საზოგადოება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამბოჯამაც მიიღო

ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 600,000 დოზა კამბოჯას მიაწოდა. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. მიუხედავად ჩინური ვაქცინის ეფექტურობისა, კამბოჯა კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც Sinopharm-ის მიერ შემუშავებული პრეპარატი მიიღო. ჩინეთი კამბოჯას დაჰპირდა, რომ მილიონი მოსახლისთვის საჭირო დოზებს გადასცემდა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 600,000 დოზაა, რაც მხოლოდ 300,000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ქვეყანა 16 მილიონი მოსახლიდან მინიმუმ 10 მილიონის აცრას აპირებს. ამისთვის ისინი, როგორც ჩინურ, ასევე ბრიტანულ პრეპარატებს გამოიყენებენ.

დანია ხელოვნურ კუნძულს აშენებს

დანია ელექტრო ენერგიის გამომუშავებითვის მსოფლიოს უდიდეს ქარის ენერგიის ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ქარის ენერგიის მომავალი ჰაბი დანიას 34 მილიონი აშშ დოლარამდე დაუჯდება. კუნძულის ირგვლივ 200-მდე ქარის სადგური იქნება განლაგებული. მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. სუფთა ენერგიის ჰაბი დასრულებიდან რამდენიმე წელში შეძლებს 10 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას. 2040 წლისთვის 150 გიგატავს გამოიმუშავებს, რაც 150 მილიონი სახლისთვის იქნება საკმარისი. გასულ წელს, დანიამ, რომელიც ევროკავშირში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს ჩრდილოეთის ზღვაში შეამცირებს. მსგავსი კუნძულის აშენებას დანია გეგმავს ბალტიის ზღვაშიც და ისიც ასევე 2030 წლისთვის დასრულდება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16-7 დაამარცხა და რაგბი ევროპის თასს დაეუფლა. პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ ლელო დადო. დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. მატჩს კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.

პალესტინამ ვაქცინაცია დაიწყო

პალესტინამ ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკების იმუნიზაციით დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა პალესტინურ მედიას განუცხადა, რომ მათ ჯანდაცვის მუშაკების აცრა დაიწყეს, თუმცა არ აკონკრეტებს პრეპარატი კონკრეტულად რა გზით მიიღეს. ისრაელის მედია კი მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაქცინის 2,000 დოზა პალესტინამ ისრაელიდან მიიღო. ვაქცინების უმრავლეს ნაწილს კი ქვეყანას Covax-ის პლატფორმა მიმდინარე თვეს მიაწვდიან. ჯანდაცვის მინისტრის, ალ კაილის თქმით, ვაქცინას ღაზას სექტორიც მიიღებს.

ბრიტანეთი Covid პასპორტის შემოღებას არ გემავს

ბრიტანეთი კორონავირუსით აცრილი ადამიანებისთვის პასპორტს არ შეიმუშავებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქის აცრის შესახებ ინფორმაცია სხვა გზით იქნება ხელმისაწვდომი, კერძოდ, მოქალაქეს ინფორმაციის მიღება ექიმის მეშვებობით შეძლებს.

ავღანეთმა AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა მიიღო

ავღანეთმა ინდოეთისგან AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა მიიღო. ქვეყნის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელის თქმით, პრეპარატს ქაბულში შეინახავენ, ვიდრე ჯანმოსგან ბრიტანული პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებაზე ნეპართვა ოფიციალურად არ დაიშვება. „იმედი გვაქვს, ერთ კვირაში გვექნება გამოყენების ნებართვა და შევძლებთ იმუნიზაციის პროცესის დაწყებას ავღანეთის ყველა პროვინციაში",- აცხადებს გულამ ნაზარი, ავღანეთის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელი. ვაქცინას პირველად ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გაუკეთებენ. ქვეყანა ვაქცინას Covax-ისგანაც ელოდება. ჯანმოს პლატფორმა ქვეყანას, მოსახლეობის 20%-სთვის საჭირო დოზებს გადასცემს. ავღანეთში ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის გაცემას მომავალი კვირისთვის გეგმავენ.

რუსეთთან მატჩამდე, ქართველმა მორაგბეებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს

დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრას, კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. რუსეთთან მატჩამდე, ქართველმა მორაგბეებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს: ამავე თემაზე: ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს.

მედია: ინდოეთში ჰიმალაის მყინვარი მოწყდა. სავარაუდოდ დაღუპულია 150-მდე ადამიანი

ინდოეთში ჰიმალაის მთის მყინვარი მოწყდა.წყალდიდობამ ადგილობრივი კაშხალი დააზიანა. შედეგად 150-მდე ადამიანი გარდაცვლილად ითვლება, ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მყინვარის მოწყვეტამ რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაცია გამოიწვია. ინდოეთის მთავრობამ, ჩრდილოეთის რეგიონები საშიშ ზონებად გამოაცხადა.

