უცხოეთი
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი. ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა ისლამაბადში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას მიაღწევს. „ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება - შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, 20 წელზე მეტ ვადაზე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი,“ - აღნიშნა ტრამპა. „მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20-წლიანი ლიმიტი არ არსებობს. ვფიქრობ, შანსი გვაქვს და თუ ეს მოხდება, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცემა. ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ირანის მხრიდან ოფიციალური პასუხი ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ყაზახეთმა ირანთან რამდენიმე ერთობლივი პროექტი შეაჩერა
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არმან ისეტოვმა განაცხადა, რომ ირანში შექმნილი ვითარების გამო, ირანთან რამდენიმე ერთობლივი პროექტი შეჩერებულია. ისეტოვმა განმარტა, რომ ირანში შექმნილმა რთულმა სიტუაციამ მრავალი ინიციატივის შეჩერება გამოიწვია. კერძოდ, ასეთ სფეროებს შორისაა მარცვლეულის მარაგი და სურსათით ორმხრივ ვაჭრობასთან დაკავშირებული პროექტები. მინისტრის თქმით, ყაზახეთი დიდ ეკონომიკურ დანაკარგებს არ განიცდის. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად ძლიერი პარტნიორობის გათვალისწინებით, პროექტების გაყინვას გარკვეული გავლენა აქვს ყაზახეთზე. ეროვნული ეკონომიკის სამინისტრომ უფრო ადრე განაცხადა, რომ ირანში გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ყაზახეთის საგარეო ვაჭრობაზე. ადრე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იერმეკ კოშერბაევი შეხვდა ირანის ელჩს ალი აკბარ ჯოუკარს. დიპლომატებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი ინტერესი პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების შემდგომი განვითარების მიმართ.
თურქეთმა სირიის საზღვართან რკინიგზა გახსნა, რომელიც სპარსეთის ყურე–ევროპის დერეფნის ნაწილი იქნება
თურქეთი სირიის საზღვართან 350 კმ-იან რკინიგზას აღადგენს. თურქეთი, სირია და იორდანია ჰიჯაზის რკინიგზას აღადგენენ Anadolu-ს ცნობით, თურქეთმა სირიის საზღვრის გასწვრივ, სტრატეგიული 350-კილომეტრიანი (217 მილი) სარკინიგზო დერეფანი სატვირთო გადაზიდვებისთვის ხელახლა გახსნა, რომლის მიზანიც უფრო ფართო გლობალურ სავაჭრო ქსელში ინტეგრირებაა. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ყოვლისმომცველი რეაბილიტაციის შემდეგ, მარშრუტზე მატარებლების მოძრაობა 31 მარტს განახლდა. კარკამიშ–ნუსაიბინის და შენიურთ–მარდინის ხაზები პირდაპირ მხარს დაუჭერს დაგეგმილ ოვაკოი–ნუსაიბინის რკინიგზას — მომავალ სატრანზიტო დერეფანს, რომელიც სპარსეთის ყურეს ევროპის ბაზრებთან ერაყისა და თურქეთის გავლით, სახმელეთო გზებით დააკავშირებს.
სომხეთში, მილიადერი ოპოზიციონერი რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობის დათმობას გეგმავს
პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა და ბიზნესმაგნატმა სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ უარს ამბობს რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობაზე, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მან ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე გააკეთა. მას ფულის გათეთრებასა და სახელმწიფო გადატრიალებისკენ საჯარო მოწოდებებს ედავებიან, რასაც თავად უარყოფს. სამველ კარაპეტიანი ანტიკორუფციულ სასამართლოში მიიყვანეს. ათთვიანი გამოძიების შემდეგ, სამველ კარაპეტიანის სასამართლო პროცესი 15 აპრილს დაიწყო. „ვინაიდან არჩევნებში ვმონაწილეობ და დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში, გადავწყვიტე, დავიწყო ამ პასპორტებზე უარის თქმის პროცესი,“ – განაცხადა სამველ კარაპეტიანმა პირველი სასამართლო მოსმენის დროს. სისხლის სამართლის საქმე გასულ წელს დაიწყო და კარაპეტიანი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა, ვიდრე გირაოთი გაათავისუფლებდნენ. მას შემდეგ ის შინაპატიმრობაში იმყოფება. კარაპეტიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ მან უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი უკვე დაიწყო. ცნობისთვის, სომხეთში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისთვის, კონსტიტუცია ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრებას და ამ პერიოდში მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის ქონას მოითხოვს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, პარტია „ძლიერ სომხეთს“ 11%-იანი მხარდაჭერა აქვს. „ძლიერი სომხეთი“ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არსებული მოთხოვნების შესაცვლელად და კარაპეტიანის პრემიერად არჩევის უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიმუშავებს. სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. დღეს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთში ივნისის არჩევნების წინ, პრორუსული ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავეს. ანტიკორუფციულმა კომიტეტმა არტაშატში, პარტია „ძლიერი სომხეთის“ სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. 14 ადამიანი საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. სომხეთში, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს
ყაზახეთმა ვაშინგტონში გააფორმა შეთანხმება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე
ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის შტაბ-ბინაში, ყაზახეთის დელეგაციამ ყარაგანდა-ჟეზკაზგანის გზატკეცილის მშენებლობის დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ყაზახეთის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი სერიკ ჟუმანგარინი, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ამჟამად, პროექტის ტენდერი დასკვნით ეტაპზეა. გზატკეცილი 457 კილომეტრზე იქნება გადაჭიმული, სესხის ოდენობა კი, 650 მილიარდ ტენგეს შეადგენს. პროექტირებისა და მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება. შეთანხმება სს „კაზავტოჟოლს“, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის დაიდო. პროექტი მიზნად ისახავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონული კავშირის გაუმჯობესებას. ახალი გზა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას და დამატებით იმპულსს მისცემს ცენტრალური ყაზახეთის განვითარებას. პროექტი ასევე მოახდენს ლოგისტიკის მოდერნიზებას, რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა
BBC უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. არჩევნებში ორბანი მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა 45 წლის პეტერ მადიარმა დაამარცხა. ხმების 98%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში პარტია „ტიზას“ 138 ადგილი ერგება, ორბანის „ფიდესს“ 55 — მანდატი, ხოლო ულტრამემარჯვენე „ჩვენს სამშობლოს“ — 6. აღსანიშნავია, რომ ორბანს საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი პირადად შეხვდა. უნგრეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო პარტნიორი იყო, ის ევროკავშირისა და უკრაინისთვის დიდ პრობლემად იქცა. მეორე მხრივ, მადიარმა უნგრეთის რუსეთისგან დაშორების პლატფორმა მოირგო, ის ევროკავშირთან და უკრაინასთან უფრო თბილი ურთიერთობების მომხრე იყო. ორი წლის განმავლობაში მადიარმა სოფლებსა და ქალაქებში თავისი მზარდი მოძრაობით გააერთიანა უნგრელები, რომლებიც წლების განმავლობაში მზარდი ნეპოტიზმისა და კორუფციის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. მადიარმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა ორბანის ეპოქის ცვლილებებს განათლებასა და ჯანდაცვაში, დაამარცხებდა კორუფციას, აღადგენდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და დაანგრევდა ფართოდ ფესვგადგმულ სისტემას [NER], რომელიც მმართველი პარტიის ერთგული წევრების გამდიდრებასა და სახელმწიფო რესურსების ფლანგვას ხელს უწყობდა. „უნგრეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორ სხვადასხვა სამყაროს აერთიანებდა, ისინი ტანდემში მოქმედებდნენ. ერთში ორბანმა დაარწმუნა თავისი მხარდამჭერები, რომ გამარჯვებისკენ და კიდევ ოთხი წლით ხელისუფლებაში ყოფნისკენ მიიწევდნენ, ამისთვის კი, სოციოლოგების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს იშველიებდა, რომლებიც კვირა საღამომდეც კი პროგნოზირებდნენ „ფიდესის გამარჯვებას.