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით", - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. "პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. მქონდა შანსი მელაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან. საქართველო რჩება ქვეყანად, რომელსაც ახლოს ვაკვირდებით და გვინდა ვიხილოთ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების რეფორმის კუთხით. ჩვენ, როგორც დემოკრატია, ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მხარეები დაუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, რადგან ეს ყველას და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესშია", - აცხადებს შაჰინი.

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი. პირველი მეუღლისგან (დალი ლოლუა) კონსტანტინე გამსახურდია, მეორე მეუღლისგან (მანანა არჩვაძე-გამსახურდია) ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა აშშ კონგრესის მიერ).დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი. 1993 წლის ოქტომბრის მიწურულს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ).გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წელს გროზნოში იოპოვეს ზვიად გამსახურდიას ნეშტი. 2007 წელს ზვიად გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დადასტურდა და 28 მარტს მისი საქართველოში ჩამოასვენება მოხდა.2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში გამსახურდიას ნეშტი სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით დაასაფლავეს. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.ზვიად გამსახურდიას შემოქმედებითი მოღვაწეობის ნაწილია მის მიერ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. ასევე, გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

თენგიზ ფხალაძე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე

„ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს“, - ამის შესახებ Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. როგორც Europetim-თან საუბარში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, დასავლეთის საქართველოსადმი ინტერესში ამავდროულად იგულისხმება, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით. მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით და ვინც ამას მოახერხებს, მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება. „ ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც.. ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას. ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. ფაქტობრივად თვითაღიარება იყო“, - აღნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი. მისივე თქმით, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე. „ ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას. თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე“, - განაცხადა Europetime-თან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის ფარლებში დაწყებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში, კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებს. დანიელსონის განცხადებით, ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ის შარლ მიშელს შეხვდება და გადაწყვეტს რა იქნება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯი. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

გერმანიის პრეზიდენტი მოსახლეობას კიდევ ერთი ლოკდაუნის შესახებ აფრთხილებს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მოსახლეობას კიდევ ერთი ლოკდაუნის შესახებ აფრთხილებს. შტაინმაიერმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა , მზად იყვნენ მორიგი რამდენი მეკვირიანი მკაცრი შეზღუდვებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისგან თავის დაღწევს ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, ამიტომ მოქალაქეებს მოუწდებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში „მე ვენდობი ყველა ვაქცინას, რომელიც გერმანიაშია აკრედიტებული. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობ. ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვიმყოფებით. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა ყველა ჩვენგანის ძალისხმევა. უახლოეს კვირებში მკაცრი შეზღუდვების დაწესება იქნება აუცილებელი. პანდემიის დასამარცხებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა იყო შეცდომებიც - როგორც ვაქცინაციის, ასევე ტესტირების დროს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი: საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, ანზორ ერქომაიშვილი გამაერთიანებელი იყო

მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პრეზიდენტის თქმით, ანზორ ერქომაიშვილი გამაერთიანებელი იყო. „ანზორ ერქომაიშვილზე ბევრი რამე ითქვა და ბევრი რამე ითქმება, მე არ გავიმეორებ, არც პატრიარქის და არც მეუფე შიოს სიტყვებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი იყო გამაერთიანებელი. დღეს თუ უყურებდით, ვინ შემოვიდა ტაძარში, შემოვიდა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო, დიდი, პატარა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ეს არის ის ძალიან დიდი მაგალითი, რაც ანზორ ერქომაიშვილმა დაგვიტოვა. მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დღეს არ გლოვობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს“,- აცხადებს პრეზიდენტი. ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალეს. 1968 წლიდან ის იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილს უნიკალური წვლილი მიუძღვის დაკარგვის პირას მყოფი უნიკალური ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და ოქროს ფონდის შექმნაში. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.