Facebook-ის დაბლოკვის მიუხედავად, მიანმარში საპროტესტო ტალღა არ წყდება

მიანმარში სამხედრო გადატრიაელებას ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს. მიანმარში დემონსტრაციები გაიმართა, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს და არჩეული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვს. მიანმარში მსგავსი საპროტესტო ტალღა 2007 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ქვეყნის მასშტაბით ეს უკვე მეორე მასობრივი დემონსტრაციაა, რომელიც გადატრიალების წინააღმდეგ გაიმართა. სამხედრო გადატრაილების ლიდერებმა გასული დღეებში ქვეყანაში სოციალური ქსელი, Facebook-ი დაბლოკეს, რათა დემონსტრანტებს ინფორმაციას სოციალური ქსელით არ გაევრცელებინათ. „ჩვენ არ გვინდა სამხედრო ჩექმების ქვეშ ცხოვრება“, - აცხადებს 29 წლის დემონსტრანტი, რომელიც ქუჩაში თანამოაზრეებთან ერთადაა გამოსული. მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის თქმით, მიანმარში მომხდარი მოვლენები „სერიოზულ ზიანს აყენებს დემკრატიულ რეფორმას“, მან მოუწოდა ლიდერებს უკანონოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ.

მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, ავტობუსების ზოგიერთ მარშრუტში ცვლილებაა

8 თებერვლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, N301 და N51 ავტობუსების მარშრუტები იცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. მერია აცხადებს, რომ ამ ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება. N301 მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე;თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით;ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც: 8 თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში. „შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით“, - წერია მერიის ინფორმაციაში. მისივე ცნობით, მგზავრთნაკადებზე დაკვირვებისა და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად: „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით“.

გაეროს დესპანი მარტინ გრიფიტსი თეირანში იემენის ჰუმანიტარული კრიზისის განსახილველად პირველად ჩავა

იემენის ჰუმანიტარული კრიზისის განსახილველად იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, მარტინ გრიფიტსი თეირანში პირველად ჩავა. ადგილობრივი მედის ცნობით, გრიფიტსი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირანის მაღალჩინოსნებს შეხვდება. გრიფიტსის წარმომადგენლების თქმით, დიპლომატიური ვიზიტი ორ მხარეს შორის ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების აღდგენას ემსახურება. გაეროს დესპანის სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებობა აშშ-ის მხრიდან იემენის ომის მხარდაჭერის შეჩერებამ გააჩინა. ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ საგარეო პოლიტიკის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ იემენის ომს მხარს არ დაუჭერს.

კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინა Covid19-ის აფრიკული შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

AstraZeneca-ს ვაქცინა Covid-19 -ის ახალი შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. კვლევის შედეგებზე ცნობას BBC ავრცელებს. სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა. „მცირე ფაზის კვლევებში, პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, - განაცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა. დიდ ბრიტანეთში სამხრეთ აფრიკის შტამის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინდოეთში წყვილი წყალქვეშ დაქორწინდა

ინდოეთის სამხერთ სანაპიროზე, ჩენაიში წყვილმა ტრადიციული ქორწინების ცერემონია წყალქვეშ ჩაატარა. ლიცენზირებულმა მყვინთავმა და მისმა მეუღლემ ბეჭდები წყალში, ოცი მეტრის სიღრმეზე გაცვალეს. საქმროსგან განსხვავებით, პატარძალს ცერემონიისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვე დასჭირდა. წყალქვეშა ცერემონიის დასრულებას, ახლად დაქორწინებული წყვილის ოჯახი სანაპიროზე ელოდა.

ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს

ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს. შესაბამისი ტექსტი საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრას, კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 404 ადამიანს დაუდასტურდა, 799 გამოჯანმრთელდა. 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 573 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 252 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 321 PCR ტესტით. საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 262 024 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 253 614, ხოლო გარდაიცვალა 3 283 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,95%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3,87%, ხოლო 7 დღის - 3,64%. 404 ახალი შემთხვევიდან 188 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 7, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 30, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463. მძიმე პაციენტი: 508 . მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 141, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487

ბათუმში კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დააკავეს

ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა. აჭარის მთავრობის სახლის წინ, შეკრებილები COVID19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირველ რიგში სურთ 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გადაადგილების შეზღუდვას არღვევენ და ტერიტორიის დატოვებას დილამდე არ აპირებდნენ. აჭარის მთავრობის სახლთან ისმოდა ელექტრონული მუსიკაც, ახალგაზრდები შეზღუდვებს ცეკვით აპროტესტებდნენ. აქცია თბილისშიც გაიმართა. ამავე თემაზე: საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ. „გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს.

რომის პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველად ქალი დანიშნა

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად ქალი პირველად დანიშნა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. პირველად ქალს, ნატალი ბექვარტს, შეეძლება კენჭისყრა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდში. პაპმა ეკლესიაში ქალის როლის გაძლიერების სურვილი არაერთხელ გამოხატა. „ნატალი ბექვარტის დანიშვნით, სინოდის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის კარი გაიხსნა", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. 52 წლის ბექვარტს დოქტრინების საკითხების შესწავლა დაევალება. 2019 წლიდან მას სინოდში მრჩევლის პოზიცია ეკავა. საფრანგეთში დაბადებულ ნატალი ბექვარტს ბიზნესის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული პარიზში, ბიზნეს სკოლა HEC-ში. მანამდე კი ბოსტონში სწავლობდა. ამავე თემაზე: რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა

უსაფრთხოა თუ არა მგზავრობა კოვიდვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ - ენტონი ფაუჩის რეკომენდაცია

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კოვიდინფექციასთან გამკლავების გზებსა და ვაქცინაციის თემებზე საუბრობს. ჟურნალისტმა მას ორი ნიღბის გამოყენების საკითხზეც ჰკითხა. მოგზაურობას რაც შეეხება: თუ ორივე ვაქცინა გავიკეთე და მეორე დოზით აცრიდან 14 დღეა გასული, უსაფრთხოა მგზავრობა ერთი, ან ორი ნიღბით? - მიმართა კითხვით ჟურნალისტმა სპეციალისტს. „ეს დამოკიდებულია თქვენი მხრიდან რისკის გაწევის სურვილზე. ვგულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ახლა რისკი უეჭველად ნაკლებია, რაკი აიცერით. თუ ვაქცინა 94-95% ეფექტურობის მქონეა, თქვენი ინფიცირების და ავად გახდომის რისკი გაცილებით უფრო დაბალია აცრის შემდეგ. მაგრამ, რისკი მაინც არსებობს. ამიტომ საკითხავია, რა დონის რისკზე ხართ წამსვლელი? დღეს ჩვენ ისევ ყველას ვურჩევთ, რომ არ იმოგზაურონ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის. ჯერჯერობით ეს ასეა. ასეთ რაოდენობრივ განსხვავებაზე ვერაფერს გეტყვით. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ნიღბის ტარებას გვირჩევს. ზოგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ნიღბის დამატებით ფენაში. ეს მისაღებია, ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს, სიმყუდროვეს, დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ. მაგრამ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევში ჯერ არაფერი წერია იმაზე, რომ ერთი ნიღაბი ისეთი კარგი არ არის, როგორც ორი. ისინი ამას შეისწავლიან და იმედია, ინფორმაციას ჩვენც მოგვაწვდიან“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩი: ვაქცინები კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან ბრძოლაში ისე კარგად ვერ დაგვეხმარება, როგორც პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ

არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ხალხს ვაქცინის უნდა ეშინოდეს? ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს. „არა. ვაქცინები აჩვენებს, რომ ისინი უსაფრთხოა. ისტორიულად ვაქცინები ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა. ის ვაქცინები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დოკუმენტირებულად მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა. COVID19-ის რისკი განუზომლად დიდია, ვიდრე ვაქცინების უარყოფითი ეფექტი“, - აღნიშნავს ენტონი ფაუჩი. რაც შეეხება ვაქცინების ბრძოლას ვირუსის ახალ ვარიანტთან, ენტონი ფაუჩი აცხადებს: „მათ ეს [დახმარება] შეუძლიათ. ბოლომდე ისე კარგად არა, როგორც ამას პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ აკეთებდნენ, ანუ - დასაწყისში რომელ ვირუსთანაც გვქონდა საქმე. თუმცა, მათ მაინც გააჩნიათ დაცვის მნიშვნელოვანი ხარისხი, განსაკუთრებით მწვავე დაავადების წინააღმდეგ, კერძოდ - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის მხრივ. მაგრამ ისევე კარგად არ იცავენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებისგან“.

ენტონი ფაუჩი: ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით

როდის დადგება დრო, როცა ყველაფერი ძველებურად იქნება? შეიძლება დაახლოებით მაინც ვთქვათ, როდის მოვიხსნით ნიღბებს და გამუდმებით ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებთ? თუ ეს ყველაფერი ახალი ნორმა გახდება? - ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს. „ვფიქრობ, ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ზომებს. ჩემი აზრით, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას, ანუ იმას, რასაც შეიძლება ნორმალური დავუძახოთ. ალბათ 100 პროცენტით არა, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ გვექნება, როგორიც ახლაა“, - აღნიშნა ფაუჩიმ.