“ მეორე სამყაროში კი, იყო მადიარი, რომელიც ყველგან დიდ მხარდაჭერას იზიდავდა, მის მხარეს იყვნენ პატივსაცემი სოციოლოგები, რომლებიც მის კონკურენტზე მადიარის მზარდ უპირატესობაზე მიუთითებდნენ. კვირა საღამოს ეს ორი სამყარო ერთმანეთს შეეჯახა - აქედან მხოლოდ ერთი გახდა რეალური,“ - წერს BBC. „დღეს თქვენ სასწაული მოახდინეთ, უნგრეთმა დღეს ისტორია შექმნა,“ - მიმართა მადიარმა ბუდაპეშტში შეკრებილ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს. მან არჩევნებში გამარჯვება 1848 წლის უნგრეთის რევოლუციას და 1956 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყებას შეადარა. იყო დრო, როდესაც თავად ორბანი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ის პუტინის ახლო პარტნიორი გახდა, რუსული ნავთობისა და ბენზინის იაფად შესყიდვის პოლიტიკის გამართლებამ კი, ევროკავშირში უაღრესად არაპოპულარულ ლიდერად აქცია — მაშინ, როცა ევროკავშირი რუსულ იმპორტზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ორბანმა ასევე დაარღვია ევროკავშირის შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს (79 მილიარდი ფუნტი სტერლინგი; 105 მილიარდი დოლარი) სესხის გამოყოფას ითვალისწინებდა. „რუსებო, წადით სახლში,“ - სკანდირებდნენ მადიარის მხარდამჭერები, როდესაც უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების პირობა დადო. ამის მიუხედავად, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს ბუდაპეშტთან კარგი ურთიერთობების გაგრძელება სურს. „უნგრელებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს. ჩვენ ველით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს უაღრესად პრაგმატულ კონტაქტებს უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან,“ - თქვა მან. „ალბათ, უნდა ვიყოთ მოთმინებით და დაველოდოთ, რა მოხდება.“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პირველი იყო ევროპელი ლიდერებიდან, ვინც მადიარის „დიდებულ გამარჯვებას“ მიესალმა — მან უნგრულად გაიმეორა — „Ruszkik Haza“ — „რუსებო წადით სახლში.“ „ტიზას“ლიდერმა პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა სწორედ ვარშავაში იქნებოდა - უნგრეთისა და პოლონეთის 1000-წლიანი მეგობრობის გასამყარებლად. მან ასევე პირობა დადო, რომ ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მისი მიზანი ევროკომისიის დარწმუნებაა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზაზე წარუმატებლობის გამო, გაყინული 17 მილიარდი ევროს ოდენობის თანხები განიბლოკოს. ვინ არის პეტერ მადიარი „იურისტი მადიარი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ორბანის პარტია „ფიდესის“ ნაკლებად ცნობილი წევრი იყო. ის ბრიუსელში დიპლომატად მსახურობდა და სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მადიარი პოპულარული 2024 წელს გახდა, ორბანს პოლიტიკური სკანდალის გამო ჩამოშორდა მას შემდეგ, რაც ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის მსჯავრდებული კაცი შეიწყალეს. იმავე წელს, მადიარმა შექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა Tisza [„პატივისცემა და თავისუფლება“], რომელმაც ევროპარლამენტის არჩევნებში, უნგრეთში ხმების 30 პროცენტი მოიპოვა. მან თავი აარიდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლგბტქ+ უფლებები და დუმილი შეინარჩუნა შარშან ბუდაპეშტში პრაიდის აკრძალვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მან რუსეთისადმი ორბანის მიდრეკილება გააკრიტიკა, თავი შეიკავა უკრაინის ომზე საუბრისგან,“ - წერს მადიარის შესახებ New York Times. ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინა „რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს, რადგან უნგრეთისა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება და ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება“ — პიტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთში არავის სურს „პროუკრაინული მთავრობა, ყველას პროუნგრული მთავრობა სურს.“ „კარგი იქნებოდა, გვყავდეს მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ასეთი ვითარება იქნება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. საჭიროა დივერსიფიკაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება. თუ საჭირო იქნება, მოლაპარაკებებს გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით,“ - განაცხადა მადიარმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში. მადიარი კიევში 2024 წლის ივლისში იყო ჩასული, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტი“ დაბომბა. მადიარმა მაშინ უკრაინაში მისი პარტიის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. „რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია,“ - განაცხადა მაშინ კიევში მყოფმა უნგრელმა პოლიტიკოსმა. როგორც მადიარი ამბობდა, ამ ვიზიტით მან „უკრაინელ ძმებსა და უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს“ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ, უნგრეთის იმედი ჰქონდეთ. BBC წერს, რომ რუსეთის საკითხში მადიარს არ აქვს თავისი წინამორბედის მსგავსად სენტიმენტალური დამოკიდებულება კრემლის მიმართ. მას სურს უნგრეთის პროდასავლური ორიენტაციის აღდგენა, მაგრამ ასევე მოსკოვთან „პრაგმატული ურთიერთობების“ ჩამოყალიბება.
1993 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა და ლიბანმა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს
BBC ლიბანმა და ისრაელმა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პირდაპირი დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს. იშვიათი შეხვედრის მიზანი ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულება იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს იყო „ისტორიული შესაძლებლობა“, რათა „ჰეზბოლას“ გავლენა რეგიონში დასრულებულიყო. აშშ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა ხელახლა შეხვედრაზე, რომლის დროც და ადგილიც მოგვიანებით განისაზღვრება. ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და მათ შორის ბოლო პირდაპირი, მაღალი დონის მოლაპარაკებები 1993 წელს გაიმართა. სამშაბათს, 14 აპრილს, როდესაც ორივე მხარე ვაშინგტონში ხვდებოდა, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელსა და ისრაელის ჯარებზე ლიბანში, სულ მცირე 24 თავდასხმა განხორციელდა. ისრაელის განცხადებით, ლიბანში მისი ოპერაციების მიზანია დაჯგუფების განიარაღება და დაშლა, რომელთანაც ისრაელი ასევე იბრძოდა 2023 და 2024 წლებში, როდესაც ღაზის სექტოში ომი მძვინვარებდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ ტომი პიგოტმა, მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლას“ გავლენის შესამცირებლად იმუშავებენ. „შეერთებულმა შტატებმა მხარდაჭერა გამოხატა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“ განუწყვეტელი თავდასხმებისგან,“ - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში. ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები „ლიბანელი ხალხის, კერძოდ კი, სამხრეთის მოსახლეობის ტანჯვის დასასრულის დასაწყისს“ აღნიშნავს. ლიბანის მთავრობის შესაძლებლობები, დაუპირისპირდეს ჰეზბოლას, შეზღუდულია. მოლაპარაკებების დაწყებამდე ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა AP-ს განუცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა ვაშინგტონში მიღწეულ არცერთ შეთანხმებას. მათი ურთიერთობა ლიბანის ცენტრალურ მთავრობასთან სულ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჯგუფი ისრაელსა და ირანს შორის ომში ჩაერთო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თვის მხრივ, მოუწოდა ისრაელსა და ლიბანს, გამოიყენონ მშვიდობის „ისტორიული შესაძლებლობა.“
