ძებნის რეზულტატი:

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ლოიდ ოსტინმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, რომელსაც აშშ-ის მდივნის საქართველოში ვიზიტისას მოეწერა ხელი.

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. ამერიკის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ გორმანს აშშ-ის საელჩოს მოქმედი ვიზა ჰქონდა და რუსეთში სამ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატების და პერსონალის უსაფუძვლო გაძევება და პროდუქტიულად იმუშაოს ჩვენი მისიების აღსადგენად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. „ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს ჰყავდეთ საჭირო დიპლომატიური პერსონალი, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს მთავრობებს შორის კომუნიკაცია“, - აღნიშნავს უწყების პრესსპიკერი.

BBC: კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის „არაკონსტრუქციულ პასუხს“, შესაძლოა, რუსეთის „სამხედრო-ტექნიკური“ ზომები მოჰყვეს

აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. „რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით. მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის უცხოური შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.

ჯო ბაიდენი: ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას

„ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს რუსული ძალების გაყვანის ნიშნებს და რომ შეერთებულ შტატებს აქვს „მიზეზი, დაიჯეროს“, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის მიზნით, ჩართულია ყალბი საბაბის შექმნის ოპერაციაში. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ძალიან მაღალი რისკი არსებობს და ეს რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს.

ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთავაზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მომავალ კვირაში, ევროპაში შეხვედრა შესთავაზა. აშშ ასევე გამოდის წინადადებით, გაიმართოს NATO-რუსეთის საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრა, რათა მოგვარდეს დაძაბულობა უკრაინის საზღვრებზე "კონფლიქტის გარეშე". ამ შეხვედრებმა, ბლინკენის აზრით, შეიძლება, გზა გაუხსნას მთავარი ლიდერების სამიტს, რომლის დროსაც შესაძლებელია, განიხილონ უსაფრთხოების ორმხრივი საკითხები. „როგორც მთავარ დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ძალისხმევას მივმართოთ დიპლომატიური წინსვლისთვის და ამ გზას ბოლომდე უნდა მივყვეთ“,- აღნიშნა ბლინკენმა. ამასთან, აშშ თვლის, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზის უზრუნველსაყოფად.

რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს

თუკი ვაშინგტონის წინადადებაზე, რუსეთის თერთმეტგვერდიან წერილობით პასუხს გადახედავთ, ის სავსეა აშშ-ის კრიტიკით, ტონი არის მკაცრი და საკმაოდ უკომპრომისო. მოსკოვმა აშშ-ის „კონსტრუქციული პასუხი“ რუსეთის ძირითად მოთხოვნებზე, როგორიცაა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, ვერ აღმოაჩინა. ბოლოდროინდელ პროცესებს BBC სტატიაში მიმოიხილავს. რუსეთი თავის პოზიციებს არ ამსუბუქებს. დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-მ ყველა ჯარი და შეიარაღება გაიყვანოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთიდან. მოსკოვი იმუქრება სამხედრო-ტექნიკური ზომებით, თუ ის ვერ მიიღებს „უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“. აშშ-ის ელჩის მოადგილის გაძევება მოსკოვიდან, რუსეთის მხრიდან დიპლომატიის გზის შეჩერების ზოგად განცდას ტოვებს. ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ესკალაციად აღიქვამს.  „ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ჯო ბაიდენის ამ განცხადებას დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები დაძაბულობას იწვევს“. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა.  მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. „რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით. მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.

უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს

უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა წამოიწყეს თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებას და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. „დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატის დაწყების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კულებას თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ დღეს ლოგისტიკური მიზეზის გამო პირადად ვერ ჩავიდა კიევში. „დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდით დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში", - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ახალი ფორმატის წევრები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ თებერვალს, რადაში გამოსვლისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აჩვენა

ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი. „ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო რისკებზე, რომლებმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაასახელა პანდემია, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო. მისი თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და 2022 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აღდგა. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, 2022 წლის ბოლოსთვის - 7.7 პროცენტამდე. „პოზიტიური სცენარი შესაძლებელია იყოს ტურიზმის უფრო სწრაფი აღდგენა და ტურიზმიდან ეკონომიკაში გენერირებული შემოსავლების 2019 წლის დონესთან მიახლოება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გააუმჯობესებს სხვა ეკონომიკურ პარამეტრებსაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის. მისი განცხადებით, საგადასახადო მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონშესაბამისობის რისკის მართვის ახალი პროგრამების დანერგვა, დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების განვითარება, მონაცემთა დამუშავებისა და აუდიტის ელექტრონული სისტემის დანერგვა. რაც შეეხება საბაჟო მიმართულებას - მუშავდება საქონლის დაჩქარებული გაფორმების პროექტი, ასევე, სასაქონლო კოდით საქონლის ძიებისა და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის - STRATLINK დანერგვა, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შექმნა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ყველა ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. „მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ 109 340 627 ლარი იყო მობილიზებული, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამოღებულია 838 902 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ამოღებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 858 379 ლარის ღირებულების 14 546 გრ ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჯამში, 73 649 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 11 ავტოსატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროკურატურის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის - 2022-2027 წლების სტრატეგიაზე, HR ელექტრონულ პროგრამაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის თქმით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდება. „საქართველოს პროკურატურის მიზანია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პასუხობდეს, ერთი მხრივ, პროკურატურის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, შეესაბამებოდეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების თანამედროვე სტანდარტებს. პროკურატურის ახალ სტრატეგიაში წარმოდგენილია უწყების განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პროკურატურის თითქმის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.  მისი თქმით, ახალი სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მოქნილობის და ეფექტიანობის ზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ასევე, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება კორუფციული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ფულის გათეთრების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა და გენდერული პოლიტიკის გაძლიერება. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2022 წელს დაინერგება პროკურატურის საჭიროებებზე და სპეციფიკაზე მორგებული ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა. „ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (HR პროგრამა) შექმნის მიზანია საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირება ციფრულ ფორმატში და შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა, რის შედეგადაც უკეთ მოხდება საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების ფოკუსირება სტრატეგიულ ინიციატივებზე“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის განცხადებით, 2022 წელს თბილისში საქართველოს პროკურატურის თბილისის რაიონული პროკურატურებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი პროექტის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რაც პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. „მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით. საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურები. აღნიშნული რაიონული პროკურატურების თანამშრომლები დაახლოებით თერთმეტი წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. პროკურატურის ახალ შენობაში ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი განთავსდება“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

11-წლიანი არსებობის განმავლობაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2021 წელს, ყველაზე ბევრი, 15 საქმე განიხილა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ინსტიტუტის 11-წლიანი არსებობის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე ბევრი - 15 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, მათგან განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 108-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 109-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამინური მოპყრობის (სსკ-ის 333-ე და 144-ე ტერცია მუხლები) და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატიური ძალადობის (143-ე და 11 126-ე მუხლები) საქმეები. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო ეფექტიანად მუშაობის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიზანია პროცესების დროულად და დაბრკოლების გარეშე ჩატარება. ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისთვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებისთვის მასებამდე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესი შეცვალა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანას, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესს ეხება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონს ემატება მუხლი „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი“. ცვლილების თანახმად, 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ. ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

აზიის განვითარების ბანკთან 101 მლნ ევროს სასესხო შეთანხმება რატიფიცირებულია

პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, 11- წლიანი შეღავათიანი პერიოდით. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2027 წლის 30 დეკემბერია.

იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულოა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა. „მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ. კანონში ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას და თანაბარი მიდგომების უზრუნველყოფას ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის“, - აცხადებენ პარლამენტში. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და პარლამენტმა ის დაჩქარებული წესით განიხილა.

ენტონი ბლინკენი: რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

  რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. „ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განეხილა მინსკის შეთანხმებების შესრულება - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივი დარღვევებისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი,  აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა. რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში - რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. ეს პრინციპებია: რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი. ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში,  რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. BBC: კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის „არაკონსტრუქციულ პასუხს“, შესაძლოა, რუსეთის „სამხედრო-ტექნიკური“ ზომები მოჰყვეს რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

„ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განიხილოს მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხი - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივად დარღვევისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი,  აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა“, - ამ სიტყვებით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ბლინკენმა ისაუბრა არსებულ რისკებზე, რუსეთის მიერ დაგეგმილ სავარაუდო, პროვოკაციულ სცენარებზე, აშშ-ის მხრიდან დიპლომატიის ძალისხმევაზე და კიდევ ერთხეულ მოუწოდა კრემლს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. მისი თქმით, არსებული რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. ახლა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია და ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ბლინკენის აზრით, ეს კრიზისი პირდაპირ აისახება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია. სახელმწიფო მდივანმა ეს პრინციპები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა: ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი“, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ბლინკენის განცხადებით, ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო.  „ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში,  რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“. ბლინკენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროვოკაციებს შეიძლება, მიმართოს რუსეთმა უკრაინაზე შეტევის დაწყების მიზნით. მისი შეფასებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნას გეგმავს და ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომელსაც რუსეთი უკრაინას, მის მთავრობას დააბრალებს. „ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ეს. შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი, ეგრეთ წოდებული „ტერორისტული“ დაბომბვა რუსეთის შიგნით, დრონების თავდასხმის ინსცენირება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ან თუნდაც, ნამდვილი შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთმა შეიძლება, ამ მოვლენას უწოდოს ეთნიკური წმენდა ან გენოციდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ცრუ განგაშის გავრცელება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება, საფუძველი ჩაუყაროს ომის დაწყების გამართლებას. დღეს ეს ნარატივი მხოლოდ გაძლიერდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში. ჩვენ აქ მოვისმინეთ ზოგიერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მომხსენებლებისგან. ამ გამოგონილი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ უმაღლესე დონეზე, შეიძლება, მოიწვიოს საგანგებო შეხვედრები ე.წ. კრიზისის გადასაჭრელად. მთავრობა გამოაქვეყნებს პროკლამაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გამოიყენოს საპასუხო ზომები უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ან ეთნიკური რუსების დასაცავად. შემდეგ, თავდასხმის დაწყება იგეგმება. რუსული რაკეტები და ბომბები უკრაინაში დაეცემა. კომუნიკაციები ჩაიკეტება. კიბერშეტევები განხორციელდება უკრაინის ძირითად ინსტიტუტებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე რუსეთს თავდასხმისთვის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები ჰყავს იდენტიფიცირებული. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიზანშია უკრაინის დედაქალაქი - კიევი, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს უკრაინელების კონკრეტული ჯგუფები ჰყავთ სამიზნეებად ქცეული. ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინის მთავრობას ყოველივე ამის შესახებ. ახლა ამას ძალიან დეტალურად ვხსნით, იმ იმედით, რომ მსოფლიოსთვის ამ ინფორმაციის გაზიარებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უარი თქვას ომის გზაზე, აირჩიოს სხვა გზა, სანამ ჯერ კიდევ დროა“, - აღნიშნა ბლინკენმა. მან კიდევ ერთხეულ მოუწოდა რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. „მე დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ ომის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას, რომელიც წარმოვადგინე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვხედავდით ჩვენს თვალწინ თვეების განმავლობაში. მაშინ, როცა რუსეთი არაფრად აგდებდა ჩვენს გაფრთხილებებსა და გზავნილებს, სტაბილურად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს და მასიური სამხედრო იერიშის ჩატარების შესაძლებლობებს უკრაინის საზღვრებზე. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ: მოკავშირეები და პარტნიორები ერთსა და იმავეს ხედავენ. რუსეთს მხოლოდ ჩვენგან არ ესმის ეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს იქნება არჩევანის ომი და თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს მკაცრად გაიმეორა ამ კვირის დასაწყისში. არსებობს კიდევ ერთი არჩევანი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, გააკეთოს, თუ მისი მხრიდან სიმართლეა იმის მტკიცება, რომ დიპლომატიის ერთგულია. დიპლომატია არის ერთადერთი გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ამის არსებითი ნაწილია მინსკის შეთანხმებების განხორციელება, რაც ჩვენი დღევანდელი სესიის საგანია. არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა და უკრაინამ აიღეს მინსკის შეთანხმების მიხედვით, ეუთოსა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორებთან ერთად.  თუ რუსეთი მზად არის, უკრაინის მთავრობასთან იმუშაოს ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში, ჩვენი მეგობრები საფრანგეთსა და გერმანიაში მზად არიან, მოიწვიონ უმაღლესი დონის დისკუსიები ნორმანდიის ფორმატში ამ საკითხების გადასაჭრელად. უკრაინა ამისთვის მზად არის. ჩვენ სრულად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მხარეებს. მინსკის შეთანხმებების მეშვეობით, დონბასის კრიზისის მოგვარებისკენ პროგრესმა შეიძლება, გააძლიეროს უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ფართო დისკუსიები, რომლებშიც მზად ვართ, ჩავერთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით. სამ კვირაზე მეტი ხნის წინ, ჩვენ მივაწოდეთ რუსეთს დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული, ორმხრივი ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უახლოეს პერსპექტივაში ჩვენი შეშფოთების გადასაჭრელად და რუსეთის, შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესების წინსვლისთვის. დღეს დილით მივიღეთ პასუხი. დღეს, მე გავუგზავნე წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, სადაც შევთავაზე, რომ მომავალ კვირას შევხვდეთ ევროპაში, ბოლო კვირების მოლაპარაკებების შემდეგ, რათა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ ამ კრიზისის კონფლიქტის გარეშე გადასაჭრელად. ასევე ვთავაზობთ NATO-რუსეთის საბჭოს და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ფორმატში შეხვედრებს. ამ შეხვედრებმა შეიძლება, მთავარი ლიდერების სამიტს გაუხსნას გზა, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ საკითხებზე.  როგორც ჩვენი ქვეყნების წამყვან დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ დიპლომატიის წარმატებისთვის. თუ რუსეთი ერთგულია დიპლომატიის მიმართ, ჩვენ ამ ვალდებულების დემონსტრირებისთვის ყველა შესაძლებლობას ვაძლევთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს დღევანდელ გამოსვლაზე რუსეთის მთავრობის მხრიდან პასუხი იქნება, რომ შეერთებული შტატები ისტერიაშია და რომ რუსეთს „არ აქვს გეგმები“ უკრაინაში შეჭრის. ნება მომეცით, საქმე გაგიმარტივოთ. რუსეთის მთავრობას შეუძლია, დღეს გამოაცხადოს - ყოველგვარი გაურკვევლობისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე - რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში. მკაფიოდ განუცხადეთ მსოფლიოს და შემდეგ აჩვენეთ ეს თქვენი ჯარების, თქვენი ტანკების, თქვენი თვითმფრინავების გაგზავნით მათ ყაზარმებსა და ანგარში და თქვენი დიპლომატების გაგზავნით მოლაპარაკებების მაგიდასთან. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ემახსოვრება ამ ვალდებულებების შესრულება ან მის შესრულებაზე უარის თქმა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დავით სერგეენკო ფინანსთა მინისტრს: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება

პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაუჩინა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ კითხვები გააჩინა. სერგეენკო აცხადებს, რომ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს. „მოგიწოდებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყებებსაც, ძალიან ხშირად, გასაგებად, აღქმადად გააკეთოთ განმარტებები. მჯერა, რომ გუნდი ინტენსიურად მუშაობს ამ პროგრამის იმპლემენტაციაზე. პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობდეს გუნდი, რომ ყველა ნაბიჯს უხსნიდეს საზოგადოებას. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმება. ჩემი შეხედულებით, ამან ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია ამ ანგარიშის დროს და არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ეს პოსტულატების სახით ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს თემა ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია. სოციალური დახმარების არსებულ სისტემას ორი მთავრი პრობლემა აქვს. ერთი, რომ ის ცოტაა და მეორე, ის არის აქტიური დასაქმების დემოტივატორი. პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1. 1 წელი მონეტარულიც და არამონეტარული უნარჩუნდებოდა, მეორე წელს მონეტარული ეხსნებოდა და არამონეტარული უნარჩუნდებოდა. დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა. რა ძირითად საკითხებსაც გაუსვით ხაზი, ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც აქამდე იყო, 1+1 არ იქნება, არამედ 4 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნება. თუ სოციალურად დაუცველი დაიწყებს მუშაობას და გაუჩნდება შემოსავალი 4 წელი არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში, ჩვენ გადაგიხდით ამაში ფულს. გაჩნდა კითხვა, ეს რა დახმარებაა, სჯობდა სოციალური დახმარება გაგვეზარდა“, - აღნიშნავს სერგეენკო.

ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. „დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", - განაცხადა ბრალდებულმა. 34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით, ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. ცნობისთვის, ბრალდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნოით, შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა NATO-ს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO--საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი.

ენტონი ფაუჩი: დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს

"COVID19-ისგან დარჩენილი რისკების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. როგორც მედიასაშუალებასთან საუბრისას აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნა, ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას. "ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას, როდესაც ცდილობს, დააბალანსოს მოქალაქეების ინფექციისგან დაცვის საჭიროება და პანდემიით გამოწვეული დაღლილობა. დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რეზოლუცია „უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას“ მხარდაჭერას უცხადებს და გმობს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. „კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა დოკუმენტის წარდგენისას.