ძებნის რეზულტატი:

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა, რამდენადაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც კარგი საფუძველია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ ტენდენციას, ასევე იმ პოტენციალს, რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფორმატია სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოები, რომლებშიც უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები „სასწრაფო“ ევაკუაციის ბრძანებას გასცემენ, ორი დღის წინ არის გადაღებული

ვიდეოები, რომლებშიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები "სასწრაფო" ევაკუაციის ბრძანებას გასცემენ და რომლებიც ინტერნეტით 18 თებერვალს გავრცელდა, რეალურად 16 თებერვალს გადაიღეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ტელეგრამის აპლიკაციის მეტამონაცემების ანალიზი აჩვენებს. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტსა და ტელეგრამზე 18 თებერვალს აიტვირთა, სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი, დენის პუშლინი აცხადებს, რომ კონტაქტის ხაზზე მოიმატა უკრაინის ჯარის და იარაღის კონცენტრაციამ. ის გასცემს ევაკუაციის ბრძანებას და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მალე დაიწყებს შეჭრის ოპერაციას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ლუგანსკის რეგიონის ლიდერიც მსგავს ბრძანებას გასცემს, ანალოგიური საბაბით. რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გააანალიზა ვიდეოები და დაადგინა, რომ ისინი 16 თებერვალს არის გადაღებული, რაც მოწმობს, რომ უეცარი ევაკუაცია რეალურად წინასწარ იყო დაგეგმილი. უკრაინის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დაუყოვნებლივ უარყო მოსაზრება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რაიმე სამხედრო ოპერაცია იგეგმება. თეთრი სახლი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სეპარატისტები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში ტერიტორიებს აკონტროლებენ, ემზადებიან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის შეთითხნილი საბაბის შესაქმნელად. წყარო - რადიო თავისუფლება ამავე თემაზე ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა აშშ: ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ევაკუაციის გამოცხადება მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია

აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის კვალს ხედავენ

აშშ და ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის საბანკო სისტემაზე 15 თებერვალს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში ენ ნოიბერგერმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში მოხდა. მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები უკრაინის ბანკებზე ასევე დაფინანსებული იყო რუსეთის მთავრობის მიერ. „ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვა, რომელიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია თავდასხმებზე“, - განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პარალელურად, დიდი ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა დიდი ალბათობით მონაწილეობდა DDoS-ის ტიპის შეტევაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითი.  უკრაინის მთავრობის არაერთი ვებსაიტი და საბანკო სერვისმა განიცადა უპრეცედენტო DDoS თავდასხმები. თავდასხმის სამიზნე იყო თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები და რიგი სხვა სამთავრობო უწყებები, ასევე ეროვნული ბანკი, ელექტრონული მმართველობის სერვისების (Diia) პორტალი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sberbank-ისა და Privatbank-ის ონლაინ ბანკინგის სერვისები, ასევე, კომერციული ბანკები.

უკრაინაში, სვეტლოდარსკის მახლობლად, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატესა და უცხოელ ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინის პარლამენტის წევრები ფრაქცია ხალხის მსახურიდან და უცხოელი ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში ჩავიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც თავშესაფარში გადაიყვანეს.  ხალხის მსახურის წარმომადგენლებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს გადასცეს უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც JFO-ს ტერიტორიაზე მისიების შესასრულებლა არის საჭირო. 19 თებერვალს გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში მთავრობის წარმომადგენლები, დეპუტატები, ასევე მსოფლიოს წამყვანი მედიის წარმომადგენლები და უკრაინელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი; ვიცე-პრემიერი; უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე; ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე; უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე.  

ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე დაამატა, რომ უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან.„ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და NATO-ს, გულწრფელი პასუხი გასცეს უკრაინის პოტენციურ წევრობას. „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“, - განაცხადა ზელენსკიმ NATO-ს „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ. „უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში მიმდინარე ესკალაციაზე, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო.რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები უკრაინულ სოფლებსა და უკრაინული ძალების პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ბომბავდნენ. 19 თებერვალს, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. კრემლის მხარდაჭერილმა პირებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე გასცეს ევაკუაციის ბრძანება. რუსული სახელმწიფო მედია მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებდა, რომ უკრაინული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს ბომბავდნენ და არა პირიქით. მათი ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში გაზსადენი დაიწვა და მასში უკრაინას ადანაშაულებენ. რუსული სახელმწიფო მედია ასევე ამტკიცებდა, რომ ორი ახლად აფეთქებული ჭურვი აღმოაჩინეს რუსეთის როსტოვის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა განიცადა დაბომბვა უკრაინიდან. და ბოლოს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხიდის ქვეშ ლუგანსკის ოლქში და ადანაშაულებენ უკრაინის ხელისუფლებას ხიდის აფეთქების დაგეგმვაში.„ყველა ასეთი ბრალდება არის „ტყუილი და პროვოკაცია", - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. მან გააკრიტიკა იმ ქვეყნების ამბივალენტური დამოკიდებულება, რომლებიც დუმდნენ და განაცხადა, რომ მათ, ვინც უკრაინის გვერდით არ დგანან, უნდა „იფიქრონ კარმაზე". „ეს არ ეხება ომს უკრაინაში, ეს ეხება ომს ევროპაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები მოითხოვა. „უსაფრთხოების არქიტექტურა განადგურებულია, ახლის ჩამოყალიბების დროა. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ დაამატა, რომ მას სურს უსაფრთხოების ახალი გარანტიები ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერებისგან. მისი თქმით, თუ უკრაინა არ მიიღებს განახლებულ უსაფრთხოების გარანტიებს ხელმომწერი მხარეებისგან - აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან და რუსეთისგან, 1994 წლის შეთანხმების ყველა დებულება ბათილი იქნება. შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ დათმო ბირთვული არსენალი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, მაგრამ რუსეთი მაინც შეიჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია მოახდინა. ზელენსკიმ ასევე შესთავაზა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის მოწვევა უახლოეს კვირებში, უკრაინის, გერმანიისა და თურქეთის მონაწილეობით. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