„შოკირებული ვარ“, მამაცი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი“ — ტრამპი მელონის აკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „შოკირებულია“ იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მელონისგან მეტ „სიმამაცეს“ ელოდა. “მოგწონთ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნავთობი მიიღოს? ხალხს მოსწონს ეს? არ შემიძლია ამის წარმოდგენა. შოკირებული ვართ მისით. ვფიქრობდი, რომ ის მამაცია, მაგრამ ვცდებოდი… არა. ის უბრალოდ ამბობს, რომ იტალია არ მიიღებს მონაწილეობას [ირანთან დაკავშირებით]. იმის მიუხედავად, რომ იტალია ნავთობს სწორედ იქიდან იღებს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი იტალიისთვის. ის არ თვლის, რომ იტალია მონაწილეობას უნდა იღებდეს… ამერიკამ უნდა შეასრულოს ეს სამუშაო მის მაგივრად,” - განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა მელონი ასევე გააკრიტიკა იმის გამო, რომ იტალიის პრემიერისთვის მისი სიტყვები რომის პაპთან დაკავშირებით, „მიუღებელი“ აღმოჩნდა. „თქვენ ხართ მიუღებელი, რადგან არ გადარდებთ, აქვს თუ არა ირანს ბირთვული იარაღი და ააფეთქებდა თუ არა იტალიას ორ წუთში, ამის საშუალება რომ ჰქონდეს,” - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრთან არ განუხილავს. მელონიმ, რომელიც ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა, გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ირანში საომარი მოქმედებების დაწყების დაწყების შესახებ, ტრამპის მიერ რომის პაპის მიმართ კრიტიკას კი, „მიუღებელი“ უწოდა. გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ ჯორჯა მელონის მთავრობამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა. მელონის თქმით, აშშ-სა და ისრაელის იერიში ირანზე, საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცილდება როგორც Reuters-ი წერს, თეთრმა სახლმა უარი თქვა გავრცელებულ ციტატებზე კომენტირებაზე. მელონის ოფისშიც თავი შეიკავეს კომენტარის გაკეთებაისგან, მაგრამ პოლიტიკოსებმა მელონის პოზიციები დაიცვეს. მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი. „ჩვენ ვართ და დავრჩებით დასავლეთის ერთიანობის გულწრფელი მხარდამჭერები და შეერთებული შტატების ურყევი მოკავშირეები, მაგრამ ეს ერთიანობა აგებულია ერთგულებაზე, პატივისცემასა და ერთმანეთის მიმართ გულწრფელობაზე,“ - განაცხადა ტაიანიმ. დასავლურმა მედიამ ტრამპის კრიტიკა მელონის მიმართ, ტონის მკვეთრ ცვლილებად შეაფასა. მელონი იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო 2025 წელს და რომელიც ტრამპმა სულ რაღაც ერთი თვის წინ, „დიდ ლიდერად“ მოიხსენია. „ისინი [იტალია] მსოფლიოში ყველაზე მაღალ ფასს იხდიან ენერგიაში და მზად არც კი არიან, ჰორმუზის სრუტისთვის იბრძოლონ... ისინი დონალდ ტრამპზე არიან დამოკიდებულნი, რომ სრუტე ღია დარჩეს,“ - განაცხადა ტრამპმა. Reuters-ი წერს, რომ აშშ-ისრაელისა და ირანის ომს იტალიელებში მხარდაჭერა არ აქვს. ომის ფონზე, იტალიაში ენერგეტიკის სექტორში ფასები გაიზარდა, რადგან ქვეყანა დიდწილად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. კონფლიქტისგან დისტანცირების მცდელობისას, მელონომ გასულ თვეში, უარი თქვა აშშ-ის გამანადგურებლებისთვის სიცილიის საჰაერო ბაზის გამოყენების უფლების მიცემაზე, ხოლო სამშაბათს, 24 აპრილს, კი, იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა. „როდესაც არის რაღაცები, რაზეც ვერ ვეთანხმებით, ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ,“ - განუცხადა მელონიმ ჟურნალისტებს. „არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს ისრაელთან თავდაცვის შეთანხმების ავტომატური განახლება,“ - განმარტა იტალიის პრემიერმა. საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა, განაცხადა, რომ მელონიმ გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღო საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ანტონიო ტაიანისთან და გვიდო კროსეტოსთან, ასევე ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან ერთად. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეთანხმების შედეგების დაკნინება სცადა. „ჩვენ იტალიასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მრავალი წლის წინანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც არასდროს შეიცავდა რაიმე არსებით შინაარსს. ეს გავლენას არ მოახდენს ისრაელის უსაფრთხოებაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. დიპლომატიური დაძაბულობის გამწვავების ფონზე, გასულ კვირას, რომმა ლიბანში ისრაელის ელჩი დაიბარა იტალიელი ჯარისკაცების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამო. საპასუხოდ კი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ იტალიის ელჩი გამოიძახა „ლიბანში არსებული ვითარების განსახილველად.“ 8 აპრილს, ბეირუთის სიახლოვეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ლიბანში გაეროს მანდატის ქვეშ მყოფ იტალიელ სამხედროებს. არავინ დაშავებულა, თუმცა მელონიმ მომხდარს "სრულად მიუღებელი" უწოდა.
ზელენსკის თქმით, ნავთობსადენი “დრუჟბა” აპრილის ბოლომდე ამოქმედდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი “დრუჟბა” ამ თვის ბოლომდე ამოქმედდება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ურთიერთობები უნგრეთის ახალ მთავრობასთან პრაგმატიზმსა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. „როგორც ვთქვით, აპრილის ბოლომდე ის გარემონტდება. არა სრულად, მაგრამ საკმარისად, რომ ფუნქციონირება შეძლოს,“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ნავთობსადენის ყველა რეზერვუარი ვერ აღდგება, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია. „მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა: შეძლებს თუ არა ნავთობსადენი ფუნქციონირებას? – დიახ!“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მილსადენი "დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნავთობსადენია. ის საბჭოთა პერიოდში, 60-იან წლებში აშენდა მოსკოვის მიერ დასავლეთ ციმბირიდან აღმოსავლეთ ევროპაში (სოციალისტურ ბანაკში) ნავთობის მიწოდებისთვის. მილსადენთან დაკავშირებული დავის გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს (103 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის სესხის გაცემის გადაწყვეტილებას. მისი პირობა იყო “დრუჟბის” ამოქმედება. ცნობისთვის, ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტია „ტისამ“ კვირას გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და დასრულდა ვიქტორ ორბანის ხანგრძლივი მმართველობა.
„ომის წინააღმდეგ კვლავ ხმამაღლა გამოვალ“ - რომის პაპი
რომის პაპმა, ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან „დებატებში შესვლა არ სურს.“ მან განაცხადა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის გააკრიტიკა. „არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს,“ - განაცხადა რომის პაპმა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული. „ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ,“ - აღნიშნა რომის პაპმა. ტრამპი აღნიშნავს, რომ რომის პაპი მადლობელი უნდა იყოს, რადგან მისი არჩევა „შოკისმომგვრელ სიურპრიზს“ წარმოადგენდა და კანდიდატთა სიაში მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ის ამერიკელია. მისი შეფასებით, რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია. ტრამპის განცხადებით, მას „არ სურს რომი პაპი, რომელიც თვლის, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია.“ თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები რომის პაპ ლეო XIV-ის შესახებ, „მიუღებელია.“ „პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და მისთვის სწორი და ნორმალურია მშვიდობისკენ მოწოდება და ომის ყველა ფორმის დაგმობა,“ - ნათქვამია მელონის განცხადებაში. რომის პაპი ლეონ XIV ომის დასრულების მოწოდებით რამდენჯერმე გამოვიდა.
უნგრეთის მომავალი პრემიერი მადიარი — საქართველოზე, უკრაინაზე, რუსეთსა და ევროპაზე
„ჩვენ თავს შევიკავებთ ნებისმიერი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ჩვენ იგივეს ვითხოვთ ყველა ქვეყნისგან უნგრეთის შემთხვევაში,“ - უნგრეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში სამსაათიანი პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებს პასუხობდა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოსა და საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების შესახებაც. ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მადიარმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, სიამოვნებით ეწვევა თბილისს და რომ უნგრეთი არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის დიდი ხნის მეგობრობაა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობაშია გამოხატული, რას უნდა ველოდოთ თქვენგან? გააგრძელებთ თუ არა ურთიერთობას საქართველოსთან და იქნება თუ არა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან“? მიმართა მადიარს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა. „ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან.“ „ზოგადად, მინდა, ვთქვა. ის, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას რომელიმე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთის ურთიერთობები “ტისას” მთავრობის დროს გაუარესდება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თუ უნგრეთსა და კონკრეტულ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცუდი იყო, ახლა ისინი გაუმჯობესდება. ვფიქრობ, ყველას ინტერესებშია, რომ მშვიდობიანად ვიმუშაოთ ერთად ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების მისაღწევად,“ - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერმა. მანვე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან მუშაობას. „ძალიან მოხარული ვიქნები, რომ თუ თბილიში ან სხვაგან გესტუმრებით და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას. კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე. ეს ჩვენი სტილი არ არის და არ მგონია, რომ ეს ჩვენი საქმე იყოს, არც რომელიმე ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელობის. ყველა იმისთვის არის არჩეული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხალხს და დაეხმაროს მათ განვითარებაში“ - აღნიშნა მადიარმა. უკრაინა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული მადიარი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. მისი შეფასებით, „აბსოლუტურად აბსურდულია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ.“ მადიარმა ასევე განაცხადა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე განცხადებით, უნგრეთს სურს მეგობრული ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მათ შორის, უკრაინასთან, და მიანიშნა, რომ მზად იქნებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ უნდა აიძულონ, მიიღოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც კიევს ტერიტორიების დათმობას მოსთხოვს. „უკრაინა ამ ომის მსხვერპლია. ეს ყველამ იცის. უკრაინას არავინ უნდა უთხრას, რა პირობებში მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ჩვენ არ შეგვიძლია, მოვთხოვოთ რომელიმე ქვეყანას თავისი ტერიტორიის დათმობა. თუ ამას ვინმე გააკეთებს, მათ მოღალატეებად ჩათვლიან.“ გაყინული სახსრები მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაყინული სახსრების უზრუნველყოფა მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რადგან ევროკომისიამ უნგრეთისთვის გამოყოფილი 27 მილიარდი ევროდან 17 მილიარდი ევრო შეაჩერა. მადიარმა განაცხადა, რომ მას ოთხპუნქტიანი გეგმა აქვს უნგრეთისთვის ევროკავშირის სახსრების გამოყოფის შესახებ შეთანხმების მისაღწევად და უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მადიარმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეაფასებს ევროზონაში გაწევრიანებას, რაც მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება იყო. მანვე განმარტა, რომ გაწევრიანების თარიღის დანიშვნამდე, მათ ჯერ ბიუჯეტის მდგომარეობის შესწავლა და სწრაფი კონსულტაციების ჩატარება დასჭირდებათ. რუსული ნავთობი მაგიარმა განაცხადა, რომ პრიორიტეტს მიანიჭებს ყველაზე იაფად ხელმისაწვდომ ნავთობს. „რუსეთი აქ რჩება, უნგრეთი აქ რჩება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დივერსიფიკაციისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვასხვავებთ რესურსებს. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ნავთობს რაც შეიძლება იაფად და უსაფრთხოდ.“ მაგიარმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს და რომ ამ შეტყობინებას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ გადასცემს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა. მისი თქმით, რუსეთი უნგრეთისა და ევროპისთვის უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს. „თუ ვლადიმერ პუტინი დარეკავს, ტელეფონს ავიღებ. თუ ვისაუბრებთ, შემიძლია, ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ოთხი წლის შემდეგ მკვლელობებისა და ომის დასრულება. „ეს ალბათ მოკლე სატელეფონო საუბარი იქნებოდა და არა მგონი, რომ ის ჩემი რჩევით ომს დაასრულებს.“ მიგრაცია მაგიარმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიგრაციის პაქტს და აპირებს, შეინარჩუნოს ორბანის მთავრობის დროს აშენებული სასაზღვრო ბარიერი. „უნგრეთი ძალიან მკაცრ პოზიციას იკავებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. ის არ მიიღებს არცერთ პაქტს ან განაწილების მექანიზმს და ჩვენ შევინარჩუნებთ სამხრეთ სასაზღვრო ღობეს და შევავსებთ ახლა არსებულ ხვრელებს.“ “უნგრეთს შეუძლია წვლილი შეიტანოს სხვა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში სასაზღვრო დაცვის განლაგებით.“ ევროპა მადიარმა ხაზი გაუსვა, რომ გუშინ უნგრელმა ხალხმა ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ უნგრეთის ადგილი ევროპაში იყო, არის და იქნება. „ვხედავ, რომ ევროპის ბევრ ადგილას სამთავრობო კრიზისი სამთავრობო კრიზისს მოსდევს, მეინსტრიმული პოლიტიკოსები შეშინებულები არიან, ექსტრემისტული ძალები პოზიციებს იკავებენ და პარტიული სისტემა, როგორც ჩანს, ბევრ ევროპულ ქვეყანაში იშლება. აქედან შემიძლია, კეთილი განზრახვითა და სიკეთით გავაგზავნო შეტყობინება, რადგან დასავლეთ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პირადად მკითხეს, რა არის საიდუმლო: ხალხთან უნდა იყო, უნდა იშრომო, მოგწონს ეს თუ არა. უნგრეთი იქნება კონსტრუქციული პარტნიორი, რადგან ევროპას მრავალი თვალსაზრისით უჭირს, რადგან ომი კვლავ მიმდინარეობს ჩვენს გვერდით. ოთხ წელზე მეტია, ევროპა ძალიან რთულ ეკონომიკურ და სხვა სიტუაციაშია, მან ტემპი დაკარგა და რბილად რომ ვთქვათ, ევროპას უზარმაზარი სოციალური პრობლემები აქვს. ჩვენ აქ ვართ და ვცდილობთ, დავეხმაროთ,” – განაცხადა მადიარმა. მომავალი პრემიერის შეფასებით, ადრინდელი ვერსიისგან განსხვავებულად,უნგრეთი არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში, არც ბალკანეთის ქვეყნების, არც ესპანეთის, არც საფრანგეთის შიდა საქმეებში, არც ფულით და არც სხვა გზით. „ჩვენ პატივისცემით ვითხოვთ იგივეს ყველა ქვეყნისგან: უნგრეთი თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და ამავდროულად ევროპულ ქვეყნად მიიჩნიონ.“ “ქვეყანა, რომელიც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი ალიანსის სისტემის: ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. პოლიტიკა ადამიანებზეა დამოკიდებული და ბევრმა პოლიტიკოსმა ეს დაივიწყა.“ აშშ უნგრელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა დონალდ ტრამპს მისთვის არ დაურეკავს. მომავალი პრემიერის თქმით, აშშ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც უნგრეთს კარგი ურთიერთობა სჭირდება. მადიარმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს მისთვის არ დაურეკავს, მაგრამ მისი ადმინისტრაცია მზად იქნება სასაუბროდ, თუ თეთრი სახლი დაუკავშირდება. ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა
BBC შეჯამება: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები „დაბლოკავს ყველა გემს“, რომელიც შეეცდება ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან გასვლას - საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ირანს არ სურს, უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე.“ ირანის დელეგაციის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-მ ვერ მოიპოვა თეირანის ნდობა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს. ამასობაში, ისრაელი და ლიბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში საკუთარ მოლაპარაკებებს გამართავენ. ქვეყნის სამხრეთში ისრაელის თავდასხმები გრძელდება. ისლამაბადში, აშშ-ისა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, ჩაეყარა თუ არა რაიმე სახის საფუძველი მოლაპარაკებების გაგრძელებას, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილ პერიოდში - ასევე რამდენად მზად იქნება თითოეული მხარე დათმობებზე წასასვლელად, რათა უზრუნველყოს შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის, ასევე, დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებში იქნება. შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. მხარეების განცხადებით, 21-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. „უკვე 21 საათია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ირანელებთან არაერთი არსებითი განხილვა გვქონდა - ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში შეთანხმების მიღწევის გარეშე,“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარადგინა, ირანელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს აშშ-ის შეთანხმების პირობების მიღებაზე, რომლებიც, ვენსის მტკიცებით „საკმაოდ მოქნილი“ იყო. „ჩვენ საკმაოდ დამთმობები ვიყავით. პრეზიდენტმა გვითხრა: „თქვენ აქ კეთილი ნებით უნდა მოხვიდეთ და ყველაფერი გააკეთოთ შეთანხმების მისაღწევად“. ჩვენ ეს გავაკეთეთ და სამწუხაროდ, ვერ შევძელით რაიმე პროგრესის მიღწევა,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მუდმივ კონტაქტზე იყო. „ცხადია, პრეზიდენტს მუდმივად ვესაუბრებოდით. არ ვიცი, რამდენჯერ ვესაუბრეთ მას, ექვსჯერ თუ 12-ჯერ ბოლო 21 საათის განმავლობაში,“ - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს. მოლაპარაკებების განმავლობაში ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს, ფინანსთა მინისტრს სკოტ ბესენტს და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს. „ჩვენ მუდმივად ვურთიერთობდით გუნდთან, რადგან კეთილი ნებით ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს,“ - განაცხადა ვენსმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანმა არ აიღო ვალდებულება, რომ უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე. კერძოდ, კითხვას, რა პირობები უარყო ირანმა მოლაპარაკებების დროს, ჯეი დი ვენსმა განაცხადა: „მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება დადებითი ვალდებულება, რომ ისინი არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას და არ შეეცდებიან ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სწრაფად მიაღწიონ ბირთვულ იარაღს. კითხვა ასეთია: ვხედავთ თუ არა, რომ ირანელები იღებენ ფუნდამენტურ ვალდებულებას, არ შეიმუშაონ ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ,“ - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა. დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყების შესახებ გამოაცხადა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ბლოკადა მალე დაიწყება და მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ტრამპის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა გემის ბლოკირებას“, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას. ტრამპმა ასევე დაავალა სამხედრო-საზღვაო ძალებს, გამოავლინონ და დააკავონ საერთაშორისო წყლებში გემები, რომლებმაც ირანს გადასახადი გადაუხადეს სრუტეში გავლისთვის. „შემეძლო, დეტალურად მესაუბრა და ბევრ რამეზე მესაუბრა, რაც მიღწეულია, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - ირანს არ სურს, უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე! ბევრი თვალსაზრისით, შეთანხმებული პუნქტები უკეთესია, ვიდრე ჩვენი სამხედრო ოპერაციების ბოლომდე გაგრძელება, მაგრამ ყველა ეს პუნქტი არაფერს ნიშნავს იმასთან შედარებით, რომ ბირთვული ენერგია ასეთი არასტაბილური, რთული და არაპროგნოზირებადი ადამიანების ხელში აღმოჩნდეს. ჩემი სამი წარმომადგენელი, მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან მეგობრულად და პატივისცემით განეწყო ირანის წარმომადგენლების — მოჰამედ-ბაღერ ღალიბაფის, აბას არაღჩისა და ალი ბაღერის მიმართ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი სრულიად შეუვალები იყვნენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. როგორც ყოველთვის ვამბობდი, თავიდანვე და მრავალი წლის განმავლობაში — ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”- წერს ტრამპი. ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი, რომელიც პაკისტანის მოლაპარაკებებში თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ახლა დროა, აშშ-მ „გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა თეირანის ნდობის მოპოვება.“ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ღალიბაფი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე მან ხაზი გაუსვა, რომ ირანს ჰქონდა „კეთილი რწმენა და ნება“, მაგრამ წინა ორი ომის გამოცდილების გამო, მას „არ ჰქონდა ნდობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ.“როგორც ღალიბაფი აღნიშნავს, მოლაპარაკებები „ინტენსიური“ იყო და მადლობას უხდის პაკისტანს მათი ხელშეწყობისთვის. ის ამბობს, რომ ირანის დელეგაციამ „წარადგინა მომავალზე ორიენტირებული ინიციატივები, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ საბოლოოდ ვერ მოიპოვა ირანის დელეგაციის ნდობა მოლაპარაკებების ამ რაუნდში.“ „ჩვენ ერთი წამითაც არ შევწყვეტთ ჩვენს ძალისხმევას ირანის ეროვნული თავდაცვის მიღწევების კონსოლიდაციისთვის.“ თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ერთ სესიაზე იქნებოდა შესაძლებელი. თეირანი „დარწმუნებულია, რომ მათსა და პაკისტანს, ასევე, რეგიონში „სხვა მეგობრებს შორის“ კონტაქტები გაგრძელდება.“ ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ასევე დაესწრნენ ვენსის მთავარი მრჩევლები - ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში). ირანის დელეგაციაში 71 ადამიანი შედიოდა, მათ შორის იყვნენ მომლაპარაკებლები, ექსპერტები და მედიისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისჰაკ დარიმ განაცხადა, რომ ირანს და აშშ-ს სჭირდებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, რათა მიაღწიონ რეგიონში მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობას. მისი თქმით, პაკისტანი მომდევნო დღეებში განაგრძობს ორი ქვეყნის ჩართულობისა და დიალოგის ხელშეწყობას. შეგახსენებთ, 8 აპრილს, აშშ და ირანი ორკვირიან ზავზე შეთანხმდნენ.
ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა
უნგრეთისპრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში 16-წლიანი ყოფნის შემდეგ, არჩევნებში დამარცხება აღიარა. „არჩევნების შედეგი აშკარა და მტკივნეულია,“ - განუცხადა მან თავის ამომრჩევლებს. ორბანმა პარტია „ტისას“ [„პატივისცემა და თავისუფლება] გამარჯვება მიულოცა. „არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ გასაგები და ნათელია. ეს შედეგი ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გადმოგვეცა. მე გამარჯვებულ პარტიას მივულოცე. ჩვენ უნგრეთის ერს და ჩვენს სამშობლოს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით,“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა. არჩევნებზე, რომლებიც უნგრეთისა და ევროპის მომავლისთვის გადამწყვეტად ითვლებოდა, რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა. „ორბანის დამარცხება დარტყმა იქნება მისი ახლო მოკავშირეებისთვის ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპისთვის,“ - წერს BBC. ხმების დაახლოებით 60%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას გეგმავს. „ვიქტორ ორბანმა ახლახან დამირეკა ტელეფონზე და მოგვილოცა გამარჯვება,“ - დაწერა მადიარმა Facebook-ზე. საზღვარგარეთ 90 000-ზე მეტმა უნგრელმა მისცა ხმა. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს უნგრელმა პოლიტიკოსმა, იურისტმა პეტერ მადიარმა მმართველი პარტია 2024 წლის თებერვალში დატოვა და შექმნა მოძრაობა, რომელმაც ოპოზიციური პარტიებითა და ორბანით იმედგაცრუებული ამომრჩევლების მხარდაჭერა მოიპოვა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: უნგრეთმა ევროპა აირჩია - ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ უნგრეთმა ევროპა აირჩია. „ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ,“ - წერს ლაიენი. მისი განცხადებით, უნგრეთი ევროპულ გზას უბრუნდება და ევროკავშირი ძლიერდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა: "ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს." პეტერ მადიარს გამარჯვება უკვე მიულოცეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტ ლოკაციაზე, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში რეგისტრირებულია დაახლოებით 7.5 მილიონი ამომრჩეველი. ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით, საღამოს 6:30 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნებში მონაწილეობა რეკორდულმა რაოდენობამ, ამომრჩეველთა თითქმის 78%-მა მიიღო. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ გუშინ ღამით წინასაარჩევნო მიტინგები გამართეს. ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერ პეტერ მადიარის განცხადებით, 12 აპრილს მილიონობით ადამიანი დაადასტურებს, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაში იყო, არის და ყოველთვის იქნება. მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ საიდუმლო აგენტების შესახებ ფაილებს გახსნის და რუსეთის გავლენას გამოიძიებს, ასევე გამოძიება ჩატარდება საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრე სიიარტოსთან დაკავშირებითაც. ბუდაპეშტში „ფიდესის“ წინასაარჩევნო მიტინგზე პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ მიაღწევენ გამარჯვებას, რომელიც ყველას გააკვირვებს. ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 62 წლის ორბანი 2010 წლიდან მოყოლებული არის ხელისუფლების სათავეში. წლევანდელ არჩევნებში 45 წლის მადიარის სახით პირველად გამოჩნდა ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების უნარი შესწევს. სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. ცნობისთვის, ორბანი დონალდ ტრამპის მოკავშირეა. მას კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვს. უნგრეთი უკრაინისადმი დახმარების დაბლოკვას ემხრობა, ევროკავშირი მას უნგრეთის დემოკრატიის შელახვაში ადანაშაულებს.
ზელენსკი: უკრაინა მტკიცედ დგას, რათა ომის შემდეგ მეხუთე აღდგომა პირველი მშვიდობიანი აღდგომით შეიცვალოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაიანის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ უკრაინელ ხალხს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. კიევის სოფიის ტაძარში ჩაწერილი მიმართვის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკი ციტირებს ფრაგმენტს ძველი აღთქმიდან (ფსალმუნი 45:5-6): “ღმერთი ქალაქის შუაგულშია და ის არ შეიძვრის - ეს სიტყვები ამოტვიფრულია აქ, ჩვენი ორანტის თავზე, ჩვენს დიდ სოფიაში და ამ სიტყვებს აქვთ განსაკუთრებული ძალა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ უკვე ათას ხუთას დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში, სადაც შეურყეველია ჩვენი უკრაინა, ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ხალხი და ჩვენი რწმენა. <…> ეს ბრძოლა ყველასთვის რთულია. განსაკუთრებით ასეთ მღელვარე დროში, როცა გეჩვენება, რომ მსოფლიო უფსკრულისკენ მიექანება და არავინ იცის, როგორი იქნება ხვალ. ასეთ მომენტებში სწორედ აღდგომა და მისი მნიშვნელობები გვიკარნახებს, როგორ არ ჩამოვუშვათ ხელები, სად ვიპოვოთ სინათლე, რომ გზა არ აგვებნეს.” ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკვე მეხუთე წელია, რაც უკრაინა იბრძვის მედგრად ტკივილის, ყველა განსაცდელისა და ბოროტების მიუხედავად. „ჩვენ გადავლახეთ ეს ზამთარი. ყველაზე რთული ჩვენს ისტორიაში. მაგრამ მან წააგო, ჩვენთან წააგო. სიცივემ სამარცხვინოდ უკან დაიხია და გაზაფხული ვიხილეთ და დღეს ერთად აღვნიშნავთ ჩვენს აღდგომას. ზედიზედ მეხუთე წელია, ჩვენ ამას ვაკეთებთ ტკივილის, ყველა განსაცდელისა და ბოროტების მიუხედავად, რომელიც ჩვენს მიწას გარს ახვევია - უკრაინელები ყოველთვის უკრაინელებად რჩებიან და ამას ვერანაირი ომი ვერ წაშლის. ამიტომ, აღდგომის ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის ოჯახთან, საკუთარი სახლის სითბოსთან და მასში ბავშვების სიცილთან არის დაკავშირებული. იმისთვის, რომ ეს სიცილი ისმოდეს, ათასობით უკრაინელი ფრონტზე იცავს უკრაინას და საკუთარ ოჯახებს. რაც უნდა მუქი ღრუბლები გადაეფაროს ცას, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობასა და ოჯახურ ტრადიციებს. ყოველწლიურად ვემზადებით, ვაგროვებთ სააღდგომო კალათას, ვხატავთ „პისანკებს”, ვაცხობთ კულიჩებს, ვრთავთ სახლს, ვრგავთ ხეებსა და ყვავილებს. და ეს ყველაფერი საერთოდ არ არის მხოლოდ საჭმელსა თუ დეკორზე — ეს არის ხალხზე, რომელიც ისწრაფვის, რომ ირგვლივ სიცოცხლე ყვაოდეს. და სწორედ ეს არის ის შინაარსი, რომლითაც ჩვენთვის შევსებულია აღდგომა. ასე იყო ყველა საუკუნეში, რომელთა განმავლობაშიც დგას ჩვენი სოფია. ასეა დღესაც, როცა „უკრაინა მტკიცედ, ჯიუტად და ურყევად დგას. იცის ვისთვის და რისთვის. რათა ომის შემდეგ მეხუთე აღდგომა პირველი მშვიდობიანი აღდგომით შეიცვალოს. მთელ ჩვენს მიწაზე, მთელი ჩვენი ხალხისთვის. როდესაც აღდგომის ზარებს განგაშის სირენები არ შეწყვეტს. როდესაც ზამთარი და ყველა ბოროტება ჩვენი მიწიდან გაქრება და ყველა დაელოდება თავის ახლობლებს - ფრონტიდან, ტყვეობიდან, ოკუპაციისგან. ამისთვის ბრძოლა ღირს და ჩვენ ამას უკვე 1509 დღეა ვაკეთებთ. აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი რწმენა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - მშვიდობის ომზე გამარჯვების რწმენა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ესტონეთმა ერევანში საელჩო გახსნა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და მისმა ესტონელმა კოლეგამ მარგუს ცაჰკნამ ერევანში, ესტონეთის რეზიდენტი საელჩო გახსნეს. წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თავის გამოსვლაში მირზოიანმა საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანად ნაბიჯად შეაფასა, რომელიც სომხეთთან კავშირების გაღრმავების მიმართ ესტონეთის ერთგულებას ასახავს. „ეს მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთ-ესტონეთის ურთიერთობებში,“ - განაცხადა მირზოიანმა და აღნიშნა, რომ რეზიდენტი საელჩოს დაარსების გადაწყვეტილებას ესტონეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა და კოორდინაცია სჭირდებოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის კეთილდღეობის მიმართ. მირზოიანმა ასევე ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ სომხეთისადმი თანმიმდევრულ მხარდაჭერას არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ფარგლებშიც. თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საელჩოს გახსნა „ისტორიულ მოვლენად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ესტონეთი აფართოებს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. მან შეაქო „სომხეთის გზა მშვიდობის, ევროპული ღირებულებებისა და კეთილდღეობისკენ“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ერევანს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისიდან ერევანში გადაიყვანა და საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე განმარტა, რომ ესტონეთს დიდი ხანია, წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. თუმცა „საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან სისტემატური დაშორების გათვალისწინებით, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.“ ესტონეთი „კვლავაც უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებას.“ თბილისიდან წასვლის წინ ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა: „თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია. ასე მუშაობს დიპლომატია.“ ესტონეთი საქართველოში საელჩოს არ ხურავს. „ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი აქ და საელჩოს მუშაობას ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაუძღვება. ტალინში დიპლომატიურ სიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საქართველოს ასევე აქვს საელჩო ტალინში, რომელსაც უძღვება დროებითი რწმუნებული. ასეთია მდგომარეობა,“ - განაცხადა მარგე მარდისალუ-კაჰარმა. „ელჩების ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 14 თებერვალს. ესტონეთის საელჩო თბილისში 2006 წლის დეკემბერში გაიხსნა. საქართველომ კი, ტალინში საელჩო 2007 წლის აპრილში გახსნა.
ვაშინგტონში, აშშ-უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭო დაარსდა
უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საიდა მირზიოევა [უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის შვილი] 7 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ვაშინგტონში სამუშაო საუზმის ფორმატში შეხვდა. უზბეკური მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს აშშ–უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭოს ბოლო შეხვედრის შედეგები და აღნიშნეს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების პორტფელის გაფართოება. საიდა მირზიოევამ ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა რუბიოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში ოფიციალურად ამოქმედდა აშშ–უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭო, რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. „ეს სტრუქტურა [საბჭო] გახდება ეფექტიანი პლატფორმა უზბეკეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბიზნეს კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის. ამას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტების გადამწყვეტი პოლიტიკური ნება,“ - დაწერა მირზიოევამ Telegram-ზე. 6 აპრილს, საიდა მირზიოევა მარ-ა-ლაგოში შეხვდა საბჭოს თანათავმჯდომარეს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში, ელჩ სერჯიო გორს. მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სერხიო გორი უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საიდა მირზიოევას შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ტომი პიგოტის განცხადებით, შეხვედრის მიზანი აშშ–უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იყო. მარკო რუბიომ და საიდა მირზიოევამ ნაყოფიერი დისკუსია გამართეს შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ გზებზე, რაც მოიცავს კრიტიკული მინერალების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებს. „შეერთებული შტატები მიესალმება უზბეკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების, ორმხრივად სასარგებლო კომერციული და უსაფრთხოების პარტნიორობის გაძლიერების; უზბეკეთის სუვერენიტეტისა და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის შესაძლებლობას,“ - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უზბეკური მედიის ცნობით, საიდა მირზიოევამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან განიხილა უზბეკეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი. საიდა მირზიიოევამ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უზბეკეთის გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერისთვის. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდა მირზიოევა ასევე შეხვდა აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს ბენ ბლეკს. მხარეებმა პროექტების ფართო პორტფელი და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს.
რა მოხდება, თუ აშშ ირანს დაარტყამს - შვიდი სცენარი
წყარო - BBC თუ თეირანთან ვერ მიაღწევენ შეთანხმებას და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ძალებს შეტევის ბრძანებას მისცემს, მაშინ რა შედეგები შეიძლება, მივიღოთ? პირველი სცენარი გულისხმობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების მიერ შეზღუდულ, ზუსტ დარტყმებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბასიჯის სამხედრო ბაზებზე, ბალისტიკური რაკეტების გაშვებისა და შენახვის ობიექტებზე, აგრეთვე, ბირთვულ პროგრამაზე. ამის შედეგად უკვე შესუსტებული რეჟიმი დაემხობა და ქვეყანა, საბოლოოდ, დემოკრატიულ მმართველობაზე გადადის, რაც ირანს საშუალებას მისცემს, მსოფლიო საზოგადოებას დაუბრუნდეს. თუმცა ეს უკიდურესად ოპტიმისტური სცენარია. დასავლეთის სამხედრო ჩარევამ ერაყსა და ლიბიაში დიქტატურები დაამხო, მაგრამ დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გარდაქმნა ვერ უზრუნველყო — ამას მოჰყვა ხანგრძლივი ქაოსი და ძალადობა. შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა სირიამ, რომელმაც 2024 წელს, დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე, დაამხო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი. მეორე სცენარი - რეჟიმი გადარჩა, თუმცა ის პოლიტიკას ცვლის. ეს არის „ვენესუელის მსგავსი მოდელი”: სწრაფი, ძლიერი აშშ-ის ჩარევა ცვლის რეჟიმს, მაგრამ ახდენს მისი პოლიტიკის მოდერნიზებას. ირანის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ისლამური რესპუბლიკა რჩება, რაც ბევრ ირანელს არ დააკმაყოფილებს, მაგრამ აიძულებს მას, შეწყვიტოს ძალადობის მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში, შეამციროს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები და შეამსუბუქოს საპროტესტო მოძრაობების წინააღმდეგობის პოლიტიკა. თუმცა ეს სცენარი ნაკლებ სავარაუდოა: რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკვე 47 წელია, ცვლილებებს მტკიცედ ეწინააღმდეგება. მესამე სცენარი - რეჟიმი დანგრეულია, მის ადგილზე სამხედრო წესრიგი მყარდება. ბევრი ამას ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ბევრისთვის მიუღებელია და საპროტესტო ტალღები ყოველ წელს მას კიდევ უფრო ასუსტებს, ქვეყანაში მაინც არსებობს უზარმაზარი და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მოქმედი სისტემა, რომლის წარმომადგენლებს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობთ. საპროტესტო მოძრაობების მიერ რეჟიმის დამხობის წარუმატებელი მცდელობის მიზეზები იმაში მდგომარეობს, რომ საპროტესტო მოძრაობის მხარეს არ გადასულან რეჟიმის წარმომადგენლები და ხელისუფლებაში მყოფები მზად არიან, გამოიყენონ შეუზღუდავი ძალა და სისასტიკე, რათა დარჩნენ ხელისუფლებაში. აშშ-ის დარტყმების შედეგების ფონზე, ქაოსში, შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ირანი გადავიდეს ძლიერ სამხედრო მმართველობაზე, რომელიც ძირითადად, IRGC-ს წევრებით იქნება დაკომპლექტებული. მეოთხე სცენარი - ირანი შურს იძიებს და აშშ-ის ძალებსა და მეზობლებს თავს დაესხმება. ირანმა პირობა დადო, რომ აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებს და რომ „ჩახმახზე აქვს ხელი მიჭერილი.“ ცხადია, ის ვერ შეედრება აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების ძალას, თუმცა მას მაინც შეუძლია, შეტევა განახორციელოს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების არსენალით, რომელთა უმეტესობაც გამოქვაბულებში, მიწისქვეშეთში ან შორეულ მთის ფერდობებზეა გადამალული. აშშ-ის ბაზები და ობიექტები ყურის არაბულ მხარეს არის განლაგებული, ბაჰრეინსა და კატარში, მაგრამ ირანს აქვს არჩევანი - სარაკეტო თავდასხმები მიიტანოს ნებისმიერ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ქვეყნებზე რომლებიც მისი აზრით, მონაწილეობდნენ აშშ-ის თავდასხმაში, მაგალითად - იორდანია. 2019 წელს Saudi Aramco-ს ნავთობქიმიურ ობიექტებზე გამანადგურებელი რაკეტებისა და დრონების თავდასხმამ, რომელიც ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებს მიეწერებოდა, საუდის არაბეთის ხელისუფლებას აჩვენა, რამდენად დაუცველები იყვნენ ისინი ირანული რაკეტების წინაშე. ყურის არაბი მეზობლები, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად მიიჩნევიან, ამჟამად უკიდურესად შეშფოთებულნი არიან, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება საბოლოოდ, მათზე უარყოფით გავლენას მოახდენს. მეხუთე სცენარი - ირანი საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში ნაღმების დამონტაჟებას გეგმავს. ეს დიდი ხანია, განიხილებოდა, როგორც გლობალური გადაზიდვებისა და ნავთობის მომარაგების პოტენციური საფრთხე ირან-ერაყის 1980-88 წლების ომის შემდეგ, როდესაც ირანმა მართლაც დანაღმა საზღვაო მარშრუტები და სამეფო საზღვაო ძალების ნაღმმტყორცნებმა უზრუნველყვეს მათი გაწმენდა. ირანსა და ომანს შორის მდებარე ვიწრო ჰორმუზის სრუტე კრიტიკულ სასაზღვრო პუნქტს წარმოადგენს. ყოველწლიურად, ამ სრუტეში, მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის დაახლოებით 20% და ნავთობისა და ნავთობის სუბპროდუქტების 20-25% გადის. ირანმა საზღვაო ნაღმების სწრაფი განლაგების წვრთნები ჩაატარა. თუ ის ამას გააკეთებს, ეს მსოფლიო ვაჭრობასა და ნავთობის ფასებზე გარდაუვლად იმოქმედებს. მეექვსე სცენარი - ირანმა საპასუხო რეაგირება მოახდინა და ამერიკული სამხედრო გემი ჩაძირა სპარსეთის ყურეში სამხედრო ხომალდზე მყოფმა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა განგვიცხადა, რომ ირანიდან მომდინარე ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მას ყველაზე მეტად აწუხებს, „ჯგუფური თავდასხმაა.“ მაგალითად, ირანი ერთ ან რამდენიმე სამიზნეზე უშვებს იმდენად ბევრ მაღალი დონის დენთიან დრონსა და სწრაფ „ტორპედოს“, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის ძლიერი ახლო დაცვის სისტემა ვერ ასწრებს მათ სრულ და დროულ განადგურებას. ირანის საზღვაო ეკიპაჟები თავისი მომზადების დროის დიდ ნაწილს უთმობენ არასტანდარტულ ან „ასიმეტრულ“ ომს; ეძებენ გზებს, როგორ დაძლიონ აშშ-ის ფლოტის ტექნიკური უპირატესობა, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. მეშვიდეო სცენარი - რეჟიმის კოლაფსი და ქაოსი ეს რეალური საფრთხეა და ერთ-ერთი მთავარი შეშფოთების საგანია ისეთ მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა, კატარი და საუდის არაბეთი. სამოქალაქო ომის შესაძლებლობასთან ერთად, როგორიც სირიას, იემენსა და ლიბიას ჰქონდათ, არსებობს რისკი, რომ ქაოსისა და დაბნეულობის პირობებში, ეთნიკური დაპირისპირებები შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს, როცა ქურთები, ბალუჯები და სხვა უმცირესობები თავიანთი ხალხის დაცვის მიზნით იმოქმედებენ. ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანას სიხარულს მიანიჭებდა ისლამური რესპუბლიკის დასრულება, განსაკუთრებით, ისრაელს, რომელმაც რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს უკვე მძიმე დარტყმები მიაყენა და რომელსაც ირანის სავარაუდო ბირთვული პროგრამის გამო, ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება. თუმცა არავის სურს, რომ მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში [დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი] ქაოსში აღმოჩნდეს, რამაც შეიძლება, ჰუმანიტარული და ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვიოს.
რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში
რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში - წყარო BBC როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში 200 000-მდე ჯარისკაცის შეყვანის ბრძანება გასცა, მისი მიზანი იყო, რამდენიმე დღეში აეღო დედაქალაქი კიევი, მისი პროდასავლური მთავრობა დაემხო და უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში დაებრუნებინა. პუტინმა ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. ოთხი წლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის ხელშია. პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იყო. რუსეთმა არაერთხელ წარმოაჩინა თანამედროვე უკრაინა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რაც ისტორიის უხეში დამახინჯებაა. პუტინმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული, უკრაინაში შეჭრამდე რვა წლით ადრე დაიპყრო - რევოლუციის შემდეგ, რომლის შედეგადაც, უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი პროდასავლური მთავრობით ჩანაცვლდა. რუსეთის ლიდერი დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის არსებობის უფლებას და აცხადებს, რომ „თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა“ 1917 წლის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ. 2021 წლის გრძელ ესეში მან თქვა, რომ მე-9 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.“ 2024 წელს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა „ხელოვნური სახელმწიფო“ იყო. ამ კომენტარებმა ბევრი დაარწმუნა, რომ რუსეთის შეჭრის მიზანი ფაქტობრივად უკრაინის სახელმწიფოს განადგურება იყო. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ პუტინმა თავდაპირველად სცადა მისი შეცვლა პრორუსული პარტიის მდიდარი ლიდერით, ვიქტორ მედვედჩუკით, რომელიც უკრაინაში ღალატში დაადანაშაულეს და ამჟამად რუსეთში იმყოფება. იყო თუ არა NATO-ს გაფართოება ომის მიზეზი? პუტინი წლების განმავლობაში უჩიოდა NATO-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას, როგორც უსაფრთხოების საფრთხეს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ნებისმიერ შესაძლებლობას მთავარ წითელ ხაზად მიიჩნევდა. 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე მან მოითხოვა, რომ ალიანსს გაეყვანა მრავალეროვნული ძალები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც დასავლეთის ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. მაგრამ სწორედ რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, შემდეგ კი, 2014 წელს - ყირიმში. ყირიმში შეჭრის შემდეგ, NATO-მ უწყვეტი ყოფნა უზრუნველყო თავის აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთთან ყველაზე ახლოს. NATO ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ალიანსის მთავარი მიზანი ტერიტორიების დაცვაა „აგრესიული განზრახვების გარეშე.“ შვედეთი და ფინეთი NATO-ში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ რუსული საფრთხის აღქმის გამო გაწევრიანდნენ. უკრაინის კონსტიტუციის ნაწილია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ამის რეალური პერსპექტივა არ არსებობდა. ვინ იგებს ომს? სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეტევებისა და კონტრშეტევების შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის ძალები 1000 კმ-ზე (629 მილი) მეტი მოცულობის აქტიურ ფრონტზე, „გამოფიტვის ომში“ არიან. არცერთ მხარეს არ აქვს ამ ომში გამარჯვების რეალური პერსპექტივა, თუმცა რუსეთი ზაფხულის შეტევის დროს, ტერიტორიულ მიღწევებს ცდილობს. რუსეთმა 2022 წელს ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია მოახდინა, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე, ლუგანსკზე, სრული კონტროლის პრეტენზია აქვს. უკრაინულმა ძალებმა 2022 წელს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაწილის დიდი ტერიტორიების გათავისუფლება შეძლეს, მაგრამ ბოლოდროინდელმა კონტრშეტევებმა იგივე წარმატება ვერ მოიტანა. ისინი 2024 წლის აგვისტოში შეტევის დაწყების შემდეგაც აქტიურად რჩებიან რუსეთის კურსკის რეგიონის ძალიან მცირე ნაწილში, მაგრამ იქ არსებულ ყველა ძირითად დასახლებაზე კონტროლი დაკარგეს. უკრაინულმა ჯარებმა პოზიციები აღმოსავლეთშიც დაკარგეს. როგორ შეიძლება ომის დასრულება? ყველაზე სავარაუდო გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია, თუმცა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მცირე პროგრესი დაფიქსირდა. რუსეთს პირდაპირი მოლაპარაკებები „კონფლიქტის ძირითადი მიზეზების“ მოსაგვარებლად სურს - ფრაზა, რომელიც პუტინის „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებს მოგვაგონებს ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, ომის დაწყებისას. პუტინის მოთხოვნები უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცევა, სამხედრო ძალების მკვეთრად შემცირება და NATO-სკენ მისწრაფებების უარყოფას მოიცავს. რუსეთი ასევე ითხოვს, რომ უკრაინაში მისი ტერიტორიული მიღწევების საერთაშორისო აღიარება აისახოს ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში, მათ შორის, ყირიმისა და აღმოსავლეთის ოთხი რეგიონის ანექსიაში. ის ასევე ითხოვს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნას. კიევი არასდროს აღიარებს თავის სუვერენულ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად, მაშინაც, თუკი შესაძლებელია, რომ აღიაროს ტერიტორიების დროებით დაკარგვა. კიევი ასევე ისწრაფვის დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებისკენ, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთი აღარასდროს შეიჭრება მის ტერიტორიაზე. რა ისტორიული კავშირებია უკრაინასა და რუსეთს შორის? როგორც ჩანს, პუტინი თვლის, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დარჩეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების გამო. 1922 წლიდან 1991 წლამდე უკრაინა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და ბევრი უკრაინელი რუსულად საუბრობს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთში, მათ შორის არის ვოლოდიმირ ზელენსკიც. ბევრი რუსი ყირიმს საკუთრებად მიიჩნევს. ის ეკატერინე დიდმა 1783 წელს მიიერთა და საბჭოთა ლიდერმა ხრუშჩოვმა უკრაინას 1954 წელს გადასცა. ათი წლით ადრე, მისმა წინამორბედმა სტალინმა ყირიმის თათარი მოსახლეობის დეპორტაცია მოახდინა, ამიტომ, მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური რუსები იყვნენ. 1991 წლიდან უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მან ბირთვულ იარაღზე 1994 წელს თქვა უარი რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ გარანტირებული უსაფრთხოების სანაცვლოდ. ომის შემდეგ, ბევრმა უკრაინელმა რუსულად საუბარზე უარი თქვა და თავად ზელენსკიც ამ ენის საჯაროდ გამოყენებას თავს არიდებს. განხილვის საგანია, „ვინ აფერხებს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას“