ძებნის რეზულტატი:

თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზუგდიდის სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ. რუხში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი და რუსლან აბაშიძე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ესტუმრნენ, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება. მინისტრები კლინიკის მედპერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.  საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, ადგილზე, მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. „მიმდინარეობს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც უპირველესად მოიაზრებს ხარისხიან ჯანდაცვაზე მათი წვდომის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიმართულების შემდგომი განვითარების და გაუმჯობესების მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც ენგურის ხიდზე შევხვდით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე და სწორედ მათ საჭიროებებზე უკეთ მორგებული სამედიცინო მომსახურების შემდგომ დახვეწას ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი მსჯელობა ადგილზე, მათ შორის რუხის მრავალპროფილური კლინიკის მედპერსონალთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ემსახურება, ძირითადად, კოვიდპაციენტების მკურნალობას, მათ შორის, ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების  უზრუნველყოფას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

საქართველოში კოვიდინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 640 ვლევა ტესტით, მათ შორის 28 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 752 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის - 31.94% ხოლო 7 დღის - 30.35%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან: ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც: 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 309, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 086. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 256 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 139, იმერეთში - 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პაციენტი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 37, იმერეთში - 26. 964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 641 - თბილისში, 175 - აჭარაში. 147 214 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, ხოლო აჭარაში - 0.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 009 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 009-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 794 933 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 539 493 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 369 764, გარდაიცვალა 15 822 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.

დავით ზალკალიანი: პრემიერს შესაძლებლობა ექნება, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა, სადაც ფართოდ გაშლის ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, თუ რა არის საჭირო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად -ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა. დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებულ ვითარებაზე და პარალელებზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოზე და 2008 წლის ომზე ისაუბრა. „მონაწილეობა მივიღეთ მიუნხენის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში. გარდა ამისა, იყო რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან და საუდის არაბეთის სამეფო კარის წარმომადგენელთან, პრინც ფეიზალთან. ბუნებრივია, ამ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები იყო როგორც ორმხრივი ურთიერთობის თემატიკაზე, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. რა თქმა უნდა, საუბრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, რადგანაც ყველას აინტერესებს სიტუაცია რეგიონში, ჩვენი ხედვა, ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გასული წლებიდან აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესო იყო პარტნიორების ხედვა და მათი პოზიციების გაგება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო განცხადებები, რომელიც გახსნით ნაწილში გაკეთდა და საზოგადოებამ იხილა, რომ იგივე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი როდესაც საუბრობს დღეს არსებულ სიტუაციაზე და პარალელებზე, ისაუბრა 2008 წელზე, საქართველოზე. ძალიან ბევრი პარალელი და მსგავსი სიტუაციაა. არსებული სიტუაციით ყველა ძალიან შეშფოთებულია, მთავარი აქცენტი და ფოკუსი იმაზეა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ომი და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. რამდენად წარმატებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა ამაში, გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არ არის მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, ასევე დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რამდენად იქნება გამოხატული კეთილი ნება, რომ არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში, რადგანაც ამას უმძიმესი შედეგები ექნება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთლიანად ახალი გეოპოლიტიკური სურათი წარმოიქმნება მსოფლიოში. ყველა ლიდერი, რომელიც აქ არის ჩამოსული, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა ცალკე პანელში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, ამ პანელზე კიდევ უფრო ფართოდ გაშლის პრემიერ-მინისტრი ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირია დაკავებული „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, 2 პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1991 წელს დაბადებული ა. ბ. და 2000 წელს დაბადებული ა. შ. სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ბ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება ა.შ.-ს, პოლიციამ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ა.შ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 16 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. პოლიციამ ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1992 წელს დაბადებული ბ. ბ. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღო. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 19-260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-7 ნაწილებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. „საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball). ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი. კერძოდ: - რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; - მოქალაქე ვალდებულია, პნევმატური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება; - პნევმატური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი; - პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში; - ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა, ვიდრე მგზავრობის კომერციული საშუალებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში. უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ, საიდანაც მუშაობას გააგრძელებენ. „რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდონ გაძლიერებულ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ეუთოში აშშ-ის ელჩი: რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი არ დასწრებია. „ჩვენი შეფასებით, რუსეთს სავარაუდოდ უკრაინაში და მის გარშემო მობილიზებული ჰყავს 169 ათასიდან 190 ათასამდე სამხედრო, შედარებისთვის, 30 იანვართან შედარებით, როდესაც მათი რაოდენობა 100 ათასამდე იყო“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ამასთან, ეუთოში აშშ-ის ელჩის თქმით, ეს ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზებაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.

ლიზ ტრასი: NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა. „არა მგონია, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იყოს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს. მსურს, რომ რუსეთმა აწარმოოს სერიოზული მოლაპარაკებები ნატოსთან, აშშ-თან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოხარული ვიქნებოდი, თუ რუსეთი კვლავ შეასრულებდა შეთანხმებებს, მაგალითად ბუდაპეშტის მემორანდუმს ან ეუთოს შეთანხმებას. ეს ნდობასა და გამჭვირვალობას აღადგენდა“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

რაიან ჰარისი: უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, მათ ხელი შეუშალოს

უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „დღეს მინდა, გესაუბროთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ უსაფრთხოების მოვლენებზე. დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი.  აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას. რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა რუსეთმა ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს. უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ. აშშ უკრაინის გვერდით იდგება, ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიმპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას, ჩვენ გვირჩევნია, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიასა და სხვა მრავალ გადაუდებელ საერთო პრობლემას. დიპლომატიაა ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს რაიან ჰარისი.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან სამ ბანკმან-ფრიდთან. საქართველოს ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო თავდაცვის რეფორმებს თანმიმდევრულად ახორციელებს და თანამედროვე, NATO-სთან თავსებად თავდაცვის ძალებს აყალიბებს. მისი თქმით, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სწავლებებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრები მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხევაში, ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი პაკეტი

ევროკომისიამ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად შეიმუშავა სანქციების ძლიერი და ყოვლისმომცველი პაკეტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „სანქციები მოიცავს ფინანსურ ასპექტსაც: თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ შევზღუდავთ ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის წვდომას და დავაწესებთ საექსპორტო კონტროლს, რაც რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზების საშუალებას არ მისცემს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური საქონელი, რომლის ჩანაცვლებაც რუსეთს არ შეუძლია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავს

"რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ", - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავს. „NATO-ს ქვეყნები რუსეთის ქმედებებს ერთნაირად ვაფასებთ, იმიტომ რომ აქ ორი აზრი ვერ იარსებებს. რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრებენ და პარალელურად შეჭრისთვის ყალბი საბაბების შექმნას გააგრძელებენ“, - ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

იენს სტოლტენბერგმა სერგეი ლავროვს NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც უკრაინაში კონფლიქტის არიდების მიზნით, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, გენერალური მდივნის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმ მოთხოვნებით უპირისპირდება, რომელთაც, თავად იცის, რომ ნატო ვერ დააკმაყოფილებს. „საფრთხე ახლა არის ამ მასიური სამხედრო თავმოყრა მუქარის ძლიერ რიტორიკასთან ერთად, სადაც წამოყენებულია მოთხოვნები, რომლებიც, თავად იციან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, შევასრულოთ და ამბობენ, რომ თუ ჩვენ მათ არ შევასრულებთ, ამას სამხედრო შედეგები მოჰყვება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: თუ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი, აშშ-ის და პარტნიორების პასუხი მკვეთრი იქნება

თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობას და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა. „დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ - 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 ათასი სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იმავეს ხედავენ", - განაცხადა ჰარისმა.

ბათუმში აქციაზე, პოლიციამ 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, კობახიძისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

გერმანიის კანცლერი: პარადოქსია, რუსეთმა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია

რუსეთმა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით. ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა „გულუბრყვილობის“ გარეშე.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-ში, სწრაფი რეაგირების დანაყოფში თავის ძალებს მაღალ მობილიზაციაში მოიყვანს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-ში, სწრაფი რეაგირების დანაყოფში თავის ძალებს მაღალ მობილიზაციაში მოიყვანს. რაც შესაძლებელს გახდის მათ უფრო სწრაფად განთავსებას, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია ამის საჭიროებას შექმნის.   გადაწყვეტილება, რომელიც 18 თებერვალს გამოცხადდა, NATO-ს მეთაურებთან და მოკავშირეებთან კონსულტაციით იქნა მიღებული - აცხადებს სამინისტრო ბერლინში. ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის რეაქცია რუსეთის ქცევაზე და მისი მიზანია შემცირდეს დრო, რომელიც საჭირო იქნება დისლოკაციისთვის, თუკი ნატოს რეაგირების ძალის ჩართვა გახდება საჭირო.

ბორის ჯონსონი: უკრაინას თუ საფრთხე დაემუქრება, ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლური ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და თუ უკრაინას საფრთხე დაემუქრება, „ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“. „ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი მინისტრები კიევს ეწვივნენ, ჩვენ უკრაინელ ხალხს და მათ ლიდერებს ვარწმუნებდით, რომ მყარად ვდგავართ მათი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უკან. უკრაინას თუ საფრთხე დაემუქრება, ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“, – აღნიშნა ჯონსონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.