ვოლოდიმირ ზელენსკი: მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას

„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში. მანვე დაამატა, რომ უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან.„ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. უკრაინის ლიდერმა გააკრიტიკა იმ ქვეყნების ამბივალენტური დამოკიდებულება, რომლებიც დუმილს ინარჩუნებენ და განაცხადა, რომ მათ, ვინც უკრაინის გვერდით არ დგანან, უნდა „იფიქრონ კარმაზე". „ეს არ ეხება ომს უკრაინაში, ეს ეხება ომს ევროპაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და NATO-ს, გულწრფელი პასუხი გასცეს უკრაინის პოტენციურ წევრობას. „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“, - განაცხადა ზელენსკიმ NATO-ს „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ. „უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები მოითხოვა. „უსაფრთხოების არქიტექტურა განადგურებულია, დროა, ახლის ჩამოყალიბების. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები: თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ მიღებული ზომები სამხედრო ესკალაციის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კვლავ ღრმად შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ უკრაინის ირგვლივ, ანექსირებულ ყირიმსა და ბელორუსში სამხედრო გაძლიერების გამო. შესაბამისი განცხადების ტექსტი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს. მინისტრების განცხადებით, რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაუმართლებელი, უპრეცედენტოდ მასიური განლაგება ევროპის კონტინენტზე, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გამოწვევაა გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. „მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, განმუხტოს დაძაბულობა, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რისკის შემცირებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ. როგორც პირველი ნაბიჯი, ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეასრულებს მის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მოქმედებების შემცირების შესახებ განცხადებას. ჩვენ ამ შემცირების შესახებ რაიმე მტკიცებულება ჯერ არ გვინახავს. რუსეთს მისი ქმედებების მიხედვით შევაფასებთ. ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ბოლო განცხადებები, რომ მას სურს დიპლომატიური ჩართულობა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ვალდებულებას დიალოგის გაგრძელების თაობაზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, როგორიცაა, ევროპული უსაფრთხოება, რისკის შემცირება, გამჭვირვალობა, ნდობის აღდგენა და შეიარაღების კონტროლი. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ჩვენს ვალდებულებას, ვიპოვოთ მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტა მიმდინარე კრიზისისთვის და მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს დიალოგის შეთავაზება აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს მეშვეობით. ჩვენ მივესალმებით ეუთოს ევროპული უსაფრთხოების განახლებულ დიალოგს, რომელიც დაიწყო პოლონეთის მოქმედი თავმჯდომარეობით და გამოვთქვამთ ჩვენს მტკიცე იმედს, რომ რუსეთი მასში ჩაერთვება კონსტრუქციული გზით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. მისივე თანახმად, რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას ექნება უზარმაზარი შედეგები, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები სექტორულ და ინდივიდუალურ სამიზნეების ფართო სპექტრსა და რუსეთის ეკონომიკისთვის უპრეცედენტო ხარჯები. ჩვენ მივიღებთ კოორდინირებულ შემაკავებელ ზომებს მსგავსი მოვლენის შემთხვევაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარა ან ძალის გამოყენება ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი და მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და ინსტიტუტები, წაახალისოს შემდგომი პროგრესი რეფორმების მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის, მისი ხალხის კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით დახმარება. 2014 წლიდან ჩვენს დახმარებაზე დაყრდნობით, მზად ვართ, უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, ხელი შევუწყოთ უკრაინის მდგრადობის გაძლიერებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში. ჩვენ ვადასტურებთ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების ზომები. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე“, - აღნიშნავენ G7-ის მინისტრები. განცხადების ავტორები მხარს უჭერენ გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევას ნორმანდიის პროცესის მეშვეობით მინსკის შეთანხმებების სრული შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. „ჩვენ ვაღიარებთ პრეზიდენტის ზელენსკის საჯარო განცხადებებს, სადაც ხაზგასმულია უკრაინის მტკიცე ვალდებულება მინსკის შეთანხმებებისადმი და მის მზადყოფნას კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს პროცესში. უკრაინის წინადადებები სერიოზულ განხილვას იმსახურებს რუსი მომლაპარაკებლების და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელსაც უკრაინა გვთავაზობს დიპლომატიური წინსვლისთვის. რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია და შეასრულოს ვალდებულებები მინსკის შეთანხმებების შესაბამისად. ძალზედ შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტების მატება, ვგმობთ მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევას. ასევე ვგმობთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუსული პასპორტების გადაცემას უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის.  ეს აშკარად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ მიღებული ზომებით, რომლებიც სამხედრო ესკალაციის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ინსცენირებული ინციდენტები შეიძლება, გამოყენებული იყოს შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე, თავშეკავებისა და დეესკალაციისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რომლის დამკვირვებლები მთავარ როლს ასრულებენ დეესკალაციის მცდელობებში. ამ მისიას უნდა მიეცეს უფლება, შეასრულოს თავისი სრული მანდატი თავისი საქმიანობის შეზღუდვისა და გადაადგილების თავისუფლების გარეშე აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის და უსაფრთხოების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში, CNN-თან ინტერვიუში. მისივე განცხადებით, უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან. „ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. ამავე თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა ვოლოდიმირ ზელენსკი: მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას

კულტურის სამინისტრო: ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები არასაკმარისია

საქართველოს კულტურის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს. უწყების განცხადებით: ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია: 1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი;2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ მრავალჟამიერს (2013 წ.) და ქართულ გალობას (2021 წ.),ქართულ მრავალხმიანობას მოცემული სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, 2020 წელს კი ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღიარებულია, როგორც მსოფლიო ხელთუქმნელი შედევრების ერთ-ერთი ნიმუში, ხოლო 2008 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში არის ნომინირებული). თუმცა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის. სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არამხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი. ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად“.

NATO-ს კიევიდან პერსონალი გაჰყავს

NATO უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლებს უკრაინის დედაქალაქიდან გაიყვანს. იტყობინება Reuters-ი NATO-ს ოფიციალური პირზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება პირველად ნორვეგიულმა გაზეთმა VG-მ გაავრცელა. „ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია, ამიტომ პერსონალი გადაიყვანეს ლვოვსა და ბრიუსელში. უკრაინაში NATO-ს ოფისები ფუნქციონირებს“, - განუცხადა Reuters-ს ოფიციალურმა პირმა, თუმცა არ დააკონკრეტა მათი რაოდენობა და პოზიციები. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის შესახებ. რამდენიმე სხვა ქვეყანამ ასევე გადაიყვანა დიპლომატები დედაქალაქიდან. უკრაინაში NATO-ს ოფისები მუშაობას განაგრძობენ.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. „საქართველოს ვიცე-პრემიერიმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინას და საქართველოს აქვთ შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობასა და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყეობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხადაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობისათვის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პოლონეთი 22:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ბოლო ტურში, 20 თებერვალს, საქართველსა და სლოვაკეთის ნაკრებები ითამაშებენ, ჯგუფში პირველ ადგილს ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი სპლიტი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 2014 წელს გავიდა, სადაც მეთორმეტე ადგილი დაიკავა. 2016 წელს მეთოთხმეტე, 2018 წელს - მეცამეტე, 2020 წელს კი, მეათე ადგილი დაიკავა.

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ომისთვის მზადება შეწყვიტოს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარ სიტყვაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კონფლიქტის რეალური რისკის გათვალისწინებით, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს კურსი, დაიხიოს უკან, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი ეხება უკრაინის მომავალს, მაგრამ ის ასევე ეხება გლობალურ უსაფრთხოებას.  გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ როდესაც მოსკოვი ცდილობს ისტორიის გადაწერას და მისი გავლენის სფეროს ხელახლა შექმნას, მოკავშირეები დარჩებიან ერთიანნი და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია ერთმანეთის დასაცავად. „NATO, ევროპასა და ამერიკაში ერთად დგომა დაეხმარება მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების წესის დაცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, სტოლტენბერგს მიენიჭა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ევალდ ფონ კლაისტის ჯილდო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიღწევებისთვის.

ლოიდ ოსტინი: მინდა, კრემლში პრეზიდენტმა პუტინმა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვას, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „მსურს ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში ყველამ და კრემლში პრეზიდენტმა პუტინმაც იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას" - განაცხადა ოსტინმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე. მოსკოვი, რომელმაც ათიათასობით ჯარისკაცი მოაგროვა უკრაინის საზღვართან და შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებით გამოდის, უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს და დასავლეთს ისტერიაში ადანაშაულებს. 19 თებერვალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ კრემლი მოინდომებს უკრაინის ხელში ჩაგდებას, მოსკოვის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი იქნებიან. „ბრძოლა უკრაინისთვის არის ბრძოლა ევროპისთვის. თუ ის იქ არ გაჩერდება, ის უფრო შორს წავა", - განაცხადა ლანდსბერგისმა. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

საქართველოში კოვიდინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი

ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 კოვიდინფიცირებული. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 186 PCR ტესტით.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 548 893. გამოჯანმრთელდა 18 770 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 15 856 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის  - 31.5% ხოლო 7 დღის - 29.7%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა - 611, იმერეთი - 1 440, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661, კახეთი - 723, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 144 477, საიდანაც: 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 627, იმერეთში - 1 038. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 142, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 39, იმერეთში - 26. 932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 - თბილისში, 168 - აჭარაში. 137 912 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.

უკრაინული მედია: დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვისას 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები უკრაინული ძალების პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ბომბავდნენ. 19 თებერვალს, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ოთხმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი გაუხსნეს, 19 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8-ჯერ დაირღვა. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მიუნხენიდან, სადაც მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე იკრიბებიან. ბორის ჯონსონის თქმით, ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას და უკრაინის დედაქალაქ კიევს ალყაში მოაქცევს. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს „ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას“ შეუჩერებენ. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით. ინფორმაციისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ლითონის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მათზე ვაჭრობა უმეტესად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

ეს არ არის ომი უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში - ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

„ორი დღის წინ, დონბასში, საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, სამართლებრივ ჭრილში, ეს ხაზი ჰყოფს უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისგან, მაგრამ რეალურად, ეს ხაზი მშვიდობასა და ომს ჰყოფს. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი, ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა NATO-ში, არამედ გაკვეთილებზე. ზოგს ფიზიკის გაკვეთილი აქვს და ბავშვებს, რომლებსაც მისი ელენტარული კანონები ესმით, ხვდებიან, რამდენად აბსურდულია განცხადებები იმის შესახებ, რომ თავდასხმა უკრაინის მხრიდან ხორციელდება. ზოგს მათემატიკის გაკვეთილი აქვს და ბავშვებს კალკულატორის გარეშეც კი შეუძლიათ, დათვალონ სხვაობა ამ სამი დღის განმავლობაში თავდასხმების რაოდენობასა და მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში უკრაინის მოხსენიებას შორის. ვიღაცას ისტორიის გაკვეთილი აქვს და როდესაც სკოლის ეზოში ჩნდება ორმო, ბავშვებს უჩნდებათ კითხვა: ნუთუ მსოფლიომ მეოცე საუკუნის შეცდომები დაივიწყა? სადამდე მივყავართ დაშოშმინების მცდელობას?“, - ამ სიტყვებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლა. ხსენებული სიტყვებით მან ისტორიის საშინელ გაკვეთილებზე მიუთითა. ზელენსკიმ შეკრებილებს მიმართა, როგორ მოხდა, რომ ახლა ომი გრძელდება და ევროპაში 21-ე საუკუნეში ადამიანები იღუპებიან.  „უკრაინას მშვიდობა სურს. ევროპას მშვიდობა სურს. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ბრძოლა, ხოლო რუსეთი ამბობს, რომ არ სურს თავდასხმა. ჩვენ შორის ვიღაც იტყუება. ეს ჯერ არ არის აქსიომა, თუმცა უკვე არც ჰიპოთეზაა“. „მე უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენ ერთსა და იმავე წიგნებს ვკითხულობთ. ჩვენ ერთნაირად გვესმის პასუხი მთავარ კითხვაზე: როგორ მოხდა, რომ იქ ომი გრძელდება და ევროპაში 21-ე საუკუნეში ადამიანები იღუპებიან? რატომ გრძელდება ის მეორე მსოფლიო ომზე მეტხანს? როგორ მივაღწიეთ უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ცივი ომის შემდეგ? ჩემთვის, იმ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელმაც დაკარგა თავისი ტერიტორიის ნაწილი, ათასობით ადამიანი და ახლა ხედავს 150 000 რუს ჯარისკაც, ტექნიკას და მძიმე იარაღს მის საზღვრებთან, პასუხი აშკარაა. მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა მყიფეა. მას განახლება სჭირდება. წესები, რომლებზეც მსოფლიო შეთანხმდა ათწლეულების წინ, აღარ მუშაობს. ისინი ახალ საფრთხეებს ვეღარ უმკლავდებიან. ისინი არაეფექტურია მათ დასაძლევად. ეს ჰგავს ხველის სიროფის მიღებას, როდესაც გჭირდებათ COVID19-ის ვაქცინა“. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. „უსაფრთხოების სისტემა შესუსტებულია და ისევ სუსტდება. გლობალურ დონეზე ქვეყნების ეგოიზმის, უპასუხისმგებლობის გამო. შედეგად, ზოგი დანაშაულს სჩადის, ზოგი კი, გულგრილი რჩება -  გულგრილობა იწვევს თანამონაწილეობას. უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპასა და მსოფლიოში თითქმის განადგურებულია. უკვე გვიანია რემონტზე ფიქრი. დროა, შევქმნათ ახალი სისტემა. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ ვსაუბრობ ამაზე. თხუთმეტი წლის წინ, სწორედ აქ გამოაცხადა რუსეთმა თავისი განზრახვა, დაუპირისპირდეს გლობალურ უსაფრთხოებას. როგორი იყო მსოფლიოს პასუხი? დაზავება. რა შედეგი მოჰყვა? სულ მცირე, ყირიმის ანექსია და ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია. გაერო, რომელიც მშვიდობასა და მსოფლიო უსაფრთხოებას უნდა იცავდეს, თავს ვერ იცავს, როცა მისი წესდება ირღვევა; როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი ანექსიას ახორციელებს გაეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის ტერიტორიის. იმავდროულად, თავად გაერო უგულვებელყოფს ყირიმის პლატფორმას, რომლის მიზანია ყირიმის მშვიდობიანი დეოკუპაცია და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვა. კაცობრიობამ ეს ორჯერ გააკეთა, გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი - ორი მსოფლიო ომი. ჩვენ გვაქვს შანსი, დავარღვიოთ ეს ტენდენცია, ვიდრე ის კანონზომიერება არ გამხდარა. დაიწყეთ ახალი სისტემის აშენება, ვიდრე მილიონობით მსხვერპლს მივიღებთ. 21-ე საუკუნეში უცხოური ომი არ არსებობს. ყირიმის ანექსია და დონბასში ომი არის დარტყმა მთელი მსოფლიოსთვის. და ეს არ არის ომი უკრაინაში, არამედ, ეს არის ომი ევროპაში. ეს ვთქვი სამიტებსა და ფორუმებზე 2019 წელს. 2020 წელს. 2021 წელს. გაიგო თუ არა მსოფლიომ საბოლოოდ ეს 2022 წელს?ეს ჯერ არ არის აქსიომა, თუმცა უკვე არც ჰიპოთეზაა. რატომ? საჭიროა მტკიცებულება. მტკიცებულება უფრო რთულია, ვიდრე სიტყვები Twitter-ზე, ან განცხადებები მედიაში. საჭიროა მოქმედებები. მსოფლიოს სჭირდება ისინი და არა ჩვენ“.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო დუმილს ამჯობინებენ. „ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა პარტნიორების მხარდაჭერა. მივიღეთ ასობით თანამედროვე იარაღი და 5000 ჩაფხუტი. ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის საქველმოქმედო შემოწირულობა, რომელსაც უკრაინა ითხოვს. ეს არ არის კარგი ჟესტი, რისთვისაც უკრაინამ ქედი მოიხაროს. ეს არის თქვენი წვლილი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში. უკრაინა კი რვა წელია, ამ უსაფრთხოების ფარია. რვა წელია, ის აკავებს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას. ეს არმია ჩვენს საზღვრებთან დგას და არა ევროკავშირის. და GRAD-ის რაკეტები მარიუპოლისკენ იყო გადასროლილი და არა ევროპის ქალაქებისკენ. თითქმის ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ, ფრანკფურტის კი არა, დონეცკის აეროპორტი განადგურდა. არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის, როგორია სამხედრო პანაშვიდების გამართვა ყოველდღე ყველა რეგიონში. არცერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, როგორია დაღუპულთა ოჯახებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა“. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მიმართა, ომის თარიღების დასახელების ნაცვლად, უკრაინისთვის ალიანსებში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარებაზე იფიქრონ. „უკრაინის ნამდვილად დასახმარებლად, თქვენ არ გჭირდებათ, მუდმივად ისაუბროთ შესაძლო შემოჭრის თარიღებზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალს, პირველ მარტს და 31 დეკემბერს. სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. ყველას კარგად ესმის, რომელ თარიღებზეა საუბარი. რვა წლის წინ, უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი, ბევრმა ამისთვის სიცოცხლე გასწირა. რვა წლის შემდეგ, უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივების აღიარებას? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა თქვას და საქმით დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს, რომ მათი მოქალაქეები დადებითად აფასებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას? რატომ ვერიდებით ამ კითხვის დასმას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს? იგივე ეხება NATO-ს. გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა. თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელნი ამის შესახებ. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლების განმავლობაში დახურული საკითხები. მადრიდის შემდეგი სამიტი საუკეთესო დროა სიმართლისთვის. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ცდილობს, რათა ყირიმი ძალის გამოყენებით დაიბრუნოს. კარგია, რომ მათ რიტორიკაში ჩნდება სიტყვები „დაიბრუნე ყირიმი“. მაგრამ მათ არასწორად წაიკითხეს NATO-ს წესდების მე-5 მუხლი: კოლექტიური ქმედება არის დაცვა და არა თავდასხმა.  ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს ტერიტორიების დაბრუნებას. „უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყირიმს და დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვისწრაფვით რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ. ხაზს ვუსვამ: მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. არც კი ვიფიქრებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ძალისმიერ გზაზე. რა ხდება რეალურად სამშვიდობო პროცესში? ორი წლის წინ, ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტაზე საფრანგეთის, რუსეთის პრეზიდენტებთან და გერმანიის კანცლერთან. უკრაინა მას ემორჩილება, მიუხედავად მუდმივი პროვოკაციებისა მეორე მხარის მხრიდან. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ახალ წინადადებებს ნორმანდიის ფორმატისა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. რას ვხედავთ პასუხად? ჭურვებსა და ტყვიებს. ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.  ბოლო ორი დღე განსაკუთრებით საყურადღებოა. მინსკის შეთანხმებით აკრძალული მასიური თავდასხმები იარაღის გამოყენებით. ეუთოს წვდომა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდულია. მათ ემუქრებიან. დაშინებულები არიან. დაბლოკილია ყველა ჰუმანიტარული საკითხი. ორი წლის წინ, ხელი მოვაწერე კანონს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაკავებულებთან უპირობო წვდომის შესახებ. მაგრამ მათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ეკრძალებათ. რუსეთმა პროცესი დაბლოკა პატიმრების ორი გაცვლის შემდეგ, თუმცა უკრაინამ შეთანხმებული სიები წარადგინა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს არ სურს დიალოგის წარმოება. გუშინ და დღეს, უკრაინა დაჟინებით მოითხოვს TCG-ის სხდომის ჩატარებას. გუშინ და დღეს, რუსეთი უარს ამბობს მის ჩატარებაზე. მოვითხოვთ მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ განბლოკვას. კერძოდ, ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობის ძიება მხოლოდ ამ ფორმატებით შემოიფარგლება. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ ომის დასრულების გასაღები ყველა შესაძლო ფორმატსა და პლატფორმაში. პარიზი, ბერლინი, მინსკი. სტამბოლი, ჟენევა, ბრიუსელი, ნიუ-იორკი თუ პეკინი - არ აქვს მნიშვნელობა, სად შევთანხმდებით უკრაინაში მშვიდობაზე. არ აქვს მნიშვნელობა მოლაპარაკებები ოთხი ქვეყნის მონაწილეობით იმართება, შვიდი თუ ასი. მთავარი ის არის, რომ მათ შორის უკრაინა და რუსეთი არიან. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის იმის გაგება, რომ არამხოლოდ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, არამედ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა უკრაინაში. მშვიდობა და მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოუწევთ თუ არა NATO-ს ქვეყნებს ერთმანეთის დაცვა? მინდა მჯეროდეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება და მე-5 მუხლი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები მსოფლიოს მესამე ბირთვულ შესაძლებლობებზე უარის თქმის გამო. ჩვენ არ გვაქვს ეს იარაღი, არ გვაქვს დაცვა. არც ტერიტორიის ნაწილი გვაქვს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარია, ნიდერლანდები ან ბელგია.  მაგრამ არის რაღაც, რაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დამშვიდების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლა. 2014 წლიდან უკრაინამ სამჯერ სცადა, მოეწვია კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ ქვეყნებთან. სამივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს უკრაინა მეოთხედ ცდის. მე გადავდგამ ჩემს პირველ ნაბიჯს, როგორც პრეზიდენტი, მაგრამ მე და უკრაინა ამას ბოლოჯერ ვაკეთებთ. მე ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. მათი მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა. თუ ისინი არ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინას ექნება სრული უფლება, დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და 1994 წლის ყველა პაკეტის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.  მე ასევე გთავაზობთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის მოწვევას უახლოეს კვირებში უკრაინის, გერმანიისა და თურქეთის მონაწილეობით, ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევების გადასაჭრელად და უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი, ეფექტური გარანტიების შემუშავების მიზნით მაშინ, როცა ჩვენ არ ვართ თავდაცვის ალიანსის წევრი და ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ნაცრისფერ ზონაში - უსაფრთხოების ვაკუუმში“.  სიტყვის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი სვამს შეკითხვას, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნდა გაგრძელდეს უკრაინისა და მისი თავდაცვის შესაძლებლობების ეფექტური მხარდაჭერა. „მკაფიო ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფა, კანდიდატი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების ჩათვლით, ალიანსში გაწევრიანების მკაფიო და ყოვლისმომცველი ვადის გათვალისწინებით, რათა ხელი შევუწყოთ ტრანსფორმაციას ჩვენს ქვეყანაში. შევქმნათ მდგრადობისა და აღდგენის ფონდი უკრაინისთვის და სესხის-იჯარის პროგრამა ჩვენი არმიისთვის მოწინავე იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებისთვის.შემუშავდეს პრევენციული სანქციების ეფექტური პაკეტი რუსეთის ფედერაციის შეკავების მიზნით. უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი ინტეგრაცია ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე, იმ დროს, როცა Nord Stream 2 გამოიყენება იარაღად. ყველა ამ კითხვას პასუხი სჭირდება. ვიდრე სამაგიეროდ სიჩუმეა, ფრონტზე დუმილი არ იქნება. უკრაინის აღმოსავლეთით. ანუ ევროპაში. ანუ მთელ მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს ამას. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას. სიტყვებით, დეკლარაციებით, კონკრეტული დახმარებით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად დგას, ვინც დადექით სიმართლის და საერთაშორისო სამართლის მხარეს. სახელებს არ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, სხვა ქვეყნებს შერცხვეთ, მაგრამ ეს მათი არჩევანია, მათი კარმაა, ეს მათ სინდისზეა. თუმცა, არ ვიცი, როგორ აუხსნიან ისინი დღეს უკრაინაში მოკლულ ორ და დაჭრილ სამ ჯარისკაცს თავიანთ ქმედებებს. და რაც მთავარია - სამ გოგოს კიევიდან. ერთი 10 წლისაა, მეორე 6-ის, მესამე კი, მხოლოდ ერთი წლისაა. დღეს მათ მამა დაკარგეს, ცენტრალური ევროპის დროით 06:00 საათზე... როდესაც უკრაინელი დაზვერვის ოფიცერი, კაპიტანი ანტონ სიდოროვი დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის დროს, არ ვიცი, რაზე ფიქრობდა სიცოცხლის ბოლო მომენტში, მაგრამ მან ზუსტად იცის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც მე დავსვი დასაწყისში. მან ზუსტად იცის, რომელი ჩვენგანი იტყუება. მშვიდობით განისვენოს. მშვიდად განისვენოს ყველამ, ვინც დღეს და ომის დროს დაიღუპა. ჯოჯოხეთში დაიწვას ყველა, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება. ყველას დიდება, ვინც იბრძვის და განაგრძობს ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის! დიდება უკრაინას!“.

Lufthansa კიევისა და ოდესის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa უკრაინის ქალაქების კიევისა და ოდესის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის მიზეზი რუსეთის შესაძლო შეჭრის მზარდი შიშია, განაცხადა კომპანიის სპიკერმა. კომპანია ბოლო ფრენებს ამ ქალაქების მიმართულებით შაბათ-კვირას შეასრულებს, ფრენებს კი, 21 თებერვლიდან  თვის ბოლომდე შეწყვეტს. Lufthansa ქალაქ ლვოვში ფრენებს განაგრძობს. „Lufthansa მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და შემდგომი ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს“, განაცხადა სპიკერმა. მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. რამდენიმე ევროპულმა ავიაკომპანიამ უკვე გააუქმეს ფრენები უკრაინაში. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა