ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიზანი, პირვე რიგში, რუსეთის შეკავებაა. „როგორც კი, ჩვენ მას გავაქტიურებთ, ეს შემაკავებელი მექანიზმი აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ბოლო წუთამდე, ვიდრე შეგვიძლია, შემაკავებელი ბერკეტის გამოყენება, ამის გაკეთებას შევეცდებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ამოქმედდება
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყონებლივ ამოქმედდება. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ National Post-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენი სანქციების პაკეტი მზად არის. ჩვენ ვიმუშავეთ აშშ-სთან, ვიმუშავეთ დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთანაც და ვუზიარებდით ინფორმაციას ევროკავშირს", - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგი სანქციები მოიცავს მკაცრ ზომებს და ის გამიზნულია კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ჯოლიმ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაადასტურა, რომ მექანიზმი მოიცავს მაგნიტსკის საქმის მსგავს სანქციებს, რაც გულისხმობს აქტივების გაყინვას და კონკრეტული პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას. „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა
ნიდერლანდებმა უსაფრთხოების მიზნით, საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა
ნიდერლანდებმა უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. კერძოდ, ჰოლანდიის საელჩომ უსაფრთხოების მიზნით, მთელი თავისი ოპერაციები დედაქალაქ კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულია. მანამდე დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, თავიანთი დიპლომატები ლვოვში გადაიყვანეს. 18 თებერვალს, ნიდერლანდებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება გადაწყვიტა.
ნიგერიის მთავრობა: საჰაერო ოპერაციას 7 ბავშვი ემსხვერპლა
ნიგერიის მთავრობის ცნობით, მათ მიერ დამნაშავეების წინააღმდეგ დაწყებულ საჰაერო ოპერაციას 7 ბავშვი ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, შემთხვევა სოფელ ნაჩადეში მოხდა. ოთხი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, სამი კი მაშინ, როდესაც ისინი საავადმყოფოში მიჰყავდათ. დაშავებულია კიდევ 5 ბავშვი. ამასთან, ნიგერიის მთავრობის ცნობით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.
ავსტრალიამ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა
ავსტრალიამ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა, - ამის შესახებ BBC წერს. ამასთან, კორონავირუსის ორი დოზით აცრილ ვიზიტორებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა, აუცრელები, საკუთარი ხარჯებით, 14 დღით, სასტუმროში უნდა გადავიდნენ იზოლაციაში. მოგზაურებს შეუძლიათ, ესტუმრონ ქვეყნის ყველა შტატს, გარდა დასავლეთ ავსტრალიისა (ეს შტატი ავსტრალიის 33%-ს იკავებს), რომელიც 3 მარტამდე ჩაკეტილი დარჩება.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება
რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩასატარებლად. "უმნიშვნელოვანესია უკრაინაზე ახალი შეიარაღებული თავდასხმის თავიდან აცილება და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ს მოკავშირეების ყველა მცდელობას პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად. NATO ასევე მზადაა რუსეთთან ერთად ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვედრისთვის. თუ რუსეთი გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ნიშნავდეს უკრაინიდან გაქცეული ხალხის დიდ რაოდენობას. რუსული არმიის მობილიზაცია უკრაინაში და მის გარშემო საბრძოლო ჯარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, რაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ მინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ეკონომიკის სამინისტრო „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება-განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის მთელ პროცესში, რათა ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაცია და ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მიმართული იქნება გარე ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისკენ. ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა ათი შეხვედრის თემატიკა. ესენია: 1. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმის მიმოხილვა;2. მეთოდოლოგია 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებისთვის ( პროგნოზების შემუშავების მეთოდოლოგია. მეთოდი, მოდელირების ჩარჩო, სცენარების განსაზღვრა. გასული ტენდენციების ანალიზი და საბაზისო წლის ინფორმაცია: მონაცემთა წყაროები, ტენდენციები და ძირითადი მიგნებები);3. TIMES-ის მოდელის შაბლონების აღწერა (მოდელის გასაზიარებლად შეთავაზებული იქნა NDA -გაუთქმელობის ხელშეკრულება). წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკის გენერაციის განვითარების სცენარები;4. ენერგოეფექტურობა;5. ენერგეტიკის სექტორის NECP სცენარების წინასწარი შედეგების პრეზენტაცია (ზემოქმედების მიმოხილვა, რომელიც ექნება თითოეულ პოლიტიკის სცენარს სათბურის გაზების, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით);6. დეკარბონიზაცია, სათბური გაზების ემისიები და განახლებადი ენერგიები;7. წყალსაცავიანი ჰესები;8. შეხვედრის თემაა: „ენერგეტიკული უსაფრთხოება“;9. შიდა ენერგეტიკული ბაზარი (ენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურა, ბაზრის ინტეგრაცია, ენერგეტიკული სიღარიბე);10. კვლევა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა. დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შემუშავების პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანიზაციას გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს. აღნიშნული პროცესი თავიდანვე მოიცავდა ათი შეხვედრის გამართვას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნებოდა სტრატეგიული დოკუმენტის ყოველი მიმართულება, მათ შორის, წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული საკითხებიც. ორგანიზატორების მიერ განხილვის პროცესში თავიდანვე მოწვეული იყო საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ სახელითაა ცნობილი. ისინი მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრნენ და შემდეგ უარი თქვეს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული, მეტად აქტუალურ საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფმა ასევე ცალმხრივად უარი თქვა მონაწილეობაზე მედიაციის პროცესში „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ საჯარო განხილვა საქართველოში პირველად ხორციელდება და ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს უშუალო მონაწილეობა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში.ვფიქრობთ, აღნიშნული განხილვა არის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 351 ვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის - 31.28% ხოლო 7 დღის - 29.97%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 601, ქვემო ქართლი - 219, შიდა ქართლი - 158, გურია - 165, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 245, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 129 978 საიდანაც: 5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 617, იმერეთში - 1 018. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 143, იმერეთში - 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 ადამიანი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 38, იმერეთში - 26. 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 586 - თბილისში, 167 - აჭარაში. 123 497 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტმა მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს. „ზუსტად 101 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ, როდესაც თბილისის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - მტკიცე ნაბიჯი თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ. საბჭოთა ოკუპაციის უდიდესი საფრთხის ფონზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. საქართველოს მთავარი კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დოკუმენტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება, მან მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით. სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება და მემკვიდრეობა იყო იმის განმაპირობებელი, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას და ქართველი ერის ისტორიული ნების - ევროპულ ოჯახში დაბრუნების მკაფიო, კონსტიტუციაში გაწერილ გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და გულშემატკივარს, ვულოცავ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“,- წერს შალვა პაპუაშვილი.
საქსტატი: სამრეწველო ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 16.2-პროცენტიანი ზრდა. მათივე ცნობით, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები 3.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.27 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.02 პროცენტი), რამაც -0.02 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება სასმელებზე (-2.0 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 5.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 2.9 პროცენტით გაიზარდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე, რამაც 0.07 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. საქსტატის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 3.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (16.1 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 17.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.6 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (193.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (41.3 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
საქსტატი: 2022 წლის იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთი იყო
2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს, 49.6 მლნ. აშშ დოლარით ბულგარეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 46.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 42.7 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 141.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 85.9 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 75.2 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, საქსტატის ანგრიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 66.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 36.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მლნ. აშშ დოლარით.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ
ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი ასეთი სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. სამიტის შინაარსს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და მინისტრი ლავროვი მათი შეხვედრის დროს მოამზადებენ, რომელიც 24 თებერვალს უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება ამ დისკუსიების შინაარსი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მოამზადოს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტი მანავის ციხეში დაიწყო, სადაც ელჩმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახლადრეაბილიტირებული გზა მოინახულა. „კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ. მოვინახულებ სხვადასხვა პროექტს, რომელსაც ჩვენ, რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს.
ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე ეუთო/ოდირის-გან მიღებულ პასუხებს აქვეყნებს
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები, ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. ლომჯარიას თქმით, აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად გადაუგზავნეს. „2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით მიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირს). გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. 2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად“, – აცხადებს ნინო ლომჯარია. მისივე განმარტებით, იმედს იტოვებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას. „ეუთო/ოდირის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით, ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე. ეუთო/ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის აღსანიშნავია: აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა; იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება, დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე; ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ. ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს. საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტსა და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. ეუთო/ოდირის მოწვევაც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია. ეუთო/ოდირის სამართლებრივი შეფასება ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც უახლოეს მომავალში“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
თენგიზ ცერცვაძე: ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს
"ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს", - თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული. „BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე „იმედის“ ცნობით. რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოშია
საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეწვია. მუსტაფა შენთოფს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია დახვდნენ. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში თურქეთის დელეგაციასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და მუსტაფა შენთოფი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერენ ხელს და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 524 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 524-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 796 876 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 388 534, გარდაიცვალა 15 856 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
ლევან დავითაშვილი: აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება
აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა. „წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს - მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა
ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. კალე ლაანეტის თხოვნის მიზანი ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის დაცვაა, რადგან შიშობს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი ბალტიის რეგიონთანაც დაიწყებს კონფრონტაციას. „არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინა დაეცემა, შემდეგი კი, ბალტიის ქვეყნები იქნებიან“, - განუცხადა ესტონელმა მინისტრმა კალე ლაანეტმა Reuters-ს აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვილნიუსში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს მოკავშირეებს რეგიონში რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი 2004 წლიდან ჰყავთ მობილიზებული. „ისინი საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ, თუმცა არ აქვთ შეტევის, ან თავდაცვის უფლება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ საჰაერო თავდაცვაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს არეალში მეტი მებრძოლი იქნება. უნდა შევავსოთ ეს დანაკლისი“, - აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი. ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი ბალტიისპირეთის მოკავშირეებთან ერთად დადგება, მაგრამ დამატებითი ჯარების შეყვანაზე შეკითხვას არ უპასუხა.
იტალია იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაციას გასცემს
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაციას ვაქცინაციიდან გასცემს. ვაქცინაცია 120 დღის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური კომისარი დაადგენს რეკომენდაციის ძალაში შესვლის თარიღს ვაქცინაციის კამპანიის საჭიროებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების განმარტებით, „ბუსტერ“ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ეფექტიანობა აჩვენა. ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ასევე ეფექტიანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების თვალსაზრისით.